|
არტემ გრიგორიანის სულიერი ძიების გზა – რატომ მიიღო მართლმადიდებლობა „იეჰოვას მოწმეების“ სექტის ელიტის წევრმა
მღვდელი გიორგი მაქსიმოვი: მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა „ჩემი გზა ღმერთისკენ“. ის იმ ადამიანებს ეძღვნება, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსასვლელად რთული გზა განვლეს და იმისთვის, რომ მართლმადიდებლები გამხდარიყვნენ, ცხოვრებაში მრავალი რამის შეცვლა, დათმობა და გადაფასება მოუხდათ. რა ამოძრავებთ მათ, რა აძლევთ ძალას, ამის შესახებ ვსაუბრობთ ჩვენს სტუმრებთან.
დღეს ჩვენს სტუდიაში სანკტ-პეტერბურგელი სექტოლოგი, არტემ ვალერის ძე გრიგორიანი მოვიწვიეთ. მართლმადიდებლობაზე მოქცევამდე მან მრავალი წელი იმ ორგანიზაციაში დაჰყო, რომელსაც ხშირად ყველაზე საშიშ თანამედროვე სექტად მიიჩნევენ.
არტემ ვალერის ძევ, თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მორწმუნე ოჯახში იზრდებოდით?
არტემ გრიგორიანი: ჩემს შემთხვევაში უმაღლესი ჭეშმარიტების ძიება ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. შეიძლება ითქვას, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელიც სულიერებისადმი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი, ალბათ, ყველას ახსოვს, მაშინ მრავალი იდეა, ფასეულობა შეიმუსრა. იმავე პერიოდში – 90-იანი წლების დასაწყისში – ადამიანები სხვადასხვა სულიერმა პრაქტიკამ ტოტალურად გაიტაცა. ისინი ცხოვრების შესახებ მწვავე კითხვებზე პასუხებს ეძიებდნენ და გარკვევას ცდილობდნენ. ჩემი მშობლებიც ასეთივე მაძიებელი ადამიანები იყვნენ, ისინი სხვადასხვა აღმოსავლურმა პრაქტიკამ – კრიშნაიზმმა, რერიხოველობამ, მაგიურმა მედიტაციებმა მიიზიდა, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან მოდური იყო. მაგრამ, ამგვარი გატაცების მიუხედავად, ჩემი მშობლები, რომლებიც ჩვენს კულტურულ წიაღში აღიზარდნენ, თავს მაინც მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. დროდადრო ტაძარში შევდიოდით, ვლოცულობდით, სანთლებს ვანთებდით. რა თქმა უნდა, შეგნებულ სულიერ ცხოვრებაზე წარმოდგენაც არ გვქონდა. ჩემი ბავშვობის დროინდელი მოგონებები ყოველთვის შინაგან ძიებას უკავშირდება, თუმცა, ალბათ, ბავშვური ასაკისთვის ეს რამდენადმე უცნაურია. მაგალითად, კარგად მახსოვს, 6 წლისას კატასტროფა შემემთხვა: „კამაზი“ დამეჯახა და ცოცხალი სასწაულებრივად გადავრჩი. ამ ტრაგედიამ ჩვენს ოჯახში სულიერი ძიება გაამძაფრა. მახსოვს, თაბაშირში რომ ვიწექი, ღმერთზე, ცხოვრების საზრისზე, ტანჯვის მიზეზებზე ვფიქრობდი და ამაზე ჩემს მშობლებთან ერთად ვმსჯელობდი.
ჩვენს ოჯახში ამგვარი სულიერი ძიების ატმოსფერო სუფევდა. ჩემი მშობლები კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ... ეს 1996 წელს მოხდა. გაეკლესიურების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რაც ეგზორციზმით დაკავებულ ფსევდო „სტარეცთან“ იყო დაკავშირებული, ჩემი მშობლები მომღიმარ ადამიანებთან მოხვდნენ. ისინი მოვიდნენ და უთხრეს, რომ მზად არიან დრო და ყურადღება დაუთმონ და მათ კითხვებს უპასუხონ. ამგვარად დაიწყო ჩვენი სიახლოვე „იეჰოვას მოწმეებთან“. მაშინ 11 წლის ვიყავი.
მამა გიორგი: გასაგებია, უპირველეს ყოვლისა რამაც მიგიზიდათ – ამას ზოგჯერ „სიყვარულით დაბომბვას“ უწოდებენ, როდესაც თითოეულ მათთან მისულ ადამიანს ვიღაც ეგებება და გაღიმებული ეუბნება: „შენი მოსვლით როგორ გამახარე...“ ამის შემდეგ რა მოხდა? ამ ორგანიზაციაში რის გამო დამკვიდრდით?
არტემ გრიგორიანი: სრულიად მართებულად შენიშნეთ. ადამიანი სრულფასოვანი „იეჰოვას მოწმე“ მაშინ ხდება, როდესაც შეკრებებსა და ე. წ. კონგრესებს ესწრება – ეს ძალიან დიდი ღონისძიებებია, რომლებზეც რომელიმე რაიონის საზოგადოებები იკრიბებიან. თვითონ „იეჰოვას მოწმეებმა“ თავიანთი მისიონერული გამოცდილებით იციან: თუ ადამიანი, რომელთან ერთადაც ბიბლიას სწავლობენ, კრებაზე არ მივა, ეს ნიშნავს, რომ ის „მოწმე“ ვერ გახდება და მასზე დროის კარგვას აზრი არა აქვს. კონგრესები უდიდეს ეფექტს ახდენს: ათასობით მომღიმარი ადამიანით შევსებული სტადიონის ხილვა, რომელთაც მოხდენილად აცვიათ, გარშემო სრული სისუფთავე და წესრიგია, თბილი დამოკიდებულებაა, ერთმანეთს კოცნით ხვდებიან, ირგვლივ სიყვარულია – ეს კოლოსალურ შთაბეჭდილებას ახდენს. ამაზე ბევრი მიფიქრია, როდესაც ჩემი ოჯახისა და მრავალი ნაცნობის გზის გაანალიზებას ვცდილობდი, როგორც „მოწმეების“, ასევე იმათი, რომლებიც ორგანიზაციიდან გავიდნენ. ძირითადად, ერთი და იგივე სცენარი ვითარდება: ადამიანებს ორგანიზაცია და იქ მყოფი ადამიანები უყვარდებათ. მათთვის სარწმუნოებრივი სწავლება მეორეხარისხოვანია, ის ორგანიზაციაზე შეყვარებული ადამიანის გონებას ძალიან კარგად უთავსდება. როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მას მართლაც წარმოუდგენელი ყურადღებითა და ზრუნვით გარემოიცავენ, ზოგჯერ ფინანსურადაც ეხმარებიან, სამსახურით უზრუნველყოფენ. ადამიანს უყვარდება და შემდეგ სხვადასხვა იდეის მისაღებად უკვე მზად არის. აქ ინდოქტრინაციის სრულიად შეუმჩნეველი პროცესი იწყება – რაც სასწავლო კურსის სპეციალურ სახელმძღვანელოს ეფუძნება. ის უმთავრესად თემატურად დანაწევრებული ბიბლიაა – ბუნებრივია, წმინდად კონფესიური და ფრიად უცნაური, ნაძალადევი, ხელოვნური ინტერპრეტაციით. მაგრამ ყოველივე ამას ძალიან კარგად იღებენ, იმიტომ, რომ ადამიანი უკვე შეყვარებულია.
მამა გიორგი: ყურადღება ყოველთვის ისეთი ინტენსიური ხომ ვერ იქნება, როგორც თავიდან, ახლადმოსულთა მიმართ არის?
არტემ გრიგორიანი: რა თქმა უნდა. ყურადღების ტემპერატურა თანდათან იკლებს, „ნათლობის“ მიღების შემდეგ ადამიანი ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი ხდება – და მან ყურადღება უკვე თვითონ უნდა გამოიჩინოს ახალბედების მიმართ. გრძნობის გამოხატვა მას უკვე ნასწავლი აქვს. ის ამ უზარმაზარი მექანიზმის ნაწილი ხდება.
მამა გიორგი: რამდენი წელი დაჰყავით „იეჰოვას მოწმეებთან“?
არტემ გრიგორიანი: 15 წელი.
მამა გიორგი: საკმაოდ დიდი დროა. და ის ორგანიზაცია დატოვეთ, რომელიც, შეიძლება ითქვას, თქვენი მეორე ოჯახი გახდა. ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, მრავალი ნაცნობი და მეგობარი შეიძინეთ, შეეჩვიეთ, გაიცანით, თავს კომფორტულად გრძნობდით. რამ გაიძულათ ძიება გაგეგრძელებინათ? და არა უბრალოდ გაგეგრძელებინათ, არამედ იმისკენ მიქცეულიყავით, საიდანაც, თუმცა ფორმალურად, მაგრამ გახვედით? ჩემთვის ცნობილია: არა მარტო „იეჰოვას მოწმეებთან“, არამედ პროტესტანტებთან მოხვედრილ მრავალ ადამიანს კომპლექსი უჩნდება. როგორც წესი, მათ მართლმადიდებლობასთან მხოლოდ ნათლობის ფაქტი აკავშირებდათ და პრაქტიკულად მართლმადიდებლური სარწმუნოების შინაარსი არ იციან, მაგრამ სჯერათ: მართლმადიდებლები უკვე ვიყავით, ტაძარში დავდიოდით, პასკას ვაკურთხევდით, ამიტომ მართლმადიდებლობა აღარ გვაინტერესებს. თქვენს შემთხვევაში რა დაგეხმარათ ამგვარი განწყობის დაძლევაში?
არტემ გრიგორიანი: ეს ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული გზა იყო და არა ერთი წელი მოიცვა. ეკლესიაში მოსვლამდე „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციიდან უნდა გამოვსულიყავი. 2005 წელს „იეჰოვას მოწმეთა“ რუსეთის ორგანიზაციის მთავარ მმართველ ცენტრში თანამშრომლად მიმიწვიეს – ეს ძალიან პრივილეგირებულ სამსახურად ითვლება, ბევრი „იეჰოვას მოწმისთვის“ მთავარ მმართველ ცენტრში მოხვედრა – ოცნების ზღვარია. ის სანქტ-პეტერბურგთან, დასახლება სოლნეჩნოეში მდებარეობს, სადაც ოთხნახევარი წელი ვიმსახურე. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, შესაძლოა დღემდე „იეჰოვას მოწმედ“ დავრჩენილიყავი.
მამა გიორგი: რატომ?
არტემ გრიგორიანი: იმიტომ, რომ ჩემთვის იქ ყოფნით ორგანიზაციაში არსებული მრავალი პრობლემა გაშიშვლდა. მაშინ 20 წლის ვიყავი – ანუ სრულიად ჭაბუკური, რომანტიული განწყობა მქონდა. აღმოვჩნდი იმ ორგანიზაციის შუაგულში, სადაც ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები მსახურობენ. რუსეთში ორგანიზაციას უშუალოდ ისინი მართავენ. ეს არის პატარა ქალაქი, იქ დაახლოებით 300 ადამიანი – ორგანიზაციის ელიტა ცხოვრობს და დღე და ღამ, 24 საათი ერთად არიან. იქ ყოფნამ ორგანიზაცია სხვა მხრივ დამანახა. თვალნათლივ დავრწმუნდი, – ის უძლურებები, ვნებები, სულიერი და ხორციელი წყლულები, რომლებიც ადამიანებს ორგანიზაციაში შესვლამდე ჰქონდათ – ისევე დარჩათ. ცხადი გახდა, იქ რეალური ფერისცვალება არ ხდება. თვით ელიტისთვის ყოველივე ადამიანური უცხო არ არის. ესაა პირფერობა, სიცრუე, მრისხანება, ჭორები, მემთვრალეობა და მრავალი სხვა. ეს დამეხმარა ორგანიზაციისთვის უფრო ობიექტურად შემეხედა.
მეორე მომენტი უკავშირდება იმას, რომ მმართველ ცენტრში ყოფნისას ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკაზე მიმიწვდებოდა ხელი, რომელშიც სხვადასხვა რელიგიებისადმი მიძღვნილი განყოფილებაც იყო, რომლითაც, შეიძლება ითქვას, არასდროს არავინ დაინტერესებულა, მთარგმნელთა გამოკლებით, რომელთაც სხვადასხვა მასალების დასამუშავებლად ტერმინების ცოდნა სჭირდებათ. ამ განყოფილებაში XX საუკუნის მართლმადიდებელ ავტორთა ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი ინახებოდა. მაგალითად, გლუბოკოვსკის ნაშრომები, აგრეთვე კიევის, ყაზანისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიების პროფესორების ნაშრომები; ლოპუხინის ბიბლიის განმარტებების სამტომეული. სერიოზული მართლმადიდებლური ლიტერატურა მაშინ ცხოვრებაში პირველად ვნახე. გაოცებული ვიყავი, იმიტომ, რომ როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ფსევდოქრისტიანულ ორგანიზაციებში ადამიანები მართლმადიდებელ სარწმუნოებასა და ღმრთისმეტყველებაზე უკიდურესად დაბალი შეხედულების არიან.
მამა გიორგი: ვშიშობ, ჩვენი გადაცემის შემდეგ მათ ბიბლიოთეკიდან წიგნები არ გაიტანონ (იცინის).
არტემ გრიგორიანი: შესაძლოა ეს უკვე გააკეთეს. ამ წიგნების კითხვას ცნობისმოყვარეობის გამო შევუდექი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო მიკვირდა, რაოდენ სიღრმისეულად, საინტერესოდ და დამაჯერებლად ჟღერდა ის, რაც იქ ეწერა. მათში სხვადასხვა თემები განიხილებოდა. ბიბლეისტიკა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რაც „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციაში მაკლდა, რადგან ისინი ამ საკითხებს სრულიად ზედაპირულად ეხებიან. მათი გაგება მაქსიმალურად პრიმიტიული, ზედაპირულია. აქ კი ინფორმაციის წყაროს შევხვდი. მიკვირდა, რომ ეს ყოველივე XIX საუკუნის ბოლოს მიეკუთვნებოდა. ხოლო „იეჰოვას მოწმეებმა“ დავიწყებას მისცეს მთელი თავისი ლიტერატურა, არა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლო წლების, არამედ ორმოცი წლის წინანდელიც. მას არ კითხულობენ.
გაკვირვებული ვიყავი – ასეთი ძველი ლიტერატურაა, მაგრამ როგორი საინტერესოა! ალბათ, სწორედ მაშინ დაიმსხვრა ჩემში ერთერთი უმთავრესი სტერეოტიპი, რომლის მიხედვით სულიერი ცხოვრება და ზოგადად ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის გარეთ შეუძლებელია. მაშინ ვიწყე ძიება, თავს დამოუკიდებელი აზროვნების, პასუხების პოვნის უფლება მივეცი.
გადამწყვეტი ფაქტორი კი „იეჰოვას მოწმეების“ ხელმძღვანელი საბჭოს ყოფილი წევრის, რეიმონდ ფრენცის წიგნის წაკითხვა გახდა. ის ლეგენდარული, საოცარი პიროვნებაა – მან ორგანიზაციაში სამსახურს 60 წელი შესწირა, მათგან 10 წელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი – ანუ ერთერთი „ცხებული“ იყო, რომლებიც წყვეტენ, რას ირწმუნებს 7 მილიონი „იეჰოვას მოწმე“. წიგნი, რომლის სათაურია „სინდისის კრიზისი“, მან 1980 წელს დაწერა. შემდეგ მეორე წიგნი – „ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში“ გამოაქვეყნა. ალბათ ნებისმიერი ავტორიტარული ორგანიზაციის უმთავრესი აკრძალვა დავარღვიე, რომელიც ორგანიზაციის ყოფილი წევრების ინფორმაციის კითხვას კრძალავს. შიშით ვკითხულობდი – წარმოიდგინეთ, ორგანიზაციის შუაგულში ვიმყოფებოდი და ისეთ წიგნს ვკითხულობდი, რომლის სათაურის წარმოთქმაც კი იკრძალება „იეჰოვას მოწმეებს“ შორის. კარს ვკეტავდი, ფარდებს ვუშვებდი და ვკითხულობდი. მახსოვს, წაკითხული მაძრწუნებდა – ეს შეიძლება ერთგვარ ავადმყოფურ მდგომარეობას შევადაროთ: ვკანკალებდი, ვგრძნობდი ჩემი ტემპერატურა როგორ ადიოდა მაღლა – რაღაც დაუჯერებელი ხდებოდა. ვკითხულობდი და მესმოდა, რომ წიგნის თითოეული სტრიქონი იმ სამყაროს ანგრევს, რომელშიც 11 წლიდან ვიყავი. ერთი მხრივ, ჭეშმარიტების შეცნობა მახარებდა, ხოლო მეორე მხრივ, მაშინებდა კითხვა: როგორ ვიცხოვრო მომავალში? ამ წიგნს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზაციიდან ჩემს გამოსვლაში, რაც რამდენიმე წელი გაგრძელდა. ეს ჩემი მეუღლისთვისაც ძალიან რთული იყო, მან ორგანიზაციაში 6 წელი გაატარა.
მამა გიორგი: ერთმანეთი იქ გაიცანით?
არტემ გრიგორიანი: დიახ, ერთმანეთი ორგანიზაციაში გავიცანით, დავქორწინდით და ერთი წელი მმართველ ცენტრში ერთად ვმსახურობდით. ჩვენი ოჯახი – მშობლები, ძმები – ყველანი „იეჰოვას მოწმეები“ არიან. მთელი ჩვენი ცხოვრება „მოწმეებთან“ იყო დაკავშირებული. მესმოდა, რომ იქიდან გამოსვლა ამ სამყაროს დაშლამდე მიგვიყვანდა. ასეც მოხდა, იმიტომ, რომ ვინც ორგანიზაციიდან ცოდვების გამო გარიცხეს, „იეჰოვას მოწმეებს“ მათთან ურთიერთობა ეკრძალებათ – და იმათთან მით უმეტეს, ვინც ის იდეური მოსაზრებით დატოვა. მე, ე. წ. განდგომილთა რიცხვში ვარ – ჩემთან ქუჩაში მოსალმება, საუბარი არ შეიძლება.
მამა გიორგი: ალბათ იყო რაიმე შუალედური პერიოდი, როდესაც თქვენს დარწმუნებას ცდილობდნენ, დაფიქრებისკენ მოგიწოდებდნენ. ალბათ ძალიან დიდი ზეწოლა განიცადეთ, არა მარტო თქვენ, არამედ თქვენმა მეუღლემაც.
არტემ გრიგორიანი: რა თქმა უნდა. ზეწოლა უპირველეს ყოვლისა მშობლებისგან განვიცადეთ. ისინი გულწრფელი მორწმუნეები იყვნენ და ძალისხმევას არ იშურებდნენ. წარმოიდგინეთ, თუკი მათი მხრიდან შევხედავთ: შვილი გადარჩენის კიდობანს ტოვებს. „იეჰოვას მოწმეები“ ყოველ დღე არმაგედონს მოელიან და გასაგებია, რომ მათთვის ორგანიზაციიდან გასვლა განადგურების ტოლფასია, იმ ტოტალური განადგურებისა, რაც არმაგედონის დროს იქნება. ისინი ყოველმხრივ ჩემს შეგონებას ცდილობდნენ. ეს უფრო ემოციურად ხდებოდა, ვიდრე ინტელექტუალურად. ნაცნობები და მეგობრებიც მესაუბრებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ვერ მიგებდნენ. თუმცა, პრინციპში, ეს გასაკვირი არც არის.
ორგანიზაციიდან გამოსვლამდე ამერიკაში, ხელმძღვანელ საბჭოს რამდენიმე წერილი მივწერე. ვიდრე მმართველ ცენტრში ვიყავი, მათი გაგზავნა არ სურდათ. წერილები „ახალი მსოფლიოს“ თარგმანში რამდენიმე საკითხს უკავშირდებოდა – ეს „იეჰოვას მოწმეების“ კონფესიური ბიბლიაა.
მამა გიორგი: მათი დამოუკიდებლად გაგზავნა არ შეგეძლოთ?
არტემ გრიგორიანი: რადგანაც „ბეთელელი“ ვიყავი („ბეთელი“ (ებრ. – ღვთის სახლი) – „იეჰოვას მოწმეთა“ სექტის ფილიალების სახელწოდება; „ბეთელელი“ – ფილიალის თანამშრომელი. – რედ. შენ.), მინდოდა წერილი არა უბრალოდ ფოსტით, არამედ შინაგანი არხებით გაეგზავნათ – რათა მისთვის მაქსიმალური ყურადღება დაეთმოთ. მეორე და მესამე წერილი თვითონ გავგზავნე, როდესაც მმართველ ცენტრში უკვე აღარ ვიყავი.
მამა გიორგი: რა ეწერა ამ წერილებში?
არტემ გრიგორიანი: იმ წინააღმდეგობებსა და შეცდომებს ვარჩევდი, რაც „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციაშია. კერძოდ, ისინი ახალი აღთქმის (იგულისხმება „იეჰოვას მოწმეების“ მიერ გადაკეთებული – რედ. შენ.) ბერძნული დედნისგან აშკარა სხვაობას უკავშირდებოდა. მთარგმნელობით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი დავამუშავე, იმიტომ, რომ ბერძნულ ტექსტთან აშკარა სხვაობა იყო. დავწერე სულ ექვსი გვერდი, ინგლისურ ენაზე. მისი გაგზავნა არ სურდათ. მაშინვე მითხრეს, რომ წერილი „ერთგული მონისადმი“ („იეჰოვას მოწმეების“ სექტის ხელმძღვანელი საბჭოს ეპითეტი – რედ. შენ.) უნდობლობას ნიშნავდა. მაგრამ გარკვევა გულწრფელად მინდოდა, რადგან ამ კითხვებზე პასუხები არ მქონდა. ბოლოს მიპასუხეს. ამ პასუხებმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ორგანიზაციაში ჭეშმარიტების ძიება არავის სჭირდება. მათთვის დახავსებული დოგმა, როგორი აბსურდულიც უნდა იყოს, ჭეშმარიტების ძიებაზე უფრო მნიშვნელოვანია.
მამა გიორგი: მოკლედ გვითხარით, რა გიპასუხეს?
არტემ გრიგორიანი: ეს ფორმალური წერილი იყო. ისინი მწერდნენ: „ძმაო, გრიგორიან, გვსურს შეგაქოთ იმისთვის, რომ ღმრთის სიტყვის შეცნობის მხრივ ასეთი განწყობა გაქვს, მაგრამ უნდა დაგველოდო, ორგანიზაციას წინ ნუ გაუსწრებ. როდესაც იეჰოვა საჭიროდ ჩათვლის, უფრო მეტ ნათელს მოგვფენს. ბრუკლინელი სარწმუნო კეთილგონიერი ძმა განმარტებას მოგცემს, ხოლო თუ ის არ განგიმარტავს – მსახურება განაგრძე და ორგანიზაციასთან უფრო მეტი სიახლოვე იქონიე“. არანაირი პასუხი არ იყო. სრულიად კონკრეტული კითხვები მქონდა ჩამოწერილი, მაგრამ პასუხი არცერთ მათგანზე არ მიმიღია. ამის შემდეგ, რამდენიმე ხანში, მე და ჩემმა მეუღლემ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ წერილი დავწერეთ. ყველა მეგობარს, ნაცნობს შევატყობინეთ – კავშირები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნის „იეჰოვას მოწმეებთან“ მქონდა – სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში; აგრეთვე ჩემი საკრებულოს უხუცესებს შევხვდი. ისინი ჩემს დარწმუნებას ცდილობდნენ. ბოლოს, ამ წერილის საფუძველზე, ორგანიზაციიდან გაგვრიცხეს. ჩვენთვის ამის შემდეგ ეს სამყარო დაინგრა.
მამა გიორგი: ბევრი მათგანი, ვისაც მსგავსი გზა გაუვლია, ვინც ამავე ან სხვა ორგანიზაციიდან გავიდა, შინაგანად იტანჯება, მათ ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ, სამყარო მართლაც დანგრეული აქვთ. ამ სტადიაზე თქვენ რა დაგეხმარათ?
არტემ გრიგორიანი: იმის წარმოდგენაც კი მაშინებს, ჩემს მეუღლეს ორგანიზაციაში დარჩენა რომ გადაეწყვიტა. ასეთი მაგალითები ჩემთვის ცნობილია. ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ორგანიზაციიდან წავიდნენ, მაგრამ მათი ცოლები იქ დარჩნენ, ან პირიქით – ცოლი წავიდა, და ქმარი დარჩა. ამან მათი ცხოვრება გაართულა, ზოგიერთ შემთხვევაში განქორწინებამდე მივიდნენ, ოჯახები დაენგრათ. სხვა შემთხვევებში ადამიანები, ორგანიზაციაში მყოფი მხარის გადაწყვეტილებით, უშვილოები დარჩნენ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვამხნევებდით, ასევე იმის შეგნებაც მაძლიერებდა, რომ განვთავისუფლდი. თავისუფალი ვარ და შემიძლია წმინდა წერილის შესწავლას საკმაო დრო დავუთმო. მივხვდი, ამ მხრივ ჩემს წინაშე დიდი არჩევანია. იმის გაცნობიერებამ, რომ ბიბლიის შესწავლა თავისუფლად, ყოველგვარი ჩარჩოებს გარეშე შემიძლია, ფრთები შემასხა. რამდენიმე წელი ჩემი ძველი შეხედულებების გადახედვას მოვანდომე, დაბადების წიგნიდან ბოლომდე. ამან გამიტაცა და ამ ხნის განმავლობაში არაკონფესიური ქრისტიანობის საფეხურზე ვიყავი.
მამა გიორგი: სწორედ გუშინ ერთი ამერიკელის ნაამბობს მოვკარი თვალი – ისიც ყოფილი „იეჰოვას მოწმეა“. მას ბებია და პაპა, შემდეგ მშობლებიც „მოწმეები“ ჰყავდა, ანუ თვითონ მესამე თაობა იყო. პირველი, რამაც მას ორგანიზაციიდან წასვლა აიძულა, ბიბლიის ინგლისური თარგმანის, მეფე იაკობის ვერსიის წაკითხვა იყო. ალბათ ყველამ არ იცის, „იეჰოვას მოწმეებს“ ბიბლიის საკუთარი თარგმანი აქვთ, რომელიც ორგანიზაციის სწავლების მიხედვით არის გადაკეთებული. ამ ამერიკელისთვის აღმოჩენა იყო, რომ ნამდვილი ტექსტი სულ სხვაა. ეს კანონიკური, კლასიკური თარგმანი, რომელიც ჩვენს სინოდალურ თარგმანთან ახლოსაა, მისთვის საბოლოოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მისასვლელი ხიდი გახდა. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? მრავალწლიანმა ძიებამ სწორედ მართლმადიდებლობაში როგორ მოგიყვანათ?
არტემ გრიგორიანი: უპირველეს ყოვლისა ეს იმის გაცნობიერებას უკავშირდება, რომ გადამოწმებისას წმინდა წერილი არ აღმოჩნდა თავისთავად გასაგები, როგორც ამას კლასიკური პროტესტანტული თეზისი – sola scriptura („მხოლოდ წმინდა წერილი“) – ამტკიცებს. წმინდა წერილით რაც უფრო მეტად ვინტერესდებოდი, მით უფრო სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს ვხვდებოდი. საქმე არა მარტო განმარტებების ვარიანტებს, არამედ ჰერმენევტულ მიდგომებს, ეგზეგეტურ მეთოდებს ეხებოდა. მესმოდა, რომ ძალიან არსებითია თვით ტექსტოლოგიის საკითხი, ანუ ამა თუ იმ კოდექსის რომელი საკითხავია უფრო მეტად ავთენტური, უფრო ძველი?
ბიბლეისტიკით გატაცებამ იმის შეცნობამდე მიმიყვანა, რომ უმეტესწილად გარკვეული კონფესიური ტრადიცია განსაზღვრავს, ბიბლიად რას მიიჩნევს. შევიტყვე, რომ არსებობს ე. წ. არაკანონიკური წიგნები, რომლებიც ძველთაგანვე ჩართულია წმინდა წერილში – პროტესტანტულ სამყაროში მათ როგორც აპოკრიფულს, უარყოფენ. ასევე შევიტყვე, არსებობს ძველი აღთქმის ტექსტოლოგიური საფუძვლები – მასორეტული ტექსტი, სეპტუაგინტა. ყოველივე ამან იმის შეცნობამდე მიმიყვანა, რომ წმინდა წერილის გაგება იმ ცოცხალი ტრადიციის გარეშე, რომელშიც ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა და იშვა, შეუძლებელია. ამან პირველწყაროების ძიებამდე მიმიყვანა. მივხვდი, რომ ზოგადპროტესტანტული იდეა, – ბიბლიის კითხვისას მასში ვხედავ იმას, რაც მწამს, – უსაფუძვლოა. ისინი ამგვარად ამტკიცებენ: „ჩვენ არანაირ აზრს არ ვდებთ, მხოლოდ იმას მოვიპოვებთ, რაც მის ზედაპირზე დევს“. ეს ილუზიაა. სინამდვილეში ტექსტი და ტექსტის გაგება – ერთი და იგივე არ არის.
როდესაც ეს ყოველივე გავაცნობიერე, დავფიქრდი: იმის შესაცნობად, თუ როგორ ესმოდათ ეს ტექსტები პირველ საუკუნეში, მოციქულთა თემებში, რომელ კრიტერიუმებზე შეიძლება დაყრდნობა? ამან უძველეს ქრისტიანობამდე მიმიყვანა. მახსოვს, როგორ წავედი მაღაზია „სიტყვა“-ში და შევიძინე მოციქულებრივ მამათა თხზულებების კრებული, ეს კრებული ეკლესიაში ახალი აღთქმის შემდეგ ყველაზე ავტორიტეტული და ძველია. მარკერით ყველა ის ადგილი მოვნიშნე, რომლებიც ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა. ეს ძველი მემკვიდრეობის არაჩვეულებრივი მარგალიტებია – „დიდაქე“, კლიმენტი რომაელის, ეგნატი ანტიოქიელის სწავლებები...
მამა გიორგი: ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს ქრისტე, მოციქულები. პირადად მათგან განისწავლნენ.
არტემ გრიგორიანი: ყველაზე მეტად ამან გამაოცა, რადგან, როგორც იცით, „მოწმეებს“ აქვთ თეორია, რომლის თანახმად მოციქულთა აღსრულების შემდეგ ტოტალური განდგომილება ისადგურებს. ანუ უკვე II საუკუნეში ჭეშმარიტება აღარ არის. ეს თეორია ყოველთვის ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მოციქულებს ცუდ მოძღვრებად წარმოაჩენს – გამოდის, მათ ვერ შეძლეს შეექმნათ თემები და ისე განესწავლათ, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ იმ იდეების ერთგულნი დარჩენილიყვნენ, რასაც ისინი ქადაგებდნენ. მივხვდი, ეს უკიდურესად ღმრთისმბრძოლი თეორიაა.
მამა გიორგი: თუკი თორმეტი მოციქულიდან ასეთი თემის შექმნა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო, მაშინ უფლის მიმართ ჩნდება კითხვა, რომელმაც ისინი გამოირჩია.
არტემ გრიგორიანი: დიახ, თუკი მივიჩნევთ, რომ მისი საქმე მოციქულთა აღსრულების შემდეგ დაირღვა, ეს ქრისტეს ტოტალური მარცხი, ღმერთის დამარცხება გამოვა. გამოდის, სახარების ძალა თვით მოციქულებში იყო, ხოლო როდესაც ისინი აღესრულნენ, ეს საქმე დაიშალა. ეს თეორია ძალიან ხელოვნურად მეჩვენებოდა. ამიტომ, როდესაც მივხვდი, ისეთი ადამიანების ტექსტებს ვკითხულობ, რომლებიც მოციქულებს პირადად იცნობდნენ, მსახურებაზე მათ მიერ იქნენ დადგენილნი, – ამან გამაოგნა. ამ ტექსტების წაკითხვის შემდეგ დავინახე, – ტრადიციული ქრისტიანობა არსებითად ის ქრისტიანობაა, რომელიც მოციქულებრივ მამებს ეპყრათ: ქრისტეს ღმრთაების აღიარება, ქრისტეს მიმართ ლოცვა, ეპისკოპატი, ევქარისტია, ანუ ევქარისტიის სწორედ იმგვარი გაგება, როგორიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია, ასევე იმქვეყნიური მისაგებლის იდეა. „იეჰოვას მოწმეები“ ყოველივე ამას უარყოფენ, გვიანდელ, IV საუკუნის შრეებად მიიჩნევენ, მაგრამ აქ (მოციქულებრივ მამებთან) ამას ვხედავთ I-II საუკუნეების მიჯნაზე. ეს იყო უმთავრესი ნაბიჯი მართლმადიდებლობის შესასწავლად.
მამა გიორგი: ჩემი ვარაუდით, „იეჰოვას მოწმეებთან“ გატარებული თხუთმეტი წლის შემდეგ, მათი დატოვებისა და წარსულთან გამოთხოვების მიუხედავად, კიდევ შემოგრჩათ ზოგიერთი წარმოდგენა, ჩვევა, მოლოდინი, რომლებიც იმ რეალობას არ ემთხვეოდა, რასაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსვლისას შეხვდით. ალბათ რაღაცის გადაჩვევა, რაღაცის მიჩვევა გიწევდათ, რაღაც უჩვეულო, უცნაური, არადამაკმაყოფილებელი იყო. იქნებ ამის შესახებ გვიამბოთ? ინტელექტუალური რწმენიდან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულების დაარსებულია, მართლმადიდებლური ცხოვრების პრაქტიკაზე გადასვლა როგორ განხორციელდა? სირთულე რაში მდგომარეობდა?
არტემ გრიგორიანი: ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვაა. სათქმელი მართლაც მაქვს. წარმოიდგინეთ, „იეჰოვას მოწმისთვის“ მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლაც კი შეუძლებელია, ლამის წარმართულ ბომონად მიაჩნიათ, მის ზღურბლზე გადაბიჯებაც კი არ შეიძლება. როდესაც ინტელექტუალურად ბოლოს და ბოლოს მართლმადიდებლობამდე მივედი, ჩემი სახლის გვერდით ტაძრის სიახლოვეს გავლისას, მსურდა იქ მღვდელთან სასაუბროდ შევსულიყავი. ეს როგორც ემოციური, ასევე სულიერი თვალსაზრისით ძალიან მჭირდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ძალა მოვიკრიბე და ტაძარში შევედი. სასანთლესთან ერთი დედაკაცი იდგა. მას ვკითხე: „შეიძლება მღვდელს გავესაუბრო?“ დედაკაცმა საკმაოდ უხეშად მიპასუხა: „რა გინდათ? მღვდელი რაში გჭირდებათ? რა ვერ გაიგეთ?“ „საუბარი მინდა, – ვუთხარი მე, – არცთუ მარტივი ისტორია მაქვს“. „რა რთული ისტორია გაქვს? მონათლული ხარ მაინც?“ „დიახ“. ბავშვობაში მართლაც მონათლული ვიყავი. „ჯვარს ატარებ?“ „არა, არ ვატარებ“. ამან ის მდგომარეობიდან გამოიყვანა და მითხრა: „ჯვარს თუ არ ატარებ – ღმერთი ვერ დაგინახავს“. რადგანაც მართლმადიდებლობის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცოდი, ვკითხე: „ამას რის საფუძველზე ამტკიცებთ, წმინდა მამათა ტრადიციას ეყრდნობით? იცით, მოციქულები ჯვრებს არ ატარებდნენ, და ღმერთმა რატომღაც დაინახა ისინი“. მან მომიგო: „აა, ჩემთან კამათი გინდა?“ და კინაღამ აყალმაყალი მოხდა. ტაძრიდან სასწრაფოდ გამოვედი. ასეთი იყო პირველი კონტაქტი, ასეთი იყო ღმერთის განგება. ჩემი ტაძარში დამკვიდრება ნამდვილი თემის საშუალებით მოხდა, სადაც ნახევარი წელი კატეხიზაცია მიმდინარეობს, ღმრთისმსახურების გარეშეცაა ურთიერთობები, ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი მოქმედებს. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმიტომ, რომ სრულფასოვანი მართლმადიდებლობა ვიხილე, სადაც ადამიანები მარტო სანთლების ასანთებად კი არ მოდიან, არამედ ევქარისტიული ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთმანეთს იცნობენ, ურთიერთსიყვარული აქვთ, საერთო ტრაპეზს იზიარებენ, წმინდა წერილს ერთად სწავლობენ. ამან, რა თქმა უნდა, გამაოცა. ამიტომ ღრმად მწამს, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მისია, რაც სექტანტების დახმარებას უკავშირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მათ უმჯობეს ალტერნატივას შევთავაზებთ. შემდეგ, როდესაც ადამიანებს ორგანიზაციიდან გამოსვლაში და ეკლესიის წიაღში დამკვიდრებაში ვეხმარებოდი, ბევრჯერ დავრწმუნდი, მათზე არავითარ ინტელექტუალურ არგუმენტს გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ხშირად ადამიანებს, რომლებიც სექტანტებს ეკამათებიან, უკვირთ: მათზე არგუმენტები რატომ არ მოქმედებს? თითქოსდა დამაჯერებელი მტკიცებულებები მოგვაქვს: საღმრთისმეტყველო, ეგზეგეტიკური, ისტორიული, უბრალოდ ლოგიკური, – მაგრამ ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ეს იმიტომ, რომ თავის დროს მათი დარწმუნების მიზეზი არგუმენტები არ ყოფილა, ისინი რაღაც სხვამ დაარწმუნა. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს უბრალოდ ქრისტიანული ცხოვრება ვუჩვენოთ. კონცეპტუალური საკითხები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განიხილებოდეს.
მამა გიორგი: ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამჟამადაც ამ ცხოვრებით ცხოვრობს. შეიძლება ყველანაირი საშუალება ისეთი თემური ცხოვრების ასაწყობად, როგორიც თქვენ ახსენეთ, ყოველ ტაძარში არ არის, მაგრამ სულიერი ცხოვრებისა და ასკეტური პრაქტიკის, რწმენასა და სიყვარულში ზრდის სიმდიდრით, მართლმადიდებლობას ძალუძს ყოფილი „იეჰოვას მოწმეები“ და პროტესტანტები გააკვირვოს, და აკვირვებს კიდეც. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ნაამბობისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით და თქვენი გზის შესახებ დაგვიმოწმეთ. ღმერთმა ინებოს, იმ ადამიანებმაც, ვისაც „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციაში იცნობდით და თქვენთვის ძვირფასნი არიან, ასევე იპოვონ გზა ჭეშმარიტი სარწმუნოების – მართლმადიდებლობისკენ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!
არტემ გრიგორიანი: დიდი მადლობა.
არტემ გრიგორიანს მღვდელი გიორგი მაქსიმოვი ესაუბრებოდა
2015 წლის 16 აპრილი
თარგმნა თამარ ერისთავმა მცირედი შემოკლებით
წყარო: http://www.pravoslavie.ru/put/78689.htm
ამავე თემაზე: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) – რა მოაქვს საქართველოსთვის „იეჰოვას მოწმეების“ სექტას
|
|