კრეტის კრების კრიტიკული შეფასებები
როგორც ბერძნული პრესა იუწყება, კრეტის კრების დადგენილებებს კვიპროსის, ელადის და სერბეთის ეკლესიების რვა მღვდელმთავარმა არ მოაწერა ხელი, მათ შორის ლიმესოს მიტროპოლიტმა ათანასემ (კვიპროსი), ნავპაკტის მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა (ელადა), ბაჩკის ეპისკოპოსმა ირინეი ბულოვიჩმა (სერბეთი). ლიმესოს მიტროპოლიტი ათანასე წერს: „მსურს ვაცნობო ყველა დაინტერესებულს, რომ სინდისმა არ მომცა უფლება მისი ხელმოწერის. არ მოვაწერე ხელი, რადგან არ ვეთანხმები დოკუმენტის ტექსტს, მისი საბოლოო სახით“ (იგულისხმება დოკუმენტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“). მეუფე იეროთეოს ვლახოსმაც ამავე დოკუმენტის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მისი განცხადებით კრებაზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ელადის ეკლესიის იერარქებზე. „პირადად მე განვიცადე სერიოზული ზეწოლა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩემი პოზიციის გამო. მაცნობეს, რომ ზეწოლას განიცდიდნენ ელადის ეკლესიის სხვა წევრებიც“ – ამბობს მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი. მან აღნიშნა, რომ ტექსტის ბოლო რედაქციას დაერთვის მისი ხელმოწერაც, „როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მე ვიყავი ელადის ეკლესიის დელეგაციის წევრი“. (ანუ, გამოდის, რომ თუ დელეგაციის უმრავლესობა ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მისი ყველა წევრის ხელმოწერა ავტომატურად დაფიქსირდებოდა).
საბერძნეთის ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და მონაზონთა კავშირმა“ შეაფასა კრეტის კრების შედეგები. მათ მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში აღნიშნულია, რომ კრეტაზე შემდგარი კრება არ იყო არც წმინდა და არც დიდი, ის „არაა მართლმადიდებლური კრებების გაგრძელება, არამედ წარმოადგენს დამკვიდრებული საეკლესიო პრაქტიკიდან გადახრას და ჯერ არნახულ კანონიკურ სიახლეს“. „კრება ვერ იქმნა წმინდა, რადგან მის მიერ დამტკიცებული ზოგიერთი დოკუმენტი ეწინააღმდეგება წმიდა მოციქულების და წმიდა მამების მიერ სული წმიდის განბრძნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ერეტიკოსთა მიმართ. შეუძლებელია სული წმიდა საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს: ნამდვილად წმიდა კრებებზე ერესებს განიკითხავდეს და ერეტიკოსებს ანათემას უცხადებდეს, ხოლო კრეტის „კრებაზე“ მათ ეკლესიებად აღიარებდეს... კრეტის „კრება“... არ ებრძვის ერესებს, არამედ მათ ეკლესიის სტატუსს ანიჭებს“.
„მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და მონაზონთა კავშირის“ წევრთა აზრით კრება იყო მცირე და არა დიდი, რადგან მასში ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ მონაწილეობდა, არ იყო წარმოდგენილი ეკლესიის სისავსე. კრების მასშტაბი ასევე დაამცირა ოთხი ადგილობრივი ეკლესიის უარმა მასში მონაწილეობაზე. ამგვარად, კრებამ დაკარგა საერთომართლმადიდებლური ხასიათი და დამცირდა მისი გადაწყვეტილებების ავტორიტეტი.
„მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და მონაზონთა კავშირი“ მიესალმება იმ იერარქებს, ვინც უარი თქვა კრების დოკუმენტების ხელმოწერაზე: „ისინი არიან აღმსარებელ წმინდა მამათა მიმდევრები და მომავალში კრეტის კრების გადაწყვეტილებების შეცვლის იმედნი“. ღია წერილის ხელმომწერთა შორის არიან საბერძნეთის მონასტრის იღუმენები, ცნობილი ღვთისმეტყველები: მამა გიორგი მეტალინოსი, მამა თეოდორე ზისისი, დიმიტრი ცელენგიდისი.
ანტიოქიის ეკლესიის სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კრეტის კრებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ არსებულ სიტუაციაში შეუძლებელი იყო საერთომართლმადიდებლური კრების ჩატარება, როდესაც არ არსებობს მართლმადიდებლური ერთობის მთავარი საფუძველი – ევქარისტიული კავშირი (იგულისხმება ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის).
ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებლური თანამშრომლობა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ყველა ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კონსენსუსს. სინოდი შეახსენებს, რომ აწინდელ დროშიც პატრიარქმა ბართლომემ დაამტკიცა ეს კონსენსუსის წესი კრეტის კრების მოსამზადებელი სამუშაოს დროს. ეს განსაკუთრებით მაშინ განცხადდა, როდესაც მან 1999 წელს შეაჩერა მოსამზადებელი კომიტეტის მუშაობა ესტონეთში საეკლესიო იურისდიქციის პრობლემის გამო. ამან გამოიწვია დიდი კრების მომზადების შეჩერება ათი წლით. ამავდროულად, როგორღა მოხდა, რომ ოთხი ადგილობრივი ეკლესიის არყოფნამ ხელი ვერ შეუშალა კრეტის კრების ჩატარებას? – კითხულობს ანტიოქიის ეკლესიის სინოდი.
ანტიოქიის ეკლესიის სინოდმა გამოიტანა შემდეგი დადგენილებები:
1. კრეტის შეკრება განხილულ იქნას დიდი საერთომართლმადიდებლური კრების წინა თათბირად და აქედან გამომდინარე ჩაითვალოს, რომ კრეტაზე მიღებული დოკუმენტები არაა საბოლოო, არამედ ღიაა განხილვისთვის და შესწორებებისთვის, როდესაც მოწვეული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია.
2. ... ანტიოქიის ეკლესია ამგვარად უარყოფს კრეტის შეკრების ავტორიტეტს, როგორც „დიდი და საერთომართლმადიდებლური კრების“ ან „წმიდა და დიდი კრების“.
3. აღინიშნოს, რომ კრეტის შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ნებისმიერ შემთხვევაში არაა სავალდებულო ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის საპატრიარქოსთვის.
4. ...
5. ...
6. ...
ბალამანდი, 27 ივნისი 2016 წ.
წყაროები:
http://antiochpatriarchate.org/en/page/1448/
http://www.pravoslavie.ru/95003.html
http://aktines.blogspot.com/2016/06/blog-post_804.html
http://www.romfea.gr/epikairotita-xronika/9157-naupaktou-ierotheos-giati-den-upegrapsa
http://agionoros.ru/docs/2470.htm
http://www.romfea.gr/epikairotita-xronika/9162-lemesou-athanasios-gia-logous-suneidiseos-den-to-upegrapsa
http://www.pravoslavie.ru/94934.html
http://apologet.spb.ru/
|