თხრობანი წმ. გრიგოლ დიოლოღოსის დიალოღონიდან (ნაწ. 2)
თავი მეექვსე
ანკონის ეპისკოპოსი მარცელინი
იმავე ქალაქ ანკონში ეპისკოპოსად იყო ვინმე მარცელინი, რომელიც მკაცრად მოღვაწეობდა. მას ფეხები დაუავადდა და სიარული აღარ შეეძლო. ამიტომ, როდესაც სადმე გამგზავრება უხდებოდა, მსახურებს საკაცით მიჰყავდათ. ერთხელ, ვიღაცის დაუდევრობით, ანკონში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა სწრაფად იმძლავრა. ყველა ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, მაგრამ მიუხედავად მათი გულმოდგინე მცდელობისა, ცეცხლი სულ უფრო ძლიერდებოდა და მთელ ქალაქს გადაწვით ემუქრებოდა. როდესაც ცეცხლმა ახლოს მდებარე შენობები მოიცვა, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა და მის გავრცელებას ვერაფრით ეწინააღმდეგებოდნენ, ამ დროს ეპისკოპოსი გამოიყვანეს. საერთო უბედურებით შეძრულმა მარცელინმა, საკაცის მტვირთველებს უბრძანა საკაცე ცეცხლის წინ დაედგათ. როდესაც მათ ბრძანება შეასრულეს და საკაცე იქ დადგეს, სადაც ცეცხლი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ხანძარმა, ყველას გასაოცრად, იკლო და თითქოს თავადვე ამცნო იქ მყოფთ, რომ ვერ გადალახავს იმ ადგილს, სადაც ეპისკოპოსია. ამგვარად, შეჩერებული ხანძარი თავისით ჩაქრა და სხვა შენობები გადარჩა. გულისხმაყავ, საყვარელო პეტრე, რა სიწმინდით იყო მოსილი ეს უძლური ადამიანი, როდესაც შეძლო ლოცვით ჩაექრო საშინელი ცეცხლი.
პეტრე: ვხვდები და განცვიფრებული ვარ.
თავი მეშვიდე
ნონოზი, სარაქტის მთის მონასტრის ეკონომოსი
გრიგოლი: ახლა გიამბობ რა შევიტყვე ანკონის მეზობლად მდებარე ადგილის შესახებ, შენთვის ცნობილ პირებთან – ღირსეულ ეპისკოპოს მაქსიმინთან და მღვდელ-მონაზონ ლავრიონთან საუბრისას. ისინი ამჟამადაც ცოცხლები არიან. მოხუც ლავრიონს ქალაქ ნემეზის მახლობელ სუპენტონის მონასტერში მზრუნველობას უწევდა ვინმე ანასტასი, რომელიც წმიდა ცხოვრებას ეწეოდა. სუპენტონის მონასტერთან ახლოს, სარაქტის მთაზე, მდებარეობდა სხვა მონასტერი. იქ ერთმა ღირსმა მოსაგრემ, ეკონომოსმა ნონოზმა, ამაღლებული და მკაცრი ცხოვრებით გაითქვა სახელი. ამ მიზეზით და აგრეთვე მონასტერთან სიახლოვის გამო, ანასტასი ნონოზის სანახავად ხშირად მიდიოდა. ნონოზის მონასტრის წინამძღვარს ძალიან ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნონოზი მის მრისხანებას მუდამ საკვირველი სიმშვიდით ითმენდა. ის სიმშვიდით მთელ საძმოს აღემატებოდა და ხშირად თავისი სიმდაბლით წინამძღვარს ამშვიდებდა. რადგან მონასტერი მთის მწვერვალზე მდებარეობდა, ძმები ბოსტნის გასაშენებლად პატარა ადგილსაც ვერ პოულობდნენ. მთის ფერდზე ერთი ადგილი კი იყო, მაგრამ მას მთიდან გადმოშვერილი კლდე ფარავდა. ერთხელ წმიდა ნონოზმა გაიფიქრა, რომ ბოსტნისთვის ამ ადგილის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ კლდე იმდენად დიდი იყო, რომ ორმოცდაათი წყვილი ხარიც ვერ შეძლებდა მის გადაადგილებას, ადამიანური ძალა ამ საქმისთვის ხომ სრულიად უსუსური იყო. წმინდანმა ღმერთს მოუხმო შეწევნისთვის და ღამის სიწყნარეში ლოცვას მიეცა. დილით იქ მისულმა ძმებმა იხილეს, რომ უზარმაზარი ლოდი იმ ადგილიდან შორს გადავარდნილიყო და მათ ბოსტნისთვის ფართო სივრცე დარჩენოდათ.
ეს წმინდანი სხვა დროს ტაძრის სტოაში მინის კანდელებს ასუფთავებდა. ერთი კანდელი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. წინამძღვრის შიშით, ნონოზმა ნამსხვრევები მოაგროვა, საკურთხევლის წინ მოათავსა და სულთქმით ილოცა: ლოცვის შემდეგ წამომდგარმა ნახა, რომ კანდელი, რომლის ნამსხვრევებს შიშით აგროვებდა, გამთელებულიყო. ამგვარად, ამ ორი სასწაულის აღსრულებით, ის ორ წმინდანს მიემსგავსა: კლდის მოწყვეტით – წმიდა გრიგოლს, რომელმაც სიტყვით მთა გადააადგილა, ხოლო კანდელის გამთელებით – წმიდა დონატეს, რომელმაც დამსხვრეული ჭურჭელი აღადგინა.
პეტრე: ვხედავ, რომ წინათ აღსრულებული სასწაულები ამჟამადაც მეორდება.
გრიგოლი: თუ გსურს, იმასაც გიამბობ, რა აღასრულა წმიდა ნონოზმა წინასწარმეტყველ ელისეს მიბაძვით.
პეტრე: მოუთმენლად მსურს მოვისმინო.
გრიგოლი: ერთხელ მონასტერში ზეთი შემოაკლდათ. ამ დროს, თუმცა ზეთისხილის მოკრეფის დრო იყო, მონასტრის ბაღში ხეებს არაფერი ესხა. მონასტრის წინამძღვარმა ძმები ახლო მდებარე სოფლებში გაგზავნა, რომ სოფლელებს ზეთისხილის მოკრეფაში დახმარებოდნენ და შრომის საფასურით მონასტრისთვის ცოტაოდენი ზეთი შეეძინათ. ღმრთის კაცი ნონოზი უდიდესი სიმშვიდით წინ აღუდგა ამას, რადგან ეშინოდა, ძმათაგან ვინმეს, მონასტრიდან ზეთის მოსაპოვებლად გასვლის შემდეგ სულიერი ზიანი არ განეცადა. მონასტრის ბაღში ზეთისხილის ხეებს აქა-იქ ესხა ნაყოფი. წმიდა ნონოზმა ბრძანა მოეკრიფათ, გამოეწურათ მათგან ზეთი და მისთვის მიეტანათ. მისი ბრძანება შეასრულეს და ძმებმა გამოწურული ზეთი პატარა ჭურჭლით მიუტანეს წმინდანს. როდესაც ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, წმიდა ნონოზმა ზეთიანი ჭურჭელი საკურთხევლის წინ დადგა და ღმრთის მიმართ ილოცა. როდესაც ძმები დაბრუნდნენ, უბრძანა მონასტრის ყველა ჭურჭელში ცოტ-ცოტა ზეთი ჩაესხათ და ჭურჭლები დაეხურათ. როდესაც გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ზეთით ავსებულიყო.
პეტრე: ახლა ცხადია, როგორ მოუკლებელად აღესრულება უფლის სიტყვები: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს და მეცა ვიქმ“ (იოან. 5, 17).
თავი მერვე
ანასტასი – სუპენტონის მონასტრის წინამძღვარი
გრიგოლი: იმავე ხანებში ღირსი ანასტასი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ნოტარიუსად მსახურობდა რომის ეკლესიაში, რომელსაც ამჟამად, ღმრთის წყალობით, მე ვემსახურები. მან მოისურვა, ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა, წერილობითი საქმეები მიატოვა და საცხოვრებლად სწორედ ის სუპენტონის მონასტერი აირჩია, რომელიც უკვე ვახსენეთ. ანასტასი, როგორც მზრუნველი მწყემსი, მართავდა მონასტერს და ღვაწლში მრავალი წელი გაატარა. მთის წვერზე უზარმაზარი კლდე იყო გადმოშვებული, მის ქვემოთ კი ფრიალო კალთა ეშვებოდა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით უკვე მოახლოვდა დრო, მიწიერ ცხოვრებაში აღსრულებული ღვაწლისათვის ანასტასის მისაგებელი მიეღო, ერთ ღამეს ამ მაღალი კლდიდან ხმა გაისმა, რომელსაც დიდი ხმაური ახლდა: „ანასტასი, მოდი!“ ამის შემდეგ სხვა შვიდი ძმაც სახელდებით იქნა მოხმობილი. შემდეგ ხმა ცოტა ხნით მიჩუმდა, მაგრამ მალე კიდევ ერთ ძმას მოუხმო. ეს მთელ საძმოს ესმოდა და არავის ეეჭვებოდა, რომ იმათ აღსასრულს მოასწავებდა, ვისაც ხმამ მიმართა. მართლაც, რამდენიმე დღეში ჯერ ანასტასი აღესრულა, ხოლო შემდეგ დანარჩენებიც იმ თანამიმდევრობით, როგორც ხმამ მოუწოდა. იმ ძმამ, რომელიც ხმამ მცირეოდენი ხნის შემდეგ მიიხმო, დანარჩენ ძმებზე მეტ ხანს იცოცხლა და შემდეგ აღესრულა. აქედან ცხადია, რომ ხმის დუმილი რამდენიმე დღის სიცოცხლეს ნიშნავდა. ამ დროს ამგვარი სასწაული მოხდა: როდესაც წმიდა ანასტასის აღსასრული უახლოვდებოდა, მასთან ერთი ძმა მივიდა, რომელსაც არ სურდა წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ეცოცხლა, წმინდანის ფერხთით დავარდა და ცრემლით შეევედრა: „ღმერთის სახელს გაფიცებ, რომელთანაც მიიცვლები, არ დაუშვა, რომ შენი გარდაცვალების შემდეგ შვიდ დღეზე მეტ ხანს ვიცოცხლო“. მართლაც, არ გასულა შვიდი დღე ანასტასის გარდაცვალების შემდეგ, რომ ეს ძმაც აღესრულა, თუმცა იგი სხვებთან ერთად იმ ღამით ხმას არ მოუხმია. ცხადია, რომ მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვას შეეძლო მიენიჭებინა მისთვის აღსასრული.
პეტრე: მამაო, თუკი ძმა ამქვეყნიდან მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვით გავიდა და მას ხმამ არ მოუწოდა, ხომ არ შეიძლება აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დიდ წმინდანებს თავიანთი ლოცვით ზოგჯერ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც არ იყო ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული?
გრიგოლი: არა, რაც ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული არ არის, იმას ისინი ვერ მიიღებენ; რასაც თავიანთი ლოცვის პასუხად იღებენ, ის განსაზღვრულია, ანუ ის ლოცვის მეოხებით ისე უნდა აღესრულოს კიდეც. ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ თვით ცათა სასუფევლის დამკვიდრება იმგვარად არის წინასწარ განსაზღვრული, რომ რჩეულნი მას ღვაწლისათვის იღებენ; ისინი ლოცვით მოიპოვებენ ნიჭებს, რომლებიც ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ მათთვის იყო წინასწარგანსაზღვრული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
პეტრე: გთხოვ, მამაო, სრულად განმიმარტე: ლოცვა როგორ აღასრულებს წინასწარგანსაზღვრულობას?
გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ჩემ მიერ გამოთქმული მოკლედ ამგვარად შემიძლია განგიმარტო. შენ, უეჭველია, იცი, რა უთხრა ოდესღაც ღმერთმა აბრაამს: „ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად“ (დაბ. 21, 12) და აგრეთვე სხვა ადგილას: „მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ“ (დაბ. 17, 5). მას კიდევ ამგვარი აღთქმა მიეცა: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ“ (დაბ. 22, 17). ეს აღთქმანი ცხადად გვიჩვენებს – ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ აბრაამის თესლი ისააკს გაემრავლებინა. ამავე დროს, აი რას ვკითხულობთ სხვა ადგილას: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა ცოლისა თჳსისა რებეკასთჳის, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა“ (დაბ. 25, 21). თუკი წინასწარგანსაზღვრულობით აბრაამის შთამომავლობა ისააკისგან უნდა გამრავლებულიყო, მაშინ მისი ცოლი ბერწი რატომ იყო? სწორედ აქედან ჩანს, რომ წინასწარგანსაზღვრულობა ლოცვით აღესრულება, რადგან იმას, ვისაც აბრაამის შთამომავლობა უნდა გაემრავლებინა, შვილები მხოლოდ ლოცვით მიეცა.
პეტრე: მამაო, შენი სიტყვებით საიდუმლო გამეხსნა და უკვე არავითარი ეჭვი აღარ მაშფოთებს.
გრიგოლი: თუ გსურს, იმ წმიდა მამათა შესახებ გიამბობ, რომლებიც ტუსციაში ცხოვრობდნენ, რათა იცოდე როგორი მოღვაწეები იყვნენ იქ და თავიანთი შემეცნებით როგორ უახლოვდებოდნენ ღმერთს.
პეტრე: გულითადად გთხოვ, მიამბო მათ შესახებ.
თავი მეცხრე
ბონიფაცი, თერენტის ეპისკოპოსი
ქალაქ თერენტში ეპისკოპოსად იყო ვინმე ბონიფაცი, კეთილმოღვაწე კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით საეპისკოპოსო კათედრას ამშვენებდა. მის შესახებ პრესვიტერი გავდენცი მიამბობდა, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია. ის ბონიფაცის ხელმძღვანელობით იზრდებოდა და მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე იყო, ამიტომაც შეეძლო მასზე უტყუარი ცნობების მოწოდება. თერენტის ეკლესია იმ ხანად უკიდურეს შეჭირვებას განიცდიდა (სიღარიბე კეთილი ადამიანებისთვის, როგორც წესი, სიმდაბლის მცველია): მისი საარსებო სახსარი ერთადერთი ვენახი იყო. ერთხელ ისეთი ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომ მტევნები მთელ ვენახში აქა-იქ შემორჩა. როდესაც ამის შემდეგ ხსენებული ღმრთის მონა, ეპისკოპოსი ბონიფაცი, ვენახში შევიდა, ყოვლადძლიერ ღმერთს მადლობა შესწირა იმისთვის, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამს მწუხარება მოუვლინა. როდესაც ყურძნის დამწიფების დრო დადგა, ეპისკოპოსმა წესისამებრ ბრძანა მცველი დამდგარიყო ვენახში და დაავალა, რაც შეიძლება ფხიზლად ედარაჯა. შემდეგ თავის შვილიშვილს, პრესვიტერ კონსტანტინეს უბრძანა ყველაფერი მოემზადებინა, რაც ღვინისთვის იყო საჭირო, უპირველეს ყოვლისა კი, საეპისკოპოსოში მოემზადებინათ ჭურჭელი და კასრები, რომლებიც წინასწარ გაფისეს. ამგვარმა ბრძანებამ პრესვიტერი შვილიშვილი გააოცა, მას უცნაურად ეჩვენა: რისთვის ბრძანა ეპისკოპოსმა ღვინის ჭურჭლის მომზადება, როდესაც ღვინო (ყურძნის სიმცირის გამო) თითქმის არ უნდა დაწურულიყო? მაგრამ არ გამოუკითხავს, რის გამო გაიცა ამგვარი ბრძანება და ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ ღმრთის სათნო ბონიფაცი ვენახში წავიდა, დარჩენილი ყურძნის მტევნები დაკრიფა, საწნახელში ჩააწყო და ყველას უბრძანა წასულიყვნენ, მხოლოდ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად დარჩა და უბრძანა მას ჩასულიყო საწნახელში და მტევნები დაეჭყლიტა. ყურძენი საკმაოდ ცოტა იყო. როდესაც მცირეოდენი წვენი გამოიწურა, ღმრთის კაცმა საკუთარი ხელით პატარა ჭურჭელში ჩაასხა და ლოცვა-კურთხევით ყველა მომზადებულ კასრსა და ჭურჭელში გაანაწილა, ისე, რომ ზოგიერთ მათგანში თითქმის არაფერი ესხა. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა პრესვიტერს უბრძანა გლახაკები მოეხმო. როგორც კი ეს ბრძანება აღსრულდა, საწნახელში იმდენი ღვინო აღმოჩნდა, რომ უპოვართა ყველა ჭურჭელი გაივსო. როდესაც მათი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, წმინდანმა ყრმას უბრძანა საწნახელიდან ამოსულიყო; ამის შემდეგ მარანი დაკეტა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა და სახლში დაბრუნდა. მესამე დღეს პრესვიტერ კონსტანტინეს უხმო, ლოცვა აღავლინა და მარანი გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყველა ჭურჭელი, რომელშიც ეპისკოპოსმა რამდენიმე წვეთი ყურძნის წვენი ჩაასხა, ღვინით პირამდე ავსებულიყო და ცოტაც რომ დაეგვიანა, მარნის იატაკი ღვინით დაიფარებოდა. მაშინ მან პრესვიტერი მკაცრად გააფრთხილა, ბონიფაცის სიცოცხლეში ამ სასწაულის შესახებ არავისთვის ეთქვა. წმინდანს ეშინოდა, აღსრულებული სასწაულის გამო ადამიანთა მიერ არ განდიდებულიყო, რაც სულისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ამგვარად, იგი მოძღვარს ბაძავდა, რომელიც საკუთარი მაგალითით სიმდაბლეს გვასწავლიდა, როდესაც მოწაფეებს ამცნო მისი სასწაულების შესახებ არავისთვის ეთქვათ, ვიდრე „ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“ (მათ. 17, 9).
პეტრე: რამდენადაც შესაფერისი შემთხვევა მომეცა, მსურს დაგეკითხო, მამაო, რატომ აუკრძალა ჩვენმა მხსნელმა ორ ბრმას, რომელთაც თვალი აუხილა, გაენდოთ ვინმესთვის ეს სასწაული, მათ კი მთელ ქვეყანას ამცნეს (მათ. 9, 27-31)? ნუთუ მხოლოდშობილმა ძემ, მამისა და სული წმიდის თანასამარადისომ, ის განიზრახა, რაც არ აღსრულდებოდა, ანუ არ ესაუბრათ სასწაულის შესახებ, რომლის დაფარვაც შეუძლებელი იყო?
გრიგოლი: ყოველივეს, რასაც ჩვენი მხსნელი მოკვდავ სხეულში მყოფი აღასრულებდა, იმისთვის აღასრულებდა, რომ ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი მოეცა, რათა ჩვენ, ძალისაებრ გავყოლოდით მის ნაკვალევს და წაბორძიკების გარეშე გაგვევლო ამქვეყნიური ცხოვრების გზა. მან სასწაული აღასრულა და მისი გახმაურება აუკრძალა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ამით სურდა ეჩვენებინა, რომ თუკი ღმრთის რჩეულთ სურთ მიბაძონ მის მაგალითს და სწავლებას, როდესაც დიდ სასწაულს აღასრულებენ, გულის სიღრმეში უნდა ისურვონ, რომ ეს საქმე დაფარული დარჩეს, თუნდაც, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ეს საქმე სხვათა სასარგებლოდ გაცხადდეს. რადგან, როგორც სურვილი, რომ უდიდესი საქმეები დარჩეს დაფარულად, ნიშანია უდიდესი სიმდაბლისა, ასევე მათი გახმაურებით სარგებელს ჰპოვებენ სხვები. ამიტომ ღმერთს ენება არა ის, რომ შეუძლებელი რამ აღსრულებულიყო, არამედ მხოლოდ ჩვენი სწავლებისთვის სურდა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რა უნდა სურდეთ მისი (საიდუმლო) სხეულის ასოებს და რა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ სურვილს.
პეტრე: სრულიად გულსავსე ვარ, მამაო, შენი განმარტებით.
გრიგოლი: რამდენადაც წმიდა ბონიფაცის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მის მიერ აღსრულებული კიდევ რამდენიმე სასწაული მსურს გადმოგცე. ერთხელ მოწამე პროკულეს ხსენების დღე ახლოვდებოდა. მაშინ თერენტში ერთი სახელგანთქმული კაცი, სახელად ფორტუნატე, ცხოვრობდა. ის მომეტებულად ევედრებოდა ღირს ბონიფაცის, რომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ, ნეტარი მოწამის პატივად, სახლში სწვეოდა და დაელოცა. ღმრთის სათნო მამამ ფორტუნატეს გულითად თხოვნაზე უარი ვერ უთხრა. ამიტომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდგომ ეწვია კიდეც სახლში ტრაპეზის დროს. მაგრამ ვიდრე ტრაპეზის წინ ლოცვას დაასრულებდა, სახლის კართან ერთი კაცი გამოჩნდა მუსიკალური ინსტრუმენტებით და წინწილა აახმიანა (ზოგიერთებს აქვთ ამგვარი ჩვეულება, საჭმელი მუსიკის თანხლებით მიიღონ). წმინდანი უკმაყოფილოდ უსმენდა მუსიკის ჰანგებს და თქვა: „ჰოი, კვდება, კვდება ეს უბედური! მოვედი ამ სასიამოვნო ტრაპეზზე და უფლის დიდება ვერ მოვასწარი, რომ მან უკვე დაუკრა თავისი სიმღერა“. შემდეგ დაუმატა: „წადით, სიყვარულით შესთავაზეთ საჭმელ-სასმელი, მაგრამ იცოდეთ, რომ ის მკვდარია“. მართლაც, როდესაც ამ საცოდავ კაცს გაუტანეს პური და ღვინო და ის უკან გაბრუნდა, სახლის სახურავიდან უზარმაზარი ქვა გადმოვარდა და თავზე დაეცა. ის ცოცხალ-მკვდარი აიყვანეს და მეორე დღეს, წმინდანის წინასწარმეტყველების თანახმად, გამოეთხოვა სიცოცხლეს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი კეთილკრძალული შიში გვმართებს წმინდანთა მიმართ, რომელთა სულებშიც ცხადად მკვიდრობს ღმერთი! და როდესაც რისხვით აღივსება წმინდანი, ვისია ეს რისხვა, თუ არა იმისი, ვინც უხილავად მკვიდრობს წმინდანის სულში? ამიტომ მით უფრო უნდა გვეშინოდეს, რომ მართალი კაცი არ განვარისხოთ, რამდენადაც უეჭველია, რომ მის გულში მარად მკვიდრობს ის, რომელსაც თვისი ნებისაებრ ყოველთვის ძალუძს შურისგება.
ერთხელ ხსენებულმა პრესვიტერმა კონსტანტინემ, წმიდა ბონიფაცის შვილიშვილმა, თავისი ცხენი თორმეტ დრაჰკანად გაყიდა, ფული ზანდუკში ჩადო და საქმის გამო სადღაც გაემგზავრა. სწორედ ამ დროს ეპისკოპოსს სახლში გლახაკებმა მოაკითხეს და ევედრებოდნენ მათ უპოვარებას შეწეოდა, მაგრამ ღმრთის კაცს არაფერი ჰქონდა მათთვის რომ მიეცა და შეწუხდა, უპოვრებს ხელცარიელს რომ უშვებდა. უცებ გაახსენდა, რომ მისმა შვილიშვილმა ცხენი გაყიდა და ფული ზანდუკში ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში არ იყო, მოძებნა ზანდუკი, წმიდა განზრახვის აღსრულების მიზნით გატეხა საკეტი, ამოიღო თორმეტი დრაჰკანი და თავისი შეხედულებისამებრ გაუყო უპოვართ. როდესაც კონსტანტინე დაბრუნდა, ნახა, რომ ზანდუკი გატეხილი იყო და შიგ ფული აღარ იდო. ძლიერ განრისხებულმა ხმამაღლა იყვირა: „აქ ყველა თავის ნებაზე ცხოვრობს, მარტო მე არა მაქვს ჩემს ნებაზე ცხოვრების უფლება!“ ამის გაგონებაზე ეპისკოპოსი და საეპისკოპოსოს მცხოვრებნი გამოვიდნენ. წმინდანმა პრესვიტერის დამშვიდება სცადა, ის კი ყვირილს განაგრძობდა: „ყველა მშვიდად ცხოვრობს შენს მონასტერში, მარტო მე არ მაძლევ მოსვენებას! დამიბრუნე ფული!“ დამწუხრებული ეპისკოპოსი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარში შევიდა, შეიმოსა სამღვდელო შესამოსელი, ხელები ზეცად აღაპყრო და ყოვლადწმიდას მიმართ ლოცვა დაიწყო, რომ ის შეწეოდა პრესვიტერის უგუნური მრისხანების დაცხრომაში. ლოცვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა შესამოსლის უბეში თორმეტი დრაჰკანი აღმოაჩინა, რომლებიც ისე ბრწყინავდნენ, თითქოს ახალი მოჭრილი იყო. ის მაშინვე განრისხებულ პრესვიტერთან დაბრუნდა და დაუბრუნა ფული სიტყვებით: „აჰა, შენი ფული, მაგრამ იცოდე, სიძუნწის გამო ჩემი სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსი ვერ გახდები!“ წმინდანის სიტყვებიდან ჩანს, რომ პრესვიტერი ამ ფულს ეპისკოპოსობის სურვილის გამო აგროვებდა. წმინდანის წინასწარმეტყველება ახდა: კონსტანტინე პრესვიტერის ხარისხში აღესრულა.
ერთხელ წმიდა ბონიფაცის მონასტერში ორი გუთი შემოვიდა, ისინი რავენაში მიიჩქაროდნენ. წმინდანმა მათ პატარა ჭურჭელში ღვინო ჩაუსხა, რათა გზაში ენუგეშათ. ამ პატარა ჭურჭელში გუთებს ღვინო თვით რავენამდე არ გამოლევიათ. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს იქ, ღვინოს ყოველდღე სვამდნენ და ის არ იკლებდა. ბოლოს იმავე გზით დაბრუნდნენ თერენტში წმინდანთან, ღვინოს ყოველდღიურად სვამდნენ, მაგრამ ჭურჭელს სასმელი არ აკლდებოდა: ღვინო კი არ იმატებდა, არამედ არ აკლდებოდა.
ახლახან იმ მხარიდან ერთი მოხუცი კლერიკოსი (სამღვდელო დასის წევრი) მეწვია. არ შემიძლია არ გადმოგცე მისი მონათხრობი წმიდა ბონიფაცის შესახებ. ერთხელ წმინდანმა მონასტრის ბაღში ნახა, რომ მცენარეებს ჭია შესეოდა, განსაკუთრებით ბოსტნეული იყო განადგურებული. მაშინ მან მიმართა ჭიაღუას: „სახელითა იესო ქრისტესითა, გიბრძანებ, დატოვო ბოსტნეული და აღარ გაანადგურო“. ჭიაღუა მყისვე სადღაც უკვალოდ გაქრა. ეს სასწაულები წმიდა ბონიფაციმ ეპისკოპოსის ხარისხში მყოფმა აღასრულა, როდესაც ხარისხის მადლთან ერთად ზნეობრივადაც წარემატებოდა ღმერთის წინაშე, რაც არ არის იმდენად გასაკვირი, რამდენადაც ის სასწაულები, რომელთაც, როგორც ის მოხუცი კლერიკოსი მოგვითხრობდა, სიყრმეში აღასრულებდა. იმ დროს, როდესაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხშირად სახლში დაბრუნებულს სამოსი არ ეცვა, რადგან სხვადასხვა სახლში სტუმრობისას, თუკი შიშველ გლახას ნახავდა, იხდიდა და აძლევდა იმ იმედით, რომ თვით ღმერთი, რომლის თვალთა წინაშე აღასრულებდა სიკეთეს, მიაგებდა მას. დედა ხშირად ტუქსავდა და საყვედურობდა, რატომ აძლევდა სხვებს ტანსაცმელს, როდესაც თვითონაც ღარიბი იყო. ერთხელ ის ბეღელში შევიდა, სადაც მთელი წლის სამყოფი ხორბალი ეგულებოდა და ბეღელი ცარიელი დახვდა. მის ვაჟს ხორბალი გლახაკებისთვის მიეცა. დედა სასოწარკვეთილებამ მოიცვა და უნუგეშოდ ატირდა, რომ სარჩო მთელი წელი აღარ ექნებოდა. ბონიფაციმ დედის დამშვიდება სცადა, მაგრამ მისი სიტყვები არაფერს შველოდა. მაშინ მან სთხოვა დედას გასულიყო ბეღლიდან და ღმრთის წინაშე ლოცვას მიეცა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედას მოუხმო. ბეღელში იმაზე მეტი ხორბალი აღმოჩნდა, ვიდრე მას ზამთრისთვის ჰქონდა გადანახული. დედა გაოცდა ამ სასწაულის ხილვისას და ყრმის ლოცვის ძალა რომ შეიცნო, იმ დღიდან ხორბლის გაცემას თვითონ აიძულებდა. დედას ყოველთვის ჰყავდა სახლში რამდენიმე შინაური ფრინველი. მათ მელა შეეჩვია. ერთხელ, როდესაც ყრმა ბონიფაცი შემოღობილში იყო, სადაც ქათმები ჰყავდათ, მელამ მის თვალწინ მოიტაცა ერთი მათგანი. ყრმა მყისვე ეკლესიაში წავიდა და ღმერთს მიმართა: „ღმერთო, ნუთუ შენ გსურს, რომ დედის მიერ მომზადებული საჭმელი ვერც კი გავსინჯო? ის ზრდის ქათმებს, მელა კი გვიჭამს!“ ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული ხედავს: მელა დაბრუნდა და პირით მოტაცებული ქათამი მოიყვანა; ქათამს პირი გაუშვა და ბონიფაცის თვალწინ უსულოდ დაეცა.
პეტრე: საკვირველია, როგორ აღასრულებს ღმერთი მსასოებელთა მისთა ვედრებას, თვით ამგვარ უმნიშვნელო საგნებთან დაკავშირებითაც კი.
გრიგოლი: ეს ყოველივე, საყვარელო პეტრე, ჩვენი ყოვლადბრძენი შემოქმედის განზრახვით აღესრულება, რათა როდესაც მივიღებთ მცირედს, აღვზარდოთ ჩვენში სასოება, რომ მივიღებთ უმეტესსაც. უბრალო და ღმრთისმოსავმა ყრმამ იხილა თავისი გულწრფელი სურვილის აღსრულება და ამით უნდა მიმხვდარიყო, როგორი კადნიერება შეიძლება ჰქონოდა ღმერთის წინაშე, როცა უმეტესს გამოითხოვდა.
პეტრე: მართალს ბრძანებ, მამაო.
თავი მეათე
ტუდერტის ეპისკოპოსი ფორტუნატე
გრიგოლი: იმავე ქვეყანაში, ქალაქ ტუდერტში, ეპისკოპოსად იყო ვინმე ფორტუნატე, რომელიც ღმრთის სათნოდ ცხოვრობდა. მან ღმერთისგან უჩვეულო ნიჭი მიიღო – არაწმიდა სულებს განაგდებდა, ზოგჯერ მისი ლოცვის ძალით ეშმაკთა მთელი ლეგიონები ტოვებდნენ მათ მიერ შეპყრობილ ადამიანებს. ასეთივე უმტკიცესი ლოცვის მეოხებით განაგდებდა ის მასზე თავდამსხმელ ეშმაკთა მხედრობას. წმიდა ფორტუნატესთან დაახლოებული იყო ჩვენი ეკლესიის დეფენსორი იულიანე, რომელიც ახლახან რომში აღესრულა. სწორედ მისი მონათხრობი მსურს გადმოგცე. იულიანე, ფორტუნატესთან სიახლოვის გამო, ხშირად მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე ხდებოდა და ისეთი საამო იყო წმინდანის შესახებ მისი მოგონებების მოსმენა, თითქოს მის ბაგეთაგან თაფლი მოწვეთავდა.
ერთ დიდგვაროვან ქალბატონს ტუსციის მახლობლად ჰყავდა რძალი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაჰყვა ცოლად მის ვაჟს. ერთხელ დედამთილმა ის ქმართან ერთად მიიწვია, რათა ერთად დასწრებოდნენ წმიდა სებასტიანეს ტაძრის კურთხევას. ღამით რძალმა თავი ვერ შეიკავა ქმართან თანაცხოვრებისაგან. დილით ამ თავშეუკავებლობის გამო სინდისის ძლიერი ქენჯნა იგრძნო, მაგრამ შერცხვა უარი ეთქვა მიწვევაზე. ამგვარად, უფრო ადამიანთა მიმართ პირმოთნეობით, ვიდრე ღმრთისმოშიშებით, დედამთილთან ერთად ტაძრის კურთხევაზე გაემგზავრა. როდესაც ტაძარში წმიდა მოწამე სებასტიანეს წმიდა ნაწილები შეაბრძანეს, რძალს ბოროტი სული ეკვეთა და ყველას თვალწინ ტანჯავდა. ტაძრის ერთ-ერთმა პრესვიტერმა საკურთხევლიდან სინდონი გამოიტანა და შეპყრობილს დაადო, მაგრამ არაწმიდა სული მასაც ეკვეთა. ამას მოწმობდა პრესვიტერის დაუცხრომელი შეტევები. დედაკაცი ტაძრიდან სახლში გადაიყვანეს. ძველისძველი კაცის მკვლელი (ეშმაკი) მუდმივად ტანჯავდა მას. შეპყრობილის მშობლებმა მისადმი სიყვარულით (თუმცა არა სულიერი, არამედ ხორციელი სიყვარულით), ყოველგვარ საშუალებას მიმართეს, რათა განეკურნათ, ბოლოს ვიღაც ექიმბაშებს მიჰგვარეს: თითქოსდა სურდათ, რომ ჯადოქრული საშუალებებით ხორციელად გაეჯანსაღებინათ, მაგრამ საბოლოოდ წარეწყმიდათ მისი სული. ექიმბაშებმა ის მდინარესთან მიიყვანეს, წყალში ჩაიყვანეს და ხანგრძლივი შელოცვა დაიწყეს, რომ მისგან არაწმიდა სული განედევნათ. მაგრამ აღსრულდა ყოვლისშემძლე ღმერთის გამოუკვლეველი განგებულება: ისინი ჯადოსნური ხელოვნებით მისგან ერთი დემონის განდევნას ცდილობდნენ, მაგრამ ქალს ეშმაკთა მთელი ლეგიონი დაეუფლა. ამის შემდეგ სნეული ძლიერ იგვემებოდა და ისე გაშმაგებით ყვიროდა, როგორც ეშმაკთა ლეგიონისგან იყო მოსალოდნელი. რაკი იხილეს თავიანთი ცრურწმენის ნაყოფი, სნეულის მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით ის ეპისკოპოს ფორტუნატესთან მიიყვანეს და მას მიანდეს. მას უარი არ უთქვამს სნეულის მიღებაზე და დიდხანს, დღედაღამ ლოცულობდა, გააძლიერა ლოცვები იმის გამო, რომ ცხადი იყო, ერთი ადამიანისგან მთელი ლეგიონი უნდა განედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ ფორტუნატემ ის სრულიად განკურნებული გადასცა მშობლებს, თითქოს მანამდე არაფერი აწუხებდა.
სხვა დროს ამ ღმრთის სათნო მოღვაწემ ასევე განაგდო არაწმიდა სული ერთი ადამიანისგან. დაბინდებისას, როდესაც ქალაქში სრული სიმშვიდე სუფევდა, ეპისკოპოსის მიერ განგდებულმა არაწმიდა სულმა მწირის სახე მიიღო, ქალაქის ქუჩებში მიმოდიოდა და ყვიროდა: „აი, რა მიყო წმიდა ეპისკოპოსმა ფორტუნატემ! თავისი სახლიდან გააგდო მწირი! და აჰა, თავშესაფარს ვეძებ ქალაქში და ვერ მიპოვია!“ ეს ხმა მოესმა ერთ კაცს, რომელიც სახლში იყო და ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ბუხართან იჯდა. მან გამოჰკითხა მწირს, რა ჩაიდინა ეპისკოპოსმა, თავის სახლში მიიწვია და გვერდით მოისვა. მათ ერთმანეთისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრეს და არაწმიდა სული მასპინძლის მცირეწლოვან ვაჟს ეკვეთა, ცეცხლში ჩააგდო და დაახრჩო. უბედური მამა მაშინვე მიხვდა, ვინ გააგდო ეპისკოპოსმა და თავად სახლში ვინ შეიფარა.
პეტრე: როგორ, მამაო, კაცთმოძულეს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა იმის სახლში, ვინც იგი მწირად მიიღო?
გრიგოლი: მრავალი რამ, პეტრე, ჩვენ კარგად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის იმიტომ, რომ კეთილი მიზნით არ აღესრულება. ამიტომ ბრძანებს უფალი სახარებაში: „უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“ (მათ. 6, 23). თუკი მოქმედებას არაწმიდა მიზანი უძღვის წინ, მაშინ იგი უკეთური იქნება, კარგადაც რომ გვეჩვენებოდეს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც: შემდგომმა სასჯელმა ცხადყო, რომ საქმე არაწმიდა მიზნით აღესრულა. ვფიქრობ, ეს ადამიანი, რომელმაც სტუმართმოყვარეობის გამო ვაჟი დაკარგა, დაისაჯა იმიტომ, რომ კეთილი საქმე არა ღმრთისმოშიშებით, არამედ ეპისკოპოსის დაკნინების მიზნით გააკეთა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ კეთილი საქმე მხოლოდ იმიტომ გააკეთონ, რომ სხვების სიკეთე დაკნინდეს: მათ ახარებთ არა სიკეთის კეთება, არამედ თავიანთი სათნოებით სხვისი დამცირება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელმაც არაწმიდა სულს გაუწია მასპინძლობა, უფრო მეტად ამპარტავნებით იყო აღძრული, ვიდრე – სიკეთის ქმნის სურვილით; მას სურდა ყველას გაეგო, რომ ის სათნოებით ეპისკოპოსს აღემატა, რომ მან შეიწყნარა ის, ვინც ღმრთის სათნო ფორტუნატემ გააძევა.
პეტრე: სწორად მსჯელობ. შედეგი ცხადყოფს, რომ საფუძვლად ამ საქმეს არაწმინდა გულისსიტყვა ედო.
გრიგოლი: ერთხელ ამგვარი რამ მოხდა: ერთმა ადამიანმა თვალისჩინის დაკარგვის გამო წმინდანს მიმართა და მიიღო კიდეც შეწევნა. როგორც კი ღმრთის კაცმა ლოცვა აღავლინა და თვალებზე ჯვარი გამოსახა, წყვდიადი მის თვალთაგან მაშინვე გაიფანტა და მხედველობა აღუდგა. ერთი მეომრის ცხენი გაშმაგდა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა და ვინც მიუახლოვდებოდა, სასტიკად კბენდა. ბოლოს შეკრეს იგი და წმიდა ფორტუნატეს მიჰგვარეს. როგორც კი მას წმინდანმა ჯვარი გადასახა, მისი სიშმაგე სადღაც გაქრა და ცხენი იმაზე უფრო თვინიერი გახდა, ვიდრე გაშმაგებამდე იყო. მეომარმა ცხენის სასწაულებრივი განკურნება რომ იხილა, გადაწყვიტა ის წმინდანისთვის ეჩუქებინა. წმინდანმა უარი თქვა საჩუქრის მიღებაზე, მაგრამ რადგან მეომარი დაჟინებით სთხოვდა არ უგულვებელეყო მისი საჩუქარი, წმინდანმა ორ უკიდურესობას შორის შუალედური ამოირჩია. მან შეიწყნარა მეომრის თხოვნა, მაგრამ იქამდე არ დათანხმდა ცხენის მიღებაზე, ვიდრე მისი საფასური არ გადაიხადა. წმინდანს არ უნდოდა შემომწირველის უარით შეურაცხყოფა და სიყვარულით აღძრულმა იყიდა მისგან ის, რაც სრულებით არ სჭირდებოდა.
არ შემიძლია არ გიამბო ის, რაც ამ წმინდანის შესახებ შევიტყვე თორმეტიოდე დღის წინ. ჩემთან ერთი ღარიბი მოხუცი მოვიდა. რადგან განსაკუთრებით მიყვარს საუბარი მოხუცებთან, სადაურობა ვკითხე და შევიტყვე, რომ ქალაქ ტუდერტიდან იყო. „მითხარი, ხომ არ იცნობდი ეპისკოპოს ფორტუნატეს?“ – დავეკითხე. „ვიცნობდი და თან ძალიან კარგად“, – მიპასუხა მოხუცმა. „მითხარი, გეთაყვა, – განვაგრძობდი მე, – ხომ არ იცი მის მიერ აღსრულებული რაიმე სასწაული და აღმიწერე ეს წმიდა კაცი“. „ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, – მითხრა მოხუცმა, – რასაც სთხოვდა ყოვლისშემძლე ღმერთს, ყოველთვის უსრულდებოდა. მხოლოდ ერთ სასწაულს გიამბობ, რაც ამწუთას მომაგონდა. ერთხელ რავენაში მიმავალმა გუთებმა ქალაქ ტუდერტში გაიარეს და ქალაქის ახლოს მდებარე სოფლიდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს. როგორც კი ამის შესახებ წმიდა ფორტუნატეს ამცნეს, მან დაუყოვნებლივ უხმო გუთებს. წმინდანმა მშვიდად დაიწყო მათთან საუბარი და ცდილობდა მათი სიფიცხე ალერსით დაეცხრო. შემდეგ დაეკითხა: „რას ისურვებთ გამოსასყიდად იმ ორი ბიჭუნას სანაცვლოდ? მე გამოსასყიდს მოგცემთ, ხოლო თქვენ, ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშნად, დამიბრუნეთ ყრმები“. ამაზე გუთმა, რომელიც პირველობდა დანარჩენებს შორის, უპასუხა: „გვთხოვე რაც გინდა, მზად ვართ შეგისრულოთ თხოვნა, მაგრამ ამ ბიჭებს არანაირი გამოსასყიდის ფასად არ დაგიბრუნებთ“. წმინდანი მშვიდად დაემუქრა: „ამაოდ აურვებ მამას, შვილო ჩემო, ნუ დამამწუხრებ, რათა უსიამოვნო არაფერი შეგემთხვეს“. მაგრამ გუთმა, გულქვაობის გამო, უარი უთხრა წმინდანს და წავიდა. მეორე დღეს, გამგზავრების წინ, იგივე გუთი კვლავ მივიდა წმინდანთან და მან კვლავ გაუმეორა თხოვნა, დაებრუნებინა ყრმები. გუთმა ისევ იუარა. „იცოდე, გზაში უბედურება შეგემთხვევა, რადგან დამამწუხრე“, – უთხრა უკმაყოფილოდ წმინდანმა. გუთმა ეს სიტყვებიც უყურადღებოდ დატოვა, დაბრუნდა სახლში, სადაც გაჩერებული იყო, ბიჭუნები ცხენზე შესვა და ამხანაგებთან ერთად გაამგზავრა, თვითონ კი ცხენით უკან გაჰყვა. როდესაც წმიდა პავლეს ტაძრის სიახლოვეს ჩაიარა, მისმა ცხენმა წაიბორძიკა, მხედარი ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ის აიყვანეს და უკან დააბრუნეს. მან მაშინვე გაგზავნა კაცი ყრმების დასაბრუნებლად და წმიდა ფორტუნატეს სთხოვა თავისი მსახური გამოეგზავნა. როდესაც მსახური მოვიდა, სნეულმა, რომელიც ადრე უარს აცხადებდა ყრმების დაბრუნებაზე, მყისვე გადასცა ისინი მსახურს სიტყვებით: „წადი და უთხარი ჩემს ბატონ ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და აჰა, დაშავდა; დაიბრუნე ყრმები, რომელთაც ითხოვდი და შეეწიე მას“. მსახურმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა ეპისკოპოსს ყრმები. ნეტარმა ფორტუნატემ მას ნაკურთხი წყალი მისცა, რათა სნეულისთვის ესხურებინა. მსახური დაბრუნდა გუთთან და ნაკურთხი წყალი აპკურა სხეულზე. საკვირველი და მიუწვდომელი საქმე აღესრულა! როგორც კი წყალი მტკივან ადგილზე ესხურა, სნეულება გაქრა და ძვალი ძველებურად გამთელდა, ისე, რომ გუთი მყისვე წამოდგა სარეცელიდან და გზა განაგრძო, თითქოს არაფერი მოსვლოდა. ამგვარად, გუთი, რომელმაც არ ისურვა წმინდანს დამორჩილებოდა და ყრმები ფულის სანაცვლოდ დაებრუნებინა, საღმრთო სასჯელმა აიძულა დაებრუნებინა ისინი გამოსასყიდის გარეშე“. გარდა ამ შემთხვევისა, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს სხვა სასწაულებიც მიამბო, მაგრამ რადგან სულიერი რჩევის მისაღებად მელოდნენ და ძალიან გვიან იყო, მას დიდხანს ვერ მოვუსმენდი, თუმცა, როცა შესაძლებლობა მაქვს, მუდამ მზად ვარ სიამოვნებით ვუსმინო მონათხრობს ამ წმინდანის შესახებ.
სხვა სტუმრობის დროს, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს მიერ აღსრულებული კიდევ უფრო საოცარი სასწაული მიამბო. „ქალაქ ტუდერტში, – მითხრა მან, – ორ ხორციელ დასთან ერთად ვინმე მარკელე ცხოვრობდა, ის პატიოსანი კაცი იყო. მარკელე ავად იყო და აღდგომის წინ, შაბათს საღამოს აღესრულა. რადგან სასაფლაო შორს იყო, ის იმ დღესვე ვერ დაასაფლავეს, მაგრამ როდესაც დაკრძალვის დრო დადგა, მარკელეს დები, დანაკარგით დამწუხრებულნი, წმიდა ფორტუნატესთან მივიდნენ და ცრემლითა და სულთქმით შეევედრნენ: „ვიცით, რომ მოციქულთა მსგავს სასწაულებს ახდენ: კეთროვანთ კურნავ, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებ, – მოდი და აღადგინე მკვდრეთით ჩვენი ძმა“. წმინდანმა მათი ძმის აღსრულების შესახებ რომ გაიგო, ატირდა და დებს უთხრა: „წადით, და ნუ ითხოვთ ამას; ყოველივე ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით ხდება, მისი წინააღდგომა არავის ძალუძს“. ისინი წავიდნენ, მაგრამ ეპისკოპოსი მათი ძმის სიკვდილის გამო კვლავ დამწუხრებული იყო. მომდევნო დღეს, კვირას, გათენებამდე, იგი ორი მსახურის თანხლებით მიცვალებულის სახლისკენ გაემართა. როდესაც მიუახლოვდა სარეცელს, სადაც უსულო გვამი ესვენა, ღმრთის მიმართ ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასრულების შემდეგ მიცვალებულთან ჩამოჯდა და ხმადაბლა მიმართა: „ძმაო, მარკელე!“ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა მან ეს სიტყვები, მიცვალებულმა, თითქოს ძილში ჩაესმაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და თქვა: „ჰოი, რა დამემართა, რა დამემართა!“ – „რა დაგემართა?“ – დაეკითხა ეპისკოპოსი. „გუშინ ჩემთან ორნი მოვიდნენ და სხეულთან განმაშორეს, ერთ მშვენიერ ადგილზე წამიყვანეს, დღეს კი ერთ-ერთი მათგანი ისევ მოვიდა ჩემთან და თქვა: „დააბრუნეთ ისევ იქ, იმიტომ, რომ ეპისკოპოსი ფორტუნატე ეახლა მას სახლში“. ეს თქვა და მაშინვე წამოდგა და ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მან დაკარგა ის ნეტარება, რომელიც პირველი სიკვდილის შემდეგ მიიღო, რადგან, თუკი ის პირველ სიკვდილამდე სათნოეყოფოდა ყოვლისშემძლე ღმერთს, უეჭველია, წმინდანის ლოცვებით გაძლიერებული, კიდევ უფრო მეტი სათნოებით იცხოვრებდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მაგრამ რად გვინდა ბევრი ლაპარაკი წმიდა ფორტუნატეს ღმრთის სათნო ცხოვრების შესახებ, როდესაც თვალწინ მისი უხრწნელი ნაწილები გვაქვს? როგორც სიცოცხლეში განდევნიდა ის ეშმაკებს, ყოველგვარი სნეულებისგან კურნავდა იმათ, ვინც რწმენით მიმართავდა, იმავეს აღასრულებს სიკვდილის შემდგომ უხრწნელი სხეულით.
– თუმცა, საყვარელო პეტრე, უნდა დავასრულო იმ წმინდანთა სასწაულების შესახებ თხრობა, რომლებიც ვალერიის ოლქში ცხოვრობდნენ, რომელთა შესახებაც მომითხრობდა ზემოთ ნახსენები ღირსი ფორტუნატე. ის ამჟამადაც ხშირად სტუმრობს ჩემთან, მიამბობს წმიდა მოღვაწეთა ცხოვრებებს და მუდამ სიხარულს მანიჭებს.
თავი მეთერთმეტე
ვალერიის ოლქის მკვიდრი მონაზონი მარტირი
ვალერიის პროვინციაში ცხოვრობდა ვინმე მარტირი, ღმრთის სათნო კაცი, და აი, რა აღასრულა მან თავისი სიწმინდის ნიშნად. ერთხელ მასთან მცხოვრებმა ძმებმა ღუმელში პური შეაცხვეს და მასზე ჯვრის გამოსახვა დაავიწყდათ. იმ მხარეში ცომზე ჯვარს გამოსახავენ და ამის გამო პური თითქოს ოთხად არის გაყოფილი. წმინდანი იქვე იყო და შენიშნა, რომ პურზე ჯვარი არ გამოუსახავთ. როდესაც პური ღუმელში მოათავსეს და ნახშირით და ფერფლით დაფარეს, წმინდანმა იკითხა: „რატომ არ გამოსახეთ ჯვარი?“ და მყისვე გადასახა ჯვარი ცომის მიმართულებით. ამის გამო პურმა ისე დაიტკაცუნა, თითქოს ცეცხლმა თიხის ჭურჭელი გახეთქა. როდესაც ღუმელიდან პური გამოიღეს, მასზე ჯვარი იყო გამოსახული, რომელიც გამოისახა არა შეხებით, არამედ – რწმენით.
თავი მეთორმეტე
იმავე ოლქის პრესვიტერი სევეროსი
იმავე ოლქში არის ინტერორინის ხეობა, რომელსაც მდაბიონი ინტეროკრინს უწოდებენ. მასზე აღმართულია ყოვლადწმიდა და მარადქალწულ მარიამის ტაძარი. ამ ტაძარში პრესვიტერად იყო ვინმე სევეროსი, რომელიც საკვირველ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ პრესვიტერს სთხოვეს სასწრაფოდ მოენახულებინა ერთი სახლი, სადაც მომაკვდავი ოჯახის უფროსი იწვა. ის სთხოვდა მღვდელს მისულიყო, რათა სინდისი განეწმინდა მისთვის სინანულის საიდუმლოთი, შევედრებოდა ღმერთს მისი ცოდვების გამო და მშვიდი აღსასრული გამოეთხოვა. როდესაც წარგზავნილნი მივიდნენ, პრესვიტერი ბაღში ხეებს სხლავდა და მთხოვნელთ დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ წავიდოდა, მაგრამ, რადგან ცოტაოდენი საქმე კიდევ ჰქონდა დარჩენილი, ოდნავ შეყოვნდა, რათა დაწყებული საქმე დაესრულებინა და შემდეგ წავიდა სნეულთან. გზაში მასთან მისული ადამიანები შემოხვდნენ და უთხრეს: „მამაო, რატომ დაიგვიანე? ნუღარ დაშვრები, ავადმყოფი გარდაიცვალა“. ამის გაგონებაზე პრესვიტერს ძლიერ შეეშინდა და საკუთარ თავს ხმამაღლა უწოდებდა ავადმყოფის მკვლელს. აცრემლებული მივიდა მიცვალებულის სარეცელთან და სულთქმით მიწაზე დაემხო. როდესაც ის უნუგეშოდ ტიროდა, თავს მიწას ახლიდა და თავს იდანაშაულებდა ავადმყოფის სიკვდილში, უეცრად მიცვალებულის სული სხეულში დაბრუნდა. იქ მყოფებმა (ისინი მრავლად იყვნენ) ამის დანახვაზე გაკვირვებისგან შეჰყვირეს და სიხარულით უფრო მეტი იტირეს, ვიდრე მანამდე დამწუხრებულნი ტიროდნენ. მკვდრეთით აღმდგარს დაეკითხნენ: სად იმყოფებოდა და როგორ დაუბრუნდა სული? „ვიღაც სამმა, – თქვა მან, – გამოიყვანა ჩემი სული და წამიყვანეს; მათი ნესტოებიდან და ბაგეებიდან აუტანელი ცეცხლი იფრქვეოდა. მათ ბნელი ადგილები მომატარეს; ამ დროს მშვენიერი გარეგნობის ჭაბუკი შემოგვხვდა, რომელმაც ჩემს მხლებლებს მიმართა: „დააბრუნეთ იგი, იმიტომ, რომ მას ცრემლით იგლოვს პრესვიტერი სევეროსი და ღმერთმა ეს სული მას მიმადლა ამ ცრემლებისთვის“. სევეროსმა ეს რომ მოისმინა, წამოდგა, გაცოცხლებულს სინანულის საიდუმლო განუმარტა და ღმერთს მისთვის ევედრებოდა. გაცოცხლებული კაცი შვიდი დღის განმავლობაში სინანულით წარხოცდა ჩადენილ ცოდვებს, ხოლო მერვე დღეს სიხარულით მიაბარა სული უფალს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი სიყვარულით შეისმინა უფალმა პრესვიტერ სევეროსის ლოცვა, როდესაც მისი მწუხარედ დატოვება არ ისურვა.
პეტრე: ჭეშმარიტად საკვირველი საქმეა! აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია. ამბობენ, რომ ამჟამად უკვე აღარ არიან ასეთი დიდი წმინდანები!
გრიგოლი: ვფიქრობ, საყვარელო პეტრე, ისინი ამჟამადაც მრავლად არიან. რაკი ეს მოღვაწეები ამგვარ სასწაულებს არ აღასრულებენ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი წმინდანები არ არიან. ცხოვრების შესახებ უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ნიშნებით, არამედ – ღვაწლის ხარისხის მიხედვით. მრავალნი თუმცა სასწაულებს არ აღასრულებენ, მაგრამ სასწაულთმოქმედ მამებს არაფრით ჩამოუვარდებიან.
პეტრე: მითხარი, გეთაყვა, როგორ დავრწმუნდე, რომ ისინი, ვინც სასწაულებს არ აღასრულებენ, არაფრით ჩამოუვარდებიან მათ აღმასრულებელთ.
გრიგოლი: მაგალითად, ნუთუ არ იცი, რომ მოციქულები პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი არიან?
პეტრე: ვიცი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ, თუმცა პავლე მოციქულთა შორის უმცირესს უწოდებდა თავს, მაგრამ მან სხვებზე უმეტესი იღვაწა.
გრიგოლი: მოიგონე: პეტრე წყალზე დადიოდა (მათ. 14, 29), ხოლო პავლეს ხომალდი დაემსხვრა ზღვაში (2 კორ. 11, 25); ერთსა და იმავე სტიქიასთან მიმართებაში – პავლემ ხომალდითაც კი ვერ შეძლო ცურვა, ხოლო პეტრე წყალზე ისე დადიოდა, როგორც ხმელეთზე. განა ცხადი არ არის: თუმცა სასწაულთა აღსრულებაში ერთნაირი ძალა არ გამოუვლენიათ, მათი დამსახურება ღმერთის წინაშე ერთნაირია.
პეტრე: სრულიად საკმარისია შენი განმარტება. ახლა ცხადად ვხედავ, რომ ცხოვრებას უნდა შეხედო, და არა – სასწაულებს, მაგრამ, რადგან სასწაულები წმიდა ცხოვრებას მოწმობს, ამიტომ გთხოვ, კიდევ მიამბო რაიმე – კეთილი მაგალითებით გამოზარდე ჩემი მშიერი სული.
გრიგოლი: ჩვენი გამომხსნელის სადიდებლად გიამბობ წმიდა ბენედიქტეს ზოგიერთი სასწაულის შესახებ. ახლა თავისუფალი დრო არა მაქვს და ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.
თარგმნა თამარ ერისთავმა
გაგრძელება
|