ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
8. ეკლესიური ცხოვრებისთვის აუცილებელია თუ არა მორწმუნეს ჰყავდეს სულიერი მოძღვარი?
მართალია ეკლესიური წესების შესრულება სულიერი მოძღვრის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგრამ მორწმუნე ადამიანის წინაშე, მით უფრო თანამედროვე მრავალფეროვანი საცდურებით სავსე ცხოვრებაში, იმდენი ძნელად გადასაჭრელი საკითხი წამოიჭრება, რომ გამოცდილი მოძღვრის რჩევების გარეშე ქრისტიანული ცხოვრება ძალიან ძნელი იქნება. წმ. ბარსანუფი დიდი მოძღვრისა და რჩევის მნიშვნელობას ასე აფასებს: „ვინც ფიქრობს რაიმე სიკეთის გაკეთებას საკუთარი ნებით და არ ეკითხება მოძღვრებს, ის არ მისდევს სჯულს და არაფერი გაუკეთებია სჯულისმიერი. ხოლო ვინც მოქმედებს შეკითხვით, ის ასრულებს სჯულსა და წინასწარმეტყველებს; რამეთუ შეკითხვა სიმდაბლის ნიშანია და ასეთი კაცი ბაძავს ქრისტეს, რომელმაც დაიმდაბლა თავი თვისი და ხატი მონისა მიიღო (ფილიპ. 2,7-8). რჩევის გარეშე მცხოვრები კაცი თავის მტერია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განუზრახველად ნურას იქმ“ (ზირაქ. 32,21); და იოანე მოკლე ამბობს: „თუ დაინახავ თავისი ნებით ზეცად აღმავალ კაცს, ფეხში სწვდი და ძირს ჩამოაგდე“. უმჯობესია სიმდაბლით შეკითხვა, ვიდრე საკუთარი ნებით სვლა, რადგან იმას, ვისაც ეკითხებიან, თვით უფალი ასწავლის შემკითხველის სიმდაბლისა და მართალი გულის გამო“.[1]
[1] წმ. ბარსანუფი დიდისა და წმ. იოანე წინასწარმეტყველის პასუხები მოწაფეთა კითხვებზე. პას. 701.
შემდეგი
სარჩევი
|