მოკლე სწავლებები სულიერი ცხოვრების შესახებ
ნაწ.1
ყველა სიკეთეში, რაც გაგვიკეთებია, სულმა წარმატების მიზეზი ღმერთს უნდა მიაკუთვნოს, მცირედაც არ უნდა გაივლოს გულში, რომ მან რაიმე სიკეთეში საკუთარი ძალით მიაღწია წარმატებას; ჩვეულებრივ, ასეთი განწყობით იშვება ჩვენში სიმდაბლე.
წმ. ბასილი დიდი
ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, ის მალე სიამოვნებით დაუწყებს მას ყურებას.
წმ. ბასილი დიდი
მსმენია გამოცდილი ბერებისაგან, რომ სულში ცოდვის აზრების გაჩენის მიზეზებია: მოკაზმული ჩაცმულობა, ზედმეტად გაძღომა და მავნებელი საუბრები.
წმ. თეოდორე ედესელი
მუდმივად იქონიე სიკვდილის ხსოვნა, რადგან ის სიმდაბლის მიზეზია.
წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ღვთისმოყვარე კაცი სხვას არავის ადანაშაულებს, რადგან იცის, რომ თვითონაც სცოდავს; და ეს არის ნიშანი ცხონებისკენ მიმავალი სულისა.
წმ. ანტონი დიდი
როგორც წყალი და ცეცხლია ერთმანეთის საწინააღმდეგო, ასევე უპირისპირდება ერთმანეთს თავის მართლება და სიმდაბლე.
წმ. მარკოზ მოღვაწე
თავის მაამებელი მწუხარებს გაკიცხვებისა და დანაკარგების გამო, ხოლო ღვთისმოყვარე – ქებისა და უნაკლულობის გამო.
წმ. მარკოზ მოღვაწე
უფლის წინაშე საკუთარი თავის გულწრფელი განკითხვა აძევებს ამპარტავნებას და კარს უღებს სიმდაბლეს.
წმ. იოანე სინელი
ქრისტიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიზანი გულის განწმედაა.
წმ. კასიანე რომაელი
დაიცავი გონება, რადგან [უკეთური] აზრები, ოცნება, გულის გატაცება წარმოსახვით, – ცოდვიანი ნაგავია, ეშმაკების მიერ სულში ჩაყრილი.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ჯვრის აღება და ქრისტეს მიყოლა ნიშნავს მზადყოფნას იმისთვის, რომ სათნოეყო ღმერთს სიკვდილამდე; რადგან ვისაც ქრისტესთვის სიკვდილი სურს, ის არ დამწუხრდება შრომითა და შეურაცხყოფით. სწორედ ამაშია სიყვარული, როცა სასოებით გადაგვაქვს ყოველგვარი გაჭირვება.
წმ. მაკარი დიდი
აწინდელი ცხოვრება არის ბოროტებასთან ბრძოლის ადგილი.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი სიმდაბლე გსურს, ნუ იქნები ერთთან მშვიდი და მეორესთან კადნიერი, არამედ ყველასთან მშვიდი იყავი, მეგობარი იქნება თუ მტერი, დიდი თუ მცირე.
წმ. იოანე ოქროპირი
მხოლოდ იმას ვუცქიროთ, რომ ღმერთმა შეგვაქოს; თუკი ეს გვექნება მხედველობაში, მაშინ არასოდეს დავიწყებთ კაცთაგან შექების ძებნას, და თუკი შეგვაქებენ, უგულებელვყოთ ასეთი ქება, გავკიცხოთ და მოვიძაგოთ.
წმ. იოანე ოქროპირი
ასწავლე შენს ენას თქვას ხოლმე: შემინდე, – და მოვა შენთან სიმდაბლე, რომელიც ყველა ადამიანს თავისზე უმჯობესად მიიჩნევს და არღვევს ეშმაკის ყველა მზაკვრობას.
წმ. ანტონი დიდი
ყოველ წამოწყებას წინ უნდა უსწრებდეს განსჯა: მის გარეშე ისიც, რაც კეთილი ჩანს, ცოდვად იქცევა, თუკი აღესრულება არა დროულად ან ზომიერების დაცვის გარეშე.
წმ. ბასილი დიდი
იცოდე, რომ ანგელოზები აღგვძრავენ სალოცავად და ლოცვისას ჩვენთან ერთად დგანან, ხარობენ და ჩვენთვის ლოცულობენ.
წმ. ნილოს სინელი
გაჭირვებები მადლიერებით მოითმინე, რომ მათით განიწმინდოს ყველა შენი შეცოდება.
წმ. ნილოს სინელი
განეშორე გაქნილ და მრავალსახოვან ზნეს. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, გულწრფელობისა და უბრალოებისკენ.
წმ. ბასილი დიდი
მოწყალება სიყვარულის დედაა, სიყვარულისა, რომელიც გამოარჩევს ქრისტიანებს, აღემატება ყველა სასწაულს და არის ქრისტეს მოწაფის ნიშანი.
წმ. იოანე ოქროპირი
ეშმაკმა კარგად იცის, როგორი დიდი სიკეთეა ლოცვა, და ამიტომ გაძლიერებით თავს ესხმის მლოცველებს.
წმ. იოანე ოქროპირი
თავს ნუ გავიმართლებთ იმით, რომ ძნელია ლოცვა იმისთვის, ვინც დატვირთულია ცხოვრებისეული საქმეებით, რომ ახლოს არაა სამლოცველო... სადაც არ უნდა იყო, ილოცე, შენ ღვთის ტაძარი ხარ.
წმ. იოანე ოქროპირი
მიტევება ჩვენი მტრებისთვის და მათთვის სიკეთის ქმნა არის ჭეშმარიტი დიდსულოვნება, ერთი უდიდესი ნიშანთაგანი ღვთის მსგავსებისა.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
მრავალნი, ავხორცობით ცდუნებულნი, აზრებით მრუშობენ; სხეულის ქალწულებას იცავენ, სულის ქალწულებას კი რყვნიან. საყვარელნო! აუცილებელია უარვყოთ სიძვის აზრებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან კავშირი და მათდამი ყურადღება, წმიდა წერილის სწავლების თანახმად: „ყოველი საცოჲ დაიმარხენ გულმან შენმან, რამეთუ ამათგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“ (იგავ. 4,23).
აბბა გერონტი
ქრისტიანის ცხოვრება ამქვეყნად ტანჯვათა ჯაჭვია. უნდა ებრძოლო საკუთარ სხეულს, ვნებებს, ბოროტ სულებს. ამ ბრძოლაშია ჩვენი სასოება. ჩვენი მაცხოვნებელი ჩვენი ღმერთია. ღმერთს მინდობილებმა მოთმინებით უნდა გადავიტანოთ ბრძოლის ჟამი. განსაცდელები თითქოს ტკეპნიან ადამიანს, ხორბალს ფქვილად აქცევენ. ისინი დაშვებულია ხოლმე ჩვენზე ღვთის განგებით, ჩვენი სულის დიდი სარგებლისათვის: მათგან ვიღებთ შემუსვრილ და დამდაბლებულ გულს, რომელიც ღმერთმა არა შეურაცხ-ყოს.
წმ. თეოფანე დაყუდებული
შენ ამბობ: დღეს ვისარგებლებ სიამოვნებით და ხვალ მოვინანიებ. იმას, რაც შენს ხელშია, შენ სიამოვნებას აძლევ, და რაც შენი არაა – სინანულს? სჯობს ჩემი რჩევით ისარგებლე: დღევანდელი დღე მიეცი სინანულს, ხოლო ცოდვას ხვალინდელი დღეც არ დაუტოვო.
წმ. იოანე ოქროპირი
ქრისტიანს არ უნდა ახსოვდეს სიბოროტე (მის მიმართ ქმნილი – მთარგმნ. შენ.), არამედ ვალდებულია გულით შეუნდოს მათ, ვინც შესცოდა მის წინაშე.
წმ. ბასილი დიდი
სიკვდილზე, ქრისტეს სამსჯავროზე, ზეციურ სასუფეველზე და მარადიულ ტანჯვაზე ფიქრს მივყავართ სინანულთან.
წმ. ტიხონ ზადონელი
ჭეშმარიტი სინანული მონანულის გულში აუცილებლად შობს სირცხვილსა და წუხილს იმის გამო, რომ ასე ურცხვად და უჯეროდ იქცეოდა ღვთის წინაშე. ჭეშმარიტი სინანული ვერ იქნება, როცა ადამიანს არ სურს ცოდვების მიტოვება და ღვთისადმი მორჩილების გამოხატვა; ეს სინანული კი არა, ხიბლი და სიცრუეა და ამიტომ უსარგებლოა მონანულისთვის.
წმ. ტიხონ ზადონელი
წმიდა დავითი ამბობს: „მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19). ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ ცოდვების გამო წუხილით შევიმუსრებით, როცა გულში მწუხარება გვაქვს, და „ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“ (2 კორ. 7,10). ამას ითხოვს ღმერთი ჩვენგან: „დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა“ (იოველ. 2,13). ასეთი სული და გული არის ღვთისათვის სათნო მსხვერპლი.
წმ. ტიხონ ზადონელი
რატომ ეწოდება ეშმაკს არა მხოლოდ მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც? მტერი იმიტომ ეწოდება, რომ ის კაცთმოძულეა, სიკეთის მოძულე და ცილისმწამებელია; ხოლო მოწინააღმდეგე იმიტომ ეწოდება, რომ ცდილობს შეეწინააღმდეგოს ყოველგვარ კეთილ საქმეს. ლოცვის სურვილი აქვს ვინმეს – ის (ეშმაკი) ეწინააღმდეგება ბოროტი მოგონებებით, გონების დატყვევებით და უხალისობით (უდებებით, მოწყინებით). მოწყალების გაცემა უნდა ვინმეს – ის ეწინააღმდეგება ვერცხლისმოყვარებითა და სიძუნწით. მღვიძარება სურს ვინმეს – ის სიზარმაცითა და დაუდევრობით ეწინააღმდეგება; და ასე გვეწინააღმდეგება ის ყველა საქმეში, როცა სიკეთის აღსრულება გვსურს. ამიტომაც მას არა მხოლოდ მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც ეწოდება. ხოლო სიმდაბლე შემუსრავს მტრისა და მოწინააღმდეგის ყველა იარაღს.
მამებმა თქვეს, რომ ადამიანი შეიძენს ღვთის შიშს, თუკი ექნება სიკვდილისა და ტანჯვის ხსოვნა, თუკი ყოველ საღამოს გამოიკვლევს საკუთარ თავს – როგორ გაატარა დღე, და ყოველ დილით – როგორ გაიარა ღამემ, თუკი ურთიერთობაში არ იქნება კადნიერი, და ბოლოს, თუკი ახლო ურთიერთობა ექნება ღვთისმოშიშ ადამიანთან.
მე არ ვიცი მონაზვნის სხვა დაცემა, გარდა იმისა, რომ ის საკუთარ გულს უჯერებს. ზოგიერთები ამბობენ: ამისგან ეცემა კაცი ან იმისგან; მე კი, როგორც ვთქვი, სხვა დაცემა არ ვიცი, იმის გარდა, რომ ადამიანი საკუთარ თავს მისდევს. თუკი დაცემული დაინახე, იცოდე, რომ ის საკუთარ თავს გაჰყვა. არაფერია ამაზე საშიში, ამაზე დამღუპველი. ღმერთმა დამიფარა, და მეც ყოველთვის მეშინოდა ამ უბედურების. როდესაც საერთო საცხოვრებელში (მონასტერში) ვიყავი, მე ყველა ჩემს გულისსიტყვას (აზრს) ბერ აბბა იოანეს ვუმხელდი, და როგორც ვთქვი, არასოდეს ვბედავდი მისი რჩევის გარეშე გამეკეთებინა რაიმე.
ღირსი აბბა დოროთე
ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტო მსახურებო! შეისწავლეთ და შეიმეცნეთ ღვთის განგებულებით თქვენთვის დადგენილი განჩინება ამქვეყნიური მწირობის ჟამისთვის. ნუ მისცემთ დაცემულ სულებს საშუალებას, გაცდუნონ, მოგატყუონ – როდესაც მომხიბლავი ყალბი სურათებით ამქვეყნიურ კეთილდღეობას წარმოგიდგენენ და მისდამი ლტოლვას შთაგაგონებენ, რათა ამგვარად მოგტაცონ თქვენი მარადიული საუნჯე. ნუ ელით და ნურც ეძიებთ დიდებას და სახელს! ნუ ელით და ნუ ეძიებთ უჭირველ, ფართო, სრულიად იოლ ცხოვრებას! ეს არ არის თქვენი ხვედრი. ნუ ელით და ნურც ეძიებთ ადამიანთაგან სიყვარულს! საკუთარი თავისაგან ითხოვეთ და მთელი ძალით ეძიეთ სიყვარული და თანაგრძნობა ადამიანებისადმი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
როცა დააპირებ საფუძველი დაუდო კეთილ საქმეს, წინასწარ მოემზადე იმ განსაცდელებისთვის, რომლებიც უნდა შეგემთხვეს. მტერს (ეშმაკს) ასეთი რამ ახასიათებს: როცა ხედავს, რომ ვინმემ წრფელი რწმენით კეთილი ცხოვრება დაიწყო, მოაწყობს მრავალ საშინელ განსაცდელს, რომ ადამიანი შეშინდეს და მიატოვოს თავისი კეთილი განზრახვები. ხოლო ღმერთი უშვებს განსაცდელს შენზე, რომ მოთმინებით აკაკუნო მის კარზე, რომ მწუხარებების შიშით ღვთის ხსოვნა აღმოცენდეს შენს გონებაში, რომ ლოცვის საშუალებით მიუახლოვდე უფალს და მისი განუწყვეტელი ხსოვნით იკურთხეოდეს შენი გული. და თუკი შესთხოვ, ის შეისმენს შენსას, და სცნობ, რომ ღმერთია შენი გამომხსნელი, და შეიმეცნებ მას, ვინც შეგქმნა, სიმტკიცეს განიჭებს და დაგიცავს მომავალში.
წმ. ისააკ ასური
გვითხარი, ჰოი დაუდევარო და მოდუნებულო, ვინ გშვა და ვინ არიან შენი ნაშობნი? ვინ იბრძვის შენს წინააღმდეგ? ვინ არის შენი მკვლელი? და პასუხობს მოწყინება: ჭეშმარიტ მორჩილებში არ გამაჩნია თავის მოსადრეკი ადგილი... მშობლები ბევრი მყავს: ზოგჯერ სულის უგრძნობელობა, ზოგჯერ ზეციურ სიკეთეთა დავიწყება, და ზოგჯერ ზომაგადასული შრომა. ჩემი ნაშობნი, ჩემთან მყოფნი: ადგილის ცვლა, სულიერი მამის ბრძანებათა უგულებელყოფა, საუკუნო სასჯელის დავიწყება, ზოგჯერ კი ქრისტიანული აღთქმების დატოვება. ხოლო ჩემი მოწინააღმდეგენი, რომელნიც შემკრავენ მე: ფსალმუნთგალობა და ხელსაქმე. ჩემი მტერია სიკვდილზე ფიქრი; ჩემი მკვლელი კი – ლოცვა მარადიულ სიკეთეთა სასოებით.
წმ. იოანე სინელი
|