ღირსი მაკრინეს ბავშვობა
ხსენება 19 ივლისს (ახ. სტ. 1 აგვისტოს)
ქრისტიანობის პირველმა საუკუნეებმა, რომელთა დროს მორწმუნეთა შორის ქრისტეს სიტყვა ასე ცოცხალი და მოქმედი იყო, წმიდა ოჯახების ცხოვრების საოცარი სურათები მოგვცა. ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდან გახლდათ ეკლესიის ცნობილი მამა – ბასილი დიდი.
მის მშობლებს, ბასილის და ემილიას ჰყავდათ უფროსი ქალიშვილი მაკრინე. სულ მათ ოჯახში 10 ბავშვი იზრდებოდა – 4 ვაჟი და 6 ქალიშვილი. სანამ ემილიას უფროსი შვილი შეეძინებოდა, ესიზმრა, რომ ხელში გოგონა ეჭირა. მასთან მივიდა ნათლით მოსილი კაცი, რომელმაც ალერსიანად შეხედა ბავშვს და სამჯერ დაუძახა მას სახელი – თეკლა, იმის ნიშნად, რომ გოგონა მომავალში წმიდა პირველმოწამე თეკლას ცხოვრების მიმბაძველი იქნებოდა.
ემილიას გამოეღვიძა, მაშინვე იმშობიარა და ახალშობილს თეკლა დაარქვა. მაგრამ ოჯახის წევრები და ნათესავები ბავშვს მაკრინეს ეძახდნენ, ბებიის პატივსაცემად, რომელიც თავგამოდებული ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმილიანეს დროს მაკრინეს ბებია, სხვა ქრისტიანებთან ერთად, ქრისტეს აღსარებისთვის იდევნებოდა. მან შვიდი წელი უდაბნოში, უკიდურეს გასაჭირში გაატარა, ვიდრე არ შეწყდა ქრისტიანების დევნა.
გოგონამ გამოამჟღავნა არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობები. დედამ პატარაობიდანვე შეასწავლა მას კითხვა. ის აძლევდა ბავშვს წასაკითხად არა წარმართულ წიგნებს, უხამსი მოთხრობებითა და არაკებით, არამედ აკითხებდა სოლომონის სიბრძნეს, დავითის ფსალმუნს და სხვა საღმრთო წიგნებს. ემილია გოგონას ყურადღებას განსაკუთრებით იმ სტრიქონებზე უმახვილებდა, რომლებშიც გულმხურვალე ლოცვა ან ღვთის სადიდებელი იყო. ბავშვი სწრაფად ითვისებდა ყველაფერს. დღის განმავლობაში მისი ბაგეებიდან ისმოდა ჟამნის შესაფერისი ლოცვები და სიტყვები წმიდა წერილიდან. გაღვიძებისას თუ რაიმე საქმის კეთებისას, ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ, შუადღისას თუ საღამოს, არასოდეს ტოვებდა ლოცვას.
წერა-კითხვის გარდა დედამ მაკრინეს ხელსაქმეც შეასწავლა. ემილია შვილს არ აძლევდა ნებას, დრო უქმად, საბავშვო თამაშებში გაეტარებინა. გოგონა ან წიგნის კითხვაში ვარჯიშობდა, ან ხელსაქმით იყო დაკავებული.
თორმეტი წლის მაკრინე შეუდარებლად ლამაზი იყო. მხატვარიც კი ვერ შეძლებდა მისი გასაოცარი სილამაზის გადმოცემას... მრავალი გამორჩეული ადამიანი ცდილობდა მაკრინე თავისი შვილისთვის გაერიგებინა. მამამისმა ერთ ახალგაზრდაზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც არა მარტო მშობლების წარჩინებით და მდგომარეობით, არამედ საზრიანობითა და კეთილზნეობით გამოირჩეოდა, და დანიშნა მასზე მაკრინე.
მაკრინეს ქორწინება მამამ მის ზრდასრულ ასაკამდე გადადო და საქმროც კეთილი ნებით ელოდა საცოლეს. მაგრამ უფალმა, რომელიც თავისი სიბრძნისამებრ განაგებს ყველაფერს, საქმრო თავისთან – ზეციურ უკვდავებაში მიიხმო.
ეს ქორწინება მაკრინეს მაინცდამაინც არ სურდა. იგი უფრო მამის ნებას ემორჩილებოდა. საქმროს გარდაცვალება ქალიშვილმა ღვთის მოწოდებად მიიღო. მრავალი სთხოვდა მას ხელს, მშობლებიც და ნათესავებიც გათხოვებას აძალებდნენ. ის ახლობლებს ასე პასუხობდა:
– დანიშნულ ქალწულს არ ეკადრება სხვაზე გათხოვება. უსინდისობაა განსვენებულის ღალატი. კანონით ქორწინება ერთია, ისევე როგორც დაბადება და გარდაცვალება. რატომ მეუბნებით, რომ ჩემი დანიშნული მოკვდა? მე მჯერა, რომ იგი დროებით დაგვშორდა მომავალი აღდგომის იმედით: ის არ მომკვდარა, უბრალოდ ამქვეყნიდან წავიდა საყოველთაო აღდგომამდე. დიდი სირცხვილი და ცოდვაა, თუ ცოლი დროებით წასულ ქმარს უღალატებს. მე არ შემიძლია ჩემი საქმროს ხსოვნის ერთგული არ ვიყო.
აქედან დაიწყო მაკრინეს მონაზვნური მოღვაწეობა, რომელმაც იგი წმინდანობამდე მიიყვანა.
თარგმნა ნინო ახალაძემ
|