წმ. მაკარი ალექსანდრიელი და დასჯილი მღვდელი
ერთხელ ამ სულიერ ბერთან, დიდ მაკარისთან (ალექსანდრიელთან) მივედი და ვნახე, რომ რომელიღაც სოფლის მღვდელი მისი სენაკის გარეთ იწვა. მას სნეულებისგან, კიბოს რომ ეძახიან, ისე ჰქონდა თავი ამოჭმული, რომ თხემის ძვალი მთლიანად მოჩანდა. ის მაკარისთან განკურნებისთვის მივიდა, ბერს კი მისი დანახვაც არ სურდა. მე თხოვნა დავუწყე მაკარის, ვეუბნებოდი: „გევედრები, შეიწყალე ეს გატანჯული, რაიმე პასუხი მაინც გაეცი“. წმინდანმა მითხრა: „ის განკურნების ღირსი არ არის. უფალმა ასეთი სნეულება იმისთვის მოუვლინა, რომ გონზე მოვიდეს. თუ გინდა, რომ განიკურნოს, ურჩიე, ამიერიდან უარი თქვას საიდუმლოთა აღსრულებაზე“. მე ვუპასუხე: „გთხოვ, მითხარი, რატომ ამბობ ამას“? ბერმა მითხრა: „ეს მღვდელი სიძვის ცოდვაში მყოფი წირვას აღასრულებდა და ახლა ამიტომ ისჯება. თუკი ის შიშით შეწყვეტს იმას, რაზედაც დაუდევრობით კადნიერდებოდა, ღმერთი განკურნავს“. როდესაც ეს სნეულს მოვუყევი, მან ფიცით პირობა დადო, რომ მღვდელმსახურებას აღარ აღასრულებდა. მაშინ მაკარიმ ის მიიღო და უთხრა: „გწამს, რომ არსებობს ღმერთი, რომლისთვის არაფერია დაფარული“? მღვდელმა უპასუხა: „მწამს“. შემდეგ მაკარიმ უთხრა: „შენ არ უნდა დაგეცინა ღმერთისთვის“. მან უპასუხა: „არ უნდა დამეცინა, ჩემო ბატონო“. დიდმა მაკარით თქვა: „თუკი შენ აცნობიერებ შენს ცოდვას და ღვთის სასჯელს, რომელიც ამ ცოდვის გამო გეწია, მაშინ გამოსწორდი მომავლისთვის“. მღვდელმა აღიარა თავისი ცოდვა და პირობა დადო, რომ მეტს აღარ შესცოდებდა და საკურთხეველში აღარ იმსახურებდა, არამედ ერისკაცებთან დადგებოდა. შემდეგ წმინდანმა მას ხელები დაადო და ის რამოდენიმე დღეში განიკურნა, თმები გაეზარდა და სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა, ღმერთს ადიდებდა და დიდ მაკარის მადლობდა.
პალადი ჰელენოპოლელი, ლავსაიკონი, მაკარი ალექსანდრიელის შესახებ
|