ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
11. თუ კაცი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, საფიქრებელია, რომ მას ცხონების სურვილი აქვს, და თუკი ბოროტ სულებს არ შეუძლიათ მისი ნების საწინააღმდეგოდ საღვთო გზიდან გადაიყვანონ, როგორღა ხდება, რომ ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ შემდეგ ისევ ამასოფლის ამაოებას უბრუნდებიან?
მას, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგება, განსაცდელები გამოსცდიან და გამოაჩენენ, რამდენად მტკიცე და სიღრმისეულია მისი სურვილი, განეშოროს ბოროტს და შეუდგეს ქრისტეს. ქრისტიანთა დევნისას მცირედმორწმუნეთაგან ზოგი მაშინვე უარყოფდა ქრისტეს, ზოგი ტანჯვის შემდეგ, წმ. მოწამენი კი ყოველგვარ განსაცდელს იტანდნენ და სიკვდილს სიმშვიდით და მარადიული ნეტარების სასოებით ეგებებოდნენ. ბოროტი სულები მორწმუნეებს ხან ურწმუნოების და ცოდვის აზრებს ჩააგონებენ, ხან (ურწმუნო ადამიანთა საშუალებით) ისე ებრძვიან, როგორც ქრისტიანთა მდევნელები – საცდურის შეთავაზებით ან დაშინებით. თუ ადამიანი არ დაჰყვება ეშმაკებისა და მისი ნების აღმასრულებლებისგან მომავალ ცდუნებას და მუქარას, ისინი ვერაფერს გახდებიან, მაგრამ თუ სულმოკლეობას გამოიჩენს – განსაცდელებს შეუშინდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის სურვილით იძლევა ან ეკლესიის ჭეშმარიტებაში და ძლიერებაში დაეჭვდება და ეშმაკების რომელიმე სატყუარაზე წამოეგება, მაშინ ისინიც მასზე უფრო მეტი ზემოქმედების უფლებას იღებენ და ამგვარად შეიძლება ადამიანი თანდათანობით განაშორონ ეკლესიას და ცხონებას. ასე რომ, ადამიანის დაცემის მიზეზი მისივე ნებაში უნდა ვეძებოთ. თუ ადამიანი ღმერთისკენ მიილტვის, ღვთის მადლი იფარავს მას, ხოლო თუ ღმერთს მიატოვებს და ცოდვისკენ გადაიხრება, ბოროტი სულები მის სულზე უფრო დიდ ძალაუფლებას იღებენ. წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის: „ყოვლადძლიერი ღმერთი შეეწევა მათ, ვისაც საკუთარი ნებით სურს წინააღმდეგობა გაუწიოს ეშმაკს, და ჰყოფს მათ ბოროტების მძლეველებად. ხოლო მათ, ვისაც არ სურს ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასთან შებრძოლება, ღმერთი არ აიძულებს, რომ არ დაარღვიოს თავის ხატად შექმნილი ჩვენი გონიერი ბუნების თავისუფალი ნება და არ დაგვაქვეითოს პირუტყვების ხარისხში“.[1]
[1] Преподобный Симеон Новый Богослов, слово 26, "О покоянии...".
შემდეგი
სარჩევი
|