თხრობანი ძველი პატერიკიდან
თქვა ბერმა: ყოველი კეთილი საქმის ძირი ჭეშმარიტებაა და ყოველი ბოროტების ძირი ტყუილია; ყოვლითურთ სიკვდილია იგი, რამეთუ ეშმაკისაგან არის შობილი.
თქვა მამა ესაიამ: ეს სამი ბოროტი ვნება – მომხვეჭელობა, პატივი და განსვენება, – სიკვდილამდე ებრძვის კაცს; გვევალება, რომ მარადჟამს მზად ვიყოთ მათთან ბრძოლისა და წინააღმდეგობისათვის.
ჰკითხა ძმამ ბერს: როგორაა მამაო, რომ ბრძოლა (სულიერი) არა მაქვს და თავს მოსვენებულად და უბრძოლველად ვგრძნობ? ბერმა მიუგო: შვილო, შენ იმ ქალაქს ჰგავხარ, რომლის ჭიშკრები ღიაა და მტრები უბრძოლველად შედიან და გამოდიან. თუ კარს მაგრად დახშავ და მტრებს – ბოროტ გულისსიტყვებს (აზრებს) – არ შეუშვებ, მაშინ მათ გარეთ მდგომარედ და შენს წინააღმდეგ მებრძოლად იხილავ.
უთხრა ბერმა ძმას: ეშმაკი მტერია, შენ კი სახლი ხარ. მტერი შეუჩერებლად ყრის სახლში ყოველგვარ უწმინდურობას; შენ არ დაიზარო და მისი შემოყრილი იმწამსვე გარეთ გაყარე. თუკი დაიზარებ და მაშინვე არ გაყრი, შენი სახლი ნაგვითა და უწმინდურობით აივსება და ვეღარ გაასუფთავებ. პირველივე, რასაც ეშმაკი შემოგიგდებს, განაგდე და ასე დაიცავ სახლს წმინდად ქრისტეს მადლით.
თქვა მამა ანტონიმ: ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე დაგებული, ამოვიოხრე და ვთქვი: ვინ გადაურჩება ამათ? და მესმა ხმა: სიმდაბლე გადაურჩება; მახეები მას არც კი შეეხებიან.
თქვა ნეტარმა კომასემ: განუშორებელია დიდება მდაბალთაგან. და თუმცა ისინი სიმდაბლის გამო მას გაურბიან, მაგრამ როგორც სული წმიდა ამბობს „იგავებში“, თან დაყვება დიდება მდაბალთ.
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს. როდესაც ესაია წინასწარმეტყველმა უფალი იხილა, უბადრუკი და არაწმინდა უწოდა თავს (ესაია 6,5).
თქვა ბერმა: ნებისმიერ განსაცდელში სხვას ნუ გაკიცხავ, მხოლოდ თავი დაიდანაშაულე; თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მოხდა.
მამა თევდორესთან ერთხელ ძმა მივიდა და სამი დღე დარჩა, სიტყვას ითხოვდა მისგან. მამა თევდორე დუმდა. წამოვიდა ძმა გულნაკლული. ჰკითხა მოწაფემ მამა თევდორეს: როგორ არაფერი უთხარი? ბერმა უპასუხა: სამართლიანად მოვექეცი, რადგან ვაჭარია და სხვისი სიტყვებით სურს განდიდება.
მივიდნენ ძმები მამა ფელიკისთან და სიტყვას ითხოვდნენ მისგან, ხოლო ბერი დუმდა. დიდხანს რომ ევედრებოდნენ, უთხრა: სიტყვის მოსმენა გნებავთ? დიახ, მამაო, – უპასუხეს ძმებმა. უთხრა ბერმა: აწ არ არის სიტყვა. როდესაც ძმები ბერებს ეკითხებოდნენ და მათ ნათქვამს ასრულებდნენ, ღმერთიც აძლევდა ბერებს სიტყვას. ახლა კი ეკითხებიან და ნათქვამს არ ასრულებენ. ამიტომ აიღო ღმერთმა ბერებისგან ის მადლი და სათქმელს ვეღარ პოულობენ, რადგან არავინაა შემსრულებელი. ძმებმა ეს რომ მოისმინეს, ამოიოხრეს და თქვეს: ილოცე ჩვენთვის, მამაო.
ჰკითხა ერთმა კაცმა ბერს: როგორ ვიპოვო ღმერთი – მარხვით, შრომით, ღამისთევით თუ მოწყალებით? ბერმა მიუგო: განკითხვით (განსჯით, გულისხმისყოფით) იპოვება. მრავალთ შეაჭირვეს სხეული განკითხვის გარეშე და ცარიელნი წავიდნენ, ვერაფერი ჰპოვეს. პირს მარხვით ავიყროლებთ, წმიდა წერილს ვკითხულობთ, ფსალმუნი ზეპირად ვიცით, ხოლო სიყვარული და სიმშვიდე არ გაგვაჩნია, რომელთაც ეძიებს ღმერთი ჩვენგან.
ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.
თქვა მამა ანტონიმ: ვიხილე მონაზონნი, რომელნიც დიდი შრომის შემდეგ დაეცნენ და გულისსიტყვათა მიმოტაცებაში ჩავარდნენ, რადგან თავიანთ საქმეებზე დაამყარეს სასოება და შეურაცხყვეს უფლის მცნება: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32,7).
თქვა ბერმა: დაეცა ერთი ძმა მძიმე ცოდვით. ამის შემდეგ შეინანა, მივიდა ბერთან და უთხრა: თუკი ვინმეს ამგვარი გულისსიტყვა მოუვა, უნდა ჰქონდეს მას ცხონების იმედი? ის ბერი არ იყო სულიერი განსჯის ნიჭის მქონე და უპასუხა: წარუწყმედია მას სული. ეს რომ მოისმინა იმ ძმამ, სასოება წარეკვეთა და სოფლად დაბრუნებას ფიქრობდა. შემდეგ თქვა გულში: წავალ, მამა სილოვანესაც შევეკითხები. მამა სილოვანე ბრძენი, გამოცდილი და განსჯის ნიჭით უხვად დაჯილდოებული ბერი იყო; დაიწყო საუბარი წმიდა წერილიდან და თქვა: არც გულისსიტყვებისა და არც საქმეთა გამო არ დაისჯება კაცი, თუკი მთელი გულით შეინანებს, სრულიად განეშორება და აღარ მიუბრუნდება ცოდვას. ძმამ წმინდა ბერის სიტყვები რომ მოისმინა, ძალა და სასოება მოეცა და თავისი ცოდვის შესახებ მოუთხრო. ხოლო ბერმა, როგორც კეთილმა ხელოვანმა და მკურნალმა, განკურნა ის ძმა. ამბობდა მამა სილოვანე: აჰა, სასოწარკვეთილი და სოფლად მიმავალი აწ როგორც ვარსკვლავი ბრწყინავს ძმათა შორის. ეს იმისათვის გიამბეთ, რომ სცნოთ, რა დიდი ზიანი მოაქვს განსჯის ნიჭის არმქონე და გამოუცდელ კაცთათვის გულისსიტყვათა და საქმეთა გამხელას.
თქვა ბერმა გლახაკი ლაზარესთვის: მასთან ვერ ვპოვებთ სათნოებას, გარდა იმისა, რომ არასოდეს დრტვინავდა ღმრთის წინაშე, ყველა ჭირსა და განსაცდელს მადლობით ითმენდა და არც ის მდიდარი განუკითხავს როდისმე. ამისთვის შეიყვარა იგი ღმერთმა.
ბერმა თქვა: თუკი უცხო ადგილას მოხვდები და არავინ შეგიწყნარებს, ნუ შეწუხდები, არამედ თქვი: ღირსი რომ ვყოფილიყავ, უბრძანებდა ღმერთი თავის მონებს და განმისვენებდნენ.
თქვა მამა მატოიმ: სამი ბერი მივიდა მამა პაფნოტისთან (რომელსაც კეფალოსი ერქვა) სიტყვის საკითხავად. უთხრა მათ ბერმა: სულიერი გასწავლო თუ ხორციელი? მათ უპასუხეს: ხორციელი. მაშინ უთხრა: წადით და შეიყვარეთ გაჭირვება განსვენებაზე მეტად, უპატიოება დიდებაზე მეტად და გაცემა გამორთმევაზე მეტად.
ჰკითხა ძმამ ბერს: რატომაა, რომ ლოცვად დგომისას გულისსიტყვები შემაშფოთებენ? ბერმა უპასუხა: იმიტომ, რომ ეშმაკმა დასაბამიდან არ ისურვა ღმერთის თაყვანისცემა და ამისთვის ჩამოგდებულ იქნა ზეციდან, დაკარგა ღმრთის სასუფეველი. მას სურს, რომ ჩვენც იგივე შეგვამთხვიოს და ხელს გვიშლის ლოცვაში.
თქვა ბერმა: თუკი კაცი თავს ისე დაიცავს, რომ არავის ავნოს კაცთაგან და არავინ იყოს მისგან გულნაკლული, მისი ლოცვა ღმრთის წინაშეა; და თუკი ავნებს ვინმეს, არ მიიწევა მისი ლოცვა ღმრთის სასმენელად.
თქვა მამა ისააკმა: ვიჯექი ერთხელ მამა პიმენთან და ვიხილე – განკვირვებამ (სულიერმა აღტაცებამ) შეიპყრო იგი. ვინაიდან მქონდა კადნიერება მის წინაშე, მუხლი მოვიდრიკე და ვუთხარი: მითხარ, მამაო, სად იყო ახლა შენი გონება? დიდი იძულების შემდეგ მითხრა: ჩემი გონება მაცხოვრის ჯვარის წინაშე იყო, სადაც წმიდა მარიამ ღმრთისმშობელი იდგა და ტიროდა; და მეც მინდა ყოველთვის ასე ვტიროდე.
მამა აგათონზე ამბობდნენ: ერთხელ ქალაქში მიდიოდა ნახელავის გასაყიდად. გზაზე კეთროვანი ნახა, ძირს დაგდებული. ჰკითხა სნეულმა: მამაო, სად მიდიხარ? უპასუხა მამა აგათონმა: ქალაქში მივდივარ, ნახელავის გასაყიდად. უთხრა კეთროვანმა: სიყვარული გამოიჩინე და მეც იქ მიმიყვანე. ბერმა მოიკიდა იგი და ქალაქში ჩაიყვანა. სნეულმა უთხრა, სადაც ჭურჭელს გაყიდი, მეც იქ დამდეო. შეუსრულა ბერმა თხოვნა. როდესაც იგი ჭურჭელს გაყიდდა, სნეული ეკითხებოდა: რამდენისა გაყიდე? ბერი მიუგებდა: ამდენის. ნამცხვარი მიყიდეო, ეტყოდა კეთროვანი. და ისევ, სხვა ჭურჭელს რომ გაყიდდა, ჰკითხავდა: რამდენისაა? ეტყოდა: ამდენისა. კვლავ ეტყოდა: მამაო, მამაო, მიყიდე ნამცხვარი. როდესაც ბერმა მთელი ჭურჭელი გაყიდა და წასვლა დააპირა, უძლურმა ჰკითხა: მიდიხარ? დიახ, მივდივარ – მიუგო ბერმა. უთხრა სნეულმა: გამოიჩინე სიყვარული და ისევ იმ ადგილას მიმიყვანე, სადაც მიპოვე. ბერმა ეს თხოვნაც შეუსრულა. მაშინ კეთროვანმა უთხრა: კურთხეულ ხარ, აგათონ, უფლისა მიერ, ზეცაშიაც და ქვეყანაზეც. როდესაც მამა აგათონმა უკან მოიხედა, ვერავინ იხილა, რამეთუ უფლის ანგელოზი იყო მოსული მის გამოსაცდელად.
თქვა ბერმა: თუკი შენ ძმას ცოდვაში ჩავარდნილს იხილავ და ეშმაკი მისი განკითხვის სურვილს ჩაგიგდებს გულში, გაფრთხილდი და ნუ შეიწყნარებ, არამედ მიუგე: წყეულ იყავ შენ, ეშმაკო, რამეთუ ეგ საქმე ჩემი ძმისა არ არის, შენია და შენზე იყოს. ჯვრით აღიბეჭდე სხეული და დაიცავი გონება, რომ შენი ძმა არ განიკითხო, თორემ სული წმიდა განგეშორება.
თქვა მამა პიმენმა: უკეთურება უკეთურებას ვერ აღმოფხვრის. თუკი ვინმე ბოროტს გიყოფს, შენ კეთილი უყავ, რათა ამ სიკეთით მოსპო ის ბოროტება.
იყო ერთი ძმა, მონაზვნურ ღვაწლში ცოტა ზარმაცი. იგი ერთი კეთილი ბერის მახლობლად ცხოვრობდა. ამ ზარმაცი ბერის აღსრულების ჟამს მის გარშემო მამები და ძმები ისხდნენ და ხედავდნენ, რომ მას ამ სოფლიდან გასვლა უხაროდა. კეთილ ბერს სურდა იქ მყოფი მამების დამოძღვრა და ჰკითხა მას: ვიცი, ძმაო, მონაზვნობაში მოსწრაფე არ იყავი და ახლა, ამ საშინელ ჟამს, როგორ ხარ ასე გახარებული? მიუგო ძმამ: სიმართლეს ამბობ, მამაო, ყველამ იცით, რომ ზარმაცი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, კაცთაგან არავინ განმიკითხავს და თუკი ვინმე რაიმეს მავნებდა, იმწამსვე შევუნდობდი წმინდა გულით; და აწ მაქვს სიტყვა უფლისა მიმართ – შენ სთქვი, მეუფეო: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ თქუენ“ (ლუკ. 6, 37). მაშინ უთხრა მას ბერმა: მშვიდობა შენდა, შვილო, რამეთუ ცხონდი მწუხარებათა გარეშე და აწ მარადიულ ცხოვრებაში განსასვენებლად მიდიხარ.
თქვა მამა კომასემ: ერთმა ბერმა მომითხრო: ორი ეპისკოპოსი მკვიდრობდა ერთმანეთის მახლობლად და უთანხმოება იყო მათ შორის. ერთი მათგანი მდიდარი და ძალაუფლების მქონე იყო, მეორე კი – მეტად თავმდაბალი. პირველი ეპისკოპოსი მეორეს ემტერებოდა, ხოლო მეორეს ესმოდა ამის შესახებ და თავის მღვდლებს ეუბნებოდა: ნუ ზრუნავთ, ჩვენ ვძლევთ მას ქრისტეს სახელით. მღვდლები ეკითხებოდნენ: მეუფეო, ვის ძალუძს მისი წინააღდგომა? თავმდაბალი ეპისკოპოსი უპასუხებდა: მოითმინეთ და ღმრთის წყალობას იხილავთ. ამის შემდეგ მეორე ეპისკოპოსმა შეიტყო, რომ მის მტერს შეკრება ჰქონდა წმინდა მოწამეების დღესასწაულზე. წაიყვანა თავისი მღვდლები და უთხრა: გამომყევით, რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე მოიმოქმედეთ და ვძლევთ მას. მღვდლები კი ამბობდნენ: ნეტავ რას აპირებს? და როდესაც წავიდა ეს ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად ლოცვითა და გალობით, მთელი ქალაქი გაყვა უკან. მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა მდიდარ ეპისკოპოსს თავის სამღვდელოებასთან ერთად და უთხრა: შეგვინდე, ბატონო ჩვენო, შენი მონები ვართ. შეძრწუნდა ის ეპისკოპოსი და შეინანა, ღმერთმა მოაქცია მისი გული, თვითონ მოეხვია თავმდაბალ ეპისკოპოსს და უთხრა: შენა ხარ ჩემი ბატონი. ამის შემდეგ მათ შორის დიდმა სიყვარულმა დაისადგურა. უთხრა თავმდაბალმა ეპისკოპოსმა თავის მღვდლებს: ხომ გეუბნებოდით, რომ ჩვენ ვძლევდით მას ქრისტეს მადლით. და თქვენც, თუკი ოდესმე მტერი გეყოლებათ, ასევე მოიქეცით და ცხონდით.
თებაიდაში ერთი ახალგაზრდა მონაზონი ცხოვრობდა. იგი დიდსა და ფიცხელ მოღვაწეობაში, ლოცვა-ვედრებასა და მღვიძარებაში იყო; სხეულს უპოვარებითა და მძიმე მარხვით შეიმუსრავდა, მწუხრის ჟამზე ერთ მუჭა ცერცვს იღებდა. შემდეგ მოუმატა მარხვას და მხოლოდ კვირა დღეს იღებდა მცირეოდენ ცერცვს ან მხალს. იგი დიდ საზომს მისწვდა, სძლია სხეულის ბუნებას. შეშურდა მოღვაწეებთან მუდმივად მებრძოლს, ბოროტ ეშმაკს, დაუწყო ბრძოლა ამპარტავნებით და მონაზონს ზვაობის გულისსიტყვებს უგზავნიდა: კაცთაგან მოღვაწეობაში შენი მსგავსი არავინ არის და აწ ჯეროვანია ღმრთისაგან ითხოვო, რათა შენ მიერ სასწაულნი და კურნებანი აღესრულებოდნენ, რომ შენი შემხედვარე სხვებიც ადიდებდნენ ზეციურ მამას, ხომ თავად მაცხოვარმა ბრძანა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მათ. 7,7). ირწმუნა მონაზონმა ამაო განზრახვა, ითხოვდა უფლისაგან, რომ მისი ხელით იშვებდნენ გაჭირვებულნი და იდევნებოდნენ ეშმაკნი. ხოლო სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელსაც ყოველი კაცის ცხონება ნებავს, თავისი მოწყალებით მონაზონის ღვაწლი და შრომა მოიხსენა, არ მისცა ბოროტ ეშმაკს მისი ამპარტავნებით, ყველაზე ბოროტი ვნებით დაცემის უფლება. მონაზონი გონს მოეგო და გულში განიზრახა: წავალ რომელიმე ბერთან, ვეტყვი ჩემს გულისსიტყვას და რასაც მირჩევს იმას შევასრულებ, როგორც ღმრთისაგან სმენილს. მივიდა იგი ერთ სულიერ ბერთან. როგორც კი მის სენაკში შევიდა, შეხედა ბერმა და მის მხრებზე მჯდომი ორი მაიმუნი იხილა, მისთვის ყელზე ჯაჭვები მოებათ და თავ-თავისკენ ეწეოდნენ. ეს რომ იხილა, გულისხმაყო ბერმა ამის მიზეზი, რამეთუ ღმრთივსწავლული იყო. ამბორის შემდეგ დუმილით დასხდნენ, როგორც არის წესი მამათა. ამის შემდეგ უთხრა ძმამ ბერს: მამაო, იმისთვის მოვსულვარ, რომ ღმრთის ნება მასწავლო.
ბერმა მიუგო: შვილო, არა ვარ სხვისი სწავლების ღირსი, ჯერ მე მჭირდება სხვებისგან სწავლა. ძმა ევედრებოდა წმინდა ბერს: ნუ მეტყვი უარს, მამაო, რამეთუ ღმერთისთვის სიტყვა მიმიცია – რასაც მიბრძანებ, ისე მივიღო, როგორც უფლის ანგელოზისაგან სმენილი. მიუგო ბერმა: არ დამიჯერებ, შვილო და ამიტომ გეურჩები. ძმა იმასვე უმტკიცებდა: აღმითქვამს ისე გისმინო, როგორც ღმერთსო. მაშინ უთხრა ბერმა: აიღე ეს ფული, წადი ქალაქში, იყიდე ათი ლიტრა ხორცი, ათი ლიტრა პური, ათი ქსენტი ღვინო და აქ მოიტანე. აიღო ფული ჭაბუკმა მონაზონმა, წავიდა დამწუხრებული და გულში ამბობდა: რატომ მიყო ბერმა ეს საქმე? მნახავენ ახლა კაცნი ასე და დაბრკოლდებიან ჩემდამი. წავიდა იგი ქალაქში დიდი სირცხვილით, იყიდა ღვინო და პური ტირილით და ამბობდა: როგორ ვიყიდო ხორცი ჩემთვის ან სხვისთვის? ვერ შეძლო თვითონ ხორცის ყიდვა, იპოვა ერთი ერისკაცი, მისცა ფარულად ფული და ხორცის ყიდვა სთხოვა. უყიდა იმ კაცმა ხორცი, მოიკიდა ძმამ ყველაფერი და მივიდა ბერთან.
ბერმა უთხრა: ნუ დაივიწყებ შენს აღთქმას, რომელიც ღმრთის წინაშე აღმითქვი. აიღე ეს ყველაფერი, წადი შენს სენაკში, ლოცვის მსუბუქი კანონი აღასრულე, ყოველდღიურად ჭამე ერთი ლიტრა პური, ერთი ლიტრა ხორცი და სვი ერთი ქსენტი ღვინო. როდესაც დაილევა, ჩემთან მოდი. ეს რომ ძმამ მოისმინა, ემწარა, როგორც სიკვდილის სიტყვა, მაგრამ აღთქმის გამო ვერ ეურჩა. აიღო ტირილით საზრდელი, წავიდა თავის სენაკში და გოდებით ამბობდა: ვაი, მე უბადრუკს, როგორი მარხვიდან დავედი ამ ნაყროვანებასა და სისაძაგლემდე. ახლა რაღა ვქნა? თუ ბერის სიტყვას არ შევასრულებ, ღმრთის წინააღმდგომი ვიქნები. დაჯდა და თავის გულისსიტყვებს იკვლევდა, თავის აღთქმას იხსენებდა – როგორც ღმრთისაგან სმენილი ეგრე ვყო შენი სიტყვაო. ვერ გაბედა ბერის ბრძანების დარღვევა და ჭამის დროს ყველაფერს ცრემლით დაალტობდა, ლოცვას მოუმატა, განუწყვეტელი ტირილით შესტიროდა ღმერთს და ამბობდა: უფალო, არ ვიყავი შენი წყალობისა და შეწევნის ღირსი, ახლა ვიცი, რომ სამართლიანად მიმატოვე. მაშინ მიხედა ღმერთმა მის გლოვასა და სინანულს და განანათლა მისი გონება. მოვიდა იგი იმ ვნების გულისხმისყოფაში და შეიცნო ამ დღეში ჩავარდნის მიზეზი. ჰმადლობდა ღმერთს და წინასწარმეტყველის სიტყვას ამბობდა: „ყოველი სიმართლე ჩემი, ვითარცა ძონძი დედაკაცისა წიდოვანისაჲ არს შენ წინაშე, უფალო“ (ესაია 64,6); და კიდევ ამბობდა: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალმ. 126,1). მივიდა ბერთან. მისი სხეული ისე გამხდარიყო, თითქოს სრულიად არ მიეღო საზრდელი. როგორც კი იხილა ბერმა ამგვარად დამდნარი და დამდაბლებული, შეიწყნარა მხიარული სახით.
ილოცეს და დუმილით დასხდნენ. შემდეგ ბერმა თქვა: შვილო, კაცთმოყვარე ღმერთმა გადმოგხედა და მტერს შენი დაუფლების ნება არ მისცა. ბოროტს სჩვევია უფრო მეტად სიკეთის მიზეზით აცთუნოს ცხონების მსურველნი და მოღვაწეებს გული აღუმაღლოს. ჩააგონებს და არწმუნებს, რომ დიდ საზომს არიან მიწევნულნი, მერე კი დასცემს, რადგან ღმრთის წინაშე ამპარტავნებაზე საძაგელი არაფერია, და არც სიმდაბლეზე პატიოსანია რაიმე. ეს ორივე მეზვერისა და ფარისევლისაგან გულისხმაყავ, მთელი გულით მოიძულე ამპარტავნება და შეიყვარე სიმდაბლე, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მსხვერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდა და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19); კვალად იგი იტყვის: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“ (ფსალმ. 114,6); და კვლავ უფალი ამბობს ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ვის ზედა განვისუენო, არამედ მშვიდსა და მყუდროსა და რომელი ძრწის სიტყუათაგან ჩემთა“ (ესაია 66,2). ასე ასწავლა ახალგაზრდა მონაზონს წმინდა ბერმა სიმდაბლე, მერე ერთად ისადილეს და გაუშვა ბერმა ის ძმა მშვიდობით.
წავიდა ძმა და მას შემდეგ, როგორც ბერმა ასწავლა, საშუალო გზა დაიკავა, იმ ბერის მიერ მიცემული წესით ცხოვრობდა, სიმდაბლითა და სინანულით გაატარა ცხოვრების დღენი და სრული კაცი იქმნა, გულისხმისმყოფელი, წმინდა და ღირსი მამების საზომს მისწვდა.
კიბოთი დაავადებულ ქალს გაგონილი ჰქონდა აბბა ლონგინოზის შესახებ და დაეძებდა მას. ბერი ალექსანდრიის დასავლეთით ცხოვრობდა. როდესაც ქალი მივიდა, ნეტარი ლონგინოზი ზღვის ნაპირას შეშას აგროვებდა. ქალმა არ იცოდა, რომ ის იყო ლონგინოზი და ჰკითხა: აბბა! სად ცხოვრობს მონა ღვთისა ლონგინოზი? ბერმა მიუგო: რა გინდა მაგ მატყუარასგან? ქალმა უთხრა თავისი სნეულების შესახებ. აბბა ლონგინოზმა სნეულ ადგილს ჯვარი გადასახა და ქალი ამ სიტყვებით გაუშვა: წადი, ღმერთი განგკურნავს, ლონგინოზს კი არაფრით შეუძლია შენი დახმარება. ქალმა დაუჯერა ბერის სიტყვებს, წავიდა და მაშინვე განიკურნა. ამის შემდეგ, როდესაც მომხდარზე ზოგიერთებს მოუყვა და ბერიც აღუწერა, შეიტყო, რომ თავად აბბა ლონგინოზმა განკურნა.
როდესაც მამა სისოი აღსასრულს მიუახლოვდა, იქვე მსხდომმა მამებმა იხილეს სახე მისი, ვითარცა მზის ნათელი. უთხრა მათ ბერმა: აი, მამა ანტონი მოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა: აი, წმინდა წინასწარმეტყველთა კრებული მოვიდა. შემდეგ უმეტესად გაუბრწყინდა სახე და თითქოს ვიღაცებს საუბარი დაუწყო. ჰკითხეს მამებმა: ვის ესაუბრები, მამაო? მიუგო: აი, ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და ვევედრები – ცოტა დრო მომცენ მცირეოდენი სინანულისთვის. აღარ გჭირდება სინანული, – უთხრეს მამებმა. ბერმა მიუგო: დაიჯერეთ, ჩემი გონება მეუბნება, რომ ჯერ არც კი დამიწყია მსახურება ღმრთისა. მიხვდნენ ყველანი, რომ სრული კაცი იყო. შემდეგ სახე მზისთვალივით გაუბრწყინდა და ყველას შიში დაეცა. და თქვა მამა სისოიმ: იხილეთ, იხილეთ! აი, უფალი მოვიდა და ამბობს: მომართვით მე ეგ უდაბნოს რჩეული ჭურჭელი. მყისვე ამოუტევა ბერმა სული და ნათელი გამობრწყინდა, ვითარცა ელვა, ხოლო ის ადგილი სურნელებით აღივსო.
ცხოვრობდა ერთად ორი ბერი. მივიდა ეშმაკი მათ წასაჩხუბებლად. როდესაც ერთმა მათგანმა სანთელი აანთო, ეშმაკმა წააქცია. განურისხდა ერთი ბერი მეორეს და წაეჩხუბა. ის კი ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: სულგრძელება გამოიჩინე, ძმაო, და მე კვლავ ავანთებ. იხილა ღმერთმა ამ ბერის სიმდაბლე, მოვიდა ძალი ღმრთისა, ტანჯა ეშმაკი და ისიც განშორდა ბერებს. აუწყა ეშმაკმა ეს ამბავი თავის მთავარს და გაიგონა კერპთა ქურუმმა. წამოვიდა, მონაზონი გახდა და უპირველესად სიმდაბლე მოიპოვა. ამბობდა, სიმდაბლე დაარღვევსო მტრის ძალას. ეშმაკთა საუბარი ჰქონდა მოსმენილი: როცა მონაზვნებს წავაჩხუბებთ და ერთი მათგანი მშვიდობის ჩამოსაგდებად მოიქცევა, მაშინ ყველა ჩვენი ტყუილი და ძალა დაირღვევაო.
იყო ერთი ვინმე მამათაგანი და ჰყავდა ძმა ერისკაცი. მოკვდა ეს ძმა და დარჩა სამი წლის ვაჟი. მივიდა ბერი და წამოიყვანა ის ყრმა უდაბნოში. ჭამდა ბავშვი ბერთან ერთად ფინიკსა და მხალს, უდაბნოში გასვლის შემდეგ არ უხილავს კაცის სახე ბიძამისის გარდა, არც დედაკაცი უხილავს, არც სოფელი და არც პურის გემო გაუსინჯავს, არც ის იცოდა, როგორ ცხოვრობენ კაცნი ამსოფლად. ბიძამისთან ერთად ფსალმუნებდა, ლოცულობდა და მარხულობდა. იცოცხლა თვრამეტი წელი, გარდაიცვალა და დამარხა ბერმა. ამის შემდეგ ბერმა ილოცა ღმრთის წინაშე იმის გასაგებად, თუ სად დაემკვიდრა ის ყრმა და თუ შეუერთდა წმინდანთა რიცხვს. გამოუცხადა ღმერთმა ძილში და იხილა ის ყრმა მყრალსა და სატანჯველ ადგილას, დიდ მწუხარებაში. როდესაც ბერმა გაიღვიძა, დადგა და ედავებოდა ღმერთს, ამბობდა: უფალო, უსამართლობაა ეს, განა ყრმა უბიწო არ იყო? არ გემსახურებოდა ყოველდღიურად? არ მარხულობდა ყოველდღე? ვიდრე ბერი ღმერთს ამას ეუბნებოდა, იხილა მასთან მდგომი უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: კეთილო ბერო, ნამდვილად ეგრეა, გისწავლებია ყრმისათვის მარხვა, სიწმინდე, წესი; რატომ სიმდაბლე არ ასწავლე? ამის გამო მოხვდა იგი მყრალსა და სატანჯველ ადგილას, თავი დიდი და წმინდა კაცი ეგონა. მაგრამ იცოდე, ღმერთთან არ არის უსამართლობა, რამეთუ წერია: „საძულველ არს წინაშე ღმრთისა ყოველი კაცი გულითა მაღალი“ (ლუკ. 16,15; იგავ. 16,6). ხოლო ბერი სულ მუდამ ტიროდა ყრმის წარწყმედის გამო.
ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.
|