სერობა ეწოდება საღამოს ღმრთისმსახურებას, რომელიც იმსახურება "ვახშმის შემდეგ" – სერობის ჟამს. ამ მსახურების ბერძნული სახელწოდება – "აპოდიპნონ" – სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "ვახშმის შემდეგ". სერობა არის დიდი და მცირე. ეს უკანასკნელი ყოველდღიური მსახურებაა, ხოლო პირველი – მხოლოდ ტიპიკონით განსაზღვრულ დღეებში აღესრულება: დიდმარხვაში; შობას, ნათლისღებას, ხარებას. ამ დღეებში უმეტესად დიდი სერობა ცისკრის ლოვცას უერთდება. მცირე სერობას ზოგიერთ ადგილებში მწუხრის ლოცვასთან აერთებენ. მონასტრებში მწუხრის ლოცვის შემდეგ მონაზვნები ვახშმობენ, შემდეგ ტაძარში ბრუნდებიან და სერობის ლოცვას აღასრულებენ. დიდ სერობას ძველად ეწოდებოდა, აგრეთვე, "ხადილსა ჩემსაჲ" ან "ხადილიანი", რადგან დიდი სერობა იწყება მე-4-ე ფსალმუნით, რომელიც, თავის მხრივ იწყება სიტყვებით: "ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა..."
სადიდებელი არის დიდი ცისკრის ნაწილი, რომელიც მოსდევს აუვარებდითს (135-ე ფსალმუნს). სადიდებელი სრულდება შემდეგნაირად: ერთხელ ან რამდენჯერმე იგალობება ღმერთის ან წმინდანის სადიდებელი ლოცვა: "გადიდებთ შენ, ცხოვრებისმომცემელო ქრისტე...", "გნატრით შენ, წმიდაო...", რომელსაც მოსდევს ფსალმუნნიდან გამოკრებილი მუხლები. ეს მუხლები შინაარსით ეხმიანება დღესასწაულს.
როდესაც ცისკარზე იგალობება სადიდებელი, მაგრამ არ აღესრულება ღამისთევის მსახურება, ასეთ შემთხვევაში ეწოდება სადიდებლიანი მსახურება. ბერძნულ და სლავურ საღვთისმსახურო ტერმინოლოგიაში არსებობს ტერმინი – პოლიელეოს (სლავურში - პოლიელეი). პოლიელეოს (ბერძ. პოლი - მრავალი, ელეოს - წყალობა) ჰქვია სადღესასწაულო ცისკრის იმ ნაწილს, რომელიც იწყება 19-ე კანონის 134 და 135 ფსალმუნების გალობით ("აქებდით სახელსა უფლისასა..." და "აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ...") და გრძელდება ცისკრის კანონის დაწყებამდე. ამ ნაწილის ასეთი სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ მის შემადგენელ ერთ-ერთ (135) ფსალმუნში მრავალჯერ მეორდება სიტყვა "წყალობა" (ბერძ. - ელეოს) – "რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი".
საკითხავნი საღმრთისმსახურო ენაზე ეწოდება საწინასწარმეტყველოდან, სამოციქულოდან, პატერიკებიდან, წმიდათა ცხოვრებანიდან, მრავალთავიდან და ა.შ. გამოკრებილ საკითხავებს, რომლებიც იკითხება ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში: ცისკარზე – ფსალმუნნის კანონების შემდეგ, საცისკრო კანონის ზოგიერთი გალობის შემდეგ და სხვა. დღევანდელ დღეს საკითხავნის კითხვა ხდება მხოლოდ მონასტრებში და ისიც მხოლოდ ისეთებში, რომლებშიც სრული ღმრთისმსახურების წესს იცავენ. უმეტესად შემორჩა ცისკრის კანონის VI გალობის შემდეგ სვინაქსარის კითხვა.
|