martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სწავლებები

როდესაც ექიმი გამოიკვლევს ავადმყოფს, დასვამს დიაგნოზს და ამ დიაგნოზის მიხედვით დანიშნავს მკურნალობას, ავადმყოფმა, იმისათვის, რომ განიკურნოს, დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოს ყველა წამალი და ზუსტად შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები. და როგორც მკურნალობის სქემიდან სულ მცირედი გადახვევა საფრთხის წინაშე აყენებს გამოჯანმრთელებას, ასევე, როდესაც სულიერი მკურნალი ნიშნავს სულიერ თერაპიას, მორწმუნე ვალდებულია მისდიოს მის რჩევებს და შეასრულოს მიცემული კანონები.

ძილი სიკვდილის ხატია. ჩვენ გვძინავს და არ ვიცით, სად ვიმყოფებით ამ დროს, ვერ ვგრძნობთ დროს, და კვლავ აღვდგებით, ვუბრუნდებით გაცნობიერებულ ცხოვრებას. მადლობა შევწიროთ ღმერთს იმისთვის, რომ კვლავ ღირს-გვყო გვეხილა დღის ნათელი, ვევედროთ ცოდვათა მიტევებისთვის.

საღამოთიც, ძილის წინ, კვლავ მუხლი მოვიყაროთ და შევწიროთ ღმერთს ჩვენი ლოცვები. ხოლო დღის განმავლობაში, ან საღამოს, გადავშალოთ ახალი აღთქმა და ერთი თავი მაინც წავიკითხოთ.

სამუშაოზე ყურადღებით ვიყოთ: გვერდით მრავალი ადამიანი მუშაობს და ათას რამეებს ამბობს. ზოგჯერ ძალიან ბილწ სიტყვებს ამბობენ, რადგან ვნებიან მდგომარეობაში იმყოფებიან და მხოლოდ წარმავალზე, ამაოზე და სიამოვნებაზე ფიქრობენ. თუკი მლოცველი კაცი ყურადღებითაა, არ აჰყვება მათ. მას ამგვარი ხალხი ებრალება და ლოცულობს, რომ ღმერთმა განანათლოს, რომ გათავისუფლდნენ ამგვარი სულშემხუთველი სულიერი მდგომარეობისაგან და გავიდნენ სუფთა ჰაერზე.

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გულმოდგინება ცხონებისათვის. დაუშვებელია დაუდევრობა, ჩვენ ხომ არ ვიცით, ხვალ ცოცხლები ვიქნებით თუ არა. ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება თვით დროის უმცირეს წამზეც კი. ყველაფერი არამდგრადი, ცვალებადია: ჩვენი ცხოვრება, ცხოვრება ჩვენი მშობლებისა, შვილებისა, ნათესავებისა, ჯანმრთელობა, ფინანსები − ყოველივე, რაც გაგვაჩნია, არასაიმედოა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველანი დაწყლულებულნი ვართ, ყველანი ჭრილობებით ვართ დაფარულნი, ცოდვებით ვართ განგმირულნი, მაინც სხვებს განვიკითხავთ. საავადმყოფოში ყველა ადამიანი სნეულია, მაგრამ ხომ არავინ განიკითხავს ერთმანეთს. არავინ აყვედრის მეზობელს: შენ ავად ხარ! − რადგან ადამიანი ხედავს, რომ თვითონაც ავადაა. ჩვენ კი, ყველანი ავად ვართ სულით, მაგრამ ერთმანეთს ვწყლავთ. ეს იგივეა, ვინმეს რომ თვალი სტკიოდეს და განიკითხავდეს იმას, ვისაც ფილტვები აქვს დაავადებული.

რამდენი ადამიანია, ვისაც ჩვენ ვთვლით არაფრად ჩასაგდებად, ცოდვილად, და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდნენ ღვთის სასუფეველში, ჩვენ კი, ვისაც მსაჯულის ადგილი დაგვიკავებია და განაჩენი გამოგვაქვს, შეიძლება თავად ვიქმნეთ მსჯავრდებულნი და ჯოჯოხეთში შთავხდეთ!

საერთოდ, საჭიროა ენის გაკონტროლება: როდის რა ვთქვათ, − ჩვენ ხომ სულიერებაში დაბალ საფეხურზე ვართ და ამიტომ მუდმივად შეცდომები მოგვდის. ამბობენ: უმჯობესია წვეტიან ქვებზე დაცემა, ვიდრე ბასრი ენისგან დაზარალება. და მართლაც: ჯობია დაეცე ქვაზე, თავი გაიტეხო, ან ფეხი მოიტეხო; ფეხებიც და თავიც სხეულის ნაწილებია და მათი განკურნება შესაძლებელია. მაგრამ ენა! ენის საშუალებით საშინელი საქმეები აღესრულება: ერთადერთი სიტყვით ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანო! ადამიანი განკითხვითა და დამცირებით შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, და ერთი სიტყვით შეიძლება ცოდვის გზაზეც დააყენო. შემდეგ კი თავს ვიმართლებთ: მე ხომ მხოლოდ ვთქვი. შეხედეთ, როგორი შედეგებია!

ერთხელ სიმონოპეტრას მონასტერში ერთი ეშმაკეული მივიდა. ღამისთევის ლოცვის შემდეგ ის ძმობასთან ერთად ტაძრიდან აივანზე გავიდა. ეშმაკს სურდა განსაცდელი მოევლინა ერთი მონაზვნისთვის, კარგი მოღვაწისთვის, რომელიც მკაცრად მოსაგრეობდა კატუნაკში, და შემდეგი რამ მოიმოქმედა. ეს ეშმაკეული მივიდა ხსენებულ მონაზონთან და უთხრა: გულისსიტყვა მიბიძგებს, რომ აივნიდან ქვემოთ გადავხტე. მონაზონმა ეს ხუმრობად მიიჩნია და უპასუხა: მაშ რაღას ელოდები? ის კი ადგა და გადახტა, და სასიკვდილოდ დაიმტვრა. მონაზონი ფიქრობდა, რომ ეშმაკეული ხუმრობდა, მაგრამ ის სერიოზულად ამბობდა. შემდეგ მრავალი წელი გულისსიტყვა სტანჯავდა იმ მონაზონს. ეშმაკი, ასე იქნებოდა თუ ისე, ეშმაკეულს მიიყვანდა სიკვდილამდე, მაგრამ მან მოღვაწე მონაზონიც ჩაითრია, რათა შემდეგ მთელი ცხოვრება ეტანჯა. ერთი სიტყვა, და რამდენი ტანჯვაა!

ამგვარადვე ხშირად ხდება ქალებთანაც, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებენ. ისინი რჩევის საკითხავად მიდიან მეგობრებთან, მეგობრები კი ეუბნებიან: რატომღა უნდა გააჩინო, ისედაც რამდენი შვილი გყავს. ქალს უკვე სანახევროდ გადაწყვეტილი ჰქონდა, მეორე ნახევარი კი მეგობარმა დაუმატა. და ისიც მიდის და აბორტს იკეთებს − მკვლელობას სჩადის. უეჭველია, ამ მკვლელობისთვის ნახევარი პასუხისმგებლობა იმ მეგობარზეა.

ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვისაც, მათთვის, ვინც ცილს გვწამებს, ვინც განგვიკითხავს, გვდევნის, ზიანს გვაყენებს. ეს არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, რადგან თუკი არ მივუტევებთ მათ, არც ჩვენ მოგვიტევებს ღმერთი.

მოყვასის მიმართ ნამდვილი სიყვარული განცხადდება მაშინ, როცა კაცი მთელი გულით (და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, რადგან ღმერთმა ასე გვამცნო), ლოცულობს მტრებისთვის, პატიობს მათ და უყვარს ისინი. ჩვენი მტრები არსებითად ხომ ჩვენი კეთილისმყოფელები არიან.

როდესაც ჭრილობა შეხორცდება, რჩება კვალი, ნაიარევი. ცოდვა, როდესაც მას ინანიებ, მოგეტევება და ჩამოირეცხება, ისე, რომ ნაიარევიც არ დარჩება.

ცხოვრების ბილიკი − ტკივილი და ცრემლებია; მასზე ყველგან ეკლებია.

ყველაფერი მშვენიერი ტკივილთანაა დაკავშირებული, მაგრამ ტკივილს სიხარულისკენ მივყავართ.

ის, ვინც ტანჯვას მარადიულობის პრიზმიდან უმზერს, უკვე გამარჯვებულია.

როდესაც ადამიანი ცოდვის აზრებთან დამარცხდება და წარმოდგენას დაუთმობს, აქედან, წარმოდგენიდან, იწყება მთელი ბოროტება! და თუკი ის გონებაში ბევრჯერ დამარცხდება სულიერად და მრავალგზის მოიწყვლება სიამისმოყვარე ოცნებებით, მაშინ, როგორც კი სატანა ისევ მოვა ამგვარი ოცნებებით, როგორც კი მოუტანს მათ გონებას, ის მაშინვე დატყვევებულ იქმნება. ამიტომ შენ არ უნდა დაუთმო, რომ ოცნებები და ვნებები არ გაძლიერდნენ და არ განმტკიცდნენ.

თავიდან ცოდვა, როგორც მზაკვარი და ცბიერი მელა, შეუმჩნევლად მოდის, მოგვეახლება და ირწმუნება, რომ ის ჭიანჭველაა, და რომ მასთან ბრძოლა იგივეა, რაც ჭიანჭველასთან ბრძოლა. სული არაფრად აგდებს მას და დუნდება. შემდეგ პატარა ჭიანჭველა მოკლე ხანში გადაიქცევა დაუმორჩილებელ ლომად, რომლის ძლევა სულისთვის ძალიან, ძალიან ძნელია.

ცილისწამებისა და განკითხვის მთავარი მიზეზებია ამპარტავნება და ეგოიზმი, რადგან ასეთი კაცი ფიქრობს, რომ ის სხვებზე უკეთესია. ამიტომაც სასარგებლოა თავი ყველაზე უდარესად ჩავთვალოთ ხოლმე, რომ ძმა დავინახოთ ჩვენზე უკეთესად და ღვთის შეწევნით შევძლოთ ამ ბოროტებისგან თავის დაღწევა.

თუკი ისე მოხდა, რომ ვიღაცა გამხილებს, სამართლიანად ან უპატივცემულობით, თავი მოთოკე, დათრგუნე შინაგანი აღშფოთება, ბაგეები დაიხშე, გულში ლოცვა დაიწყე და იხილავ, რომ მხეცი იქვე გააფრთხობს სულს!

როცა დაცემები ჩვენი უბადრუკობის შეცნობას გვიბოძებენ და სიმდაბლის ღირსნი შევიქნებით, მაშინ ჩვენთანაა ქრისტე, გულით მდაბალი და სულით მშვიდი. მაშინ ჩვენს სულში იმეფებენ სიხარული, მშვიდობა და სიტკბოება, და ჩვენს გულს ნეტარება გაათბობს.

რამდენჯერაც არ უნდა მოცურდეს და დაეცეს კაცი, თუნდაც დღეში ათი ათასჯერ, იმედის დაკარგვა უმართებულოა ღვთის წინაშე, არამედ დაე იქონიოს კეთილი იმედი და ემზადოს ბრძოლისთვის, ვიდრე არ მოვა წყალობა ღვთისა და არ გაათავისუფლებს.

სიმდაბლის მოპოვება იოლი საქმე არ არის. აუცილებელია დიდი შრომა და დრო. ეგოიზმის მოსაკვდინებლად საჭიროა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა. გავთელოთ ჩვენი „მე“ და სრულიად განვუდგეთ საკუთარ თავს. მხურვალედ შევიყვაროთ მორჩილება და, სისხლის დათხევამდე ბრძოლით, ღვთის შეწევნით მივაღწევთ ეგოიზმის მოკვდინებას.

სულიერ მოღვაწეობაში უმთავრესია, რომ ადამიანმა ისწავლოს დამდაბლება, თავის დადანაშაულება და მოყვასის გამართლება. ამ სიბრძნის მსწავლელი მოკრეფს ვნებებისაგან გათავისუფლების უტკბილეს ნაყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს მოუწევს ვნებების ზიდვა, რაც იქნება მისთვის დიდი და მუდმივი მწუხარება.

გამუდმებით ამხილე საკუთარი თავი, ჩემო შვილო. თავი არ გაიმართლო. როცა გაიგონებ, რომ შენზე რაღაცას ამბობენ, თქვი: მართალნი არიან ჩემი ძმები, ნამდვილად ასეთი ვარ, მეტიც მეკუთვნის ჩემი ცოდვების გამო. ყოველთვის ყველაზე დაბლა მყოფად ჩათვალე თავი და ერიდე ძალაუფლების მფლობელივით განკარგულებების გაცემას. მოკლედ რომ ვთქვა: ყველაფერში სიმდაბლე.

იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ დაუდევრობამდე მივიდა, რომ მიატოვა თავისი კანონი და შემდეგ ერში წავიდა. ის თავის სამშობლოში გაემგზავრა − კუნძულ კეფალონიაზე, სადაც, როგორც ცნობილია, მრავალი ეშმაკეული ჩადის, რომ წმიდა გერასიმემ განკურნოს. სამშობლოში რომ ჩავიდა, ის მონაზონიც წმინდანის ნაწილების მოსალოცად წავიდა. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:
− იცი რა გაქვს ხელში? ჰოი, რომ იცოდე, საცოდავო, რა გიჭირავს ხელში! რომ იცოდე, როგორ მწვავს შენი სკვნილი, რომელიც გიჭირავს ჩვეულებისა და წესის გამო!
მონაზონი შეძრწუნდა. დემონმა ეს ღვთის ნებით თქვა. მონაზონი გონს მოეგო. ღმერთმა ის განანათლა და მან თავს უთხრა:
− ნახე, რას ჩავდივარ, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მაქვს და არც ერთი ეშმაკის განგმირვა არ შემიძლია. და არა მარტო განგმირვა არ შემიძლია, არამედ ის წარმიტაცებს მე, საითაც მოისურვებს. შევცოდე, ღმერთო ჩემო!
იმავე წუთს მონაზონი თავის მონასტერში გაემგზავრა. როცა დაბრუნდა, კვლავ შეუდგა მოღვაწეობას და იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ ცხოვრებაში, რომ მრავალთათვის კარგი მაგალითი შეიქნა. ამ ბერს მე მდაბალიც მოვესწარი. მისი ბაგეებიდან მხოლოდ ამას მოისმენდი: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. განუწყვეტლივ! შენ მას რაღაცის შესახებ ეუბნები, ის ორ სიტყვას გპასუხობს, და მისი ენა ისევ ლოცვას უბრუნდება. ასე მიეჩვია ის ლოცვას და ასე შეცვალა ის ლოცვამ. წარმოგიდგენიათ, რომ უზენაესის გამოუკვლეველი განგებულებით ლოცვისა და სკვნილის ფასი მას თვით ეშმაკმა გამოუცხადა, ცხადია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ!

ჩვენ ჩვენი უფლისგან, იესოსგან, უმნიშვნელოვანესი მცნება მივიღეთ − გვიყვარდეს ერთმანეთი. და ეშმაკმა მისცა მცნება თავის მსმენელებს − სძულდეთ ერთმანეთი. მაშასადამე, ვის მცნებასაც ვიმარხავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვართ.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა