სწავლანი სიმდაბლის შესახებ
თქვა მამა ანტონიმ: ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე დაგებული, ამოვიოხრე და ვთქვი: ვინ გადაურჩება ამათ? და მესმა ხმა: სიმდაბლე გადაურჩება; მახეები მას არც კი შეეხებიან.
პატერიკი
როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე არც მწვალებლებთან იპოვება სიმდაბლე. ეს სათნოება წმინდა და ღმრთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა.
წმ. იოანე სინელი
თქვა ნეტარმა კომასემ: განუშორებელია დიდება მდაბალთაგან. და თუმცა ისინი სიმდაბლის გამო მას გაურბიან, მაგრამ როგორც სული წმიდა ამბობს „იგავებში“, თან დაყვება დიდება მდაბალთ.
პატერიკი
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს. როდესაც ესაია წინასწარმეტყველმა უფალი იხილა, უბადრუკი და არაწმინდა უწოდა თავს (ესაია 6,5).
პატერიკი
თქვა ბერმა: ნებისმიერ განსაცდელში სხვას ნუ გაკიცხავ, მხოლოდ თავი დაიდანაშაულე; თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მოხდა.
პატერიკი
როდესაც მამა სისოი აღსასრულს მიუახლოვდა, იქვე მსხდომმა მამებმა იხილეს სახე მისი, ვითარცა მზის ნათელი. უთხრა მათ ბერმა: აი, მამა ანტონი მოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა: აი, წმინდა წინასწარმეტყველთა კრებული მოვიდა. შემდეგ უმეტესად გაუბრწყინდა სახე და თითქოს ვიღაცებს საუბარი დაუწყო. ჰკითხეს მამებმა: ვის ესაუბრები, მამაო? მიუგო: აი, ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და ვევედრები – ცოტა დრო მომცენ მცირეოდენი სინანულისთვის. აღარ გჭირდება სინანული, – უთხრეს მამებმა. ბერმა მიუგო: დაიჯერეთ, ჩემი გონება მეუბნება, რომ ჯერ არც კი დამიწყია მსახურება ღმრთისა. მიხვდნენ ყველანი, რომ სრული კაცი იყო. შემდეგ სახე მზისთვალივით გაუბრწყინდა და ყველას შიში დაეცა. და თქვა მამა სისოიმ: იხილეთ, იხილეთ! აი, უფალი მოვიდა და ამბობს: მომართვით მე ეგ უდაბნოს რჩეული ჭურჭელი. მყისვე ამოუტევა ბერმა სული და ნათელი გამობრწყინდა, ვითარცა ელვა, ხოლო ის ადგილი სურნელებით აღივსო.
პატერიკი
ცხოვრობდა ერთად ორი ბერი. მივიდა ეშმაკი მათ წასაჩხუბებლად. როდესაც ერთმა მათგანმა სანთელი აანთო, ეშმაკმა წააქცია. განურისხდა ერთი ბერი მეორეს და წაეჩხუბა. ის კი ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: სულგრძელება გამოიჩინე, ძმაო, და მე კვლავ ავანთებ. იხილა ღმერთმა ამ ბერის სიმდაბლე, მოვიდა ძალი ღმრთისა, ტანჯა ეშმაკი და ისიც განშორდა ბერებს. აუწყა ეშმაკმა ეს ამბავი თავის მთავარს და გაიგონა კერპთა ქურუმმა. წამოვიდა, მონაზონი გახდა და უპირველესად სიმდაბლე მოიპოვა. ამბობდა, სიმდაბლე დაარღვევსო მტრის ძალას. ეშმაკთა საუბარი ჰქონდა მოსმენილი: როცა მონაზვნებს წავაჩხუბებთ და ერთი მათგანი მშვიდობის ჩამოსაგდებად მოიქცევა, მაშინ ყველა ჩვენი ტყუილი და ძალა დაირღვევაო.
პატერიკი
იყო ერთი ვინმე მამათაგანი და ჰყავდა ძმა ერისკაცი. მოკვდა ეს ძმა და დარჩა სამი წლის ვაჟი. მივიდა ბერი და წამოიყვანა ის ყრმა უდაბნოში. ჭამდა ბავშვი ბერთან ერთად ფინიკსა და მხალს, უდაბნოში გასვლის შემდეგ არ უხილავს კაცის სახე ბიძამისის გარდა, არც დედაკაცი უხილავს, არც სოფელი და არც პურის გემო გაუსინჯავს, არც ის იცოდა, როგორ ცხოვრობენ კაცნი ამსოფლად. ბიძამისთან ერთად ფსალმუნებდა, ლოცულობდა და მარხულობდა. იცოცხლა თვრამეტი წელი, გარდაიცვალა და დამარხა ბერმა. ამის შემდეგ ბერმა ილოცა ღმრთის წინაშე იმის გასაგებად, თუ სად დაემკვიდრა ის ყრმა და თუ შეუერთდა წმინდანთა რიცხვს. გამოუცხადა ღმერთმა ძილში და იხილა ის ყრმა მყრალსა და სატანჯველ ადგილას, დიდ მწუხარებაში. როდესაც ბერმა გაიღვიძა, დადგა და ედავებოდა ღმერთს, ამბობდა: უფალო, უსამართლობაა ეს, განა ყრმა უბიწო არ იყო? არ გემსახურებოდა ყოველდღიურად? არ მარხულობდა ყოველდღე? ვიდრე ბერი ღმერთს ამას ეუბნებოდა, იხილა მასთან მდგომი უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: კეთილო ბერო, ნამდვილად ეგრეა, გისწავლებია ყრმისათვის მარხვა, სიწმინდე, წესი; რატომ სიმდაბლე არ ასწავლე? ამის გამო მოხვდა იგი მყრალსა და სატანჯველ ადგილას, თავი დიდი და წმინდა კაცი ეგონა. მაგრამ იცოდე, ღმერთთან არ არის უსამართლობა, რამეთუ წერია: „საძულველ არს წინაშე ღმრთისა ყოველი კაცი გულითა მაღალი“ (ლუკ. 16,15; იგავ. 16,6). ხოლო ბერი სულ მუდამ ტიროდა ყრმის წარწყმედის გამო.
პატერიკი
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო, დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა (დაბ. 17,27), ხოლო დავითი – მატლს (ფსალმ. 21,7). მათ მსგავსად ყველა წმინდანი თავს არაფრად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, ვინც სიამაყითაა წარტაცებული, ის ყველაზე ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი
შენ მწერ, რომ დიდად მოყვარული ხარ თავმდაბლობისა და იმის შეტყობაც გსურს, თუ როგორ მოიპოვო ეს ღმრთის მიერ პატივდებული სათნოება. ჰოდა, თუ მართლა გსურს ამაო და ღმრთისათვის საძულველი ამპარტავნების თავიდან აცილება და ნეტარი საბოძვარის მფლობელი გინდა გახდე, ნურაფერს უგულებელჰყოფ, რაც ამ საქმეში შეგეწევა, ხალისით გაწვრთენ თავი ყველაფერში, რაც კი სიმდაბლეში სრულყოფას ემსახურება. სული, ჩვეულებრივ, იმას ემსგავსება, რითაც არის დაკავებული, რასაც საქმიანობს; და რასაც გამუდმებით აკეთებს, სწორედ იმას აღიბეჭდავს, იმის სახეს იღებს. ამიტომაც, ყოველივე – გარეგნობაც, სამოსიც, სიარულის სახეც, დასაჯდომელიც, საზრდელიც, საწოლიც, – ერთი სიტყვით ყველაფერი, – უაღრესი ზომიერებით იქონიე. დაე, შენი სიტყვაც, სხეულის მოძრაობაც და მოყვასთან საუბარიც თავმდაბლობისკენ იყოს მიქცეული და არა ქედმაღლობისკენ. კეთილი და მშვიდი იყავი ძმის წინაშე; გამზადებული – სნეულთა სანუგეშოდ და მოსასვენებლად; ტანჯულთა, დამაშვრალთა და მწუხარეთა მოსანახულებლად. საერთოდ, ნურავის მოიძაგებ, თავაზიანი იყავი საუბრისას, პასუხიც კეთილგანწყობით გაეცი, ყოველივეში კეთილისმსურველი და ყველასათვის მისაწვდომი იყავი.
წმ. ნილოს სინელი
თუკი ღმრთის გზაზე სიარული გსურს, ნუ ეძიებ პატივს შენთვის. გზა ღმრთისა მხოლოდ ისაა, რომ კაცმა ყველაფერში უარყოს საკუთარი ნება და თავი უკანასკნელად, ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს.
წმ. ბარსანუფი დიდი
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებისაგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მოსე ამბობდა: „გევედრები შენ, მიავლინე სხვა უძლიერესი ჩემსა, რამეთუ მე ხმაწულილ ვარ და ენამძიმე“ (შდრ. გამოსლ. 4; 10, 14); ხოლო იერემია ამბობდა: „ჭაბუკ ვარ მე“ (იერ. 1,6). ერთი სიტყვით, ყველა წმინდანმა, როგორც ვთქვით, სიმდაბლე მცნებათა აღსრულებით მოიპოვა. მაგრამ რა არის ეს სიმდაბლე და როგორ იშვება სულში, ამისი სიტყვით გამოთქმა არავის ძალუძს. თუკი კაცი გამოცდილებით არ შეიცნობს სიმდაბლეს, მხოლოდ სიტყვებით ვერ მიხვდება ამას.
წმ. აბბა დოროთე
ყოველგვარი შეშფოთების მთავარი მიზეზი, თუკი საფუძვლიანად გამოვიკვლევთ, ის არის, რომ ჩვენ საკუთარ თავს არ ვიდანაშაულებთ... ვხედავთ, რომ ამ გზიდან გადამხვევმა ვერავინ ჰპოვა სიმშვიდე, ჩვენ კი, რომელთაც არასოდეს გვიჩნდება თავის დადანაშაულების სურვილი, დამშვიდების იმედი გვაქვს და გვგონია, რომ წრფელ გზას ვადგავართ. ჭეშმარიტად, უთვალავი სიკეთეც რომ აღასრულოს კაცმა, თუკი ამ გზით არ ივლის, ვერასოდეს გათავისუფლდება გულნაკლულობისა და შფოთისაგან, რითაც მთელ თავის შრომას წარწყმედს. ამის საპირისპიროდ, როგორი სიხარული, როგორი სიმშვიდე აქვს მას, ვინც თავს იდანაშაულებს. როგორც მამა პიმენი ამბობდა, სადაც არ უნდა წავიდეს თავის მაბრალობელი, როგორი ზიანიც არ უნდა მიადგეს, ან უპატიოება, ან სხვა რაიმე გაჭირვება, ის წინასწარ მიიჩნევს თავს ყოველგვარი მწუხარების ღირსად და არასოდეს შეშფოთდება. რაღა იქნება ამაზე მეტი უზრუნველობა?
შეიძლება ვინმემ იკითხოს: როცა ძმა შეურაცხყოფას მაყენებს და მე ჩემი თავის განხილვისას აღმოვაჩენ, რომ მისთვის არ მიმიცია რაიმე მიზეზი, როგორ დავაბრალო საკუთარ თავს? ჭეშმარიტად, თუ კაცი ღმრთის შიშით გამოიკვლევს თავს, ნახავს, რომ მან თავად მისცა მიზეზი ან საქმით, ან სიტყვით, ან სახით. თუკი, როგორც ამბობს, ახლა არ მიუცია არანაირი მიზეზი, მაშინ ჩანს, რომ სხვა დროს შეურაცხჰყო იგი, ანდა სხვა ძმას აწყენინა და ამისთვის დაისაჯა. ხშირად რაიმე სხვა ცოდვის გამოც მოიწევა ამგვარი სასჯელი. ამიტომაც, როგორც ვთქვით, თუკი კაცი საკუთარ თავს ღმრთის შიშით გამოიძიებს და თავის სინდისს მკაცრად განსჯის, აუცილებლად ჰპოვებს თავს ბრალეულად.
წმ. აბბა დოროთე
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
წმ. იოანე სინელი
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
წმ. იოანე სინელი
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლეს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის – ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს.
წმ. იოანე სინელი
მდაბალი მონაზონი არ გამოიძიებს დაფარულ და გამოუთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ღმრთის საიდუმლო განგებულებებს იკვლევს.
წმ. იოანე სინელი
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი
სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა – სკორეზე მჯდომარისა. და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: „დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ“ (იობ. 42,6).
წმ. იოანე სინელი
მდაბალი სულ მუდამ მორჩილია და სხვებისგან ისმენს უმჯობეს სიტყვებს, რამეთუ საკუთარ თავს არასოდეს ენდობა და თავის საზრუნავს უფალს მიანდობს, რომელმაც ბალაამის ვირიც აამეტყველა. და თუნდ ყოველთვის საღმრთოდ ამბობდეს და იქმოდეს, მაინც არ სჯერა თავისი გულისხმისყოფისა, რამეთუ როგორც ამპარტავანს ემძიმება სხვისთვის შეკითხვა, ასევე მდაბალს უმძიმს საკუთარი თავის მინდობა.
წმ. იოანე სინელი
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.
წმ. იოანე სინელი
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვების ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკითხავს. ხოლო ამისი წინამორბედი ყოველგვარი მზვაობრობისა და კათცთამიერი დიდების სიძულვილია.
წმინდა იოანე სინელი
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი
შხამი, რომელიც მთლიანად წამლავს ფარისეველთა საქმიანობას, ის არის, რომ ისინი „ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა“ (მათ. 23,5). მათი მოღვაწეობის საფუძველი კაცთამიერი დიდების ძიებაა, ხოლო მიზნის მიღწევის საშუალება – ორგულობა (პირმოთნეობა, თვალთმაქცობა). ორგულობაა ფარისეველთა დამახასიათებელი თვისება. უფალმა ორგულობას ფარისეველთა ცომი უწოდა (ლუკ. 12,1). ფარისეველთა მთელი საქმიანობა ორგულობითაა გაჟღენთილი, ყოველი მათი ქმედების სული ორგულობაა. ორგულობა მზვაობრობისაგან და კაცთამიერი ქებისა და დიდების ძიებისაგან იბადება და თავისი წარმატებებით კვებავს მზვაობრობას. როდესაც მზვაობრობა ზრდასრულ ასაკს აღწევს, მაშინ მისი მოქმედება ცალკეული აღტყინებებიდან მუდმივ სწრაფვად გადაიქცევა. ამ დროს მზვაობრობისგან უგუნური და ბრმა ვნება – ამპარტავნება წარმოიქმნება. სულიერი მნიშვნელობით ამპარტავნება სულის სიკვდილია. ამპარტავნებით მოცულ სულს აღარ ძალუძს არც დამდაბლება, არც სინანული, არც მოწყალება, არც რაიმე სულიერი ზრახვა თუ შეგრძნება, რომელთაც მაცხოვრის ცოცხალი შემეცნება და მასთან შეთვისება მოაქვთ. იმისათვის, რომ ფარისეველთა ცომისაგან მომდინარე საშინელი შხამი ავიცილოთ, ვეცადოთ, ღმრთის მცნებები სახარების სწავლებისამებრ, მხოლოდ ღმრთისათვის აღვასრულოთ, მთელი გულმოდგინებით ვისწრაფოთ – მცნებათა აღსრულება ადამიანთა განმხრწნელი მზერისაგან დავფაროთ. დედამიწაზე ღმრთისათვის და ზეცისათვის ვიღვაწოთ და არა კაცთათვის! კაცთათვისაც ვიღვაწოთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენი შექება გამოვტაცოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ ჭეშმარიტი სარგებელი მოვუტანოთ, რისთვისაც ისინი ხშირად ფლეთენ თავიანთ კეთილისმყოფელებს ისევე, როგორც ხშირად სულელი და მძვინვარე მხეცები ფლეთენ მათ, ვინც მათზე ზრუნავს და კვებავს. ასე მოექცნენ წმინდა მოციქულებს და მრავალ სხვა ღმრთის სათნო ადამიანს. განუწყვეტლივ ვადევნოთ თვალყური საკუთარ თავს ნაკლოვანებებისა და ცთომილებების შესამჩნევად. ვევედროთ ღმერთს, რომ ჩვენი დაცემული და ცოდვილი მდგომარეობა დაგვანახოს! მუდმივი სწრაფვა ღმრთის ნების შესასრულებლად თანდათანობით აღმოფხვრის ჩვენში საკუთარი თავით კმაყოფილებას და სულის ნეტარ სიგლახაკეს შეგვმოსავს. ამ წმიდა, მადლიანი სამოსით შემოსილნი უფლის წინაშე ღმრთის სათნო დგომას ვისწავლით, რისთვისაც სახარებაში თავმდაბალი მეზვერეა შექებული. გულწრფელად მლოცველნი, გულში ცოდვილობის განცდით, იმედია მივიღებთ ცოდვათა შენდობას და ჭეშმარიტ სიკეთეთა სიუხვეს, წარმავალსაც და მარადიულსაც. „რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკ. 18,14), უფალი ღმერთის, ჩვენი შემოქმედისა და მაცხოვრის ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი მარჯვენით, ამინ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
დიდი უბედურებაა ჩვენთვის, როცა თავს მართალ კაცად შევიგრძნობთ. აღიბეჭდეთ მეხსიერებაში: როგორც კი ეს შეგრძნება მოვა, თუნდაც სუსტი ძალით, თქვენი საქმე ცუდად მიდის. რაც უფრო ცოდვილად იგრძნობთ თავს, მით უფრო მართებული იქნება თქვენი გზა.
წმ. თეოფანე დაყუდებული