ათონის მთის წმ. კინოტის მემორანდუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მონაწილეობის შესახებ
V. დასკვნები
1. ემს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია – ქრისტიანული ეკლესიების და აღმსარებლობების ერთობის კულტივაცია ორი სახით: ა) როგორც საერთო ვალდებულება ურთიერთცნობისა, შეფასებისა, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობისა და სარწმუნოების საერთო მოწმობისა; და ბ) როგორც მოწოდება რწმენაში ერთობისკენ, ერთი ევქარისტიისკენ და განუყოფელი ეკლესიის ერთიანი ცხოვრებისკენ. მაგრამ ერთიცა და მეორეც შეუძლებელია, რადგან პროტესტანტები არ აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოება სწორედ ის სარწმუნოებაა, რომელიც დღეს უპყრია კონკრეტულ ისტორიულ მართლმადიდებელ ეკლესიას.
2. ემს-ის წევრი ეკლესიები ორიენტირებულნი არიან ერთმანეთის ნათლობის აღიარებისკენ, რაც „ერთობის“ კონკრეტულ ფორმას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა ანტიქალკედონიტებისა და გერმანელი პროტესტანტების ნათლობა. თუმცა, არამართლმადიდებელთა ნათლობის აღიარება, დოგმატური ერთობის არარსებობისას, არ ეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას.
3. ერთობლივი ლოცვები და ლიტურგიულ შეკრებებში მონაწილეობა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა ემს-ის ეკუმენისტურ შეკრებებზე. მართლმადიდებელთა პროტესტის შემდეგ (1998 წ.) შემუშავებულ იქნა შესწორებები, რომლებმაც მაინც ვერ იმოქმედა ერთობლივი ლოცვების სტატუსზე.
4. ემს-ის მიზანი – ხილული საყოველთაო ქრისტიანული ერთობის მიღწევა – ეფუძნება პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას: „უხილავი“ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და მისი ხილული ისტორიული ფორმების შესახებ, რომელთაგან არც ერთი არ ფლობს სამოციქულო სარწმუნოების, კათოლიკეობის და მადლიანი ცხოვრების სისავსეს. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად ყოველთა ქრისტიანთა ერთობის ქვეშ იგულისხმება ყველა არამართლმადიდებლის დაბრუნება მართლმადიდებლობის წიაღში.
5. ემს-ში არსებობს ტენდენცია ქრისტიანთაშორისი ერთობის გაფართოებისა და მსოფლიოს ყველა რელიგიის ჩართვისა იმ საბაბით, რომ თითქოს ღვთისგან ცხონება ყველა ადამიანისთვისაა განსაზღვრული და ჩვენთვის უცნობია, რა საშუალებით ვლინდება ღვთის კაცთმოყვარება. ასეთი ერთობა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია, რადგან ღმერთი ცხონებას ყველა ადამიანს სთავაზობს, მაგრამ ადამიანები უარყოფენ მას და მიდიან გზებით, რომლებიც ხელს არ უწყობენ ცხონებას.
6. ზოგიერთი პროტესტანტული ჯგუფი ითხოვს ემს-გან, მიეცეთ ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, რომ ითხოვონ მათი უკიდურესი, არასახარებისეული ზნეობრივი არჩევანის (ჰომოსექსუალიზმი და ა.შ,) აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესია ვერ დაივიწყებს სახარებისეულ სწავლებას და ხელს ვერ შეუწყობს ცოდვას. ქალების მღვდლობა პროტესტანტულ დენომინაციებში ასევე სერიოზული გადახრის მაგალითია საეკლესიო გადმოცემიდან.
7. მართლმადიდებლურ მოწმობას მთლიანობაში არ იღებენ ემს-ის პროტესტანტული ეკლესიები, როგორც ეს აჩვენა ამ ორგანიზაციის 60 წლიანმა ისტორიამ, ასევე უფრო ხანგრძლივმა ისტორიამ მართლმადიდებლურ-პროტესტანტული კონტაქტებისა.
8. მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისთვის დიდი საშიშროებების მომტანია ემს-ში მონაწილე ზოგიერთი ღვთისმეტყველის მართლმადიდებლური აზროვნების ცვლილება.
9. ემს-ის ზეგავლენით მართლმადიდებლები და ანტიქალკედონიტები სხდომებზე ერთად სხედან, როგორც ემს-ის მართლმადიდებლური ფრთა და ერთმანეთს მართლმადიდებლებად აღიარებენ.
10. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მომავლის პერსპექტივას: დოგმატური ერთობის მიღწევის გარეშე აღდგომის ერთად დღესასწაულობისა და მსოფლიო ასამბლეის მოწვევის შემოთავაზებას.
11. მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ ემს-თან კავშირის გაწყვეტა – ერთადერთი საკითხია, რომელიც აქტუალური რჩება, რადგან ემს-ის წევრი პროტესტანტული ეკლესიები, როგორც ჩანს, არ თმობენ თავიანთ ეკლესიოლოგიურ შეხედულებებს. ემს-ში მონაწილეობით მართლმადიდებლები პრაქტიკულად უარყოფენ თავის იდენტურობას, და ამ შემთხვევაში კათოლიკები, რომლებიც ფორმალურად თავს იკავებენ ამგვარი მონაწილეობისგან, უფრო თანმიმდევრულებად გამოიყურებიან.
12. ემს-ში მონაწილეობისას მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია უპირატესობანი, პირიქით, ზიანდება. პროტესტანტები არ არიან განწყობილი ჩვენი სარწმუნოების მისაღებად, მათ სურთ მის გვერდით ყოფნა თავიანთ ეკლესიოლოგიასთან თანხმობით. ჩვენ, როგორც მართლმადიდებლებს, არ შეგვიძლია მონაწილეობა ემს-ში, რომლის შემადგენლობა, სტრუქტურა და ფუნქციონირება ეფუძნება პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას.
ათონის წმინდა მთა, 2007 წლის 18 თებერვალი.
კომისიის წევრები:
1. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი;
2. ფილოთეუს მონასტრის წინამძღვარი ბერი ლუკა;
3. გრიგორიატის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი.
http://www.bogoslov.ru/text/355452.html
|