მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი
დიდი მარხვის სულიერი ბრძოლა
ჩვენ დიდი მარხვის დიდ და სასიკეთო ასპარეზს შევუდექით, რომელიც ჩვენს წინაშე გადაიშალა, რომ სულიერად ვიღვაწოთ და სულიერი ბრძოლის ეს პერიოდი მზადყოფნითა და სიმტკიცით განვვლოთ, რომ თაყვანი ვცეთ ჩვენი უფლის წმიდა აღდგომას, რომელიც ცოდვისგან ჩვენს გათავისუფლებასა და აღდგომასაც ნიშნავს.
წმიდა ორმეოცი (დიდი მარხვა) ეკლესიაში განსაკუთრებულ და ყველაზე კურთხეულ პერიოდად ითვლება სულიერი ბრძოლისათვის. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი სულიერი ბრძოლის დასაწყებად დიდ მარხვას უნდა უცდიდეს. ჩვენთვის ყოველი დღე უნდა იყოს დიდი მარხვაც და აღდგომაც, ყოველი დღე უნდა იყოს დიდი პარასკევიც, დიდი შაბათიც და პასექიც. მაგრამ, რადგანაც ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენს სულიერ მდგომარეობაში და მთელს განწყობაში სხვადასხვაგვარი ცვლილებები და მერყეობები ხდება, ეკლესია (ვინაიდან დიდი მზრუნველობითა და სიბრძნით გვეპყრობა), ყოველდღიურ სულიერ შეხსენებებს გვაძლევს: წმინდანების მოსახსენებელი დღეების საშუალებით, უფლისა და ღვთისმშობლის დიდი დღესასწაულების საშუალებით, მარხვების, დიდი მარხვის საშუალებით, რათა შეგვახსენოს იმის შესახებ, რომ ამ კურთხეულ ჟამს საშუალება გვაქვს სულიერად ვიღვაწოთ. წმიდა და დიდი ორმეოცი განსაკუთრებული მადლიანი დროა, რადგან მთელი ეკლესია, ამქვეყნად მყოფი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩვენ ყველანი, როგორც ერთი სხეული, ვმარხულობთ უფლისთვის სათნო მარხვით და ვცდილობთ შევასრულოთ ყველაფერი, რაც შეადგენს ქრისტეში ცხოვრებას.
„აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ“ (2 კორ. 6,2), – ვგალობთ მიტევების კვირის მწუხრზე. ანუ ახლა სასიკეთო დროა, ღვთისათვის სათნო, სინანულისა და ცხონების დრო. წმიდა და დიდი ორმეოცი აღვსებულია განსაკუთრებული მშვიდი სინანულით, რომელიც ადამიანთა გულებში სული წმიდის მადლს იზიდავს. ამიტომაც შენდობის კვირის მწუხრზე ეკლესია მარხვის საფუძვლად ერთმანეთისთვის შენდობას დებს. ამ დღეს წაკითხულ სახარებაში სწორედ ამის შესახებაა ნათქვამი: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი. მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან“ (მათე 6,14), – ამბობს ქრისტე.
სულიერი ბრძოლის წარმართვისათვის აუცილებელია მივიღოთ ღვთის მადლი, რადგან ეს არაა ადამიანური ბრძოლა. დიდი მარხვის სულიერი ღვაწლი არაა საკვების დიეტა, რომელსაც გასახდომად ვიცავთ. წმიდა ორმეოცს სხვა აზრი აქვს: ეს აზრი ისაა, რომ კაცის გულში მადლი შევიდეს, რომ კაცი ცოდვას გაექცეს, რომ კაცმა ცოდვებსა და ვნებებს სძლიოს, რომლებიც მის სულს კლავენ, რომ ღმერთმა განანათლოს და ამგვარად დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ხორციელ ბრძოლასთან ერთად, მარხვის დაცვასთან ერთად აუცილებელია ღვთისმიერი განმტკიცება და ღვთის თანამყოფობა.
ჩვენ ერთმანეთისგან შენდობას ვიღებთ, რომ შენდობისა და სინანულის საშუალებით სული წმიდა შემოვიდეს ჩვენს გულებში, დაემკვიდროს ჩვენთან, განგვინათლოს თვალნი და მიგვიყვანოს საკუთარი ცოდვიანობის გაცნობიერებამდე, რომ მივმართოთ ღმერთს და ჩვენი ცოდვების მოტევება შევთხოვოთ. თუკი მთელი ეს ბრძოლა არ მიგვიყვანს ცოდვების შენდობის თხოვნამდე, თუკი არ მიგვიყვანს სინანულის კურთხეულ მდგომარეობამდე, გამოდის, რომ ეს ბრძოლა არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს. ადამიანის სულს მხოლოდ სინანული ააღორძინებს და განსწმენდს.
სწორედ სინანულია დიდი მარხვის სულიერი ღვაწლის არსი. მარხვის, მღვიძარების, მრავალი მსახურების, მეტანიების, ფეხზე დგომის, კითხვის – იმ ყველაფრის მიზანი, რასაც ამ პერიოდში აღვასრულებთ, ჩვენი გულის მოლბობაა. მარხვის ამ ასპარეზზე ჩვენ ვშრომობთ დიდი გამბედაობით, სიმხდალის გარეშე. ვისაც ეშინია, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს, გაუბედავი კაცის ადგილი არაა ღვთის სასუფეველში. ვისაც ეშინია, ფიქრობს, რომ მისი სულიერი მიღწევები მის საკუთარ ძალებზეა დამოკიდებული – ივიწყებს ღვთის ძალას, ივიწყებს მოციქულ პავლეს სიტყვებს: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილიპ. 4,13). სწორედ ამგვარი განწყობით უნდა აღვასრულოთ დიდი მარხვის სულიერი მოღვაწეობა, „როგორც ცეცხლის მფრქვეველმა ლომებმა“, წმ. იოანე ოქროპირის სიტყვების თანახმად. ძალითა და მოსწრაფებით აღვსილი, ალისა და კვამლის მფრქვეველი ლომების მსგავსად ჩვენც ასეთივე ძალით უნდა ვიღვაწოთ სულიერად დიდი მარხვის კურთხეულ ჟამს. არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვკრთოდეთ, არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ არაფერი გამოგვივა. ღმერთია ჩვენთან, ის არ მიგვატოვებს. უჩვენე ღმერთს განზრახვა – მისგან მიიღებ ძალას, შენი ცხონების საქმის აღსასრულებლად.
თუმცა ცხონების საქმე მხოლოდ მარხვით არ აღესრულება. თუკი ჩვენ ვერ ვახერხებთ მარხვას ეკლესიის განწესების მიხედვით და ჩვენი სულიერი მოძღვრის კურთხევით დათმობაზე წავალთ ჩვენი სხეულის სნეულებისა და სისუსტის გამო, ეს არც ისე საშიში იქნება. ვინ შეგვიშლის ხელს დამდაბლებაში და სინანულში? არაა საჭირო ხორციელი ძალები, არაა საჭირო ახალგაზრდობა, სიბერე, ძლიერება და მოწიფულობა, რომ გაგვაჩნდეს შემუსვრილი სული, რომ არ განვიკითხავდეთ, რომ არ ვცოდავდეთ, რომ გული შემუსვრილი იყოს და სიმდაბლის მადლით აღვსილი. ჩვენ ყველას, ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც, სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც, ძალგვიძს გაგვაჩნდეს გულში ეს სინანულის მადლი, რომელიც სიმდაბლისგან იშვება. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი.
სწორედ ეს სურს ღმერთს ჩვენგან. ჩვენ შევძლებთ ამის მიღწევას, თუკი ვნებების ბორკილებისგან, ცოდვებისგან გავთავისუფლდებით. მარხვა – ეს პირველი საფეხურია, რომელსაც მივყავართ მხნეობისა და სიმამაცის იმ მდგომარეობისკენ, რომელიც ცოდვის ბორკილებს მუსრავს, რომ შემდგომში შევძლოთ სულიერი ბრძოლის გაგრძელება დიდი მონდომებითა და კადნიერებით. უნდა განვაგდოთ სიბოროტე, ცბიერება, ყველაფერი, რაც ღვთის ხატებას ჩრდილავს, და პირველ რიგში მოვიპოვოთ წმინდა სიმდაბლე. თავმდაბალ ადამიანს შეუძლია სინანული, ლოცვა, სულისა და სხეულის განკურნება, ხოლო ამპარტავანს სინანული არ ძალუძს. ამპარტავანი კაცი ვერ ხვდება, რა მდგომარეობაში იმყოფება; ეჩვენება, რომ არ სჭირდება ღმერთი და არც სხვა ვინმე. ის ვერასოდეს გრძნობს თავის დანაშაულს, ვერასოდეს გრძნობს, რომ დააშავა და ძმისგან შენდობის თხოვნას საჭიროებს. ის თვლის, რომ ყოველთვის მართალია. სინამდვილეში იგი ღვთისგან განშორების წყვდიადში იმყოფება. ღმერთი მკვიდრობს ცოდვილების, მაგრამ თავმდაბალი და მონანული ცოდვილების გულებში. ხოლო ამაყ ადამიანში ღმერთი არასოდეს მკვიდრობს და არასოდეს აძლევს მადლს. ამაყ ადამიანებს ღმერთი ეწინააღმდეგება. ის სიამაყისა და ეგოიზმის მოწინააღმდეგეა. ასე რომ მოდით, ამ კურთხეულ ჟამს გადავწყვიტოთ: მარხვის ხორციელ ღვაწლთან ერთად უფრო ღრმა სინანული შევწიროთ.
ეკლესიაში ჩვენ არ ვცხოვრობთ ცრუ უტოპიებით, ოცნებებით და მორალიზატორული კეთილმსახურებით. ჩვენ ეკლესიაში ღმერთს შევიცნობთ. ღმერთი აქ ჩვენ შორისაა და ადამიანი მოწოდებულია შეიცნოს ღმერთი, როგორც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება. ამის დამამტკიცებელნი არიან ყველა ის წმინდანები, რომლებიც გრძნობდნენ ღვთის მათთან მყოფობას. მაშინ ჩვენ ვიქნებით ნამდვილად ღვთის შვილები, ეკლესიის შვილები, ვიქნებით ნამდვილი ქრისტიანები, რომლებშიც განხორციელდა სახარება და ნაყოფი გამოიღო, ჩვენი არსება შეცვალა, ჰქმნა იგი სული წმიდის ტაძრად, ღვთის რჩეულ ჭურჭლად. დაე მუდამ თან დაგვყვებოდეს ეს სინანულის მადლი, განსაკუთრებით კი ამ კურთხეულ ჟამს წმიდა და დიდი ორმეოცისა.
ერთმანეთისგან შენდობის მიმღებლებმა შევთხოვოთ ღმერთს, თავისი მადლითა და პატიოსანი ჯვრის ძალით გვაკურთხოს, დაგვიფაროს, განგვამტკიცოს, რომ სიხარულით, გადაწყვეტით და დიდი მხნეობით, სარბიელზე მორბენალთა მსგავსად განვაგრძოთ წმინდა მარხვის სულიერი ბრძოლა და ღირს ვიქმნეთ ჩვენს გულებში ღვთის მკვიდრობის სიტკბოებისა. მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ადგილზე ყოველთვის ღვთის სიყვარულს აყენებს. სიყვარული ნიშნავს პირად დამოკიდებულებას, პირად ზიარებას კაცისა ღმერთთან. ამ სიყვარულის მისაღწევად ჩვენ გვაქვს ღვთისმსახურება, მღვიძარება, ლოცვა, მეტანიები, გონებრივი ლოცვა, სკვნილით ლოცვა. ქრისტეს სწავლება და სახარება – ეს საშუალებებია, რომლებსაც ქრისტესთან მივყავართ. ეკლესია საუბრობს ერთ პიროვნებაზე, ქრისტეზე, და არა იდეალებზე. როდესაც შევიგნებთ, რომ სწორედ ეს პიროვნებაა ეკლესიის გული, სიყვარულისა და ჩვენი მყოფობის ბირთვი, მაშინ ბევრ რამეს მივხვდებით ეკლესიაში. ეკლესია აღასრულებს ქორწინებას ადამიანსა და ქრისტეს შორის. საგალობლები, საკითხავები და დიდი მარხვისა და ვნების შვიდეულის მთელი სული კაცის გულს სცემენ, რომ შემუსრონ მისი ულმობელობა და უგრძნობელობა, რომ ის ქრისტეს სიყვარულის ძიებისკენ მიიქცეს.
|