მისაბაძი მაგალითი
(იგულისხმება ათონის მთაზე მოღვაწე ცნობილი სულიერი მოძღვარი წმ. ილარიონ ახალი ქართველი, ყანჩაველი (1776-1864)).
საღამო ხანი იყო. ბინდდებოდა. წმინდა ანას მცირე სკიტში, ერთ-ერთი კალივის ეზოში, გადამხმარი ასკეტური მთის მახლობლად, რომლის ძირსაც ზღვა ელამუნებოდა, – იგი თითქოს ფეხს ბანდა მთას, – ორი მონაზონი საუბრობდა: მოძღვარი და მოწაფე. დაისის სიჩუმეს მხოლოდ ზღვის დაუცხრომელი ხმაური არღვევდა. ზღვის ხმაური განდეგილ მამათა ლოცვის საუკეთესო აკომპანემენტია – სალი კლდეების მწვერვალებზე რომ დგანან და ზეცად ხელაპყრობილებს მთელი ქვეყნიერება უპყრიათ. საუბარი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს უმცროსი მონაზონი წამოდგა, თაყვანი სცა მოძღვარს და კალივისკენ გაემართა, სადაც კიდევ ერთი მონაზონი იცდიდა.
– დაამთავრე, მამა ონოფრე?
– დიახ, მამა ილარიონ.
– მაშინ მე წავალ.
ახალგაზრდა ბერი მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოძღვარს.
– მაკურთხე, გერონდა!
– იცოცხლე, ილარიონ! იცოცხლე, ჩემო პატარა ანგელოზო! მოდი, აქ დაჯექი.
დიდი ხანი არ იყო გასული მისი აღკვეციდან. ღვთისადმი სიყვარულმა ის ნათესავებსა და მშობლიურ მხარეს – სმირნის ბრიულას მოსწყვიტა და აქ, მოღვაწეთა სამკვიდრებელში მოიყვანა. სამი წელი (1879-1882) მორჩილი იყო, ხოლო როცა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა, იგრძნო, რომ მის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. ის უკვე გიორგი ჰაჯიტასუ კი არა, წმინდა ანას მცირე სკიტის ბერი – მამა ილარიონი გახლდათ; ის უკვე მიეკუთვნებოდა ღმერთს, და არა ადამიანებს, და ღვთაებრივი სიხარულით იყო აღსავსე.
მას ჯერ კიდევ წინა საღამოდან სურდა, უფრო დიდხანს დარჩენილიყო თავის მოძღვართან, რათა მისი ღვთივმიმადლებული საუბრით დამტკბარიყო. ცოტა ხანი აზრების გახსნას დაუთმეს. შემდეგ ბერმა ჰკითხა:
– შვილო ილარიონ, მოგეწონა შენი სახელი?
– ძალიან, გერონდა.
– და იცი, რატომ დაგარქვი ეს სახელი?
– როგორ არა, შენ ხომ "ბაბუას" – შენი ნეტარი მოძღვრის, მამა ილარიონის სახელი შემირჩიე.
მამა საბას თავისი სულიერი მამის გახსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო, და ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
– დაე, მისმა ლოცვებმა განგვამტკიცოს. დაე, მუდამ თან გვსდევდეს მისი ლოცვა-კურთხევა. და შენ, ჩემო შვილო, მთელი გულით გისურვებ, რომ მისი ნიჭები მემკვიდრეობით მიგეღოს. შვილიშვილები ხომ ბაბუებს ემსგავსებიან. ღმერთმა ქნას, მისი სათნოებების მიმბაძველი შეიქნე და არა მარტო შენი სახელით გამახსენო ხოლმე ის, არამედ მთელი შენი ცხოვრებითაც.
– შენი ლოცვით, გერონდა! ღმერთმა ინებოს!
ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა.
– დაე, შვილო ილარიონ, მისი წმინდა ცხოვრებისთვის მიგებაძოს. მთელი მისი სულიერი სამყარო, აზრები, სურვილები, გადაწყვეტილებები – ნათლით იყო მოსილი. მის ცისკროვან, თბილ სახეზე, მის სუფთა თვალებში თითქოს უფლის სახე ირეკლებოდა. მის მზერაში სამოთხის ბრწყინვალება კიაფობდა. ო, რა გამოხედვა ჰქონდა! ხშირ შემთხვევაში ვერც კი ვბედავდი თვალებში შემეხედა მისთვის. ისინი პირდაპირ გიზგიზებდნენ. ეს იყო წინასწარმეტყველის თვალები!
– დიახ, გერონდა, შენ ნათქვამი გაქვს, რომ მას წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა.
– ჰო, შვილო, და ეს არცაა გასაკვირი. "წმიდანი გულითა" წინასწარმეტყველურ ხედვას მოიპოვებენ. რას წერს ჩვენი მოძღვარი და მასწავლებელი – წმინდა ბასილი დიდი? "უმანკო და ყოველგვარი ბიწისგან განწმენდილი სულები წინასწარმეტყველების ნიჭით განათლდებიან". სადაც გულის სიწმინდეა, იქ სულიწმიდა, "რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ", თავის კარავს აღმართავს.
– როგორც ჩანს, გერონდა, მისი ღვთისადმი სიყვარული განუზომლად დიდი იყო.
– მისი გული, შვილო, იწვოდა ღვთის სიყვარულით. მაშ, სხვას რას უნდა ეიძულებინა, შორეული კავკასიიდან მთაწმინდაზე ჩამოსულიყო? მას არ შეეძლო სიცოცხლე ქრისტეზე ფიქრის გარეშე. ნეტა გენახა, როგორ წირავდა, როგორ ეზიარებოდა! ჩაივლიდა კი თუნდაც ერთი დღე წმინდა ზიარების გარეშე?! იტყოდა ხოლმე: "ჩემდა ცხოვრებაჲ ქრისტე არს" (ფილიპ. 1,21). და ყოველ პარასკევს, შეიძლება ითქვას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ჯვარცმის წინაშე იდგა. აი, ასე ღრმად განიცდიდა ის მაცხოვრის ვნებებს და მათ მიმართ დიდი კრძალვის გამო ამ დღეს არასდროს არაფერს იხმევდა.
მოძღვარი საუბარს განაგრძობდა, მოწაფის თვალწინ კი კურთხეული ილარონ ბერის სათნოებები და ნიჭები იშლებოდა. უსმენდა ახალგაზრდა მონაზონი, უსმენდა, და ვერა და ვერ ძღებოდა. საღმრთო მოშურნეობით აღძრული მისი სული ისე ღელავდა, როგორც ძლიერი ქარისგან აზვირთებული ზღვა.
– შენი "ბაბუა", შვილო ილარიონ, ჭეშმარიტად წმინდანი იყო. დაე, ის იყოს შენთვის მისაბაძი მაგალითი.
იმ საღამოს, როგორც კი ახლადაღკვეცილ მონაზონს მიერულა, ძილში ანგელოზებრივი ჩვენება იხილა: თავისი "ბაბუა" – მამა ილარიონი.
წიგნიდან: არქიმანდრიტი ქერუბიმი, „თანამედროვე მთაწმინდელი მამები“, წ. 2. ნაწ. 6, თ. 1.
|