martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. თეოდორე ედესელი

სწავლებები

 

როგორც კეთილი საქმე მართალი რწმენის გარეშე სრულიად მკვდარი და უმოქმედოა, ასევე მარტო რწმენა, მართალი საქმეების გარეშე, ვერ გვიხსნის მარადიული ცეცხლისგან. რამეთუ უფალი ამბობს: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს“ (მათე 14,23). ამგვარად, თუკი გვიყვარს და გვწამს უფალი, ეს მისი მცნებების აღსრულებით დავამტკიცოთ, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ.

 

ის, რომ სულს ვნებები აწუხებენ და ებრძვიან, არაა ჩვენზე დამოკიდებული; მაგრამ ის, რომ ვნებიანი გულისსიტყვები აყოვნებენ ჩვენში და ვნებები მოძრაობაში მოჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული. პირველი არაა ცოდვა, რადგან არაა ჩვენს ხელმწიფებაში, ხოლო მეორე, თუკი ახოვნად შევეწინააღმდეგებით და დავამარცხებთ [ვნებიან გულისსიტყვებს], გვირგვინებს მოგვიტანს, ხოლო თუ მოვდუნდებით და დავმარცხდებით, ტანჯვას მოგვიტანს.

 

არის სამი მთავარი ვნება: ტკბობისმოყვარება (გემოთმოყვარება, ავხორცობა – ხორციელი სიამოვნებისადმი ლტოლვა – მთარგმნ. შენ.), ვერცხლისმოყვარება და დიდებისმოყვარება. მათ მოჰყვება სხვა ხუთი ბოროტი სული, ხოლო მათგან იშვება უამრავი ვნება და ცოდვიანი მიდრეკილებების ყველა სახეობა. ამიტომ ვნებათა პირველი სამი წინამძღოლისა და მთავრის დამმარცხებელი, ამავდროულად დასცემს მათ მომდევნო ხუთ ვნებას, შემდეგ კი ყველა ვნებას დაიმორჩილებს.

 

ხორციელი და ნივთმოყვარე ვნებები, ჩვეულებრივ, სუსტდებიან და ჭკნებიან ხორციელი გასაჭირისგან (ნებსითი ნაკლულევანებისა და ხორციელი მოღვაწეობისგან); ხოლო სულიერი და უხილავი [ვნებები] აღმოიფხვრებიან თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სიყვარულით.

 

ზოგიერთები საგონებელში არიან, რა თქვან – გულისსიტყვას მოჰყავს მოძრაობაში ვნებები, თუ ვნებებს – გულისსიტყვა? რამეთუ ერთნი იმას ამბობენ, მეორენი – ამას. მე კი ვიტყვი, რომ გულისსიტყვები ვნებებს მოჰყავთ მოძრაობაში, რადგან სულში ვნებები რომ არ ყოფილიყო, ვნებიანი გულისსიტყვები არ შეაწუხებდნენ მას.

 

ჩვენს წინააღმდეგ მუდმივად მბრძოლ ეშმაკებს ჩვეულება აქვთ – ჩვენთვის შესაძლებელ და ადვილად შესასრულებელ სათნოებებს დაბრკოლება შეუქმნან, ხოლო შეუძლებელის და უდროოს მიმართ (რომლების აღსრულების დრო ჩვენთვის ჯერ არ დამდგარა), ძლიერი სურვილი ჩაგვინერგონ; ანუ: საერთო საცხოვრებელი [მონასტრის] მორჩილებაში წარმატებულებს ისინი აიძულებენ, დაყუდებულთა საქმეები აღასრულონ, ხოლო დაყუდებულებს და განდეგილებს შთააგონებენ საერთო სახოვრებლის წესები იპყრან. ამავენაირად იქცევიან ისინი ყველა სათნოებასთან მიმართებით. ხოლო ჩვენ ნუ ვიქნებით მათი ჩანაფიქრების უვიცნი, – ვიცოდეთ, რომ ყველაფერი თავის დროზე და თავისი საზომით აღსრულებულია კარგი, ხოლო ყველაფერი უზომო და უდროო – მავნებელია.

 

ანგელოზები, სიყვარულისა და მშვიდობის მსახურები, ხარობენ ჩვენი სინანულისა და სათნოებაში წარმატების გამო, ამიტომ ცდილობენ აღგვავსონ სულიერი ჭვრეტით და ყოველგვარ სიკეთეში შეგვეწევიან. პირიქით, მრისხანებისა და ბოროტების მსახური ეშმაკები ხარობენ, როცა სათნოება მცირდება, და მთელ თავის შრომას იქით მიმართავენ, რომ ჩვენი სულები ბილწი ოცნებებისკენ წარიტაცონ.

 

დაე სრულიად განეშოროს შენს სულს გულღვარძლიანობის ვნება; და სრულიადაც არ დაუთმო შენში ადგილი მტრობას. რამეთუ გულში ჩაბუდებული გულღვარძლიანობა თივაში დაფარული ცეცხლივითაა. უფრო მეტად ილოცე მხურვალედ შენი შეურაცხმყოფელისთვის და სიკეთე გაუკეთე, რამდენიც ძალგიძს და რითიც შეგიძლია, რომ იხსნა შენი სული სიკვდილისაგან და ლოცვის დროს კადნიერება არ დაკარგო.

 

მდაბალთა სულებში უფალი განისვენებს, ხოლო ამპარტავანთა გულებში – სასირცხვილო ვნებები. რამეთუ ისე არაფერი აძლიერებს მათ ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მზვაობარი აზრები; და, პირიქით, ისე არაფერი აღმოფხვრის ძირფესვიანად სულიდან ამ ბოროტ სარეველას, როგორც ნეტარი სიმდაბლე, რომელსაც ამიტომაც სამართლიანად ეწოდება ვნებათა მკვლელი.

 

ყოველ განსაცდელში და ყველა ბრძოლაში ლოცვა იქონიე უძლეველ საჭურველად, – და გაიმარჯვებ ქრისტეს მადლით. მაგრამ დაე ეს ლოცვა იყოს წმინდა, როგორც გვამცნო ჩვენმა ბრძენმა მოძღვარმა: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (1 ტიმ. 2,8). – ვინც არ ზრუნავს ამგვარი ლოცვისთვის, ის განსაცდელებსა და ვნებებს მიეცემა.

 

მონაზვნებს რომ ვაკვირდებოდით, დავინახეთ და ცხადად ჩავიბეჭდეთ, რომ მორჩილებაში მოღვაწე მამებს ძლიერად ემტერებიან ჩვენი ცხოვრების მტრები, ეშმაკები, იღრჭენენ მათზე კბილებს და ყველანაირ მზაკვრობას განიზრახავენ მათ წინააღმდეგ. და რას არ აკეთებენ, რას არ ჩააგონებენ, რომ მოსწყვიტონ ისინი მამობრივ წიაღს; წარმოადგენენ დაუმორჩიებლობის საბაბებს... აწყობენ უკმაყოფილებას, აღძრავენ [სულიერი] მამის მიმართ მტრობას, მის დამოძღვრას წარმოაჩენენ მხილებად, ხოლო მხილებებს, როგორც ალესილ ისრებს, ასობენ [მორჩილის] გულში. ეუბნებიან [ეშმაკები მორჩილს]: თავისუფალი იყავი და რატომ გახდი მონა, და მონა უგულო დესპოტისა? როდემდე უნდა სწიო მონობის ჭაპანი, თავისუფლების ნათლის ვერ მხედველმა? ამის შემდეგ შთააგონებენ: უკეთესი იქნებოდა უცხოთშეფარებით დაკავებულიყავი, მიგეხედა სნეულთათვის, გეზრუნა გლახაკებზე. შემდეგ აქებენ სრული განმარტოებისა და დაყუდების ღვაწლს; და ყოველგვარ ბოროტ ღვარძლს თესავენ ღვთისმსახურებისთვის მოღვაწის გულში, ოღონდ კი განაგდონ იგი მამობრივი სულიერი საფარიდან, და მყუდრო ნავთსაყუდელიდან გამოყვანილი ჩააგდონ სულის გამხრწნელი ქარიშხლით აღელვებულ ზღვაში. თუკი ბოლოს და ბოლოს ამას მიაღწევენ, მას თავის ძალაუფლებას დაუმორჩილებენ და აიძულებენ, როგორც ტყვეს, მათი ბოროტი სურვილების მიხედვით იმოქმედოს.

 

შორს განაგდე შენგან მრავლისმეტყველი სული, რადგან მასში იმალებიან ყოვლად ბოროტი ვნებები: მისგანაა სიცრუე, კადნიერება, მასხარაობა, ბილწსიტყვაობა, მძვინვარედ მეტყველება და სხვა მრავალი. ასე რომ მასზე ნამდვილად მართლდება თქმული: „მრავლის-სიყვისაგან ვერ განერე ცოდვასა“ (იგავ. 10,19). „კაცი გულისხმისმყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა“ (იგავ. 12,23). და უფალი ამბობს, რომ პასუხს ვაგებთ ყოველი უქმი სიტყვისათვის (მათე 12,36).

 

მათზე, ვინც გვაგინებს და შეურაცხოფას გვაყენებს, ანდა რაიმე სხვა სახით თავს გვესხმის, მცნება გვაქვს მიღებული, რომ არ ვუპასუხოდ იმითვე, ანუ არ ვაგინოთ, არ შეურაცხვყოთ, არამედ, პირიქით, კეთილი სიტყვა ვთქვათ მათზე და დავლოცოთ. რამეთუ, როცა ჩვენ არამშვიდ ხალხს მშვიდად ვექცევით, მაშინ ბრძოლაში ვართ დემონებთან, ხოლო როცა ძმებთან მტრობასა და ბრძოლაში ვართ, მაშინ დემონებთან მშვიდობა გვაქვს, რომელთა სრულიად მოძულება გვისწავლია და მუდმივი ბრძოლა მათთან.

 

გაექეცი მზაკვრული სიტყვით მოყვასისთვის დაბრკოლების დაგებას, რომ თავადვე არ იქნე დაბრკოლებული ყოვლადბოროტი ეშმაკისგან. რამეთუ ისმინე, რას ღაღადებს წინასწარმეტყველი: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფსალმ. 5,7); და კვლავ: „ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაჲ დიდად მეტყუელი (ფსალმ. 11,4). ამგვარადვე გაექეცი დაცემული ძმის განკითხვას, რომ არ განვარდე გულმოწყალებისა და სიყვარულისგან. რამეთუ ვისაც ძმის მიმართ თანაგრძნობა და სიყვარული არ გააჩნია, მას ღმერთი არ შეუცვნია, რამეთუ ღმერთი სიყვარულია, როგორც ღაღადებს იოანე, ძე ქუხულისა და ქრისტეს საყვარელი მოწაფე (1 იოან. 4,8). თუკი ქრისტემ, ყოველთა მაცხოვარმა, თავისი სული ჩვენთვის დადო, მაშ ჩვენც უნდა დავდოთ ჩვენი სულები ძმებისთვის (1 იოან. 3,16).

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა