martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

 

 

როგორ ვიკითხოთ წმიდა მამები 

 

 

მოცემული პატროლოგია წარმოგვიდგენს მართლმადიდებლური სულიერების მქონე მამებს; მაგრამ მისი მოცულობა და მიზნები რამდენადმე განსხვავდება პატროლოგიის ჩვეულებრივი სემინარიული კურსისაგან. აქ ჩვენ ვისახავთ ორგვარ მიზანს:

 

1. წარმოვადგინოთ სულიერი ცხოვრების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საფუძვლები – სულიერი ბრძოლის ბუნება და მიზანი; პატრისტიკული თვალსაზრისი ადამიანის ბუნებაზე; საღვთო მადლისა და ადამიანურ ძალისხმევათა მოქმედების თავისებურებანი და ა.შ.

 

2. გადმოვცეთ პრაქტიკული სწავლება მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ; თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთი ცხოვრებით; დავახასიათოთ ის კარგი თუ ცუდი სულიერი მდგომარეობანი, რომელსაც შეიძლება წააწყდეს და განიცადოს ადამიანმა სულიერი ბრძოლის დროს.

 

ამრიგად, მკაცრად დოგმატურ საკითხებს, როგორებიცაა საღვთო ბუნება, წმიდა სამება, ძე ღვთისას განხორციელება, სულიწმიდის მოქმედება და სხვა მსგავსი, შევეხებით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი დაუკავშირდებიან სულიერი ცხოვრების საკითხებს. ბევრ წმიდა მამას, რომლებიც თავიანთ ნაწერებში უპირატესად ამ დოგმატურ საკითხებს განიხილავენ და სულიერი ცხოვრების თემებს, ასე ვთქვათ, მხოლოდ მეორადად ახსენებენ, საერთოდ არ შევეხებით. ერთი სიტყვით, ეს იქნება ძირითადად "ფილოკალიის" ("Добротолюбие") მამათა სწავლება. მართლმადიდებლური სულიერი ნაწერების ეს კრებული შეადგინეს თანამედროვე ეპოქის დასაწყისში, ზუსტად საფრანგეთის ულმობელი რევოლუციის აფეთქების წინ, რომლის საბოლოო შედეგების – ათეისტური წყობისა და ანარქიის სახით – მოწმეებიც ვართ ჩვენსავე დღეებში.

 

ჩვენს საუკუნეში შესამჩნევად გაიზარდა "ფილოკალიისა" და მისი წმიდა მამებისადმი ინტერესი. განსაკუთრებით დაიწყო შესწავლა ისეთი შედარებით გვიანდელი მამებისა, როგორებიც არიან წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ სინელი და წმ. გრიგოლ პალამა. ინგლისურ და სხვა დასავლურ ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა რამდენიმე მათი ნაშრომი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგ სემინარიასა და აკადემიურ წრეში მათი "მოდაში შემოსვლით" ჩვენი საუკუნე მკვეთრად დაუპირისპირდა XIX საუკუნეს. მაშინ ისინი თვით ყველაზე ორთოდოქსულ საღვთისმეტყველო აკადემიებშიც კი საერთოდ არ ყოფილან "მოდაში" (განსხვავებით საუკეთესო მონასტრებისაგან, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ მათ წმიდა ხსოვნას და ცხოვრობდნენ მათი ნაწერებით).

 

მაგრამ თავად ეს ფაქტი წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას. ღრმადსულიერი ნაწერების "მოდაში შემოსვლა" სულაც არ არის აუცილებლად კარგი. ფაქტიურად, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამ მამათა სახელები დარჩენილიყვნენ სრულიად უცნობი, ვიდრე ისინი ხელთ ჩაეგდოთ უბრალოდ რაციონალისტ მეცნიერებსა და "აღტაცებულ ახალმოქცეულებს", მათ, ვინც საერთოდ არ მიიღებენ სულიერ სარგებელს მათგან, მხოლოდ სხვებთან შედარებით "უკეთ ეცოდინებათ" ისინი, რითაც თავიანთ უგუნურ ამპარტავნებას კიდევ უფრო გააღრმავებენ; ან კიდევ უარესი – დაიწყებენ ამ ნაწერების სულიერ დარიგებათა შესრულებას სათანადო მომზადებისა და სულიერი ხელმძღვანელის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების მოყვარულმა უნდა მიატოვოს წმიდა მამათა კითხვა. ღმერთმა დაიფაროს! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი – მეცნიერი, მონაზონი თუ უბრალო ერისკაცი – უნდა შევეხოთ ამ მამებს ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობითა და საკუთარი გონებისა და განსჯის უნარისადმი დიდი უნდობლობით. ჩვენ მათ მივეახლებით, რათა ვისწავლოთ და ამასთან, უპირველეს ყოვლისა, ვაღიაროთ, რომ საამისოოდ მასწავლებელი გვჭირდება. და მასწავლებლებიც არსებობენ: ჩვენს დროში, როცა აღარ არიან ღმერთშემოსილი ბერები (სტარცები), მასწავლებლები უნდა იყვნენ ჩვენს დროსთან განსაკუთრებით ახლოს მცხოვრები მამები, რომლებმაც გარკვევით გვითხრეს, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ და როგორც არ უნდა ვიკითხოთ მართლმადიდებლური ნაწერები სულიერი ცხოვრების შესახებ. თუკი თავად ნეტარ ბერ პაისი ველიჩკოვსკის, პირველი სლავური "ფილოკალიის" შემდგენელს, "შიში იპყრობდა" იმის გაცნობიერებისას, რომ ამგვარ წიგნებს დაბეჭდავდნენ და ისინი უკვე აღარ გავრცელდებოდა ხელნაწერის სახით რამდენიმე მონასტერში, ჩვენ რაოდენ უფრო დიდი შიშით გვმართებს მივეახლოთ ამ ნაწერებს, გავიგოთ ბერის შეშფოთების მიზეზი, რათა თავს არ დაგვატყდეს ის სულიერი კატასტროფა, რომელიც მან განჭვრიტა.

 

ნეტარი პაისი თავის წერილში არქიმანდრიტ თეოდოსისადმი (წმ. სოფრონის უდაბნო) წერდა: "პატრისტიკული წიგნების ბერძნულ და სლავურ ენებზე ბეჭდვით გამოცემასთან დაკავშირებით მიპყრობს სიხარულიც და შიშიც. სიხარული იმიტომ, რომ ისინი აღარ მიეცემიან საბოლოო დავიწყებას და მოშურნეებს საშუალება ექნებათ, უფრო იოლად შეიძინონ ისინი. შეშფოთება, შიში და ძრწოლა იმიტომ, რომ ისინი, როგორც გასაყიდი ნივთები, სხვა წიგნებივით შეიძლება შესთავაზონ არა მარტო მონაზვნებს, არამედ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და აქედან გამომდინარე მათ თვითნებურად არ დაიწყონ გონებით ლოცვის შესწავლა, საამისო გამოცდილების მქონეთაგან დარიგების გარეშე, რითაც შეიძლება ჩავარდნენ საცდურში და ამ მიზეით უგუნურებმა არ დაგმონ ეს წმიდა და უზადო შრომა, რომელიც გამოიცადა მრავალი უდიდესი წმიდა მამის მიერ... რათა ამ გმობამ არ გამოიწვიოს დაეჭვება ჩვენი ღმერთშემოსილი მამების სწავლების მიმართ"[1]. გონებით იესუს ლოცვის შესრულება, – აგრძელებს ნეტარი პაისი, – შესაძლებელია მხოლოდ მონაზვნური მორჩილების პირობებში.

 

ასკეტური ღვაწლით ღატაკ ჩვენს ბოლო ჟამს, რა თქმა უნდა, ცოტანი არიან ისეთები, ვინც მიისწრაფის გონებითი ლოცვის სიმაღლეებისაკენ (ან იცის მაინც, თუ რა შეიძლება იყოს ეს); მაგრამ ნეტარი პაისისა და სხვა წმიდა მამათა გაფრთხილება გამართლებულია თანამედროვე მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სუსტი ბრძოლების მიმართაც. ყველა, ვინც კითხულობს "ფილოკალიას" თუ წმიდა მამათა სხვა ნაწერებს, ან თუნდაც მრავალრიცხოვან წმიდანთა ცხოვრებას, წააწყდება ადგილებს, სადაც ნახსენებია გონებით ლოცვა, საღვთო ხედვა, განღმრთობა და სხვა ამაღლებული სულიერი მდგომარეობანი – მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არსებითია იცოდეს, თუ რა უნდა იფიქროს, ან რას უნდა განიცდიდეს ამასთან დაკავშირებით.

 

ამრიგად, ვნახოთ, რას ამბობენ წმიდა მამები ამის თაობაზე, აგრეთვე ჩვენს დამოკიდებულებაზე საერთოდ წმიდა მამებისადმი.

 

ნეტარმა ბერმა მაკარი ოპტინელმა (( 1860 წ.) აუცილებლად მიიჩნია, დაეწერა განსაკუთრებული "გაფრთხილება მათთვის, რომლებიც კითხულობენ პატრისტიკულ სულიერ წიგნებს და სურთ გონებით ილოცონ იესუს ლოცვით"[2]. თითქმის ჩვენი საუკუნის ეს დიდი მამა იქ ცხადად გვეუბნება, თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ სულიერი მდგომარეობებისადმი: "წმიდა და ღმერთშემოსილი მამები უდიდეს სულიერ ნიჭებზე წერდნენ არა იმისთვის, რომ განურჩევლად ყველა ისწრაფვოდეს მათ მიღებას, არამედ რათა მათ, ვინც ამას მოკლებულია, გაიგონონ ასეთი ამაღლებული ნიჭებისა და გამოცხადებების შესახებ, რაც მიეცათ ღირსეულთ, და შესძლონ საკუთარი უძლურებისა და დიდი უღირსების აღიარება და უნებლიედ მოიდრიკონ თავი – ეს უფრო აუცილებელია ცხონების მაძიებელთათვის, ვიდრე ყველა სხვა შრომა და სათნოება". წმ. იოანე კიბისაღმწერელი (VI ს.), აგრეთვე, წერს: "უპოვარნი სამეფო განძის ხილვისას უფრო მეტად აცნობიერებენ საკუთარ სიღატაკეს; ასევეა სულიც: წმიდა მამათა დიდ სათნოებათა შესახებ ნაამბობის კითხვისას თავის გულისსიტყვებში იგი უნებლიედ უფრო თავმდაბალი ხდება" (საფ. 26,211). ამრიგად, პირველი, რითაც უნდა მივეახლოთ წმიდა მამების ნაწერებს, არის თავმდაბლობა.

 

 კვლავ წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: "გიკვირდეს წმიდანთა ღვაწლი – ქების ღირსია; მათდამი მოშურნეობა – მაცხოვნებელი; მაგრამ უცებ მოისურვო, რომ მათ ცხოვრებას მიამსგავსო შენი ცხოვრება – უგუნურებაა და შეუძლებელი" (საფ. 4,42). წმ. ისააკ ასური (VI ს.) თავის მე-2 ჰომილიაში[3] ასწავლის: "ისინი, ვინც ლოცვაში ეძებენ და მოელიან ტკბობითს სულიერ შეგრძნებებს და განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ნაჩქარევად ისწრაფიან ხილვისა და სულიერი ჭვრეტისკენ, ჩაცვივდებიან მტრის საცდურში, აღმოჩნდებიან წყვდიადის სამეფოში და დაებინდებათ გონება; თავიანთი ამპარტავნული ძიებისათვის, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და ღირსებებს აღემატება, მათ მოაკლდებათ ღვთის შემწეობა და გადაეცემიან დემონებს დასაცინად".

 

მაშასადამე, წმიდა მამებთან შეხება გვმართებს თავმდაბალი განზრახვით – "დავიწყოთ სულიერი ცხოვრება უდაბლესი საფეხურიდან" და არა ისე, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენგან მეტისმეტად დაშორებულ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობებს მივაღწიეთ. წმ. ნილოს სორელი (აღესრ. 1502 წ.) – შედარებით გვიანდელი დროის დიდი რუსი მამა – წერს თავის "სკიტის განაწესში" (თ. 2): "რა უნდა ვთქვათ მათზე, ვინც მოკვდავი სხეულით უკვდავი საზრდო იგემა; ვინც ღირსი შეიქნა, ამ წარმავალ ცხოვრებაში მიეღო ულუფა იმ სიხარულისა, რომელიც ჩვენს ზეციურ სამშობლოში გველის?... ჩვენ, მრავალი ცოდვით დამძიმებულნი და ვნებებით გატანჯულნი, ამ სიტყვების მოსმენის ღირსნიც კი არ ვართ. და მიუხედავად ამისა, ჩვენ სასოებას ვამყარებთ საღვთო მადლზე, გვამხნევებს წმიდა ნაწერების დამარხვა გონებაში; ასე რომ, უკიდურეს შემთხვევაში შეგვიძლია უფრო მეტი შევიტყოთ იმ დაცემულ მდგომარეობაზე, რომელშიც აღმოვჩნდით ჩაფლულნი".

 

ჩვენი მოკრძალებული ჩანაფიქრის – ვიკითხოთ წმიდა მამები – განხორციელება უნდა დავიწყოთ პატრისტიკის ელემენტარული წიგნებიდან, მათგან, რომლებიც ასწავლიან ანბანს. VI საუკუნეში დიდ წინასწარმცნობელ ბერ ბარსანოფი ღაზელს ერთხელ მისწერა ახალბედამ, რომელიც მეტად მოგვაგონებს დღევანდელ გამოუცდელ მართლმადიდებელ სტუდენტს: "მაქვს დოგმატური წიგნები. მათი კითხვისას ვგრძნობ, თუ როგორ გადადის ჩემი გონება ვნებითი ფიქრებიდან დოგმატების ჭვრეტაში". ამაზე წმიდა ბერმა უპასუხა: "არ ვისურვებდი, რომ შენ ეს წიგნები გეკითხა, რადგან მათ გონებით მაღლა აყავხარ. უმჯობესია, ისწავლო ბერების ის გამონათქვამები, რომლებიც გონებას დაგიმდაბლებენ. ამას გეუბნები არა იმიტომ, რომ დოგმატური წიგნები დავაკნინო. მხოლოდ რჩევას გაძლევ – რამეთუ არსებობს სხვადასხვა საკვები" (კითხვა-პასუხი 544). ამ პატროლოგიის მნიშვნელოვანი მიზანი იქნება, ზუსტად მივუთითოთ, თუ რომელი პატრისტიკული წიგნებია შესაფერისი დამწყებთათვის და რომლები უნდა გადავდოთ სამომავლოდ.

 

განსხვავებული პატრისტიკული წიგნები სულიერ ცხოვრებაზე მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების სხვადასხვა პირობებს ესადაგება: ის, რაც შეეფერება მხოლოდ განდეგილებს, სრულიად მიზანშეუწონელია იმ მონაზონთათვის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ; რაც ესადაგება საზოგადოდ მონაზვნებს, სრულიად მიუღებელია ერისკაცთათვის. ყველა შემთხვევაში სულიერი საზრდო, რომელიც შეეფერება გარკვეული გამოცდილების მქონეთ, შეიძლება მთლიანად მიუღებელი აღმოჩნდეს დამწყებთათვის. ვინც წმიდა მამათა შედარებით მარტივი ნაწერების კითხვით, ცოცხალი მოძღვრების ხელმძღვანელობითა და ეკლესიის განაწესის ფარგლებში ღვთის მცნებათა ქმედითად აღსრულებით მიაღწევს გარკვეულ წონასწორობას სულიერ ცხოვრებაში, შემდეგ იგი შეძლებს დიდი სულიერი სარგებლის მიღებას წმიდა მამათა ყველა ნაწერიდან – მათი მისადაგებით საკუთარი ცხოვრების პირობებთან. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამის თაობაზე წერდა: "შენიშნულია, რომ ახალბედები ვერაფრით ახერხებენ, წიგნები მიუსადაგონ თავიანთ მდგომარეობას, არამედ აუცილებლად იტაცებთ წიგნის მიზანმიმართულება. თუ წიგნი ურჩევს მდუმარებას და მიუთითებს ღრმა მდუმარებით მიღწეულ სულიერ ნაყოფთა სიუხვეზე, მაშინ ახალბედას აუცილებლად უჩნდება უკაცრიელ უდაბნოში განმარტოების უძლიერესი სურვილი. თუ წიგნი გვასწავლის ღმერთშემოსილი მოძღვრის უპირობო მორჩილების შესახებ, მაშინ ახალბედაში უეჭველად იღვიძებს უმკაცრესი ცხოვრებისა და ბერისადმი სრული დამორჩილების მისწრაფება. ღმერთმა ჩვენს დროს არ უბოძა არც ერთი ამგვარი ცხოვრების წესი, მაგრამ მათზე დაწერილმა წმიდა მამათა წიგნებმა შეიძლება ისე ძლიერ იმოქმედოს ახალბედაზე, რომ მან გამოუცდელობისა და უცოდინარობის გამო იოლად გადაწყვიტოს იმ საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, სადაც ყველა პირობა აქვს, გადარჩეს და სულიერად წინ წაიწიოს სახარებისეული მცნებების აღსრულებით. მიატოვოს იგი იმ აუხდენელი ოცნებისათვის სრულყოფილ ცხოვრებაზე, რომელიც ხატოვნად და მაცდურად დაიხატა მის წარმოსახვაში". ამრიგად, იგი ასკვნის: "ნუ დაუჯერებთ თქვენს ფიქრებს, შეხედულებებს, ოცნებებს, აღძრვებსა თუ მიდრეკილებებს, რა კარგადაც უნდა მოგაჩვენონ და წინ დაგიდონ ხატოვანი სურათი უწმიდესი მონაზვნური ცხოვრებისა" ("Приношение современному монашеству", гл. 10). რასაც ეპისკოპოსი ეგნატე ამბობს, ეხება მონაზვნებსაც და ერისკაცებსაც, საერო ცხოვრების განსხვავებული პირობების გათვალისწინებით. ერისკაცთათვის სულიერი საკითხავის თაობაზე სპეციალურ შენიშვნებს მოგაწვდით ამ შესავლის დასასრულს.

 

წმ. ბარსანოფი თავის სხვა პასუხში (პას. 62) აღნიშნავს კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მათთვის, ვისაც წმიდა მამებისადმი მეტისმეტად აკადემიური დამოკიდებულება აქვს: "მან, ვინც ცხოვნებისათვის იღვწის, ყველაფერი არ უნდა გაარკვიოს (ანუ შეეკითხოს ბერებს, ან იკითხოს პატრისტიკული ნაშრომები) მხოლოდ ცოდნის შესაძენად, რამეთუ მოციქული ამბობს "მეცნიერებაჲ განალაღებს" (1 კორ. 8,1), არამედ ყველაზე ჯეროვანია, შეეკითხოს, გამოიძიოს ვნებათა შესახებ და იმაზე, თუ როგორი ცხოვრებით იცხოვროს, როგორ დაიცვას თავი. რამეთუ ეს არის აუცილებელი და ამას მივყავართ ცხოვნებამდე".

 

ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი წმიდა მამათა კითხვა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო (თითქოს ეს აკადემიური ხასიათის სავარჯიშო იყოს), ქმედითი ჩანაფიქრის გარეშე – აქტიურად, სულიერი დონის შესაბამისად გამოიყენო ნასწავლი. თანამედროვე აკადემიურმა "ღვთისმეტყველებმა" საკმაოდ ცხადად წარმოაჩინეს, რომ შესაძლებელია ფლობდე მრავალ განყენებულ ინფორმაციას წმიდა მამებზე და საერთოდ არ გაგაჩნდეს სულიერი ცოდნა. ამისთანებზე წმ. მაკარი დიდი ამბობს (ჰომილია 17,9): "ღატაკის სამოსში ჩაცმულს შეუძლია, თავი ძილში მდიდარ კაცად იხილოს, მაგრამ გამოღვიძებისას თავისთავს ისევ ღატაკსა და განძარცვულს დაინახავს. ასევე არიან ისინიც, ვინც სულიერ ცხოვრებაზე მსჯელობისას ერთი შეხედვით ლოგიკურად ლაპარაკობენ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ნათქვამი მათ გონებაში გამოცდილებით, შრომითა და მოწმობით არ არის განმტკიცებული, იგი ერთგვარ წარმოსახვად რჩება".

 

როგორია ჩვენი კითხვა წმიდა მამებისა – აკადემიური თუ ნამდვილი, – ამის საზომზე მიუთითებს წმ. ბარსანოფი თავის პასუხში ახალბედასადმი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ წმიდა მამებზე საუბრისას იგი ამაყი და ქედმაღალი ხდება (პას. 697): "როდესაც საუბრობ წმიდა მამათა ცხოვრებასა და მათ პასუხებზე, უნდა გაკიცხო საკუთარი თავი და თქვა: ვაი მე უბედურს! როგორ ვკადნიერდები, ვილაპარაკო მამათა ღირსებებზე, როდესაც მე თავად მსგავსი არაფრისთვის მიმიღწევია და საერთოდაც არ წავწეულვარ წინ? ვცხოვრობ და სხვებს ვმოძღვრავ მათ სასიკეთოდ. ვაითუ ჩემზედაც აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: "რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ" (რომ. 2,21)? წმიდა მამათა სწავლება გამუდმებით უნდა აღძრავდეს ჩვენში საკუთარი თავის გაკიცხვის სურვილს.

 

ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ წმიდა მამათა კითხვის ძირითადი მიზანი არის არა რაღაც "სულიერი სიამოვნების" მონიჭება ჩვენთვის, არც ის, რომ დაადასტუროს ჩვენი სისწორე, განსაკუთრებული ცოდნა თუ "ჭვრეტითი" მდგომარეობა, არამედ რათა შეგვეწიოს სათნოებათა გზაზე ქმედით სვლაში. მრავალი წმიდა მამა მსჯელობს განსხვავებაზე "ქმედით" და "ჭვრეტით" (უფრო სწორად "სულიერ") ცხოვრებას შორის. აქ ხაზგასასმელია, რომ ეს სრულიადაც არ ნიშნავს რაიმე ხელოვნურ დაყოფას, როგორც ვინმემ შეიძლება იფიქროს, ისეთებად, ვინც მისდევს "ჩვეულებრივ", "გარეგნულ მართლმადიდებლურ" ცხოვრებას, აღასრულებს "კეთილ საქმეებს" და ვინც ეწევა "შინაგან" ცხოვრებას, რომელიც მიღებულია მხოლოდ მონაზვნებსა და ზოგ ინტელექტუალურ ელიტაში. არის მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობს ყველა მართლმადიდებელი მებრძოლი, მონაზონი თუ ერისკაცი, დამწყები და გამოცდილი. "ქმედითი" ანუ "პრაქტიკული" (ბერძნ. "პრაქსის") არის გზა, ხოლო "ხედვა" (ბერძნ. "თეორია") ან "განღმრთობა" – არის საბოლოო შედეგი. თითქმის ყველა პატრისტიკულ ნაწერში საუბრობენ "ქმედით" და არა "ხედვით" ცხოვრებაზე; როდესაც ამ უკანასკნელს ახსენებენ, ეს იმისთვის, რომ გაგვახსენონ ჩვენი ღვაწლისა და ბრძოლის მიზანი, რომელიც ამ ცხოვრებაში ღრმად მხოლოდ რამდენიმე დიდმა წმიდანმა თუ შეიცნო, მაგრამ მთელი თავისი სისავსით იგი ცნობილი გახდება მომავალ, მარადიულ საუკუნეში. როგორც ეპისკოპოსმა თეოფანე დაყუდებულმა დაწერა რუსულ ენაზე გამოცემული "ფილოკალიის" ბოლო ტომის შესავალში, "ფილოკალიის" თუნდაც ყველაზე ამაღლებულ ნაწერებშიც კი "მხედველობაში ჰქონდათ არა სულიერი, არამედ თითქმის ყოველთვის ქმედითი ცხოვრება".

 

ამ შესავლის მიუხედავად, დარწმუნებული ვართ, ცოდნით განლაღებულ ჩვენს საუკუნეში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერ გაექცევა მახეებს, რაც დაგებულია და უცდის მათ, ვინც მოისურვებს წმიდა მამათა წაკითხვას მათი სრული მნიშვნელობითა და დატვირთვით. ასე რომ, მოდით, აქ შევჩერდეთ... მანამ დავიწყებთ თავად პატროლოგიას, მოკლედ განვიხილოთ ზოგი შეცდომა, რომელსაც უშვებენ წმიდა მამათა თანამედროვე მკითხველები, რათა ამით უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ არ უნდა იკითხებოდეს ისინი.

  

თარგმნა ნინო ბელთაძემ  

წიგნიდან Fr. Seraphim Roze "The Holi Fathers of Orthodox Spirituality", Forestville, California, 1970.

 

[1] ბერი პაისის ცხოვრება და ნაწერები, ოპტინა, გვ. 265-267.

 

[2] „წერილები მონაზვნებისადმი“, მისივე, მოსკოვი, 1862, გვ. 358-380.

 

[3] გამოკრებილია ბერ მაკარი ოპტინელის მიერ, გვ. 364.

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა