წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)
წმ. ანტონი დიდი
თუკი ღვარძლს გულში შეუშვებ, დაღუპავს შენს სულს და სხეულსაც შეგიბილწავს; მრავალ უჯერო გულისსიტყვას მოგიტანს, აღძრავს ბრძოლებს, განხეთქილებებს, ჭორებს, შურს, სიძულვილს და მსგავს ვნებებს, რომლებიც თვით სხეულსაც ამძიმებენ და ასნეულებენ.
წმ. ბასილი დიდი
დიდი საქმეები კი არ ესათნოება ღმერთს, არამედ დიდი სიყვარული, რომლითაც ეს საქმეები აღესრულება.
თუკი საკვებად ერთადერთი პურიღა დაგრჩენია და კართან მთხოვნელი დგას, გამოიტანე საკუჭნაოდან ეს ერთადერთი პური, დაიდე ხელზე, აღაპყრე ცისკენ და წარმოთქვი ასეთი შესაბრალისი და ამავდროულად მადლიერი სიტყვები: ერთი პური მაქვს, რომელსაც ხედავ შენ, უფალო, და საშიშროება ცხადია, მაგრამ შენს მცნებას ჩემს თავზე წინ ვაყენებ და მცირედსაც მშიერ ძმას ვაძლევ; შენც მომმადლე გაჭირვებულ მონას.
ქრისტიანმა, შეძლებისდაგვარად, ყოველი საშუალებით უნდა მოალბოს ის, ვინც მასზე განაწყენებულია.
ამხილო ძმა გაღიზიანებითა და მრისხანებით, – ნიშნავს, ის კი არ გაათავისუფლო ცოდვისგან, არამედ საკუთარი თავი ჩააგდო ცოდვაში.
არ უნდა გადავდოთ ჩვენი გამოსწორება, რადგან ხვალინდელი დღე არ არის უეჭველი ჩვენთვის. მრავალმა მრავალი რამ ჩაიფიქრა და ვერ მიაღწია ხვალინდელ დღემდე.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
წყალობა ღვთისა შენდამი მოყვასისადმი წყალობით ეძიე.
წმ. იოანე ოქროპირი
ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი გააჩნია, არამედ ის, ვისაც ბევრი სურს; ის კი არ არის მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვისაც არაფერი სურს.
ურწმუნოება წარმოიშობა ბიწიერი ცხოვრებისა და მზვაობრობისგან.
კაცობრივი უძლურება იმგვარია, რომ როდესაც კეთილი ადამიანი ბოროტთა საზოგადოებაში ტრიალებს, თვითონაც ბოროტი ხდება, მაშინ როდესაც ბოროტები იშვიათად ხდებიან კეთილნი.
არაფერია ლოცვის ტოლფასი: ის შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს, ძნელს – იოლად, მოუხერხებელს – მოსახერხებლად.
ყოველივე ხილულზე უხილავის შესახებ მოწმობაა დაწერილი.
გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
წმ. ნილოს სინელი
პირველ რიგში ილოცე ვნებებისგან განწმენდისათვის, შემდეგ უმეცრებისგან გათავისუფლებისათვის, შემდეგ კი იმისათვის, რომ ყოველგვარ განსაცდელსა და ღვთისგან მიტოვებას გადაურჩე.
წმ. ეფრემ ასური
რომელი საშუალებებიც მოგცა უფალმა, ისინი გამოიყენე გლახაკის დასახმარებლად, რათა არ დავისაჯოთ სიყვარულის სიმცირისა და უმოწყალობის გამო.
ვინც გულისთქმას არ ეწინააღმდეგება და თვალებს ნებას აძლევს თავისუფლად იხეტიალონ, ის, ცხადია, დაჰყვა ვნებებს, და რომ არა სირცხვილი კაცთა წინაშე, მრავალჯერ გარყვნიდა სხეულსაც.
ნუ დაუშვებ სულის შიმშილით სიკვდილს. ჰკვებე იგი ღვთის სიტყვით, ფსალმუნებით, გალობით, სულიერი საგალობლებით, წმიდა წერილის კითხვით, მარხვით, მღვიძარებით, ცრემლებითა და მოწყალებით, სასოებითა და ფიქრით მომავალ, მარადიულ და უხრწნელ სიკეთეებზე. ეს ყოველივე და ამის მსგავსი არის სულის საკვები და სიცოცხლე.
წმ. მაკარი დიდი
თუკი გიყვარს კაცობრივი დიდება, გსურს, რომ თაყვანს გცემდნენ, ეძიებ განსვენებას, მაშ გზა აგბნევია. შენ ჯვარს უნდა ეცვა ჯვარცმულთან, ივნო ვნებულთან, რათა ამის შემდეგ იდიდო განდიდებულთან (შდრ. რომ. 8,17).
აბბა ნისთერეონი
უმჯობესია კითხვით მიღებული ცოდნის აღსრულებისთვის ისწრაფო, ვიდრე ამ ცოდნის სხვებისთვის სწავლებისთვის, რამეთუ ასეთი მასწავლებლობისგან დამღუპველი მზვაობრობა წარმოიშობა.
წმ. ამბროსი მედიოლანელი
ჭრილობებს მობანენ ღვინით და მკურნალობენ ზეთით. ასევეა აღზრდაშიც: შემწყნარებლობა უნდა შეეზავოს სიმკაცრეს.
წმ. ისიდორე პელუსიელი
კეთილი ცხოვრება სიტყვით სწავლების გარეშე უფრო მეტად დამოძღვრავს, ვიდრე სიტყვით სწავლება, რომელსაც არ შეესაბამება ცხოვრება.
წმ. აბბა დოროთე
შეუძლებელია ვინმე განრისხდეს, თუკი პირველად მისი გული არ აღზვავდება მასზე (ვისაც ურისხდება), თუკი არ დაამცირებს მას (გულში) და თავს მასზე მაღლა არ დააყენებს.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
მავანმა გაგინა – მას კი ნუ მოიძულებ, არამედ მოიძულე გინება და დემონი, რომელმაც ის შეაგულიანა. თუკი გძულს შენი მაგინებელი, მაშ მოგიძულებია ადამიანი და მცნება დაგირღვევია, და რაც მან სიტყვით აღასრულა, შენ საქმით ასრულებ. თუკი იმარხავ მცნებას, გამოიჩინე მის მიმართ სიყვარული, და თუკი შეგიძლია, რაიმეთი დაეხმარე, რათა განაშორო იგი ბოროტებას.
იმის შესაბამისად, თუ როგორ ილოცებ შენი ცილისმწამებლისთვის, ღმერთი დამარწმუნებლად გაუმჟღავნებს სიმართლეს შენს მიმართ დაბრკოლებულს.
წმ. ისააკ ასური
გიყვარდეს ცოდვილები, მაგრამ გძულდეს მათი საქმეები. ნუ უგულებელყოფ ცოდვილებს მათი ნაკლოვანებების გამო, რათა თავად არ ჩავარდე იმ განსაცდელში, რომელშიც ისინი არიან.
წმ. ისაია განდეგილი
ხუთი მიზეზისგან ძლიერდება სიძვის შემოტევა: უქმადმეტყველებისგან, მზვაობრობისგან, ზედმეტი ძილისგან, კოხტაობისგან და ნაყროვანებისგან.
როდესაც სხეულს გაშორდები, მაშინ ინანებ, რომ ამდენს ზრუნავდი იმისთვის, რაც შენთვის არანაირი სარგებლის მომტანი არ იყო.
წმ. ბარსანოფი დიდი
აქედან გასვლის შემდეგ ვეღარავინ შეძლებს წარმატებას: რასაც აქ დათესავ, იქ იმას მოიმკი. აქ საქმეა, იქ – მიზღვა, აქ ღვაწლია, იქ – გვირგვინები.
წმ. იოანე წინასწარმეტყველი
მღელვარებით ნურაფერს წარმოთქვამ, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს. მოითმინე, ვიდრე შენი გულისსიტყვა დამშვიდდება, და შემდეგ მშვიდად იტყვი.
წმ. იოანე სინელი
აკეთეთ ყოველგვარი სიკეთე, რაც კი შეგიძლიათ; ნურავის შეურაცხყოფთ, ნუ მოიპარავთ, ნუ მოიტყუებთ, თავს ნუ აიმაღლებთ ვინმეს წინაშე, ნურავის მოიძულებთ, საეკლესიო მსახურებას ნუ მოაკლდებით, გაჭირვებულებს დაეხმარეთ, ნურავის დააბრკოლებთ, სხვის საწოლს ნუ შეეხებით, იკმარეთ თქვენი მეუღლეები. თუკი ამ ყოველივეს აღასრულებთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფეველისაგან.
ეცადე ყოველთვის შენთან დააბრუნო სხვაგან მიდრეკილი გონება, უკეთ რომ ვთქვათ, ლოცვის სიტყვებში მოამწყვდიე იგი. თუკი ის შენი სიჩვილის გამო დაუძლურდება და გაიფანტება, კვლავ ლოცვის სიტყვებში დააყენე, რამეთუ დაუდგრომლობა ჩვენი გონების თვისებაა. მაგრამ მას, ვისაც ძალუძს ყოველივეს დამყარება, ძალუძს ჩვენს გონებასაც მიანიჭოს გაუფანტაობა.
წმ. პეტრე დამასკელი
რამდენადაც წმინდაა ადამიანი, იმდენად მრავალმცოდველად ხედავს საკუთარ თავს.
წმ. დიმიტრი როსტოველი
უბოროტობა და მოწყალება, ცოდვის ჩამდენი ძმისთვის მიტევება და მთხოვნელისთვის ხელის გაწოდება – აი ლოცვის ორი ფრთა. თუკი ღმერთს რაიმე გინდა სთხოვო, მანამდე შენ ნუ ეტყვი უარს მთხოვნელს. თუ ქრისტესგან მიტევებას ეძიებ, ჯერ შენ მიუტევე ძმას, რომელმაც დაგამწუხრა.
წმ. ტიხონ ზადონელი
ჰოი, სნეულება, მწარე, მაგრამ მარგებელი წამალი! როგორც მარილი იცავს ხორცსა და თევზს ლპობისგან, არ უშვებს მათში მატლების აღმოცენებას, ასევე ყოველგვარი სნეულება იცავს ჩვენს სულს ლპობისა და ხრწნისაგან, არ აძლევს ვნებებს, როგორც მატლებს, ჩვენში აღმოცენების ნებას.
მზვაობრობის მოშორებას დიდი ღვაწლი სჭირდება. მისგან გათავისუფლების საშუალებებია: კეთილი საქმეების ფარულად აღსრულება და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი გათავისუფლებისა – ჩვენზე ავისმეტყველის მიმართ წყენის უქონლობა.
მონანულს უნდა ჰქონდეს ურყევი განზრახვა, რომ არ დაუბრუნდეს აღსარებულ ცოდვებს და გამოასწოროს თავისი ცხოვრება.
აღზრდის საქმეში უზრუნველობისა და დაუდევრობის გამო შვილები მშობლებს შესაბამისად მიაგებენ: ურჩობით, უგულებელყოფით, ავსიტყვაობით და ზოგჯერ ცემითაც.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ამსოფლიური ხალხი გაურბის სიკვდილზე ფიქრს, მის გახსენებას, რომ არ შეწყვიტონ გრძნობისმიერი სიამეები, რომლებიც არ უთავსდებიან სიკვდილის ხსოვნას... სამაგიეროდ, როცა მოვა ჟამი სიცოცხლესთან და საყვარელ საგნებთან და სიამეებთან განშორებისა, ისინი გადამეტებულად შფოთავენ, იტანჯებიან და შეძრწუნდებიან.
სიჩქარით ნუ მიაყოლებ ლოცვებს ერთმანეთს, არამედ ზომიერი განგრძობით წარმოთქვი, როგორც ჩვეულებრივ საუბრობენ დიდი პიროვნების წინაშე, როცა მას რაიმეს სთხოვენ.
მაგინებელო, გესმის, როგორ მკაცრად გიკრძალავს წმიდა მოციქული პავლე მაგ შენი სიტყვების წარმოთქმას? ხედავ, როგორ ბოროტებას იქმ მრუშული და ურცხვი სიტყვებით? კარგად უთხრა ეკლესიას წმიდა ოქროპირმა, სადაც ბილწსიტყვაობაა, იქ ეშმაკიაო.
იტყვის მართალი მსაჯული: უმადურო და უგუნურო ადამიანო, მე მოგანიჭე ამდენი ოქროს დღე და ამხელა ძვირფასი ჟამი ცხოვრებისა. შენ ვალდებული იყავი ეს დღეები ჩემს მსახურებაში და ჩემი მცნებების აღსრულებაში გაგეტარებინა, რომ შენთვის მოცემული დროის ფასად მარადიული ცხონება მოგეყიდა. მაგრამ შენ იგი თამაშობებზე და სანახაობებზე გაფლანგე, რითიც შენი სულისთვის წარწყმედა შეიძინე. ამგვარად, ვინაიდან შენ ბოროტი მონა აღმოჩნდი, რომელმაც არ ისარგებლა ჩემს მიერ მონიჭებული ჟამით, ვუბრძანებ ჩემს მონებს, განგხადონ „ბნელსა მას გარესკნელსა“, იქ, სადაც არის „ტირილი და ღრჭენაჲ კბილთა“ (მათ. 25,30).
წმ. მაკარი ოპტინელი
წამლებსა და მკურნალობაში ღვთის ნებას უნდა მივენდოთ. მას ძალუძს ექიმიც განაბრძნოს და წამალსაც ძალა მისცეს.
წმ. ამბროსი ოპტინელი
თუკი ხედავ, რომ შენში არ არის სიყვარული, მაგრამ გსურს, რომ გაგაჩნდეს იგი, მაშ აღასრულე სიყვარულის საქმეები, თუნდაც თავიდან სიყვარულის გარეშე. უფალი დაინახავს შენს სურვილსა და მონდომებას და შენს გულში დაამკვიდრებს სიყვარულს.
წმ. ნიკონ ოპტინელი
მიტევება საჭიროა დიდი სიმდაბლით, დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალებით, – ეს აუცილებელი პირობაა მიტევების დროს. მხოლოდ გარეგნული თავის დახრა და სიტყვები ვერ შეარიგებენ, ვერ ეხებიან გულს, ცარიელი ხმებია.
როდესაც მოყვასს ვპატიობთ, უნდა გვიხაროდეს, რომ ვპოვეთ ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარი ცოდვების მიტევებისთვის.
ვისაც სიყვარულის მოპოვება სურს, უნდა უკუაგდოს ყოველგვარი ავი და მშვიდობის საწინააღმდეგო გულისსიტყვა, აღარას ვამბობ საქმეებზე და სიტყვებზე, ყველას უნდა შეუნდობდეს წყენას, სამართლიანსაც და უსამართლოსაც.
უნდა ვაიძულოთ თავი თბილად მოვექცეთ მათაც, ვინც არ მოგვწონს.
ლოცვის დროს სასარგებლო არ არის ამაღლებული შეგრძნებებისკენ სწრაფვა. მხოლოდ წარმოთქმული სიტყვების აზრს უნდა დავუკვირდეთ, ყურადღებით ვილოცოთ.
წმ. ნექტარი ოპტინელი
მთავარია, უფრთხილდით მოყვასის განკითხვას. როგორც კი თავში განკითხვა მოვა, მაშინვე ყურადღებით ილოცეთ: „უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.
წმ. ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)
მოითმენ – და მშვიდობა იქნება, ხოლო თუ ბოროტებაზე ბოროტების მიგებას დაიწყებ, მშვიდობაც გაგშორდება და ღმერთიც მიგატოვებს.
წმ. ბარსანოფი ოპტინელი
როდესაც სხვების უძლურებებს შეამჩნევ და გონებით მათზე აღზვავდები, უნდა უპასუხო საეშმაკო გულისსიტყვას: მე ყველაზე უარესი ვარ.
სულის კვდომის სანდო ნიშანია საეკლესიო მსახურებების მიტოვება. ადამიანი, რომელიც ღვთის მიმართ ცივდება, პირველ ყოვლისა იწყებს ეკლესიაში სიარულისგან თავის არიდებას, თავიდან დაგვიანებით მიდის, შემდეგ კი საერთოდ თავს ანებებს ტაძარში სიარულს.
წმ. ისააკ ოპტინელი
ლოცვაში ეძიეთ არა მიწიერი, არამედ ზეციური სიკეთეები.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
მზვაობრობას და საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას უყვართ სწავლება და დამოძღვრა. ისინი არ ზრუნავენ მათი რჩევის ღირსებაზე! ისინი არ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ მოყვასს უკურნებელი ჭრილობა მიაყენონ შეუსაბამო რჩევით.
სნეულების სარეცელიდან ღმერთს მადლობდით, როგორც მადლობდა სკორეზე მჯდომარე იობი, მყრალი წყლულებით დაფარული. მადლიერებით სუსტდება სნეულების მძვინვარება! მადლიერებით სნეული სულიერ ნუგეშს იღებს!.. სნეულების სარეცელი ხშირად ღვთის შეცნობისა და საკუთარი თავის შეცნობის ადგილი ხდება.
აღთქმულ ქვეყანაში უდაბნოს გავლით უნდა მივიდეთ. უდაბნოში სვლისას უნდა ვიცოდეთ, რომ ის უდაბნოა და არა აღთქმული ქვეყანა, რათა უდაბნოს რომელიმე ოაზისი, საუცხოო და მდიდარი ბუნების მქონე, აღთქმულ ქვეყნად არ მივიღოთ და ამ მიზეზით არ დავკარგოთ აღთქმული ქვეყანა. ოაზისები ის ნუგეშისცემები და განსაკუთრებით ცხადი ხედვებია საკუთარი თავისა, რომლებიც დროდადრო ეძლევა ახალდამწყებს ლოცვითი ღვაწლისას. მათ არ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. პირველი სულიერი ნიჭი ლოცვის დროს მადლისმიერი ყურადღებაა, რომელიც ვერ გვექნება მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით.
წმ. თეოფანე დაყუდებული
ლოცვა არასოდეს ჩაივლის ფუჭად, იმის მიუხედავად, შეგვისრულებს უფალი თხოვნას თუ არა. უცოდინრობით ჩვენ ხშირად უსარგებლოსა და საზიანოს ვითხოვთ. ღმერთი ასეთ თხოვნას არ გვისრულებს, მაგრამ ლოცვის შრომისთვის რაიმე სხვას მოგვმადლებს, ჩვენთვის შეუმჩნევლად.
მრისხანება გამოვლინდება, როდესაც თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევ. ჩათვალე თავი სხვებზე მცირედ და გაექცევი მრისხანებას.
ლოცვისთვის არ არსებობს განსაკუთრებული საათები; ის უნდა იყოს ყოველჟამიერი და ყოველწუთიერი.
წმ. იოანე კრონშტადტელი
ძენი ამასოფლისანი იშენებენ დიდებულ და მოსახერხებელ სახლებს იმ იმედით, რომ იქ მშვიდად და სიამოვნებით იცხოვრებენ. შენ კი მთელი წარმავალი ცხოვრების განმავლობაში იზრუნე სულიერი სახლის, სათნოებათა სახლის აშენებისთვის. ის მოგასვენებს და ნეტარგყოფს სამარიდოსოდ სხვა, წარუვალ სამყაროში, ზეციური ღმერთის ქალაქში.
ყველა აზრი, გრძნობა და გულის განწყობა, სიყვარულის დასარღვევად და მტრობის დასანერგად მიმართული, – ეშმაკისგანაა; ჩაიწერე ეს გულში და ყოველნაირად მოეჭიდე სიყვარულს.
როცა ლოცულობ, გონებით სხვა საქმისკენ ნუ მიიჩქარი, რადგან ლოცვა უნდა იყოს შენი მთავარი საქმიანობა მთელი ცხოვრების მანძილზე, და ღირსეულად ლოცვის სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.
ძმაო! შენ გრძნობ გულში ძმის მიმართ მომაკვდინებელ სიბრაზეს, გტანჯავენ ბოროტი აზრები მისგან მოყენებული წყენის გამო, – აი საშუალება შინაგანი შეჭირვებისგან გასათავისუფლებლად: წარმოიდგინე შენი უამრავი, უთვალავი ცოდვა და ცოცხლად დაინახე, როგორ ითმენს მათ შენი სიცოცხლის მეუფე, როგორ შეგინდობს შენს ცოდვებს ყოველდღიურად და უთვალავჯერ, თუკი გულწრფელად ევედრები მათ მოტევებას; შენ კი არ გსურს მიუტევო შენს მოყვასს ვნების რამოდენიმე აგზნება, რომლებიც ეშმაკმა აღძრა მასში.
ვინც გვიყვარს, იმასთან საუბარი არ გვბეზრდება. აქედან გამომდინარეობს პირდაპირი დასკვნა: ვისაც უყვარს ღმერთი, მას უყვარს მასთან საუბარი ლოცვით, და პირიქით, ვისაც ის არ უყვარს, ძალიან ზარმაცია ლოცვაში.
რაც უფრო ნაცნობია ლოცვები და ხშირად წარმოთქვამენ ბაგეები, მით უფრო ყურადღებით უნდა ვიკითხოთ, რადგან ჩვევა ჩვენში წარმოშობს უყურადღებობას ნაცნობის მიმართ.
დაე ნურავინ შეუდგება ნაჩქარევად, დაუდევრად, უგულოდ წმიდა და დიდებულ ლოცვის საქმეს, როგორც ამას ბევრი ჩვენგანი იქმს.
წმ. ლუკა ვოინო-იასენიცკი
სიყვარული სათნოებების მწვერვალია, ხოლო სანამ მწვერვალზე ახვალ, ყველა საფეხური უნდა აიარო. იმისთვის, რომ სიყვარული მოიპოვო, მხურვალე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, პირველ ყოვლისა საჭიროა უხეში ცოდვებისგან გაუცხოვება.
წმ. პაისი მთაწმინდელი
თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
|