martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი

ეკლესია ორგანიზმი და ეკლესია ორგანიზაცია

 

(ფრაგმენტები მეთვრამეტე წერილიდან)  

 

წმიდა მამები მოციქულებთან ერთად ეკლესიის სხეულის ერთგვარ ღერძს შეადგენენ. მათ, ისევე როგორც მოციქულებს, ეხებათ III ს. ეკლესიის მამის, მღვდელმოწამე მეთოდეს შემდეგი ღრმად გააზრებული მსჯელობა:

 

"წარმატების ხარისხის მიხედვით ყველაზე სრულყოფილნი ერთგვარად ეკლესიის ერთიან სახესა და სხეულს შეადგენენ. ნამდვილად საუკეთესო და ჭეშმარიტების ნათლად შემთვისებელი, აგრეთვე სრული განწმედისა და რწმენის წყალობით ხორციელ გულისთქმათაგან დაცლილი, ხდება ეკლესია და ქრისტეს თანაშემწე როგორც ქალწული, მასზე გათხოვილი, თანახმად მოციქულის სიტყვებისა (2 კორ. 11,2); ეს იმისთვის, რომ მიიღოს სწავლების წმიდა, ნაყოფისმომცემელი თესლი და სხვათა გადარჩენას ქადაგებით კეთილად შეეწიოს. ხოლო არასრულყოფილნი და მაცხოვნებელი სწავლების ახლადდამწყებნი, როგორც დედის წიაღში, ისე იზრდებიან და ყალიბდებიან უფრო სრულყოფილთაგან მანამ, სანამ არ მიაღწევენ აღორძინების სიმწიფეს, მოიხვეჭენ სათნოებათა სიდიადესა და სილამაზეს. შემდეგ კი წარმატების მიხედვით გახდებიან ეკლესია და ღმერთი-სიტყვის ნების განუხრელად აღსრულებით შეეწევიან სხვა შვილების დაბადებასა და აღზრდას სულთა სამყოფელში, როგორც დედის წიაღში" (Св. Мефодий, епископ и мученик. Полное собр. творений. СПб. 1905, стр. 52).

 

თავის ამ შეხედულებას წმ. მოწამე ეპისკოპოსი განმარტავს პავლე მოციქულის მაგალითის მიხედვით:

 

"იმაზეც უნდა ვიმსჯელოთ, რაც მარადსახსენებლ პავლეს შეემთხვა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქრისტეში სრული გახდებოდა, იგი წინასწარ იშვა და გამოიკვება ანანიასეული რძით, რომელმაც უქადაგა და განაახლა ნათლობით, როგორ ეს "საქმე მოციქულთაშია" ნათქვამი (საქმ. 9,7-19). როდესაც პავლე გაძლიერდა, მიაღწია სულიერ სისრულეს და შეიქნა ღმერთი-სიტყვის თანაშემწე და სასძლო, თავისთავში მიიღო და აღმოაცენა ცხოვრების თესლი, მაშინ უწინდელი ყრმა გახდა ეკლესია და დედა: თავად შვა ისინი, რომლებმაც მისგან ირწმუნეს მაცხოვარი და რომლებშიც დაიბადა და გამოიხატა ქრისტე: "შვილნო ჩემნო, ამბობს მოციქული, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის" (გალ. 4,19).

 

მაშასადამე: წმ. მეთოდეს სიტყვებით, განსრულებულნი "ხდებიან ეკლესია და ქრისტეს თანაშემწენი", "სიტყვის სასძლონი" და რამდენადმე ეკლესიის ერთიან სახესა და სხეულს შეადგენენ" და "ეკლესიად ქცეულნი სხვა ყრმათა დაბადებასა და აღზრდას შეეწევიან".

 

წმ. მამის ეს ღრმა და ბევრისთვის უჩვეულო (შესაძლოა უცნაურიც) აზრები ბადებს შემდეგ კითხვებს:

 

1. რას წარმოადგენს ის ეკლესია, რადაც გადაიქცევიან "ნამდვილად საუკეთესო და ჭეშმარიტების ნათლად შემთვისებელი" ქრისტიანები? როგორც ყველა ქრისტეში მონათლული, ისინიც ხომ ეკლესიის წევრები იყვნენ, მანამ მათ ცხოვრებაში ეს მომენტი აღსრულდებოდა?!

 

2. რა ადგილს იკავებენ და რა როლი ენიჭებათ ქრისტეს ჭეშმარიტების შემეცნების, დამტკიცებისა და გავრცელების საქმეში მოციქულთა მემკვიდრეებს, ეკლესიის წინამძღოლებს, რომლებიც სულიწმიდამ დაადგინა "მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა" (საქმ. 20,28)? როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათთან ეკლესიაში დავანებული ჭეშმარიტების ძიებისას?

 

3. და ბოლოს, სად და რა ნიშნებით ვეძებოთ ეკლესიის კალაპოტი და როგორ მივყვეთ მას ისე, რომ არ ავცდეთ?

 

ეს კითხვები ჩვენთვის ახალი არ არის. ისინი წინა წერილებში მრავალმხრივ განვიხილეთ, რასაც ახლა მხოლოდ განვაგრძობთ. რაც შეეხება პირველ საკითხს, გთხოვდით, გაგეხსენებინათ, თუ რას ვამბობდი მეორე და განსაკუთრებით მესამე წერილში ეკლესია-ორგანიზმისა და ეკლესია-ორგანიზაციის თაობაზე. თუ კარგად გახსოვთ ამ საკითხზე ნათქვამი, შესაძლოა საჭირო აღარც იყოს შემდგომი მსჯელობები წმ. მეთოდეს სიტყვების არსის განსამარტავად. თუმცა, ჩემო ძვირფასებო, მგონი ზედმეტი არ იქნება, თუ გაგიზიარებთ რამდენიმე მოკლე ამონაწერს ჩემი უბის წიგნაკიდან, რაც დაგვეხმარება საკითხის ღრმა ჩაწვდომასა და მის გაშლაში. აი, რა ჩავწერე მასში 21-23 თებერვალს:

 

"უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ეკლესია-ორგანიზმი და ეკლესია-ორგანიზაცია. მხოლოდ ეკლესია-ორგანიზმს ესადაგება ისეთი სახელდებები, როგორსაც საღვთო წერილში ვხვდებით. მაგ.: "წმიდა და უბიწო" (ეფ. 1,4); "არა აქუნდეს მწიკვლევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა" (ეფ. 5,27); "სძალი კრავისაჲ" (გამოცხ. 19,7; 21,9); "სხეული ქრისტესი" (ეფ. 1,23; კოლ. 1,24 და სხვ); "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (1 ტიმ. 3,25) და მრავალი სხვა. ეკლესია-ორგანიზაციის მიმართ ამ ცნებების ხმარება მიუღებელია (ან მისაღებია დიდი შეზღუდვებით), რის გამოც ხალხი მართებულად ვარდება საგონებელში და უარყოფს მათ.

 

ეკლესია-ორგანიზმი ყველა საუკუნეში ერთი და იგივეა, რამეთუ არსით იგი მარადიულია, ეკლესია-ორგანიზაცია კი დამოკიდებულია თავისი არსებობის ისტორიულ პირობებზე.

 

ეკლესია-ორგანიზმი ქრისტეს წმიდა "სასძლოა", "შემკული ქმრისა მიმართ სისა" (გამოცხ. 21,2), ხოლო ეკლესია-ორგანიზაციას აქვს ადამიანთა საზოგადოებისათვის დამახასიათბელი ყველა ნაკლი და ყოველთვის კაცობრივი უძლურებით არის ბეჭედდასმული.

 

ეკლესია-ორგანიზმში ვერ აღწევს რაიმე უწმიდური, ეკლესია-ორგანიზაციაში ერთმანეთის გვერდზე იზრდება იფქლი და სარეველა. ისინი, უფლის სიტყვების თანახმად, გაიზრდებიან კიდეც, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა (მათ. 13,24-30).

 

ეკლესია-ორგანიზაცია ხშირად დევნის ღვთის წმიდანებს, ხოლო ეკლესია-ორგანიზმი გულში იკრავს მათ. თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან ეკლესია-ორგანიზაცია და ეკლესია-ორგანიზმი, ჩანს წმ. ათანასე დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, გრიგოლ პალამასა და სხვა მრავალთა ცხოვრების მაგალითებიდან. ეკლესია-ორგანიზაცია მათ განაგდებდა თავისი გარემოდან, ართმევდა ეპისკოპოსის კათედრას და ა.შ. ეკლესია-ორგანიზმისთვის კი ისინი იყვნენ და მარადის დარჩებიან მის ღირსეულ შვილებად.

 

თუ ვინმე იტყვის, რომ ამ წმიდა სვეტებს ქრისტეს ჭეშმარიტებისათვის დევნიდნენ ერეტიკოსები და არა ეკლესია, ამაზე უნდა შევნიშნოთ შემდეგი: მაგალითად, ოქროპირს აშკარად დევნიდა მართლმადიდებელი საეკლესიო ორგანიზაცია. სხვა ზემოთ მითითებულ შემთხვევებშიც ერეტიკული საზოგადოება გარეგნულად მაშინვე არ იკვეთებოდა და მართლმადიდებლობის ხეს ცხადად არ სცილდებოდა: იგი გარკვეულ დრომდე რჩებოდა კანონიკურ საეკლესიო ორგანიზაციად, მაგრამ სდევნიდა ქრისტეს სხეულის წმიდა წევრებს.

 

ეკლესია-ორგანიზმი არის "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ", ეკლესია-ორგანიზაციას კი ახასიათებს ცდომილებანი, მასში ყალიბდება ერესები. ისეც ხდება (როგორც ეს წინა წერილებიდან ჩანს), რომ ეკლესია-ორგანიზაციის უმცირესობა რჩება ეკლესია-ორგანიზმში, ჭეშმარიტ სხეულში, უმრავლესობა კი განუდგება მას მაშინ ჭეშმარიტება სიცოცხლეს უმცირესობაში განაგრძობს.

 

ხილულ ეკლესიაში (ორგანიზაციაში), მოსკოვის მიტრ. ფილარეტის სიტყვებით, "მყოფობს ქრისტეს უხილავი სხეული, უხილავი ეკლესია იგი დიდებულია და არ გააჩნია "მწიკვლევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხუაჲ ესევითარი" (ეფ. 5,27), მისი "ყოველი დიდებაჲ ... შინაგან" (ფს. 44,13). ამიტომაც ვერ ვხედავთ მას ნათლად და გამოკვეთილად ... უხილავი ეკლესია შემოსილია ხილული ეკლესიით, რომელიც ნაწილობრივ აჩენს უხილავის სიწმიდეს, რათა ყველამ შესძლოს მისი მოპოვება და მასთან შეერთება, ნაწილობრივ კი ფარავს მის დიდებას" ("Архим. Филарет Дроздов. Разговоры между испытующим и уверенным... СПб. 1815, стр.129).

 

ხილულ ეკლესიას (ორგანიზაციას) შეიძლება ეკუთვნოდე გარეგნულად, ქრისტეს სხეულს (ორგანიზმს) მხოლოდ შინაგანად. მიკუთვნების ხარისხი, რომელიც სიწმიდის მიხედვით განისაზღვრება, განაპირობებს ადამიანის თანაზიარობის ხარისხს ჭეშმარიტებასთან ქრისტესთან.

 

მხოლოდ მადლმოსილ, მჭიდრო კავშირში ქრისტეს სხეულთან, რომელიც, ღირსი ისააკ ასურის სიტყვებით, არის "სისავსე ჭეშმარიტებისა", ჩვენ ბუნებრივად ვხდებით ჭეშმარიტების თანაზიარნი. რაც უფრო მჭიდროა ეს კავშირი, მით უფრო ნათლად შეიგრძნობს და იგებს ქრისტიანი ეკლესიის ჭეშმარიტებას, ანუ თავად ქრისტეს, მარადიულ ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას.

 

მაშასადამე, ეკლესია სხეული ქრისტესი, და ეკლესია "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" ერთმანეთს ერწყმიან ცოცხალ, სულიერ გამოცდილებაში: ეკლესიის თავი ქრისტე, თავად ჭეშმარიტება, თანაზიარი ხდება თავისი სხეულის ჭეშმარიტი წევრებისა.

 

აქედან გამომდინარე, ცალკეული პიროვნების ავტორიტეტი დაფუძნებულია მართლმადიდებლობაზე პიროვნების მისტიურ კავშირზე ეკლესიის სხეულთან: რაც უფრო ღრმა და ნამდვილია იგი (კავშირი), მით უფრო ძლიერი და კეთილსაიმედოა ავტორიტეტი.

 

ამ ამონაწერებს უბის წიგნაკიდან, უნდა დავუმატოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული კაცობრიობის ამსოფლად ცხოვრების დროს ეკლესია-ორგანიზაცია და ეკლესია-ორგანიზმი ხშირად ურთიერთდაპირისპირებულნი და ურთიერთგამომრიცხავნიც კი ყოფილან, მათი განყოფა სინამდვილეში შეუძლებელია. მათზე შეიძლება ითქვას, რომ არიან განუყოფელნი და შეურევნელნი. მათი შეურევნელობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩანს შემდეგში: ა). ეკლესია-ორგანიზაციას არ ესადაგება მრავალი ისეთი ტერმინი, რომლებსაც საღვთო წერილი და წმიდა მამები ეკლესია-ორგანიზმს აკუთვნებენ; ბ). ეკლესია-ორგანიზაცია განაგდებს ეკლესია-ორგანიზმის ბევრ პატივმისაგებ წევრს. მათ განუყოფლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ ქრისტეს სხეულის ღირსეული წევრები, რომლებიც ეკლესიის ღერძს, ეკლესია-ორგანიზმის ბირთვს შეადგენენ ყველანი ეკლესია-ორგანიზაციიდან გამოვიდნენ, რომელსაც განუხრელად მიჰყვებოდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში და რომლისგან განდგომასაც უდიდეს ცოდვად, უბედურებად და დაღუპვად მიიჩნევდნენ.

 

აი, ჩემო ძვირფასებო, პასუხი ჩვენს მიერ წამოჭრილ პირველ საკითხზე. ვფიქრობ, ახლა ჩვენთვის ცხადია, თუ როგორ ეკლესიაზე ლაპარაკობს წმ. მეთოდე, როდესაც ავითარებს აზრს საღვთო გზაზე განსრულებულთა შესახებ, რომლებიც გახდებიან "ეკლესია".

 

წმ. მეთოდეს ზემომოყვანილი სიტყვების კითხვისას წამოჭრილი მეორე საკითხი ეხება იერარქიას მათ, რომლებიც დაადგინა "სულმან წმიდამან ... მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა" (საქმ. 20,28). რა ადგილს იკავებენ ისინი და რა როლი ენიჭებათ მათ ეკლესიაში, კერძოდ, ეკლესია-ორგანიზმში და ეკლესია-ორგანიზაციაში? როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ისინი უეჭველად ეკუთვნიან ეკლესია-ორგანიზაციას; მეტიც, გარკვეულწილად მის ღერძს შეადგენენ. მაგრამ ეს სულაც არ უზრუნველყოფს ეკლესია-ორგანიზმისადმი მათ მიკუთვნებას, ამაში ისინი ეკლესია-ორგანიზაციის სხვა წევრებთან თანასწორნი არიან. საშინელი სამსჯავროს ხატებზე სასულიერო პირები ერთ-ერთი პირველთაგანნი მიემართებიან გეენიაში. "არა მგონია, მღვდელთაგან ბევრი გადარჩეს, განაცხადა ოქრომეტყველმა მასწავლებელმა, ვგონებ უმეტესობა დაიღუპება". საკმარისია, გავიხსენოთ, თუ რა სამწუხარო როლი შეასრულა იერარქიამ ერესების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში, რომ წმ. ოქროპირის სიტყვები აღარ გაგვიკვირდეს.

 

სამაგიეროდ, ეკლესია-ორგანიზაციაში იერარქია, როგორც ვთქვით, წარმოადგენს ღერძს, ურომლისოდაც შეუძლებელია ეკლესიის წარმოდგენა. რადგანაც ეკლესია-ორგანიზმი იბადება, ცხოვრობს და იზრდება ეკლესია-ორგანიზაციაში, აქედან ცხადი ხდება, თუ რა უცილობელი, განუზომელი და, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება იერარქიას.

 

ამ მნიშვნელობაზე ბევრს, ნათლად და მკვეთრად ლაპარაკობს ანტიოქიის ეპისკოპოსი, წმ. მოწამე ეგნატე (აღესრულა 106 წ. 20 დეკ.) წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე და წმ. პეტრე მოციქულის მსმენელი. იგი არის დროის მიხედვით პირველი და მოციქულებთან სიახლოვის გამო ყველაზე ავტორიტეტული განმარტებელი ეკლესიის სწავლებისა ეპისკოპოსზე, როგორც მღვდელმთავრობის მწვერვალსა და საეკლესიო ორგანიზაციის ცენტრზე. ეკლესიაში იერარქიული საწყისის გარკვევა და მისი დადგინება, შეიძლება ითქვას, წმ. ღმერთშემოსილის ეპისტოლეთა ცენტრალური თემაა. ის სიბეჯითე და შეუორგულებლობა, რითაც იგი განიხილავს ამ თემას, ნამდვილად გამაოგნებელია და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მეტყველებს, რომელიც ასე ზედმიწევნითა და მრავალმხრივ ჩამოაყალიბა მოციქულთა ჩინებულმა მოწაფემ...

 

 წმ. ეგნატეს გამონათქვამების გადახედვისას ზოგადად იერარქიისა და კერძოდ ეპისკოპოსის მნიშვნელობაზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ წმიდა მოწამის შეგნებაში ამ მნიშვნელობას აბსოლუტური ხასიათი აქვს, რომ ეკლესიაში ეპისკოპოსი არის ერთგვარი ავტოკრატი, მისი რწმენა შეუმცდარია და მისდამი მორჩილება უპირობოდ უნდა ხდებოდეს. "სადაც ეპისკოპოსია, ხალხიც იქვე უნდა იყოს" ამტკიცებს ღმერთშემოსილი ("Писания мужей апостольских", гл. VIII, К Смирнянам. М. 1862, стр. 417).

 

როგორც ვნახეთ, ეს აზრი წითელ ძაფად გასდევს წმ. ეგნატეს ყველა ნაწერს. წმ. მამის მსჯელობის ასეთი კეტეგორიულობა, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ეკლესიაში ეპისკოპოსის ავტორიტეტი, გარკვეულწილად, ნამდვილად უპირობოა (როგორც ზემოთ ვაჩვენეთ); მეორე მხრივ, წმ. ეგნატე, რომელიც ასე აქებდა თავის თანამედროვე ეპისკოპოსებს (იხ. ზემომოყვანილი ციტატები), მათში სულიერ ავტორიტეტთან კანონიკური ავტორიტეტის მანუგეშებელ თანხვედრას ხედავდა, რაც ეპისკოპოსის მსახურების იდეალს წარმოადგენს. ამ იდეალს წმ. ეგნატე ცხადად გამოხატავს წმ. პოლიკარპესადმი მიმართულ რამდენიმე სიტყვაში: "არაფერი მოხდეს შენი ნების გარეშე, წერს იგი თავის მოწაფესა და მეგობარს, მაგრამ ნურც შენ მოიმოქმედებ რაიმეს ღვთის ნების გარეშე" (იხ. ზემოთ). ეპისკოპოსის მსახურების იდეალის ამ მოკლე დახასიათებით, წმ. ღმერთშემოსილმა გზა გაკვალა სხვა წმ. მოწამის, ეპისკოპოს ირინეოს ლიონელისაკენ, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა.

წმ. მოწამე ეგნატეს ძირითადი ამოცანა იყო ეპისკოპოსის უმაღლესი ავტორიტეტის გარკვევა და დაწესება ქრისტეს ახლადშექმნილ ეკლესიაში. იგი ადგენდა და განამტკიცებდა იერარქიულ საფუძვლებს, რომლის გარეშეც ეკლესია ვერ იარსებებდა; ეკლესიისთვის ნამდვილად აუცილებელია და უდავო ეპისკოპოსის კანონიკური ღირსება და საიდუმლო მნიშვნელობა, ხოლო ქრისტეს ჭეშმარიტი სახარების გადმოცემა და შენახვა მის პირდაპირ მოვალეობასა და მისთვის მიცემულ მადლმოსილ ნიჭთა საქმეს შეადგენს. წმ. ირინეოსისთვის ეს ამოცანა გართულდა იმიტომ, რომ მისი დროის ეკლესიამ, მართალია, უკვე გააცნობიერა საკუთარი თავი, სტრუქტურა, მაგრამ აშფოთებდა მრავალგვარი ცრუსწავლებანი, რის საშუალებითაც იტაცებდნენ ეკლესიის ეზოდან ცხოვართ. ამ ცრუ სწავლებათა მატარებელნი კი ხშირად ის პირები იყვნენ, რომლებიც მღვდელმთავრობას ეკუთვნოდნენ. წმ. ეგნატეს სამართლიანი და არსებითად მნიშვნელოვანი აზრები ეპისკოპოსის ავტორიტეტზე აუცილებელია შევავსოთ ზოგიერთი მოსაზრებითა და მითითებით, რომლებიც დასამოძღვრად და სახელმძღვანელოდ დაგვიტოვა ლიონის ეპისკოპოსმა.

 

წმ. ირინეოსი ეთანხმება მოციქულთა ტახტის დამკავებელთა შესახებ სწავლების შემდგენელ წმ. ეგნატეს და ადასტურებს მათი ავტორიტეტის მემკვიდრეობითობას, მაგრამ ზღუდავს მათდამი მინდობას და განასხვავებს მწყემსს მგლისაგან (ვინც კანონიკურ ნიღაბს ატარებს). ამით წმ. მამა ადგენს თავად მღვდელმთავართა გარემოში სულიერ-ზნეობრივ ავტორიტეტს. ამას გარდა, იგი მიუთითებს სამოციქულო გადმოცემაზე და ამბობს, რომ ამ უკანასკნელის მცველი არის მორწმუნეთა ერთობლიობა და არა ერთი ეპისკოპოსი, რომელიც საიდუმლოდ არის დაკავშირებული ამ ერთობასთან და მის გარეშე არ არსებობს. მაშასადამე, წმ. ირინეოსთან ვხვდებით იმ აზრების დადასტურებას, რომელთაც თითქმის ყველა წერილში ვავითარებდით... ახლა მოვუსმინოთ თავად მას:

 

"არ არის ჯეროვანი, წერს წმ. ირინეოსი, სხვაგან ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიიდან, რამეთუ მოციქულებმა მასში, როგორც მდიდარმა საგანძურში, სრულად ჩადეს ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხებოდა. ასე რომ, ყოველი მსურველი მისგან მიიღებს წყალს ცხოველს (გამოცხ. 22,17). სწორედ ეკლესია არის ცხოვრების კარი, ხოლო სხვა დანარჩენნი (მასწავლებლები) ქურდები და ავაზაკები არიან. ამიტომ უნდა გავურბოდეთ ამ უკანასკნელთ, მაგრამ გვმართებს უდიდესი დაკვირვებით შევარჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას და მივიღოთ ჭეშმარიტების გადმოცემა. რაიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე დავის წამოჭრისას განა ჯეროვანი არ არის, მივმართო უძველეს ეკლესიებს, რომლებშიც მიმოიქცეოდნენ მოციქულები და მათგან მივიღოთ ის, რაც სანდოა და ცხადი მოცემულ საკითხზე? რა იქნებოდა, რომ მოციქულებს ნაწერები არ დაეტოვებინათ? ხომ გავყვებოდით გადმოცემის განაწესს, რომელიც მიეცა მათ, ვისაც მოციქულებმა ეკლესია ჩააბარეს?

 

ასეთ განაწესს მისდევს ბარბაროსთა ბევრი ტომი, რომლებმაც ქრისტე ირწმუნეს. მათ თავიანთი ცხოვნება ქარტიისა და მელნის გარეშე, გულებში აქვთ დაწერილი სული წმიდის მიერ და ბეჯითად იცავენ ძველ გადმოცემას... ასე რომ, იმ ძველი სამოციქულო გადმოცემის წყალობით, მათ ფიქრადაც არ მოუვათ დაიჯერონ ერეტიკსოთა საზარელი მსჯელობა... (Св. Ириней, епископ Лионский, Сочинения. СПб., 1900, стр. 225-226).

 

წმ. ირინეოსი მიუთითებს ეკლესია-ორგანიზაციისა და მისი წინამძღვრების, როგორც მცველებისა "ყოველივესი, რაც ჭეშმარიტებას ეხება", მნიშვნელობაზე, მაგრამ ზემომოყვანილ მსჯელობას არ სჯერდება და თავის აზრს ასე ავითარებს:

 

"ეკლესიაში გვმართებს მივყვეთ პრესვიტერებს (შემდეგი ფრაზიდან ჩანს, რომ პრესვიტერებში აქ ეპისკოპოსები იგულისხმებიან.) მათ, ვისაც მემკვიდრეობა მოციქულთაგან აქვთ მიღებული. მათ ეპისკოპოსობის მემკვიდრეობასთან ერთად მამა-ღმერთის კეთილნებობით მიიღეს ჭეშმარიტების უეჭველი მადლი. დანარჩენები, რომლებიც უგულვებელყოფენ თავდაპირველ მემკვიდრეობითობას, სადაც არ უნდა შეიკრიბონ, უნდა მიჩნეულ იქნან ერეტიკოსებად, ცრუმასწავლებლებად ან განდგომილებად; ამპარტავანნი, თავის მოყვარენი და ორგულნი ასე ანგარებისა და პატივმოყვარეობის გამო იქცევიან. ყველა ისინი განეშორნენ ჭეშმარიტებას...

 

მათ, როგორც პრესვიტერებს, მრავალი მიაგებს პატივს, მაგრამ თუ ისინი ემსახურებიან საკუთარ სიამოვნებას და არ ინერგავენ გულებში ღვთისმოშიშებას, ამრეზით უყურებენ სხვებს, ამაყობენ თავიანთი წინამძღვრობით, ფარულად ჩადიან ბოროტებას და ამბობენ: "ვერავინ გვხედავსო", მხილებულნი იქნებიან სიტყვის (ქრისტეს) მიერ, რომელიც არ განსჯის ზედაპირულად. იგი სახეს კი არა, გულს ხედავს...

 

გვმართებს, განვეშოროთ ასეთებს და მივყვეთ იმათ, ვინც, როგორც ზემოთ ვთქვი, იცავენ მოციქულთა სწავლებას, პრესვიტერის ხარისხთან ერთად ჯანსაღად მსჯელობენ და ისე ცხოვრობენ, რომ დაბრკოლების მიზეზს არავის აძლევენ: სხვათა განსამტკიცებლად და გამოსასწორებლად. ასეთ პრესვიტერებს კვებავს ეკლესია...

 

"მაშასადამე, – ასკვნის წმ. ირინეოსი, სადაც არის საღვთო მადლი (ნიჭები), იქ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტება მათგან, ვინც საეკლესიო მემკვიდრეობა მიიღო მოციქულთაგან, ეწევა ჯანსაღ, შეუბღალავ ცხოვრებას და აქვს გაუმრუდებელი, უზადო სწავლება" (Св. Ириней, епископ Лионский, Сочинения. СПб., 1900, стр. 389).

 

როგორც ვხედავთ, ეკლესიის დიდი მამის რელიგიურ ცნობიერებაში ურთიერთს ერწყმის ეკლესია-ორგანიზმი და ეკლესია-ორგანიზაცია განუყოფლად და შეურევნელად. ერთი მხრივ, იერარქიის მემკვიდრეობითობის კანონიკური ხაზით მან მკაცრად განსაზღვრა მართლმადიდებლობის კალაპოტი. განსაზღვრა, ასე ვთქვათ, მექანიკურად და იურიდიულად, უფრო გარეგნულად, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოაჩინა სულიერი მომენტი: "უფლის ნიჭები", "შეუბღალავი ცხოვრება და უზადო სწავლება".

 

ამრიგად, ვინც მოციქულთაგან სულიწმიდა მემკვიდრეობით მიიღო, ისინი ასევე სული წმიდის მიერ ბოძებული ჭეშმარიტების ღვთივდადგინებული მცველნიც არიან. მაგრამ ეს კათედრათა უბრალო (ორგანიზაციული) მემკვიდრეობითობა არ არის. ეს არის სულის მემკვდირეობითობა, რომლის შესახებ ლაპარაკობდა თითქმის ყველა მოციქული აღსასრულის წინ. ისინი მორწმუნეებს აფრთხილებდნენ, მორიდებოდნენ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, რომელთაც ქრისტეს ეკლესიაში ყოველგვარი უწმინდურობა შემოაქვთ[1] (იხ. საქმ. 20,29; მოციქულთა ეპისტოლეები: 2 პეტ. 2,1; 2 ინ. 4,1; 2 კორ. 11,13-15).

 

თუ ეკლესიაში ვიგულისხმებთ მხოლოდ იერარქიას ზოგადად და ფაქტობრივად არსებულ საეკლესიო საზოგადოებას, მაშინ, წმ. ოქროპირის აზრით, ეკლესიის ისტორია შეიძლება წარმოგვიდგეს მკვდარი სხეულებით სავსედ. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეზე 27-ე საუბარში მღვდელმთავარი ამბობს: "ვხედავ, რომ ეკლესიის მრავალი შვილი ისეა დაცემული, როგორც მკვდარი სხეული. როგორც ახლახან გარდაცვლილ სხეულზე კიდევ ჩანს თვალები, ხელები, ფეხები, კისერი, თავი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ასრულებს თავის საქმეს, აქაც ასეა" (Св. Иоанн Златоуст. Творения. т.10. кн.2. СПб., 1904. стр. 704). ზედმეტია იმის თქმა, რომ დიდი მღვდელმთავრის ეს საშინელი, მაგრამ სამართლიანი სიტყვები ეხება არა მარტო ერისკაცებს, არამედ იერარქიის წარმომადგენლებსაც.

 

ნათელია, რომ ეკლესიის, როგორც ღმერთკაცობრივი ცოცხალი ორგანიზმის კალაპოტი, განისაზღვრება და წესდება, და წესდება როგორც უკვე ითქვა, არა მარტო ეპისკოპოსთა კათედრების უბრალო მემკვიდრეობით (რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს მემკვიდრეობა), არც მარტოოდენ ხორციელი თვალით დანახული ისტორიული საეკლესიო ორგანიზაციით (რა აუცილებელიც არ უნდა იყოს იგი ქრისტეს სხეულის ზრდისათვის) და არც, მით უმეტეს, ამ ორგანიზაციის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით (რომლის ცვლილება დამოკიდებულია როგორც ეკლესია-ორგანიზაციაზე, ისე სახელმწიფოზე). მას განსაზღვრავს და აწესებს "ოქროს ჯაჭვი", რომლის რგოლებსაც შეადგენენ განსულიერებულნი, ჭეშმარიტების სულის მიმღებნი და მისი ერთმანეთისათვის მემკვიდრეობით გადამცემნი. ისინი ყოველთვის არ არიან იერარქიის წევრები, მაგრამ ყოველთვის და უცილობლად ქრისტეს სხეულის თანაზიარად გვევლინებიან. ისინი წარმოადგენენ მადლმოსილ მემკვიდრეებს საიდუმლო "ღვთის სახლისა, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (1 ტიმ. 3,15).

 

აი, რას ამბობს ამ ცისა და ქვეყნის, ეკლესიის თავისა და მისი წევრების, ეკლესიის საწყისისა და დასასრულის შემაკავშირებელი ღმერთკაცობრივი "ჯაჭვის" შესახებ ღმერთშემოსილი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი:

 

"ქრისტე არის დასაბამი, შუალედი და დასასრული. იგი მყოფობს პირველებშიც, შუამდგომებშიც და უკანასკნელებშიც. მყოფობს ყველაში ისევე, როგორც პირველებში. მისთვის არ არის განსხვავება მათ შორის, ისევე, როგორც "არა არს [მისთვის] წარმართ და ჰურია, წინადაცვეთილება და წინადაუცვეთელება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლას. 3,11).

 

წმიდა სიყვარული ყველას – პირველიდან უკანასკნელამდე, თხემიდან ტერფამდე გამსჭვალავს, ადუღაბებს, აკავშირებს და აერთიანებს. აკავშირებს მტკიცე და ურღვევი კავშირით. იგი თითოეულ მათგანს, ვინც მას შეიცნობს, ერთნაირად ეცხადება. იგი ღმერთია, რომლის წინაშეც "წინანი უკანა და უკანანი წინა არიან" (მათ. 20,16)...

 

გონიერ ზეციურ ძალთა წესნი იკურთხებიან უფლის მიერ თანმიმდევრულად, ისე რომ საღვთო ნება გამსჭვალავს პირველი წესმთავრობიდან მეორეს, მისგან მესამეს და ა.შ. ყველას. ეს ეხება წმიდანებსაც: ისინი კურთხევას იღებენ წმიდა ანგელოზთაგან და სულიწმიდით შედუღაბებულნი და შეკავშირებულნი ანგელოზთა თანაპატივსაგებნი და მსგავსნი ხდებიან. წმიდანები, რომლებიც თაობიდან თაობაში, დროიდან დრომდე, წინამორბედ წმიდანთა შემდგომ ჩნდებიან, ღვთის მცნებათა აღსრულებით უკავშირდებიან მათ და საღვთო მადლის მიღებით მათებრ გაბრწყინდებიან. ასე რომ, ისინი თანმიმდევრულად ქმნიან ერთგვარ ოქროს ჯაჭვს, რომელთაგან თითოეული – ამ ჯაჭვის რგოლი – მეორეს უკავშირდება რწმენით, კეთილი საქმეებითა და სიყვარულით. ეს ჯაჭვი ღვთის მიერ არის განმტკიცებული და მისი გაწყვეტა შეუძლებელია. ვინც თავმდაბლობით, მთელი სიყვარულითა და მონდომებით არ ინებებს, დაუკავშირდეს ყველა წმიდანთაგან უკანასკნელს (დროში) და მისდამი ერთგვარ უნდობლობას გამოიჩენს, იგი ვერასოდეს შეუერთდება უწინდელებს და ვერ ჩაერთვება წინმავალ წმიდანთა რიგში, თუნდაც ეჩვენებოდეს, რომ აქვს ღმერთისა და ყველა წმიდანისადმი სიყვარული. იგი განიგდება მათი გარემოდან, რადგან არ ინება თავმდაბლად დადგომა უფლის მიერ მისთვის უწინარეს საუკუნეთა დაწესებულ ადგილზე, რათა შეერთებოდა უკანასკნელ (დროის მიხედვით) წმიდანს", რაც წინასწარ დაუდგინა ღმერთმა (Преп. Симеон Новый Богослов. Деятельные и богословские главы, §§155-158. Добротолюбие т. 5. стр. 51-52).

  

 თარგმნა ნინო ბელთაძემ  

წიგნიდან М. А. Новоселов "Письма к друзьям", М. 1994.

 

  

[1] კათედრათა მემკვიდრეობითობას პირდაპირ რომ მივყოლოდით, მაშინ IV საუკუნეში პაპ ლიბერიუსისა და მოციქულთა მემკვდირეების უდიდესი უმრავლესობის მსგავსად არიანელობისთვის უნდა მოგვედრიკა ქედი; VII საუკუნეში ვერ გავერკვეოდით მონოთელიტობაში, როგორც ეს პატრიარქ სერგის, პაპ ონორისა და პატრიარქ კიროსს დაემართათ. ხატმებრძოლობის ეპოქაში იერარქიის უდიდეს უმრავლესობასთან ერთად ხატმებრძოლები გავხდებოდით. რომ არ შევმცდარიყავით, აუცილებელი გახდა არჩევანის გაკეთება – უნდა გავყოლოდით ათანასე ალექსანდრიელს, ანტონი დიდს, პატრიარქ სოფრონის, მაქსიმე აღმსარებელს და ა.შ. ამით არ უარვყოფთ ეპისკოპოსთა კრებით ხმას – ისინი თავიანთი იერარქიული ავტორიტეტით ამტკიცებენ ჭეშმარიტებას, რომელმაც თავისი სისავსის, სიმწიფისა და მსოფლიო სისრულისათვის უნდა ჰპოვოს დასრულებული ასახვა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც ღმერთმა ანდო ამ ჭეშმრიტების განმტკიცება.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა