ძველი უცხოური წყაროები საქართველოს მოქცევისა და ქართველი ქრისტიანების შესახებ
ძველი ქართველი ქრისტიანების შესახებ ისტორიამ მწირი ცნობები შემოგვინახა; სამწუხაროდ, ზოგიერთმა სახელმოხვეჭილმა მეცნიერმა ჩვენი ეკლესიის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეჭვს ქვეშ დააყენა. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის უცხოურ წყაროებში დაცული მასალები, რომელთაც ტენდენციურობას ქართველთა სასარგებლოდ ვერავინ დასწამებს. ეს წყაროები გვიმტკიცებენ რწმენას ქართულ ისტორიულ ძეგლებში შემონახული, ქრისტიანებისთვის ძვირფასი ცნობების მიმართ. ქვემოთ გთავაზობთ ტექსტებს, რომლებიც, იმედია, საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის ქართველთა სულიერი ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.
განსაკუთრებით საინტერესოა ის ცნობები, რომლებიც გვაუწყებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ძველ ქრისტიანებს ახლო სულიერი კავშირი ჰქონიათ ეკლესიის უდიდეს წმინდანებთან, მართლმადიდებლობის ბურჯებთან – სვიმეონ მესვეტესთან, დანიელ მესვეტესთან, საბა განწმედილთან, სვიმეონ მესვეტე უმცროსთან. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ ეს მამები V-VI საუკუნეებში მოღვაწეობდნენ; ეს იყო მართლმადიდებლებს (დიოფიზიტებს) და მონოფიზიტებს შორის მწვავე დაპირისპირების პერიოდი. ცხადია, სარწმუნოებრივი მღელვარების პერიოდში საქართველოს ეკლესიის მიერ მართლმადიდებლობის შენარჩუნებას დიდად შეეწეოდა ამ და სხვა ღმერთშემოსილ მამებთან სულიერი სიახლოვე. აგიოგრაფიიდან ცნობილია ისიც, რომ საქართველოში წმიდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით ჩამოსულ ასურელ მამებს სულიერი კავშირი ჰქონდათ წმიდა სვიმეონ მესვეტე უმცროსთან. საინტერესოა, რომ ამ წმიდა მამებთან ახლო ურთიერთობა ჰქონიათ სომეხ ქრისტიანებსაც, მაგრამ როგორც ისტორიამ გვიჩვენა, მათი უმეტესობა მონოფიზიტური საცთურისაკენ მიიდრიკა. ამის ადრეული ნიშნები წმიდა საბას ცხოვრებაშია აღწერილი. ამ წმინდანის მიერ დაარსებულ მონასტერში "ხელი შეყვეს რომელთამე მათგანთა (საუბარია სომხებზე) და, ოდეს იტყვიედ "წმიდაო ღმერთოსა", თქვიან მათცა, რომელსა-იგი იტყოდა პეტრე, რომელსა ერქუა მკაწრვალ. ამან შესძინა და თქუა: რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის. ესმა რაჲ ესე ნეტარსა საბას, განრისხნა მათ ზედა და უბრძანა მათ და ჰრქუა: ამიერითგან ბერძლ იტყოდეთ ამას გალობასა, ვითარცა მოცემულ არს დასაბამითგან კათოლიკე ეკლესიასა, და ნუ ვითარცა-იგი პეტრეს მკაწრვალისა თქმული გარდაქცეული, რომელი ევტიქოსის თქმულსა ესვიდა".
იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ იბრძოდნენ ზემოთ ხსენებული წიდა მამები მართლმადიდებლობის დასაცავად, მოვიყვანთ ფრაგმენტებს წმიდა ექვთიმე დიდისა და წმიდა საბას ცხოვრებებიდან.
მონოფიზიტთა წინამძღოლმა დიოსკორემ ბიზანტიის დედოფალი ევდოკია თავის სარწმუნოებაზე მოაქცია, ხოლო ძმა ურჩევდა დედოფალს მართლმადიდებელ ეკლესიას დაბრუნებოდა. საგონებელში ჩავარდნილმა დედოფალმა კაცები გაგზავნა წმიდა სიმეონ მესვეტესთან (უფროსთან) მისი აზრის გასაგებად. წმინდანმა მისწერა:"ესე უწყოდე, რამეთუ ოდეს იხილა ეშმაკმან სიმრავლე სათნოებათა შენთაჲ, ითხოვა ღმრთისაგან, რაჲთა ახელმწიფოს შენ ზედა და განგცხრინოს შენ, ვითარცა იფქლი. და დიოსკოროს ეშმაკისა მოციქული არს და მან აღაშფოთა სული შენი. არამედ მოიქეც, არა წარწყმედილ არს სარწმუნოებაჲ შენი. მე, დედოფალო, მიკვირს შენი, რამეთუ გაქუს შენ თანა-შემწე ცხორებისაჲ და არა იცი იგი და შორად წარმოავლინე ვსებად წყლისა. არს შენ თანა შემწყნარებელი საღმრთოჲ, წმიდაჲ ევთვიმი". ბიზანტიის მონოფიზიტმა კეისარმა ანასტასიმ გადაწყვიტა გადაეყენებინა იერუსალიმის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი იოანე. ეს რომ შეიტყვეს წმიდა საბამ და წმიდა თეოდოსი დიდმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად მეფეს წერილი მიწერეს. აი ზოგიერთი ადგილი ამ წერილიდან: "და ვითარ აწ, შემდგომად ხუთასისა წლისა და უფროჲს ქრისტეს მოსლვითგან, იერუსალემელთა სარწმუნოებაჲ სხუაჲ ვისწაოთ? ამის გამოჲთ საცნაურ არს, ვითარმედ მომავალი ესე და ახალი სარწმუნოებაჲ (მონოფიზიტობა) არა ქრისტესმიერი სამართალი არს, არამედ ანტექრისტეს სწავლაჲ არს ახალი ...ამათ ყოველთა ზედა წინამძღურად ნებითა თვისითა დადგა დასაბამითგან მწვალებელთა მათ უწინამძღვროთა სევეროს, ანტიოქიასა მჯდომი, წარმწყმედელი სულისა თვისისაჲ, რომელი ცოდვითა ჩუენითა დაჯდა საყდარსა მას. და ამან წმიდანი და ნეტარნი მამანი ჩუენნი შეაჩუენნა... ცხოვრებასა და სიკუდილსა შოვრის სიმართლისა სარწმუნოებისათვის უმჯობეს არს ჩუენდა სიკუდილი. ხოლო რომელნი მტერნი არიან ეკლესიათა ღმრთისათანი და გარემო მისსა მბრძოლნი, მათ შევაჩუენებთ. გინა სახითა, გინა სიტყვითა არასადა ვეზიარნეთ, რამეთუ ღმრთისა მიერ გუაქუს სარწმუნოებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, რომელსა ზედა ვდგათ და ვიქადით სასოებითა ღმრთისა მიმართ..."
ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (VIII ს.)
ანდრიას ცხოვრება
კვიპროსის ეპისკოპოსი ეპიფანე ამბობს, გადმოცემის მიხედვით, რომ ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდანები დიდს სებასტოპოლში, სადაც არის აფსარის ციხე, ჰისსოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი; იქ მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტელები და ალანები.
ასე დამოძღვრა ანდრიამ მრავალი ქალაქი და სოფელი და მოაქცია ისინი ქრისტესკენ.
ამისოდან წამოსვლის შემდეგ ის მივიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკის ქალაქში... იქიდან ის წავიდა იბერიაში; მის შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი განანათლნა, ის ჩავიდა იერუსალიმში.
პენტეკოსტის (ე.ი. სულიწმიდის მოფენის) შემდეგ ანდრია, სიმონ კანანელი, მათე და თადეოზი დარჩნენ იქ ავგაროზთან; დანარჩენებმა კი მოიარეს ქალაქები, იქადაგეს და სასწაულები მოახდინეს, და ჩავიდნენ იბერიაში და ფაზისში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სუ(ს)ანიაში.
...მათე მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყნებში, ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, იმათ მრავალი სასწაული მოახდინეს იქ, მრავალნი დამოძღვრეს და წავიდნენ აბაზგიაში.
ალ. გამყრელიძე, ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა, ტ.8.
სოკრატე სქოლასტიკოსი (IV-V სს.)
(ეკლესიის ისტორია, წ I, თ. XX)
როგორ გაქრისტიანდნენ იბერიელები
ახლა დროა იმის შესახებ მოვყვეთ, თუ როგორ გაქრისტიანდნენ იბერიელები იმავე ხანებში (ანუ როდესაც გაქრისტიანდნენ ინდოელები IV ს-ის დასაწყისში – მთარგმნ. შენ.).
ერთი სიწმინდითა და უბიწოებით მცხოვრები ქალი ღვთის განგებით იბერიელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. ეს იბერიელები (ესპანელი იბერიელების ახალშენი) ევკსინის პონტოს (შავი ზღვის – მთარგმნ. შენ.) ნაპირებზე ცხოვრობენ. ამ ბარბაროსთა შორის ტყვე ქალი კეთილმსახურებით ცხოვრობდა – დიდი მოთმინებით მოღვაწეობდა, დროს მკაცრ მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ამის შემხედვარე ბარბაროსები გაკვირვებულნი იყვნენ ქალის უცნაური ცხოვრებით.
ერთხელ მეფის მცირეწლოვანი ვაჟი დასნეულდა. იქაური ჩვეულების მიხედვით მეფის ცოლი ბავშვს სხვა ქალებთან სამკურნალოდ აგზავნიდა – იმ იმედით, რომ იქნებ მათ გამოცდილებით რაიმე საშუალება სცოდნოდათ სნეულებისგან განსაკურნებლად. ბავშვი ძიძამ სხვადასხვა ქალებთან მიიყვანა, მაგრამ სნეულს ვერავინ უშველა. ბოლოს ის ტყვე ქალთან მიიყვანეს. მან ბავშვს არანაირი ნივთიერი საშუალება არ მისცა, ასეთი რამ არც იცოდა (ამ დროს იქ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ). ტყვემ ბავშვი აიყვანა, თმებისგან დაწნულ საწოლზე დააწვინა და მხოლოდ წარმოთქვა: "ქრისტე, რომელმაც მრავალნი განკურნა, ამ ბავშვსაც განკურნავს". როდესაც ამ სიტყვების შემდეგ ქალმა ლოცვა და ღვთის მოხმობა დაიწყო, ბავშვი უცბად განიკურნა და იმ წუთიდან თავს კარგად გრძნობდა. ამ ამბის შესახებ შეიტყვეს სხვა ბარბაროსმა ქალებმა და თვით დედოფალმა; ტყვე კიდევ უფრო ცნობილი გახდა.
ამ ამბის შემდეგ მალე დედოფალი დასნეულდა და ტყვე ქალი თავისთან მიიწვია. როდესაც მან თავისი მოკრძალებული ხასიათის გამო უარი შეუთვალა, დედოფალი მიიყვანეს მასთან. ტყვემ მისთვის იგივე მოიმოქმედა, რაც მანამდე ყრმისათვის გააკეთა. დედოფალიც იმწამსვე განიკურნა და მადლობას უხდიდა ქალს. ის კი ამბობდა: ეს ჩემს მიერ არ არის აღსრულებული, ეს ქრისტემ აღასრულა, რომელიც ღვთის ძეა, ქვეყნის შემოქმედისა. ქალი იქ მყოფთ არწმუნებდა, ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად ეღიარებინათ.
იბერიელთა მეფეს გაუკვირდა თავისი მეუღლის ასეთი სწრაფი გამოჯანმრთელება და როდესაც შეიტყო ვინც განკურნა იგი, ტყვეს საჩუქრები გაუგზავნა. მან კი თქვა, რომ სიმდიდრე არ სჭირდება, რომ მისი სიმდიდრე კეთილმსახურებაა, და რომ მისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება, თუკი მეფე ირწმუნებს იმ ღმერთს, რომელსაც თვითონ აღიარებს. ეს რომ თქვა, ტყვემ მეფის საჩუქრები უკან გაგზავნა. მეფემ მისი სიტყვები სულში დაიმარხა. ერთი დღის შემდეგ ის სანადიროდ წავიდა, და აი რა მოხდა. იმ ადგილას, სადაც ნადირობდა, მთის მწვერვალები და ხეობები ღრუბელმა და თვალშეუვალმა წყვდიადმა დაფარა. ნადირობაც შეუძლებელი გახდა და გზის გაკვლევაც. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მეფე დიდხანს უხმობდა იმ ღმერთებს, რომლებსაც თაყვანს სცემდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ტყვე ქალის ღმერთი გაიხსენა და მას შესთხოვა შველა. როგორც კი ლოცვა დაიწყო, ღრუბლის მიერ წარმოქმნილი წყვდიადი მაშინვე გაიფანტა. ამ ამბით გაკვირვებული მეფე სახლში მხიარული დაბრუნდა და მომხდარის შესახებ ცოლს მოუყვა. შემდეგ სასწრაფოდ მოუწოდა ტყვეს და გამოჰკითხა, ვინ არის მის მიერ თაყვანისცემული ღმერთი. ქალი წარმოუდგა მეფეს და ისიც ქრისტეს მქადაგებლად აქცია. მეფემ კეთილმსახური ქალის მეშვეობით ქრისტე რომ ირწმუნა, ყველა თავის ქვეშევრდომ იბერიელს მოუხმო და მოუყვა თავისი შვილისა და ცოლის განკურნების შესახებ და იმის შესახებაც, რაც ნადირობისას შეემთხვა, არწმუნებდა მათ ტყვე ქალის ღმერთისთვის ეცათ თაყვანი.
ამგვარად ორივემ დაიწყო ქრისტეს ქადაგება, მეფე კაცებს უქადაგებდა, ტყვე ქალი კი – ქალებს. შემდეგ მეფემ ტყვე ქალისგან შეიტყო, როგორი ფორმის ტაძრები აქვთ რომაელებს, ბრძანა სამლოცველო სახლი აეშენებინათ და მოემზადებინათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მშენებლობისთვის. შენობას აშენებდნენ. როდესაც ხელოსნები სვეტების დადგმას შეეცადნენ, ღვთის განგებამ ისევ მოაწყო რაღაც, მაცხოვრებელთა სარწმუნოებაზე მოსაქცევად. ერთ-ერთი სვეტი ადგილიდან ვერ დაძრეს, ვერანაირ ღონეს ვერ პოულობდენენ მის გადასაადგილებლად; თოკები წყდებოდა და თვით მანქანებიც იმტვრეოდა. მშენებლებმა უარი თქვეს და წავიდნენ. აქ ტყვე ქალის რწმენა გამოაშკარავდა. ღამით, ყველასგან დაფარულად, ის მშენებლობის ადგილას მივიდა და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მაშინ ღვთის ნებით სვეტმა დაიწყო ამაღლება და ჰაერში გაჩერდა, საფუძვლის ზემოთ, ისე რომ საყრდენს საერთოდ არ ეხებოდა. დადგა დღე და მეფე, რომელმაც მშენებლობის ხელოვნება იცოდა, მშენებლობის ადგილზე მივიდა. როდესაც დაინახა, რომ სვეტი თავისი საფუძვლის ზემოთ ეკიდა, თავადაც განცვიფრდა და მასთან ერთად მყოფნიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მალევე მათ თვალწინ ის თავის საფუძველზე დაეშვა და დადგა. აქ შეძახილები გაისმა, მეფის რწმენას ყველა ჭეშმარიტს უწოდებდა და ტყვე ქალის ღმერთს ადიდებდნენ. საბოლოოდ ყველამ ირწმუნა და დიდი გულმოდგინებით დააფუძნეს დანარჩენი სვეტები.
ამგვარად, ეს საქმე მალე დასრულდა და მეფე კონსტანტინესთან ელჩები გაგზავნეს. ელჩები ითხოვდნენ მომავალში რომთან კავშირს და ამბობდნენ, რომ მიიღებენ ეპისკოპოსსა და სამღვდელო დასს, რადგან გულწრფელად იწამეს ქრისტე.
რუფინუსი წერს, რომ ამის შესახებ შეიტყო ბაკურისგან, რომელიც ადრე იბერიელი თავადი იყო, შემდეგ რომაელებთან ჩავიდა, პალესტინის საზღვრების უფროსი გახდა და ბოლოს ჯარის წინამძღოლი, და მეფე თეოდოსის ტირან მაქსიმეს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ასე გაქრისტიანდნენ იბერიელები კონსტანტინეს დროს.
მოვსეს ხორენაცი (V ს. ?)
(სომხეთის ისტორია)
ერთი ქალი, სახელად ნუნე (წმიდა ნინო), [დევნილ] და გაფანტულ წმიდა რიფსიმიანთა ამხანაგთაგანი, ილტვოდა და მიაღწია ქართველთა ქვეყანას, მათ დედაქალაქს, მცხეთას...
შემდგომ სანატრელი ნუნე წავიდა იქიდან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა [ქვეყნის] სხვა კუთხეებიც დაემოძღვრა; იგი დადიოდა სამკაულების, ყოველივე ზედმეტის გარეშე, მას არ იზიდავდა ეს ქვეყანა და არც არაფერი ამქვეყნიური, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის ჯვარს ეცვა, სიცოცხლე საიქიოს მოთხოვნებს დაუქვემდებარა, საქმით დაადასტურა ღვთის სიტყვა და თავისი გულმოდგინებით სისხლის გვირგვინი მოიპოვა. გავბედავ და ვიტყვი, რომ [ნუნე] მოციქული ქალი გახდა; მან იქადაგა [სახარება] კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამდე, როგორც ამას აგათანგელოზი გაუწყებს შენ.
ა. აბდალაძის თარგმანი, თბ. 1984.
ნეტარი თეოდორიტე (V ს.)
სიმეონ მესვეტის (უფროსის) ცხოვრებიდან (ხსენება 1 სექტემბერს)
(ღმრთისმოყვარეთა ისტორია, თ. XXVI)
როდესაც სიმეონისკენ ხალხი ყოველი მხრიდან დაიძრა, მისკენ მიმავალი გზა მდინარეს დაემსგავსა; მისი მოღვაწეობის ადგილი კი ზღვას ჰგავდა, რომელშიც უამრავი ნაკადი ჩაედინება. მისკენ გაემართნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებნი, არამედ ისმაიტელებიც, სპარსელებიც და მათი ხელქვეითი სომხებიც, იბერიელებიც (ქართველები), გომერიტებიც (სამხრეთ-დასავლეთ არაბეთის მოსახლეობა – მთარგმნ. შენ.).
...როგორც შანდალზე მდგარი სანთელი, ისე აფრქვევდა სიმეონი სხივებს ყველა მხარეს, მზესავით. მის სიახლოვეს შეიძლებოდა გენახა, როგორც ვთქვი, იბერიელებიც, სომხებიც, სპარსელებიც, რომლებიც წმიდა ნათლობას იღებდნენ.
წმიდა დანიელ მესვეტის ცხოვრებიდან (V ს.)
იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა ღობაზიანოს მეფე აფხაზთაჲ ხილვად ნეტარისა ლეონ მეფისა ბერძენთაჲსა. და წარიყვანა იგი მეფემან და აღვიდა იგი წმიდისა მის (დანიელ მესვეტის) თანა. და იხილა რაჲ უცხოჲ იგი ხილვაჲ და მოქალაქობაჲ ანგელოზებრივი ღობაზიანოს, დავარდა პირსა ზედა თვისსა და თქუა: გმადლობ შენ, მეუფეო ცათაო, რამეთუ ქუეყანისა მეფისა მიერ ხილვად ღირს-მყავ მე, მონაჲ შენი, დიდთა საკვირველებათა და მიჩუენე, რომელი არასადა მეხილვა ქუეყანასა ზედა. ხოლო აქუნდა ორთავე ამათ მეფეთა რაჲმე საურავი ქუეყანისაჲ დაწყნარებისათვის და ზღვართა განყოფისაჲ, სადამდის არს საბერძნეთისაჲ ანუ მეგრელთა აფხაზეთისა სამეუფოსაჲ და უთხრეს მონასა ღმრთისასა დანიელს და იგი იქმნა შუამდგომელ მათდა. და დადვეს საზღვრად ციხე ხუფათი. და აღუთქუეს ურთიერთას მშვიდობაჲ და სიყუარული ამისითა სიტყვითა. და შთამოვიდა მეფე ქალაქად და განუტევა ღობაზიონ მამულსა თვისსა. ხოლო მი-რაჲ-იწია მამულად თვისად ღობაზიონ, უთხრობდა ყოველთა მადლსა მას წმიდისასა და რაჟამს მოციქულნი მისნი აღმოვიდოდიან კონსტანტინოპოლედ მეფისა, წიგნი მიუწერის ნეტარსა მასცა და ლოცვასა ითხოვნ მისგან და ვიდრე აღსასრულამდე არა დასცხრების ამისა ყოფად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები 25, თბ. 1984.
წმიდა საბა განწმედილის ანდერძიდან (V-VI სს.)
(წმიდა საბას მონასტერში მცხოვრებმა – მთარგმნ. შენ.) ივერიელებმა (ქართველებმა), სირიელებმა და ფრანკებმა თავიან ტაძრებში სრული წირვა არ უნდა აღასრულონ, არამედ იქ შეკრებილებს უფლება აქვთ თავიანთ მშობლიურ ენაზე იგალობონ ჟამნები, სადილის ჟამნი, წაიკითხონ სამოციქულო და სახარება; ამის შემდეგ უნდა შეიკრიბნენ დიდ ტაძარში და მთელს ძმობასთან ერთად ეზიარონ საღმრთო და ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელ საიდუმლოებს.
წმიდა სვიმეონ მესვეტის (უმცროსის, VI ს.) ცხოვრებიდან (ხს. 24 მაისს)
დღესა ერთსა იყო წმიდაჲ იგი განკვირვებასა შინა. იხილა ერი დიდძალი ფრიად – მამათა და დედათაჲ და ყრმათაჲ. და აქუნდა ხელთა მათთა ჯუარები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავალით მისა ლიტანიითა და ლოცვითა, რომელთა შესწირვიდეს ღმრთისა მიმართ. და სული წმიდაჲ ჰფარვიდა მათ, ყოველსა მას ერსა, და თანაუვიდოდა. და ვითარ მოეახლნეს იგინი მთასა მას საკვირველსა, ჰრქუა სულმან წმიდამან მონასა თვისსა სვიმეონს: უწყი-მეა ვინ არიან ესენი, რომელნი მოსრულ არიან შენდა? ესე არს ნათესავი ქართველთაჲ, რომელნი გყუარობენ შენ სახელისა ჩემისათვის და მოვიდოდიან შენდა ჟამითი-ჟამად სარწმუნოებითა დიდითა და გამოცდილებაჲ მიიღონ ნიჭთა ამათგან, რომელნი მომადლებულ არიან შენდა საკურნებელად, და ქადაგებდნენ სახელსა შენსა ქუეყანასა მათსა და განამტკიცებდენ ყოველთა სარწმუნოებითა; და კუალად, დაემკვიდრნენ მათგანნი მონასტერსა შენსა, და იყვნენ იგინი მორწმუნე და კეთილმსახურ.
და შემდგომად სახილავისა ამის მცირედთა დღეთა მოვიდა ერი მრავალი ქართველთაჲ ლიტანიითა და აქუნდა ხელთა მათთა ჯუარები; და მრავალნი მათგანნი განკურნნა გუემისაგან ეშმაკისა და მრავალფერთაგან სენთა. და რომელთამე მათგანთა ვითარ იხილეს ძალი იგი საკვირველებათაჲ, ევედრნეს მას, რაჲთა იყოფოდიან მის თანა. და შეიწყნარა მათგანნი მშვიდნი და მყუდრონი და ცნა, ვითარმედ სათნო-უჩნს ღმერთსა საქმე იგი, ვითარ-იგი წინაჲსწარ აუწყა მას სულმან წმიდამან მისთვის, და დაუყდუნებელად მიითვალა თხოვაჲ მათი; და იყოფოდეს მის თანა ვიდრე აღსრულებამდე სათნოჲთა მოქალაქობითა.
კ. კეკელიძის გამოცემა, კიმენი, ტ 1, თბ. 1918.
წმიდა სვიმეონ მესვეტის (უმცროსის) დედის – წმიდა მართას ცხოვრებიდან
და ვითარ ევედრა წმიდაჲ სვიმეონ ღმერთსა ესრეთ, მეყსეულად იხილნა მან გამოცხადებით ჩუენებისა მიერ სამნი მონაზონნი ქართველნი, რომელნი იერუსალემით მოვიდეს მონასტრად წმიდისა, რომელთაგანი ერთი, სახელით ანტონი, მღდელობისა პატივითა შემოსილ იყო და მამასახლისი მონასტრისა პატიოსნისაჲ და წინამძღუარი ძმათა სიმრავლისაჲ. ესე ანტონი იხილვებოდა რომელ რეცა აქუნდა მას ხელთა მისთა ჯუარი ოქროჲსაჲ, და მას შინა ცხოველსმყოფელისა მის ძელისა ნაწილი, ძალი ძლიერი; დაეპყრა მას იგი შიშითა დიდითა და ძრწოლითა, და მისცემდა მას წმიდასა სვიმეონს, მსგავსად თხოვისა მის მისისა...
ხოლო რომელმან-იგი ესევითარი აღასრულა მსახურებაჲ და ღირს იქმნა ესევითარსა მადლსა, ხუცესი ანტონი, საღმრთოჲთა შურითა და სიყუარულითა წმიდისაჲთა განხურდა; მიერ ჟამითგან არღარა სადა განეშორა წმიდასა და დიდსა სვიმეონს, არამედ დაადგრა იგი მუნ მის თანა მოთმინებით. ხოლო შემდგომად ჟამთა რავდენთამე ეპისკოპოსად სელევკიისად აკურთხა წმიდამან ხუცესი იგი ქართველი ანტონი. ხოლო ესე სელევკიაჲ მახლობელად დიდისა მის ანტიოქელთა ქალაქისა მყოფი საეპისკოპოსოჲ არს.
ჟ. გარიტის გამოცემა, ქართული ხელნაწერები, ტ.17, Louvain, 1968.
პროკოპი კესარიელი (VI ს.)
ისინი (იბერები) ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ.
...იერუსალიმში იუსტინიანემ შემდეგი მონასტრები განაახლა: წმინდა თალალესი, წმინდა გრიგოლისა... იბერთა მონასტერი იერუსალიმში, ლაზთა მონასტერი იერუსალიმის უდაბნოში.
გეორგიკა, ტ 2.
ანტიოქიური ხრონოღრაფი
(ეფრემ მცირის თარგმანი, მისივე ნაშრომიდან "უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების")
დღეთა კოსტანტინე სკორის მოსახელისაჲთა, ანტიოქიას პატრიაქობასა ნეტარისა თეოფილაქტესსა (პატრიარქობდა 744-751 წწ.), მოვიდეს ქართლით მოციქულად მონაზონნი ორნი და მოუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტეანენი მკვიდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა ანასტასი მღდელ-მოწამისა ანტიოქელ პატრიაქისა ( პატრიარქობდა 561-599 წწ.) არა კურთხეულ არს მათდა კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსი სიძნელისათვის გზისა, რამეთუ აგარიანთაგან ვერვინ იკადრებს სლვად. ხოლო მან ბჭობითა კრებისაჲთა მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა თვისთა თანა მისცა ქართველთა პროტრეპტიკონი, რომელ არს განხსნითი, რაჲთა თვით მათისა საზღვრისა ეპისკოპოსთაგან ხელნი დაესხმოდინ ჟამად-ჟამადსა კათოლიკოსსა ქართლისასა, რაჲცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი გამოირჩიონ მოყუასთა მათ ეკლესიისათა თანადგომითა და წამებითა ეპისკოპოსთაჲთა წესთაებრ საეკლესიოთა. და შეუქმნა მათ აღწერით მოსახსენებელი თავისა თვისისათვის და მუნ შემოკრებულისა კრებისათვის, და ხელთ-დასხმულ ყო ერთი ორთა მათ მისსა მივლინებულთა მონაზონთაგანი სახელით იოანე მის ჟამისა კათალიკოსად მათდა...
თ. ბრეგაძის გამოცემა, თბ.1959.