martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თხრობანი ლიმონარიდან (2)

 

თავი 40

კოზმან საჭურისი

 

ბიზანტიის მონასტრის პრესვიტერმა, აბბა ბასილიმ, მოგვითხრო:

– ერთხელ პატრიარქ გრიგორისთან15 ვიყავი თეოპოლისში. ჩემი იქ ყოფნისას იერუსალიმის ფარანის ლავრიდან აბბა კოზმან საჭურისი16 ჩამოვიდა. ეს იყო ჭეშმარიტი მონაზონი და მართლმადიდებელი სარწმუნოების მხურვალე დამცველი, ზედმიწევნით განსწავლული წმინდა წერილში. ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. პატიარქს უნდოდა, პატივი მიეგო ბერისთვის, ამიტომაც ბრძანა ერთი უცხო ეპისკოპოსის გვერდით დაეკრძალათ იგი. მესამე დღეს ბერის საფლავთან მივედი, მუხლი მოვიყარე და ლოცვა დავიწყე. მის საფლავზე ერთი გლახაკი იჯდა და ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალებას ითხოვდა.

– აბბა, – მითხრა მან, – თქვენ რომ აქ ბერი დაასაფლავეთ, ნამდვილად დიდი მამაა.

– საიდან იცი? – ვკითხე.

– მე თორმეტი წელიწადი დავრდომილი ვიყავი და ახლა მან განმკურნა, ღმრთის შეწევნით. როცა დანაღვლიანებული ვარ, მოდის და მანუგეშებს, მიმსუბუქებს ნაღველს; და კიდევ ერთ საოცარ ამბავს გეტყვი: ეს ორი დღეა, საფლავიდან ბერის შეძახილები მესმის – იგი ეპისკოპოსს მიმართავს:

– შორს ჩემგან! ეკლესიის მტერო! ერეტიკოსო! არ გაბედო მოახლოება!

გლახაკის ეს ნაამბობი, რომ მოვისმინე, პატრიარქთან წავედი, ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე ნება დაერთო, ბერის სხეული სხვაგან გადამესვენებინა.

– მერწმუნე, შვილო, – მიპასუხა პატრიარქმა, – აბბა კოზმანს ვერაფერს ავნებს მწვალებელ ეპისკოპოსთან სიახლოვე. ეს იმისთვის მოხდა, რომ გამჟღავნებულიყო მისი სათნოება, რომელიც მას სიცოცხლეში ჰქონდა და სიკვდილის შემდეგაც გაჰყვა – მისი მოშურნეობა მართალი სარწმუნოებისათვის; თანაც უცხო ეპისკოპოსის აღმსარებლობაც გაგვეგო და მართლმადიდებლად აღარ ჩაგვეთვალა იგი.

 

. . .

– ფარანის ლავრაში რომ ვიყავი, – განაგრძობდა პრესვიტერი, – აბბა კოზმანმა მიამბო: „ერთხელ, სახარების კითხვისას, იმ ადგილს მივადექი, სადაც იესუ ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: „რომელსა არა აქუნდეს (მახვილი), განყიდენ სამოსელი თვისი და იყიდენ მახვილი“; ხოლო მოწაფეები მიუგებენ: „უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“. „რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები?“– ვფიქრობდი მე, მაგრამ ვერაფერს მივმხვდარიყავი. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ შუადღის მწველი მზე აცხუნებდა, გადავწყვიტე „კოშკების“ ლავრაში წავსულიყავი და აბბა თეოფილესთვის მეკითხა ამის შესახებ. გამოვედი ჩემი სენაკიდან და იორდანისკენ გავემართე. უდაბნოში რომ მივდიოდი, კალამონის მახლობლად, მთაზე, უზარმაზარი გველი შევნიშნე. იგი ჩემკენ მოცოცავდა და იმდენად დიდი იყო, რომ მისი სხეული მოძრაობისას რაღაც თაღების მსგავსს ქმნიდა. მივხვდი, რომ ამით ეშმაკს ჩემი მოშურნეობის განელება უნდოდა. მაგრამ, ბერის ლოცვით, მე უვნებლად გავიარე ერთ-ერთი თაღის ქვეშ და სწრაფად წავედი „კოშკების“ ლავრისკენ. ბერმა ასე განმარტა სახარების სიტყვები:

– ორი დანა ორ სათნოებას ნიშნავს: მართალ სარწმუნოებას და კეთილ საქმეებს. ვისაც ეს ორი სათნოება აქვს, ის სრულყოფილებას მიაღწევს და ცხონებას მოიპოვებს“.

 

. . .

მე ათი წელიწადი ვცხოვრობდი ფარანის ლავრაში. აბბა კოზმანთან ერთ-ერთი საუბრისას ათანასე ალექსანდრიელის რომელიღაც გამონათქვამი ვახსენე. ამასთან დაკავშირებით ბერმა მითხრა:

– თუ სადმე წმინდა ათანასეს სიტყვას მოჰკრავ ყურს და ქარტა არ გექნება ჩასაწერად, გაიხადე შენი სამოსელი და ზედ დაწერე.

ასეთი მხურვალე სიყვარული ჰქონდა აბბა კოზმანს ეკლესიის მამების მიმართ.

აი კიდევ რას მოგვითხრობდნენ მასზე: ყოველთვის, შაბათ საღამოდან კვირა დილამდე იგი ფეხზე დამდგარი გალობდა ფსალმუნებს და ლოცულობდა. ერთი წუთითაც არ ჯდებოდა. მხოლოდ გამთენიისას, თავის კანონს რომ დაასრულებდა, სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ლიტურგიის დაწყებამდე სახარებას კითხულობდა.

 

 

 

თავი 43

უსჯულო ეპისკოპოსი თალალე

 

თესალონიკში ერთი ეპისკოპოსი ცხოვრობდა, სახელად თალალე.20 მას არ ჰქონდა ღმრთის შიში, არ სწამდა საუკუნო ცხოვრება, ქრისტიანულ მოძღვრებას არაფრად აგდებდა და სამღვდელმთავრო ხარისხსაც შეურაცხყოფდა; ერთი სიტყვით, მწყემსის ნაცვლად ის მტაცებელი მგელი იყო. მან უარყო ყოვლადწმინდა სამება და, ეშმაკს დამონებულმა, კერპებს შესწირა მსხვერპლი. მაშინ ეკლესიის მეთაურებმა მას სამღვდელმთავრო ხარისხი ჩამოართვეს და ეკლესიიდან განკვეთეს. მაგრამ უსჯულო ეპისკოპოსმა, რომელსაც ყოველგვარი სირცხვილი დაკარგული ჰქონდა, გადაწყვიტა ფულით მოესყიდა ხელისუფლება და თავისი საყდარი დაებრუნებინა, – როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: „ყოველივე ოქროჲთა განემარჯვების“; მაგრამ ღმერთმა არ გაწირა თავისი ეკლესია. ერთ დღეს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, თალალე მდიდრულად შეიმოსა, აიღო დიდძალი ოქრო და თავის თანაშემწეებთან ერთად მეფესთან წასასვლელად გაემზადა. მაგრამ უცბად მუცელი ასტკივდა და იძულებული გახდა საპირფარეშოში შესულიყო. იქ ორი საათი დაყო. ბოლოს ერთ-ერთმა თანაშემწემ, დაყოვნების მიზეზი რომ გაეგო, შიგნით შეაკითხა და შემზარავი სურათი იხილა: ეპისკოპოსს თავი საპირფარეშოს ხვრელში ჰქონდა გაყოფილი, ფეხები კი ჰაერში აეშვირა... მას, უბედურს, ისეთივე საშინელი სიკვდილი ეწია, როგორიც ღმრთისმბრძოლ არიოზს და მასთან ერთად საუკუნო სატანჯველს მიეცა. არიოზსაც ხელისუფლების მეშვეობით უნდოდა ეკლესიაში შეჭრა, მაგრამ წმინდა ეკლესიის ანგელოზმა იგი საპირფარეშოში მოაკვდინა და მისი ნაწლავები გარეთ გადმოითხია. ასევე თალალეც, ხელისუფლების არაკანონიერი დახმარების გზით, საშინელი ბოროტმოქმედების ჩადენას აპირებდა, მაგრამ თესალონიკის ეკლესიის ანგელოზი, დიდმოწამე დიმიტრისთან ერთად, წინ აღუდგა ამ უსჯულოებას: როდესაც ეპისკოპოსი თავის თანამოაზრე უწმინდურ დემონთან შეთანხმებით ეკლესიისთვის მახის დაგებას გეგმავდა, მისი უსჯულო თავი უბინძურეს ხვრელში აღმოჩნდა, მისი ფეხები კი, მიწაზე არასწორად მავალი, ჰაერში გამოეკიდა – ნიშნად იმისა, თუ რა საშინელია ჩავარდე ცოცხალი ღმრთის ხელში, და ნიშნად მომავალი განკითხვის დღისა.

 

 

თავი 44

„ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე“

 

თებაიდაში რომ ვიყავით, ერთმა ბერმა გვიამბო:

– ქალაქ ანტინოეს მახლობლად ერთი დიდი მამა ცხოვრობდა. იგი სამოცდაათი წელიწადი თავის სენაკში იყო დაყუდებული. ჰყავდა ათი მოწაფე. მათგან ერთ-ერთი ძალიან ზარმაცი და დაუდევარი იყო. ბერი ხშირად არიგებდა მას და ეუბნებოდა:

– ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე, სიკვდილი არ დააყოვნებს, სიკვდილს კი სასჯელიც მოჰყვება.

მაგრამ ძმა არასოდეს უჯერებდა ბერს, გულთან ახლოსაც კი არ მიჰქონდა მისი სიტყვები. ცოტა ხნის შემდეგ ეს ძმა გარდაიცვალა. ბერი ძალიან განიცდიდა მის სიკვდილს, რაკი იცოდა, რომ მან დაუდევრად და უზრუნველად გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ერთ დღეს იგი შეევედრა ღმერთს:

– უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გამომიცხადე, სად წავიდა გარდაცვლილი ძმის სული!

უცბად ბერი განკვირვებამ შეიპყრო და დაინახა ცეცხლის მდინარე, რომელშიც უამრავი სული იყო ჩაყრილი, მათ შორის კი ახლადგარდაცვლილი ძმისაც. მას ცეცხლი ყელამდე სწვდებოდა. ბერმა შესძახა:

– განა ამისთვის არ გევედრებოდი, შვილო, გეზრუნა საკუთარ სულზე?

– ვმადლობ ღმერთს, მამაო, – უპასუხა ძმამ, – რომ შენი ლოცვით თავი მაინც მაქვს ცეცხლის გარეთ. ფეხები კი ეპისკოპოსის თავზე მიდგას.

 

 

თავი 45

„შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება“

 

ერთმა ბერმა მოგვითხრო ამბავი, რომელიც მას აბბა თეოდორე ელიოტელისგან მოესმინა:

– ელეონის მთაზე ერთი დიდი მოღვაწე მამა ცხოვრობდა. ეშმაკი მას ძლიერად ებრძოდა სიძვის აზრებით. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს მოთმინებიდან გამოსულმა ბერმა შესძახა:

– როდისღა დამანებებ თავს ბოლოს და ბოლოს?! სიბერეში მაინც მომასვენე!

მაშინ ეშმაკი მას ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა:

– თუ დაიფიცებ, რომ არავის გაუმხელ, რასაც ახლა გეტყვი, დაგანებებ თავს.

– ვფიცავ ზეცათა მეუფეს, არავის გავუმხელ! – მიუგო ბერმა.

– თავი დაანებე ამ ხატის თაყვანისცემას და მეც თავს დაგანებებ, – თქვა ეშმაკმა და ღვთაებრივ ყრმასთან ერთად გამოსახულ ღმრთისმშობლის ხატზე მიუთითა.

– კარგი, მომეცი დრო მოსაფიქრებლად, – უპასუხა ბერმა.

მეორე დღეს მან ეს ყველაფერი აბბა თეოდორე ელიოტელს უამბო, რომელიც იმ დროს ფარანის ლავრაში ცხოვრობდა.

– ჭეშმარიტად მოუკიცხიხარ ეშმაკს, მამაო, – უთხრა აბბამ, – არ უნდა დაგეფიცა. მაგრამ კარგი ქენი, რომ არ დამალე ეს ამბავი. იცოდე, არ არსებობს ამქვეყნად იმაზე მძიმე და დამღუპველი ცოდვა, ვიდრე ის, რომ ქრისტესა და ღმრთისმშობლის ხატების თაყვანისცემა უარყო.

ამის შემდეგ აბბა თეოდორემ მას მრავალი რჩევა-დარიგება მისცა, სრულიად დაამშვიდა, განამტკიცა და თავის სენაკში წავიდა. და, აი, ეშმაკი ისევ გამოეცხადა განდეგილს.

– რას ნიშნავს ეს, არამზადა ბერო! განა არ დაიფიცე, რომ არავის ეტყოდი? რატომ მოუყევი ყველაფერი სტუმრად მოსულ ბერს?! იცოდე, განკითხვის დღეს ისე განისჯები, როგორც ფიცის გამტეხი.

– შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება, – მიუგო განდეგილმა, – მე შენ აღარაფერს დაგიჯერებ. კარგად ვიცი, რომ დავიფიცე და შემდეგ გავტეხე ეს ფიცი. მაგრამ შენ წინაშე როდი ვარ დამნაშავე, არამედ ჩემი მეუფისა და შემოქმედის წინაშე. შენ კი უეჭველად მიიღებ სასჯელს, როგორც ფიცის გამტეხი და ყოველგვარი ბოროტების პირველმოთავე.

 

 

თავი 46

„შენს სენაკში ჩემი მტერია“

 

იორდანის მახლობლად მდებარე კალამონის ლავრაში ჩვენ მოვინახულეთ პრესვიტერი აბბა კვირიაკოსი, და, აი, რა გვიამბო მან:

– ერთ დღეს სიზმარში პორფირით მოსილი დიდებული მანდილოსანი მეჩვენა. იგი ჩემი სენაკის გარეთ იდგა და თან ორი ბრწყინვალე კაცი ახლდა. მივხვდი, რომ ეს მანდილოსანი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი იყო, მისი მხლებლები კი – იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღმრთისმეტყველი. სწრაფად გავედი სენაკიდან და ღმრთისმშობელს შევევედრე, შემოსულიყო და ლოცვა ეთქვა ჩემს სენაკში. მაგრამ მან არ ისურვა შემოსვლა. ვიდექი და დიდხანს ვევედრებოდი, არ გავეშვი დამცირებული და შეურაცხყოფილი. როცა დაინახა, რომ თავს არ ვანებებდი, ღმრთისმშობელმა მკაცრად მიპასუხა:

– შენს სენაკში ჩემი მტერია, როგორ მთხოვ შემოსვლას?!

ეს თქვა და გამშორდა. ამ დროს მეც გამოვფხიზლდი და, ღრმად დამწუხრებულმა, დავიწყე იმაზე ფიქრი, ხომ არაფერი შევცოდე ღმრთისმშობლის წინაშე, თუნდაც აზრით, – რადგანაც სენაკში ჩემ გარდა არავინ იყო, – მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მაშინ გადავწყვიტე რამე წამეკითხა და ამით მაინც გამექარვებინა ჩემი მწუხარება. ხელში იერუსალიმის პატრიარქ ევსუქის თხზულებები მომხვდა. გადავშალე და ბოლო ფურცლებზე უკეთური ნესტორის ორი წერილი დავინახე. მაშინ კი მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მტერი. სასწრაფოდ წავიღე წიგნი და იმ ძმას დავუბრუნე, ვისგანაც წამოღებული მქონდა.

– აიღე, ძმაო, შენი წიგნი, – ვუთხარი, – მან სარგებელი იმდენი არაფერი მომიტანა, რამდენიც მავნო.

ძმა შემევედრა მეთქვა, რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში, და როდესაც სიზმარი ვუამბე, იგი საღმრთო მოშურნეობით აღივსო, წიგნიდან ნესტორის წერილები ამოგლიჯა და ცეცხლში ჩააგდო. თან ამბობდა:

– ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მტერს არც მე გავაჩერებ ჩემს სენაკში!

 

 

თავი 47

კომედიანტი გაიანე

 

ფინიკიაში ერთი კომედიანტი ცხოვრობდა, სახელად გაიანე. იგი თეატრის სცენაზე გამოდიოდა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს განასახიერებდა და აბუჩად იგდებდა. ერთ დღეს ღმრთისმშობელი მას ძილში გამოეცხადა და უთხრა:

– რა დაგიშავე? რისთვის მლანძღავ, რისთვის დამცინი?

მაგრამ კომედიანტმა არაფრად ჩააგდო ეს გამოცხადება და კვლავ ჩვეულებრივად გააგრძელა თავისი საქმე. ღმრთისმშობელი მეორედაც და მესამედაც გამოეცხადა და სცადა გონს მოეყვანა იგი. მაგრამ ეს გამოცხადებებიც უშედეგო აღმოჩნდა. და აი, ერთ დღეს, შუადღის ძილში, ყოვლადწმინდა ქალწული უხმოდ გამოეცხადა კომედიანტს, მის ხელებსა და ფეხებზე თითით ხაზი გაავლო და წავიდა. როდესაც კომედიანტი გამოფხიზლდა, იგრძნო, რომ ხელ-ფეხი წართმეული ჰქონდა და ხესავით უმოძრაოდ იდო ლოგინზე. ყველას უყვებოდა, საბრალო, თავის გასაჭირს, ყველას წინაშე აღიარებდა, რომ ეს სასჯელი მან დამსახურებულად მიიღო; რომ მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ ღმრთისმშობელმა თავისი კაცთმოყვარეობით დაიფარა იგი.

 

თავი 48

კოსმიანა

 

იერუსალიმის აღდგომის ტაძრის პრესვიტერმა ანასტასიმ მოგვითხრო:

– ერთ კვირა ღამეს პატრიცი გერმანეს ცოლი – კოსმიანა – ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად აღდგომის ტაძარში მოვიდა. საფლავის ტაძრის კარს რომ მიუახლოვდა, მას, სხვა წმინდა ქალწულებთან ერთად, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა:

– შენ ჩვენიანი არა ხარ, ჩვენ არ გვეკუთვნი, ამიტომაც აქ ვერ შემოხვალ.

კოსმიანა მართლაც სევეროსის სექტის მიმდევარი იყო. იგი ლმობიერად შეევედრა ღმრთისმშობელს, საფლავზე შესვლის ნება დაერთო.

– დამიჯერე, – უპასუხა ქალწულმა, – თუ ჩვენთან ერთობას არ აღადგენ, აქ ვერ შემოხვალ.

კოსმიანა მიხვდა, რომ თავისი აღმსარებლობა უშლიდა ხელს სიწმინდესთან მიახლებაში, და რომ, ვიდრე კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას არ შეუერთდებოდა, ქრისტეს საფლავის თაყვანისცემის ღირსი ვერ გახდებოდა. მაშინ მან დიაკვანი გამოიძახა და წმინდა საიდუმლოს ეზიარა, რის შემდეგაც დაუბრკოლებლად მიეახლა ქრისტეს განმაცხოველებელ საფლავს.*

 

თავი 49

მხედართმთავარი ბეიმარი

 

იგივე პრესვიტერმა ანასტასიმ მოგვითხრო:

– როდესაც ბეიმარი პალესტინის მხედართმთავრად დანიშნეს, მან გადაწყვიტა, პირველ რიგში ქრისტეს საფლავი მოელოცა. მაგრამ ტაძარში შემოსვლა რომ დააპირა, დაინახა ვერძი, რომელიც პირდაპირ რქებით მიექანებოდა მისკენ. შეშინებულმა უკან დაიხია. წმინდა ჯვრის მცველმა და ტაძრის მსახურებმა ჰკითხეს:

– რა დაგემართა, ბატონო, რატომ არ შემოდიხარ?

– ვინ შემოუშვა აქ ეს ვერძი? – იკითხა მან.

ყველა განცვიფრდა. მთელი ტაძარი მოათვალიერეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.

– შემობრძანდი, აქ არაფერია.

ბეიმარმა ისევ სცადა შესვლა, მაგრამ იგივე ჩვენება იხილა: ვერძი რქებით გამოექანა მისკენ და ტაძარში შესასვლელი გზა გადაუღობა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. თანაც ვერძს მხოლოდ მხედართმთავარი ხედავდა, სხვებისთვის იგი უხილავი იყო.

– დამიჯერე, – უთხრა მას ჯვრის მცველმა, – შენ ნამდვილად რაღაც ცოდვა გაწევს სულზე და ეს გიღობავს გზას საფლავისკენ. აღიარე ღმრთის წინაშე ყველაფერი, ის სახიერია და მოწყალე. ეს სასწაულიც იმიტომ გიჩვენა, რომ შენი ცხონება უნდა.

ბეიმარს ცრემლები წამოსცვივდა და შესძახა:

– კი, ნამდვილად სავსე ვარ ყოველგვარი ცოდვითა და უსჯულოებით!

იგი მიწაზე დაემხო, დიდხანს ტიროდა და ღმრთის წინაშე აღიარებდა თავის ცოდვებს. როცა ყველაფერი აღიარა, წამოდგა და კვლავ ტაძარში შესვლა დააპირა, მაგრამ ვერძი ისევ გამოეცხადა და გზა გადაუღობა.

– როგორც ჩანს, კიდევ გაქვს რაღაც დაბრკოლება, – უთხრა ჯვრის მცველმა.

– ის ხომ არ მაბრკოლებს, რომ სამოციქულო ეკლესიასთან ერთობაში არა ვარ, არამედ სევეროსის სწავლებას ვიზიარებ? – თქვა მხედართმთავარმა და ჯვრის მცველს სთხოვა, დაუყონებლივ მოეყვანა დიაკვანი წმინდა ზიარებით. დიაკვანმა იგი ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა და ამის შემდეგ დაუბრკოლებლად შევიდა ტაძარში.*

 

თავი 50

„ამიტომაც ვტირი, შვილო, და ძრწოლით ველოდები საშინელ განსაცდელს“

 

სკვითოპოლი პალესტინის მთავარი ქალაქი იყო. ამ ქალაქში ჩვენ შევხვდით აბბა ანასტასის და მისგან ასეთი რამ მოვისმინეთ:

– ერთხელ, ღამით, როდესაც კანკურის დასარეკად ავდექი, განდეგილ აბბა გიორგის სენაკიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. მივედი მის სენაკთან და ვკითხე:

– რა მოხდა, აბბა, რატომ ტირი ასე მწარედ?

ბერი დუმდა. მე კიდევ დიდხანს ვევედრებოდი, გაემხილა ტირილის მიზეზი. ბოლოს, რაკი აღარ მოვეშვი, ღრმად ამოიოხრა და მიპასუხა:

– როგორ არ უნდა ვტიროდე, შვილო, როცა ღმერთი განრისხებულია ჩვენი ცოდვების გამო და აღარ უნდა ჩვენი შეწყალება... მე საყდარზე მჯდომი მაცხოვარი ვიხილე; მის გარშემო ათასობით ანგელოზი და წმინდანი შემოკრებილიყო და ყველანი მხურვალედ ევედრებოდნენ რაღაცას, მაგრამ ღმერთი არ ისმენდა მათ ვედრებას. ბოლოს საყდარს პორფირით მოსილი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი მიუახლოვდა, თაყვანი სცა იესუ ქრისტეს და შესძახა:

– ჩემ გამო მაინც შეიწყალე ისინი!

მაგრამ არც მისი ვედრება ისმინა ღმერთმა. ამიტომაც ვტირი, შვილო, და ძრწოლით ველოდები საშინელ განსაცდელს.

ეს ჩვენება ბერმა ხუთშაბათს მიამბო, გამთენიისას, მეორე დღეს კი, პარასკევს, საშინელი მიწისძვრა მოხდა და ზღვისპირა ფინიკიის მრავალი ქალაქი გაანადგურა.

– ერთხელ აბბა გიორგის სარკმელთან ვიდექი, – განაგრძობდა აბბა ანასტასი, – უცბად ის მწარედ ატირდა და მითხრა:

– ვაი ჩვენდა, ძმაო, არავითარი სინანული რომ არ გაგვაჩნია და სრულ უდებებაში ვიმყოფებით. მეშინია ღმრთის რისხვა არ გვეწიოს.

მეორე დღეს ჩვენს თავზე ზეცაში ცეცხლმა გაიელვა.

 

თავი 51

აბბა იულიანე

 

ანაზავრი მცირე აზიის კილიკიის მთავარი ქალაქია. ამ ქალაქიდან თორმეტი მილის მოშორებით მდებარეობს ეგრეთწოდებული „ეგვიპტელთა“ ლავრა. ლავრის ბერებმა გვიამბეს:

– ხუთი წლის წინ აქ ერთი ბერი გარდაიცვალა, მას სახელად იულიანე ერქვა. სამოცდაათი წელიწადი ერთ მცირე გამოქვაბულში მოღვაწეობდა და არაფერი გააჩნდა ერთი კვართის, მოსასხამის, ხის კათხისა და სახარების გარდა. ამბობდნენ, რომ თავის გამოქვაბულში კანდელს არასოდეს ანთებდა: ღამღამობით მის სენაკს ზეციური ნათელი გააბრწყინებდა ხოლმე და ბერს წიგნის კითხვის საშუალება ეძლეოდა.

 

თავი 52

აბბა ილიას სიტყვა

 

აბბა ილიას, წმინდა საბას კინოვიის განდეგილს, ერთ-ერთმა ძმამ სთხოვა, რაიმე სულის სასარგებლო რჩევა მიეცა მისთვის.

– ჩვენს წინაპრებს, – უპასუხა ბერმა, – სამი სათნოება ჰქონდათ: მარხვა, უპოვარება და სიმდაბლე; დღეს კი მონაზვნებმა სამი ვნება შეიყვარეს: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და კადნიერება. აირჩიე რომელი უფრო მოგწონს ამ ორიდან და მას მისდიე.

 

თავი 53

„ღმერთო, შენ ხედავ, რომ აღარ შემიძლია სიარული“

 

თმოსანმა ბერმა აბბა სტეფანემ მოგვითხრო:

– ერთხელ საბაწმიდელი აბბა კვირიაკოსი კვიტილის უდაბნოში წავიდა, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და იქ რამდენიმე ხანი დაყო, შემდეგ კი ისევ უკან გამობრუნდა. შუადღის მწველი მზე აცხუნებდა. ბერს სიცხისგან და წყურვილისგან ძალა წაერთვა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მაშინ იგი მიწაზე დაემხო და ზეცისკენ ხელაპყრობილმა შესძახა:

– ღმერთო, შენ ხედავ, რომ აღარ შემიძლია სიარული!

უცბად მას თავზე ცვარით სავსე ღრუბელი დაადგა. ბერი გაძლიერდა, წამოდგა და გზა გააგრძელა. ეს ღრუბელი სენაკამდე მიჰყვებოდა. მისი სენაკი კი თორმეტი მილის სავალით იყო დაშორებული იმ ადგილს.

 

თავი 56

ნეტარი იოანე

 

ფინიკიის ქალაქ ფტოლემაიდას გარეუბანში ერთი დიდი ბერი ცხოვრობდა. მას ჰყავდა მოწაფე, რომელსაც სახელად იოანე ერქვა. ისიც დიდი მოღვაწე იყო, განსაკუთრებით კი მორჩილების ღვაწლით გამოირჩეოდა. ერთხელ ბერმა იგი სამუშაოდ გაგზავნა და თან საგზლად პური გაატანა. მოწაფე წავიდა, შეასრულა სამუშაო და უკან რომ დაბრუნდა, პურიც თან მოიტანა. ბერმა ჰკითხა:

– რატომ არ შეჭამე პური, შვილო?

– შემინდე, მამაო, შენ არ გითქვამს, რომ მეჭამა, – უპასუხა მოწაფემ, და მუხლი მოუდრიკა მას.

ბერი გააოცა ამ პასუხმა და აკურთხა, რომ პური ეჭამა.

ბერის გარდაცვალების შემდეგ იოანემ ორმოცი დღე იმარხა. მეორმოცე დღეს მას ზეციდან ხმა ჩამოესმა.

– ვისაც ხელს შეახებ, ყველანაირი სნეულებისგან განიკურნება.

მეორე დილით, ღმრთის განგებით, მასთან ერთი ცოლ-ქმარი მოვიდა. ცოლს მკერდის კიბო ჰქონდა და ქმარმა იოანეს მისი განკურნება სთხოვა. იოანე არ თანხმდებოდა, უღირსად და ცოდვილად მიაჩნდა საკუთარი თავი. ქმარი კიდევ დიდხანს ევდრებოდა. ბოლოს იოანემ ქალს მკერდზე ჯვარი გადასახა და იგი მაშინვე განიკურნა.

ამის შემდეგ ღმერთმა ნეტარი იოანეს ხელით კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა – არა მხოლოდ მის სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც.

 

 

თავი 57

„და აი, მისი სული სიხარულით მიემართება ზეცისკენ“

 

კილიკიაში, ქალაქ ეღონიდან ოთხი მილის მოშორებით, ცხოვრობდა მესვეტე სვიმეონი. ერთ დღეს მას მეხი დაეცა და გარდაიცვალა. იმავე დღეს მისი სვეტიდან ოცდაოთხი მილის მოშორებით მცხოვრებმა სხვა მესვეტემ, აბბა იულიანემ, თავის მოწაფეებს უბრძანა, საცეცხლური მოეტანათ და შიგ საკმეველი ჩაედოთ. ლოცვის დრო არ იყო. გაკვირვებულმა მოწაფეებმა ჰკითხეს:

– რად გინდა საკმეველი, მამაო?

ბერმა მიუგო:

– ჩვენი ძმა სვიმეონი, რომელიც ეღონში ცხოვრობდა, ახლა აღესრულა მეხის დაცემისაგნ. და, აი, მისი სული სიხარულით მიემართება ზეცისკენ.

 

 

თავი 58

კვლავ იულიანე მესვეტის შესახებ

 

აი, კიდევ რა მოგვითხრო თმოსანმა ბერმა აბბა სტეფანემ:

„– იმ მხარეში, სადაც იულიანე მესვეტე ცხოვრობდა, გამოჩნდა ერთი ლომი, რომელმაც მრავალი ადამიანი დაგლიჯა – იმ ქვეყნის მკვიდრი თუ უცხოელი. ერთ დღეს იულიანემ თავის მოწაფეს უთხრა:

– წადი, შვილო, და აქედან დასავლეთისკენ ორი მილი გაიარე. იქ დაინახავ ლომს. მიდი და უთხარი: „გლახაკი იულიანე იესუ ქრისტეს სახელით გიბრძანებს, აქაურობას გაშორდე!“

ძმა წავიდა, იპოვა ლომი და ბერის სიტყვები გადასცა. ლომმა მაშინვე მიატოვა იქაურობა და სადღაც გადაიკარგა“.

 

თავი 59

აბბა თალალე კილიკიელი

 

საბას ლავრის პრესვიტერმა – აბბა პეტრემ აბბა თალალე კილიკიელის შესახებ მოგვითხრო:

„– მან სამოცი წელიწადი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში და ამ ხნის მანძილზე თითქმის განუწყვეტლივ ტიროდა და ამბობდა:

– ღმერთმა ეს დრო სინანულისთვის მოგვცა და პასუხსაც მკაცრად მოგვკითხავს“.

 

 

თავი 60

„მათ დაატყვევეს ჩემი გონება“

 

ალექსანდრიაში რომ ვიყავით, ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მოგვითხრო:

„ერთი ქალწული მონაზონი განმარტოებით ცხოვრობდა თავის სახლში და მეტად მოშურნე იყო საკუთარი სულის ცხონებისათვის: მარხულობდა, მოწყალებას გასცემდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. და, აი, კაცთა მოდგმის დაუძინებელმა მტერმა – ეშმაკმა, რომელიც ყველა ადამიანის მონადირებასა და წარწყმედას ეძიებს, მონაზვნისთვის საფრთხის დაგება განიზრახა და ერთ-ერთ ალექსანდრიელ ჭაბუკს სატანური ვნება აღუძრა მის მიმართ. ეს ჭაბუკი მთელი დღე მისი სახლის წინ ტრიალებდა: უცდიდა, როდის გამოვიდოდა; როცა დაინახავდა, მოსვენებას არ აძლევდა, უსირცხვილო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა და შეურაცხყოფდა კიდეც თავისი კადნიერი ქცევითა და საუბრით. ბოლოს მონაზონი იძულებული გახდა, სახლში გამოკეტილიყო, ეკლესიაშიც კი ვეღარ დადიოდა. ერთ დღეს მან თავისი მსახური ქალი გააგზავნა ჭაბუკთან.

– წამოდი, ჩემი ქალბატონი გელოდება, – უთხრა მსახურმა ჭაბუკს.

ეს უკანასკნელი სიხარულით აღივსო, იფიქრა, რომ ბოლოს და ბოლოს მიაღწია თავის საწადელს, და სწრაფად გაჰყვა მსახურს. მონაზონმა იგი სახლში შეიყვანა, სკამზე ჩამოსვა და ჰკითხა:

– მითხარი, ძმაო, რატომ მაწუხებ, რატომ არ მაძლევ მოსვენებას? გარეთაც კი ვეღარ გამოვდივარ შენ გამო.

– შენი სიყვარულით ვაკეთებ ამას, ჩემო ქალბატონო, – უპასუხა ჭაბუკმა, – როგორც კი დაგინახავ, მაშინვე ცეცხლი მეკიდება.

– და რა ნახე ჩემში ასეთი, რისთვის შეგიყვარდი?

– შენი მშვენიერი თვალებისთვის, მათ დაატყვევეს ჩემი გონება.

ეს რომ გაიგონა, ქალწულმა სავარცხელი მოიტანა და იქვე ამოითხარა ორივე თვალი. ახალგაზრდა კაცი იმდენად შეაძრწუნა ამ საშინელი სურათის ხილვამ, რომ იმავე დღეს მიატოვა საერო ცხოვრება, სკიტეში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა“.

 

 

თავი 61

აბბა ლეონტი კილიკიელი

 

მამებმა მოგვითხრეს, რომ აბბა ლეონტი კილიკიელი ორმოცდახუთი წელიწადი ცხოვრობდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „ახალ“ კინოვიაში და მთელი ამ ხნის მანძილზე თითქმის გამოუსვლელად იმყოფებოდა ღმრთისმშობლის ტაძარში, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა თავის მსახურებას და მთლიანად საკუთარ თავში იყო ჩაფლული.

აგრეთვე მოგვითხრეს, რომ, როდესაც მასთან ბრმა მივიდოდა მოწყალების სათხოვნელად, იგი თავისი ხელით აძლევდა ფულს, ყველა დანარჩენი მთხოვნელისთვის კი სვეტის ქვეშ, სკამზე, ან ტაძრის კიბეებზე დადებდა ხოლმე მონეტას და მთხოვნელები იქიდან იღებდნენ. ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა მას:

– შენი ხელით რატომ არ აძლევ მოწყალებას?

– შემინდე, მამაო, – უპასუხა აბბა ლეონტიმ, – მე კი არ ვაძლევ მათ მოწყალებას, არამედ ჩვენი დედოფალი – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, რომელიც გვზრდის მეც და ჩემს მთხოვნელებსაც.

 

 

თავი 62

პრესვიტერი აბბა სტეფანე

 

ერთმა ბერმა მოგვითხრო:

 „– ერთხელ აბბა სტეფანეს, ელიოტის ლავრის პრესვიტერს, სენაკში ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა:

– წადი ამ ადგილიდან, შენ აქ სარგებელს ვერ მიიღებ.

– არ მჯერა შენი, – უპასუხა ბერმა, – ვიცი ვინცა ხარ. ისიც ვიცი, რომ არავის სარგებელს არ ეძიებ და არც არავის ცხონება გინდა. მაგრამ იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, შეგმუსრავს შენ!“

 

 

თავი 63

„... მაგრამ მე მაინც არსად წავალ ამ ადგილიდან“

 

აბბა სტეფანეს შესახებ მოგვითხრობდნენ, რომ ერთხელ, როდესაც იგი თავის სენაკში წიგნს კითხულობდა, ეშმაკი ისევ ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა:

– წადი აქედან, ბერო, აქ შენ სარგებელს ვერ ნახავ.

ბერმა უპასუხა:

– თუ ასე ძალიან გინდა, რომ აქედან წავიდე, მაშინ ისე მოაწყვე, რომ ამ სკამმა, რომელზეც ვზივარ, სიარული დაიწყოს.

ის დაწნულ სკამზე იჯდა. ეშმაკმა მართლაც ისე მოაჩვენა ბერს, თითქოს არამარტო სკამი, არამედ მთელი სენაკი ადგილიდან იძვროდა.

– ძალიან მარჯვე ყოფილხარ, – უთხრა მას ბერმა, – მაგრამ მე მაინც არსად წავალ ამ ადგილიდან.

მან ლოცვა დაიწყო და ბოროტი სული მაშინვე გაქრა.

 

 

 

თავი 65

კვლავ აბბა სტეფანეს შესახებ

 

იმავე პრესვიტერ სტეფანეს შესახებ აბბა იოანემ მოგვითხრო:

„– სიცოცხლის ბოლო წლებში მას ღვიძლი დაუავადდა და ძალიან დასუსტდა, რის გამოც ექიმებმა აიძულეს, ხორცი ეჭამა. ბერს ერში ერთი ძმა ჰყავდა – ძალიან მორწმუნე და ღმრთისმოსავი. ერთხელ იგი თავის პრესვიტერ ძმას მონასტერში ეწვია, დაინახა, რომ ხორცს ჭამდა და დაბრკოლდა. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ამდენი ხნის მკაცრი მარხვისა და მოღვაწეობის შემდეგ მის ძმას ხორცის ჭამა დაეწყო. და, აი, უცბად იგი განკვირვებამ შეიპყრო და დაინახა ვიღაც უცნობი კაცი, რომელიც ეუბნებოდა:

– რატომ ბრკოლდები და განიკითხავ ბერს ხორცის ჭამისთვის? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამას უძლურების გამო აკეთებს, და კიდევ იმის გამო, რომ მორჩილების მცნება შეასრულოს? ხოლო თუ გაინტერესებს, როგორ განადიდა ღმერთმა შენი ძმა, მიტრიალდი უკან და დაინახავ.

ის მიტრიალდა და დაინახა ჯვარზე გაკრული იესუ ქრისტე, მის გვერდით კი, მარჯვენა მხარეს, თავის ძმა – ისიც ჯვარზე გაკრული.

– ხედავ, რამხელა დიდების ღირსი გახდა შენი ძმა? – ეუბნებოდა უცნობი. – მადლობა შესწირე ღმერთს, რომელიც ასე განადიდებს თავის მოყვარულთ“.

 

 

 

თავი 69

„ნუ გიყუარნ სოფელი ესე“

 

როცა სოფისტი სოფრონი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო, მე და ის აბბა პალადის ვესტუმრეთ ალექსანდრიაში და ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა ჩვენთვის. ამ ღმრთისმოყვარე კაცს, ღმრთის ერთგულ მონას, თავისი მონასტერი ჰქონდა ლითაზომენში.

– შვილებო, – გვითხრა მან, – წუთისოფელი ძალიან ხანმოკლეა. თუ ამ მცირედ დროს შრომასა და ღვაწლში გავატარებთ, ენით უთქმელი ნეტარება გველოდება მარადისობაში. შეხედეთ მოწამეებს, შეხედეთ წმინდანებს, ღირს დედებსა და მამებს: რა საოცარი სიმამაცით გამოირჩეოდნენ ისინი! მათი ხსოვნა საუკუნეებმა შემოგვინახეს. და ვის, რომელ ადამიანს არ განაცვიფრებს წმინდა მოწამეების სიმხნე და შემართება, ყოველგვარ კაცობრივ ძალებს აღმატებული! რას აღარ ითმენდნენ ისინი: მათ მტარვალები თვალებს სთხრიდნენ, ძვლებს უმუსრავდნენ, ხელებსა და ფეხებს აჭრიდნენ; ზოგიერთ მათგანს ნელ ცეცხლზე წვავდნენ, ზოგიერთს – აგიზგიზებულ კოცონზე; ზოგს ზღვებსა და მდინარეებში ახრჩობდნენ, ზოგს კიდევ, ბოროტმოქმედთა მსგავსად, ცოცხლად შთანთქავდნენ სისხლისმსმელი მხეცები; ზოგიც წამებისა და სიკვდილის შემდეგ მტაცებელი ფრინველების კერძი ხდებოდა... ერთი სიტყვით, შეუძლებელია ყველა იმ სატანჯველის წარმოდგენა, რომელსაც ეშმაკი განუმზადებდა ქრისტეს მოწამეებს. მაგრამ შეხედეთ, როგორი სიმტკიცითა და მოთმინებით იტანდნენ ისინი ყველაფერ ამას: ხორცის დათრგუნვით სული ძლიერდებოდა; ახლა კი თავიანთი ღვაწლისთვის ენით უთქმელ ნეტარებას განიცდიან სასუფეველში. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ მცირე ხნის სატანჯველს მარადიული ნეტარება მოჰყვებოდა, და რომ მტრის დამარცხებაც სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი: იმ ენით აუწერელი სატანჯველის დათმენის გზით, რომელსაც ეშმაკი განამზადებდა მათთვის, და ეს რწმენა მათ თავიანთი საქმეებითაც დაამტკიცეს.

ასე რომ, თუკი ჩვენც დავითმენთ ყველანაირ მწუხარებას და სიმტკიცეს გამოვიჩენთ მოწევნული განსაცდელების დროს, ჭეშმარიტად „ღმრთის მეგობრები“ გავხდებით, თვით ღმერთი იქნება ჩვენი თანამებრძოლი და სასყიდელსაც უშურველად მივიღებთ მისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა შრომასა და ღვაწლს მოითხოვს მონაზვნური ცხოვრება: ჩვენ ხომ საკუთარ მდუმარებაში გამოვიცდებით! ღმრთის ტაძრად რომ ვიქცეთ, პირველ რიგში გულწრფელი სინანული გვჭირდება, და ამისთვის უდიდესი სასყიდელი გველოდება მარადისობაში.

– გავიხსენოთ ის ადამიანები, – განაგრძობდა ბერი, – ვისაც არ ჰქონდა ადგილი, „სადა თავი მიედრიკა“. მწუხარება, მოციქულის თქმით, მოთმინებას ბადებს, მოთმინებით კი სასუფეველი მოიპოვება. „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის“. დავიცვათ ჩვენი გონება აზრებისაგან, ეს ცხონებისკენ მიმავალი გზაა.

– აბბა, – ვუთხარით ჩვენ, – მოგვიყევი, რამ გადაგაწყვეტინა მონაზვნობა, რამ აღძრა შენში ეს სურვილი.

– ჩემს სამშობლოში, – ის თესალონიკიდან იყო, – ქალაქის კედლიდან სამი ვერსის მოშორებით, ერთი განდეგილი ცხოვრობდა, წარმოშობით მესოპოტამიელი. მას სახელად დავითი ერქვა. ძალიან მკაცრი მოღვაწე იყო და მრავალი სათნოებით გამოირჩეოდა. სამოცდაათი წელიწადი დაყუდებით ცხოვრობდა ერთ ადგილზე. ერთხელ, ღამით, თესალონიკის გალავანზე მეომრები განლაგდნენ და ქალაქს ბარბაროსების შემოსევისაგან იცავდნენ. უცბად მათ დაინახეს, რომ განდეგილის სენაკის ყველა სარკმლიდან ცეცხლი გამოდიოდა. როგორც კი გათენდა, ისინი სენაკისკენ გაიქცნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბერის სენაკი ბარბაროსებმა გადაწვეს. მაგრამ იქ ყველაფერი უვნებლად დახვდათ, დამწვრობის კვალიც კი არაფერს ეტყობოდა. განცვიფრებული მეომრები უკან გამობრუნდნენ და კვლავ თავიანთ საგუშაგოზე განლაგდნენ. მეორე ღამეს ისევ გამოჩნდა ცეცხლი სენაკის ფანჯრებში. და ეს ხდებოდა ყოველ ღამე თვით ბერის აღსრულებამდე. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ იმ მხარეს მოედო. ხალხი მოდიოდა და კედლებზე ათევდა ღამეს, ეს საკვირველი ცეცხლი რომ ენახათ. მე თვითონაც ვნახე ეს ცეცხლი – არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალჯერ. და ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი:

– თუკი აქვე, ამ ქვეყანაზე, ღმერთი ასე განადიდებს თავის მონებს, მაშინ იქ რა იქნება, სასუფეველში, – იქ ხომ მზესავით გაბრწყინდებიან ისინი?

აი, ძმებო, რამ გადამაწყვეტინა მონაზვნობა.

 

 

თავი 70

აბბა პალადის მონათხრობი

 

აბბა პალადიმ მოგვითხრო:

„– დავით თესალონიკელის შემდეგ იმ მიდამოებში ერთი ბერი გამოჩნდა, სახელად ადოლა. ისიც მესოპოტამიიდან იყო. მან საცხოვრებლად ხის ფუღურო აირჩია და იქ დაეყუდა. ფუღუროში პატარა სარკმელი ჩადგა. ამ სარკმლიდან იგი მომსვლელებს ესაუბრებოდა. ერთხელ ის მხარე ბარბაროსებმა დაარბიეს და შემთხვევით განდეგილის საცხოვრებელთანაც ჩაიარეს. ბერი ამ დროს სარკმლიდან იყურებოდა. ერთ-ერთმა ბარბაროსმა შეამჩნია იგი და ხმალი იშიშვლა, რომ დაერტყა და მოეკლა, მაგრამ აღმართული ხელი ჰაერში გაუშეშდა. დანარჩენი ბარბაროსები შეძრწუნდნენ ამ სასწაულის ხილვაზე, ბერის წინ დაემხვნენ და თავიანთი მეგობრის განკურნება შესთხოვეს. ბერმა მართლაც განკურნა იგი თავისი ლოცვით და მშვიდობით გაისტუმრა“.

 

 

თავი 71

ბერი და ავაზაკი

 

აი კიდევ რა მოგვითხრო აბბა პალადიმ:

„– ერთხელ თებაიდის ქალაქ არსინოეში ერთი ავაზაკი შეიპყრეს კაცისკვლისთვის და მრავალი წამების შემდეგ თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როდესაც განაჩენNის აღსასრულებლად მიჰყავდათ, გზაში სხვა ხალხთან ერთად მას ერთი ბერიც მიჰყვებოდა, რათა მისი დასჯისთვის ეყურებინა. ავაზაკმა შეამჩნია იგი და უთხრა:

– რა დაგრჩენია აქ, მამაო, სენაკი არ გიდგას? ან ხელსაქმე არა გაქვს?

– შემიდნე, ძმაო, – უპასუხა ბერმა, – სენაკიც მიდგას და ხელსაქმეც მაქვს.

– მაშინ რატომ არ ზიხარ სენაკში და არ გლოვობ საკუთარ ცოდვებს აქ უსარგებლოდ სიარულის ნაცვლად?

– მართალი ხარ, ძმაო, მაგრამ მე არავითარი ლმობიერება და სინანული არ გამაჩნია და უდებებაში გამყავს ჩემი ცხოვრება. ამიტომაც მინდა შენს დასჯას დავესწრო: იქნებ ამან მაინც დამაფიქროს და სინანული აღმიძრას გულში.

– წადი, მამაო, დაჯექი შენს სენაკში, – მიუგო ავაზაკმა, – და ჰმადლობდე ქრისტეს, რომელიც ჯვარს ეცვა ავაზაკთა შორის და ჩვენ ცოდვებისაგან გამოგვიხსნა. ის მოგანიჭებს სინანულსა და ლმობიერებას და საუკუნო ცხოვრებასაც დაგიმკვიდრებს“.

 

 

 

თავი 72

ყმაწვილი

 

კვლავ აბბა პალადიმ მოგვითხრო:

„– ერთი მოხუცი ერისკაცი კაცისკვლისთვის შეიპყრეს. წამების დროს მან განაცხადა, რომ მასთან ერთად მკვლელობაში კიდევ ერთი ყმაწვილი იღებდა მონაწილეობას. შეიპყრეს ყმაწვილიც. იგი ოცი წლისა იყო. დაიწყეს ორივეს წამება. ყმაწვილი ამბობდა, რომ არავითარი ბრალი არ მიუძღოდა მკვლელობაში, მოხუცი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ბოლოს ყმაწვილსაც და მოხუცსაც ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ის ადგილი, სადაც ბრალდებულებს სჯიდნენ, ქალაქიდან ხუთი მილით იყო დაშორებული. იქვე იყო სატურნის ტაძრის ნანგრევები. ორივენი დასჯის ადგილზე მიიყვანეს. ხალხსაც და მხედრებსაც უნდოდათ, პირველად ყმაწვილი ჩამოეხრჩოთ. მაშინ იგი მხედრების ფერხთით დაეცა და შესძახა:

– მოიღეთ წყალობა ღმრთის გულისათვის, და პირით აღმოსავლეთისკენ დამკიდეთ.

– რატომ? – ჰკითხეს მხედრებმა.

– იმიტომ, რომ ჯერ შვიდი თვეც კი არ გასულა, რაც ქრისტეს ნათელს ვეზიარე და მინდა გარდაცვლილი მაინც ვიყურებოდე აღმოსავლეთისკენ.

ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა მხედრებზე, რომ მათ თვალები ცრემლებით აევსოთ.

გაბოროტებული მოხუცი მთელი სხეულით ათრთოლდა და წამოიძახა:

– მე კი ჩემი ღმერთის – სატურნის ტაძრისკენ მიმაქციეთ პირით!

ეს ღმრთისმგმობი სიტყვები რომ გაიგონეს, მხედრებმა ყმაწვილს თავი ანებეს და პირველად მოხუცი ჩამოახრჩვეს. ამ დროს მეფისნაცვლის მიერ გამოგზავნილი მხედარი გამოჩნდა და თქვა:

– ბრძანება მოვიდა, რომ ყმაწვილი არ ჩამოახრჩოთ. უკან დააბრუნეთ.

ხალხი და მხედრები სიხარულით შეხვდნენ ამ ბრძანებას და ყმაწვილი სამსჯავროს წარუდგინეს, იქ კი მეფისნაცვალმა საერთოდ გაათავისუფლა იგი.

ამ მოულოდნელი გადარჩენის შემდეგ ყმაწვილმა მაშინვე მიატოვა საერო ცხოვრება და მონაზვნად აღიკვეცა“.

ეს მონათხრობი მრავალი ადამიანის სარგებლისათვის ჩავწერეთ.

 

თავი 74

აბბა პალადის სიტყვა

 

ერთ დღეს, საუბრისას, აბბა პალადიმ გვითხრა:

– დამიჯერეთ, შვილებო, მწვალებლობები და განხეთქილებები სხვას არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ ღმრთისადმი და მოყვასისადმი უსიყვარულობას თესავენ ეკლესიაში.

 

 

თავი 75

„ვის შეჰვედრე ჩვენი თავი?“

 

სხვა დროს აბბა პალადიმ მოგვითხრო:

„– ალექსანდრიაში ერთი ღმრთისმოყვარე ვაჭარი ცხოვრობდა. იგი ძალიან მოწყალე იყო და თანაგრძნობის უნარით გამოირჩეოდა. თავის სახლში ყოველთვის სიხარულით იღებდა მონაზვნებს. ჰყავდა ცოლი – საოცრად თავმდაბალი და მოკრძალებული, მკაცრი მმარხველი. მათი ასული დაახლოებით ექვსი წლისა იქნებოდა. ერთხელ ვაჭარი კონსტანტინოპოლში გასამგზავრებლად გაემზადა; თავის ცოლ-შვილთან ერთი მონა დატოვა და სახლიდან გავიდა. გემზე რომ ადიოდა, ცოლმა ჰკითხა:

– ვის შეჰვედრე ჩვენი თავი?

– ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, – უპასუხა ვაჭარმა, – ის იქნება თქვენი მფარველი.

მისი გამგზავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ მონას ეშმაკმა შთააგონა, მოეკლა თავისი ქალბატონი და მისი ასული, მთელი ქონება გაეტაცებინა და სახლიდან გაქცეულიყო. ამ განზრახვით იგი სამზარეულოში შევიდა, დანა აიღო და იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც ქალი და ბავშვი ისხდნენ. მაგრამ კართან რომ მივიდა, უცბად დაბრმავდა და ვეღარც შიგნით შესვლა მოახერხა, ვეღარც სამზარეულოსკენ გამობრუნდა. ერთი საათი წვალობდა, აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ცდილობდა, როგორმე შესულიყო ოთახში. ბოლოს ძალა გამოეცალა და ყვირილი დაიწყო:

– ქალბატონო, ერთი წუთით აქ მოდი!

 ქალს გაუკვირდა, ვერ მიხვდა, თვითონ რატომ არ მოდიოდა მონა, ან რატომ ყვიროდა.

– შენ თვითონ მოდი, – გასძახა ოთახიდან.

მონა ყვირილს განაგრძობდა, აფიცებდა ქალს, მხოლოდ ერთი წუთით მისულიყო მასთან. ქალმაც ფიცით აღუთქვა, რომ ადგილიდან არ დაიძვრებოდა.

– ბავშვი მაინც გამოუშვი! – შესძახა მონამ. მაგრამ ქალი არც ამაზე დათანხმდა. მაშინ მონამ სრულიად დაკარგა გონება და დანა მუცელში ჩაირტყა. ამის დანახვაზე ქალმა ხმამაღლა შეჰკივლა. მოირბინეს მეზობლებმა. მალე ხელისუფლებიც მოვიდნენ. მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ყველაფერი აღიარა მათ წინაშე. ყველამ განადიდა ღმერთი, რომელმაც დედა-შვილი სასწაულებრივად იხსნა დაღუპვისაგან“.

 

 

თავი 76

„არა, უფალო ჩემო, ეს მე ვარ ცოდვილი“

 

„– ერთმა გემის მეპატრონემ, – განაგრძობდა აბბა პალადი, – ასეთი რამ მომითხრო:

– ერთ დღეს ჩემს გემზე, ჩვეულებრივ, მგზავრები ავიყვანე და ნავსადგურიდან გავედი. მაგრამ გემი შუა ზღვაში გაჩერდა და ადგილიდან ვეღარ დავძარი. სხვა გემებმა დაუბრკოლებლად გაცურეს: ზოგმა კონსტანტინოპოლისკენ, ზოგმა ალექსანდრიისკენ, ზოგმა კიდევ – სხვა ქვეყნებისკენ, ჩვენ კი თხუთმეტი დღე გაუნძრევლად ვიდექით ერთ ადგილზე და სევდასა და სასოწარკვეთილებას ვეძლეოდით. მე, როგორც გემის მეპატრონეს, ორმაგი მწუხარება მქონდა: გემის ბედიც მაღელვებდა და ხალხის მდგომარეობაზეც ვწუხდი. და დავიწყე მხურვალე ლოცვა – ღმერთს ვევედრებოდი ხსნას. ერთ დღეს ვიღაცის ხმა ჩამესმა:

– გადააგდე ზღვაში მარიამი და მშვიდობიანად დაასრულებ მგზავრობას.

საგონებელში ჩავარდნილი, დიდხანს ვფიქრობდი: „რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? ვინ არის მარიამი?“ და უცბად იგივე ხმა ჩამესმა:

– ნუთუ ვერ გაიგე რა გითხარი? გადააგდე ზღვაში მარიამი და ყველანი გადარჩებით!

ცოტა ხანს კიდევ დავფიქრდი და ბოლოს შევძახე:

– მარიამ!

თუმცა ასეთს არავის ვიცნობდი. და მართლაც გამომეპასუხა ერთ-ერთი მგზავრი თავისი კაიუტიდან:

– რა გნებავს, ბატონო?

– თუ შეიძლება, ერთი წუთით მოდი.

ის წამოდგა და მომიახლოვდა. გვერდზე გავიყვანე და ჩუმად ვუთხარი:

– ხომ ხედავ, ჩემო დაო, როგორი ცოდვილი ვარ? ჩემი გულისთვის ყველანი უნდა დაიღუპოთ.

ქალმა მძიმედ ამოიოხრა და თქვა:

– არა, უფალო ჩემო, ეს მე ვარ ცოდვილი.

– შენ რა ცოდვები გაქვს?

– საუბედუროდ, არ არსებობს ისეთი ცოდვა, მე რომ არ ჩამედინოს, და ჩემი გულისთვის თქვენც იღუპებით.

და მან დაიწყო თავისი თავგადასავლის მოყოლა:

– მე გათხოვილი ვიყავი და ორი შვილი მყავდა: ერთი ცხრა წლისა იყო, მეორე კი – ხუთის. ჩემი ქმარი გარდაიცვალა და დავრჩი ქვრივი. ჩემს მეზობლად ერთი მეომარი ცხოვრობდა. მინდოდა ცოლად წავეყვანე და შუამავალი გავუგზავნე. მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მივიღე:

– მე არ მინდა იმ ქალის მოყვანა, ვისაც სხვა კაცისგან ჰყავს შვილები.

ვხედავდი, რომ მას ჩემი შვილები აბრკოლებდნენ, მე კი ის მიყვარდა. მაშინ, უბადრუკმა, ავიღე დანა და ყელი გამოვჭერი საკუთარ შვილებს... ამის შემდეგ მეომარს შეუთვალე:

– აი, ახლა აღარავინ მყავს.

ჩემი საქციელის შესახებ რომ შეიტყო, მეომარმა შესძახა:

– ცხოველ არს უფალი, მე მას ცოლად არ მოვიყვან!

შემეშინდა, ჩემი საქმე არ გამჟღავნებულიყო და სახლიდან გამოვიქეცი...

ქალმა საუბარი დაასრულა. მე ერთხანს კიდევ ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა მისი ზღვაში ჩაგდება. ბოლოს ვიფიქრე: „მოდი კიდევ ერთ გამოცდას ჩავატარებ“.

– მარიამ, – ვუთხარი ქალს, – მე ახლა ნავზე გადავჯდები და თუ გემი გაცურავს, ესე იგი, ჩემი ცოდვების ბრალი ყოფილა ყველაფერი.

მეზღვაურს დავუძახე და ვუბრძანე, ნავი ჩაეშვა. ჩავედი და დავჯექი ნავზე. მაგრამ გემი ადგილიდან არ იძვროდა. მაშინ ისევ გემზე ამოვბრუნდი და ქალს ვუთხარი:

– ახლა შენ ჩადი.

ქალი ჩავიდა. როგორც კი ნავზე ფეხი შედგა, ნავმა იმავე წამს ტრიალი დაიწყო, შემდეგ ხუთჯერ ამოყირავდა და ფსკერისკენ დაეშვა. გემი კი ადგილიდან დაიძრა და ისე სწრაფად გაცურა, რომ თხუთმეტი დღის სავალი სამ დღეში გავიარეთ“.

 

თავი 77

ბრმის ნაამბობი

 

ერთხელ, შუადღეზე, მე და ბატონი სოფრონი სოფისტ სტეფანესთან წავედით სამეცადინოდ. ის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრის შორიახლოს ცხოვრობდა; ამ ტაძარს „დოროთეს“ უწოდებდნენ, იგი ნეტარი პაპის – ევლოგის აშენებული იყო.

კარზე რომ დავაკაკუნეთ, ახალგაზრდა ქალი გამოვიდა და გვითხრა:

– ბატონ სტეფანეს სძინავს. ცოტა ხანს დაელოდეთ.

მაშინ სოფრონის შევთავაზე:

– მოდი, ტეტრაპილზე წავიდეთ და იქ მოვიცადოთ.

ტეტრაპილი – ეს ის ადგილია, რომელსაც ალექსანდრიელები დიდ პატივს სცემენ. ამბობენ, რომ ალექსანდრე მაკედონელმა სწორედ ამ ადგილზე დამარხა ეგვიპტიდან ჩამოტანილი იერემია წინასწარმეტყველის ნაწილები.

სოფრონი დამეთანხმა და წავედით. როგორც გითხარით, შუადღე იყო. იქ მხოლოდ სამი ბრმა დაგვხვდა, – ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. ჩვენ მათ ჩუმად მივუსხედით გვერდზე. ხელში წიგნები გვეჭირა. ერთმა ბრმამ ჰკითხა მეორეს:

– შენ როგორ დაბრმავდი?

– მე ახალგაზრდობაში მეზღვაური ვიყავი. ერთხელ, აფრიკიდან რომ მოვცურავდით, გზაში თვალები ამტკივდა – ისე, რომ სიარულიც კი ვეღარ შევძელი. მერე თვალებზე ლიბრი გადამეკრა და დავბრმავდი.

ამის შემდეგ პირველმა ბრმამ ჰკითხა მესამეს:

– შენ როგორღა დაბრმავდი?

– მე ხელობით მეშუშე ვიყავი. ერთხელ, მუშაობის დროს, შუშის ნამსხვრევები შემეყარა თვალებში და დავბრმავდი.

– შენ თვითონ როგორ დაბრმავდი? – ჰკითხა ორივემ პირველს.

– სიმართლე გითხრათ, – დაიწყო პირველმა, – სიჭაბუკეში შრომა არ მიყვარდა, თანაც ძალიან უყაირათო ვიყავი, და ბოლოს იქამდე მივედი, რომ პურის ფულიც კი აღარ მქონდა. ავდექი და ყაჩაღობა დავიწყე. ერთხელ, როცა უკვე მრავალი დანაშაული მქონდა ჩადენილი, ვხედავ – მდიდრულად შემოსილ მიცვალებულს ასაფლავებენ. პროცესიას უკან მივყევი. შემოუარეს წმინდა იოანეს ეკლესიას, მიცვალებული აკლდამაში დაასვენეს და წავიდნენ. მე მარტო დავრჩი. შევედი აკლდამაში და მიცვალებულს ყველაფერი გავხადე, რაც ტანზე ეცვა, მხოლოდ სუდარა დავუტოვე და გამობრუნებას ვაპირებდი. მაგრამ უცბად ჩემს თავს ვუთხარი: „სუდარაც გახადე, ძვირფასი მატერიისაა“. და, აი, ჩემდა საუბედუროდ, სუდარაც შემოვაცალე და მიცვალებული სრულიად შიშველი დავტოვე. უცბად ის წამოდგა, თითებით სახეზე შემეხო და მერე თვალები ამომთხარა. მე ყველაფერი დავყარე და შეძრწუნებული და დამწუხრებული გამოვედი აკლდამიდან...

ასე დაასრულა ბრმამ თავისი ნაამბობი. ბატონმა სოფრონიმ თავის დაქნევით მანიშნა, წავიდეთო, და როდესაც წამოვდექით და მოსაუბრეებს გავშორდით, მითხრა:

– მაშ ასე, ღრმად პატივცემულო აბბა, დღეს ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ, ასე რომ, მეცადინეობა აღარ გვჭირდება.

ბრმის ნაამბობმა დიდი სარგებელი მოგვიტანა და იმისთვის ჩავიწერეთ, რომ თქვენც სარგებელი ჰპოვოთ მასში. სრული სიმართლეა: ვინც ბოროტებას ჩაიდენს, ის ღმრთის მსჯავრს ვერსად გაექცევა.

 

 

თავი 78

„ჰოჲ, საწყალობელო კაცთა

შორის!“

 

კიდევ ერთი ამის მსგავსი ამბავი „გიგანტების“ მონასტრის იღუმენ აბბა იოანესგან მოვისმინეთ თეოპოლისში ყოფნისას.

„– ამ ცოტა ხნის წინ, – ჰყვებოდა აბბა იოანე, – ჩემთან ერთი ჭაბუკი მოვიდა და მთხოვა:

– ღმრთის გულისათვის, მიმიღე მონასტერში, ჩემს ცოდვებზე მინდა ვიგლოვო.

ამას რომ ამბობდა, თან ცხარე ცრემლებით ტიროდა, და საერთოდაც ეტყობოდა, რომ უსაზღვროდ დამწუხრებული იყო.

– რატომ ხარ ასე დამწუხრებული? – ვკითხე მე.

– ჰოჲ, მამაო, მე დიდი ცოდვილი ვარ.

– დამიჯერე, შვილო, ყველანაირი ცოდვისთვის არსებობს წამალი, თვით უმძიმესი ცოდვებისთვისაც კი. თუ შენ ნამდვილად გინდა განკურნება, ნუ დამალავ საკუთარ ცოდვებს, ყველაფერი მითხარი, რაც გულში გაქვს, რომ მეც შესაბამისად გიწამლო, რადგან მეძავს სხვა წამალი სჭირდება, გრძნეულს – სხვა, კაცისმკვლელს – სხვა და მპარავს – კიდევ სხვა.

ჭაბუკს ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები, გულზე ხელს იცემდა და ხმამაღლა მოთქვამდა, მღელვარებისგან სუნთქვაც კი ეკვროდა. მივხვდი, რომ მწუხარება და სასოწარკეეთილება თავის უბედურებაზე დალაპარაკების საშუალებას არ აძლევდა.

– შვილო, – ვუთხარი მე, – კარგად მომისმინე: როგორმე მოიკრიბე ძალა და აღიარე შენი ცოდვები, და მაშინ ქრისტე თავის შეწევნას გამოგიგზავნის. მან ჩვენი ხსნისთვის ყველაფერი დაითმინა: თავისი გამოუთქმელი სახიერებითა და უსაზღვრო მოწყალებით მეზვერეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, ავაზაკს სამოთხის კარი განუღო, მეძავს ცოდვათა შენდობა მიანიჭა; ის ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ჯვარს ეცვა და სისხლი დასთხია, და შენც სიხარულით შეგიწყნარებს, თუკი მის წინაშე ყველა ცოდვას აღიარებ, რამეთუ მან თქვა: „ნებსით არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხოვრებაჲ მისი“.

მაშინ ჭაბუკმა ძალა მოიკრიბა, ცრემლები შეიკავა და დაიწყო:

– მამაო, ვერც ცა და ვერც დედამიწა ვერ დაიტევს ჩემს ცოდვებს, მე სავსე ვარ ყველანაირი უსჯულოებით. ორი დღის წინ ამ ქალაქის ერთ-ერთ დიდგვაროვანს ასული გარდაეცვალა და, მდიდრულად შემოსილი, აკლდამაში დაასვენეს. მე დიდი ხნის დაჩვეული ვიყავი ყაჩაღობას, წავედი ღამით აკლდამაში და ქალწულის გაძარცვას შევუდექი. რაც ეცვა, ყველაფერი გავხადე, უკანასკნელი პერანგიც კი არ დავუტოვე ტანზე, მთლიანად გავაშიშვლე. ის იყო, გამობრუნებას ვაპირებდი, რომ უცბად ქალწული წამოდგა და მარცხენა ხელით ჩემს მარჯვენას ჩაეჭიდა.

– ჰოჲ, განწირულო ადამიანო! – შესძახა მან. – ასე უნდა გაგეშიშვლებინე? ღმერთის არ შეგეშინდა? არ გაგახსენდა საშინელი სამსჯავრო? არ შეგებრალე, ასეთი ახალგაზრდა რომ წავედი ამქვეყნიდან? შენ თვითონაც ხომ ქრისტიანი ხარ! და რას ფიქრობ, შიშველი უნდა წარვდგე ქრისტეს წინაშე? ჩემი სიქალწულის მაინც არ შეიკდიმე? განა შენც ქალმა არ დაგბადა? როგორ არ იფიქრე, რომ ჩემი შეურაცხყოფით საკუთარ დედას შეურაცხყოფდი! ჰოჲ, საწყალობელო კაცთა შორის, როგორ გინდა წარსდგე საშინელ სამსჯავროზე! რა პასუხი გინდა გასცე იესუ ქრისტეს, რით გინდა გაიმართლო თავი! როცა ცოცხალი ვიყავი, ჩემი სახეც კი არავის დაუნახავს უცხოს, შენ კი, უკვე გარდაცვლილი, ასე უსირცხვილოდ გამაშიშვლე და ჩემი სხეული იხილე! ჰოჲ, უბადრუკო ადამიანო, ბოროტების უფსკრულში დანთქმულო! რა ხელით გინდა შეეხო იესუ ქრისტეს ხორცსა და სისხლს, როგორ გინდა მას მიეახლო!

ზარდაცემული მთელი სხეულით ვძრწოდი...

– თუ ახლა გამიშვებ, – ჩავილაპარაკე, – აღარასოდეს ჩავიდენ ბოროტებას...

– არა! – მიპასუხა ქალწულმა. – აქ შენი ნებით შემოხვედი, აქედან გასვლა კი შენს ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. ეს აკლდამა შენი საფლავი გახდება. ოღონდ არ იფიქრო, რომ უცბად და ადვილად მოკვდები. არა, დიდი ხნის საშინელი ტანჯვა-წამების შემდეგ ბოროტად აღმოგხდება სული!

ქვითინით ვევედრებოდი ქალწულს, შევებრალებინე და გავეშვი... ვიფიცებდი ღმერთს, რომ აღარასოდეს ჩავიდენდი უსჯულოებას. და ბოლოს, მრავალი ვედრებისა და ცრემლის დათხევის შემდეგ, ასეთი პასუხი მივიღე:

– თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე და ამ უბედურებას თავი დააღწიო, პირობა დადევი, რომ არამარტო უსჯულო საქმეებს მიატოვებ, არამედ საერთოდ გაშორდები ერს, მონაზვნად აღიკვეცები და დარჩენილ ცხოვრებას სინანულსა და ღმრთის სამსახურში გაატარებ.

– გეფიცები, – ვუთხარი მე, – არა მხოლოდ მაგას გავაკეთებ, არამედ სახლშიც კი არ შევივლი, აქედან პირდაპირ მონასტერში წავალ.

– ჩამაცვი ყველაფერი, რაც მეცვა, – მიბრძანა ქალწულმა.

როგორც კი ჩავაცვი, ის მაშინვე მიწვა და მიიძინა. მე კი, საწყალობელი, გამოვედი აკლდამიდან და სირბილით მოვედი მონასტრამდე...

მე დავამშვიდე ჭაბუკი, ვასწავლე სინანულისა და თავშეკავების გზა და მონაზვნად აღვკვეცე. ის ახლაც იმ მღვიმეშია, რომელშიც პირველად შევიყვანე, და იქ სულის მხსნელ ღვაწლს ეწევა“.

 

 

თავი 79

წმინდა ზიარების სასწაული

 

ანტიოქიის მახლობლად მდებარე ქალაქ სელევკიაში ჩვენ მოვინახულეთ ეპისკოპოსი აბბა თეოდორე. მან მოგვითხრო:

„– ჩემი წინამორბედის – ნეტარ ეპისკოპოს დიონისეს დროს ამ ქალაქში ერთი ვაჭარი ცხოვრობდა. ის სევეროსის მიმდევარი იყო; მაგრამ მას ჰყავდა მონა, რომელიც წმინდა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. ერთხელ, დიდ სუთშაბათს, მონამ ეკლესიიდან წმინდა ზიარების ნაწილები წამოიღო, სუფთა ტილოში გაახვია და განჯინაში შეინახა. აღდგომის შემდეგ ბატონმა თავისი მონა კონსტანტინოპოლში გააგზავნა სავაჭროდ. წასვლის წინ მონამ განჯინის გასაღები ბატონს დაუტოვა, წმინდა ნაწილების წაღება კი დაავიწყდა. ერთხელ ბატონმა განჯინა გამოაღო და ტილოში შეხვეული ნაწილები იპოვა. ერთხანს დაფიქრდა, ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო: რაკი კათოლიკე ეკლესიის წევრი არ იყო, მათი მიღება არ მოისურვა. ბოლოს განჯინა ჩაკეტა და წმინდა ნაწილები შიგ დატოვა – იმ ფიქრით, რომ მისი მონა მოვიდოდა და მიიღებდა. მაგრამ დადგა მომდევნო დიდი სუთშაბათი, მონა კი არ ჩანდა. ბატონს აღარ უნდოდა, მომავალ წლამდე შეენახა ზიარების ნაწილები, ამიტომაც მათი დაწვა გადაწყვიტა. გამოაღო განჯინა და ხედავს – წმინდა ნაწილებიდან ღერო და თავთავი აღმოცენებულა. ამ სასწაულის ხილვაზე იგი ენით აუწერელმა შიშმა შეიპყრო და მთელ ტანში ძრწოლამ დაუარა.

– უფალო, შემიწყალე მე! – შესძახა მან.

შემდეგ დაუყოვნებლივ წაიყვანა მთელი თავისი სახლეული და წმინდა ეპისკოპოს დიონისესთან მივიდა.

ეს სასწაული, ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას რომ აღემატება, იხილა არა ერთმა და ორმა, არამედ მრავალმა ადამიანმა. ეს სასწაული იხილეს ქალაქის მაცხოვრებლებმა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებმა, ხმელით და ზღვით მოგზაურებმა, ქალებმა და მამაკაცებმა, მოხუცებმა და ბავშვებმა, ბატონებმა და მონებმა, მდიდრებმა და ღარიბებმა, ხელისუფლებმა და ხელქვეითებმა, სწავლულებმა და უსწავლელებმა, სამღვდელოებამ და მონაზვნებმა, ქალწულებმა და მოღვაწეებმა, ქვრივებმა და დაქორწინებულებმა. ყველა ისინი ერთხმად ღაღადებდნენ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ყველანი ჰმადლობდნენ ღმერთს ამ გამოუთქმელი სასწაულისთვის. მაშინ მრავალმა ადამიანმა მიატოვა მწვალებლური სწავლება და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა“.

 

გაგრძელება

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა