ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
10. რა სახის წინააღმდეგობები ხვდება ცხოვრებაში ეკლესიურ ადამიანს?
ღირსი აბბა დოროთე გვასწავლის: „როგორც სხეულებს დასდევენ ჩრდილები, ასევე მცნებების აღსრულებას – განსაცდელები, რადგან, როგორც ანტონი დიდმა თქვა, სასუფეველში ვერავინ შევა განსაცდელების გარეშე. ამგვარად, ნუ გაგიკვირდება, ჩემო შვილო, რომ ცხონებისთვის ზრუნვისას განსაცდელები და მწუხარებები გხვდება“.[1] წმ. ისააკ ასური ასე გვაფრთხილებს: „როცა დააპირებ საფუძველი დაუდო კეთილ საქმეს, წინასწარ მოემზადე იმ განსაცდელებისთვის, რომლებიც უნდა შეგემთხვეს, და არ დაეჭვდე ჭეშმარიტებაში. მტერს (ეშმაკს) ასეთი რამ ახასიათებს: როცა ხედავს, რომ ვინმემ წრფელი რწმენით კეთილი ცხოვრება დაიწყო, შეამთხვევს მრავალ საშინელ განსაცდელს, რომ ადამიანი შეშინდეს, გაგრილდეს კეთილ განზრახვაში და დაკარგოს ღვთისსათნო მოქმედებასთან მიახლოების მხურვალება... როგორც ქუთუთოებია ახლო ერთმანეთთან, ისევე განსაცდელები – ადამიანებთან. ხოლო ღმერთმა ეს სიბრძნით განაგო შენი სარგებლობისთვის, რომ გამუდმებით აკაკუნო მის კარზე, რომ მწუხარებების შიშით ღვთის ხსოვნა დაინერგოს შენს გონებაში, რომ ლოცვებით მიუახლოვდე ხოლმე უფალს და მისი განუწყვეტელი ხსოვნით იკურთხეოდეს შენი გული. და როცა შესთხოვ, ის შეისმენს შენსას, და სცნობ, რომ ღმერთია შენი გამომხსნელი...“.[2]
ადამიანის ცხონების მთავარი მოწინააღმდეგენი არიან ბოროტი სულები – დაცემული ანგელოზები. მათი იარაღია არაეკლესიური ადამიანები (როგორც აშკარა ურწმუნონი და მწვალებლები, ასევე მცირედმორწმუნენი) და ჩვენი ვნებები. მათ შეუძლიათ მოგვივლინონ სნეულება, მაცთუნებელი აზრები და სიზმრები, შემოგვთავაზონ (ადამიანების საშუალებით) სხვადასხვა ცოდვა, ამქვეყნიური დიდება და სიმდიდრე... მაგრამ არ შეუძლიათ საღვთო გზიდან გადაგვახვევინონ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ.
ეშმაკის ტყვეობაში მყოფი სოფელი მორწმუნეთა წინააღმდეგ იბრძვის მრავალგვარი ცოდვის, გასართობისა და ფუფუნების შეთავაზებით, ახალ-ახალი ცრუ სწავლებებით, დაცინვით, დევნით. მეორე მხრივ, დაცემული ანგელოზების ვერაგობით აგიზგიზებული ვნებები უტევენ ცხონების მსურველს, მაგრამ ვინც იმედს უფალზე დაამყარებს, შემოტევებს ახოვნად შეეგებება და არჩეული წმიდა გზიდან არ გადაუხვევს, ის მტანჯველი განსაცდელების შემდეგ გამარჯვებული დარჩება, რამეთუ ჩვენი შემოქმედი ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალეა, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2,4). წმ. თეოფანე დაყუდებული გვარიგებს: „ქრისტიანის ცხოვრება ამქვეყნად ტანჯვათა ჯაჭვია. უნდა ებრძოლო საკუთარ სხეულს, ვნებებს, ბოროტ სულებს. ამ ბრძოლაშია ჩვენი სასოება. ჩვენი მაცხოვნებელი ჩვენი ღმერთია. ღმერთს მინდობილებმა მოთმინებით უნდა გადავიტანოთ ბრძოლის ჟამი. განსაცდელები თითქოს ტკეპნიან ადამიანს, ხორბალს ფქვილად აქცევენ. ისინი დაშვებულია ხოლმე ჩვენზე ღვთის განგებით, ჩვენი სულის დიდი სარგებლისათვის: მათგან ვიღებთ შემუსვრილ და დამდაბლებულ გულს, რომელიც ღმერთმა არა შეურაცხყოს“.[3]
[1] ღირსი აბბა დოროთეს მეშვიდე ეპისტოლე. რუს. გამოცემა.
[2] წმ. ისააკ ასური, 57-ე სიტყვა.
[3] Настольная книга священнослужителя, М. 1998, Т. 6, стр. 696. гл. Подвижничество.
შემდეგი
სარჩევი
|