„პაპის უცდომელობის დოგმატის“ შესახებ
აზრი პაპის უცდომელობის შესახებ კათოლიკეთა შორის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გავრცელდა. ამ აზრს ემხრობოდა და ავითარებდა ლათინი სწავლულების ერთი ნაწილი, სხვები კი ეწინააღმდეგებოდნენ. მართალია იეზუიტებმა ჯერ კიდევ ტრიდენტის კრებაზე (1545-1563 წწ.) განაცხადეს, რომ უცდომელობა პაპის კუთვნილებაა, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნემდე ეს სწავლება კერძო აზრად რჩებოდა, ანუ არ იყო სავალდებულო კათოლიკური საკრებულოს ყველა წევრისათვის. მეცხრამეტე საუკუნეში იეზუიტურ-ულტრამონტანურმა პარტიამ მიზნად დაისახა ეს მწვალებლობა ყველასთვის სავალდებულო დოგმად ექცია.
1869 წლის 29 ივნისს პაპმა პიუს IX-მ გამოსცა ბულა Aeterni Patris, რომლითაც 8 დეკემბრისთვის კათოლიკეები "მსოფლიო კრებაზე" მოიხმო. ბულაში კრების მიზნები ზოგადად და ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი. კათოლიკეთა შორის გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კრებაზე პაპის უცდომელობის დოგმატის დამტკიცებას აპირებდნენ.
1869 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა ვატიკანის I კრება. მას 746 კაცი ესწრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობა თავიდანვე ახალი დოგმატის მხარდასაჭერად იყო განწყობილი. ამისათვის ჯერ კიდევ კრების დაწყებამდე დაიჭირეს თადარიგი. პაპმა კრებამდე ცოტა ხნით ადრე ბევრ უეპარქიო ეპისკოპოსს გამოუძებნა ადგილი და ამგვარად თავის ერთგულთა ბანაკში მოაქცია. ამავე დროს, ვინაიდან იტალიელ და ესპანელ ეპისკოპოსებს შორის პაპს მრავალი მხარდამჭერი ეგულებოდა, მათი რიცხვი ბევრად აღემატებოდა კრებაზე მოწვეულ გერმანელ, ფრანგ და პორტუგალიელ ეპისკოპოსთა რაოდენობას, რომლებისგანაც პროტესტი იყო მოსალოდნელი. ამასთან გადაწყდა, რომ შეკრებები მხოლოდ ლათინურ ენაზე ჩაეტარებინათ, რადგან ბევრ ეპისკოპოსს უჭირდა ამ ენაზე საუბარი და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის მსურველიც ნაკლები იქნებოდა. და ბოლოს, კრების მსვლელობის მართვა დაევალათ პაპის უერთგულეს ეპისკოპოსებს.
ფორმალური თათბირების შემდეგ პაპის რამდენიმე ეპისკოპოსმა შეადგინა პეტიცია კრების მიმართ, რომლითაც ისინი პაპის უცდომელობის დამტკიცებას მოითხოვდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება. უმრავლესობამ ხელი მოაწერა პეტიციას, ხოლო მოწინააღმდეგეებმა პაპს თხოვნა-მუდარით მიმართეს, არ დაეშვა კრებაზე ამ დოგმატის დამტკიცების საკითხის განხილვა, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ახალი დოგმატის ფორმულირების შერბილებული ფორმა გამოენახა. მუდარამ არ გაჭრა და 17 ივლისს ოპოზიციამ კრება დატოვა.
18 ივლისს კრებამ 533 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო დეკრეტი პაპის უცდომელობის შესახებ. დეკრეტი ამცნობდა: „წმიდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადებულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს ex cathedra (ექს კათედრა), ანუ როგორც ყოველი ქრისტიანის მწყემსი და მოძღვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული სამოციქულო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთელი ეკლესიისთვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილებები თავისთავად, ეკლესიის თანხმობისაგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიისაგან".
შედგენილია წიგნიდან Н. Тальберг "История Христианской Церкви", М., 1991.