კანონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წესს, კანონს. ლიტურგიკულ პრაქტიკაში კანონი ეწოდება დადგენილი წესის მიხედვით შეკრებილ წმიდა საგალობლების ერთობლიობას, რომელიც ძირითადად 9 ნაწილისაგან ("გალობისაგან") შედგება. დიდმარხვასა და ზატიკის (აღდგომიდან სულთმოფენობამდე) პერიოდში კანონი ზოგჯერ ორი, სამი ან ოთხი ნაწილისაგანაც შედგება და ამ შემთხვევაში შესაბამისი ზედაწერილიც აქვს: ორსაგალობელი, სამსაგალობელი, ოთხსაგალობელი. თითოეული ნაწილის, ე.წ. "გალობის", შინაარსი ეფუძნება 9 ბიბლიურ გალობას, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს გალობების პირველ ტროპარებში – ძლისპირებში.
პირველი გალობა მოსესა და მისი დის მარიამის გალობიდან მომდინარეობს, რომელიც მეწამული ზღვის გაპობის შემდეგ შეიქმნა. მასში ღმერთი იდიდება ადამიანთა მოდგმისადმი გამოვლენილი აურაცხელი სასწაულებისა და სიკეთისათვის.
მეორე გალობა მოსეს მიერ ებრაელების მხილებას ეფუძნება. აგრეთვე, ამ ერის მომავალ უსჯულოებასა და განდგომას წინასწარმეტყველებს. ეს გალობა სინანულსა და ღმერთისკენ შემობრუნებას ქადაგებს. იგი მხოლოდ წმიდა დიდმარხვაში სრულდება.
მესამე გალობა აგებულია ანა წინასწარმეტყველის, სამოელ წინასწარმეტყველის დედის გალობის მიხედვით, რომელიც მან გამოთქვა უნაყოფობამდე და უნაყოფობისაგან განკურნების შემდეგ.
მეოთხე გალობა შეიცავს ამბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვას, რომელმაც ღმერთი იხილა "მთით მაღნარით გამო" მომავალი. ეს გალობა წინასწარმეტყველებს ძე ღმრთისას, იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლასა და ქალწულისაგან განხორციელებას.
მეხუთე გალობის შინაარსი აღებულია ისაიას წინასწარმეტყველებიდან; იგი მრავალმხრივია, მაგრამ უმეტესად ესაა ლოცვა ბნელში მცხოვრებთათვის ზეციური ნათლის გარდამოვლენისთვის.
მეექვსე გალობა იონა წინასწარმეტყველის გალობაა, რომელიც მან ვეშაპის მუცელში იგალობა. ეს მწუხარე საგალობელი შეიცავს ღმერთისადმი ღაღადებას იმ უფსკრულის სიღრმიდან, რომელშიც თავს ვიგდებთ ჩვენი ცოდვებით.
მეშვიდე გალობა სამი ყრმის გალობას ეფუძნება, რომელიც მათ ბაბილონის სახმილში გამოთქვეს.
მერვე გალობაც სამ ყრმას ეკუთვნის. მასში ანანია, აზარია და მისაილი ყველა ქმნილებას მოუწოდებენ აკურთხონ, უგალობონ და აღამაღლონ ღმერთი უკუნისამდე.
მეცხრე გალობა უკვე ახალი აღთქმიდანაა. იგი შედგება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წინასწარმეტყველური სიტყვისაგან, რომელიც მან ელისაბედთან შეხვედრისას წარმოთქვა, – და იოანე ნათლისმცემლის მამის, მღვდელ ზაქარიას სიტყვისაგან, რომელიც მან მეტყველების დაბრუნების შემდეგ წარმოთქვა.
თითოეული გალობა შეიცავს რამდენიმე მუხლს, რომლებსაც ტროპარები ეწოდებათ; პირველი ტროპარი ყოველთვის ძლისპირია; ყოველი გალობის უკანასკნელი მუხლიც ძლისპირია, ოღონდ მას უკვე კატავასია ეწოდება.
კატავასია (ბერძ. ჩამოსვლა, გამოსვლა, დათანხმება) ეწოდება ძლისპირს, რომლითაც მთავრდება კანონის თითოეული გალობა. ორივე მხრის მგალობლები შუა ტაძარში იკრიბებიან და ერთად გალობენ კატავასიას (სახელწოდებაც აქედანაა).
კონდაკი და იკოსიისეთი საგალობლებია, რომლებშიც განდიდებულია წმინდანი ან გადმოცემულია დღესასწაულის შინაარსი. კონდაკი და იკოსი განსხვავდება არა შინაარსით, არამედ გადმოცემის სიდიდით. კონდაკი არის მოკლე შექება წმიდისა თუ დღესასწაულისა, იკოსა კი ვრცელი. იკოსი ყოველთვის კონდაკს მოსდევს და არასდროს არ იგალობება ამ უკანასკნელის გარეშე.
|