martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

შვიდი ეფესელი ყრმა

ხსენება 4 აგვისტოს (ახ. სტ. 17 აგვისტოს)

 

ქალაქ ეფესოში იმპერატორ დეკიუსის ზეობის ჟამს ცხოვრობდა შვიდი წმიდა ყრმა. ისინი ღვიძლი ძმები არ იყვნენ, მაგრამ ერთნი იყვნენ ქრისტესმიერი სიყვარულით და რწმენით. ყმაწვილები ლოცვით, მარხვით, სიწმინდითა და უმანკოებით ცხოვრობდნენ.

ამ პერიოდში ეკლესია სასტიკად იდევნებოდა. დევნამ ეფესომდეც მიაღწია. თვით კეისარი ჩავიდა ამ ქალაქში, მოედანზე კერპები აღმართა, სამსხვერპლოები მოაწყო და ქალაქის უხუცესებს უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. მიწა შეიღება დაკლული ცხოველების სისხლით, ჰაერი კვამლითა და მსხვერპლის სიმყრალით გაიჟღინთა.

მესამე დღეს მეფემ ბრძანა, შეეპყროთ ეფესოში მცხოვრები ყველა ქრისტიანი და აეძულებინათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. ქრისტიანთა ნაწილი შიშის გამო ღალატობდა სარწმუნოებას და მეფის ბრძანებას ასრულებდა, ნაწილი კი მოწამებრივ აღსასრულზე მიდიოდა. მიწა მოწამეთა სისხლით მოირწყა, მათ სხეულებს გზებზე ყრიდნენ, ხოლო თავებს ქალაქის კარიბჭესთან სარებზე ასობდნენ.

დეკიუსს მოახსენეს, რომ შვიდი ყმაწვილი, ცნობილი ოჯახების შვილები, მართლმადიდებელი სარწმუნოების მტკიცე აღმსარებლები იყვნენ. მეფე გააოცა ყმაწვილების კეთილშობილურმა გარეგნობამ და შეგონება დაუწყო, უარი ეთქვათ ქრისტეზე; ღირსების შესალახად მეფემ ყმაწვილებს ქამრები მოხსნა და გაუშვა. თვითონ დროებით ქალაქიდან მიდიოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ყმაწვილები გონს არ მოეგებოდნენ, საბოლოოდ გაესამართლებინა ისინი დაბრუნებისთანავე.

შინ დაბრუნებულმა ყმაწვილებმა ოქრო-ვერცხლი დაურიგეს ღარიბებს და გადაწყვიტეს, ქალაქგარეთ მთის მღვიმეში განმარტოებულიყვნენ და იქ მომავალი ღვაწლისათვის ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ. აიღეს ცოტაოდენი ფული სურსათის შესაძენად და ოქლონის მთის გამოქვაბულს მიაშურეს. უმცროსი ძმა, იამბლიქო, გლახაკის სამოსში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ქალაქში პურის საყიდლად. ქალაქის ქუჩებში იგი ყურს უგდებდა ხალხის საუბარს, რათა შეეტყო, ხომ არ დაბრუნებულა კეისარი. და აი, ერთხელაც მან მეგობრებს მოუტანა ამბავი, რომ კეისარი ეფესოშია, რომ მეორე დღისთვის საზეიმო მსხვერპლშეწირვა დაუნიშნავს და უბრძანებია სასწრაფოდ მათი მოძებნა. მაშინ ყრმებმა მუხლი მოიყარეს, ტირილითა და გოდებით ღვთის ნებასა და წყალობას შეავედრეს თავი. ლოცვის შემდეგ პური გაინაწილეს და ერთმანეთის დამშვიდებას შეუდგნენ. ტირილით მოქანცული ყმაწვილები თვლემამ მოიცვა.

კაცთმოყვარე ღმერთმა შვიდ ყრმას საოცარი და უცნაური ძილი მოჰგვარა, რათა მათზე შემდეგში დიდი სასწაული მომხდარიყო და ურწმუნოებს მკვდრეთით აღდგომა ერწმუნათ. წმიდა ყმაწვილებმა სასიკვდილო ძილით დაიძინეს: მათ სულებს ღმერთი იფარავდა, ხოლო სხეულები უხრწნელი და უცვლელი მღვიმეში ესვენა.

ყრმები რომ ვერ იპოვა, დეკიუსმა მათი მშობლები დაიბარა. მშობლებმა მეფეს მოახსენეს, რომ ყმაწვილებმა ოქრო-ვერცხლი მოიპარეს, ღარიბებს დაურიგეს და თავი ოქლონის მთის მღვიმეს შეაფარეს, ქრისტიანობა კი მშობლების ნების წინააღმდეგ მიიღეს. მაშინ მეფემ მღვიმის შესასვლელი ამოაქოლვინა, რათა ყრმები შიმშილისა და წყურვილისაგან დახოცილიყვნენ. კეისრის კარზე მომსახურე ორმა კაცმა, რომლებიც ფარული ქრისტიანები იყვნენ, ორ კალის დაფაზე ჩამოწერეს ამ ყრმათა სახელები, მათი მოწამებრივი აღსასრული და როცა მღვიმეს ქოლავდნენ, მათ ეს დაფები სპილენძის ყუთში მოათავსეს და ქვის უკან დადეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ოდესღაც მღვიმეს გახსნიდნენ, იპოვიდნენ წმიდა ნაწილებს, ნახავდნენ მათ სახელებს და ცნობილი გახდებოდა ქრისტეს სიყვარულისთვის მათი მოწამებრივი აღსასრული.

დრო გადიოდა. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა; ჩნდებოდნენ ახალი მოწამეები; დაიხოცნენ დეკიუსის თანამედროვენი; დავიწყებას მიეცა მღვიმეში ჩაქოლილ ყრმათა სახელები, მხოლოდ უფლის ფხიზელი თვალი ხედავდა მათ ღვაწლს.

დედამიწაზე ახალი აისი აენთო. მეფე კონსტანტინემ ქრისტიანებს თავისუფლება გამოუცხადა. იქ, სადაც მოწამეთა სისხლი იღვრებოდა, ახლა ჭეშმარიტ ღმერთს ტაძრებს უგებდნენ. მაგრამ ეკლესიური აღმშენებლობის ამ პერიოდში ეკლესიის შიგნით ადგილი ჰქონდა უთანხმოებას. იმპერატორ თეოდოსი უმცროსის მეფობის დროს გამოჩნდა მწვალებელთა სექტა, რომელიც მკვდრეთით აღდგომას უარყოფდა. შფოთის ჩასახშობად და საეკლესიო წყლულის მოსაშუშებლად მეფე გულმოდგინედ ლოცულობდა. უფალმა შეისმინა მეფისა და მრავალი მორწმუნის ვედრება და ყველას გაუცხადა გარდაცვლილთა მომავალი აღდგომისა და მარადიული ცხოვრების საიდუმლო.

ოქლონის მთის მეპატრონე საძოვრისათვის ქვის ყორეს აშენებდა. მისი მონები შესასვლელთან მიგორებული ქვის მტვრევას შეუდგნენ. მათ არ იცოდნენ, რომ იქ მღვიმე იყო. პატარა ხვრელი გამოტეხეს, რომელშიც მხოლოდ ერთი კაცი გაეტეოდა. მღვიმეში ყველაფერი ძველებურად იყო. ყრმათა სახეები უშფოთველი სიმშვიდით ბრწყინავდა, თითქოს მძიმე დღის შემდეგ ტკბილად ეძინათ. სანამ მღვიმეში მზის სხივი შეაღწევდა, სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფემ – იესო ქრისტემ ყრმები გააცოცხლა. მათ ცისკრის ლოცვა დაიწყეს. მათ სახეზე სიკვდილის არანაირი კვალი არ იყო. ტანსაცმელი მთელი და ახალი ეცვათ, სახეები კვლავ ახალგაზრდული და ლამაზი ჰქონდათ; ლოცვის შემდეგ საუბარი კერპებისთვის მსხვერპლშეწირვის შესახებ დაიწყეს და იამბლიქოს სთხოვეს გაემეორებინა, რაც ქალაქში ყოფნისას შეიტყო. და როდესაც გაიგეს, რომ გასამართლება და სიკვდილი ელოდათ, გადაწყვიტეს ბოლომდე მტკიცედ მდგარიყვნენ. იამბლიქო პურის მოსატანად გაუშვეს, რათა ბრძოლის წინ მოძლიერებულიყვნენ. ბიჭმა ვერცხლის მონეტა აიღო და მზის პირველ სხივებთან ერთად მღვიმიდან გავიდა. იგი გააკვირვა ქვამ, რომელიც აქამდე თავისუფალ გასასვლელს უღობავდა. ბიჭი ქალაქს უახლოვდებოდა, თან შიშობდა, არავის ეცნო. ქალაქის შესასვლელთან აღმართული ჯვრის დანახვისას იამბლიქო გაოცებული შეჩერდა, მიმოიხედა და ბევრი ისეთი შენობა დაინახა, რომელიც აქამდე არ ენახა, ყველა ჭიშკარზე ჯვარი ბრწყინავდა. ყმაწვილი ჩაფიქრდა: "ნუთუ მესიზმრება? ჯერ კიდევ გუშინ ჯვარი არსად იყო, ნუთუ ნამდვილად ეფესოში ვარ?".

ბიჭმა შეშფოთებული სული ლოცვით დაამშვიდა და ქალაქში შევიდა. ის ვერ ცნობდა ქუჩებს, სახლებს, სავაჭრო დახლებს, სახეებსა და ტანსაცმელს. ამ ყველაფერს იგი პირველად ხედავდა, თითქოს მშობლიურ ქალაქში კი არა, სხვა ქალაქში მოხვედრილიყო. მან გამვლელს ჰკითხა, რომელ ქალაქში იმყოფებოდა. როდესაც პასუხად გაიგო, რომ ეფესოში იყო, არ დაიჯერა, იფიქრა, რომ გზა აერია და გადაწყვიტა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. იამბლიქო ქალაქის მოედანზე გადავიდა და მეპურეს დეკიუსის გამოსახულებიანი მონეტა გაუწოდა. ხაბაზმა მონეტა დაათვალიერა და შემდეგ სხვებს აჩვენა. ხალხი ბიჭს შემოეხვია. ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ ყმაწვილმა მიწაში ჩაფლული განძი იპოვა. იამბლიქოს შეეშინდა მეფესთან არ მიეგვარათ. მან ხაბაზს სთხოვა, პური მიეცა მისთვის და გაეშვა.

– არა! – დაიყვირეს ბრბოში – შენ განძი იპოვე, ჩვენც გაგვინაწილე და შემდეგ წადი.

როგორ არ არწმუნებდა ყმაწვილი ხალხს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გაშმაგებულმა ბრბომ იგი შეკრა. ქალაქში ხმა დაირხა, რომ უცნობმა ყმაწვილმა განძი იპოვა და ახლა მონეტებს ცვლის. ამაოდ ეძებდა იამბლიქო თუნდაც ერთ ნაცნობ სახეს, რომელიც გააგებინებდა ამ ხალხს, თუ ვინ იყო იგი. არც მშობლები, არც ნათესავები... ქალაქში, სადაც მამამისს ყველა იცნობდა, ვერავინ იცნო და ვერავინ თქვა, ვისი შვილი იყო იგი. მისთვის ყველანი უცხოები იყვნენ. იამბლიქოს შესახებ ქალაქის მმართველმა და ეპისკოპოსმა შეიტყვეს და ბრძანეს ყმაწვილი მათთან მიეყვანათ.

– სად იპოვე განძი? ეს მონეტა განძიდან აიღე?

– ეს მონეტა ჩემი მშობლებისაა, ქალაქში სულ ასეთი ფული ტრიალებს, მიკვირს რატომ მეკითხებით.

– საიდან ხარ?

– ვფიქრობ, ამ ქალაქიდან.

– ვისი შვილი ხარ? თუ ვინმე გიცნობს, დაამოწმოს შენი სიტყვების სიმართლე, მაშინ ჩვენც დაგიჯერებთ.

ყმაწვილმა დაასახელა თავისი მშობლები და ნათესავები, მაგრამ მათი სახელები არავინ იცოდა. ყმაწვილმა თავი ჩაქინდრა. ხალხში გაისმა: "გიჟია", "თავს იგიჟიანებს, რათა გასაჭირიდან თავი დაიძვრინოს".

ქალაქის მმართველმა უსაყვედურა:

– როგორ ამბობ, რომ მონეტა მშობლებს გამოართვი, მასზე ძველი მეფე დეკიუსია გამოხატული. ნუთუ შენს მშობლებს ახსოვთ იგი? შენ ხომ ასეთი ახალგაზრდა ხარ? საპყრობილეში ჩაგაგდებ, სანამ განძის ადგილ-სამყოფელს არ გაგვიმხელ.

– დეკიუსი ჯერ კიდევ გუშინ მეფობდა, ამიხსენით, რატომ ამბობთ, რომ იგი ძველ დროში მეფობდა? – ჩუმად იკითხა ყმაწვილმა.

– შვილო, ახლა მეფობს ღვთისმოსავი მეფე თეოდოსი.

– გემუდარებით, – წამოიყვირა იამბლიქომ, – წამომყევით მღვიმეში, სადაც რამოდენიმე დღის წინ დავემალეთ იმპერატორ დეკიუსს, რომელიც ჩვენს დასჯას აპირებდა. წამოდით, ჩემი მეგობრები ყველაფერს გიამბობენ... ისინიც ეფესოდან არიან, მე კი ვერ გამიგია სად ვიმყოფები.

ეპისკოპოსმა გაიფიქრა: "ამ ბიჭის საშუალებით ღმერთი საიდუმლოს გაგვიმხელს", და ქალაქის მმართველი მღვიმეში წასვლაზე დაიყოლია.

მღვიმის შესასვლელში ეპისკოპოსმა იპოვა სპილენძის კოლოფი ორი დაფით. დაფებზე ეწერა, რომ შვიდი ყრმა – მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე, ანტონინე, – მღვიმეში დაემალნენ იმპერატორ დეკიუსს, მან კი მღვიმე ამოაქოლინა და ყმაწვილები მოწამებრივად აღესრულნენ. გაოცებული ხალხი თრთოლვით ადიდებდა ღმერთს.

მღვიმეში შესულებს ღვთის მადლით გაბრწყინებული ყმაწვილები დახვდნენ. მაშინ ეპისკოპოსმა, ქალაქის მმართველმა, დიდებულებმა და ხალხმა წმინდანების წინ მუხლი მოიყარეს და ამ სასწაულისთვის ღმერთი ადიდეს.

მეფეს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, თუ როგორ გამობრწყინდა მომავალი მკვდრეთით აღდგომის სახე აწ აღმდგარი წმინდანების მაგალითზე. იმპერატორი თეოდოსი თავისი ამალით ეფესოში ჩამოვიდა და ყრმებს ესაუბრა. მათ უამბეს დეკიუსის შესახებ. სულიერი საუბრით ყმაწვილები სულს უტკბობდნენ მეფესაც და ხალხსაც. მეშვიდე დღეს ნეტარმა ყმაწვილებმა ყველას თვალწინ თავები ჩაქინდრეს და ახლა უკვე სამუდამო ძილით მიიძინეს.

მეფემ დაიტირა წმიდა ყრმები და ბრძანა მათთვის ოქროს ლუსკუმების დამზადება. წმიდა ყრმები მას ძილში გამოეცხადნენ და სთხოვეს დაეტოვებინა მათი ცხედრები მიწაზე, როგორც უწინ.

ეპისკოპოსთა დიდმა კრებამ წმიდა მოწამეთა პატივსაცემად დღესასწაული დაადგინა. ყველა ხარობდა და ადიდებდა ქრისტეს.

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა