გერონდა დანიელ კატუნაკელი (1844-1929)
როგორ შეიძლება გახდე ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი
თუკი გამოვიკვლევთ, რას ეფუძნება ღვთისმეტყველება და როგორ უნდა შევისწავლოთ იგი, შიშითა და გაკვირვებით დავინახავთ, რომ ეს მეცნიერება ეფუძნება რაღაც ზებუნებრივს, რომელიც ენიჭება მხოლოდ მათ, ვინც სათნო ცხოვრება აირჩია, საკუთარი თავის უდიდესი უარყოფით აიღო ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და იქცა მაგალითად სხვა ქრისტიანებისთვის. ღვთისმეტყველების შემსწავლელმა უნდა ამოძირკვოს საკუთარ თავში ყოველგვარი ავხორცობა და ანგარება და იღვაწოს ყველა სათნოებაში, რათა იქმნას ჭეშმარიტად რჩეულ ჭურჭლად სულისა წმიდისა და ქრისტეს ეკლესიაში სახარებისეულ სანთლად გამობრწყინდეს.
ამის გარეშე ღვთისმეტყველი ვერ აღასრულებს თავის დანიშნულებას და ვერ ჩასწვდება შესასწავლის სულს.
როდესაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები გაგზავნა ღვთაებრივი ქადაგებისთვის და მათ ღვთისმეტყველების მისია დააკისრა, ამცნო: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი...“. სხვა ადგილას უფალი ამბობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს მცნებებს დაიმარხავს, და მე გამოვუცხადებ მას ჩემს თავს...“. გამოდის, მცნებათა დაცვის გარეშე ღმერთი არ გვიცხადებს თავს, ხოლო თუ არ გვიცხადებს, ღვთისმეტყველი ღირსეულად ვერ ღვთისმეტყველებს, თუნდაც ჭკუის კოლოფი იყოს.
ერთი სიტყვით, ვინც ღვთისმეტყველების შესწავლა აირჩია, აუცილებლად უნდა მისდიოს სათნოების გზას, რაც უნდა ასწავლოს შემდგომ, და განუხრელად უნდა მისდიოს თავის მაღალ დანიშნულებას, არ უნდა მიისწრაფოდეს არც ამაო დიდების მიღწევისაკენ, არც ანგარებისკენ ან გაძღომისკენ და ვნებების დაკმაყოფილებისკენ, და მაშინ მოიმკის ქადაგების მარადიულ ნაყოფებს. ამ ჩემს მოკრძალებულ აზრს ამტკიცებს ეკლესიის ყველა მასწავლებლის ცხოვრება.
ქრისტეს ერთგულ და ღვთისმოსავ მსახურთაგან ვინ უარყოფს, რომ ქრისტეს სარწმუნოება დაფუძნებული და დამტკიცებულია თორმეტი უსწავლელი, უიარაღო, უძლური და გლახაკი მოციქულის მიერ? რომელი იარაღით, საშუალებებით ან ძალით დაამარცხეს მათ უძლიერესი და დაუმორჩილებელი მმართველები და უთვალავი ხალხი ღვთის შემეცნებისკენ მოაქციეს?
როდესაც დანიელ წინასწარმეტყველი მეფე ნაბუქოდონოსორის სხვა აღსაზრდელებთან ერთად სწავლობდა, რატომ იყო, რომ თუმცა ისიც იმავე სიბრძნეს სწავლობდა, რასაც მისი თანამოსწავლეები, მათზე ბრძენი აღმოჩნდა და ახსნა მეფის სიზმრები, რომლებიც მათ არ ესმოდათ? რატომ ხვდა მას წილად ასეთი დიდება? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასე მოხდა მისი ღვთისმოსაობისა და სათნო ცხოვრების გამო.
ასევე განმანათლებლები – ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, მართალია უღმერთოებთან ერთად სწავლობდნენ, და რაც ყველაზე უარესია, მათი მასწავლებლები კერპთაყვანისმცემლები და ეპიკურელები იყვნენ, მაგრამ ქრისტიანული სიბრძნისმოყვარებისა და მამათა გადმოცემების ერთგულები (ბასილი და იოანე) მსოფლიო მქადაგებლები გახდნენ.
შენი მომავალი სათნოების სარბიელი ყველაფერში ამ წმინდანების მიბაძვით გაიარე. დაე შენი მთავარი მიზანი ღვთის სათნო-ყოფა იყოს, ხოლო სხვა სიკეთეები ჩვენი მცდელობის გარეშეც შეგვეძინება.
თუკი გსურს, ღვთისმეტყველი გახდე, რამდენადაც შესაძლებელია, გამოაჩინე ურყევი რწმენა ეკლესიის ყველა დადგენილებისა, – მოციქულთა კანონებისა და გადმოცემებისა, ასევე მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა. არაფრით არ შეიწყნარო ერეტიკული სიახლეები განმაახლებლებისა, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს სინდისი და ღვთისმოყვარება და შემოაქვთ ახალი დოგმატები საკუთარი შეხედულებისამებრ. და იმის ნაცვლად, რომ მორწმუნენი კეთილმსახურებაში განამტკიცონ, ღვთაებრივი ქადაგებისა და ღვთისმოსაობის დამამხობელნი ხდებიან.
მეცადინეობა მოშურნეობით განაგრძე, ყველაფერი სასარგებლო დაიმარხე, ხოლო უცხო აზრებს გაექეცი, როგორც სიკვდილშემოსილ საწამლავს.
გაექეცი კამათს და შეპასუხებას, რადგან უკეთურებს სჩვევიათ თავისი მცდარი შეხედულებები სასაცილო და სოფისტური მტკიცებულებებით გაამყარონ. ამათგან, ღვთისმეტყველი პავლე (მოციქულის) სიტყვის თანახმად, პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორე. ხოლო იმისთვის, რომ ეკლესიის დიდი მოძღვრების ნამდვილ შთამომავლად და მიმდევრად გამოჩნდე, უნდა შეისწავლო მათი ნაწერები და ზნეობრივი სწავლება, ასევე მათი განმარტებები, რომელნიც განაცხოველებენ შენს რწმენას და აღგამაღლებენ გონებრივი განვითარების უფრო მაღალ სფეროში, რომელსაც მორწმუნე და ღვთისმოყვარე მიაღწევს გამოუთქმელად...
|