საწინასწარმეტყველო საეკლესიო ენაზე ეწოდება საკითხავს ძველი აღთქმიდან (იშვიათად ახალი აღთქმიდანაც), რომელიც დღესასწულებსა და დიდმარხვის დღეებში იკითხება მწუხრზე, წარდგომის შემდეგ (სხვა მსახურებებზე – ძალიან იშვიათად). საწინასწარმეტყველო შინაარსით დაკავშირებულია აღსანიშნ დღესასწაულთან, უმეტესად ეს არის ძველი აღთქმისეული წინა-სახეები და წინასწარმეტყველებები (აქედან სახელწოდებაც) ახალი აღთქმის მოვლენებზე. ბერძნულად და სლავურად (პირველისგან გამომდინარე) საწინასწარმეტყველოებს ეწოდებათ პარიმიები (ბერძ. "პარიმია" – "იგავი", "ანდაზა"), რადგან საწინასწარმეტყველოების უმრავლესობა არის აღებული სოლომონის იგავთა წიგნიდან.
სამოციქულო – საზოგადოდ სამოციქულო ეწოდება ახალი აღთქმის წიგნებს სახარებების გამოკლებით. ესენია: 7 კათოლიკე ეპისტოლე, 14 წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლე და წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსისი). საღმრთისმსახურო ენაზე სამოციქულო ეწოდება წიგნს, რომელიც ახალი აღთქმის ამ წიგნებისაგან შედგება (წმ. იოანეს გამოცხადების გამოკლებით, რადგან საეკლესიო განწესებით ეს წიგნი არ არის განკუთვნილი სატაძრო მსახურებისათვის). ჩვეულებრივი დაყოფის (თავებად და მუხლებად) გარდა, სამოციქულო იყოფა 335 ე.წ. საკითხავად. საკითხავები განკუთვნილია წელიწადის ყოველი დღისათვის. ცალკე საკითხავები აქვს დღესასწაულებს, კვირა დღეებს და სხვა. წირვაზე სამოციქულო იკითხება სახარების წინ.
სახარება საღმრთისმსახურო ენაზე ეწოდება წიგნს (ოთხთავს), რომელიც განკუთვნილია სატაძრო მსახურებისათვის. ჩვეულებრივი დაყოფის (თავებად და მუხლებად) გარდა, ეს ოთხთავი იყოფა ე.წ. საკითხავებად. იქვე მითითებულია, ესა თუ ის საკითხავი რომელ დღეს უნდა იქნას წაკითხული წირვაზე, ცისკარსა თუ სხვა რომელიმე მსახურებაზე. სახარება ეკლესისაში შესაფერისი კრძალულებით ინახება: იგი დევს წმიდა ტრაპეზზე და ზოგჯერ, სპეციალურად განკუთვნილ დროს, ტაძარში გამოასვენებენ ხოლმე, რათა ხალხმა თაყვანი სცეს და ემთხვიოს.
|