წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გოთთა მეფის ძე
ხსენება 1 ნოემბერს (ახ. სტ. 14 ნოემბერს)
ეპისკოპოსმა ლეანდრემ გოთთა მეფის, ლუვინგილდის ძე – ერმინინგელდი არიანელთა ერესიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცია.
ლუვინგილდი, რომელიც თავგამოდებული არიანელი იყო, განაწყენდა შვილის საქციელის გამო და ცდილობდა მართლმადიდებლობიდან კვლავ არიანობაში გადმოებირებინა. იგი ტკბილი სიტყვით ცდილობდა შვილის დაყოლიებას, მაგრამ ყმაწვილი მტკიცედ იდგა თავის სარწმუნოებაზე. მაშინ მამამ მას დაშინება დაუწყო, ემუქრებოდა ტანჯვა-წამებით, მაგრამ უფლისწული ურყევი იყო, მასზე არ მოქმედებდა არც მამის მუდარა და არც მისი მუქარა.
მეფე თავნება ადამიანი იყო, სრულებით ვერ იტანდა წინააღმდეგობას. სასტიკად განრისხებულმა, მან შვილს თავდაპირველად სამეფო ტახტი ჩამოართვა, შემდეგ მემკვიდრეობა, მამულები. როდესაც ნახა, რომ ამან ყმაწვილზე არ იმოქმედა, მაშინ მეფემ შვილს კისერზე, ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადო და საპყრობილეში ჩააგდო.
და აი, ახალგაზრდა უფლისწული, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ სიხარულს ჰპირდებოდა, ქრისტეს ერთგულებისათვის, რომლის ღვთაებას არიანელები არ აღიარებენ, ახლა საპყრობილეში იჯდა. ბრწყინვალე თანატოლების საზოგადოება საზიზღარმა ვირთხების გროვამ შეცვალა, რომლებიც საპყრობილეში დარბოდნენ. ნადიმების დახვეწილი კერძები და ტკბილი ღვინოები წყლითა და შავი პურის ნატეხით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, უფლისწულმა გადაწყვიტა ბოლომდე მედგრად მდგარიყო და ქრისტესთვის ეჩვენებინა, რომ იგი თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ნეტარი ერმინინგელდი თავისი ახალგაზრდა წლების მიუხედავად ბრძენი იყო. ამქვეყნიური სამეფოს დაკარგვა მას არ ადარდებდა, მისი ფიქრი მხოლოდ ზეციური სამეფოსკენ იყო მიპყრობილი. საპყრობილეში ჩაგდებული, ბორკილდადებული იგი ევედრებოდა ყოვლადძლიერ ღმერთს, ტანჯვაში გაეძლიერებინა.
დადგა აღდგომა. მეფემ ერთ-ერთი არიანელი ეპისკოპოსი მოიხმო და ღამით თავის შვილთან საპყრობილეში გაგზავნა, რათა დაეყოლიებინა იგი არიანულ ერეტიკულ ზიარებაზე. მეფემ შეუთვალა შვილს, თუკი იგი გონს მოეგებოდა, მამობრივი სიყვარულით მიიღებდა მას და დაკარგულ პატივსა და ღირსებას აღუდგენდა. უფლისწულმა კი მამაცურად ამხილა ეპისკოპოსი, გააგდო იგი და უარი თქვა ერეტიკულ ზიარებაზე. წმიდა ზიარება მან მართლმადიდებელი მღვდლისაგან მიიღო, რომელიც მას ეპისკოპოსმა ლეანდრემ გამოუგზავნა.
წარუმატებელი მისიის შემდეგ არიანელი ეპისკოპოსი მეფესთან დაბრუნდა. მეფის მრისხანებამ ზღვარს მიაღწია. კბილების ღრჭიალით მან რამდენიმე თავის ერთგულ მხედართმთავარს დაავალა, უფლისწული საპყრობილეში მოეკლათ. ყმაწვილს ცულით მოკვეთეს თავი. ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მოწამის წმიდა სხეულის ზემოთ ანგელოზთა გალობა გაისმა და გამოჩნდა ანთებული სანთლები. მართლმადიდებლები სიხარულით ჰმადლობდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი სასწაულით გაუთქვა სახელი მოწამებრივად აღსრულებულ თავის ერთგულ მონას.
შვილის მკვლელი მეფე ძრწოდა საშინელი ბოროტი საქციელის გამო. ის დარდისაგან დაავადდა. ლუვინგილდი ფიქრობდა უარეყო არიანობა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეულიყო. თუმცა მან ვერ აღასრულა ეს გადაწყვეტილება, რადგან არიანელების შეეშინდა. სიკვდილის წინ მეფემ იხმო ეპისკოპოსი ლეანდრე, რომელსაც ადრე სდევნიდა. ახლა კი ევედრებოდა მართლმადიდებლური სწავლებით გაენათლებინა მისი უმცროსი ვაჟი – რიჰარდი, ისევე როგორც ადრე – ერმინინგელდი.
ლუვინგილდის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა რიჰარდი, რომელმაც ლეანდრეს დარიგებით მართლმადიდებლობა მიიღო და მთელი გოთური სამეფო, რომელიც არიანულ ერესში იყო ჩაფლული, მართლმადიდებლობისკენ შემოაბრუნა.
რიჰარდი შესაფერის პატივს მიაგებდა თავისი უფროსი ძმის წმიდა ნაწილებს. ქრისტესთვის წამებული ეს ყმაწვილი გოთებს შორის პურის ის მარცვალი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი სიკვდილით კეთილი ნაყოფი გამოიღო, რადგან მთელ გოთურ მიწაზე მართლმადიდებლობამ იზეიმა.
უფალმა უფლისწულს საიდუმლო ოცნება აუსრულა – სამეფო, რომელიც მან უფლისათვის დათმო, ქრისტეს სახელის მართლმადიდებელი აღმსარებელი გახდა. მისი საიდუმლო ოცნება ასრულდა და აყვავდა მისი მოწამებრივი სისხლით...
თარგმნა ნინო ახალაძემ
|