ცხორებაჲ წმიდისა იოანე დამასკელისა
თარგმანი ეფრემ მცირისა
ხელნაწერები: A-24, შ-1276, სინ. #91, იერუს. #23
დეკენბერსა დ(4): კერძოდ შეკრებული და მცირედ რაჲმე მოჴსენებული სიმრავლისაგან ცხორებისა მისისა წარმატებათა და ნამუშაკევთა განმრავლებათაჲსა წმიდისათჳს და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მონაზონისა და ხუცისა დამასკელისა, აღწერილი მიქაელისაგან, ხუცისა სჳმონწმიდელისა, ენასა ზედა არაბთასა, რომელი-ესე ითარგმნა სამოელისაგან, წმიდისა მიტროპოლიტისა ადანელისა, ბერძენთა ენად.
გუაკურთხენ, მამაო!
სწავლისმოყუარეთა და სმენისმოყუარეთა კაცთა სიმრავლისათჳს არარაჲ არს ესრეთ სასწრაფო და სასურველ, ვითარ ბრძენთა და საღმრთოთა კაცთა ცხორებაჲ, რაოდენნი სიმჴნით მოღუაწე იყვნეს მართლმადიდებელთა სარწმუნოებისათჳს და ამით იქმნნეს საფუძველ ქრისტეს ეკლესიისა, რაჟამს კლდესა მას ზედა შეურყეველსა – ქრისტესა – დააფუძნნეს თავნი მათნი სიტყჳთა მით და ცხორებითა და საქმითა და სხჳთა მრავლითა, რომლითა იგინი უფროჲს სხუათა განბრწყინდეს. ამათ ესევითართა მოქალაქობაჲ საძიებელ არს ყოველთა მიერ ზედამიწევნით გამოცნობად და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს ჟამთა სიგრძითა დაფარულ იქმნის და არა ეპოებოდის იგი აღწერილად წიგნთა შინა, არცაღა თუ ყოველი, არამედ კერძოჲ ოდენ რაჲმე განთესულად მიმოედებოდის და ამის მიერ უფროჲს სურვილისა აღმატყინებელ იქმნებოდის, რაჟამს სხუაჲ სხჳთ წულილადსა რასმე და კნინ სიტყუასა თხრობით მოჴსენებასა შეჰმატებდიან მისთჳს და, ოდეს სხუაჲ არღარა აქუნ სიტყუად, უღონოებისაგან დააცხრვიან თხრობაჲ და განუკუეთიან სურვილი იგი მსმენელთაჲ, რამეთუ ვითარ-იგი მარგალიტნი და თუალნი პატიოსანნი, მიმოგანთესულ რაჲ იყვნენ თითოეულთა ადგილთა, ვერ ესოდენ სრულ-ჰყოფენ ბრწყინვალებასა და სახარულევანსა ელვარებასა, რაოდენ რაჟამს ურთიერთას შემოკრბენ და ფარღელოვნად შეიწყვნენ, რამეთუ მაშინ უფროჲს მიიზიდვენ სახედველთა ყოველთასა და შუებულ-ჰყოფენ თუალებსა მხედველთასა, ეგრეთვე მსგავსად მსმენელთა ახარებს სიტყჳთ შეწყობილი და შემდგომითი-შემდგომად წარმოთქუმული წარმატებაჲ ღმრთივგანბრძნობილთა კაცთაჲ.
რომელთაგანი ერთი იყო, არამედ ერთი იგი მრავალთა წილ კმასაყოფელ იყო და ყოველთავე მონაცვალე, ფრიადი იგი საღმრთოთა შინა და დიდი მოძღუარი ეკლესიისაჲ იოანე, რომელმან ყოველივე იგი სწავლაჲ გარეშეთაჲ მოიღუაწა და იქმნა თანამეინაჴე და თანამოკარვე სახისა და მოქალაქობისა სიტყუათა და სწავლულებისა წარჩინებულისა მის სიბრძნესა შინა კოზმაჲს, მაიომაელ ეპისკოპოსისა, რომელი-იგი აქუნდა მოყუას და ზიარ, რომლისა თანა წარვლნა ყოველნი წერილნი ჩუენნი და გარეშეთა ბრძენთანი და მსგავსად მდინარისა მორწყნა ყოვლისა სოფლისა ეკლესიანი ღმრთისანი ნაკადულითა მართლმადიდებლობისა შჯულთა თჳსთა და საღმრთოთა მოძღურებათაჲთა. ამისთჳს ოქრონეკტარ სახელ-ედვა მას, რამეთუ ჴორციელად შობაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ყოვლადწმიდისა მარადის ქალწულისა მარიამისაგან ზედამიწევნით გამოსახა და განაცხადა და თჳთ ყოვლადუბიწოჲ იგი დედაჲ ღმრთისაჲ ყოვლითა კერძოჲთა და თითოსახითა სიტყჳთა შესხმისაჲთა და კეთილადშეწყობილებითა საგალობელთაჲთა შეამკო, რომელთა მიერ იშუებს და იხარებს სამღდელოჲ ესე კრებული ქრისტესმოსახელე და სადღესასწაულოთა და საუფლოთა დღეთა დიდთა კრებათასა ჯეროვნად შეზავებითა გალობათა მწყობრისაჲთა დატკბების და განბრწყინდების.
ამას დიდსა მოძღუარსა იოანეს მამულად აქუნდა განთქუმულებაჲ დამასკოჲსაჲ, ხოლო მამად – მანსურ ვინმე სახელით, რომელი გამოითარგმანების ნიკომახოს, კაცი წარჩინებული და შესწავებული ყოველთა შორის მოქალაქეთა, ვიდრეღა იყო იგი განმგე სოფლებსა დამასკოჲსასა, რომელთა განაგებდა სიმართლით და მოქალაქობდა ცხორებითა საქებელითა, რამეთუ უყუარდა მას სათნოებაჲ და ეშინოდა ღმრთისა და აღასრულებდა მცნებათა მისთა; ამას თანა ფრიადი სურვილი აქუნდა სწავლულებისაჲ. ამისთჳსცა იოანე უშიშად მავალ-ჰყო უფსკრულსა ზედა სიბრძნისასა და წარჩინებულად გამოაჩინა იგი ყოველთა შორის სიბრძნითა და მეცნიერებითა და მოძღურად დაუდგინა მას ფილოსოფოსი კოზმან კალავრელი, რომელი-იგი მონაზონებისა მოქალაქობითა შემკობილ იყო. ხოლო ნუმცა ვის კოზმანობისა მსმენელსა ზემოთქუმული იგი ჰგონიეს კოზმან, ეპისკოპოზი მაიომაჲსაჲ, მსგავსებისათჳს სახელთაჲსა, რამეთუ იგი ზიარ ოდენ არს იოანეს სწავლულებისაჲ და თანამეინაჴე სახლეულთა მამისა მისისათაჲ, ხოლო ესე სხუაჲ არს, მოხუცებული ჰასაკითა და აღსავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, რომლისა მიერ ორნივე იგი ზემოთქუმულნი განისწავლნეს ყოვლითა მეცნიერებითა და ზეშთა წარჰჴდეს ყოველთა მათთანათა სიმდიდრითა სიბრძნისაჲთა. ხოლო თუ ვითარ იქმნა ესე, ანუ თუ რაჲ არს მიზეზი დიდისა ამის კაცისა ქალაქად დამასკელთა მისლვისა, აჰა აწვე გამოაჩინოს სიტყუამან.
მენავეთა ვიეთმე სიმრავლე არამცირედი მოფარდულთა და სხუათა ნავითმავალთაჲ კერძოთაგან დასავლისათა მძლავრ წარმოტყუენნეს და დაიმონნეს და მიერ კერძოთა დამასკოჲსათა განსყიდად წარმოიყვანნეს; და შეპყრობილთა მათ თანა იყო ზემოჴსენებულიცა ესე კაცი ფილოსოფოსი. ამისთჳს შეპყრობილთა მათგანი, რომელისაცა ფასი არავის მოეცის, მყის სიკუდიდ განიყვანებოდიან რაჲ, პირველ სიკუდილისა შემთხუევისა შეუვრდებოდიან პირველმოჴსენებულსა მას კაცსა ფილოსოფოსსა კოზმანს და ევედრებოდიან ლოცვისა ყოფად მათთჳს, რაჲთა უთხოოს ღმრთისაგან მადლი მოთმინებისაჲ და შენდობაჲ შეცოდებათაჲ. ხოლო ნავისმბრძოლთა მათ იხილეს რაჲ პატივი იგი და მოწლედ შევრდომაჲ, რომელ უყოფდეს კოზმანს მის თანა ტყუენი იგი და ვითარ ვითარცა ღმერთსა ეკრძალებოდეს, ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: ნუუკუე მღდელთმთავარი ანუ ზედამდგომელი რაჲმე ვინმე ხარ შენ ქრისტეს სეხნათაჲ და ამისთჳს ესოდენსა პატივსა ღირს-გიჩენენ შენ? ხოლო მან მიუგო: არცა მღდელთმთავარი ვარ, არცა წინამძღურობისა რაჲსმე ხუედრებული, არამედ მონაზონი ვინმე ვარ უნდოჲ, მხოლოდ შემტკბობელი ოდენ სიბრძნისმოყუარებისაჲ. ესე რაჲ ჰრქუა, მყის დიდად რაჲმე სულთ-ითქუნა და მწარითა გოდებითა ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოსთხინა თუალთაგან თჳსთა.
რომელი-იგი ესრეთ იხილა რაჲ დიდისა ამის მოძღურისა იოანეს მამამან ნიკომახოს, მოვიდა მისსა და ჰრქუა: რაჲღა გაიძულებს შენ ესრეთ იწროებით სულთქუმად და გოდებად, ჵ კაცო, და ესე მაშინ, ოდეს მონაზონებისაჲ ეგე გაქუს წესი, ყოვლისავე ამის სოფლისაგან განშორებული. ხოლო მან მიხედნა მას და ჰრქუა: არა თუ მრავალსალმობიერსა ამას ვიგლოვ საწუთოსა ცხორებასა, რომელსა მრავალსახენი ჰქონან მიმოქცევანი და თითოფერნი შეცვალებანი, გარნა რამეთუ ფრიადისა სწავლულებისა მეცნიერ ვიყავ და მიწთომილ თავსა სიბრძნისა და მეცნიერებისასა, რომლისა ნაყოფი ვერარაჲ გამოვიღე და ვერღარა მეფლო მიცემად ვისსამე სარგებელსა მისმიერსა და დატევებად სოფელსა ამას შინა საჴსენებელსა ღირსებით საქებელსა.
ამას რაჲ იგი იტყოდა გოდებითა სალმობიერითა, მყის ნიკომახოს მიისწრაფა მთავრისა და ნიჭად თჳსსა მიყვანებად კოზმაჲსა გამოითხოვდა, რომელი-ესე მიემადლა და სახიდ თჳსად წარიყვანა, სიტყჳთა ნუგეშინის-ცემისაჲთა ნუგეშინის-სცა და ჰრქუა: ამიერითგან მხიარულ იყავ და განიყარე ურვაჲ, რამეთუ ამიერითგან აღარა ხარ მონა, არამედ გაქუს ცხორებაჲ თავისუფლებითი და სწორებით ზიარ ჩემდა ხარ მონაგებითა და საჴმართა და ყოვლისავე, ჩემდავე მსგავსად ნებისაებრ შენისა მოქმედ სახლსა შინა ჩემსა; მხოლოდ ყოველი მოსწრაფებაჲ შენი და მოღუაწებაჲ ამას ზედა დადევ, რაჲთა ჴორციელსა ამას შვილსა ჩემსა იოანეს და სულიერსა შვილსა კოზმანს დაასწაო ყოველი, რაოდენი გისწავიეს.
ხოლო მან ფრიად რაჲმე განიხარა სიტყუასა მას ზედა და, ვითარცა კეთილად მორწმუნე მონაჲ, მყის მორჩილ ექმნა ბრძანებასა მეუფისასა და მოსწრაფებით იწყო სწავლად ზემოჴსენებულთა მათ სახელით, ღამე და დღე შესძინებნ მათ ზედადართვასა წერილთა შემეცნებისასა და ყოველივე, რომელი სხუათათჳს უღონო და ძნიად სათარგმანებელ არნ, აღუჴსნინ და განცხადებულად წარმოუდგინებნ მათ, ვიდრემდის ღრამმატიკოსობაჲ და რიტორობაჲ, ქუეყნისმზომლობაჲ და მეჰამრეობაჲ, ვარსკულავთმრაცხველობაჲ და ფილოსოფოსობაჲ და სხუაჲ, რაოდენი-რაჲ არს სახე სწავლულებისაჲ, მცირედსა ჟამსა სრულებით დაჰბეჭდა მათ ზედა, ვითარცა საბეჭდავი ცჳლსა ზედა, და მიერითგან შთახედვაჲ სცა სიღრმედ წერილთა განუცდელობისა და აღმოვსებაჲ სცა უფსკრული საღმრთოჲსა სიბრძნისაჲ; რამეთუ ვითარ-იგი თქუმულ არს, ბუნება მფრინველთა იყვნეს მეცნიერებით მოსწრაფებითა სიმახჳლისაჲთა და სივრცისა ცათაჲსა მიმსგავსებულ სივრცითა გონებათაჲთა, უფროჲსღა უბიწოებითა სიწმიდისაჲთა მათ თანა მკჳდრად აქუნდა ღმერთი, რომელი-ესე ზედამიწევნით ისწავების და იცნობების აღწერილთაგანცა მათთა და მართლმადიდებლობისა შჯულთა და სწავლათაგან, რომელნი-იგი მათ საზომითა მარცულედოვნითა აღწერნეს და ღმრთივშუენიერებითა კილოებითა შეამკვნეს; და თუ ვითარ ესენი მონაზონთაცა და მოღუაწეთა მოქალაქობასა შევიდეს და ანგელოზებრსა სახესა მოღუაწებით შემოსითა მარადის უმაღლესთა და უზეშთაესთა მიმართ აღსლვად სურვილისა მქონებელ იქმნეს და უსრულესთა მათ ღმრთისა საკუთრებათა მოგებად მოსწრაფე იყვნეს, ესე ყოველი ქუემორე სიტყუამან საცნაურ-ყოს; ხოლო აწ მოძღურად მათდა უწყებულისა კოზმაჲსსავე აღვიდეთ და თხრობისავე მისისა კუალთა შევიდეთ.
რამეთუ მან ესევითარითა რაჲ სახითა ზედამიწევნით განსწავლნა ყოველსა დიდი იოანე მის თანა მოწაფითურთ და სულისა მიერ წმიდისა ძმით კოზმანით, ვითარ-იგი პირველ წარმოვთქუთ, შემდგომად სრულებით განბრძნობისა მათისა მოუჴდა იგი ნიკომახოსს, მამასა იოანესსა, შეუვრდა მას და მჴურვალედ ევედრებოდა განტევებად თჳსსა, რჲთა წარვიდეს იგი და დაეყუდოს ლავრასა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა და მიერითგანთა ჟამთა გულსმოდგინედ ჰმონოს ღმერთსა და მადლობასა აღუარებდეს და ულოცვიდეს მათ. და იგი უკუე ესრეთ, ხოლო ნიკომახოს მჭმუნვარე იქმნა მას ზედა და თქუა მისსა მიმართ: ზეშთა აღმატებით შემაწუხებ მე, ჵ კაცო, და ვითარ თავს-ვიდვა განყოფაჲ შენი?! არამედ ვინაჲთგან ღმრთისაჲ გეგულების შეყოფაჲ, რაჲთა მხოლოჲ მხოლოჲსა მის თანა იყო, არა წეს არს დაბრმობად გულსმოდგინებისაჲ ეგე თუალი შენი, გინა ყენებად შენდა კეთილისა საგრობისაგან. წარვედ უკუე მშჳდობით და სამარადისოდ მაჴსენებელ ჩუენდა იყავ ღმრთისა მიმართთა შინა ლოცვათა შენთა. ესრეთ მოიკითხა იგი და მდიდრად განსაგზლა, ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა და მას და მიიწია ლავრად ზემოჴსენებულად, სადა-იგი მსგავსად სურვილისა თჳსისა დაყუდებისა ქონებასა შინა მშჳდობით განმცვალებელ იქმნა ამის ცხორებისა.
და შემდგომად არამრავლისა ჟამისა ნიკომახოსცა განვიდა ამის საწუთროჲსა ცხორებისაგან, ხოლო იოანე იქმნა მის ჟამისა მის მპყრობელისა დამასკელთა მთავრობისაჲსა ზედაწარმწერელ საკუთარ და ზიარ საიდუმლოთა მისთა და ყოველთავე საქმეთა. ხოლო მათ ჟამთა იყო მეფედ კოსტანტინოპოვლისა სკორის მოსახელე კონსტანტინე, რომელმან-იგი ყოველნივე ღმრთისა ეკლესიანი აღაშფოთნა და გამოჩნდა მძლავრ და მწარე მდევარ ყოველთა კეთილადმსახურთა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისათა, და წმიდათა ხატთა, ღმრთისმშობლისა და ყოველთა წმიდათასა ურცხჳნოებით მბრძოლ. ამას თანა საძაგელ-უჩნდეს და საძულელ შემტკბობელნი სიბრძნისმოყუარებისანი, შემოსილნი ხატითა სამონაზნოჲთა, რომელთაცა დაშავებულ და დაბნელებულ სახელ-სდებდა; და ვითარცა ესმა იოანესი ყოვლითკერძო წიგნებითა ნუგეშინის-მცემლობაჲ და განმამტკიცებლობაჲ ყოველთა შორიელთა და მახლობელთაჲ, მსახურთა ქრისტეანეთა შჯულისათაჲ, რომელთა განცხადებულითა თარგმანებითა და ზედამიწევნით გამოჩინებითა წინადაუდებდა და გამოუსახვიდა, თუ ვითარ ჯერ-არს პატივი წმიდათა ხატთაჲ და მოწამედ შემოიყვანებდა დიდსა მღდელთმთავარსა ბასილის, რომელი იტყჳს პატივსა ხატისასა პირმშოჲსა მის სახისა მიმართ წიაღსლვად, ამის ყოვლისა სმენითა ვითარცა ეშჳ მძჳნვარე აღილესვიდა მის ზედა კბილთა, ვინაჲცა ესევითარი სივერაგე მოიპოვა მის ზედა, რამეთუ მიუწოდა ყოველთა მწიგნობართა თჳსთა და რაოდენნი ვინ საგონებელ იყვნეს მქონებელ სიმარჯუესა ნაწერთმამსგავსებელობისასა და უჩუენა მათ წერილი იოანესი და უბრძანა, რაჲთა ზედამიწევნით და კეთილადგონიერებით მიამსგავსონ კაცსა მას ხატი სიტყჳსაჲ და გონებისაჲ და გამოწულილვით მსგავსებითა ჴელისაჲთა დაწერონ წიგნი მაგიერი, ვითარცა შეეტყუების შურსა მას მისსა ქრისტეს მოსახელეთა ერთა სარწმუნოებისათჳს, რომელი იტყოდის რეცა მეფისა მიმართ ესრეთ: აქანი ესე კერძონი, მჴნეო მეფეო, ყოვლად დაუცველ არიან, და არავინ არს მათ შორის, რომელიმცა წინადაუდგა ზედამოსლვასა მბრძოლისასა შემძლებელ-ყოფითა რაჲსათამე, ვინაჲცა ადვილ არს აწ ყოვლისა მნებებლისათჳს უფლებაჲ და დაპყრობაჲ ამათი.
ესე რაჲ და სხუაჲ მრავალი რეცა გალაშქრების მაწუეველი მეფისაჲ დაწერილ იქმნა მსგავსად ბრძანებისა სამეუფოჲსა, ერთი კაცთა მისთაგანი წარავლინა მის ჟამისა მთავრობისა დამასკელთაჲსა მქონებელისა მის მიმართ, რომელსა ჴელთ-უდვა მის მიერ შეწმასნილიცა იგი წიგნი ებისტოლესა თანა თჳსსა მქონებელსა ესევითარისასა: ვინაჲთგან მნებავს სიყუარულისა ჩუენისა სამარადისოდ მტკიცე-ყოფაჲ და ჩუენშორისსა ამას მშჳდობასა მოუწყლველად პყრობაჲ და საკრველსა სიყუარულისასა დაუჴსნელად დაცვაჲ, ამისთჳს გუთნდა წიგნსა რასმე ჩუენდა მომართ წარმოცემულსა მწიგნობრისა შენისა იოანესგან შენისავე მაგის დიდადგონიერებისა მომართ კუალად-გებაჲ, რომელი წარიკითხო რაჲ, მაშინ სცნა უზაკუველი შეუმრღუეველობაჲ სიყუარულისა ჩუენისაჲ შენდა მომართ და მაგათ კერძოთა მომართ.
ესევითარი წიგნი მეფისაჲ მიიღო რაჲ მთავარმან დამასკოჲსამან და ეუწყა ყოველი მის შორის მყოფი, მყის მისცა იგი იოანეს და ჰრქუა: იცნობა წერილსა ამას და თუ ვის დაუწერიეს? ხოლო მან თქუა: წერილი ესე, ჵ მთავარო, მოყუას წერილისა ჩემისა არს რეცა, არამედ არა ჩემ მიერ დაწერილ არს ესე, არცა აქა შინა წერილი რაჲმე გამოსრულ არს ოდესცა ბაგეთა ჩემთა, არცა თჳთ წიგნი ესე მიხილავს სადამე, არცა ჴელად ჩემდა მოსრულ არს თჳნიერ აწღა ოდენ, ღმერთი მოწამე არს. ამისსა შემდგომად მისცა მას მთავარმან წიგნი იგი მეფისაჲ და მყის შემდგომად იოანესგან წარკითხვისა მისისა უბრძანა დაკუეთად მარჯუენე ჴელი იოანესი და არა სცა მას ჟამი გამოძიებისაჲ გინა ჭეშმარიტისა გამოცნობისაჲ, არცა ყური მცირედ მიუპყრა, სულგრძელებასა რაჲ ითხოვდა იოანე და ევედრებოდა, რაჲთა თავსა თჳსსა მოეგოს გამოცნობად ჭეშმარიტებისა.
ესრეთ დაჰკუეთეს რაჲ ჴელი მისი და დაჰკიდეს შორის ქალაქისა ვიდრე შემწუხრებადმდე დღისა, მაშინ იოანე ვედრებაჲ მიავლინა მთავრისა და ჰრქუა: მრავალსა სალმობასა ტკივილთასა მოუცავ მე, ჵ მთავარო, და რაოდენ ჟამ დამოკიდებულ იყოს ჴელი ჩემი და ირყეოდის ქართაგან, არა აღმისუბუქდების მე ტკივილი. აწ უკუე, გნებავს თუ, ბრძანე გარდამოჴსნად იგი და მოცემად ჩემდა, რაჲთა დავჰფლა მიწასა შინა, ნუუკუე და მიერ მცირე ლხინებაჲ ვპოო ტკივილისაგან და სამარადისოდ ვიყო შენდა მრავლისა მადლობისა მომჴსენებელ. ხოლო მან მყის მიანიჭა მას მიცემაჲ ჴელისაჲ.
რომელი-იგი მიიღო რაჲ დიდმან იოანე, პირდაღმართ განრთხმით დავარდა ქუეყანასა ზედა წინაშე ყოვლადწმიდასა ხატსა ყოვლადუბიწოჲსა ქალწულისა ღმრთისმშობლისსა და მკლავსა თჳსსა შეაკრა ჴელი იგი. იწყო სულთქუმად სიღრმით გულისაჲთ მჴურვალეთა ცრემლთა გარდმოდინებითა თუალთაგან და ესრეთ მჴურვალებით ევედრებოდა: დედოფალო ყოვლადწმიდაო, რომელმან პირველსაუკუნეთაჲ და თანადაუსაბამოჲ და თანაუჟამოჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელად შეიწყნარე საშოსა შენსა განჴორციელებითა შენგან გამოუთარგმანებელისა მის ჩუენდა მომართ წყალობისა და გარდამატებულისა ვიდრე ჩუენდადმდე თანაშთამომავლობისა მისისათჳს, გევედრები შენ, ევედრე ჩემთჳს; რამეთუ არა დაფარულ არს შენგან ჩემთჳს მოპოვნებული ესე სივერაგე და ვითარ ფრიადისა მისთჳს ჩემისა წინააღმდგომთა მიმართ ბრძოლისა და წინაგანწყობისა მათისა, რომელთა წინააღმდგომი ნებაჲ აქუნდა წმიდათა ხატთათჳს და არამართლ ჰმონებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ესევითარსა ამას ჭირსა შთავვარდი განზრახვითა კეთილისმოძულისა მტერისაჲთა. ესერა მოკუეთილსაცა ამას ჴელსა ჩემსა განვჰმარტებ შენ წინაშე, კუალად-აგე ესე პირველისავე სიმრთელისა მიმართ და მოწყალე იქმენ ჩემდა მომართ, მონისა შენისა, აჩუენე ესე უნაკლულო და მრთელ, რამეთუ ძალ-გიც ყოველი ძლიერებითა შენგან ჴორცშესხმულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა განპყრობითა ამისითა ღმრთისა მიმართ ვაქებდე დიდებულებათა მისთა და შენდა მგალობელ ვიყო გალობითა სამადლობელითა.
ამას რაჲ ევედრებოდა იგი სულთქუმით და ცრემლით, გულითა ტკივნეულითა, მყის ძილი მოუჴდა მას და იხილა ჩუენებით წმიდაჲ დედოფალი თჳთ მით სახითა ხატისა მისისაჲთა, რომელი იტყოდა იოანეს მიმართ: აჰა განკურნებულ არს ჴელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერითგან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა! ესე რაჲ ესმა, მყის განიღჳძა და იხილა ჴელი თჳსი განმრთელებული, რომლისათჳს ფრიადითა მხიარულებითა ჰმადლობდა და შემსგავსებულსა დიდებისმეტყუელებასა შესწირვიდა ღმრთისა, აღმოთქუა უკუე გალობაჲცა ღირსებით შეტყუებული გამოუთქუმელსა მას საკჳრველებასა ჴელისა მისისა მარჯუენისა განკურნებისასა და ესრეთ სრულ-ყო ღამე იგი დიდებისმეტყუელებასა და ქებასა შინა ღმრთისასა; და მიერითგან ეგო იგი დაყუდებით და უდუმებელობითა მასვე ზედაობისა საღმრთოდ დიდებისმეტყუელებისაჲთა მუნვე სენაკსა შინა თჳსსა. გარნა ვერ ეგებოდა დაფარვაჲ ესოდენისა მის საკჳრველებისაჲ, რომელ-იგი იყო ზეშთა სიტყჳსა და გონებისა, მხოლოდ დუმილით ოდენ განსაკჳრვებელ.
ამიერ უკუე ეუწყა მთავარსა, ვითარმედ არა მოკუეთილ არს იოანესდა ჴელი, არამედ მან ქრთამი ოდენ მისცა და სხუასა ვისმე მის წილ მოეკუეთა მარჯუენაჲ, ხოლო იგი მჯდომარე არს სახლსა შინა და იშუებს ყოვლადუვნებელი. ვინაჲცა მიუწოდა მთავარმან და უბრძანა მიპყრობაჲ მარჯუენისაჲ, ხოლო მან განჰმარტა იგი, და ვითარცა იხილა მთავარმან ბრძჳლი იგი მოკუეთილისაჲ, განცჳბრებულ იქმნა და თქუა მისსა მიმართ: ვინ მკურნალთაგანმან უძლო ესრეთ კუალადგებაჲ ჴელისა შენისაჲ, ანუ რომლისა წამლისა ჴუმევითა კუალად შეენაწევრა ეგე მკლავსა შენსა? ხოლო იოანე დიდითა ჴმითა და მტკიცითა გონებითა ჰრქუა: ჩემმან ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, არსთა ყოველთასა უსაკჳრველესმან მკურნალმან ყოვლისა შემძლებელმან და არცა ერთისა რაჲს ყოველთაგანისა წინააღმდგომ თჳსსა მქონებელმან, მან მხოლომან თანალმობილითა ოდენ მოხედვითა მსწრაფლ განმკურნა მე. კუალად მთავარი, უბრალო ხარ, ეტყოდა, უბრალო და არაჲთ მოყუას შენდა დაწამებულისა მის, ვითარ-ესე აწ საგონებელ-მიჩნ, და შორს იჭჳსა მისგან, რომლისა მეჭუელ შენდა ვიქმნენით, რომლისათჳსცა შენდობასა ვითხოვთ ჩუენისა მისთჳს მსწრაფლ განრისხებისა და შენისა მტანჯველობისა. აღმოვედ უკუე კუალად პატივსა მას, რომელ გაქუნდა, და პირველსავე მას მსახურებასა შენსა აღმავსებელ იქმენ, რამეთუ დღესით დღითგან არარაჲს უსმ ვიქმნნეთ თნამზრახველობისა შენისა, არცა განჴუებულ ცნობისაგან შენისა.
გარნა იოანე არცაღა თუ ყოვლად ყური მიუპყრა თქუმულთა ამათ, არამედ ფერჴთა მისთა შეუვრდა და მრავალჟამ მიწასა ზედა მდებარე ცრემლით ევედრებოდა, რაჲთა განუტეოს იგი წარსლვად, ვიდრეცა სთნდეს წამის-ყოფასა ღმრთისასა გლოვად და ტირილად თჳსთა ცოდვათა. და ვითარცა იხილა მთავარმან ესრეთ ძლიერად პყრობაჲ ფერჴთა მისთაჲ იოანესგან მჴურვალედ მვედრებელობით და მოქენეობით, ძლითღა მიჰმადლა მას თხოვაჲ მისი. ხოლო იგი განტევებულ იქმნა რაჲ მიერ, წარვიდა სახიდ თჳსსა და მყის ყოველი, რაოდენი-რაჲ აქუნდა სიმდიდრე თჳსი, გლახაკთა განუყო და ესრეთ წარმოვიდა იერუსალიმად და მიერ მიიწია ლავრად წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა მის თანამოგზაურად ქონებითა ყოვლადსანატრელისა კოზმაჲსითა, რომელი იყო თანაზრდილ მისსა სახლსა შინა მამულსა, ზიარ სწავლულებათა და თანამოყუას სიტყუათა, რომელთა-იგი, ვითარცა მქონებელთა სურვილისათა, ზოგად ორთავე მუნ აღიკუეცნეს თმანი სოფლიობისანი და ტკბილი იგი უღელი უფლისაჲ დაიდვეს ქედთა ზედა მათთა.
ამისსა შემდგომად მოუჴდა იოანე მამასახლისსა ლავრისასა და ევედრა, რაჲთა შეიწყნაროს იგი მონასტერსა თჳსსა და შეჰმოსოს მას სქემაჲ მონაზონებისაჲ. ხოლო იგი მხიარულ იქმნა და მიითუალა კეთილი იგი გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ მისი და განთქუმულებისათჳს სიბრძნისა და მეცნიერებისა და ნათესავთა წარჩინებულებისა ინება მიცემად იგი ბერთაგანსა ვისმე სრულსა სათნოებითა, რაჲთა ჯეროვნად ზრუნვიდეს მისთჳს და შემსგავსებულად ძალისა ჰმართებდეს მას და ღირსებისაებრ პატივ-სცემდეს და მცირედ-მცირედ აღმატებითა უტკივარად შეიყვანოს იგი წესსა და მოქალაქობასა მონაზონთასა და უჩუენოს ალაგი იგი და გზაჲ დიდთა და უსრულესთა მამათა შედგომისაჲ. არამედ ყოველნი ზოგად იჯმნიდეს და იტყოდეს: ვერ შესაძლებელ არს ჩუენდა, რაჲთა ესევითარი კაცი, აზნაური და ბრძენი და სათნოებითა შემკობილი, ჩუენსა ამას მოვიზიდოთ ცხორებასა, ძნიადაღსავალობითსა და მაიძულებელობითსა, რამეთუ არა დაგუემორჩილოს, არცა ისმინოს ჩუენთა სწავლათა და შჯულის-დებათაჲ.
და ვითარ-იგი ამას ზედა უღონოებდა მამასახლისი, მოუჴდა მას ბერი ვინმე ფრიად სულიერთაგანი და კეთილი მოღუაწე მონაზონთა მოქალაქობისაჲ და ჰრქუა: მე მივითუალო ეგე, მამაო, და ვითარცა ერთისა მრავალთაგანისათჳს, მზრუნველ ვიქმნე მისთჳს. ესრეთ მიიყვანა იგი და სენაკად თჳსსა წარიყვანა. იწყო სწავლად მისსა: შვილო, ჰრქუა, შვილო სულიერო, გიჴმს შენ შორს წარდევნად ყოვლითურთ ყოველსავე საწუთროჲსა ოცნებასა და დატევებად ყოველსა იქი და აქა მიმოკუეთებასა და მისდა ოდენ ღუწად და ქმნად, რომლისა მე მიხილო ქმნად. ამას თანა ნუ ჰლაღოი შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათჳს და სწავლულებათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაჲ უდარეს მათსა არს სასწავლოჲ მონაზონთაჲ, არამედ ფრიადცა რაჲმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაჲ ამათი. ისწრაფე უკუე მოკუეთად გულისთქუმათაცა შენთა და წინააღმდგომსა ჰყოფდ განზრახვისა შენისასა, არამედ ნუცაღა რას ჰყოფ ყოვლად თჳნიერ ჩემისა თანაზრახვისა და ცნობისა, ნუცა წიგნებთა რათმე მისწერ ვიეთდამე მიმართ და რაოდენი-რაჲ გისწავიეს გარეშეთა წიგნთაგან, ნუღარა გნებავს მოჴსენებად, ნუცა რას მათგანსა გამოსლვად ბაგეთაგან შენთა. ესე რაჲ ჰრქუა და ამცნო მას ბერმან, თავი მოუდრიკა მას იოანე და ყოვლისავე მისდა ბრძანებულისა დაცვაჲ აღუთქუა.
და ვითარცა მცირედი ჟამი დაყო მის თანა, ინება ბერმან მან, რაჲთა გამოცდილებაჲ მიიღოს მორჩილებისა მისისაჲ და ზედამიწევნით მეცნიერ-ყოფაჲ, თუ რომელსა ხარისხსა მიწევნულ არს სათნოებათა კიბისასა. ამისთჳსცა ესრეთ ჰრქუა მას: მისწავიეს, შვილო სულიერო, ვითარმედ ჩუენ მიერ ქმნული ესე სპჳრიდები ფრიად სადმე საძიებელ არს დამასკოს, რომელნი-ესე აწ მრავლად ქმნულ არიან ჩუენ მიერ. აღდეგ უკუე და წარვედ ზემოთქუმულსა მას ქალაქსა, განყიდენ ესე და მოიღე ფასი მათი, რამეთუ საჭიროდ და საჴმრად გუეჴმარებიან აწ. ესე ჰრქუა და განუწესა თითოეულისა მათისა რაოდენობაჲ ფასისაჲ და სიმარჯჳთ ორკეცი ფასი დასდვა თითოეულსა, რაჲთა არა მსწრაფლ განისყიდნენ იგინი. ხოლო მან, ბრძანებისაებრ ბერისა, წარიღო დამასკოდ სფჳრიდები იგი და მრავალგზის ზე და ქუე მიმოავლო ყოველთა უბანთა და ფოლოცთა, გარნა ვერცა ერთი მათგანი განყიდა, ვინაჲთგან სამართალსა ჰმატდა ფასი მათ ყოველთაჲ. ესევითარისა მის ტჳრთვით ქონებისა მიმოვლაჲ იოანესი იხილა ვინმე მსახურყოფილმან ოდესმე მისმან სოფელსა შინა, თანალმობილ და ტკივნეულ იქმნა სულითა და ვითარცა უმეცარი ვინმე მოუჴდა მას და საძიებელი იგი მისი დადვა ფასი და წარიღო სფჳრიდები იგი. ხოლო იგი მოიქცა ბერისავე თჳსისა შემკობილი გჳრგჳნითა ეშმაკისა მძლეობისაჲთა.
ერთსა უკუე დღესა აღესრულა ბერი ვინმე მეზობელი იოანეს სულიერისა მის მამისაჲ; ხოლო ჴორციელად ძმაჲ მიცვალებულისაჲ მის, იგიცა მონაზონი, უნუგეშინისცემოჲთა გლოჲთა შეპყრობილ იყო აღსრულებასა ძმისა თჳსისასა, რამეთუ დღე და ღამე ჰგოდებნ მას და ნაკადულსა ცრემლთასა გარდამოუტევებნ წამთაგან თჳსთა და უფროჲსღა მაშინ, ოდეს-იგი ჴსენებაჲ აღსრულებულისაჲ იქმნის ვისდამე მიმართ. ესევითარი-იგი კაცი მოუჴდა იოანეს და ცრემლთდათხევით ითხოვდა მისგან შეწყობასა სიტყუათა რათმე ნუგეშინის-საცემელთასა სიკუდილსა მას ზედა ძმისასა, რაჲთა წარმოთქუმითა და წურთითა მათითა ნუგეშინის-იცემდეს და მიიღებდეს ლხინსა მწუხარებისასა და რაჲთა მიერითგან დასცხრეს გლოჲსაგან, ვითარცა ყოვლად უსარგებლოჲსაგან. ხოლო იოანე პირველად უკუე ამას მიუგებდა: მეშინის, ჰრქუა, და ვძრწი, ნუუკუე გარდავჰჴდე მცნებასა ბერისასა, რომელი-იგი მამცნო დასაბამსა, რაჟამს მოვიდოდე მე მონაზონებისა მოქალაქობასა და ესრეთ ღირს ვიქმნე მიქცევისა და განწირვისა. ამისსა შემდგომად მონაზონი იგი მერმეცა დაადგრა ცრემლით ვედრებასა ზედა მისსა და აღუთქუმიდა, რაჲთა მხოლოჲ მარტოდ-ოდენ გალობდეს სამკუდროსა მას გალობასა, რომელი შეუქმნა მას დიდმან იოანე, და არა საანჯმნო-ყოს გალობაჲ მისი. ხოლო წმიდამან, ვინაჲთგან თანალმობილ და მოწყალე იყო სულითა, ლმობიერ იქმნა ესოდენთა მათ ცრემლთა ზედა მის ძმისათა, და მყის გამოთქუა დასდებელი ესე: "ჭეშმარიტად ამაოება არს ყოველივე, ხოლო საწუთროჲ ესე – სიზმარ და აჩრდილ; და რამეთუ ცუდად შურების ყოველი მიწითშობილი, ვითარცა თქუა წიგნმან, რამეთუ რაჟამს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკჳდროთ, სადა-იგი შთავლენ ყოველნი ერთბამად: მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი. ვინაჲცა, ქრისტე ღმერთო, მიცვალებულსა განუსუენე, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ". ესე იგი დასდებელი არს, რომელსა ჩუენ მიერითგან ვიდრე მოაქამომდე ჩუეულ ვართ თქუმად დაფლვად განყვანებასა მკუდართასა.
რომელსა-ესე შემდგომად გამოთქუმისა კილო-სდებდა რაჲ იოანე და გალობდა, დაემთხჳა ზედამოსლვაჲ ბერისაჲ, რომელსა ესმა რაჲ ჴმაჲ და გალობაჲ იოანესი, ესრეთ იწყო სიტყუად მისსა: ესევითარი მიმცნიეს შენდა, ესრეთ გარქუა დატევებაჲ თავისა თჳსისა ტირილსა და გალობით მეტყუელებად შენდა? ამიერითგან არღარა ჯეროვან არს შენი ესრეთ მქონებელისაჲ მკჳდრობაჲ ჩემ თანა. ამიერითგან მსწრაფლ განმეშორე ჩემგან. ხოლო იგი ძმისა მის ვედრებასა, ვითარცა სიტყჳს სარგებელად კმასაყოფელსა, წინაუყოფდა და ფერჴთა ბერისათა შეუვრდებოდა და ფრიადთა ცრემლთა დათხევითა შენდობასა ითხოვდა მცნებისა მისისა გარდასლვისათჳს, არამედ ბერი იგი, ვითარცა მრავლისა რაჲს ესევითარისა გამოცდილებისა მქონებელი, მაშინ სადმე არა შემწყნარებელ იქმნა ვედრებისა მისისა. ვინაჲცა წარვიდა წმიდაჲ ესე, აღსავსე ცრემლითა და მწუხარებითა, ვითარ-იგი შეეტყუებოდა, და მივიდა ბერთა ვიეთმე მიმართ ლავრისათა, ცოდვაჲ იგი აღუარა და მჴურვალედ ევედრებოდა, რაჲთა მოქენე იქმნენ მისთჳს ბერისა მის მიმართ და უთხოონ შენდობაჲ შეცთომილებისაჲ.
ხოლო იგინი წარვიდეს და ითხოვდეს მისგან შენდობასა იოანეს ცთომილებისასა, გარნა ბერი იგი გარემიაქცევდა სასმენელ-ყოფასა მათისა მის ვედრებისასა და უქმად წარჰგზავნიდა ძმათა თჳსთა, ვიდრემდის ჰრქუა მას ერთმან ვინმე მისსა მოსრულთაგანმან: ესრეთ ყოვლად არა არსა კანონი, გინა პატიჟი ანუ სიტყჳს-მიჴდაჲ, რომლითა შეცოდებული იგი განსწავლო და შენდა მოსრულნი ესე უქმად არა გარემიაქცინე, ვითარცა ყოვლად არაშესაწყნარებელნი? ჰჱ, ბერი მიუგებდა, ჰჱ, არს, უკუეთუ ოდენ იქმნეს იოანე ზურგითმტჳრთე ძმათა განთხეულისა და მწმედელ მონასტრისა საუძლურებისა და ამას ზედა აჩუენოს ფრიადი მორჩილებაჲ და გულსმოდგინებაჲ თჳსი. ესე რაჲ ესმა ბერთა მათ, მიიქცეს მწუხარექმნულნი ფრიადსა მას ზედა მოუდრეკელობასა ბერისასა. ხოლო მიქცევასა მათსა წინადაემთხჳა იოანე, თაყუანის-სცა მათ და ჰკითხა, თუ ვითარსა თანალმობით წყალობასა ღირსქმნულ არს ბერისა მისგან თჳსისა. იგინი, არა ვესევდითო, მიუგებდეს, ესოდენ ულმობელ და მოუდრეკელ-ყოფასა მისსა, გინა ჴუმევასა ესევითარისა ფიცხლისა შერისხვისა და განკანონებისა, რომელი არავის უჴუმევიეს ძუელთა გინა აწინდელთა ბერთაგანსა ვისმე. ხოლო იოანე, და რაჲ არს, ჰრქუა, ბრძანებული იგი მისი? და იგინი მიუგებდეს, ვითარმედ: ესე, რაჲთა მეტჳრთე იყო ძმათა განავალისა და მწმედელ სახლებისა გარეგანსავალისა. მაშინ იოანე მდაბლითა გონებითა და მშჳდითა ჴმითა, საწადელ არს, თქუა, ვითარმედ საწადელ არს ჩემდა კანონი ეგე, ადვილ და სუბუქ მსახურებაჲ ეგე; და მყის ჴელად-იღო გოდორი და ნიჩაბი და იწყო განწმედად საუძლურესა მას, რომელი იყო მახლობელ სენაკსა ბერისასა.
რომელი-იგი იხილა რაჲ ბერმან ესრეთ ადვილად დამრწმუნებელ და გულსმოდგინებით საქმედ ჴელმყოფელი, მსწრაფლ მირბიოდა მისსა და დააყენა მოქმედებისაგან და, ვითარცა მამაჲ შვილთმოყუარე და წყალობისმოყუარე, ორითავე ჴელითა შეიტკბობდა და თავსა და თუალთა მისთა ამბორს-უყოფდა. კმა არს, ჰრქუა, შვილო, რამეთუ აჰა კეთილად წარგიმართებიეს მორჩილებაჲ, და კმა არს ეგე საცხორებელად; ამიერითგან მოვედ სენაკად შენდა და მხიარულებით ჩემ თანა მყოფობდ! ესე რაჲ ესმა მას, მყის შეუდგა, ვითარცა ცხოვარი მწყემსსა, და ესრეთ მის თანა ჰყვანდა იგი მოქცეულსა მას სახიდ თჳსსა ბერსა.
რომელსა-იგი შემდგომად მცირედთა დღეთა ჩუენებით გამოუჩნდა წმიდაჲ ღმრთისმშობელი და ეტყოდა: რაჲსა დაგიყოფიეს წყაროჲ და არა უტევებ განფენად ნაკადულთა მათ ოქრონეკტარისათა? რამეთუ ზეშთა გარდამატებულად ეგულების იოანეს შემკობად ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და სახარულევან-ყოფად დღესასწაულებსა და წმიდათა საჴსენებელსა ყოვლადბრძნითა მით სიტყუათა მისთა შეწყობილებითა და საგალობელთა ჴმატკბილობითა, რომლითა ყოველნი მორწმუნენი განანათლნეს მართლმადიდებლობამან შჯულთა მისთამან და საზოგადოდ საშუებელად ცხორებისად დაუტევნეს მათ ღმრთივშუენიერნი სწავლანი თჳსნი. ვინაჲცა ამიერითგან უბრძანე მას თქუმად, რაჲცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინისმცმელი და ყოვლადწმიდაჲ სული იტყჳს ენით მისით. და ვითარცა დღე იქმნა, იტყოდა ღმრთივსულიერისა იოანეს მიმართ ბერი იგი: შვილო, ჰრქუა, შვილო სულიერო, ამიერითგან იტყოდე, რაჲცა-რაჲ გონებასა მოგიჴდეს შენ და რაჲცა გთნდეს, სრულმყოფელად მართლმადიდებელთა სარწმუნოებისა, წერდი და უმეცართა წინადაუდებდი, რამეთუ ღმერთმან სათნო-იჩინა სიტყუად შენდა და მას თავადსა სთნავს, რაჲთა ასწავებდე შენდა მომავალთა; დაღაცათუ მე უმეცრებით დაგაყენე ვიდრე მოაქამდე, ამიერითგან მან გასწაოს შენ თქუმად ყოველივე სათნოჲ მისი და რაოდენი-რაჲ შუენის ღმრთეებასა მისსა.
ესრეთ განიჴსნა რაჲ დუმილისაგან მისისა ყოვლადბრძენი იოანე, ვითარცა განბრძნობილი საღმრთოთა შინა, და ებრძანა სიტყუად და სწავლად ბერისა მის მიერ, იწყო გამოთქუმად გალობებსა აღდგომისასა და საუფლოთა დღესასწაულთასა და განაწყო დასდებლები სტიქარონთაჲ, ვინაჲცა ამათ ესევითართა თანამოქმედ და თანაგამგე მისსა იყო პირველმოჴსენებული იგი კოზმა, რომელთა ფრიადი აქუნდა ურთიერთას თანაშესწორებაჲ სიტყუათა ზედა, განზავებული ნამდჳლვე საღმრთოჲთა სიყუარულითა, ვიდრემდის არცა ერთი რაჲ ოდეს მოუჴდებოდა მათ გულისთქუმაჲ რაჲსამე ჴორციელისა საქმისაჲ გინა კაცობრივისა რაჲსმე მოშურნეობისაჲ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა მათისა, ვინაჲცა საკჳრველი კოზმა შემდგომად მრავალჟამეულისა მის დიდისა საბაჲს ლავრასა შინა მკჳდრობისა, მუნ მოსლვასა იერუსალჱმისა მღდელთმთავართასა და ფრიადსა ვედრებასა ძლით წარყვანებულ იქმნა პატრიაქისა და მის მიერ ჴელნი დაესხნეს ეპისკოპოსად ქალაქისა მაიომაჲსა, რომელსა პიმემასცა ეწოდების, სადა-იგი, ვითარცა ღმერთსა უყუარს, ეგრეთ უძღოდა მისდა რწმუნებულსა მას სამწყსოსა საძოვართა მიმართ ცხორებაშემოსილთა და ბრწყინვალედ განაშუენა მისდა რწმუნებული იგი საყდარი ანგელოზთასწორითა მით მოქალაქობითა და ცხორებითა და სიპოხედ ღრმისა სიბერისა მიწევნული მიიცვალა უფლისა მიმართ.
ხოლო ტკბილი იგი სახითა და მოქალაქობითა და ანგელოზთა სწორი იოანე, იგიცა იიძულა პატრიაქისაგან იერუსალჱმელისა და პატივსა ხუცობისასა აღყვანებულ იქმნა, რამეთუ მებრვე ამისთჳს მიუწოდეს მას იერუსალჱმად, ვინაჲ-იგი კუალად უკუმოიქცა რაჲ ლავრად, უმეტესთა ღუაწლთა მისცა თავი თჳსი ჩუენებითა უმეტესისა მარხვისა და მოღუაწებისაჲთა. ამას თანა ყოველი ცხორებაჲ მისი იყო აღმწერელობაჲ სათნოებათაჲ და მიდევნებაჲ გამომეტყუელებასა წარჩინებულთა კაცთა ცხორებისასა და წმიდათა მოსაჴსენებელებისასა, რომელი-იგი ყოველსა სოფელსა განფენილ არს და ყოვლითკერძო იქადაგების; ხოლო მართლისა სარწმუნოებისათჳს და ჴორციელად განგებულებისა მამისა თანადაუსაბამოჲსა სიტყჳსა ღმრთისა, უკუეთუ ვისმე სწავლის-მოყუარესა და ტკივილთმოყუარესა უჴმდეს, წარიკითხევდინ თქუმულთა მისთა და მაშინ ეუწყოს, თუ ვითარი მრავალგზისი ბრძოლაჲ და ძლევაჲ აღუდგინებიეს იოანეს მწვალებელთა ზედა, რომელი-ესე განცხადნების ხატთა მბრძოლთაცა და სხუათა ყოველთა ბოროტადმადიდებელთა განქიქებისათჳს, რაჟამს იხილნეს მრავალღონიერად მოპოვნებულნი იგი მისგან შემოკრებანი და განფენანი სიტყუათანი, განცხადებულნი წინადადებანი კითხვათანი და ყოვლადბრძენნი აღჴსნანი საძიებელთანი, ჴმაშუენიერებანი საგალობელთანი, სიტყუაპოვნიერებანი საკითხავთანი, მუსიკელობაჲ ორღანოთა მათ კილოებისათაჲ, სირინოობაჲ ჴმათა მათ ღაღადებისათაჲ, რომლითა იქმნა გურიტ ეკლესიისა, აედონ მოძღურებისა, კეთილთა ხუავ, საფასეთა ზღუა, დაულევნელ სერ სულთა, პურ ანგელოზთა, ყოვლისა სოფლისა ტაბლა, სამოთხე წიგნთა, ტაკუკ სიბრძნისა, პირ ქრისტესა, მახჳლ ორპირ მართლგანმკუეთელ სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა და სასიკუდინედ განმგურემელ გულსა მწვალებელთასა, ისარ ლესულ ჴელთა შინა ძლიერისათა და თჳთ მსგავს ძლიერისა მტყორცებელისა, შორს განმგდებელ ძეთა განყრილთასა, რომლითაცა განითქუა არა ეტლთმფლობელად, არამედ სიტყუათმფლობელად; და პირსა მისსა ვიცნობთ ძუძუდ ეკლესიისა, მაწოვნებელად სძესა მოძღურებისასა, ხოლო ღაწუთა მისთა – ფიალად ნელსაცხებელთა მადლისათა, რომლითა იქმნა სულნელება ქრისტესა მიჰრონისა მის ჩუენთჳს წარმოცარიელებულისა და ღმრთისა ჴორცთამდე დაგლახაკებულისა, ხოლო ბაგეთა მისთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ, რომლისა მიერ თაფლმდინარეობს სულთა დამტკბობელობასა.
ამის ღმერთშემოსილისა მტიცედ წინაგანწყობასა მტერთა მიმართ სარწმუნოებისათჳს კეთილადმსახურთაჲსა და მჴურვალედ მოშურნეობასა მისსა შჯულისათჳს მართლმადიდებლობისათა მრავალნი უკუე და სხუანიცა სიტყჳსა ღირსნი მოწამე ექმნნეს და მათ თანა საღმრთოჲ იგი აღმსარებელი ჭეშმარიტებისაჲ, ახალი სტეფანე, ნამდჳლვე ჭეშმარიტი იგი გჳრგჳნი ქრისტეს მოწამეთაჲ და სიქადული კეთილადმსახურთა შესაკრებელისაჲ, რომელი-იგი მისდავე მსგავსად წმიდათა ხატთათჳს ადგილ-ადგილ დევნად და სიკუდიდ განმზადებულთა მამათა მიმართ თქუმულსა მას ნუგეშინის-ცემისა სიტყუასა შინა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დიდი იგი მოწამეთა შორის და აღმსარებელი ჭეშმარიტებისაჲ იოანე დამასკელი, რომელსა-იგი ბილწი ესე და ჭეშმარიტებით მძლავრი მეფე ბილწად და საძაგელად უწოდს, ნამდჳლვე სიწმიდითა და უბიწოებითა ტაძარ ღმრთისა ქმნულსა მას და საღმრთოთა მადლთა მიერ განბრწყინვებულსა სულითა არაოდეს დააკლებს ზედაჲსზედა მიწერად და ყუედრებად ხატთმბრძოლობასა ამისსა და ღმრთისმოძულე და უღმრთო უწოდს მას და შემდგომი ამისი.
ესრეთ უკუე ესრეთ მიმოდაითქუა დიდი იოანე და ყოველთა კიდეთა განთქუმულ იქმნა სიბრძნითა და ღმრთისა კეთილადმსახურებითა, ვინაჲცა მეფეთაცა წინააღუდგა და ბოროტადმსახურთა კადნიერებით ამხილა და აღირჩია ვნებად წმიდათა ხატთა პატივისათჳს, რამეთუ ერთობაჲ ენება და კეთილადმსახურებასა ზედა ერთნება-ყოფაჲ წმიდათა ღმრთისა ეკლესიათაჲ; ამისთჳსცა ყოვლითკერძო იქადაგებიან ღუაწლნი მისნი და ვიდრე დასასრულადმდე სოფლისა განსრულ არს ჴმაჲ სწავლათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, დამტეხელი მწვალებელთაჲ და აღმჭურველი მართლმადიდებელთაჲ, რომლისათჳს ყოველსა ერსა ქრისტესმოსახელესა აქუს იგი ხატად სათნოებისა და კანონად მმართებელად სარწმუნოებისა, ქნარად ღმრთივმორთულად და ორღანოდ სულისა წმიდისა.
ვინაჲცა თანამდებ ჩუენდა არს, ჵ სამღდელოო კრებულო ქრისტეანეთაო, მარადის ქებით და გალობით ყოვლითავე სახითა შესხმათაჲთა პატივის-ცემად და სიხარულით გალობად წმიდასა ამას დღესასწაულსა მისსა, რამეთუ ვითარცა დაუწყუედელისაგან და საღმრთოჲსა წყაროჲსა არაოდეს დააკლებს იგი მონიჭებად ჩუენდა ღმრთივშუენიერთა მათ წყალთა ყოვლადბრძნისა მოძღურებისათა, რომელთა შინა აქუს თითოსახე აღჴსნაჲ ყოვლისავე ძნიად გულისხმისსაყოფელისაჲ და განცხადებული წარმოჩინებაჲ დაფარულთა თარგმანებისაჲ, რომელთა მიერ ვითარცა თაფლითა დატკბების გონებაჲ მჴუმეველთა სიტკბოებისა მათისათაჲ.
რამეთუ ამათ შინა იღუწიდა მრავალმოღუაწე იგი გუამი, ამით იშუებდა ანგელოზებრი იგი სული, გამოძიებითა სულისა სიღრმეთაჲთა, რომელი-იგი ყოველსავე გამოეძიებს და თჳთ სიღრმესაცა ღმრთისასა; ამით განათლდებოდა ღმრთივგანბრწყინვებული იგი გონებაჲ, რაჟამს გონებაჲ ქრისტესი აქუნდა, რომლითა განანათლნა ყოველნი გონებანი ცისკიდით განყოფითა მადლთა მისთა შარავანდედთაჲთა და ვიდრე კიდედმდე ცისა მიმწთომელობითა ქადაგებათა მისთა ელვარებისაჲთა.
და ვითარ ღრმად სიბერედ მიწევნული განიჴსნა ჴორცთა საკრველისაგან და განცვალა სარკისა ესე ხედვაჲ პირისად და მცირედისა ცნობაჲ – სრულებისად, ანაცვალნა შრომათა მოსაგებელნი და ღუაწლთა – გჳრგჳნნი, ჭირსა – განსუენებაჲ და იწროსა ამას გზასა –Mსასუფეველისა ფართოებაჲ, და აწ ზეცათა შინა იქცევის, სამკჳდრებელსა შინა მხიარულთასა, ნათლითშემოსილსა მას შინა ბანაკსა წმიდათასა, კარავსა უფლისასა და მთასა წმიდასა მისსა, სადა-იგი დაუცხრომელად უგალობს ღმერთსა სამწმიდაობისაჲთა მით გალობითა ქერაბინთაჲთა, დიდებისმეტყუელებს სერაბინთა თანა და ქებისმეტყუელებს ანგელოზთა კრებულსა თანა, მეოხ არს მორწმუნეთათჳს და ითხოვს წყალობასა.
არამედ ჵ მამაო და თანამოსაგრეო ყოველთა წმიდათაო, ნუ დასცხრები ოხად ჩემისა სიგლახაკისათჳს, მიითუალე ჩემი აღმწერელობისაჲცა ესე მოსწრაფებაჲ, რომლითა ფრიადისა მისგან უფსკრულისა შენთა წარმატებათაჲსა და ურიცხუებისა მრავალთა სათნოებათაჲსა არა ყოველივე უხუად ვწჳმე, არამედ მცირედნი ოდენ და კნინნი სიტყუანი – ცუარნი თხრობისანი – მიმოვსთესენ, რამეთუ მხოლოდ ამათიცა ძლითვე უძლე თესლისმკრეფელობაჲ და ურთიერთას შეწყობით შემკრებელობაჲ ძუელთა მათგან მოსაჴსენებელთა პირველთა მამათაჲსა, ურთიერთას თხრობისაგან მონაცვალეთა მათთაჲსა, და კმა არიან ესენი მეტყუელთათჳს და გამომეძიებელთა მოსწრაფებით შემეცნებად შენსა რაბამობასა მეცნიერებისასა და ვითარებასა შენ მიერ მოგებულისა მაგის ჭეშმარიტისა სიბრძნისმოყუარებითისა მოქალაქობისასა, რამეთუ მცირედიცა გემოჲსხილვაჲ ყოვლისავე მის საჭმლისა ვითარებასა აუწყებნ და კნინოდენი ფესჳ სამოსლისაჲ ყოვლისავე შესამოსლისა ქსოვილებასა ცხად-ჰყოფნ; ნუმცა ბრალეულ ვიქმნები შენგან, ვითარცა ბრჭალთაგან ოდენ საცნაურმყოფელი ლომისა ძლიერებისაჲ, გინა აჩრდილისმწერლობითა ჴელმყოფელი წარმოდგინებად ყოველსა ჰაეროვნებასა შენ მიერ უნაკლულოდ დაცვულისა მაგის საღმრთოჲსა ხატებისასა, რამეთუ არა კადნიერებითი არს და წარმდებებითი კადრებაჲ ესე, არამედ სარწმუნოებითი და მოშიშებითი, რამეთუ შენდა მიმართმან სურვილმან აღმატყინა მე, რაჲთა მცირედი ესე, ჩემისა ამის უნდოჲსა და უსწავლელისა სიტყუალიტონობისა მიერ შეკრებული სიტყუაჲ, წლითი-წლად წარიკითხვოდის სახარულევანსა ამას დღესა წმიდისა ჴსენებისა შენისასა სიხარულად და საშუებელად მედღესასწაულეთა ერთა და ყოველთა მიერ სადიდებელად და სამადლობელად წმიდისა და ერთარსისა სამებისა, რომელმან შენ სიხარულ-გყო ყოვლისა სოფლისა, ვითარცა ჭეშმარიტებით ღმრთისმეტყუელი მისი და ქადაგი და მასწავლელი ყოველთაჲ, დიდებად და ქებად, პატივად და თაყუანის-ცემად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და ყოველთა საუკუნეთა მარადის უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა-ყავთ, ქრისტესმოყუარენო, იოანესთჳს მღდელისა და მონაზონისა, რომლისა ბრძანებითა მე უღირსმან ეფრემ მცირემან ვთარგმნე ბერძულისაგან მცირე ესე ცხორებაჲ დიდისა იოანე დამასკელისაჲ, აწღა ჩუენთა ჟამთა სურვილით აღწერილი მიქაელისგან, ხუცისა სჳმეონწმიდელისა, სამადლობელად ტყუეობისაგან ჴსნისა მისისა, რამეთუ დეკენბერსა ერთსა შემოსრულთა თურქთა სულემანელთა ამას დღესა დაიპყრეს ქალაქი და მთით ჩამოასხეს ერი დღესასწაულსა ამის წმიდისა იოანე დამასკელისასა, ოთხსა მისვე დეკენბრისასა, რომელთა თანა უვნებელად დაცვულსა მას ზემოჴსენებულსა მიქაელ ხუცესსა, სჳმონწმიდა(ჲ)ს ძმასა და მაშინ ქალაქს დახუდომილსა, აღეწერა ესე საკითხავი არაბულსა ენასა ზედა, ვინაჲ-იგი ბერძენთა ენად გამოთარგმნა და შეამკო სამოელი, წმიდამან მიტროპოლიტმან ადანაელმან, რომელი-ესე აწ ქართულად ითარგმნა ლოცვითა ბერთა ჩუენთა საბაჲს და ანტონისითა, ბრძანებითა და საჴმრითა იოანე ზემოჴსენებულისა და კჳრიკეს, ხუცად შესწავებულისაჲთა. უფალმან მიეცინ მადლი შრომისა და წარსაგებელისაჲ.
გადმობეჭდილია წიგნიდან: კ. კეკელიძის ეტიუდები, ტ. 7, თბ. 1967, გვ. 142-174. ტექსტი გამართულია პუნქტუაციის თანამედროვე წესით.
წმ. იოანე დამასკელის ცხოვრება ყრმებისთვის