ცხორებაჲ და ღუაწლნი
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
ათანასი მთავარეპისკოპოსისა
ალექსანდრიელისა
თარგმანი წმ. ეფთჳმე მთაწმიდელისა[1]
ხელნაწერი იერუს. #2
მრავალნი წმიდანი შეიწუნეს და განიგუმირნეს სურვილითა მით ზეცისაჲთა და განიცადეს ბრწყინვალებაჲ იგი მეუფისაჲ მის – მადლთა მიმნიჭებელისა ქრისტესი – და ჭეშმარიტისა მის მიერ ნათლისა განბრწყინდეს და ამისთჳსცა ვიდრე სიკუდილადმდე ქადაგებისა მისთჳს სახარებისა და მსახურებისათჳს უფლისა ზეცისა იგი გჳრგჳნი მიიღეს, რამეთუ შეიყუარეს უფროჲს ხილულთა ამათ კეთილთა უხილავნი იგი და უფროჲს წარმავალისა ამის ცხორებისა – საუკუნოჲ და უფროჲს წინამდებარისა ამის დიდებისა – მომავალი იგი.
ხოლო უმეტესად აღივსო მადლითა მით სამოციქულოჲთა დიდი ათანასე, რომელი-იგი ეპისკოპოსთა შორის დიდისა მის და სახელოვანისა ქალაქისა ალექსანდრიისა მთიები გამობრწყინდა, რომელი-იგი მჴურვალე იყო სულითა და ფრთოვან იქმნა სურვილითა მით ზეცისაჲთა და ფრიად მრავალთა ჟამთა ებრძოდა მეფეთაცა, მდევართა მართლისა სარწმუნოებისათა, და ყოველსავე სიმრავლესა მწვალებელთასა და მიიღო ძლევაჲ ძალითა მით საღმრთოჲთა ყოვლისავე კრებულისა ზედა ბოროტად მორწმუნისა. ამისთჳსცა უკუე ღუაწლთა მათ მისთა მრავალთა და ფრიადსა მას სიბრძნესა, რომელ აქუნდა სიტყუასა მისსა და რომელსა მისთა მათ წერილთა ძალი გამოაჩინებს, ვჰგონებ, თუ ვერვის ძალ-უც ღირსად აღწერაჲ, ვითარცა ჯერ-არს.
აწ უკუე პირველად ჴსენებაჲ მცირედისა რაჲსმე სიყრმისა მისისა საქმეთათჳს ვთქუათ. შემდგომად წამებისა და ღმრთისა მისლვისა ნეტარისა პეტრე ეპისკოპოსისა ალექსანდრიელისა მიიღო პატივი იგი მღდელთმოძღურებისაჲ წმიდამან ალექსანდრე და ბრძანა ყოველთავე მღდელთა ეკლესიისათა შემოკრებაჲ და ელოდა, რაჲთა შემოკრბენ ყოველნივე; და მეყსეულად მას ჟამსა ოდენ გარდაიხედნა სარკუმელთაგან საეპისკოპოსოჲსათა და მიხედნა ზღჳთ კერძო და იხილნა კიდესა მას ზღჳსასა ყრმანი, რომელნი იმღერდეს კანონითა საეკლესიოჲთა. რამეთუ სახლი იგი მარჯუჱ იყო სახილველად ზღჳსა მიმართ, რომლისაცა კიდესა იმღერდეს უმანკონი იგი ყრმანი, რომელთა შორის იყო პირველმოჴსენებული ესე დიდი ათანასე და სხუანი მოჰასაკენი მისნი. და ყრმათა მათ მღერასა შინა შექმნეს ათანასე ეპისკოპოსად და რომელნიმე ხუცად და რომელნიმე დიაკონად. და მოჰგუარნიან ყრმანი ნათლის-ცემად, რომელნიცა წესითა მით საეკლესიოჲთა აკურთხნის და ულოცის ათანასე და, ვითარცა ეპისკოპოსმან, ნათელ-სცის ზღუასა მას შინა.
ესე რაჲ იხილა ნეტარმან ალექსანდრე, მოუწოდა ორთა მღდელთა და უჩუენნა მათ ყრმანი იგი და უბრძანა, რაჲთა მოიყვანნენ იგინი მისა. და გულისხმა-ყო, რამეთუ ყოველივე სულიერად იქმნა, და ნათელღებულთა მათ ყრმათა სცხო წმიდაჲ მირონი და დასწერა ჯუარი და ესრეთ სრულ-ყვნა იგინი. ხოლო მშობელთა ნეტარისა ათანასესთა მოუწოდა და ჰრქუა მათ: ესე ყრმაჲ უფლისა მიერ წარემატებოდენ.
ხოლო გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, მოჰგუარეს ეპისკოპოსსა ალექსანდრეს, და მეყსეულად მისცა მას პატივი იგი სამღდელოჲ ეკლესიისაჲ და შეიყვანებდა მას ბრძოლად მტერთა. და მრავალნი ღუაწლნი მოითმინნა მან მწვალებელთაგან, ვითარცა-იგი უფალმან თქუა, ვითარმედ: "მე უჩუენო მას, რაოდენნი უღირს ვნებად სახელისა ჩემისათჳს". ხოლო ვინაჲთგან ყოველთავე ღუაწლთა მისთა ვერ ძალ-გჳც აღრაცხვად, რამეთუ ურიცხუნი ბოროტნი თავს-ისხნა დევნულებათა მათ მისთა შინა, ამისთჳს ვთქუნეთ საჩინონი იგი და ცხადნი საქმენი მისნი და მას ზედა კმა-ვყოთ.
ხოლო რომელნიცა იცნობენ კაცსა მას, მათ უწყიან მისნი იგი ღუაწლნი. რამეთუ რაჟამს არიოზ უშჯულოჲ ექსორიობასა იყო და მუნცა არა დასცხრა ბოროტისა მისგან, არამედ მისთა მათ მეგობართა მიერ, რომელთა აქუნდა მისივე სარწმუნოებაჲ, შეურთო ცთუნებაჲ კოსტანტინე მეფისაჲ და ბრძანა მოყვანებაჲ მისი ექსორიობისა მისგან. და წარმოათქმია მან წინაშე მისა ზაკუვით სარწმუნოებაჲ მისი, რომელი სიტყჳთ ჩუენისავე სარწმუნოებისა მსგავსი იყო, ხოლო ჭეშმარიტებით ფრიად შორს იყო ჩუენისა სარწმუნოებისაგან. და ამას ზედა განკჳრდა მეფჱ და მეყსეულად წარგზავნა იგი პატივითა ალექსანდრიად. და მი-რაჲ-იწია იგი ალექსანდრიად, არა შეიწყნარა იგი წმიდამან ეპისკოპოსმან ალექსანდრე მცნებისა მისთჳს, რომელი მიეცა პეტრეს, ეპისკოპოსსა და მოწამესა. და ნეტარი ათანასეცა აყენებდა შეწყნარებად მისა, რამეთუ იყო იგი მაშინ მთავარდიაკონი და უწყოდა უკეთურებაჲ არიოზისი, რომელსა ეგულებოდა ზაკუვით შესლვაჲ ეკლესიად და [მერმე] მცირედ-მცირედ აღძრვაჲ წვალებისა თჳსისაჲ. ამისთჳს უკუე კუალად ეგჳპტე აღძრვასა და შფოთსა შინა იყო.
მაშინ ევსები ნიკომიდიელი და მისთანანი იგი მიუწერდეს მეფესა და მისგან პასუხსა მოიღებდეს დამტკიცებისათჳს არიოზისა. ხოლო დიდმან ათანასე და ეპისკოპოსმან ალექსანდრე მიუწერეს მეფესა და ეტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს! რომელმან-იგი ერთგზის სარწმუნოებაჲ ჩუენი უგულებელს-ყო, ესრეთ მეყსეულად არა შევიწყნაროთ, არამედ სულგრძელ ვიქმნნეთ. მაშინ მეფე კოსტანტინე აღიძრა რისხვით მძიმედ და მიუწერა ნეტარსა ათანასეს გულისწყრომით ეპისტოლე ესევითარი: "ისმინე განზრახვაჲ ჩემი და ნუ აყენებ ეკლესიად შესლვად, რომელთაცა ენებოს, რამეთუ უკუეთუ ვცნა, ვითარმედ და-ვიეთმე-აყენებ ეკლესიისაგან მთავარდიაკონობისა შენისათჳს, უწყოდე, ვითარმედ წარმოვავლინო და განგიყვანო შენ პატივისა შენისაგან და მაგათცა ადგილთაგან, და გევნოს შენ ფრიად". ეგრეთვე ალექსანდრეს ეპისკოპოსსა მიუწერა მეფემან, ვითარმედ მოქცეულ არს იგი და არღარა ჰნებავს ერისა განწვალებაჲ, არამედ ეკლესიისა მშჳდობაჲ. ხოლო მიიღო ეპისკოპოსმან ალექსანდრე წიგნი იგი მეფისაჲ და შემდგომად მცირედისა ჟამისა აღესრულა აღსასრულითა ნეტართა და არა შეიწყნარა არიოზ. და მიიღო პატივი მღდელთმოძღურებისაჲ დიდმან ათანასე.
მაშინ მწვალებელთა გულისხმა-ყვეს რაჲ, ვითარმედ უძღჳს იგი ეკლესიასა, პირველად იგინიცა ეწამნეს; ხოლო მეყსეულად შემდგომად მცირედისა ჟამისა ესრეთ აღუდგეს ბრძოლად, რომელ უკუეთუმცა ძალ-ედვა, საჴსენებელიმცა მისი აჴოცეს ყოვლისაგან ქუეყანისა. რამეთუ ვითარცა მიიღო მან ეკლესიისა უფლებაჲ, მეყსეულად ევსები ნიკომიდიელმან იწყო ბრძოლად ათანასესა. და პოვეს მაშინ მწუხარებაჲ იგი მეფისაჲ შემწედ თჳსისა ნებისა და მისთჳს ყოველსა ღონესა ეძიებდეს, რაჲთამცა გარდააგდეს იგი საეპისკოპოსოჲსაგან თჳსისა. და იტყოდეს, ვითარმედ უღირსებით დადგომილ არს იგი ეპისკოპოსად, და ესვიდეს, ვითარმედ უკუეთუ იგი გარდააგდონ ებისკოპოსობისაგან, მაშინ შეუძლონ დამტკიცებად წვალებისა მის არიოზისა.
მაშინ ეძიებდეს მისთჳს ღონეთა ევსები ნიკომიდიელი და მსგავსნი მისნი, და მოიქრთამნეს კაცნი ვინმე წვალებისა მისგან მელიდიტესა – სისონ, ევდემონ და კალინიკე და სხუანი მრავალნი. და იწყეს შესმენად მისა. პირველად თქუეს: შე-რაჲ-ვიდა იგი საებისკოპოსოსა, მეყსეულად დააწესა, რაჲთა სელისა სამოსელსა მისცემდენ ხარკად ეკლესიასა ყოველნი მეგჳპტელნი. და კუალად თქუეს მეორეცა შესმენაჲ, უაღრესი პირველისაჲ, ვითარმედ: ათანასე მტერ მეფისა არის, რამეთუ მოძულისა ვისმე თანა მეფისა და მბრძოლისა წარსცა [მ....ჱ] ერთი დიდი სავსე ოქროჲთა და მოყუარე არს იგი მისა. კუალად მესამედ შესმენად ესე გამოიღეს: რამეთუ იყო კაცი ვინმე სახელით ისიქორა, რომელმან ქმნა საქმჱ ფრიად ბოროტი და ღირსი სიკუდილისაჲ, რამეთუ არა მიეღო მას პატივი მღდელობისაჲ, და წარვიდა სოფელთა მათ, რომელთა ეწოდების მარეოდისაჲ, და იწყო მუნ ჟამისწირვად.
ხოლო ნეტარი ათანასე მივიდა მარიოდსა და მოჰნახვიდა მუნ მყოფთა მათ და ცნა საქმჱ იგი ისიქორისი და წარავლინა მაკარი ხუცესი, რაჲთა იხილოს, უკუეთუ ჭეშმარიტ არიანა საქმენი იგი. ამისთჳსცა გამოცხადნეს რაჲ საქმენი იგი ისიქორაჲსნი, გამოიპარა მიერ და მივიდა ნიკომიდიას და შეეჭრა ევსების და მისთანათა მათ. ხოლო მათ შეიწყნარეს იგი, ვითარცა მღდელი, და აღუთქუეს მას ებისკოპოსობაჲ სიძულილისათჳს და მტერობისა ნეტარისა ათანასესა, უკუეთუ ოდენ თქუას რაჲ შესმენაჲ ათანასესთჳს. და მან გამოთქუა ესევითარი, ვითარმედ: მაკარი ხუცესი მიივლინა ათანასეს მიერ და ზედა-მოუჴდა ეკლესიასა ჩუენსა და შეხლდნა საკურთხეველსა და დააქცია საკურთხეველი და ბარძიმი სამეუფოჲთა სისხლითა დასთხია და იგი წიგნი საღმრთოჲ დაწუა. და ესევითარი მრავალი მიუთხრეს მეფესა უკეთურმან ევსები ნიკომიდიელმან და მსგავსთა მისთა, ვითარმედ წიგნი მეფობისა მისისაჲ უგულებელს-ყო და არა შეიწყნარა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა, განკჳრვებასა შთავარდა და ბრძანა, რაჲთა იქმნას კრებაჲ. რამეთუ დაღაცათუ სარწმუნოებისა მის მართლისა ძალი აქუნდა მტკიცედ, არამედ ვინაჲთგან აგონებდა, ვითარმედ წინააღმდგომთა მათ ზედა იქმნების საქმჱ უსამართლოჲ, ამისთჳს თავს-იდვა კუალად ამის საქმისა და შრომისა ქმნაჲ. ხოლო რაჟამს მოიწია ენკენიაჲ იერუსალჱმისაჲ, შეკრბებოდეს ებისკოპოსნი ყოვლით კერძოვე.
და მიწერა მეფემან, რაჲთა კეთილად გამოიძიონ ყოველივე ათანასესთჳს თქუმული და არიოზისთჳსცა, რაჲთა კეთილად გამოიწულილონ, თუ ვითარცა-იგი მან უთხრა მას, არს-ძი მასვე სარწმუნოებას ზედა მართალსა და შურითა განგდებულ არს იგი ეკლესიისაგან? რაჲთა ისწრაფონ მშჳდობისა ყოფად.
უკუეთუ კულა ზაკუვით შეაჩუენა არიოზ თჳსი იგი სარწმუნოებაჲ, რაჲთა მივიდა ალექსანდრიად და მუნ განიკითხოს ამისთჳს. და ბრძანა, რაჲთა აღ-რაჲ-ვიდოდინ იერუსალჱმს, პირველად მივიდენ ტჳროსს და საჯონ მუნ დიდისა ათანასესთჳს და არიოზისთჳს, რაჲთა ესრეთ ყოველივე ბრძოლაჲ განქარდეს და იქმნას მშჳდობაჲ ეკლესიისაჲ და კეთილად აღასრულონ დღჱ კურთხევისაჲ. და მეოცდაათესა მას წელსა კოსტანტინე მეფისასა იქმნა კრებაჲ იგი ტჳროზს, და შემოკრიბნა ყოველნი ებისკოპოსნი თევდოსი იპატიკომონ, რიცხჳთ სამეოცნი, და მოიყვანეს მაკარიცა ხუცესი ანტიოქიით, შეკრული ჯაჭჳთა, მჴედართა, და შემოკრბეს სამშჯავროსა მას მთავარიცა იგი მის ქუეყანისაჲ და სხუანი, რომელნიცა წარჩინებულნი იყვნეს პატივითა, და მერმე მოუწოდეს ნეტარსა ათანასესცა.
და მეყსეულად შემასმენელთა მისთა იწყეს შესმენად სამოსლისა მისთჳს სელისა. არამედ მათი იგი სიტყუაჲ განაქარვეს აღაპი და მაკარი, ხუცესთა ალექსანდრიელთა, რამეთუ ნიკომიდიას მოვიდეს და მტყუვრად გამოაჩინეს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუეს ურჩულოთა მათ მართლისა და წმიდისა ათანასესთჳს. და ესე მეფესაცა მიუთხრეს, ხოლო მან მიუწერა წიგნი რისხვით შემასმენელთა მისთა. ხოლო ათანასეს უბრძანა მისა მისლვაჲ.
და ვითარცა იწყეს სარჩლად, მეყსეულად მოიწია წიგნი იგი მეფისაჲ. ხოლო ესე იქმნა განგებითა ღმრთისაჲთა, და ევსები მის თანაშემწითურთ სირცხჳლეულ იქმნა. და ვითარცა ამის კერძისაგან დაეცნეს შემასმენელნი მისნი, მერმე წარმოიღეს მაკარისიცა იგი საქმჱ.
და პირველად დიდი ათანასე რჩულიერად და კეთილად წინააღუდგებოდა მტერთა მათ, ევსების და მისთანათა, და ეტყოდა მათ, რაჲთა გამოაჩინონ, თუ ისიქორე ჭეშმარიტად ხუცესი იყო, რამეთუ ესრეთ წერილ იყო წიგნსა მას შესმენისასა, ვითარმედ ხუცესი იყოვო. ხოლო მსაჯულთა ამისთჳს არარაჲ გამოიძიეს, არამედ ეძებდეს საქმესა მას მაკარისსა. ხოლო ვითარცა ვერ უძლეს მხილებად, დააცხრვეს სამშჯავროჲ იგი ჟამ რავდენმე, რაჲთა წარვიდენ ვიეთნიმე და გამოიწულილონ საქმჱ იგი, თუ ვითარ-ძი ყოფილ არს.
ხოლო წმიდამან ათანასე ვითარცა იხილა, რამეთუ მტერთა მისთა წარავლენდეს – თეოღნიას, მარისს, თე"ს, მაკიდონს და ორსაკის, – ღაღადებდა და იტყოდა: ზაკუვით იქმნების საქმჱ ესე, რამეთუ არა სამართალ არს, რაჲთამცა მაკარი ხუცესი საკრველითა იყო, და შემასმენელიმცა მისნი მტერთა წარავლენდეს ხილვად საქმეთა მათ და აღწერად ნებისაებრ თჳსისა. ამას რაჲ ღაღადებდა დიდი ათანასე, და ყოველი კრებული ეწამებოდა მას. და ვითარცა იხილა ესე დიონოსი იპატიკომონ, არარაჲ საჯა, არამედ დაუტევნა ყოველნივე და მივიდა იგი მეფისა. ხოლო რომელნი-იგი მარიოდსა წარივლინნეს, აღწერეს მათ საქმე იგი, ვითარცა ენება, და ესრეთ მოიქცეს.
ხოლო ვიდრე იგინი მოვიდოდეს, ვერარაჲ საჯა კრებამან, რამეთუ არა იყვნეს ორნივე კერძნი, და მისთჳს მსაჯულმან ვერარაჲ სამართალი განსცა, და ესრეთ დაუტევეს წმიდაჲ ათანასე. ხოლო მო-რაჲ-იწინეს მარიოტით, გამოიღეს წერილი იგი მათი, მერმე საჯეს ათანასეს გარდაგდებაჲ და დაწერეს საშჯელი იგი გარდაგდებისა მისისაჲ. და მრავალი ბოროტი დაწერეს საშჯელსა მას შინა ნეტარისა ათანასესთჳს.
და მეყსეულად წარვიდეს ტჳროსით იერუსალჱმად კურთხევასა მას სახლისა იერუსალჱმისასა. და მი-რაჲ-ვიდა მუნ არიოზ, შეიწყნარეს ებისკოპოსთა მათ, რომელთა კრებასა მას ნიკიისასა დაწერეს ჴელითწერილი სარწმუნოებასა მას შინა ერთარსებისასა – ევსები და მსგავსთა მისთა.
ხოლო მართლისა მის სარწმუნოებისა წინამძღუართა გარემიაქციეს არიოზ და ბრძანეს, რაჲთა კრებასა მას ალექსანდრიისასა ისმინონ მისი. და მი-რაჲ-ვიდა იგი კრებასა მას, მუნცა ემხილა ბოროტი სარწმუნოებაჲ მისი. ამით ესევითარითა საქმითა ზედამოიწია სხუაჲცა წიგნი მეფისაჲ, რომელი ბრძანებდა, რაჲთა აღვიდეს მისა ათანასე, და რაჲთა იგინიცა მიიწინენ კოსტანტინეპოლედ.
ეპისტოლე კოსტანტინე მეფისაჲ:
"ძლიერი და დიდი მეფჱ კოსტანტინე მორწმუნე მიუწერ ეპისკოპოსთა მათ ტჳროსს შეკრებულთა. არა უწყი საქმენი თქუენისა მაგის შეკრებისანი, რომელნი იქმნებიან ამბოხებითა და ლალვითა. არამედ ვჰგონებ, თუ შფოთისა და აღძრვისა რაჲსგანმე ჭეშმარიტებაჲ გარდაქცეულ არს; ვინაჲთგან გაქუს თქუენ შური და ჴდომაჲ ერთმანერთისა მიმართ და გნებავს, რაჲთამცა თქუენი ნებაჲ უძლეველ იყო და ღმრთისა ნებასა არა ეძიებთ. არამედ ღმერთმან განგებულებითა თჳსითა სიბოროტეცა თქუენისა ცილობისაჲ დაჰჴსნას და ცხადად განდევნოს და ჩუენცა გჳჩუენოს კეთილად, უკუეთუ გიზრუნავს-ძი საქმჱ ჭეშმარიტებისაჲ კრებასა მაგას თქუენსა და უკუეთუ ყოველივე საშჯელი განგიშჯია თუალუხუავად და თჳნიერ ყოვლისავე შურისა და მტერობისა. ამისთჳს უკუე მნებავს, რაჲთა ყოველნივე ჩემისა მეფობისა მომართ მოხჳდეთ, რაჲთა თქუენი თქუენ მითხრათ კეთილად, ყოველივე თქუენ მიერ კრებასა მაგას თქუმული".
ესე რაჲ ებისტოლჱ მოიწია მეფისაჲ, შთავარდეს ყოველნივე შიშსა დიდსა. ამისთჳს უფროჲსნი ეპისკოპოსნი განიყარნეს თჳსთავე საყდართა, ხოლო ევსები და თეოღნია და მათთანანი იგი ოდენ ისწრაფდეს ჟამისა გარდაჴდასა და მიუწერეს მეფესა, ვითარმედ: აჰა ესერა მოვიწევით. ხოლო წმიდამან ათანასე დაარწმუნა მეფესა ყოველივე ჭეშმარიტი. და ოქროჲსა მისთჳს თქუა ჭეშმარიტი და დაარწმუნა კეთილად, ვითარცა ენება, და იყო იგი მეფისა თანა დაბასა მას, რომელი-იგი არს მახლობელად ნიკომიდიისა და ეწოდების ფსამათა. ხოლო და-რაჲ-ეყოვნა ევსების და მისთანათა მათ, მაშინ პატივითა დიდითა წარგზავნა მეფემან ნეტარი ათანასე თჳსსავე საყდარსა ალექსანდრიას და მიუწერა ეკლესიასა ალექსანდრიისასა, ვითარმედ: ეპისკოპოსი თქუენი ათანასე შეიწყნარეთ, რამეთუ ცუდად შესმენილ იყო.
ხოლო მი-რაჲ-ვიდა ნეტარი ათანასე ალექსანდრიად და იწყეს განკითხვად საქმეთა არიოზისთა, მაშინ ფრიადი ერი შემოკრბა. ხოლო იხილა რაჲ წმიდამან ათანასე ყოველივე ალექსანდრიაჲ და ეგჳპტე შემოკრებული, ამას ზედა არა დაიდუმა, არამედ გამოუცხადა იგი მეფესა. და ვითარცა ცნა მეფემან, ვითარმედ არიოზის გონებაჲ კუალად გარდაქცეულ არს, მიავლინა და ბრძანა მოყვანებაჲ მისი კოსტანტინეპოლედ, რაჲთა მისცეს სიტყუაჲ შფოთისა მისთჳს, რომელსა იქმოდა ერსა შორის. და მი-რაჲ-იყვანებდეს არიოზს ალექსანდრიაჲთ სამეუფოდ, პოვნა კესარიას ევსები და თეოღნია და მარი და სხუანი იგი შემწენი მისნი. და უთხრა მათ ყოველნივე საქმენი თჳსნი და დაყვნა მათ თანა დღენი მრავალნი. და წარიგზავნა მათ მიერ მეფისა, რაჲთა მივიდეს და მიუგოს მას სიტყუაჲ საქმეთა მისთათჳს. ხოლო ევსები და მისთანანი იგი მეყსეულად წარვიდეს კოსტანტინეპოლეს და ყოველსავე ღონესა ეძიებდეს, რაჲთამცა შეუძლეს ათანასეს ებისკოპოსობისაგან გარდაგდებაჲ.
რამეთუ მოუწოდა მათ მეფემან და ჰკითხვიდა მათ საქმეთა მათთჳს, რომელნი იქმნეს კრებასა, რაჲთამცა უთხრნეს. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არარაჲსა სხჳსა საქმისათჳს ვისწრაფეთ გამოძიებად, ვითარ-იგი საკურთხეველისა მისთჳს, რომელი ათანასეს მივლინებულმან ხუცესმან დააქცია და ბარძიმი იგი წმიდაჲ დასთხია და კუალად, რამეთუ იფქლსა მას, რომელი ჩუეულებისაებრ მოვალს ალექსანდრიით კოსტანტინეპოლედ, ათანასე არა უტევებს მოღებად; და ამას ზედა მოწმე არიან ანდამანტი და ათვიპონ და არბელიონ და პეტრე ებისკოპოსი, რამეთუ მათ თჳთ ასმია მისი, ვითარ დააყენებდა კრებასა მას, და რამეთუ წარმოდგეს, ამხილეს და შესწამეს მას, ხოლო იგი განიპარა და წარვიდა, რამეთუ შეეშინა სატანჯველისაგან.
ესრეთ არიოზის შემწეთაგან სცთა მეფჱ კოსტანტინე, განრისხნა და ბრძანა ათანასეს ექსორიობაჲ კერძოთა ღალიისათა, ბერიადეს შინა. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ ესე ამისთჳს ქმნა მეფემან, რამეთუ ენება ეკლესიისა ერთობაჲ, რამეთუ ათანასეს არა ენება ზიარებაჲ არიოზისი. მაშინ მოიწია ამბოხებაჲ და შფოთი არა თუ ალექსანდრიასა ზედა ოდენ, არამედ ყოველსა ეგჳპტესა, რამეთუ არიოზის საქმჱ ყუაოდა, ხოლო ეკლესიაჲ იღელვებოდა.
ხოლო ამას შინა კოსტანტინე მეფჱ აღესრულა სოფელსა ერთსა შინა ნიკომიდიისასა. რამეთუ დაეყო მეფობასა შინა ოცდაათერთმეტი წელი, ხოლო ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი იყვნეს სამეოცდახუთ წელ. და დაუტევნა მეფედ ძენი მისნი და მიანდო ანდერძი თჳსი ხუცესსა ვისმე, რომელსა აქუნდა სარწმუნოებაჲ არიანოზთაჲ. და ესრეთ ამცნო, ვითარმედ: კოსტანტინესვე მისცეს მეფობაჲ, რომელსა ჰრქჳან ჩემივე სახელი. ხოლო მრავალი ძებნაჲ ყვეს, თუ და-ძი-უტევობია ანდერძი. მაშინ ხუცესმან მან უარ-ყო, და ჰყვეს თანაშემწედ ყუერულნი იგი პალატისნი.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოიწია კოსტანტინე, და ფარულად მისცა მას ანდერძი იგი მამისა მისისაჲ და ერთი საქმჱ ითხოვა მისგან: რაჲთა არიოზის ოდენ სარწმუნოებაჲ აქუნდეს. მაშინ ვინაჲთგან კოსტანტინე აღესრულა, პოვა ევსები ნიკომიდიელმან ჟამი და ისწრაფდა, რაჲთამცა დაამტკიცა არიოზის სარწმუნოებაჲ. ხოლო ამას ყოველსა იქმოდა შეწევნითა მით ხუცისაჲთა, რამეთუ მიზეზითა მის ანდერძისაჲთა აქუნდა კადნიერებაჲ წინაშე მეფისა. და პროპოსიტიცა მეფისაჲ, სახელით ევსები, იგიცა გარდააქცია და ასწავა სარწმუნოებაჲ არიოზისი. და ესრეთ სხუათა მათცა ყუერულთა იგივე სარწმუნოებაჲ მიიღეს.
მერმე ცოლმანცა მეფისამან, სცთა, და იგივე სარწმუნოებაჲ მიიღო, და შემდგომად მცირედისა – მეფემანცა, და მასვე გონებასა შთავარდა და მეყსეულად ბრძანა, რაჲთა ჩუენთაცა ებისკოპოსთა იგივე სარწმუნოებაჲ შეიწყნარონ. ხოლო მას ჟამსა დიდისა მის ზამთრისასა, რომელი მოიწია სულთა ზედა, იყო იერუსალჱმს მწყემსად და წინამძღურად ეკლესიისა წმიდაჲ მაქსიმე და ალექსანდრიას დიდი ათანასე და კოსტანტინეპოლეს ნეტარი ალექსანდრე.
არამედ ევსები პირველმოჴსენებული შეწევნითა მით ხუცისაჲთა ისწრაფდა, რაჲთა არიოზ დაადგინოს კოსტანტინეპოლეს ებისკოპოსად, და ჰგონებდა, ვითარმედ ჴელმწიფებითა მეფისაჲთა და სხუათა მათ, რომელთა იგი სარწმუნოებაჲ აქუნდა, მოისპოს სრულიად მართლმადიდებლობისაგან მამათაჲსა აღსაარებებაჲ ერთარსებისაჲ.
მაშინ არიოზ, ჭურჭელი იგი ეშმაკისაჲ, მოიწია კოსტანტინეპოლედ და ჰგონებდა ეკლესიისა მის ღმრთისა დაპყრობასა, არამედ მიიღო აღსასრული ღირსი საქმეთა მისთაჲ ლოცვითა წმიდისა ალექსანდრე კოსტანტინეპოლელ ეპისკოპოსისაჲთა. რამეთუ გარეგანსავალთა შინა წელნი მისნი ქუე განკრბეს. და იქმნა იგი გმობისა მისთჳს საჩუენებელ წინაშე ყოველთასა.
არამედ შემდგომად მისისა სიკუდილისაცა, ვითარცა გარდაჴდა ჟამი რაოდენიმე, ევსები ნიკომიდიელი და მსგავსნი მისნი იხარებდე[ს], ვინაჲთგან იხილეს ათანასეს განძებაჲ ეპისკოპოსობისგან, და ისწრაფდეს, რაჲთამცა დაადგინეს ეპისკოპოსი მათი მიმდგომი ეკლესიასა ალექსანდრიისასა. ხოლო ღმერთი განაგებდა ყოველსავე კეთილად, რაჲთა დაემტკიცოს ჭეშმარიტებაჲ.
რამეთუ იგინი რაჲ ამას იგონებდეს, მოიწია დიდი ათანასე ექსორიობისაგან, დამტკიცებული წიგნითა სამეუფოჲთა, კოსტანტინეს მიერ, ძისა დიდისა კოსტანტინესა. და მოეწერა მას ებისტოლე დასავალით ერისა მომართ ალექსანდრიელთაჲსა და წარმოეცა იგი პროტიკორთა მიერ, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ:
"მძლჱ კოსტანტინე მიუწერ კათოლიკე ეკლესიასა და ყოველსავე ერსა ალექსანდრიისასა: ვჰგონებ, თუ არარაჲ დაფარულ არს თქუენისა გონებისადა, არამედ ყოველივე გულისხმა-გიყოფიეს, ვითარმედ ამისთჳს წარავლინა მცირედ ჟამ ათანასე, თაყუანის-საცემელისა სამებისა მართლიად ქადაგი, კერძოთა უალისათა, რაჲთა ვინაჲთგან აღძრულ იყო მის ზედა გულისწყრომაჲ მბრძოლთა მათ მისთა უკეთურთა მტერთაჲ და ეგო იგი ბოროტისათჳს მისისა, ამისთჳს, რაჲთა არარაჲ მოიწიოს მის ზედა მათ მიერ ძჳრი, არამედ განქარდეს სიბოროტე მათი, გამოვიყვანეთ იგი ჴელთაგან ბოროტთა მათ კაცთასა.
და მე ვბრძანე ყოფაჲ მისი ყოვლითავე უნაკლულევანებითა, ვითარცა ენებოს, და უფროჲსად წმიდანი და პატიოსანნი სათნოებანი მისნი ძნელოვანთაცა საქმეთა მისთა ადვილ-ჰყოფენ სასოებითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა. ხოლო მამასაცა ჩუენსა ნეტარსა კოსტანტინე მეფესა ენება, რაჲთა მიავლინოს ღმრთისმოყუარე ესე კაცი თჳსსავე საყდარსა, არამედ ვინაჲთგან მოიწია მის ზედა ბუნებისაებრ კაცთაჲსა სიკუდილი და ვერ ეწიფა აღთქუმისა მის თჳსისა აღსრულებად, არამედ შეისუენა, ამისთჳს ვინებე მე, რაჲთა ნებაჲ იგი ნეტარისაჲ მის აღვასრულო, რომელმან-ესე შემდგომად მისა მივიღე მეფობაჲ, და წარმომივლენია ესე თჳსსავე საყდარსა. და რაჟამს გიხილნეს თქუენ, მან თჳთ გაუწყოს, თუ რაჲზომი პატივი პოვა ჩემ მიერ, ანუ ვითარ სიყუარული ვაჩუენე სიწმიდესა მისსა. და არა საკჳრველ არს, რაჲცა მისთჳს მიქმნია, რამეთუ სული ჩემი თქუენისა სიყუარულისა სურვილმან და ეგევითარისა მის დიდისა კაცისა სათნოებამან აღძრა და აიძულა ამის საქმისა მიმართ. და აწ ესე პატივითა, რომელიცა შუენოდა, წარმომიგზავნია, ვითარცა კეთილი მწყემსი სულიერისა მაგის ქრისტეს სამწყსოჲსა მიმართ. ხოლო განგებულებამან ღმრთისამან დაგიცევინ თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო".
ამით ესევითარითა წიგნითა მოიქცა ნეტარი ათანასე ჰრომით ალექსანდრიად. და შეიწყნარეს იგი სიხარულით ალექსანდრიისა ერმან, ხოლო არიანოზნი ეძიებდეს მის ზედა შესმენასა და ამისთჳს მისა მიმართ მრავალნი ბრძოლანი და შფოთნი ყვნეს. და ამით ესევითარითა საქმითა პოვა მიზეზი ევსები და მისთანათა მათ შესმენად მეფისა და იტყოდეს: თჳნიერ სიტყჳსა შეკრებულთა მათ ეპისკოპოსთაჲსა უკითხავად მოიქცა და შეიპყრა ეკლესიაჲ. და მეყსეულად შეაგინნეს ყურნი მეფისანი და აიძულებდეს მას, რაჲთა განუკითხველად ბრძანოს ექსორიობაჲ ათანასესი.
ხოლო ამას ამისთჳს იქმოდეს, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე ქმნას მეფემან მამისაებრ თჳსისა და ინებოს ნახვაჲ ათანასესი და ცნობად სარწმუნოებისა, და შთავარდენ იგინი ღელვასა. ესრეთ გარდაემატა გულისწყრომაჲ უკეთურებისა მათისაჲ, ვიდრეღა პოვეს ჴელი მკუდრისა ვისმე და იტყოდეს, ვითარმედ ჴელი ესე არს ათანასეს საგრძნებელი, რომელი მოჰკუეთა კაცისა ვისგანმე ალექსანდრიელისა, რომელსა ეწოდების არსენი. ხოლო მეფემან ექსორიობაჲ მისი, ვითარ იგინი ითხოვდეს, არა ბრძანა, არამედ თქუა, ვითარმედ: არა კეთილ არს, რაჲთა განუკითხველად დავწერო შესმენაჲ სისხლისაჲ მღდელთა ზედა; არამედ განაგო, რაჲთა გამოიკითხონ საქმჱ ესე ტჳროსს.
მაშინ წარავლინა მეფემან კაცი ერთი, სახელით არქელაოზ, მეპურისტე და ერთგული თჳსი, მთავარსა თანა ფინიკიისასა, რაჲთა ისმინოს საქმჱ იგი მათი. და იქცეოდა რაჲ ნეტარი ათანასე ტჳროზს და მოელოდა შემასმენელთა მათ მისთა, რომელნი გრძნებასა სწამებდეს, ხოლო მაშინ არაჲ განსაჯეს, არამედ მოელოდეს, რაჲთა მოვიდენ ალექსანდრიით კაცნი მეცნიერნი არსენისნი. არამედ მე ვჰგონებ, თუ ყოველივე იგი განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნა.
რამეთუ იყო არსენი წიგნის მკითხველი ალექსანდრიელთა ეკლესიისაჲ, რომელი-იგი ცთომისა რაჲსათჳსმე ბოროტისა მიეცემოდა საშჯელსა. არამედ წმიდამან და სანატრელმან ათანასე ღონისძიებით განიყვანა მიერ და ამცნო, რაჲთა დაიმალოს. ხოლო შემასმენელნი იგი ათანასესნი უზრუნველ იყვნეს, ვითარმედ არსენი არა გამოჩინებად არს შიშისაგან, და ამისთჳს ღაღადებდეს ცხადად სახელსა არსენისსა. მაშინ მიუთხრა ვინმე არსენის, ვითარმედ შენთჳს ათანასე ეპისკოპოსი მოუყვანებია ტჳროსს და სწამებენ გრძნებასა. მაშინ მოეჴსენა კეთილი იგი, რომელი ეყო მის თანა ნეტარსა ათანასეს, და უნდა, რაჲთამცა მიაგო მას ნაცვალი ქველისმოქმედებისა მისისაჲ. განიწირა თავი თჳსი და მიიწია ტჳროსად ქალაქად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრეღა ყოველი სოფელი დაბრკოლდეს ეგევითარისა კაცისა მიმართ. და მივიდა რაჲ ტჳროსად, გამოეცხადა წმიდასა ათანასეს ფარულად. ხოლო წმიდამან ათანასე განაზრახა და ჰრქუა მას, ვითარმედ: არა ჯერ-არს, რაჲთა აწ გამოუცხადო თავი შენი უწინარეს საშჯელისა. მაშინ დაადგრა არსენი მუნ ფარულად. ხოლო ხვალისაგან დასხდეს მსაჯულნი საყდართა ზედა და ბრძანეს მოყვანებაჲ ათანასესი და შემასმენელთა მისთაჲ. მაშინ იწყეს პირველად წამებად მისა მრუშებისათჳს და წარმოადგინეს დედაკაცი ვინმე ურცხჳნოჲ, რომელი-იგი მტკიცედ წამებდა და იტყოდა, ვითარმედ: შევიწყნარე ათანასე ღმრთისმოშიშებისათჳს და შემემთხჳა მის მიერ ხრწნილებაჲ, რამეთუ აღდგა ღამით ჩემ ზედა და განმხრწნა მე.
ხოლო წმიდისა ათანასეს თანა შემოსრულ იყო ტიმოთეცა ხუცესი. მიუგო მან ათანასეს წილ დედაკაცსა მას და ჰრქუა: მითხარ მე, ჵ დედაკაცო, ოდეს მოვედ სახლსა შენსა, ანუ ოდეს შემიწყნარე მე, ანუ ოდეს აღგიძულე შენ, ვითარ-ეგე შენ შემასმენ? ხოლო ვითარცა უწყით საქმე დედაკაცისა ურცხჳნოჲსაჲ, რომელსა მიეღო ამას ზედა ვეცხლი დიდძალი, ჰგონებდა, ვითარმედ იგი არს ათანასე. მაშინ მიიქცა მისა ურცხუენელითა პირითა და აღიმაღლა ჴმაჲ და ღაღადებდა ტიმოთეს მიმართ: შენ ხარ, რომელმან იძულებით ღამით განმხრწენ მე და სიწმიდე ჩემი შეაგინე. და მიიქცა მსაჯულთა მიმართ და კუალად ღაღადებდა უკეთურებით: ესე არს განმხრწნელი ჩემი და სხუაჲ არავინ. ამან ქმნა ჩემ თანა საქმე იგი ბოროტი.
მაშინ გულისხმა-ყვეს მსაჯულთა მათ უშჯულოებაჲ იგი მათი და მეძჳსაჲ მის და მჴედართა მათ თანა იღიმვოდეს. რამეთუ დუმილით საქმჱ იგი ათანასეს ზედა დაწამებული გამოჩნდა ტყუვილად და წინააღმდგომნი იგი იძლინეს, რამეთუ საქმჱ იგი მათი სამღერელსა მიემსგავსა – ათანასეს შეასმენდეს და ტიმოთეს სწამებდეს. და სირცხჳლითა აღივსნეს მბრძოლნი იგი, რამეთუ დედაკაცი იგი, რომელი მოეყიდა მრავლითა საფასითა, დიდად სარგებელად ექმნა მათ იგი, საჭურველად უჴმარად და ხენეშად, რამეთუ უგულისჴმოებითა მისითა, რომელთა შეწევნაჲ ენება, მათვე მბრძოლად აღუდგა. ამისთჳსცა დაუტევეს მათ სიფიცხლე იგი სარჩელისაჲ და გარდააქციეს სიცილად, რამეთუ თჳთ იგინი იყვნეს მსაჯულნი და შემასმენელნი და ამისთჳს დედაკაცისა იგი ცთომაჲ დაფარეს.
დაიწყეს შესმენად გრძნებისათჳს და ჰგონებდეს, თუ მეორისა მისგან პირველიცა იგი დაამტკიცონ, არამედ მოინადირნეს იგინი თჳსითა ურჩულოებითა.
გამოიღეს ჴელი იგი მკუდრისაჲ და უჩუენებდეს მსაჯულთა მათ და მთავართა სოფლისათა და იტყოდეს: კაცნო მსაჯულნო, აჰა მკლავი, რომლისაგან სიჴელოვნისა თჳსისაგან ვერარაჲ დაემალვის, ვითარცა-იგი დედაკაცსა მას უგუნურსა უყო. და ეტყოდეს ნეტარსა ათანასეს: ესე ჴელი დუმილით შეგასმენს შენ, ჵ ათანასე, რომელი არსენისდა მოგიკუეთია. თანა-გაც ამისთჳს სიტყჳს მიცემაჲ, თუ რომლისა საქმისათჳს მოგიკუეთია ესე, ანუ რად გეჴმარებოდა ესე შენ.
ხოლო ნეტარმან ათანასე უშფოთველად და დაწყნარებულად ჰრქუა მათ: და ვინ იცნობს თქუენგანი არსენის, ანუ ვინ იცნობს ჴელსა ამას, თუ მისი არს?
და აღდგეს ვიეთნიმე და იტყოდეს, ვითარმედ: კეთილად ვიცნობთ ჩუენ არსენის. მაშინ წმიდამან ათანასე ჰრქუა მსაჯულთა მათ: ვინაჲთგან წინაშე თქუენსა აღუარებია, ვითარმედ იცნობენ არსენის, აწ ბრძანეთ, რაჲთა შემოიყვანონ იგი წინაშე სამშჯავროსა, რამეთუ აჰა ესერა აქა არს არსენი. ხოლო ვითარცა შემოიყვანეს არსენი, მაშინ ჰრქუა მსაჯულთა და მბრძოლთა მათ წმიდამან ათანასე: არა ესე არსა არსენი? არა ამისთჳს შემასმენთა? აჰა ესერა აქა არს კაცი იგი, რომელი მეცნიერ არს თქუენდა და ყოვლისავე ერისა ალექსანდრიელთაჲსა. და უპყრა ჴელთა მისთა და უბრძანა, რაჲთა აღიპყრნეს იგინი ზე. და ღაღადებდა წმიდაჲ ათანასე სამშჯავროსა მას: აჰა არსენი, ჵ კაცნო მოქალაქენო, აჰა ორნივე ჴელნი მისნი, ჵ საკჳრველნო მსაჯულნო. აწ ჯერ-არს, რაჲთა გამოიძიოთ, თუ ვინაჲ არს ჴელი ეგე, რომელი წინააღმდგომთა მათ მსაჯულთა ჩემთა მოუღებია, ანუ ვისგან მოუკუეთია მაგათ ეგე და მოუღებია შესმენად ჩემდა.
ამას რაჲ ღაღადებდა წმიდაჲ ათანასე, მიეფინა პირსა ზედა მათსა ალმური და სიბნელე. არა ამისთჳს ოდენ, რამეთუ ათანასე სძლია მათ, არამედ რამეთუ შესმენასა შინა გამოჩნდეს გრძნეულად; და აღესრულა სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, ვითარმედ: "ჴნარცჳ თხარა, აღმოჰკუეთა, შთავარდა იგი მთხრებლსა, რომელიცა ქმნა".
არამედ ვინაჲთგან მსაჯულთა მათ ბრძანებაჲ მოეღო, რაჲთა არა ჭეშმარიტისათჳს იზრუნონ, არამედ რაჲთა ყოვლითავე ღონითა ისწრაფონ და შეჰჴადონ ბრალი ათანასეს ზედა, ამისთჳს ადრე აღდგეს სამშჯავროჲთ და ისწრაფდეს დაწერად ბრძანებისაებრ მეფისა, რაჲთა არა მოიწიოს მათ ზედა გულისწყრომაჲ მეფისაჲ. ხოლო წარ-რაჲ-ვიდეს მიერ მსაჯულნი, მეყსეულად იწყეს წინააღმდგომთა მათ ათანასეს ზედა აღძრვად, რომელ არავის უნახავს ჩუენგანსა ესევითარი შფოთი, რამეთუ რომელნიმე სიტყჳთა აშინებდეს, და რომელნიმე ჴელითა აჭენებდეს მას და მტყუვრად და გრძნეულად ხადოდეს მას და ბევრეულთა ბოროტთა იტყოდეს მის ზედა.
სხუანი ექადოდეს, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ჟამისა მოწევნად არს შენ ზედა სიკუდილი ბოროტი მეფისა მიერ. ხოლო სხუანი ექადოდეს მოკლვად და აგინებდეს მსაჯულთა მათ და ეტყოდეს: ეჰა საქმე ესე გმობისაჲ, რად არა მოკუდა, ვიდრეღა ცხონდა ეგე და ტყუვილითა თჳსითა განერა საშჯელისაგან საქმეთა მისთაჲსა. და ესეზომსა მას შფოთსა ზედა, რომელი იქმნებოდა წმიდისა ათანასესთჳს, არაჲ ეურვებოდა მთავარსა მის ქალაქისასა, ღაღადებდეს რაჲ იგინი და მტუერსა დიდსა აღადგინებდეს და ერთბამად იტყოდეს: აღიღე, აღიღე ათანასე და მოაკუდინე, რამეთუ არა ჯერ-არს მაგისი ცხოვრებაჲ.
ხოლო ვითარცა ეგულებოდა მათ წმიდისა ათანასეს მოკლვაჲ, გარდამოჴდა არქელაოზ და აღიტაცა იგი მათგან, რამეთუ იყო იგი წინამძღუარ სამშჯავროჲსა და ყოვლითურთ მარჯუე და შემძლებელ იყო სიტყჳს მიცემად მეფისა და სიკუდილადცა მზა იყო ათანასესთჳს. და განიყვანა იდუმალ წმიდაჲ ათანასე და განაზრახა[2], რაჲთა განეშოროს ქალაქისა მისგან და უკუეთუ სადაცა იპოვოს, არა შეიწამოს, ვითარმედ მე ვარ ათანასე.
მერმე კუალად წინააღმდგომთა მათ ყვეს კრებაჲ და დაწერეს შესმენაჲ წმიდისა ათანასესი ტყუვილით, ვითარმედ: ათანასე შევსწამეთ და ვამხილენით საქმენი იგი, რომელთა ვიტყოდეთ. ამისთჳსცა განგუეპარა და წარვიდა. და მრავალი წიგნები დაწერეს და წარსცეს ყოველსავე სოფელსა, რაჲთამცა შეაგინნეს გულნი ყოველთანი და [ჯმნ]ულმცა იყვნეს წმიდისა მის კაცისა მიმართ.
წარსცეს ესევითარი წიგნი მეფისა კოსტანტინეს თანა. ამის ესევითარისა უკეთურებისა მისგან არიანოზთაჲსა ივლტოდა წმიდაჲ ათანასე ყოველთავე ადგილთა, რამეთუ ფიცხლად ეძიებდეს მას ყოველთავე ქალაქთა და სოფელთა შინა.
და ბრძანებაჲ განავლინეს, რაჲთა სადაცა იპოვის, შეიპყრან იგი. და ესრეთ მის ზედა აღიძრნეს ყოველნი ქალაქნი. და კუალად მთავართა, რომელნიცა ძიებად მისდა წარავლინონ, განაწესონ სიკუდილი მათი, უკუეთუ ათანასე პოვონ და არა მოიყვანონ. ხოლო უკუეთუ მოყვანებად ვერ შეუძლონ, წარჰკუეთონ თავი მისი და მოართუან იგი, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ჭეშმარიტად მისი არს. მაშინ დაყო წმიდამან ათანასე ექუსი დღჱ მღჳმესა შინა ურწყულსა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა ქალაქსა გინა დაბასა შინა გამოჩინებად.
ხოლო უწინარეს დღისა ერთისა ცნა ღმრთისა მიერ ჩუენებით, ვითარმედ ეგულების მასცა მღჳმესა გამოცხადებად. განვიდა მიერ და დაიმალა სხუაგან. მერმე მოიგონა, ნუუკუე სხუათაცა ბოროტის მიზეზ ექმნას, რომელნი-იგი ისწრაფდეს შეწევნად მისა. ამისთჳს დაუტევნა კერძონი აღმოსავალისანი და მივიდა დასავალად, რომლისა მეფჱ იყო კოსტა, ძმაჲ კოსტანტინესი, და მას ჟამსა მიეღო მეფობაჲ, რამეთუ კოსტანტი მოკუდა ბრძოლასა შინა კერძოთა აკჳლიისათა, მახლობელად მდინარისა, რომელსა ჰრქჳან ალოსია. ხოლო ათანასე მივიდა რაჲ ჰრომს, პოვა მუნ ნეტარი პავლე ებისკოპოსი კოსტანტინეპოლელი, განგდებული საებისკოპოსოჲსა თჳსისაგან. და მიუთხრნეს ერთმან ერთსა ჭირნი იგი წინააღმდგომთაგან მათ ზედა მოწევნულნი. და მივიდეს ორნივე ზოგად იოლის მიმართ, მთავარებისკოპოსისა ჰრომისა, და უთხრეს ყოველივე მათ ზედა მოწევნული, და მთავარებისკოპოსისა იოლის თანა მიუთხრეს მეფესა კოსტას ყოველივე განსაცდელი მათი. და იქცეოდა რაჲ ნეტარი ათანასე ჰრომს შინა, სცნა, ვითარმედ ანტიოქიას ქმნილ არს კრებაჲ გარდაქცევისათჳს მართლისა სარწმუნოებისა.
რამეთუ გორგს დაადგენდეს ადგილსა მისსა ეპისკოპოსად და რამეთუ მოიწევოდა ერსა მას ზედა წყლულებაჲ დიდი, მიიღო წიგნი მეფისაგან და მთავარეპისკოპოსისა იულისაგან და მოიქცა ალექსანდრიად. ხოლო ცნეს რაჲ არიანოზთა მოსლვაჲ მისი, შემოკრბა სიმრავლჱ ურიცხჳ მოკლვად მისა.
იხილა რაჲ წმიდამან ათანასე თავი თჳსი შეიწრებულად უწესოჲსა მისგან სიმრავლისა, მაშინ გამოვიდა ეკლესიით და იწყო სივლტოლად. ხოლო მი-რაჲ-ეწეოდეს მას, და იხილა, რამეთუ შეიპყრობენ, განიძარცუა ზეწარი თჳსი, რომელი ემოსა, და განგებითა ღმრთისაჲთა პოვა ქალწული ვინმე მოყმე, რომელსა ედგა მჴართა ზედა კოკითა წყალი, და ჰრქუა მას: მომეც კოკაჲ ეგე წყლითა და ვიდოდე წინაშე ჩემსა სახიდ შენდა. და მოსტაცა მას კოკაჲ იგი. ხოლო ქალწულმან მან იხილა რაჲ იგი, შეშფოთნა, რამეთუ იცნა, ვითარმედ იგი არს ებისკოპოსი ათანასი. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობაჲ შენდა, ვიდოდე წინაშე ჩემსა, რამეთუ მდევენ მე არიანოზნი, და ამით ესევითარითა სახითა ჯერ-არს დამალვაჲ ჩემი. ხოლო მდევარნი იგი მისნი მიიწინეს და თანაწარჰჴდეს მას და ვერ იცნეს იგი შეცვალებისა მისთჳს ხატისა მისისა. რამეთუ ვინმცა ჰგონებდა, თუ ათანასეს ედგას კოკითა წყალი მჴართა ზედა და შედგომილ იყოს ქალწულისა მოყმისა. ხოლო შე-რაჲ-ვიდეს სახიდ მისა, მიუთხრა მას ყოველივე და ამცნო მას, რაჲთა არავინ ცნას ესე. ხოლო ჭეშმარიტად სარწმუნომან მან ქალწულმან ესრეთ დაიცვა სიტყუაჲ მისი, ვითარცა მცნებაჲ ღმრთისაჲ. რამეთუ სფურიდსა იქმოდა და მიიღებდა ქალაქად და ჰყიდდა მას და მისგან მოართუმიდა მას საზრდელსა. და ყოველთა მწუხრთა დაჰბანნის ფერჴნი მისნი და ნაბანი იგი მისი კმა ეყოფოდა მას სასუმლად. ხოლო წმიდაჲ ათანასე ლოცვასა შინა იყოფოდა დღჱ და ღამჱ და ასწავლიდა მას და დაამტკიცებდა შიშსა შინა ღმრთისასა. და ესრეთ წმიდა-ყო მან ქალწული იგი, რომელ სასწაულთაცა იქმოდა.
და დაყო მის თანა რვაჲ წელი და ამით სახითა განერა არიანოზთაგან და ვერვინ ცნა, თუ მის თანა იყოფების, რამეთუ ვინმცა სადა იგონებდა, თუ ათანასე დამკჳდრებულ არს დედაკაცისა თანა ესევითარისა მოყმესა. და აღესრულა მეფჱ კოსტანტინე. ცნა ესე ნეტარმან და წმიდამან ათანასე. გამოვიდა და მივიდა ღამით ალექსანდრიად და შევიდა ეკლესიად და დადგა ღამე ყოველ საკურთხეველსა შინა და ილოცვიდა. და ვითარცა შევიდეს მღდელნი და ერი ლოცვად ჟამსა ცისკრისასა, იხილეს იგი ყოველთავე და განკჳრდეს, რამეთუ ჰგონებდეს, თუ მომკუდარ არს იგი დევნასა მას არიანოზთასა. და ვითარცა იხილეს იგი, მადლი შეწირეს ღმრთისა, რამეთუ იქმნა ქალაქსა მას სიხარული დიდი მოსლვასა მისსა. და ყოველთავე დაუტევეს სახლები თჳსი და ეკლესიად მირბიოდეს კაცისა მის ღმრთისა ხილვად.
ხოლო არად საჴმარ არს მრავლისმეტყუელებაჲ, ვინაჲთგან ვერ შემძლებელ არს ენაჲ, არცა გონებაჲ მისწუდების ღირსებით ქებასა მოთმინებისა მისისასა. რამეთუ შემდგომად ამისა მიიღო მეფობაჲ ივლიანე. მას ჟამსა არა თუ მართლმადიდებლობასა ოდენ სდევნიდეს, არამედ ყოველსა ქრისტეანობასა ზედა გამოიღეს დევნაჲ, რომლისათჳს მრავალ არს სიტყუაჲ. და ვითარცა გარდაჴდა ჟამი რაოდენიმე, მოიწია ბრძოლაჲ იგი სპარსთაჲ; და ვითარცა მოიწია ივლიანე მეფე ანტიოქია ქალაქად, მრავალნი წმიდანი მოსრნა მუნ და ესრეთ წარემართა სპარსეთით კერძო. და შე-რაჲ-ვიდოდა ბრძოლად, მოიწია მის ზედა ისარი და წარუჴდა სული მისი, და მუნ აღესრულნეს დღენი იგი ბოროტნი ცხოვრებისა მისისანი.
და ესრეთ პოვა მშჳდობაჲ ღმრთისა ეკლესიამან დევნულებისა მისგან წარმართთაჲსა. შემდგომად ამისა დაიპყრა კუალად მეფობაჲ უალის და მოიწია უფიცხლესი ღელვაჲ და ზამთარი დიდი მართლმადიდებელთა ზედა და უძჳრეს პირველისა მის, რამეთუ არა მცირედ აღძრნა მან ღმრთისა ეკლესიანი. და მერმე კუალად პოვეს ჟამი არიანოზთა და არა დაწყნარდებოდეს, არამედ ყოველსავე ღონესა ეძიებდეს, რაჲთამცა ოდენ ათანასე მოკლეს. და ასწავეს მეფესა სწავლაჲ ბოროტი და ითხოვდეს მისგან ბრძანებასა, რაჲთა მოკლან ათანასე, და ეტყოდეს მას, ვითარმედ: ესე უწყოდე: უკუეთუ ათანასე ცოცხალ იყოს, არიოზის სარწმუნოებაჲ არა დამტკიცნების. ხოლო იგი შეპყრობილ იყო სენითა მით არიოზისითა. ამისთჳსცა მიუწერა დუქსსა მას ალექსანდრიისასა, რაჲთა ყოველსავე ადგილსა დაამტკიცონ სარწმუნოებაჲ არიოზისი. ხოლო რომელთა არა ირწმუნონ, შეყარნენ იგინი სატანჯველთა და ექსორია-ყვნენ იგინი თჳსით ქუეყანით უცხოსა.
"ხოლო ათანასე, ახოვანი იგი შემწე ერთარსებისაჲ და მბრძოლი ჩუენი და თანამდები შფოთთა მრავალთაჲ, შეიპყარ და წამოეც ჩემ წინაშე ადრე. და უკუეთუ წარმოვლენაჲ მისი ვერ შეუძლო, თავი მისი წარჰკუეთე მას და წამოეც აქა, რაჲთა ესრეთ დასცხრეს კადნიერებაჲ მბრძოლთაჲ, რომელნი მეფეთა წინააღუდგებიან". ხოლო მო-რაჲ-იწინეს ალექსანდრიად მეფისა მიერ მოვლინებულნი იგი და მისცეს ებისტოლე იგი დუქსსა, მეყსეულად, ვითარცა მჴეცნი ველურნი, დაესხნეს სამწყსოსა ქრისტესსა, რაჲთამცა განაბნიეს იგი. ეძიებდეს რაჲ ათანასეს, შფოთი დიდი ქმნეს ქალაქსა მას შინა, რამეთუ ერი იგი წინააღუდგებოდა მწყემსისა თჳსისათჳს, და ფრიადი სისხლი დაითხია ერისა მისგან. ხოლო ნეტარმან ათანასე ვითარცა ესე ცნა, იდუმალ განვიდა, შეიმოსა სამოსელი სამუშაკოჲ და დაირქუა თავსა თჳსსა ქუდი და ამით სახითა განვლო ბჭჱ ქალაქისაჲ და განერა. და აღვიდა კერძოთა ზემოჲსა თებაჲდისასა და შევიდა უშინაგანესსა მას უდაბნოსა და პოვნა მუნ ხუთნი მონაზონნი, რომელთა აქუნდა ცხოვრებაჲ იწროჲ და ჭირვეული ფრიად. და უზომოჲსა მის მარხვისა მათისაგან ჭამდეს თივასა და მრავლით ჟამითგან არა ეხილვა კაცი. ხოლო რაჟამს იხილეს იგი, ჰგონებდეს, ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე არს, და ამისთჳს არა განუღეს მას კარი. ხოლო იგი ევედრებოდა მათ, რაჲთა განუღონ მას კარი, და იგინი არა განუღებდეს. უკუანაჲსკნელ, უნდა თუ არა, ჭირისა მისგან აღიარა, ვითარმედ: მე ვარ ათანასე, ებისკოპოსი ალექსანდრიისაჲ, და მეძიებენ მე არიანოზნი მოკლვად, და ამისთჳს მოვედ მე აქა.
ესე რაჲ ესმა მონათა მათ ღმრთისათა, ვითარმედ იგი არს ათანასე, შეიწუა სული მათი სიყუარულითა მისითა. განვიდეს და იხილეს და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ათანასე. და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და ითხოვდეს მისგან ლოცვასა. ხოლო მან აღადგინნა იგინი ქუეყანისაგან და შევიდა მათ თანა და მოუთხრნა ყოველნივე საქმენი არიანოზთანი და მარადღე დაამტკიცებდა მათ სარწმუნოებასა ქრისტესსა. და ვითარცა დაყო მათ თანა ნეტარმან ათანასე ჟამი რაოდენიმე და ხედვიდეს თითოსახესა მოქალაქობასა მისსა, რომელ იგინიცა თჳთ განკჳრვებულ იქმნნეს და იტყოდეს: ნუუკუე არა ათანასე არს ესე, არამედ უჴორცოჲ ვინმე არს? რამეთუ საქმეთა უჴორცოჲსათა იქმოდა და ჴორციელისა კაცისა ბუნებასა გარეგან იყვნეს საქმენი მისნი. ესრეთ დაყო ფიცხელსა მას შინა უდაბნოსა ზემოჲსა თებაიდისასა კაცთა მათ თანა მოღუაწეთა. და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, მიიღო უალი მეფემან აღსასრული ღირსი გმობისა მისისაჲ, რამეთუ იძლია იგი ბრძოლასა შინა და შევიდა საბზელსა შინა და დაიმალა, და მბრძოლთა მათ შეუდვეს საბზელსა მას ცეცხლი, და მუნ დაიწუა იგი; და ესრეთ დასცხრა ეკლესიათაგან ღმრთისათა უშჯულოთა არიანოზთა დევნულებაჲ.
და ნეტარმან ათანასე ჩუენებითა საღმრთოჲთა ცნა უალის აღსასრული და უთხრა ჩუენებაჲ იგი ძმათა მათ და ახარებდა მათ მშჳდობასა ეკლესიათასა და ევედრებოდა, რაჲთა წარგზავნონ იგი ლოცვითა თჳსსავე ეკლესიასა. და შეუვრდეს ურთიერთას და მოიკითხეს ერთმანერთი ამბორის-ყოფითა წმიდითა და ესრეთ წარგზავნეს იგი მძოვართა მათ. ხოლო მი-რაჲ-იწია ალექსანდრიად, ცნეს ყოველთავე მოსლვაჲ მისი, ვითარმედ მწყემსი ჩუენი ათანასე ცოცხალ არს და მოვალს. და მიეგება ერი იგი მცირეთგან ვიდრე დიდადმდე, ექუსით მილიონით კიდე ქალაქისგან. და აქუნდა სანთლები და რტოები ბაიაჲსაჲ და შემოიყვანეს იგი დიდებითა დიდითა ალექსანდრიად და შეიყვანეს იგი ეკლესიასა და დასუეს იგი საყდარსა ღმრთისასა, და იყო სიხარული დიდი და მხიარულებაჲ მართლმადიდებელთაჲ. ხოლო არიანოზთა ზედა მიეფინა ბნელი საუკუნოჲ. და დაყო ნეტარმან და წმიდამან და ღმერთშემოსილმან მამამან ათანასე მიერითგან რვაჲ წელი და შემოკრიბნა ცხოვარნი იგი მჴეცთა მიერ განბნეულნი და აღაორძინა სამწყსოჲ იგი ქრისტესი.
და ესრეთ ქრისტეს მიერ დაიძინა ძილი იგი მართალთაჲ და მიიცვალა მამათა თანა საშუებელსა მას საუკუნესა და პოვა მოსაგებელი მრავალთაჲ მათ და ურიცხუთა ღუაწლთა მისთაჲ – სასუფეველი ცათაჲ. და აწ მეოხ არს ჩუენდა, მისთა მათ სამწყსოთა, რაჲთა ლოცვითა მისითა ყოველთა ვპოოთ წყალობაჲ დღესა მას საშინელსა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ, სიმტკიცჱ და ჴელმწიფებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
გადმოწერილია იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის #2 ხელნაწერის (XI ს.) ფოტოპირიდან (საქ. მეცნ. აკად. ბიბლ.)