რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ
თავი მესამე
წმიდა მამათა თანხმიერი მოწმობა საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ
გ) XII – XX საუკუნეების მამები
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.)
ამგვარად, უმოწყალო განიკითხება როგორც მტაცებელი, რადგან ამდენ ადამიანს ანაწყენებს, ამდენისთვის შეუძლია სიკეთის გაკეთება და არ აკეთებს. ასეთი ადამიანები წავლენ მარადიულ სატანჯველში, რომელიც არასოდეს სრულდება, ხოლო მართლები – მარადიულ ცხოვრებაში. რამეთუ როგორც წმინდანები განიცდიან მოუკლებელ სიხარულს, ასევე ცოდვილნი – მოუკლებელ ტანჯვას. მართალია, ორიგენე უგუნურად ზღაპარსიტყვაობს და გამოუცდელებს აცდუნებს, რომ თითქოსდა სასჯელს დასასრული ექნება, რომ ცოდვილნი მარადიულად არ დაიტანჯებიან, რომ ოდესღაც ტანჯვით განწმენდილები მართლებთან გადავლენ, მაგრამ უფლის სიტყვა ცხადად ამხელს ამგვარ უგუნურ აზრს. უფალი მარადიული ანუ დაუსრულებელი სასჯელის შესახებ გვეუბნება და მართლებს ადარებს ცხვრებს, ხოლო ცოდვილებს – თხებს. როგორც თხა ვერასოდეს გახდება ცხვარი, ასევე ცოდვილი (მომავალ საუკუნეში) ვერასოდეს განიწმინდება და ვერ გახდება მართალი.193
წმ. პეტრე დამასკელი (XII ს.)
ვისაც უყვარს (სულიერი) სნეულება და აყოვნებს მასში, სამართლიანობიდან გამომდინარე თვითონ ხდებიან საკუთარი თავისთვის მარადიული ტანჯვის მიზეზნი: დემონებს მიმსგავსებულები სამართლიანად მიეცემიან მათთან ერთად მარადიულ ტანჯვას.194
თუკი ჩვენს წინაშე ორი უბედურებაა – ერთი დროებითი, ხოლო მეორე მარადიული – განა უმჯობესი არაა დროებითის არჩევა? ამიტომაც ამბობს წმიდა ისააკი: უმჯობესია მოვითმინოთ გაჭირვებები ღვთის სიყვარულით და მისკენ მივისწრაფოდეთ მარადიული სიცოცხლის სასოებით, ვიდრე განსაცდელების შიშით განვეშოროთ ღმერთს, ხელში ჩავუვარდეთ ეშმაკს და მასთან ერთად სატანჯველში წავიდეთ.195
წმ. გრიგოლ სინელი (XIII-XIV სს.)
მომავალი ჯილდოებიცა და სასჯელებიც ერთნაირად მარადიულნი არიან, იმის მიუხედავად, რომ ვიღაცებს ეს სხვაგვარად ეჩვენებათ. ერთთ ღვთაებრივი სიმართლე მიაგებს მარადიულ სიცოცხლეს, სხვებს – მარადიულ ტანჯვას. ერთნიცა და მეორენიც, რომელთაც ამსოფლად კეთილად ან ბოროტად იცხოვრეს, მისაგებელს საქმეების მიხედვით მიიღებენ, ხოლო მისაგებელთა რაოდენობა და ხარისხი ჩვეულებით განმტკიცებული სათნოებებისა და ვნებების მიხედვით განისაზღვრება.196
წმ. გრიგოლ პალამა (XIV ს.)
გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სინანულის მიღწევა. ხოლო გულს შემუსრავს და საკუთარი ცოდვების გამო წუხილს აიძულებს საკვებსა და ძილში შეზღუდვა, გრძნობათა შეკავება. ამიტომაც, როგორც ის სახარებისეული მდიდარი თავს ეუბნებოდა: „ჭამე და სუ და იხარებდ“ (ლუკ. 12,19), და საწყალმა საკუთარი თავი მარადიული ცეცხლის ღირსად ჰყო, ასევე ჩვენც, ძმებო, პირიქით, ვუბრძანოთ თავს მარხვა და თავშეკავება, მღვიძარება და თავის შემოზღუდვა, დამდაბლება და შეჭირვება ჩვენი ცხონებისათვის.197
დიახ, სასტიკია სიკვდილი – მის მოსვლაშიც და მოლოდინშიც, მაგრამ ბევრად უფრო საშინელია, არ მოვიქცეთ ჩვენი ცოდვებისაგან; აი, სწორედ ამის გამო იზრდება სასჯელი, ხოლო შემდეგ მივეცემით დაუსრულებელ სატანჯველს, რომელიც, დაე, ჩვენგან არავინ შეიცნოს გამოცდილებით! რამეთუ, თუკი აქაური გაჭირვებები აუტანლად გვეჩვენება, თუმცა ისინი წარმავალია და მხოლოდ სხეულს სწყლავს, როგორიღა იქნება ის ტანჯვა, რომელიც სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს და რომლისგანაც არასოდეს მოველით განთავისუფლებას?!198
მართალია მომავალ ცხოვრებაში, როცა მართალთა სხეულები აღდგებიან, მათთან ერთად უსჯულოთა და ცოდვილთა სხეულებიც აღდგებიან, მაგრამ აღდგებიან მხოლოდ იმისთვის, რომ განიცადონ მეორე სიკვდილი: სამუდამო ტანჯვა, მატლი დაუძინებელი, ღრჭენა კბილთა, ბნელი გარესკნელი, პირქუში და ჩაუქრობელი ცეცხლოვანი გეენა. წინასწარმეტყველი ამბობს: „შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ“ (ეს. 1,28). ამაშია მეორე სიკვდილი, როგორც გვასწავლის იოანე თავის გამოცხადებაში (გამოცხ. 20,6,14). დიდი პავლესიც ისმინე: „უკუეთუ ხორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ხორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ“ (რომ. 8,13). ის აქ ამბობს იმ სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომლებიც მომავალ საუკუნეს ეკუთვნიან. ეს სიცოცხლე არის ტკბობა მარადიულ სასუფეველში; სიკვდილი – მიცემა მარადიულ სატანჯველს.199
წმ. სვიმეონ თესალონიკელი (XIV-XV სს.)
ის ცხოვრება იქნება უსაზღვრო და დაუსრულებელი; და როგორც ცხოვრება იქნება უწყვეტი, ასევე თითოეულის ხვედრი – დიდება თუ ტანჯვა, იქნება უსაზღვრო და დაუსრულებელი. თუმცა მრავალი უსჯულო ამაზეც ყბედობს საკუთარი თავის საზიანოდ, კადნიერდება უარყოს მომავალი ტანჯვის მარადიულობა. ასეთ კადნიერებას მათ ბოროტი შთააგონებს თავისი საცდურებითა და ცბიერებით იმისთვის, რომ ტანჯვის დასრულების მომლოდინეებმა ყველანაირი ბოროტება ჩაიდინონ; რამეთუ, თუკი ტანჯვას დასასრული ექნება, მაშინ ოდესმე ყველას ყველა ცოდვა მიეტევება და ღვთის უარმყოფელნი, ცოდვილნი და უსჯულონი განდიდდებიან კეთილმსახურებთან და წმინდანებთან ერთად. რომელი სიტყვა შეიძლება იყოს ამაზე უსჯულო? ...დაე ცოდვებისგან ან რაიმე ცდომილებისგან შეპყრობილთაგან მსგავსი საცდურებით თავს ნურავინ მოიტყუებს, თავის გასამართლებლად ან საამებლად: შეუნანებელთათვის ტანჯვა მარადიულია. ამიტომაც არსებობს სინანულის საშუალება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.200
წმ. მოციქულთასწორი კოზმა ეტოლიელი († 1779)
თუკი ჩვენ ვიქმთ სიბოროტეს, ვივიწყებთ ღვთის მცნებებს და სიყვარულის ნაცვლად ერთმანეთის მიმართ სიძულვილი და მტრობა გვაქვს – მოდის ეშმაკი და გვიწამლავს გულებს. ამის გამო აქაც ცუდად ვცხოვრობთ და სიკვდილის შემდეგაც ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში მოვხვდებით.201
წმ. ტიხონ ზადონელი († 1783)
იქ (გეენაში) სასტიკი ტანჯვაა, ტანჯვა ყოველგვარი ნუგეშის გარეშე, ტანჯვა, არათუ სიტყვით, არამედ გონებითაც მიუწვდომელი, ტანჯვა, რომელიც ყოველთვის იქნება და არასოდეს დასრულდება. „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (ეს. 66,24) – ამბობს წინასწარმეტყველი. ვისაც ეს სჯერა, ის იმ საშინელ სატანჯველზე ფიქრით და ხშირად გახსენებით შეძლებს გულმოდგინე სინანულის აღძვრას, რათა გადაურჩეს იმ უბედურებას. ხოლო ვისაც არ სჯერა, ის საქმით იგემებს მის სიმწარეს და, როგორც ნათქვამია, დაუსრულებლად მის განცდაში იქნება.202
წმ. პაისი ველიჩკოვსკი († 1794)
ნუთუ არ იცი, საწყალობელო, წმინდანები რამდენადაც განეშორებოდნენ ყოველგვარ ამაოებასა და ამასოფლის საზრუნავს, ღმერთი იმდენად აღავსებდა მათ საჭიროებებსა და ნაკლულევანებებს. ღვთის შეწევნა ისე ჰქონდათ, როგორც ულევი საგანძური. რამდენადაც ამაოებაში ეფლობა კაცი, იმდენად ღვთისგან მიტოვებული შეიქნება. ჰოი, ადამიანო! გაიხსენე სიკვდილის ჟამი და მარადიული ტანჯვა, გაიხსენე მარადიული სიცოცხლე, ენით უთქმელი მშვენიერება და დიდება, რომელიც ღმერთმა საუკუნითგან განუმზადა მოყვარეთა მისთა, რჩეულთა მისთა.203
წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი († 1809)
ისმინე: სოლომონის ტაძრის სარკმლებზე ბადეები იყო გაკრული, რომ არაწმიდა მწერებს არ შეეღწიათ. ეს იყო სახე: ვისაც სურს სული არაწმიდა ხორციელი გულისთქმებისგან დაიცვას, გრძნობათა სარკმლები ბადით უნდა დაფაროს – სიკვდილის, საშინელ სამსჯავროზე პასუხისგების და მარადიული ტანჯვის ხსოვნით. ამგვარად შეძლებს ადამიანი უკუაგდოს გულისთქმები და ცოდვები, რომლებიც მის გრძნობებს ეკვეთებიან.204
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი († 1867)
წმიდა წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვას ყველგან მარადიულად მოიხსენიებს. ეს სწავლება მუდმივად იქადაგებოდა და იქადაგება წმიდა ეკლესიის მიერ.205
წმ. ამბროსი ოპტინელი († 1891)
რა არის მთავარი საშუალება იმისთვის, რომ ცხოვრება წმინდად გაატარო? თვით უფალი იმავე მოციქულ პეტრეს საშუალებით მიუთითებს ამ საშუალებაზე, როდესაც ამბობს: „უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით“ (1 პეტრ. 1,17). ეს სიტყვები გვიჩვენებენ, რომ მთავარი საშუალება კეთილმსახურებით და წმინდად ცხოვრებისათვის არის შიში ღვთისა და შიში მომავალი სამსჯავროსი და მარადიული ტანჯვისა. მხოლოდ ამ შიშის დახმარებით, ღვთის შეწევნით ხდება მცნებების დაცვა, როგორც ნათქვამია ფსალმუნებში: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (ფსალმ. 111,1).206
წმ. თეოფანე დაყუდებული († 1894)
თქვენ გავიწყდებათ, რომ იქ იქნება მარადისობა, და არა დრო; აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი მარადიული იქნება და არა დროებითი. თქვენ ითვლით ტანჯვას ასეული, ათასეული და მილიონობით წლით, ხოლო იქ დაიწყება პირველი წუთი და მას დასასრული არ ექნება, რადგან იქნება მარადიული წუთი. სათვალავი აღარ გაგრძელდება, არამედ დადგება პირველ წუთზე, და ასე იდგება.207
ჩვენ ყველანი ყოველ ჟამს დასჯის ღირსნი ვართ. და როდესაც სასჯელი გვევლინება, ეს ღვთის წყალობაა, რადგან ამით შესაძლებლობა გვეძლევა მარადიულ სასჯელს გადავურჩეთ.208
ამ ყველაფერს, ამ „სიბრძნეებს“, მტერი ჩასჩურჩულებს და განსაკუთრებით ახლა ამრავლებს მათ. ისე არაფერი ათვინიერებს, როგორც ჯოჯოხეთის ტანჯვის შიში. და როგორ იფარავს ცოდვისგან, ანდა სინანულისკენ მიჰყავს ამის ხსოვნას! აი, მტერიც ყველანაირად ცდილობს ჩამოაცილოს ეს ჭკუაზე მომყვანი აზრი. როგორი ცბიერია! ღმერთის მხარეს დგება, ღვთის სახიერებას იცავს, ამ დროს კი [ცდუნებულებს] ღვთის წინააღმდეგ ამხედრებს და ღვთისმბრძოლებად აქცევს.209
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე († 1896)
ამ ქვეყანაზედ რაც არ უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაინც ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილი მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯავრო მითუმეტეს არს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი. წარმოიდგინე, გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიასა შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექნება დასასრული ტანჯვასა მათსა.210
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა, ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე; რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელ თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს. რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამასაც ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვნებასა საუკუნესა. გლოცავთ თქვენ, ძმანო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ამას ყოველსა, ხშირად წარმოიდგენდეთ სიხარულთა ცხოვნებულთასა და ვაებასა წარწყმედილთა, და მით განაღვიძებდეთ გულსა შინა თქვენსა მონანებასა ცოდვათა თქვენთა, და წადილსა შემთხვევად ხვედრსა ცხოვნებულთასა. ამინ.211
წმ. იოანე კრონშტადტელი († 1908)
ჩვენს ინტელიგენტებად წოდებულებს არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა და ადამიანის სულის უკვდავება, ყველასთვის სამართლიანი მისაგებელი, მართალთა მარადიული ნეტარება და შეუნანებელ ცოდვილთა მარადიული ტანჯვა – ამიტომაც სულ მთლად გადავარდნენ სასიცოცხლო, ბრძნული, ღვთაებრივი საყრდენიდან და გახდნენ არა ინტელიგენტები, არამედ უგუნურები, სრულიად უგუნური საქმეების აღმასრულებლები; განიმსჭვალნენ სიძულვილით სარწმუნოების, ქრისტიანული კეთილმსახურების, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც არის წმიდა, პატიოსანი და საქები.212
მრავალი წმიდა, ღვთის სათნო ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე დღე და ღამ ტიროდა საშინელ სამსჯავროზე და მის შემდეგ უსჯულოთა მარადიულ ტანჯვაზე ფიქრით. ჩვენ კი, თითქოს მართალნი ვიყოთ, გულგრილნი ვართ ჩვენი ხვედრის შესახებ ამ საბოლოო, საშინელი გადაწყვეტილების მიმართ, ზოგიერთები კი კადნიერდებიან უარყონ ჭეშმარიტება მომავალი სამსჯავროსა და გეენის შესახებ. ძმანო „ყოვლისათვის ჟამი არს... ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ“ (ეკლ. 3,1,4). აწ ჟამია ტირილისა. ასე რომ, ვიტიროთ ცოდვებზე. ამინ.213
ამრიგად, მოემზადეთ სამსჯავროსათვის, საშინელი, სამართლიანი, ერთადერთი და საბოლოო სამსჯავროსათვის, რომლის შემდეგ ან მარადიული ნეტარება იქნება, ან დაუსრულებელი ტანჯვა.214
ჩვენ თვითონ ვწერთ აქ, ასე ვთქვათ, ჩვენი საქმეებით მარადიულ განმართლებას ან მარადიულ დასჯას საშინელ სამსჯავროზე; და ამ აზრით მომავალ სამსჯავროს ეწოდება „დაწერილი“. ნათქვამია: „ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი“ (ფსალმ. 149,9). ჩვენი სინდისის წიგნები ან განგვამართლებენ, ან დაგვსჯიან. ჩვენ ისღა დაგვრჩება, რომ მსოფლიო მსაჯულის სამართლიანი, სამარადისო განჩინება მოვისმინოთ. სასწრაფოდ აღვხოცოთ გულმოდგინე სინანულით ჩვენი სინდისიდან ყველა ცოდვა, ნებსითი თუ უნებლიე, და ჩავწეროთ ყოველგვარი კეთილი საქმე. „და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14,13), ამბობს წმიდა წერილი. ამინ.215
წმ. ალექსი ბერი, შუშანია († 1923)
ხოლო ურწმუნოთათვის ჩვენ არას ვამბობთ, რომელთა გულში ცოდვა დღესასწაულობს და მეფობს შეუნანებლად, რამეთუ, რაც არა სწამთ, ვითარ შეინანონ? ამათ არცა ამა სოფელში და არცა საუკუნოსა არ მიეტევებიან ცოდვანი მათნი, სიტყვისაებრ მაცხოვრისა.216
თუ გონიერად განსჯი, საყვარელო ძმაო, და შეადარებ წუთისა ამის ტანჯვითა საუკუნოდ დაუსრულებელი სასჯელისაგან განრინებას, მაშინ არა თუ დაემდურები ღმერთსა შენზედ რაიმე სასჯელის მოვლინებით, არამედ ჭეშმარიტად, კიდეც პირიქით, მადლობას შესწირავ და სიხარულსაც იგრძნობ იმ უკვდავი სოფლის ბედნიერების ხედვით, თუ რომ ღრმად განსჭვრეტ დაუსრულებლობის სიხარულსა, თანვე ამგვარი განსჯით, ე.ი. იმ ზეციური ცხოვრების წარმოდგენით არარად მიიჩნევ ამ შენს მცირე ჟამის ტანჯვას, რადგან ეს არის შენი საუკუნო ტანჯვის განსარინებელი და ნეტარეული სიხარულის მომნიჭებელი.217
იღუმენი ნიკონი, ვორობიოვი († 1963. პროფ. ა. ი. ოსიპოვის ყოფილი მოძღვარი)
საშინელია ცოდვებში სიკვდილი, სულში დრტვინვით, სიმშვიდის გარეშე, სინანულის გარეშე. ნუთუ ისეთი უგუნურები ვართ, რომ ხანმოკლე და მცირე გაჭირვებას ვერ გადავიტანთ იმისთვის, რომ გადავურჩეთ მარადიულ, საზარელ, აწ მიუწვდომელ მწუხარებასა და ტანჯვას ჯოჯოხეთში, ეშმაკებისა და განგდებული ადამიანების საზოგადოებაში?
აქ როგორც არ უნდა გვიმძიმდეს, ყოველივე ქვეყნიური დასრულდება. სიკვდილის შემდეგ კი დაუსრულებელი მარადისობაა, მარადისობა ან გამოუთქმელ ნეტარებაში, ან საშინელ ტანჯვაში. არჩევანი ჩვენს ხელთაა. უფალს ყველასთვის მარადიული სიხარული სურს, მაგრამ ძალით არავის იზიდავს თავისკენ. არ გსურს უფალთან ნათელში და ნეტარებაში ყოფნა, წახვალ ეშმაკთან მარადიულ სიბნელეში და ტანჯვაში.
მარადიული ტანჯვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა მოელის მათ, ვინც არად ჩააგდო ღვთის სიყვარული, ვინც ამა სოფლის ჭუჭყიანი სიამოვნებებისთვის ყიდის თავის, ქრისტიანის, ღირსებას, ვინც ამჯობინებს ეშმაკის ნების შესრულებას. ვის ნებასაც ასრულებს კაცი აქ, ამ ქვეყანაზე, მასთან იქნება სიკვდილის შემდეგაც.218
შემდეგი
სარჩევი
|