"ენებზე ლაპარაკი"
თუ ყურადღებით წავიკითხავთ "ქარიზმატული აღორძინების" შესახებ არსებულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ ეს მოძრაობა ძალიან მოგვაგონებს წარსულის ბევრ სექტანტურ მიმდინარეობას, რომლებიც ძირითადად ასევე რელიგიური სწავლების ან წეს-ჩვეულების რომელიმე ელემენტის საკმაოდ უცნაურსა და თვითნებურ აქცენტირებას ეყრდნობოდნენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამჯერად გამოცალკევდა კერძო თავისებურება, რომელსაც წარსულის არც ერთი სექტა ცენტრალურად არ მიიჩნევდა, კერძოდ კი ენებზე ლაპარაკი.
ორმოცდაათიანელთა მრავალი სექტის წესდების თანახმად, "სული წმიდის მიერ მორწმუნეთა ნათლობა თავდაპირველად ფიზიკური ნიშნით – ენებზე ლაპარაკით არის დამტკიცებული" (ჯ. შერილი, "ისინი სხვა ენებზე ლაპარაკობენ", ნიუ იორკი, 1965). და ეს მხოლოდ პირველი ნიშანი კი არ არის ორმოცდაათიანელთა სექტასთან ან მსოფლმხედველობასთან შეერთებისა – ამ მოძრაობის უმაღლეს ავტორიტეტთა თანახმად, "ენებზე ლოცვის" პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს, თორემ "სული" შეიძლება დაიკარგოს. აი, რას წერს დიუპლესი: "ენებზე ლოცვის პრაქტიკა" იმათ ცხოვრებაში, ვინც სულის მიერ ნათელ-იღო, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს, სხვაგვარად მათ შეიძლება დაინახონ, რომ სულის სხვა გამოვლინებები სულ უფრო იშვიათად ხდება ან სულაც წყდება" (დიუპლესი, გვ.89). ბევრი ორმოცდაათიანელი ამტკიცებს, ენები ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრები არიანო. ერთ-ერთ კათოლიკურ წიგნში ამის შესახებ უფრო ფრთხილადაა ნათქვამი: "ძალიან ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, სული წმიდის ნიჭთაგან პირველი კაცს ენებზე ლაპარაკის ნიჭი ეძლევა. ამგვარად, ბევრისთვის ეს ის ზღურბლია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სული წმიდის ნიჭებისა და ნაყოფების კარს აღებს" (კ. და ტ. რანაგანები, "ორმოცდაათიანელი კათოლიკენი", პაულისტ-პრესი, 1969).
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ასეთი განსაკუთრებული აქცენტი ენებზე ლაპარაკის შესახებ ახალ აღთქმაში არსად კეთდება – აქ ენებზე ლაპარაკს გარკვეული დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს; იგი სული წმიდის გარდამოსვლის ნიშანია სულთმოფენის დღეს (საქმ. 2) და კიდევ ორ შემთხვევაში (საქმ. 10 და 19). პირველი და, შესაძლოა, მეორე საუკუნის შემდეგ მას არც ერთი მართლმადიდებლური წყარო არ ახსენებს, არსად დასტურდება "ენებზე ლაპარაკის" შემთხვევები დიდი ეგვიპტელი მამების შესახებ არსებულ ლიტერატურაშიც – ეს მამები კი, როგორც ცნობილია, იმდენად იყვნენ სავსე სული წმიდით, რომ მრავალ სასწაულს იქმოდნენ და მკვდრებსაც კი აღადგენდნენ. მართლმადიდებლობის დამოკიდებულება ენებზე ლაპარაკთან ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით შეიძლება გადმოვცეთ: "ადრეულ საუკუნეებში სული წმიდა გადმოდიოდა მორწმუნეებზე და ისინი ლაპარაკობდნენ იმ ენებზე, რომლებიც არ უსწავლიათ, რამეთუ სული აძლევდა მეტყველების უნარს. ეს ნიშანი დროსთან იყო შესწორებული: იგი ყველა ენაზე სული წმიდის ნიშნად უნდა ქცეულიყო და ნათელ-ეყო, რომ უფლის სახარება ყველა ენაზე და დედამიწის ყველა კუთხეში იქადაგება. ეს იყო ნიშანი, და მან ჩაიარა". და თითქოს თანამედროვე ორმოცდაათიანელთა პასუხად, რომლებიც ამ მოვლენას რატომღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ნეტარი ავგუსტინე განაგრძობს: "და რაო, ახლა დაველოდოთ, რომ ისინი, ვისაც ხელს დაასხამენ, ენებზე ლაპარაკს დაიწყებენ? ან იქნებ, როდესაც ამ ბავშვებს ხელს დავასხამთ, ყოველ ჩვენგანს უნდა ეგონოს, რომ ისინი ენებზე ამეტყველდებიან? ხოლო როდესაც დაინახავენ, რომ ეს არ ხდება, ნუთუ ჩვენს შორის მოიძებნება ვინმე, იმდენად მზაკვარი, რომ იტყვის, მათ არ მიუღიათ სული წმიდაო?" (ჰომილიები იოანეს სახარებაზე, VI, 10).
თანამედროვე ორმოცდაათიანელები ენებზე ლაპარაკის გამოყენების გასამართლებლად ხშირად ეყრდნობიან წმ. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს (თავი 12-14). მაგრამ წმ. პავლემ ეს სწორედ იმიტომ დაწერა, რომ "ენები" კორინთოს ეკლესიაში არეულობის მიზეზად იქცა. და თუმცა მოციქული არ კრძალავს "ენებზე ლაპარაკს", მათი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაჰყავს. ამიტომ ეს ნაწყვეტი შორს არის "ენების ნიჭის" თანამედროვე აღორძინების წახალისებისაგან, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს მისი პროპაგანდა – პირიქით, გვაფრთხილებს მისგან, მით უმეტეს, როდესაც ირკვევა (და ამას თვით ორმოცდაათიანელებიც აღიარებენ), რომ სული წმიდის გარდა ენებზე ლაპარაკის სხვა წყაროებიც არსებობს. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კარგად იციან, რომ ენებზე ლაპარაკი, როგორც სული წმიდის ჭეშმარიტი ნიჭი, შეუძლებელია მიეცეს ქრისტეს ეკლესიის გარეთ მდგომთ. თუმცა მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს თანამედროვე ფენომენი – ხომ არ ახასიათებს მას რაიმე ნიშნები, რომლებიც ნათელს ჰფენენ მის ნამდვილ წარმომავლობას.
ამგვარად, თავისთავად უკვე შემაცბუნებელი ფაქტია, რომ თანამედროვე ორმოცდაათიანელები "ენებს" ასეთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგრამ ამ მოვლენაზე საბოლოოდ აგვეხილება თვალი, როდესაც ვნახავთ, თუ რა ვითარებაში ხდება იგი. სული წმიდის ჭეშმარიტი ნიჭებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანს თავისუფლად, მოულოდნელად და კაცის ჩაურევლად ეძლევა, "ენებზე ლაპარაკი" სავსებით შეიძლება დაიგეგმოს. იგი დამუშავებული ტექნიკის საშუალებით მიიღწევა: იწყება ჯგუფური "ლოცვა" ამ ნიჭის მოვლენისათვის, მას თან ახლავს პროტესტანტული ჰიმნები, რომლებსაც ფსიქოლოგიური ზეგავლენის დიდი ძალა აქვთ ("იგი მოვალს! მოვალს!"). კულმინაცია მიიღწევა "ხელის დადებით", ზოგჯერ კი პირწმინდად ფიზიკური ხერხების გამოყენებით – მაგალითად, ამა თუ იმ ფრაზის განუწყვეტელი გამეორებით ანდა უბრალოდ "რაღაც ბგერის გამოცემით".
ერთ-ერთი მოწმე ყვება, რომ ენებზე ლაპარაკის შემდეგ ხშირად გამოსცემდა უაზრო ბგერებს, ცდილობდა გზა გაეხსნა "ენებზე ლოცვის ნაკადისათვის" (შერილი, გვ.127). და იმის ნაცვლად, რომ აკრძალონ ასეთი მცდელობები, ორმოცდაათიანელები ურჩევენ მათ მიმდევრებს: "ბაგეებით ბგერების გამოცემა, ცხადია, ჯერ კიდევ არ არის "ენებზე ლაპარაკი", მაგრამ მას ძალუძს დაადასტუროს გულწრფელი რწმენა, რომელსაც სული წმიდა დააჯილდოებს და მოუვლენს კაცს ენებზე ლაპარაკის ნიჭს" (ჰარპერი, გვ.11). ერთი პროტესტანტი პასტორი წერს: "ენებზე ლაპარაკის პირველი საფეხური ალბათ იმის გაცნობიერება უნდა იყოს, რომ "სათქმელი თქვა"... პირველი მარცვლები და სიტყვები ჩვენს ყურს იქნებ კიდევაც ეუცხოოს – ისინი ძნელად გამოსათქმელნი და დაუნაწევრებელნი იქნებიან, შეიძლება ისიც კი იფიქროთ, ამ სიტყვებს მე თვითონ ხომ არ ვიგონებო. მაგრამ თუ სარწმუნოებით განაგრძობთ ლაპარაკს, სული მოგცემთ დანაწევრებულ ენას ლოცვისა და ქება-დიდებისათვის" (ქრისტენსონი, გვ.130).
იეზუიტი თეოლოგი მოგვითხრობს, თუ როგორ განახორციელა ეს რჩევები პრაქტიკულად: "საუზმის შემდეგ თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი სამლოცველოში შესვლის სურვილი. შევედი თუ არა, დავჯექი და ლოცვა დავიწყე. გავიხსენე ჯიმის მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ენებზე ლაპარაკის ნიჭი, და წყნარად შევუდექი გამეორებას: "ლა, ლა, ლა". უცებ შიშმა შემიპყრო, ვიგრძენი, რომ ამას მოჰყვა ენისა და ბაგეების სწრაფი მოძრაობა და შინაგანი თაყვანისცემის საოცარი გრძნობა" (დ.ლ. გელპი, "ორმოცდაათიანელობა, თეოლოგიური თვალსაზრისი", ნიუ იორკი, 1971).
ნუთუ შეიძლება, ჭკუათმყოფელ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეს საშიში ფსიქოლოგიური თამაშები სული წმიდის ნიჭებში აერიოს? აშკარაა, რომ ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასა და სულიერებასთან. ეს უფრო ფსიქიკური მექანიზმების სამყაროა, რომელთა ამოქმედებაც გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ხერხებით არის შესაძლებელი, და ამ სფეროში "ენებზე ლაპარაკი", როგორც ჩანს, საკვანძო როლს ასრულებს – რაღაც ჩახმახის მსგავსს. ყოველ შემთხვევაში, მას არაფერი აქვს საერთო ახალ აღთქმაში აღწერილ სულიერ ნიჭთან, და ყველაზე ახლოს შამანურ "ენებზე ლაპარაკთან" დგას, რომელიც პრიმიტიულ რელიგიებშია გავრცელებული: შამანი ან ექიმბაში ამ ტექნიკას იმისთვის იყენებს, რათა ტრანსში ჩავარდეს და მერე "ღმერთს" გაუგზავნოს ინფორმაცია ან მისგან მიიღოს ბრძანება რაიმე ენაზე, რომელიც არასოდეს უსწავლია. შემდეგ გვერდებზე ისეთ უცნაურ "ქარიზმატულ" ცდებს შევხვდებით, შამანიზმთან შედარება გადაჭარბებულად აღარ მოგვეჩვენება, მით უმეტეს, თუ გავაცნობიერებთ, რომ პრიმიტიული შამანიზმი მხოლოდ კერძო გამოვლინებაა იმ "რელიგიური" ფენომენისა, რომელიც სრულიადაც არ არის უცხო თანამედროვე დასავლეთისათვის. ეს ფენომენი, რომელიც ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგიერთი თანამედროვე "ქრისტიანის" ცხოვრებაში, მედიუმიზმი გახლავთ.
თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.
მსგავსი სტატიები
„იეჰოვას მოწმეების“ შესახებ