ბოლო დროის მამათა გამოკრებილი სწავლებები
ნაწ. 3
ბერი პაისი ათონელი († 1994 წ.)
ტელევიზიამ უდიდესი ზიანი მოუტანა ადამიანებს. ის განსაკუთრებით დამანგრეველად მოქმედებს პატარა ბავშვებზე... ბავშვები აღარ აზროვნებენ, ისინი უბრალოდ იმას იმეორებენ, რაც ნახეს და მოისმინეს. ამგვარად, ტელევიზიის დახმარებით ზოგიერთებს მსოფლიოს გამოთაყვანება სურთ; ანუ სხვებს ის უნდა სჯეროდეთ, რაც [ტელევიზორით] მოისმინეს, და ამის შესაბამისად უნდა იქცეოდნენ.
სინდისი – ეს საშინელი საქმეა! არ არსებობს უფრო მწველი ცეცხლი, უფრო დიდი ჯოჯოხეთური ტანჯვა, ვიდრე სინდისის წვა, სინდისის ქენჯნა – ეს ყველაზე მტანჯველი მატლია ადამიანისთვის.
შეხედე, შენ მაშინ დაიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, როდესაც შეწყვეტ დაინტერესებას იმით, თუ რას შვრებიან სხვები. თუკი საკუთარი თავით დაკავდები და სხვების ყურებას შეწყვეტ, დაინახავ მხოლოდ შენს ნაკლოვანებებს, ხოლო სხვებში მათ ვეღარ შეამჩნევ.
რაც უფრო მეტ ხანს ზის კაცი უსაქმოდ, მით უფრო სუსტდება, ხოლო რაც მეტს შრომობს, მით უფრო ძლიერდება.
აბორტი – ეს საშინელი ცოდვაა. აბორტი მკვლელობაა, და არა უბრალოდ მკვლელობა, არამედ ძალიან მძიმე მკვლელობა, რადგან უნათლავ ჩვილებს კლავენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანის ცხოვრება იწყება მისი ჩასახვიდან... თუკი სახარების მცნებას ერთი კაცი არღვევს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება; მაგრამ თუკი რაიმე, სახარების მცნებათა საწინააღმდეგო, სახელმწიფო კანონი ხდება, ღვთის რისხვა მთელ ხალხზე მოდის – იმისათვის რომ ის განისწავლოს.
თუკი ბავშვი გამგონე არაა და ცუდად იქცევა, ამას მიზეზი აქვს. შეიძლება ის თავის სახლში ან მის გარეთ უხამს სცენებს ხედავს ან ურიგო საუბრებს ისმენს. როგორც არ უნდა იყოს, სულიერი მიმართებით ჩვენ ბავშვებს ვეხმარებით ძირითადად არა იძულებით, არამედ პირადი მაგალითით.
უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დედა შვილებს დიდ დახმარებას უწევს: თავისი მაგალითით, მეუღლისადმი მორჩილებით და მისდამი პატივისცემით. თუკი რომელიმე საკითხზე დედას აქვს მამისგან განსხვავებული აზრი, მან არასოდეს უნდა გამოთქვას ეს აზრი ბავშვების წინაშე, რომ ამით ბოროტმა არ ისარგებლოს. დედამ არასოდეს უნდა დააზიანოს ბავშვების აზრი მამის შესახებ. მამა თუნდაც რომ დამნაშავე იყოს, დედამ ის უნდა გაამართლოს.
ბევრი მშობელი ბავშვების თვალწინ ილანძღება და ამგვარად მათ ცუდ მაგალითს აძლევს. საწყალი ბავშვები სევდასა და მწუხარებაში არიან. შემდეგ მშობლები მათ სანუგეშოდ ცდილობენ ყველა მათი ახირების დაკმაყოფილებას. მამა, შვილის გულის მოსაგებად, ცდილობს მის „მოსყიდვას“: „აბა, ჩემო ძვირფასო, მითხარი რა გიყიდო“. დედა თავის მხრივ უსრულებს თავის შვილს ახირებებს, და საბოლოოდ ბავშვები ჭირვეულ დიდგულებად იზრდებიან. შემდგომ, თუკი მშობლებს არ შეუძლიათ მისცენ მათ ის, რასაც ითხოვენ, ბავშვები ემუქრებიან მშობლებს, რომ თავს მოიკლავენ.
მშობლების შეცდომების გამო ბავშვები ზღავენ! ზოგიერთი მშობელი ანგრევს თავის შვილს. მაგრამ ღმერთი არაა უსამართლო. მას დიდი და განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ის ბავშვები, რომლებმაც ამსოფლად უსამართლობა განიცადეს – მშობლებისგან ან ვინმე სხვისგან.
მშობლები უნდა დაეხმარონ ბავშვებს, რომ მათ მცირე ასაკიდან პასუხისმგებლობა იტვირთონ. დაე ბავშვებმა ოჯახში შეძლებისდაგვარი სამუშაო შეასრულონ; მათ არ უნდა მოითხოვონ, რომ ყველაფერი გამზადებული მიართვან, ლანგრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გაიზრდებიან, გაუჭირდებათ.
წმიდა მამები გვირჩევენ, სიზმრებს ყურადღება არ მივაქციოთ. თუნდაც რომ ღვთისგან იყოს ისინი, არაფერს დავკარგავთ, თუკი მათ არაფრად ჩავთვლით. ღმერთისთვის სათნოა ჩვენი სიფრთხილე ამ საკითხში და ის რაიმე სხვა სახით აუცილებლად განგვიცხადებს იმას, რისი თქმაც უნდოდა სიზმრის საშუალებით.
თუკი მას, ვინც მწვალებლობაში შეიტყუეს, კეთილი განწყობა ექნება, ის იქ ვერ მოისვენებს. მაგრამ თუკი მისი დაცემის მიზეზი ეგოიზმი იყო, ის გაჯიუტდება თავის ცდომილებაში. უნდა დავიტიროთ ასეთი ადამიანი.
მონაზონმა იოლად არ უნდა მიატოვოს თავისი მოღვაწეობის ადგილი პირველი განსაცდელების გამო. საჭიროა ბრძოლა, სანამ მისი მოთმინება მთლიანად არ ამოიწურება.
ეშმაკი დიდი ოსტატია. ცდილობს ყველა რაღაცაზე წამოაგოს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია – საკუთარი აზრების კონტროლი.
ჩვენთვის მუდმივად ბოროტი აზრების ჩაგონება – ეს სატანის ხელსაქმეა.
იესოს ლოცვის აღსრულებისას არ უნდა მივიღოთ არც ცუდი და არც კარგი აზრები. ამ დროს არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ. თუნდაც რომ თავმდაბლური წმიდა აზრები მოგვივიდეს და სულის სასარგებლო სწავლებები გაგვახსენდეს – ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მათ. საჭიროა გონება მთლიანად ლოცვას მივაპყროთ.
მე თანამოსაუბრეს არასოდეს ვაწყვეტინებ სიტყვას, თუკი ის ღმერთს არ გმობს და არ ჭორაობს.
ერთხელ მამა პაისიმ ერთ მინისტრს უთხრა: „ნუ დაეხმარებით ათონს მატერიალურად, თორემ მონაზვნები სულიერ მოღვაწეობას მიატოვებენ და სამუშაოთა მწარმოებლები გახდებიან“.
მონაზონს არა აქვს თავის მართლების უფლება მაშინაც კი, როცა მართალია. თავის მართლება ადამიანის სულს ეშმაკთა საცხოვრებლად აქცევს.
სულიერ ცხოვრებაში წარმატებულებისთვისაც კი სასარგებლოა საკუთარი ნების მოკვეთა.
არქიმანდრიტი იუსტინე პარვუ († რუმინეთი, 2013 წ.)
გიყვარდეს გლახაკები და თანაგრძნობა გამოიჩინე მათ მიმართ, რომ შენც შეგიწყალოს ღმერთმა.
გახსოვდეს, რომ შენც ხრწნად სხეულს ატარებ, და ყველას სიკეთე გაუკეთე, გამონაკლისის გარეშე.
უმჯობესია მოძაგებული იყო, ვიდრე შენ მოიძაგო; უმჯობესია გაწყენინონ, ვიდრე შენ აწყენინო.
ვინც ამსოფლიურ ამაო დიდებას გაურბის, ის საკუთარ სულში მომავალი საუკუნის დიდებას განიცდის.
ერიდე შეხვედრების სიმრავლეს და საკუთარ სულზე იზრუნე, რომ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნო.
უფრთხილდე მცირე ცოდვებს, რომ დიდ ცოდვებში არ ჩავარდე.
უმჯობესია დევნილი იყო, ვიდრე შენ სდევნიდე; უმჯობესია ჯვარცმული იყო, ვიდრე ჯვარს აცვა; სჯობს შეურაცხგყონ, ვიდრე შეურაცხყოფდე; სჯობს ცილი დაგწამონ, ვიდრე შენ იყო ცილისმწამებელი.
თავის მართლებას არა აქვს ადგილი ქრისტიანის ცხოვრებაში, და არსად იპოვება ქრისტეს სწავლებაში.
თუკი სიმშვიდე გიყვარს, იხილავ მშვიდობას საკუთარ სულში, და თუკი მშვიდობის მოპოვების ღირსი შეიქნები, ყოველ განსაცდელში სიხარულის განცდა გექნება.
ის ბაგეები და გული, რომლებიც ყოველ განსაცდელში უფალს მადლობას სწირავენ, მის კურთხევასა და ღვთაებრივ მადლს იღებენ.
საღვთო მადლის მიღებას წინ თავმდაბლობა უძღვის, ხოლო ღვთის სასჯელს – მზვაობრობა.
ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანური გამონაგონი არაა, ის საუკუნოდ მყოფობს; ეკლესია არა მიწიერი, არამედ ღვთაებრივი დაწესებულებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა მივდიოთ წმიდა მამებს. ისინი ყველაფერს ყურადღებით ეკიდებოდნენ, ხოლო როცა საუბარი იყო მწვალებლობაზე, ისინი ჰგმობდნენ მას და ხალხს მოძღვრავდნენ.
ღმერთმა დაგიფაროს ინტერნეტში შესვლისგან, თუ იქიდან მხოლოდ კარგს არ იღებ, მხოლოდ ცოდნას, ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველივე ამაოებაა, ეს ყველაფერი ემსახურება ჯოჯოხეთისთვის, სატანასთვის მომზადებას. ეს რაღაც წარმოუდგენელია: ბავშვები უყურებენ ყოველგვარ დამღუპველ რამეებს...
თუკი ჩვენ ტრადიციას არ ავაღორძინებთ, დაიბადება თაობები, რომლებისთვისაც ჩვენი პატარა ქვეყანა უფრო და უფრო უცხო იქნება. და იცით, როგორი იქნება ეს თაობები? ისინი ისე იქნებიან გამოწვრთნილები, რომ არანაირ კითხვებს არ დასვამენ, და დათანხმდებიან ყველაფერზე, რასაც მათ ეტყვიან!
სიტყვა, რომელიც ეკლესიაში უნდა ისმოდეს, ამგვარია: უკან, ქრისტეშემოსილი მოღვაწეების სწავლებისაკენ, უკან, ეკლესიის წმიდა მამებისაკენ... ღმერთმა გაკურთხოთ და განანათლოს თქვენი გზა! ამინ.
|