მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ბავშვობა
(ხსენება 6 დეკემბერს)
კითხვაზე, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წმინდანი და ვის მიმართავენ ადამიანები ყველაზე ხშირად თხოვნით, პასუხი ერთსულოვანია: წმიდა ნიკოლოზი.
ამ წმინდანს პატივს მიაგებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ წარმართებიც და მუსლიმანებიც. კარგად იცნობენ მის მაღალ შუბლს შორეულ ჩრდილოეთში მცხოვრები ესკიმოსებიც და შუა აზიის მკვიდრი ყირგიზებიც.
იშვიათია მორწმუნე ადამიანი ან მართლმადიდებელი ოჯახი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია აშკარა და სწრაფი შეწევნა ამ საოცარი წმინდანისა.
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ახლანდელ ანტალიაში მდებარე სავაჭრო ქალაქ პათარში. მისი მშობლები იყვნენ თეოფანე და ნონა – ღვთისმოსავი, ცნობილი და მდიდარი ხალხი. გადმოცემით ცნობილია, რომ მათ დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ბოლოს ლოცვით, ცრემლითა და მოწყალებით გამოსთხოვეს ღმერთს შვილი და ნიკოლოზი დაარქვეს.
მის დაბადებას არაჩვეულებრივი გარემოება დაერთო – დედა მშობიარობისთანავე გამოჯანმრთელდა. მას მეტი შვილი აღარ ჰყოლია; ასეთი დიდი ადამიანი მშობლების პირველი და უკანასკნელი შვილი უნდა ყოფილიყო.
დადგა დრო, როცა ყმაწვილს წმიდა წერილი უნდა ესწავლა. მან ყველა გააოცა თავისი მახვილი გონებით და საოცრად ჩქარა აითვისა წიგნის სიბრძნე. ის თავს არიდებდა უსაგნო, უქმ საუბრებს, უბიწოებას იმარხავდა და სუფთა გონებით ჭვრეტდა ღმერთს. მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილსამყოფელი ტაძარი იყო, მთელ დღეებსა და ღამეებს იქ ატარებდა და მადლიერების გრძნობით იწვოდა.
მომავალი წმინდანის ბიძა, ასევე ნიკოლოზი, ქალაქ პათარის ეპისკოპოსი იყო. ის ხედავდა ყმაწვილის სულიერ ცხოვრებას და მშობლებს ურჩევდა, შვილის ნიჭი უფლისათვის მიეძღვნათ. მშობლები დათანხმდნენ. ბიძამ ნიკოლოზი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსმა წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა ტაძარში მყოფ ხალხს:
– ძმებო, მე ვხედავ ახალ მზეს, რომელიც ამოდის, ის იქნება ნუგეში მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ასეთი მწყემსი ეყოლება. ის დაიფარავს გზასაცდენილ სულებს და გულმოწყალე შემწე იქნება ჭირსა და მწუხარებაში.
წმინდანის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ წინასწარმეტყველების აღსრულება იყო.
წმიდა ნიკოლოზმა არა ერთი სასწაული აღასრულა ბავშვების დასახმარებლად. ერთი ღვთისმოსავი კაცი წმიდა ნიკოლოზს გულმოდგინე ლოცვით ევედრებოდა, შესწეოდა მის უშვილობას, თვითონ კი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ოქროს ჭურჭლის შეწირვას ჰპირდებოდა. წმინდანი შეეწია ამ კაცს და მას ვაჟი ეყოლა. როდესაც ტაძრისთვის შეპირებული ჭურჭელი გაამზადა, კაცს ისე მოეწონა იგი, რომ მეორე შეუკვეთა ტაძრისთვის, პირველი კი თვითონ დაიტოვა.
როცა მეორე ჭურჭელი მზად იყო, კაცი ზღვით გაემართა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისკენ, თან თავისი შვილი წაიყვანა და ორივე ჭურჭელი წაიღო. ცურვის დროს მამამ ბავშვს უბრძანა, პირველი ჭურჭლით წყალი ამოეღო. ბავშვი წყლისკენ დაიხარა, ჭურჭლიანად ზღვის მორევში ჩავარდა და დაიხრჩო.
მამა ცრემლებს ღვრიდა უდროოდ დაკარგული შვილის გამო. მან მარტო გააგრძელა გზა, რათა წმინდანისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა.
ტაძარში მისულმა, მან ჭურჭელი წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ დადო, მაგრამ რაღაც ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში გადააგდო. მაშინ მან ჭურჭელი მეორედ დადო ხატთან და ისევ იგივე განმეორდა. ყველა იქ მყოფი გაოცდა, მათ ვერ გაიგეს, რა ხდებოდა.
უცებ ტაძრის შუაგულში ჭურჭლით ხელში პატარა ბიჭი გამოჩნდა. მან უამბო იქ მყოფთ, რომ წმიდა ნიკოლოზმა გადაარჩინა იგი. მამამ ორივე ჭურჭელი ტაძარს შესწირა და შვილთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნდა.
ასეთივე საკვირველი იყო ტყვეობიდან გათავისუფლებული სირიელი ბიჭის, ბასილის ამბავი.
სირიაში ცხოვრობდა მდიდარი და ღვთისმოსავი კაცი, აგრიკი. იგი დიდ პატივს სცემდა წმიდა ნიკოლოზს და ჩვეულებად ჰქონდა, წმინდანის ხსენების დღეს ჯერ მისი სახელობის ტაძარში წასულიყო, შემდეგ კი დიდი ტრაპეზობა მოეწყო ნათესავებისა და ღატაკებისთვის.
ერთხელ, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, აგრიკის ვაჟი, 16 წლის ბასილი ტაძარში იმყოფებოდა, მშობლები კი იმ დროს სახლში იყვნენ. ტაძარს არაბები დაესხნენ თავს, ბევრი ტყვედ წაიყვანეს, მათ შორის ბასილიც. იგი მოხდა კუნძულ კრეტაზე, სადაც მთავარმა, მისი სილამაზის გამო, ის თავის მერიქიფედ დააყენა.
ბასილის მშობლები სამი წლის განმავლობაში სასტიკ დარდსა და უიმედობაში იყვნენ და წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულს აღარ აღნიშნავდნენ.
როგორც იქნა, წმინდანის ხსოვნის წინა დღეს, აგრიკმა უთხრა ცოლს: "ჩვენმა უბედურებამ დიდი წმინდანი სულ დაგვავიწყა. ხვალ ტაძარში მივართვათ მას ზეთი, სანთლები, საკმეველი. იქნებ დაგვეხმაროს: დაგვიბრუნოს შვილი, ან მიგვანიშნოს, ცოცხალია იგი თუ არა".
ისინი ტაძარში წავიდნენ. სახლში დაბრუნებულებმა კი, ჩვეულებისამებრ ახლობლებისა და ღარიბებისთვის ტრაპეზი გაშალეს.
ტრაპეზის დროს ეზოში ძაღლებმა დაიწყეს ყეფა. აგრიკმა ამბის გასაგებად მსახურები გაგზავნა. მათ ვერაფერი ნახეს და დაბრუნდნენ. ყეფა გაძლიერდა. აგრიკი თითონ გავიდა ეზოში. მის წინ არაბულ სამოსში გამოწყობილი ბიჭი იდგა, მას ხელში ღვინის ჭურჭელი ეკავა. აგრიკი ჯერ შეშინდა, მაგრამ შემდეგ თავისი შვილი იცნო და სიხარულით წამოიყვირა: "ნუთუ ეს მართლა შენ ხარ, შვილო?"
– დიახ, მამა, ეს მე ვარ, – უპასუხა ყმაწვილმა, – მაგრამ არ ვიცი აქ საიდან გავჩნდი. სწორედ ახლა არაბ მთავარს ვემსახურებოდი, ამ ჭურჭლიდან თასში ღვინოს ვუსხამდი. უეცრად ვიღაც ძლიერმა ხელი მტაცა და ქარიშხალივით აქ გადმომიყვანა. მე მასში წმიდა ნიკოლოზი შევიცანი.
სოლომონ დიდის შემდეგ სერბეთის მეოთხე მეფე იყო ილუტინი. მისი ძე, სტეფანე ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში, მშვიდი, თავმდაბალი და სხვების თანამგრძნობი ადამიანი იყო.
დედინაცვალს სტეფანე არ უყვარდა. მან ქმართან ცილი დასწამა ბიჭს და მამამაც, რომელსაც მანამდე ძალიან უყვარდა შვილი, შეიძულა იგი.
ბოროტმა დედინაცვალმა უბედური მამა დაითანხმა შვილი დაებრმავებინა, რაც წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სიახლოვეს მოხდა.
დიდხანს იწვა სტეფანე საშინელ ტანჯვაში, ბოლოს ბურანში ჩავარდა. მის წინ წმიდა ნიკოლოზი წარსდგა, მას ხელში ყმაწვილის თვალები ეკავა. წმინდანმა უთხრა: "ნუ გეშინია, სტეფანე, შენი თვალები ჩემს ხელშია". გაღვიძებულმა სტეფანემ იგრძნო, რომ თვალის ტკივილმა საგრძნობლად უკლო.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამამ დამახინჯებული ყმაწვილი კონსტანტინოპოლში, პანტოკრატორის მონასტერში გაგზავნა.
უფლისწულმა მონასტერში ხუთი წელი გაატარა. მეექვსე წელს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, იგი სხვა მონაზვნებთან ერთად დილის მსახურებაზე ტაძარში წავიდა. იქ წმინდანის ცხოვრებისა და მისი სასწაულების შესახებ ისმენდა და უცებ ჩასთვლიმა. ძილში სტეფანემ წმიდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც ჰკითხა: "გახსოვს, რა გითხარი ხუთი წლის წინ?"
სტეფანემ უთხრა, რომ აღარ ახსოვს. მაშინ სასწაულთმოქმედმა შეახსენა: "მე გითხარი, რომ შენი თვალები ჩემს ხელთ იყო. ახლა გამომგზავნეს, რომ თვალისჩინი დაგიბრუნო". წმინდანმა სტეფანე დალოცა, მის ჩამქრალ თვალებს ხელი შეახო და თქვა: "უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ბრმადშობილი განკურნა, მხედველობას გიბრუნებს შენ".
თარგმნა ნინო ახალაძემ