ცხოვრება და მოწამეობა წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანესი
და წმიდა მოწამე იუსტინასი
დეციუსის (ტრაიანე) მეფობაში (249-271 წ.წ.) ანტიოქიაში ცხოვრობდა ცნობილი მოგვი, სახელად კვიპრიანე. წარმოშობით იგი კართაგენიდან იყო. უსჯულო მშობლებმა კვიპრიანე ბავშვობიდანვე წარმართული ღმერთის – აპოლონის მსახურად განაწესეს. შვიდი წლისა ჯადოქრებს მიაბარეს მოგვობისა და ეშმაკისეული სიბრძნის შესასწავლად, ხოლო ათი წლისა ოლიმპოს მთაზე გაგზავნეს ქურუმთა მსახურებისთვის მოსამზადებლად. ამ მთაზე, რომელსაც წარმართები ქმერთთა საცხოვრისს ეძახდნენ, უამრავი კერპი იყო, მათ ეშმაკები დაუფლებოდნენ. იქ კვიპრიანემ ყველა ეშმაკისეული მზაკვრობა შეისწავლა, იქვე იხილა მან ბოროტ სულთა ურიცხვი ურდოებიც, რომელთაც წყვდიადის თავადი მეთაურობდა.
თხუთმეტი წლის კვიპრიანე შვიდი დიდი ქურუმისაგან სწავლობდა ეშმაკისეულ საიდუმლოებებს; შემდეგ ქალაქ არგოსში გაემგზავრა, სადაც ერთხანს ქალღმერთ ჰერას ემსახურებოდა და მისი ქურუმისაგან მრავალი მზაკვრობა შეისწავლა. კვიპრიანემ ტავროპოლისშიც იცხოვრა, სადაც არტემიდას ემსახურა, იქიდან ლაკედემონში წავიდა, იქ ჯადოქრობით საფლავებიდან [მოჩვენებით] მიცვალებულთა გამოძახება შეისწავლა. ოცი წლის კვიპრიანე ეგვიპტეში ჩავიდა და ქალაქ მემფისში უფრო აღმატებული ჯადოქრობა შეისწავლა. ოცდაათი წლისა იგი ქალდეველებთან მივიდა ვარსკვლავთმრიცხველობის დასაუფლებლად; იქიდან ანტიოქიაში დაბრუნდა ყოველგვარ ბოროტებაში გაწაფული. ასე გახდა კვიპრიანე მოგვი, ჯადოქარი და სულთა წარმწყმედელი, ჯოჯოხეთის თავადის დიდი მეგობარი და ერთგული მონა.
გაქრისტიანებული კვიპრიანე შემდეგში ჰყვებოდა: "დამიჯერეთ, მე მიხილავს თვით წყვდიადის თავადი. მას მე მსხვერპლშეწირვით დავუახლოვდი, ვესალმებოდი მას, ვესაუბრებოდი მას და მის უხუცესებს. მან შემიყვარა, აქებდა ჩემს გონებას და ყველას წინაშე განაცხადა: აი, ახალი იამბრე, ვინც ყოველთვის მზადაა მორჩილებისათვის და ჩვენთან ურთიერთობის ღირსია! იგი მპირდებოდა, რომ სხეულიდან გასვლის შემდეგ თავადობას მიბოძებდა, ამქვეყნიური ცხოვრებაში კი ყველაფერში დამეხმარებოდა; ამასთან, მოსამსახურებლად ეშმაკთა ლაშქარი მიბოძა...
ამ მონათხრობიდან აშკარაა, ვინ იყო კვიპირიანე: იგი, როგორც ბოროტ სულთა მეგობარი, მათ საქმეებს აღასრულებდა, ადამიანებს ვნებას აყენებდა და აცდუნებდა. ანტიოქიაში ცხოვრებისას მან მრავალი ადამიანი შეაცდინა და უსჯულოებაში ჩააგდო, ბევრი საწამლავებითა და ჯადოქრობით დაღუპა, ჭაბუკები და ქალიშვილები ეშმაკებს მსხვერპლად დაუკლა. მან ბევრს ასწავლა თავისი სულის წარმწყმედელი ჯადოქრობა – ჰაერში ფრენა, ღრუბლებში ნავით ცურვა, წყალზე სიარული. ყველა წარმართი თაყვანს სცემდა და ადიდებდა კვიპრიანეს, როგორც უმთავრეს ქურუმსა და მათი ბილწი ღმერთების ბრძენთა-ბრძენ მსახურს. გაჭირვებაში მას მრავალი მიმართავდა და ისიც ეშმაკისეული ძალით აღვსილი ეხმარებოდა მათ, ზოგს სიძვა-მრუშობაში, ზოგს მრისხანებაში, მტრობაში, სამაგიეროს გადახდაში, შურიანობაში. ხოლო უფალმა, ვინაიდან არა სურს ცოდვილის დაღუპვა, თავისი გამოუთქმელი სიკეთითა და მოწყალებით კეთილინება ამ დაღუპული კაცის მოძიება, ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან ამოყვანა და გადარჩენა, რათა ყველას უჩვენოს თავისი შემწყნარებლობა, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც მის კაცთმოყვარეობას დაძლევს. კვიპრიანე უფალმა შემდეგნაირად გადაარჩინა.
იმ დროს იქვე ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად იუსტინა. იგი წარმართი მშობლების შვილი იყო. მამამისს, კერპების ქურუმს, ედესი ერქვა, დედას – კლეოდონა. ერთხელ, თავისი სახლის სარკმელთან მჯდომმა იუსტინამ შორიახლოს მიმავალ დიაკონ პრაილისაგან საცხოვნებელი სიტყვები მოისმინა. იგი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს განკაცების შესახებ ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ იგი ყოვლადწმიდა ქალწულისაგან იშვა, მრავალი სასწაული აღასრულა. ჩვენი ცხონებისათვის იტანჯა, დიდებით აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად, დაჯდა მამის მარჯვნივ და მეფობს საუკუნოდ. დიაკონის ქადაგებამ კარგ ნიადაგზე – იუსტინას გულში გაიხარა. ქალწული დაინტერესდა ქრისტიანობით და ეკლესიაში ფარულად დაიწყო სიარული. მან ირწმუნა ქრისტე და მალე მშობლებიც ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცია. ამის შემდეგ მთელი ოჯახი მოინათლა, ხოლო ედესი – იუსტინას მოხუცი მამა, ეპისკოპოსმა პრესვიტერად დაადგინა. წელიწადნახევრის შემდეგ ედესიმ წმიდა სარწმუნოებით დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, იუსტინა კი უფლის მცნებებს აღასრულებდა, იგი იესო ქრისტეს გულმოდგინე ლოცვებით, ქალწულებითა და უბიწოებით, მარხვითა და დიდი თავშეკავებით ემსახურებოდა. კაცთა მოდგმის მტერმა მისი ამგვარი ცხოვრება რომ იხილა, მისი სათნოებების შეშურდა და ქალწულს ბევრი განსაცდელი და მწუხარება მოუვლინა.
ამ დროს, ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი ჭაბუკი, სახელად აღლადოსი, მდიდარი და წარჩინებული მშობლების შვილი. იგი ფუფუნებასა და ამასოფლის ამაოებას მისცემოდა. ერთხელ მან ეკლესიაში მიმავალი იუსტინა დაინახა და მისი სილამაზით განცვიფრდა. ეშმაკმა მას გულში ბოროტი ზრახვები ჩააგონა. აღლადოსი ყველა ხერხით ცდილობდა იუსტინას გულის მოგებას, რათა შემდეგ ქრისტეს კრავი მის მიერ ჩაფიქრებულ სიბილწეში ჩაეგდო. იგი იმ გზებს აკვირდებოდა, რომელზედაც იუსტინას უნდა გაევლო. ხვდებოდა ქალწულს და ეპირფერებოდა, სილამაზეს უქებდა და ადიდებდა. მისდამი სიყვარულის ჩვენებით, ცბიერად მოქსოვილი ცდუნებათა ბადით იგი ცდილობდა სიძვაში შეეტყუებინა ქალწული, ის კი პირს იბრუნებდა და გაურბოდა, არც სურდა მისი მაცდუნებელი და მზაკვრული სიტყვების მოსმენა. აღლადოსი არ ცხრებოდა. იუსტინასთან შუამავალი გაგზავნა, ცოლად გაყოლას სთხოვდა. იუსტინამ შეუთვალა: მე ქრისტეს სასძლო ვარ; მას ვემსახურები და ჩემს სიწმინდეს მისთვის ვიმარხავ. ის ყოველგვარი სიბილწისაგან იცავს ჩემს სულსა და სხეულს.
ეშმაკის ჩაგონებით აღლადოსი უფრო მეტად აენთო ვნებით. მან ქალწულის მოტაცება გადაწყვიტა. შეკრიბა თავისი მსგავსი უგუნური ჭაბუკები და იუსტინას ეკლესიის გზაზე ჩაუსაფრდა. ამ გზაზე დაიჭირა მან იუსტინა და ძალით წაიყვანა სახლში. ის კი ყვიროდა, სახეში სცემდა და აფურთხებდა მას. ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და იუსტინა მგლის ხახიდან დაიხსნეს. შერცხვენილმა აღლადოსმა ახალი ბოროტება ჩაიფიქრა. მან დასახმარებლად ჯადოქარ კვიპრიანეს მიმართა, შეწევნა სთხოვა და დიდ გასამრჯელოს დაჰპირდა. კვიპრიანემ დახმარება აღუთქვა და უთხრა: ისე გავაკეთებ, რომ თვითონ ქალწული დაიწყებს შენი სიყვარულის ძებნას, ის უფრო მეტ ვნებას იგრძნობს შენს მიმართ, ვიდრე შენ გაქვს მისდამი.
კვიპრიანემ აღლადოსი დაიმედებული გაისტუმრა. თვითონ თავისი საიდუმლო ხელოვნების წიგნები აიღო და ერთ-ერთი უწმინდური სული გამოიძახა. ეშმაკმა მას დახმარება აღუთქვა და სიამაყით განაცხადა: "ეს ჩემთვის ძნელი არ არის. მე მრავალჯერ შემიძრავს ქალაქები, დამინგრევია კედლები, სახლები, მომიწყვია სისხლისღვრა... მრავალი უბიწო სიძვაში ჩამიგდია... აიღე ეს ჭურჭელი (მიაწოდა რაღაცით სავსე ჭურჭელი) და იმ ჭაბუკს მიეცი, ასხუროს იუსტინას სახლს და ნახავ, რომ ჩემი ნათქვამი აღსრულდება."
კვიპრიანემ აღლადოსს მოუხმო და ეშმაკის ჭურჭლით იუსტინას სახლის სასხურებლად გაგზავნა. ეს რომ შესრულდა, იმ სახლში სიძვის ეშმაკი შევიდა ხორციელი ვნების გახურებული ისრებით, რათა ქალწულის გული სიძვით მოეწყლა, ხოლო სხეული უწმინდური გულისთქმით განეხურვებინა.
იუსტინას ჩვეულებად ჰქონდა ყოველ ღამით უფლისადმი ლოცვა აღევლინა. როდესაც იგი შუაღამისას ჩვეულებისამებრ ლოცვად დადგა, მოულოდნელად შეიგრძნო მღელვარება სხეულში, ხორციელი გულისთქმის ალმური და გეენიის ცეცხლის ალი. ასეთ მღელვარებასა და შინაგან ბრძოლაში იგი საკმაოდ დიდხანს იყო და უკეთური აზრები ებადებოდა. ქალწული გაკვირვებული იყო და საკუთარი თავის რცხვენოდა. გრძნობდა, რომ სისხლი უდუღდა. იგი ახლა იმაზე ფიქრობდა, რაც ყოველთვის სძაგდა. თავისი კეთილგონიერებით იუსტინა მიხვდა, რომ მასში ეს ბრძოლა ეშმაკისაგან აღიძრა. მან მაშინვე ჯვარი გამოისახა და მხურვალე ლოცვით ღმერთს შეევედრა.
ხანგრძლივი და გულმოდგინე ლოცვის შემდეგ წმიდა ქალწულმა მტერი შეარცხვინა და იუსტინას სულსა და სხეულში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მან ღმერთი განადიდა და ძლევის საგალობელი იგალობა. ეშმაკი კვიპრიანესთან სამწუხარო ამბით დაბრუნდა. უთხრა, რომ ვერაფერს მიაღწია. კვიპრიანემ გამოჰკითხა, თუ რატომ ვერ შეძლო ქალწულის დამარცხება. ეშმაკმა უხალისოდ გაანდო სიმართლე: იმიტომ ვერ ვძლიე, რომ მასზე რაღაც ნიშანი დავინახე, რომელმაც შიში დამცაო.
ამის შემდეგ კვიპრიანემ უფრო მძვინვარე ეშმაკს უხმო და იუსტინას შესაცდენად გააგზავნა. ქალწულს იგი უფრო მეტი მძვინვარებით დაეძგერა. იუსტინა მხურვალე ლოცვით აღიჭურვა და უმეტესი ღვაწლი იტვირთა: ძაძა შეიმოსა და სხეულს მოთმინებითა და მარხვით თრგუნავდა, მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. მან ამგვარად მოაუძლურა სხეულის ვნებები, ეშმაკი დაამარცხა და შერცხვენილი განდევნა. კვიპრიანესთან ეს ეშმაკიც ხელმოცარული დაბრუნდა. მაშინ კვიპრიანემ ეშმაკთა ერთ-ერთი თავადი იხმო, მომხდარის შესახებ უამბო და დახმარება სთხოვა. მან კვიპრიანე დააიმედა, ქალის სახე მიიღო და იუსტინასთან მივიდა. ეშმაკმა ქალწულს საუბარი დაუწყო, თითქოს მისი სათნო ცხოვრებისა და უბიწოების მიბაძვა სურდა. ასეთი მკაცრი ცხოვრებისა და სიწმინდის დაცვისთვის რა ჯილდოა განწესებულიო, იკითხა. იუსტინამ უპასუხა, რომ უბიწოდ მცხოვრებთათვის ჯილდო დიდი და გამოუთქმელია და ძალიან საკვირველია ადამიანთა უზრუნველობა იმოდენა განძის მიმართ, როგორიც ანგელოზებრივი სიწმინდეაო. ამის შემდეგ ეშმაკმა გაამჟღავნა თავისი ურცხვობა და ცბიერი საუბრებით ქალწულის შეცდენა დააპირა: როგორ იარსებებდა ქვეყანა, როგორ დაიბადებოდნენ ადამიანები, როგორ გამრავლდებოდა კაცთა მოდგმა, ევას რომ სიწმინდე დაემარხა? ჭეშმარიტად კეთილი საქმეა ცოლქმრობა, რომელიც ღმერთმა დაადგინა... ნუთუ მრავალი წმიდანი ქორწინებაში არ იმყოფებოდა, რომელიც ღმერთმა ადამიანებს სანუგეშოდ უბოძა, რათა თავიანთ შვილებთან გაეხარათ და ღმერთი ედიდებინათ?
ამ სიტყვებს რომ ისმენდა, იუსტინამ იცნო ცბიერი მაცთუნებელი – ეშმაკი. ქალწულს საუბარი აღარ გაუგრძელებია, მაშინვე ჯვარი გამოისახა და გული თავისი სასიძოსადმი, ქრისტესადმი მიმართა. ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა, წინა ორზე უფრო მეტად შერცხვენილი. კვიპრიანემ და ბოროტმა სულებმა სხვა მზაკვრობებსაც მიმართეს, მაგრამ ღმერთის ერთგული ქალწულის წინაშე უძლური აღმოჩნდნენ.
გაწბილებული კვიპრიანე მეტისმეტად დამწუხრდა და თავისი ჯადოქრობის იმედით თვითონ გადაწყვიტა იუსტინასთან მისვლა. იგი ხან ქალის სახეს იღებდა, ხან ჩიტისას, მაგრამ ქალის სახლის კარებთან მისვლამდე მოჩვენებითი სახეები ეკარგებოდა და უკან დამწუხრებული ბრუნდებოდა.
ამის შემდეგ კვიპრიანემ თავისი შერცხვენის გამო შურისძიება დაიწყო და ჯადოქრობით იუსტინასა და მისი ნათესავების, მეზობლებისა და ნაცნობების ოჯახებს სხვადასხვაგვარი განსაცდელი მოუვლინა, როგორც ოდესღაც ეშმაკმა მართალ იობს. კვიპრიანე მათ საქონელს კლავდა, მსახურებს წყლულებით ჰგვემდა და ამგვარად ამ ოჯახებს დიდ მწუხარებაში აგდებდა. თვით ისუტინაც სარეცელზე იწვა, ხოლო დედამისი შვილს დასტიროდა. დედას იუსტინა წინასწარმტყველ დავითის სიტყვებით ანუგეშებდა: "არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი" (ფსალმ. 117, 17).
ღმრთის დაშვებით კვიპრიანემ დიდი შერცხვენის გამო თავისი მოუთოკავი მძინვარებით არა მხოლოდ იუსტინასა და მის ნათესავებს, არამედ მთელ ქალაქს დაატეხა განსაცდელები. ცხოველებს წყლულები გაუჩნდათ, ადამიანებს კი სხვადასხვაგვარი სნეულებები შეეყარათ. ეშმაკის ძალისხმევით ხმა დაირხა, რომ დიდი ქურუმი კვიპრიანე ქალაქს იუსტინას წინააღმდეგობის გამო სჯიდა. ქალაქის წარჩინებულები მივიდნენ იუსტინასთან და აიძულებდნენ, რომ აღარ დაემწუხრებინა კვიპრიანე და ცოლად გაჰყოლოდა აღლადოსს, რათა თავიდან აეცილებინათ ახალი განსაცდელები, რომლებიც ქალაქს მის გამო მოელოდა. იუსტინა ყველას ამშვიდებდა, ამბობდა, რომ მალე შეწყდებოდა ყველა განსაცდელი, რომელიც კვიპრიანემ ეშმაკების დახმარებით ქალაქს მოუვლინა. ასეც მოხდა. იუსტინა მხურვალედ შეევედრა ღმერთს და მაშინვე ეშმაკის მიერ მოწევნული ყველა განსაცდელი შეწყდა. ასეთი ცვლილების შემდეგ, ხალხმა ქრისტეს ქება-დიდება დაიწყო, ხოლო კვიპრიანესა და მის ჯადოქრობას დასცინოდნენ. იგი სირცხვილისაგან ხალხში ვეღარ ჩნდებოდა და ნაცნობებთან შეხვედრასაც კი ერიდებოდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ჯვრისა და იესო ქრისტეს სახელის ძალას ვერაფერი სძლევდა, კვიპრიანე გონს მოეგო და ეშმაკს უთხრა: – ჰოი, ყოველთა დამღუპველო და მაცთუნებელო, წყაროო ყოველი უწმინდურებისა და სიბილწისა, მე ახლა შევიცანი შენი უძლურება... განმეშორე, წყეულო, განმეშორე, მე ქრისტიანებს უნდა შევევედრო, რომ შემიწყალონ...
ეშმაკმა ეს რომ გაიგონა, კვიპრიანეს ეკვეთა, ცემა დაუწყო და ახრჩობდა. კვიპრიანე შემწეობას ვერსაიდან ხედავდა. არ იცოდა, ეშმაკისაგან როგორ გათავისუფლებულიყო. ცოცხალ-მკვდარს წმიდა ჯვარი გაახსენდა, რომლის ძალითაც იუსტინა ეშმაკის ძალას ეწინააღმდგებოდა. კვიპრიანემ წამოიძახა: იუსტინას ღმერთო, შემეწიე! შემდეგ ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა. ეშმაკი იმწამსვე გასხლტა მისგან, გავარდა, როგორც მშვილდიდან გატყორცნილი ისარი. კვიპრიანემ სული მოითქვა, მხნეობა შეემატა. იგი ქრისტეს სახელს უხმობდა, პირჯვარს იწერდა და ეშმაკს შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა, სწყევლიდა და კიცხავდა. ეშმაკი მოშორებით იდგა და ჯვრის ძალითა და ქრისტეს სახელით შეშინებული მიახლოებას ვერ ბედავდა. კვიპრიანეს ის მხოლოდ ემუქრებოდა, ქრისტე ჩემი ხელიდანო ვერ დაგიხსნისო. ბოლოს ეშმაკმა ლომივით დაიღრიალა და განეშორა.
კვიპრიანემ აიღო თავისი ყველა საგრძნეულო წიგნი და ქრისტიან ეპისკოპოს ანთიმოზთან მივიდა. იგი ეპისკოპოსს ფეხებში ჩაუვარდა, ევედრებოდა, მოწყალება გაეღო და მასზე ნათლობის წმიდა საიდუმლო აღესრულებინა. ეპისკოპოსმა იცოდა, რომ კვიპრიანე ყველასათვის საშიში გრძნეული იყო და იფიქრა, რაღაც მზაკვრობით იქნება მოსულიო. ამ მიზეზით ნათლობაზე არ დათანხმდა და უთხრა: წარმართებში მრავალ ბოროტებას ჩადიხარ, ქრისტიანებს თავი დაანებე, რომ უახლოეს მომავალში არ დაიღუპო. მაშინ კვიპრიანემ ეპისკოპოსის წინაშე ყველაფერი ცრემლით აღიარა და თავისი წიგნები დასაწვავად მისცა. მისი სიმდაბლე რომ იხილა, ეპისკოპოსმა წმიდა სარწმუნოებაში დამოძღვრა იგი, ხოლო შემდეგ ნათლობისათვის უბრძანა მომზადება, საგძნეულო წიგნები კი მორწმუნეთა თვალწინ დაწვა.
კვიპრიანე ეპისკოპოსს შემუსვრილი გულით განეშორა, თავისი ცოდვების გამო ტიროდა, თავზე ნაცარს იყრიდა და გულწრფელად ნანობდა, ღმერთს უსჯულოებათა პატიებას სთხოვდა. მეორე დღეს იგი ეკლესიაში მივიდა, მორწმუნეთა შორის მდგარი ღმრთის სიტყვას ისმენდა. როდესაც დიაკონმა კათაკმევლებს გარეთ გასვლა უბრძანა, კვიპრიანეს გასვლა არ სურდა და დიაკონს სთხოვა: მე ქრისტეს მონა ვარ, აქედან ნუ გამაგდებ. დიაკონმა უთხრა: უნდა გახვიდე, რადგან ჯერ მონათლული არა ხარ. ამაზე კვიპრიანემ უპასუხა: ცოცხალია ქრისტე, ჩემი ღმერთი, რომელმაც ეშმაკისაგან გამომიხსნა. ქალწული იუსტინა წმიდად დაიცვა და მე შემიწყალა, ეკლესიიდან ვერ გამაგდებ, სანამ ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გავხდები.
დიაკონმა ამის შესახებ ეპისკოპოსს აცნობა, ხოლო ეპისკოპოსმა ასეთი გულმოდგინება და სარწმუნოებისადმი ერთგულება რომ დაინახა, თავისთან იხმო კვიპრიანე და დაუყოვნებლივ მონათლა.
იუსტინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ღმერთს მადლობა შესწირა, გლახაკებს მოწყალება დაურიგა და ეკლესიაში შესაწირი მიიტანა. ეპისკოპოსმა კვიპრიანე ერთ წელიწადში მღვდლად აკურთხა. კვიპრიანემ ძირფესვიანად შეიცვალა ცხოვრება. იგი ყოველდღიურად უმატებდა მოღვაწეობას და გამუდმებით ტიროდა ძველი, ბოროტი საქმეების გამო. მალე კვიპრიანე ეპისკოპოსად დაადგინეს და ამ ხარისხში ისეთ წმიდა ცხოვრებას ეწეოდა, რომ მრავალ დიდ წმიდანს გაუტოლდა. მან წმიდა იუსტინა დედათა მონასტრის იღუმენიად დაადგინა. თავისი ცხოვრებითა და დამოძღვრით კვიპრიანემ მრავალი წარმართი ჭეშმარიტებაზე მოაქცია. ამ ქვეყანაში კერპთაყვანისცემლობა ქრებოდა და ქრისტეს დიდება ვრცელდებოდა.
ეშმაკი კვიპრიანეს საქმეებს რომ ხედავდა, კბილებს აღრჭენდა და წარმართები აღძრა, აღმოსავლეთის სამეფოს მმართველის წინაშე დაესმინათ კვიპრიანე, რომ მან მათი ღმერთები შეარცხვინა, მრავალ ადამიანს კერპთმსახურება მიატოვებინა და ქრისტეს, მათი ღმერთების მტერს ადიდებდა. მრავალი უსჯულო მივიდა ამ ქვეყნების მმართველ ევტოლმისთან კვიპრიანესა და იუსტინას დასასმენად. ისინი მათ სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. ევტოლმიმ კვიპრიანესა და იუსტინას დაპატიმრება ბრძანა, ხოლო შემდეგ ისინი გასასამართლებლად დამასკოში წაიყვანა.
სასამართლოზე კვიპრიანემ მმართველს თავისი გაქრისტიანების შესახებ უამბო. განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის სიკვდილისათვის. მმართველი ხან ტანჯვა-წამებითა და ხან დაყვავებით ცდილობდა კვიპრიანესა და იუსტინას კერპთაყვანისცემაში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. ისინი გამუდმებით უფალს აღიარებდნენ და ადიდებდნენ.
მმართველმა მათი დარწმუნება რომ ვერ შეძლო, ბრძანა ისინი მდუღარე ქვაბში ჩაეყარათ. მოწამეები ღმერთის დიდებას ქვაბშიც ისე უვნებლად განაგრძობდნენ, როგორც გრილ ადგილას. ამის შემხედვარე კერპთა ქურუმმა ათანასემ თქვა: ღმერთი ასკლეპიოსის სახელით მეც ცეცხლში ჩავხტები და ამ ჯადოქრებს შევარცხვენ. ცეცხლის შეხებისთანავე ქურუმმა სული განუტევა. ამის შემხვედვარე მმართველი შეშინდა და მოწამეები ნიკომიდიაში მმართველ კლავდიუსთან გაგზავნა. კლავდიუსმა მათთვის თავების მოკვეთა ბრძანა. მათი უდანაშაულოდ დასჯის შემყურე ვინმე თეოქტისტე შეუვრდა კვიპრიანეს, ეამბორა და თავი ქრისტიანად აღიარა. მასაც იმწამსვე კვიპრიანესთან ერთად მოჰკვეთეს თავი (დაახლ. 268 წ.).
ასე მიაბარეს მათ ღმერთს თავიანთი სულები, ხოლო მათი სხეულები ექვსი დღის განმავლობაში დაუმარხავი იყო. იქ მყოფმა მწირებმა საიდუმლოდ აიღეს მოწამეთა გვამები და რომში გადაასვენეს, სადაც ერთ კეთილ და წმიდა ქალს – რუფინეს გადასცეს. რუფინემ პატივით დაფლა ქრისტეს წმიდა მოწამეების – კვიპრიანეს, იუსტინასა და თეოქტისტეს სხეულები. მათ საფლავებზე მრავალი კურნება აღესრულებოდა მათზე, ვინც რწმენით მიეახლებოდა.
დაე, მათი ლოცვით ღმერთმა ჩვენი ხორციელი და სულიერი სნეულებებიც განკურნოს, ამინ.
თარგმნილია შემოკლებით წმ. დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებები"-დან (2 ოქტომბერი, ძვ. სტ.).