martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თხრობანი რუფინუსის „მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან“

 

თავი 2

მამისა ორესთვის

თებაიდაში ჩვენ შევხვდით კიდევ ერთ ღირსეულ ბერს – სახელად ორეს, რომელიც მრავალ სავანეს წინამძღვრობდა. ეს გახლდათ 90 წელს მიღწეული სასიამოვნო გარეგნობის მოხუცი – თოვლივით თეთრი, ქათქათა წვერით. თავის ანგელოზებრივ სამოსში ის მართლაც ღმრთის ანგელოზს მოგაგონებდათ. მისი მზერა რაღაც ზებუნებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. თავდაპირველად იგი უშინაგანეს უდაბნოში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქის შორიახლოს დასახლდა და იქ ზოგად-საცხოვრებელი სავანეც დააარსა. მის მოსვლამდე იმ არემარეში ერთ ბუჩქსაც კი ვერსად წააწყდებოდით. ბერმა სხვადასხვა ჯიშის უამრავი ნერგი შეაგროვა და თავისი ხელით დარგო სავანის გარშემო, რათა ძმებს (რომელთა შემოკრებასაც სულ მცირე ხანში აპირებდა) შეშის მოსატანად შორ მანძილზე წასვლა არ დასჭირვებოდათ. აი, ასე ზრუნავდა იგი ხორციელი საჭიროებისათვის. მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი მაინც ის იყო, რომ სარწმუნოებაში განემტკიცებინა და ხსნის გზაზე დაეყენებინა მისდამი მინდობილი სულები.

უდაბნოში ცხოვრებისას ბერი მხოლოდ ბალახებითა და მცენარეთა ფესვებით იკვებებოდა; წყალს ძალზე თავშეკავებულად სვამდა, სხვა სასმელის დალევის უფლებას კი იგი თავს არასოდეს აძლევდა; მთელ დღესა და ღამეს ლოცვასა და ფსალმუნთგალობაში ატარებდა. ასე მიაწია ხანდაზმულობის ასაკს. და, აი, ერთ დღეს მას ღმრთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

– აჰა, ნათესავად დიდად გყოს შენ ღმერთმან! შენგან დაიმწყსებიან ასობით და ათასობით ადამიანები, შენ მიერ განეღებათ მათ სასუფევლის კარი, და იქაც, ზეცათა სავანეებში, შენ უწინამძღვრებ თითოეულ მათგანს. ნურაფრის გეშინია: ძმებს არასოდეს მოაკლდებათ საზრდელი. შენ მხოლოდ ითხოვე და ყველაფერი უხვად მოგეცემა ღმრთისაგან.

ეს აღთქმა რომ მოისმინა, ბერმა მაშინვე მიატოვა თავისი ადგილსამყოფელი, ქალაქის მახლობლად ერთი ღარიბული ქოხი ააშენა და იმ ქოხში დასახლდა. აქ იგი სხვადასხვა ბოსტნეულით იკვებებოდა, თუმცა ამ ბოსტნეულსაც მხოლოდ ხანგრძლივი მარხვის შემდეგ მიიღებდა. წერა-კითხვა არასოდეს სცოდნია, მაგრამ როდესაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ხალხთან ურთიერთობა გახდა აუცილებელი, ღმერთმა მას წმინდა წერილის შეცნობის მადლი მიანიჭა და ისე თავისუფლად დაიწყო ბიბლიის კითხვა, თითქოს ეს მისთვის ჩვეული საქმიანობა ყოფილიყოს.

ბერი ეშმაკთა განსხმის საოცარ ძალასაც ფლობდა. ბოროტი სულებით შეპყრობილნი, თავიანთი ნებისდა საწინააღმდეგოდ, მიივლტოდნენ მისკენ და ხმამაღლა ღაღადებდნენ მის სიწმინდესა და ღვთივსათნო ღვაწლზე. ღირსი მამის ლოცვით სხვა სნეულებებით დაავადებულნიც იკურნებოდნენ.

მასთან სტუმრად მრავალი მონაზონი მოდიოდა. ერთ დღეს ჩვენც ვეწვიეთ. ძალიან გულთბილად და სიხარულით მიგვიღო: თავდაპირველად ლოცვა წარმოთქვა; შემდეგ, ჩვეულებისაებრ, ფეხები დაგვბანა; და ბოლოს სასაუბროდაც დავსხედით. ბერმა მრავალი ადგილი განგვიმარტა წმინდა წერილიდან (მას სწავლების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა), თან რჩევა-დარიგებებს გვაძლევდა და სარწმუნოებაშიც განგვამტკიცებდა. მერე კვლავ ლოცვას მიუბრუნდა. ასეთი ჩვეულება ჰქონდა: მანამდე არ დაიწყებდა ტრაპეზს, ვიდრე ქრისტეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარებოდა. ზიარების შემდეგ ბერმა ტრაპეზზე მიგვიწვია. თვითონაც ჩვენთან დაჯდა და კვლავ დიდხანს გვესაუბრებოდა. სხვათა შორის, აი რა მოგვითხრო:

– მე ვიცნობდი ერთ მეუდაბნოე ბერს, რომელსაც სამი წლის მანძილზე არავითარი ხორციელი საზრდელი არ მიუღია: სამ დღეში ერთხელ მისთვის ღმრთის ანგელოზს ზეციური პური მოჰქონდა და ეს პური შიმშილსაც უკლავდა და წყურვილსაც; კიდევ ერთ ადამიანს ვიცნობდი, რომელსაც ერთხელ, ზეციური მხედრობის სახით, ბოროტი სულები გამოეცხადნენ: მათი სამოსი ძალიან ჰგავდა ანგელოსთა შესამოსელს; ყველანი ცეცხლოვან ეტლებზე ამხედრებულიყვნენ, სხვადასხვა იარაღებით აღჭურვილნი – თითქოს უძლიერეს მტერთან საბრძოლველად ემზადებოდნენ. მათ თავიანთი მეუფეც ახლდათ, იგი ბერს მიუახლოვდა და უთხრა:

– შენ უკვე ყველაფერი აღასრულე, მხოლოდ ისღა დაგრჩენია, მოხვიდე და თაყვანი-მცე: როგორც კი ამას გააკეთებ, იმავე წამს ცეცხლოვანი ეტლით აღიტაცები ზეცაში ილიას მსგავსად.

ბერი შეყოყმანდა; „რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? – გაიფიქრა მან, – განა ყოველდღე არ ვცემ თაყვანს ჩემს უფალსა და მეუფეს? თუ ეს ჩემი მეუფეა, რატომ მთხოვს იმას, რასაც ისედაც განუწყვეტლივ ვაკეთებ?“ და მან თავის მოსაუბრეს ასე მიუგო:

– მე მყავს ჩემი მეუფე, რომელსაც დაუცადებელად ვემსახურები. შენ კი ჩემი მეუფე არა ხარ!

როგორც იქ მყოფი ბერებისგან შევიტყვეთ, ღირსი ორე თვითონ ყოფილა ის ადამიანი, ვისზედაც ამ საკვირველ ამბებს მოგვითხრობდა. ჭეშმარიტად დიდი მამა იყო იგი!

სხვათა შორის, აი კიდევ რა შეიძლება გავიხსენოთ მისი ქველის საქმეებიდან: როდესაც მონასტერში ახალი წევრი მოვიდოდა, ბერი მაშინვე შემოკრებდა ხოლმე მთელ ძმობას და ახალმოსულისთვის ერთ დღეში აშენებდა სენაკს. რა საოცარ გულმოდგინებასა და თავდადებას იხილავდით ამის შემსწრენი! ერთს აგური მოჰქონდა, მეორე თიხას ზელდა, მესამე წყალს ან შეშას ეზიდებოდა. და, აი, სენაკიც მზად იყო. შემდეგ მას ყოველმხრივ მოაწყობდნენ და ახალმოსულ ძმას გადასცემდნენ.

ერთხელ მონასტერში ერთი ცბიერი ძმა მოვიდა. მას ბერის მოტყუება ჰქონდა განზრახული: თავისი ტანსაცმელი სადღაც გადაემალა და თითქმის შიშველი იდგა ღირსი მამის წინაშე. მაგრამ ამ უკანასკნელმა დანახვისთანავე ამხილა უკეთური ძმა და ყველას თანდასწრებით გამოააშკარავა მისი მზაკვრობა. ამ სასწაულის ხილვაზე ძმები შიშმა მოიცვა და მას შემდეგ აღარავის გაუბედავს ბერის მოტყუება.

ასეთი გახლდათ მისი სულიერი სრულყოფილება, რომელიც მან მარხვით, მკაცრი თავშეკავებითა და სარწმუნოების სიწმინდით მოიპოვა. სავანეში მის გარდა კიდევ მრავლად იყვნენ ისეთები, რომელთაც სრულყოფილების უმაღლესი საზომისთვის მიეღწიათ და სული წმიდის მადლით გაბრწყინვებულიყვნენ. ასე რომ, როდესაც ძმები სალოცავად შეიკრიბებოდნენ ხოლმე ტაძარში, მათი მხედრობა ანგელოზთა მხედრობას ემსგავსებოდა და ისინი, სულითა და ხორცით განწმენდილნი, მოუკლებლად აქებდნენ და ადიდებდნენ თავიანთ შემოქმედს.

 

 

თავი 3

მამისა ამონისთვის

თებაიდაში ჩვენ შევხვდით ტაბენისიის მონასტრის იღუმენს აბბა ამონს, რომელიც სამი ათას მონაზონს წინამძღვრობდა. მისი საძმო განსაკუთრებით მარხვის ღვაწლით გამოირჩეოდა. ძმების ყოველდღიურ შესამოსელს ტუნიკა ანუ ლევიტონი წარმოადგენდა; ლევიტონის ზემოდან მანტიას ისხამდნენ; თავზე კუნკული ეხურათ, რომელსაც ტრაპეზის დროს სახეზე ჩამოიფარებდნენ ხოლმე, რათა არავის შეემჩნია, ვინ მეტ ანუ ვინ ნაკლებ საზრდელს მიიღებდა. სატრაპეზოში სრული მდუმარება სუფევდა, თავი უკაცრიელ უდაბნოში გეგონებოდათ, თუმცა, როგორც ვთქვით, ძმების რიცხვი აქ სამი ათასს აღწევდა. ისინი იმდენად მოკრძალებულად იქცეოდნენ, რომ ერთმანეთის მოღვაწეობა თითოეული მათგანისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ტრაპეზს ყველა ესწრებოდა, მაგრამ მიიღებდა თუ არა საზრდელს რომელიმე ძმა, ამის თქმა არავის შეეძლო. თითქოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იკრიბებოდნენ, რომ საჭმლისთვის გემო გაესინჯათ, დანაყრებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დამეთანხმებით, მარხვა და თავშეკავება მაშინ არის უფრო მეტად დასაფასებელი, როდესაც თავს იმისგან ვიკავებთ, რაც ჩვენს თვალწინაა და რაზედაც იოლად მიგვიწვდება ხელი.

 

 

თავი 4

მამისა ბენონისთვის

თებაიდაში მოგზაურობისას ჩვენ შევხვდით კიდევ ერთ ბერს – სახელად ბენონს, რომელიც თავისი სიმშვიდით მრავალ ადამიანს აღემატებოდა. მასთან მცხოვრები ძმები გვარწმუნებდნენ, რომ იგი არასოდეს არავის უნახავს განრისხებული, რომ ტყუილი ან ფიცი მისი პირიდან არასოდეს გამოსულა, და რომ ზედმეტ სიტყვას, ან რაიმე ფუჭს, უსარგებლოს ბერი არასოდეს იტყოდა. მთელი მისი ცხოვრება სრულ მდუმარებაში გადიოდა. კეთილი ზნე და წყნარი ხასიათი ჰქონდა; თუმცაღა, თავისი უსაზღვრო სიმდაბლის გამო, საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევდა. როდესაც შევევედრეთ, სულის სარგო რჩევა-დარიგება მოეცა ჩვენთვის, მან მხოლოდ ორიოდე სიტყვა გვითხრა შინაგანი სიმშვიდის შესახებ.

ერთხელ ჰიპოპოტამმა მეზობელი მხარის ნათესები მოაოხრა. დამწუხრებულმა მიწათმოქმედებმა ღირს ბენონს მიმართეს დახმარებისთვის. ბერი მართლაც ჩავიდა იმ მხარეში და ეს უზარმაზარი მხეცი რომ დაინახა, ასეთი სიტყვებით მიმართა:

– იესუ ქრისტეს სახელით გიბრძანებ, თავი ანებო ამ მიწების განადგურებას!

მხეცი იმწამსვე შეტრიალდა და გაიქცა. უკანმოუხედავად გარბოდა, თითქოს ღმრთის ანგელოზის მიერ იდევნებოდა.

მამებმა გვიამბეს, რომ ზუსტად ასევე ბერმა ერთხელ ნიანგიც განდევნა.

 

 

თავი 5

ოქსირინხი

ჩვენ ვეწვიეთ თებაიდის მხარის ერთ-ერთ ქალაქს – ოქსირინხს, სადაც ქრისტიანული კეთილმსახურების უამრავ მაგალითს წავაწყდით. ყველაფრის გადმოცემა არ მოხერხდება, აქ მხოლოდ მოკლე აღწერას დავჯერდებით.

ქალაქის შემოგარენის გარშემო ყოველი ფეხის ნაბიჯზე მონაზვნებს ვხვდებოდით, თვით შემოგარენის შიგნით კი მათი რიცხვი უსასრულოდ დიდი იყო. რაც კი წარმართული ტაძარი ან საზოგადოებრივი დაწესებულება არსებობდა ამ ქალაქში, ყველაფერი მონაზვნების სამოღვაწეო ადგილსამყოფელად ქცეულიყო. როგორც მოგვეჩვენა, ოქსირინხში გაცილებით უფრო მეტი მონასტერი იყო, ვიდრე კერძო საცხოვრებელი სახლი.

ქალაქი საკმაოდ დიდი და ხალხმრავალია. აქ თორმეტი ეკლესია მოქმედებს. მონასტრის ტაძრები არ შედიან ამ რიცხვში, არამედ თითოეულ მონასტერს თავისი ეკლესია აქვს. მონაზვნები ყველგან არიან: ქალაქის ყველა კარიბჭესთან, ყველა კოშკთან, ყოველ მოსახვევში. ასე რომ, ფსალმუნთგალობა და ლოცვა დღისით თუ ღამით განუწყვეტლივ აღევლინება ღმრთისადმი. თითქოს მთელი ქალაქი ერთ დიდ ტაძრადაა ქცეული. აქ არც წარმართები სახლობენ, არც ერეტიკოსები, – არამედ მხოლოდ ქრისტიანები, მხოლოდ მართლმადიდებლები. და ალბათ იმასაც აღარა აქვს მნიშვნელობა, სად აღასრულებს ეპისკოპოსი ღმრთისმსახურებას – ქუჩაში თუ ეკლესიაში. ქალაქის კარიბჭესთან უბრალო ხალხის გვერდით თქვენ შეხვდებით მაღალი წრის წარმომადგენლებს – უფროსებსა და მმართველებს: ყველანი მოუთმენლად ელოდებიან მოხეტიალე მწირის ან გლახაკის გამოჩენას. როგორც კი ასეთ ადამიანს დაინახავენ, ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ მისთვის სამსახურის გაწევა, მიაწოდონ ყველაფერი აუცილებელი და ღამის გასათევიც შესთავაზონ.

რაღა ვთქვათ იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი სიხარული დაეუფლათ ქალაქის მაცხოვრებლებს ჩვენი დანახვისას? როგორც კი თვალი შეგვასწრეს, მაშინვე ჩვენკენ გამოეშურნენ და ისეთი კრძალვით გვეპყრობოდნენ, თითქოს ადამიანებს კი არა, ღმრთის ანგელოზებს ხედავდნენ; ან კიდევ, რომელმა ენამ გამოთქვას ბერებისა და მონაზვნების მიერ ჩვენთვის გაწეული გულთბილი მსახურება? როგორც იქაური ეპისკოპოსისგან შევიტყვეთ, ქალაქში ოცი ათასი ენკრატისი (მონაზონი ქალი) და ათი ათასი მონაზონი ცხოვრობდა. ყველანი ჩვენს გარშემო შემოიკრიბნენ, ყველა მათგანი თავის სახლს გვთავაზობდა ღამის გასათევად; ასე რომ, ჩვენი შესამოსელი ცოტაც და ნაფლეთებად იქცეოდა... მხოლოდ და მხოლოდ ღრმა მოწიწების გრძნობა, რომელიც ამ ქალაქის ბერ-მონაზონთა მიმართ გამიჩნდა, არ მაძლევს უფლებას, კვლავაც განვაგრძო ჩემი სიტყვა, არამედ მაიძულებს, ამჯერად დადუმება ვამჯობინო.

ჩვენ აქ მრავალი, მრავალი წმინდა მამა ვიხილეთ – სხვადასხვა სათნოებებითა და სული წმიდის სხვადასხვა ნიჭებით შემკული: მარხვის, თავშეკავების, ღმრთის სიტყვის შეცნობის, წინასწარმჭვრეტელობისა და კიდევ სხვა უამრავი ნიჭით.

 

 

თავი 6

მამისა თეონასთვის

ქალაქის შორიახლოს, უდაბნოსკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ წავაწყდით ღირსი მამის – თეონას ადგილსამყოფელს (ხსენება 5 აპრილს). ეს გახლდათ განდეგილი ბერი, რომელსაც ოცდაათი წელიწადი სრულ მდუმარებაში გაეტარებინა და სულიერების იმდენად მაღალი საზომისთვის მიეღწია, რომ ხალხი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. ბერთან ყოველდღიურად უამრავი სნეული იკრიბებოდა. იგი სარკმლიდან გამოწვდილი ხელით სნეულს თავზე შეეხებოდა, ჯვარს გადასახავდა და სრულიად გამოჯანმრთელებულს უშვებდა შინ.

შეხედავდით თუ არა ბერს, უნებურად კრძალვით განეწყობოდით მისდამი. თვალები სულიერი სიხარულით უბრწყინავდა, მთელი მისი შინაგანი არსება სული წმიდის მადლს გაეცისკროვნებინა და ეს ზებუნებრივი მდგომარეობა მის გარეგნობაზეც აღბეჭდილიყო.

როგორც შევიტყვეთ, სულ ცოტა ხნის წინ ბერს ღამით ავაზაკები დასხმოდნენ თავს – იმ იმედით, რომ მის სენაკში ოქროს აღმოაჩენდნენ. მაგრამ ღირსი მამის ლოცვამ ისინი კარის ზღურბლთან გააქვავა და დილამდე ასე გაუნძრევლად იდგნენ ერთ ადგილზე. დილით ბერის სენაკთან, ჩვეულებრივ, ხალხი მოგროვდა. ავაზაკები რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ცოცხლად დაეწვათ ისინი. მაშინ ბერი იძულებული გახდა ხმა ამოეღო. თუმცაღა ამ უკიდურეს მდგომარეობაშიც მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა:

– გაუშვით უვნებლად ეს ადამიანები, რათა კურნების მადლი არ ჩამომშორდეს.

ხალხმა ვეღარ გაბედა წინ აღდგომოდა წმინდანის ნებას. ავაზაკები გაუშვეს. ყოველივე მომხდარით შეძრწუნებულებმა, მათ ხელი აიღეს თავიანთ ბოროტ საქმეებზე და ახალი ცხოვრების დასაწყებად მახლობელ მონასტერში განმარტოვდნენ.

ხალხისგან და აგრეთვე თვით წმინდანისგანაც შევიტყვეთ, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა არა მხოლოდ ეგვიპტურ და ბერძნულ, არამედ ლათინურ ენებსაც.

ბერმა მოისურვა თავისებურად გამოგვხმაურებოდა და ამით, ასე ვთქვათ, დავეჯილდოვებინეთ ჩვენ მიერ გაწეული მოგზაურობის მძიმე ღვაწლისთვის. მან დაფაზე დაგვიწერა ორიოდე სიტყვა, რითაც გაამჟღავნა კიდეც საკუთარი განსწავლულობა.

აი კიდევ რას გვიამბობდნენ მის შესახებ: შუაღამისას, უდაბნოსკენ მიმავალ გზას რომ დაადგებოდა, გარეული მხეცების მთელი ჯოგი ეხვია გარს; როდესაც ჭიდან წყალს ამოიღებდა ხოლმე, მხეცებსაც ასმევდა თავისი ხელით და ამით თითქოს მადლიერებას უცხადებდა მორჩილებისთვის. ყველაფერ ამას ისიც ცხადად ადასტურებდა, რომ მისი სენაკის გარშემო ანტილოპების, კამეჩებისა და გარეული სახედრების უამრავ ნაფეხურს შენიშნავდით.

 

თავი 10

მამისა სიროსისთვის, ესაიასთვის, პავლესთვის და ანობისთვის

აი კიდევ რა გვიამბო კოპრემ:

– ერთხელ აბბა სიროსი, აბბა ესაია და აბბა პავლე მდინარის ნაპირზე შეხვდნენ ერთმანეთს. ესენი იყვნენ საოცარი თავშეკავების მქონე კეთილკრძალული და მართალი ადამიანები. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, მოენახულებინათ ერთი დიდი მოღვაწე მამა – სახელად ანობი, რომლის სამყოფელამდე სამი დღე-ღამის სავალი იყო. თან მდინარეზე უნდა ემოგზაურათ, ნავი კი არ ჰქონდათ. მაშინ მათ თქვეს:

– ვთხოვოთ ღმერთს, არ შეაფერხოს ჩვენი მოგზაურობა, რომელიც კეთილი საქმისთვის ვიდევით თავს.

პავლემ და ესაიამ უთხრეს აბბა სიროსს:

– შენ უნდა შეევედრო ღმერთს. ვიცით, რომ ის ყოველთვის ისმენს შენს ვედრებას და ახლაც შეისმენს.

აბბა სიროსმაც, თავის მხრივ, სთხოვა მამებს, მუხლი მოეყარათ და მასთან ერთად ელოცათ. თვითონაც პირქვე დაემხო.

ლოცვა დაამთავრეს, წამოდგნენ. ხედავენ – ნაპირს ნავი უახლოვდება, ყოველმხრივ აღჭურვილი სამოგზაუროდ. მამები ნავზე ავიდნენ და ისე სწრაფად გაცურეს მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ სამი დღე-ღამის სავალი გზა ერთ საათში გაიარეს.

ნაპირზე რომ გადმოვიდნენ, ესაიამ თქვა:

– ღმერთმა გამიმხილა, რომ ის, ვისთანაც მივდივართ, ახლა ჩვენს შესახვედრად მოდის და ჩვენი გულის სიღრმეებს ხედავს.

პავლემ თქვა:

– მეც გამიმხილა ღმერთმა, რომ მას სამ დღეში თავისთან წაიყვანს.

სამივენი მონასტრისკენ გაემართნენ. ცოტა ხანში ხედავენ – ანობი მათ შესახვედრად მოდის და ამბობს:

– კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც ინება ხორცითაც მეხილეთ, როგორც ადრე სულით გხედავდით.

და მან გაიხსენა თითოეული მათგანის ღვაწლი და დამსახურება ღმრთის წინაშე.

პავლემ თქვა:

– ღმერთმა გაგვიმხილა, რომ სამ დღეში თავისთან წაგიყვანს. ამიტომაც გთხოვთ მოგვიყვე შენი სულიერი წარმატებების, შენი ღვაწლის შესახებ, რითაც სათნო-ეყავი ღმერთს. მზვაობრობის საშიშროება არ გემუქრება, რადგან სულ მალე დატოვებ ამ ქვეყანას. ასე რომ, გვიამბე ყველაფერი, რომ ამით შთამომავლობამაც სარგებელი მიიღოს. მამა ანობმა უპასუხა:

– არ მახსოვს, რომ ოდესმე დიდი ღვაწლი ამეღოს თავზე, მხოლოდ ამას გეტყვით: მას შემდეგ, რაც, ქრისტიანთა დევნის დროს, აღმსარებელი გავხდი, ყოველმხრივ ვფრთხილობდი, სიცრუე არ გამოსულიყო ჩემი პირიდან; რაკი ერთხელ ვაღიარე ჭეშმარიტება, აღარასოდეს მითქვამს თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი, და რაკი ერთხელ ზეციური დიდება შევიყვარე, მიწიერისკენ აღარასოდეს მივქცეულვარ. ამაში სული წმიდის მადლი მეხმარებოდა და ამქვეყნიური, მიწიერი, არც აღარაფერი მჭირდებოდა. საკვები ანგელოზს მოჰქონდა ჩემთვის; ღმრთის წყალობით, ყველაფერი ვიცოდი, რაც ქვეყანაზე ხდებოდა. ჩემს გულში ღვთაებრივი ნათელი ბრწყინავდა. მისით გასხივოსნებულს ძილის მოთხოვნილებაც კი გამიქრა, მინდოდა სულ ღმრთის ჭვრეტით დავმტკბარიყავი. ჩემი მფარველი ანგელოზი მუდამ ჩემს გვერდით იყო და სათნოებების მოპოვებას მასწავლიდა. რასაც ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი დაუყოვნებლივ მისრულდებოდა. ხშირად ღმრთის ტახტის წინაშე მდგარ ანგელოზთა კრებულს ვხედავდი, ან კიდევ მართალთა, მოწამეთა და მონაზონთა დასს, რომლებიც თავიანთი წმინდა გულით დაუდუმებლად ადიდებდნენ ღმერთს. სატანა და მისი ანგელოზებიც მინახავს, მარადიულ ცეცხლში რომ მოელით წვა, ისევე როგორც მართლებს ელოდებათ მარადიული ნეტარება.

სამი დღის მანძილზე ესაუბრებოდა მამებს აბბა ანობი, შემდეგ კი მართლაც შეისვენა ნეტარმა. და მამებმა დაინახეს, როგორ მიჰყავდათ ღმრთის ანგელოზებს ზეცისკენ მისი სული და დიდხანს ესმოდათ კეთილხმოვანი გალობა, რომელსაც იგი ანგელოზებთან ერთად აღუვლენდა შემოქმედს.

 

 

თავი 30

მამისა ამონისთვის – პირველი ნიტრიელი მეუდაბნოისა

როგორც გადმოგვცეს, ნიტრიაში მეუდაბნოე ცხოვრება პირველად ამონმა დაიწყო. ეს ის ამონია, რომლის სულიც, სხეულთან განშორებისას, ზეცად აღმავალი იხილა ნეტარმა ანტონიმ – როგორც ეს თვით ანტონის ცხოვრებაშია მოთხრობილი.

ამონს მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლები ჰყავდა. ისინი აიძულებდნენ თავიანთ ძეს, დაქორწინებულიყო, და ამონიც დაჰყვა მათ ნებას. ქორწილის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდები სრულიად მარტონი დარჩნენ, ამონმა თავის ცოლს სიქალწულესა და სიწმინდეზე დაუწყო საუბარი:

– სიქალწულის დაკარგვა უეჭველად ხრწნილებას გამოიწვევს, მისი შენარჩუნება კი პირიქით – უხრწნელებას. ასე რომ, ჩვენთვის უმჯობესია, შევინარჩუნოთ სიქალწულე, ვიდრე დავკარგოთ იგი და ამით ერთმანეთსაც ხრწნილება მოვუტანოთ.

ქალიშვილი დათანხმდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უბიწო ცხოვრება დაიწყო. ისინი მდუმარედ იმარხავდნენ თავიანთ საიდუმლოს, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იყო მათი თავშეკავების მოწმე. გავიდა წლები. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამონი და მისი ცოლი, რომლებიც არა ხორცითა და სისხლით, არამედ სულით იყვნენ ერთმანეთთან შეკავშირებული, ერთმანეთისგან განცალკევდნენ. ამონი მახლობელ უდაბნოში დასახლდა. ცოლი სახლში დარჩა. მალე მის გარშემო უამრავი ქალწული შემოიკრიბა, ამონის გარშემო კი – უამრავი განდეგილი.

ერთხელ, როდესაც ბერი ჯერ კიდევ სრულიად განმარტოებით ცხოვრობდა, მასთან ერთი ჭაბუკი მოიყვანეს, რომლისთვისაც ცოფიან ძაღლს ეკბინა და თვითონაც გაცოფებულიყო. ჭაბუკის მშობლები შეევედრნენ ამონს, ელოცა მათი ვაჟიშვილისთვის.

– რისთვის მრჯით, – უთხრა მათ ბერმა, – რასაც თქვენ ითხოვთ, ის ჩემს ძალებს აღემატება. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ თქვენი ვაჟიშვილის განკურნება თქვენსავე ხელშია: დაუბრუნეთ ქვრივს მოპარული ხარი და თქვენი შვილიც მაშინვე გამოჯანმრთელდება.

მშობლები ძრწოლამ მოიცვა: მიხვდნენ, რომ ამონმა ყველაფერი იცოდა მათი ფარული საქმეების შესახებ; მაგრამ, ამავე დროს, სიხარულითაც აღივსნენ, რადგან ბერმა ავადმყოფის გამოჯანმრთელების გზაც დაანახა. მოპარული ხარი დაუყოვნებლივ პატრონს მიჰგვარეს და ჭაბუკიც მაშინვე განიკურნა.

ერთხელ ამონთან ორი მნახველი მოვიდა. ბერმა გადაწყვიტა გამოეცადა ისინი და უთხრა, რომ აუცილებლად სჭირდებოდა მომსვლელთათვის წყლის კასრი. ორივე დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა. მაგრამ გზაში ერთ-ერთ მათგანს ძალიან დიდ სიმძიმედ მოეჩვენა ამ თხოვნის შესრულება.

– ვშიშობ, რომ ჩემი აქლემი ამხელა ტვირთს ვერ გაუძლებს, – თქვა მან.

– შენ აქლემი გყავს, – მიუგო მეორემ, – მე კი სახედარი. შენი აქლემი თუ ვერ გაუძლებს, ჩემმა სახედარმა როგორ უნდა გაუძლოს?

– შენ იცი შენი საქმისა, მე კი ჩემს საქონელს დასაღუპად ვერ გავიმეტებ.

– კარგი! – თქვა ისევ მეორემ. – მე ავკიდებ ჩემს სახედარს იმ ტვირთს, რომელიც შენ აქლემისთვის გემძიმება, და მჯერა, რომ ღმრთის კაცის ლოცვა შეუძლებელსაც შესაძლებლად აქცევს.

მან კასრი სახედარს აჰკიდა და გზას დაადგა. სახედარი მთელი გზა ისე მიდიოდა, თითქოს ვერავითარ სიმძიმეს ვერ გრძნობდა. ამონი მნახველს გამოეგება და უთხრა:

– კარგად მოიქეცი, კასრი სახედარს რომ აჰკიდე, შენი თანამგზავრის აქლემი კი წაიქცა.

უკან გამობრუნებულმა მნახველმა მართლაც წაქცეული იხილა თავისი თანამგზავრის აქლემი.

კიდევ მრავალი სასწაული აღასრულა ღმერთმა ამონის მიერ. ერთხელ მას მდინარე ნილოსზე უნდოდა გადასვლა, მაგრამ ტანსაცმლის გახდა ვერ გადაეწყვიტა. და უცბად, ღმრთის ძალით, იგი მეორე ნაპირზე აღმოჩნდა.

მამებმა ისიც გვითხრეს, რომ ნეტარი ანტონიც კი განცვიფრებაში მოჰყავდა ამონის სათნო ცხოვრებასა და სულიერ სრულყოფილებას.

 

თავი 31

მამისა პავლესთვის, წრფელისა

პავლე, რომელსაც მეტსახელად „წრფელს“ უწოდებდნენ, ნეტარი ანტონის მოწაფეთა რიცხვს განეკუთვნებოდა. მისი ღმრთისაკენ შემობრუნება შემდეგნაირად მოხდა: ერთხელ, შინ დაბრუნებულმა, თავის ცოლს მრუშობაში მიუსწრო. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ღრმად დამწუხრებული გამოვიდა სახლიდან და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. დიდხანს დახეტიალობდა უდაბნოში, გული სევდით ჰქონდა სავსე. ბოლოს ანტონის მონასტერს მიადგა, მოეწონა ადგილმდებარეობა და გადაწყვიტა იქვე დარჩენილიყო. მან კარზე მიუკაკუნა ბერს და სთხოვა, ცხონების გზა ესწავლებინა მისთვის. ანტონიმ მაშინვე შენიშნა ამ უცხო ადამიანში გულის სიწრფელე და უთხრა, რომ ის მოიპოვებდა ცხონებას, თუ ყველაფერში მის ნებას დაჰყვებოდა. პავლემ უპასუხა, რომ მზად იყო, უსიტყვოდ შეესრულებინა მისი ბრძანებები. მაშინ ანტონის სურვილი გაუჩნდა, შეემოწმებინა, რამდენად მტკიცე იყო ამ ადამიანის გადაწყვეტილება. პავლე მისი სენაკის კართან იდგა.

– ილოცე და მანდ დამელოდე, სანამ არ გამოვალ! – უთხრა ანტონიმ. შემდეგ მღვიმის სიღრმეში განმარტოვდა და რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. ამავე დროს, იგი შეუმჩნევლად იყურებოდა ფანჯრიდან და ხედავდა, რომ პავლე განუწყვეტლივ ლოცულობდა და ფეხმოუცვლელად იდგა მითითებულ ადგილზე, თუმცა დღისით მცხუნვარე მზე, ღამით კი საშინელი სიცივე ტანჯავდა. ბოლოს ანტონი მღვიმიდან გამოვიდა, დაჯდა და დაიწყო მისი დამოძღვრა. ისიც აუხსნა, რომ მას შეეძლო თავისი განმარტოება ხელსაქმით შეემსუბუქებინა.

– ხორციელი შრომა ხელით აღესრულება, ღმრთის საქმე კი გონებითს მჭვრეტელობასა და სულიერი ძალების დაძაბვას მოითხოვს.

ანტონიმ უბრძანა პავლეს, საზრდელი მხოლოდ საღამოობით მიეღო, მაგრამ დანაყრება აუკრძალა. განსაკუთრებით ურჩევდა, ზედმეტი წყლის სმისგან შეეკავებინა თავი:

– რადგან წყალი, – ამბობდა იგი, – ისე აღაგზნებს წარმოსახვას, როგორც ღვინო სხეულს.

ამის შემდეგ ანტონიმ პავლე ერთ განმარტოებულ სენაკში შეიყვანა – თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სამი მილის მოშორებით – და უბრძანა აქ ეღვაწა. ბერი ხშირად მოინახულებდა ხოლმე მოწაფეს და მისი ნახვა ყოველთვის ახარებდა, რადგან ხედავდა, როგორი გულმოდგინებითა და სიმხნევით აღასრულებდა იგი მის ნამცნებს.

ერთხელ ანტონი მაღალ საზომს მიწევნულმა მამებმა მოინახულეს. ისე მოხდა, რომ მათთან ერთად პავლეც მოვიდა. მსჯელობა ღრმა, იდუმალებით მოცულ საგნებს შეეხო. დიდხანს ისაუბრეს წინასწარმეტყველებსა და მაცხოვარზე. ამ დროს პავლემ თავისი ჩვეული გულუბრყვილობით იკითხა:

– ვინ უფრო ადრე ცხოვრობდა, ქრისტე თუ წინასწარმეტყველები?

ანტონი, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა ამ შეკითხვის ბავშვურმა უბრალოებამ და ალერსიანი ტონით, რომლითაც ის, ჩვეულებრივ, მიამიტებს მიმართავდა ხოლმე, უბრძანა ხმა აღარ ამოეღო და სახლში წასულიყო. პავლე კი, რომელიც მოძღვრის თითოეულ სიტყვას, როგორც ღმრთის მცნებას, ისე ასრულებდა, სენაკში დაბრუნდა და საერთოდ შეწყვიტა ყოველგვარი საუბარი. ანტონი საგონებელში ჩავარდა: ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ეტვირთა პავლეს მდუმარების ღვაწლი მასთან შეთანხმების გარეშე.

– მითხარი, რატომ ხარ მდუმარებაში? – ჰკითხა ბოლოს.

– შენ მიბრძანე, აბბა, ხმა არ ამომეღო და სახლში წავსულიყავი, – უპასუხა პავლემ.

ბერი გააოცა მისმა საქციელმა.

– ხედავთ? – უთხრა მან თავის მოწაფეებს. – პავლემ ყველანი შეგვარცხვინა. ჩვენ მაშინაც კი არ გვინდა მორჩილება, როცა ბრძანება ზეციდან გვეძლევა, ხოლო იგი ენაზე შემთხვევით მომდგარ სიტყვასაც კი გულმოდგინედ ასრულებს.

ნების სრული უარყოფა რომ ესწავლებინა პავლესთვის, წმინდა ანტონი არასოდეს აძლევდა მას იმის უფლებას, დაინტერესებულიყო, თუ რა მიზეზით ან მიზნით ეძლეოდა ეს თუ ის მორჩილება. ერთხელ უბრძანა, მთელი დღის განმავლობაში ჭიდან წყალი ეზიდა და შემდეგ მიწაზე დაეღვარა; სხვა დროს – დაეშალა დაწნული კალათები და ისევ დაეწნა; ან კიდევ – დაერღვია ტანსაცმელი და ისევ შეეკერა, შემდეგ ისევ დაერღვია და ა.შ.

აი ასე, ნელ-ნელა დაეჩვია პავლე, უსიტყვოდ შეესრულებინა მოძღვრის ბრძანებები, თუნდაც ისინი ყოველგვარ აზრს ყოფილიყვნენ მოკლებული. ამ გზით მან სრულყოფილების უმაღლეს საზომს მიაღწია. წმინდა ანტონი, მიუთითებდა რა მასზე, ასე დამოძღვრავდა თავის სულიერ შვილებს:

– ვისაც მოკლე დროში უნდა სრულყოფილების მოპოვება, ის არც საკუთარი თავის მოძღვარი უნდა იყოს და არც თავისი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობდეს, – როგორ მართლიადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ისინი, არამედ, ქრისტეს მცნებისაებრ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა უარყოს, განაგდოს თავისი სურვილები. იესუ ქრისტე საკუთარ თავზე ამბობს: „რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ“ (იოან. 6,38). რა თქმა უნდა, იესუ ქრისტეს ნება მისი მომავლინებელის ნებას არ ეწინააღმდეგებოდა; და მაინც, ის, ვინც მამის ნების აღსასრულებლად გარდამოხდა, მორჩილად არ ჩაითლებოდა, თუკი თავისი ნების აღსრულებას შეუდგებოდა. ჩვენ კი მით უმეტეს არ ჩავითვლებით მორჩილებად, ჩვენი სურვილების დაკმაყოფილებას თუ შევუდგებით, არამედ ურჩობის ცოდვაში დაგვედება ბრალი. აი ეს პავლე – მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა ჩვენ ყველასთვის. თავისი მორჩილებითა და სულიერი უბრალოებით სრულყოფილების ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ღმრთის მადლი მასში გაცილებით უფრო მძლავრად მოქმედებს, ვიდრე მის მოძღვარში.

სწორედ ამ მადლის მოქმედების გამო იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ხალხმა მრავლად დაიწყო მასთან მოსვლა კურნების მისაღებად. ნეტარი ანტონი შიშობდა, ხალხისგან თავის დაღწევის მიზნით პავლე შორეულ უდაბნოში არ განმარტოებულიყო: იქ, რა თქმა უნდა, ამდენი ხალხი ვეღარ მიაგნებდა; ამიტომაც მომსვლელთა მიღება ანტონიმ თავის თავზე აიღო, პავლეს კი უბრძანა, საკუთარ სენაკში დარჩენილიყო. იმ სნეულებს, რომელთაც თვითონ ვერ კურნავდა, ბერი თავის მოწაფესთან აგზავნიდა, რადგან ამ უკანასკნელისთვის ღმერთს უფრო უხვად მიენიჭებინა კურნების მადლი. ერთხელ ანტონიმ მასთან ეშმაკეული გააგზავნა, რომელიც ცოფიანი ძაღლივით ჰკბენდა ყველას, ვინც ახლოს გაეკარებოდა. პავლე გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს, განედევნა ავადმყოფისგან ეშმაკი, რომელიც ასე უმოწყალოდ ტანჯავდა საბრალოს. მაგრამ ავადმყოფი არ იკურნებოდა. მაშინ პავლემ, როგორც პატარა ბავშვმა, თავისი ჩვეული უბრალოებით შესძახა:

– არ შევჭამ, სანამ არ განკურნავ!

და ღმერთმა ისმინა მისი, როგორც მსახურმა – ჭირვეული ბატონისა. ავადმყოფი განიკურნა.

აი ასეთი რწმენა და ასეთი სასოება ჰქონდა პავლეს ღმრთისადმი.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა