ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
1. რა დანიშნულება აქვს ნათლისღებას?
ნათლისღება (ნათლობა) არის პირველი საეკლესიო საიდუმლოთაგან. ნათლისღებაში, ისევე როგორც ეკლესიის ყველა საიდუმლოში, უხილავად მოქმედებს ღვთის მადლი, სულიერი სიცოცხლის მომნიჭებელი. ნათლისღების საიდუმლოთი ადამიანი ხდება ქრისტიანი და ქრისტეს ეკლესიის წევრი. ვინც არ მოინათლება, ის ვერ გახდება ქრისტიანი და ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ანუ დაუსრულებელ ნეტარ ცხოვრებას. წმ. ბასილი დიდი ამბობს: „ისრაელს ზღვა რომ არ გაევლო, ვერ გაექცეოდა ფარაონის მონობას, და შენ, თუკი [ნათლისღების] წყალს არ გაივლი, ვერ გაექცევი ეშმაკის მწარე ძალადობას... ის ნათლისღებით შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო შენ როგორ დაბრუნდები სამოთხეში, თუკი ნათლისღების მიერ არ აღიბეჭდები?“[1] ნათლისღების საიდუმლოში ადამიანს ყველა მანამდე ჩადენილი ცოდვა მიეტევება. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „ნათლისღების მადლი და ძალა... განსწმედს ცოდვას ყოველ [ნათელღებულ] ადამიანში და სრულიად განბანს ყოველგვარ უწმინდურობას და სიბილწეს, სიბოროტით მოტანილს“.[2]
[1] წმ. ბასილი დიდი, „ნათლისღების შესახებ“. ძვ. ქართ. თარგმანი: „წმიდისა ნათლისღებისათვის“. „ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი“, გვ.142, თბ. 1983.
[2] წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 40-ე სიტყვა – „ნათლისღებისათვის“.
შემდეგი
სარჩევი
|