martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

თხრობანი დიალოღონიდან სიკვდილის შესახებ (ნაწ. 2)

თავი ოცდამეექვსე

როგორ წინასწარმეტყველებენ მომაკვდავი ადამიანები? მონაზვნები – გერონტი და მელეტი და ყრმა არმენტარი

გრიგოლი: ზოგჯერ სულები თავიანთი ბუნებრივი თვისებებით დაფარულს შეიცნობენ. ზოგჯერ სხეულიდან გასული სულები მომავალს გამოცხადებით შეიცნობენ, ხოლო ზოგჯერ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ზეგარდამო მადლით შთაგონებულნი, გონების უსხეულო თვალით ზეციურ საიდუმლოებებს ხედავენ. სული თავისი ბუნებრივი თვისებებით მომავალს რომ შეიცნობს, შემდეგი შემთხვევიდანაც ჩანს. ჩვენს ქალაქში ორი წლის წინ ერთი ადვოკატი გარდაიცვალა. მას ფერდი დაუავადდა. აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მონას მოუხმო და უბრძანა მისთვის ტანსაცმელი მოემზადებინა. ყრმამ იფიქრა, რომ ის ბოდავდა და მისი ბრძანება არ შეასრულა. მაშინ ავადმყოფი ადგა, ჩაიცვა და თქვა, რომ აპიის გზით ნეტარ ქსისტეს ტაძარში მიდის. რამდენიმე ხანში ავადმყოფობის გაძლიერების გამო ის აღესრულა. გადაწყვიტეს, რომ მისი სხეული პრენესტის გზაზე, ნეტარი მოწამის, იანუარიუსის ტაძართან დაეკრძალათ, მაგრამ იმათ, ვინც მის ცხედარს მიასვენებდა, ეს გზა ეშორათ და მოულოდნელად აპიის გზით წასვლა გადაწყვიტეს. მათ არ იცოდნენ, მან სიკვდილის წინ რა თქვა და სწორედ იმ ტაძარში დაკრძალეს, რომელზეც ადვოკატმა იწინასაწრმეტყველა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი საერო საქმიანობას მისდევდა და თანაც ანგარებით იყო შეპყრობილი; როგორ შეძლებდა იგი წინასწარმეტყველებას? ცხადია, თვით მისმა სულმა თავისი ბუნებრივი თვისებებით წინასწარ შეიცნო, რაც მის ცხედარს მოელოდა. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ იგებენ მომაკვდავები მომავალს გამოცხადებით, შეგვიძლია იმის მიხედვით დავასკვნათ, რაც ჩვენს მონასტერში მოხდა.

ათიოდე წლის წინ ჩემს მონასტერში ერთი ძმა, სახელად გერონტი, ცხოვრობდა. ის მძიმედ დაავადდა და ერთხელ, ღამეულ ჩვენებაში, ნათელი პირისახის და ბრწყინვალე სამოსით შემოსილი კაცები იხილა, რომლებიც ზეციდან მონასტერში ეშვებოდნენ. როდესაც ისინი სნეულის საწოლთან წარდგნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: "ჩვენ იმისთვის ვართ წარმოგზავნილნი, რომ გრიგოლის მონასტრიდან მსახურებისთვის ზოგიერთი ძმა წავიყვანოთ"; – შემდეგ მეორეს მიმართა და დაუმატა: – "ჩაიწერე: მარკელე, ვალენტინიანე, აგნელი". მან სხვებიც დაასახელა, რომლებიც ამჟამად აღარ მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ დაუმატა: "ესეც ჩაიწერე, რომელიც ჩვენ შემოგვცქერის". ხსენებულმა ძმამ მოახლოებული აღსასრულის შესახებ მონასტრის ძმებს დილითვე აცნობა. განაცხადა ისიც, რომ თავადაც იგივე ელოდა. მომდევნო დღიდან ნახსენები ძმები იმ მიმდევრობით აღესრულნენ, როგორც ჩაწერილები იყვნენ. უკანასკნელად ის ძმაც გარდაიცვალა, რომელმაც ძმების აღსასრული წინასწარ შეიტყო.

სამი წლის წინანდელი სიკვდილიანობის დროს, როდესაც ეს ქალაქი სრულიად გაუკაცრიელდა (590 წ.), ქალაქ პორტის მონასტერში იყო ძმა, სახელად მელეტი, რომელიც ყრმობაში აღიკვეცა, მაგრამ საკვირველი გულუბრალოება და მორჩილება ჰქონდა. ის თავისი ანგელოზის დღეს ავად გახდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ქალაქის ეპისკოპოსი, ღირსი ფელიქსი, რომლისგანაც ამის შესახებ გავიგე, სნეულთან გაეშურა, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა, რომ სიკვდილის არ შეშინებოდა და ღმერთის მოწყალების სახელით მრავალი წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდა, მაგრამ მომაკვდავმა უპასუხა, რომ მისი სარბიელი დასრულებულია; შემდეგ უამბო, როგორ გამოეცხადა მას ჭაბუკი და წერილი გადასცა სიტყვებით: "გახსენი და წაიკითხე". ავადმყოფმა, როგორც თვითონ ჰყვებოდა, საკუთარი თავი და ყველა, ვინც ხსენებული ეპისკოპოსის მიერ აღდგომის დღესასწაულზე მოინათლა, ოქროს ასოებით ჩაწერილი იხილა. ამ წერილით მელეტი დარწმუნდა, რომ თვითონაც და ისინიც ამ ცხოვრებიდან მალე გავიდოდნენ. ასეც მოხდა. ის იმ დღესვე გარდაიცვალა, ხოლო ამის შემდეგ ყველა ნათელღებული მის გზას გაჰყვა, ისე, რომ რამდენიმე დღეში არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ იყო. აქედან ცხადია, რომ ღმრთის ამ მონამ მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერილი იმიტომ იხილა, რომ ისინი მარადიული ნათლით იქნენ განათლებულნი.

როგორც იმათ გამოცხადებით შეიტყვეს მომავალი, ასევე ზოგჯერ მომაკვდავის სულს ზეციური საიდუმლოებანი არა ძილში, არამედ ცხადში შეუძლია შეიტყოს. ჩემი მონასტრის მონაზონ ამონს კარგად იცნობ. როდესაც ის ჯერ კიდევ ერში იყო, ჩვენი ქალაქის ადვოკატის, ვალერიანეს ქალიშვილზე დაინიშნა. ის ადვოკატის სამსახურით მუდმივად სარგებლობდა, ამიტომ მის სახლში რა ხდებოდა, კარგად იცოდა. უკვე მონასტერში ცხოვრების დროს მიამბობდა, რომ იმ სიკვდილიანობის ჟამს, რომელმაც პატრიც ნარსის დროს რომი ძლიერ გაანადგურა, ხსენებულ ვალერიანეს სახლში ერთი ყრმა, სახელად არმენტარი იყო, რომელიც უჩვეულო სიწრფელითა და სიმდაბლით იყო შემოსილი. როდესაც იგივე სენი ადვოკატის სახლსაც მოედო, ეს ყრმაც დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ის იქ მყოფთა თვალწინ გონებით იქნა აღტაცებული, შემდეგ გონს მოეგო, თავის ბატონს უხმო და მოუთხრო: "ზეცაში ვიყავი და შევიტყვე, ამ სახლში ვინ გარდაიცვლება. ეს, ესა და ეს აღესრულებიან, შენ ნუ გეშინია, ამჟამად არ მოკვდები, ხოლო ჩემი ნათქვამი რომ სიმართლეა, იმით შეიტყობ, რომ ენებზე ლაპარაკის ნიჭი მომეცა. შენ ხომ იცი, ბერძნული სრულებით არ ვიცოდი, ახლა კი ბერძნულად დავილაპარაკებ იმისთვის, რომ დარწმუნდე – ყოველ ენაზე ლაპარაკის ნიჭი მართლაც მომეცა". მაშინ ბატონი ბერძნულად დაელაპარაკა და მან ისე უპასუხა, რომ იქ მყოფნი გაოცდნენ. ვალერიანეს სახლში ბულგარელი მეაფთიაქე ცხოვრობდა. მას მაშინვე ავადმყოფთან მოუხმეს და სთხოვეს – ბულგარულად ესაუბრა; იტალიაში დაბადებული და გაზრდილი ყრმა კი ისე პასუხობდა, თითქოს თვითონაც ბულგარელი ყოფილიყო. ყველა მსმენელი გაკვირვებული იყო და ამ ორ ენაზე ამეტყველების შემდეგ, რომლებიც მანამდე არ იცოდა, ირწმუნეს ყველაფერი, რის შემოწმებასაც ვერ შეძლებდნენ. ორი დღის შემდეგ სიკვდილის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ მესამე დღეს, უცნობი მიზეზების გამო, ყრმამ ხელები და მხრები კბილებით დაიგლიჯა და შემდეგ სული განუტევა. ამის შემდეგ ისინიც მალე აღესრულნენ, ვისზეც მან იწინასწარმეტყველა, მაგრამ სახლში იმ სენით არავინ გარდაცვლილა, ვისი სახელიც სნეულ ყრმას არ დაუსახელებია.

პეტრე: საზარელია, რომ ასეთი ნიჭის მიმღები ამგვარი სასჯელით დაისაჯა.

გრიგოლი: ღმერთის დაფარული მსჯავრი ვინ იცის? რასაც ღმრთის მსჯავრში გონებით ვერ ვწვდებით, მის მიმართ უფრო მეტად ძრწოლა გვმართებს, ვიდრე – ძიება.

თავი ოცდამეშვიდე

მმართველ ფელიქსის აღსასრული

რადგანაც საუბარი მომაკვდავთა სულებზე დავიწყეთ, რომლებიც ბევრ რამეს იგებენ წინასწარ, ვერ დავდუმდები იმის შესახებ, თუ რა გავიგე მრავალი მოწმისაგან ქალაქ ცენტუმცელის (ამჟამად ჩივიტა-ვეკია) მმართველ თეოფანეზე. ის მოწყალე, სიკეთის აღსრულებაში გულმოდგინე და განსაკუთრებით სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. ქვეყნის მართვისას თეოფანე მიწიერ და დროებით საქმეებს აღასრულებდა, მაგრამ როგორც მისი აღსასრულის ჟამს გაირკვა, ამას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდა და არა – ანგარებით. მისი აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ამინდი შეიცვალა. მისი მეუღლე მწარედ ატირდა და ამბობდა: "რაღა ვქნა, როგორ დაგასაფლაო, როდესაც უამინდობის გამო სახლის ზღურბლის გადაბიჯებაც კი შეუძლებელია. მან მიუგო: "ნუ ტირი, როგორც კი მოვკვდები, ცა განათდება". ის ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღესრულა, ხოლო მის სიკვდილს ამინდის გამოსწორება მოჰყვა. ამ სასწაულს სხვა სასწაულებიც ახლდა. სნეულს ხელ-ფეხი ნიკრისის ქარით ჰქონდა დასიებული და დაწყლულებული და ჩირქისგან ყარდა. როდესაც გასაპატიოსნებლად მიცვალებულს სამოსი გახადეს, ხელებიც და ფეხებიც სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა, თითქოს ჭრილობები არასოდეს მიჰკარებოდა. შემდეგ სასაფლაოზე გადაასვენეს. მისმა მეუღლემ მეოთხე დღეს მარმარილოს ქვის შეცვლა გადაწყვიტა. როდესაც ქვა აიღეს, მისი საფლავიდან ისეთი კეთილსურნელება ამოიფრქვა, თითქოს მისი ხრწნადი სხეულიდან ჭიაღუების ნაცვლად ნელსაცხებლები ამოდიოდა. ზოგიერთნი, (რწმენაში) მერყევნი, რომელთაც ამის შესახებ ჩემგან გაიგეს, დაეჭვდნენ. მაგრამ ერთხელ წარჩინებულ კაცთა კრებულში გახლდით. იქ სწორედ ის ხელოსნები მოვიდნენ, რომლებმაც თეოფანეს საფლავზე ქვა გამოცვალეს. ისინი ჩემთან თავიანთი საქმის გამო მოვიდნენ. მაშინ მათ იმ სასწაულის შესახებ კლერიკოსების, წარჩინებული კაცებისა და ხალხის თანდასწრებით ვკითხე. მათ დაადასტურეს, რომ საფლავი კეთილსურნელებით სასწაულებრივად იყო აღვსილი. მათ მისი კუბოს შესახებ კიდევ უფრო საოცარი რამ თქვეს, მაგრამ ამის შესახებ თხრობა დიდ დროს წაგვართმევს.

პეტრე: საკმარისია, ჩემი ცნობისწადილი დაკმაყოფილებულია, მაგრამ კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს. თუკი, როგორც ზემოთ ითქვა, წმინდანთა სულები ზეცაში მკვიდრობენ, მაშინ ეჭვსგარეშეა, ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთში არიან. მაგრამ მართლაც ასეა ეს თუ არა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ადამიანური განსჯა არ უშვებს, ცოდვილთა სულები საყოველთაო სამსჯავრომდე ჯოჯოხეთში დაიტანჯონ.

 

თავი ოცდამეათე

არიოზელი მეფე თეოდორიკეს აღსასრული

გრიგოლი: რადგან ასეთი ძალისხმევის შედეგად ირწმუნე, ვფიქრობ ჯილდოდ სარწმუნოება გაგიმრავლო და ის გიამბო, რაც სარწმუნო ადამიანებისაგან გავიგე. შვიდი წლის წინ გარდაცვლილი იულიანე, მეორე აპოკრისიარი რომის ეკლესიისა (რომელსაც ღმრთის ნებით ვემსახურები), ჩემთან ხშირად მოდიოდა, როდესაც ჯერ კიდევ მონასტერში ვცხოვრობდი და, როგორც წესი, სულის მარგებელ საგნებზე მესაუბრებოდა. ერთხელ მან შემდეგი რამ მიამბო: "მეფე თეოდორიკეს მეფობის ჟამს ჩემი სიმამრის მამა სიცილიაში მებაჟის მოვალეობას ასრულებდა და უკვე იტალიაში ბრუნდებოდა. მისი ხომალდი კუნძულ ლიპარისს მიადგა. იქ ერთი მეუდაბნოე ცხოვრობდა, რომელიც უდიდესი სათნოებებით იყო შემკული. ვიდრე მეზღვაურები ხომალდის აღკაზმულობას ამზადებდნენ, ჩემი სიმამრის მამამ გადაწყვიტა (თანამგზავრებთან ერთად) ღმრთის კაცი მოენახულებინა და მისგან ლოცვა-კურთხევა მიეღო. წმინდანმა ისინი მიიღო და საუბარში უთხრა: "იცით, რომ მეფე თეოდორიკე აღესრულა?" მნახველებმა მაშინვე მიუგეს: "არა, ჩვენ ის ცოცხალი დავტოვეთ და მის შესახებ მსგავსი არაფერი გვსმენია". ღმრთის მონამ კვლავ უთხრა: "მართლა აღესრულა: გუშინ, ცხრა საათზე, შიშველი და ხელებშეკრული, პაპმა იოანემ და პატრიცმა სიმაქმა წაიყვანეს და მეზობლად მდებარე ვულკანის ყელში ჩააგდეს". ამის გამგონეთ ის დღე ზუსტად ჩაიწერეს და იტალიაში დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ მეფე თეოდორიკე სწორედ იმ დღეს აღესრულა, როდესაც ღმრთის მონას მისი აღსასრულისა და სასჯელის შესახებ ეცნობა". იმის გამო, რომ მეფე თეოდორიკემ პაპი იოანე საპყრობილეში აწამა, ხოლო პატრიცი სიმაქი მახვილით მოკლა, როგორც გამოცხადებაში გამოჩნდა, ცეცხლში სწორედ იმათ ჩააგდეს, ვინც მან ამ ცხოვრებაში უსამართლოდ დასაჯა.

თავი ოცდამეთერთმეტე

რეპარატის აღსასრული

იმ დროს, როდესაც განმარტოების სურვილი ჩემში ჯერ კიდევ ახალი აღძრული იყო, ჩემთან ერთი პატივცემული მოხუცი, სახელად დეუსდედიტი, მეგობრობდა, რომელიც ჩვენი ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეთა მეგობარიც იყო. მან შემდეგი რამ მიამბო: გუთების დროს ერთი წარჩინებული კაცი (სენატორი), სახელად რეპარატი, სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ის მიცვალებულივით ხმაწართმეული და გაშეშებული დიდხანს იწვა. მის სანახავად მოსულები და ოჯახის წევრები უკვე როგორც მიცვალებულს, ისე დასტიროდნენ, მაგრამ ის უეცრად გამოცოცხლდა და მოტირალთა ცრემლი გაკვირვებამ შეცვალა. მან თქვა: "წმიდა მოწამე ლავრენტის ტაძარში, რომელსაც მისი აღმაშენებლის სახელის მიხედვით დამასი ეწოდება, სასწრაფოდ მონა გაგზავნეთ, რათა შეიტყოს და ჩვენც გვაცნობოს, პრესვიტერ ტიბურცის თავს რა ხდება". ტიბურცი, როგორც ამბობენ, მაშინ ხორციელ ვნებებს ემონებოდა. მისი ცხოვრება და ზნე იმ ეკლესიის ამჟამინდელ პრესვიტერ ფლორენცის კარგად ახსოვს. მონა წავიდა, ხოლო რეპარატმა გვიამბო, რაც შეიტყო იქ, სადაც აღყვანილ იქნა: "დიდი კოცონი იყო მომზადებული; პრესვიტერი ტიბურცი ცეცხლთან მიიყვანეს და შიგ ჩააგდეს; შემდეგ შეშა შემოუწყვეს და ცეცხლი აენთო. მეორე კოცონიც მზადდებოდა, რომელიც ცას სწვდებოდა". ამის გამგონე მსმენელებმა შესძახეს: "ვისთვის?" მაგრამ რეპარატი ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღესრულა, ხოლო მონას, რომელიც ტიბურცისთან გაგზავნეს, ის მიცვალებული დახვდა. ცხადია, რეპარატი ტანჯვის ადგილებზე იქნა მიყვანილი, იხილა ისინი, სიცოცხლეს დაუბრუნდა, გვამცნო და შემდეგ აღესრულა. ეს ჩვენთვის მოხდა, რათა ვიდრე ამ ქვეყნად ვართ, უკეთურ საქმეებს განვეშოროთ. რეპარატმა ცეცხლის მომზადება იმიტომ კი არ ნახა, რომ ჯოჯოხეთში შეშა იწვის, არამედ ცოცხალთათვის გასაგებად რომ გადმოეცა, ცოდვილთა ტანჯვის ადგილზე ის იხილა, რითაც ამქვეყნად მცხოვრებნი ნივთიერ ცეცხლს ანთებენ, რათა მათ ნაცნობ საგნებზე თხრობით ის შეიცნონ, რაც ჯერ კიდევ არ იციან.

თავი ოცდამეთორმეტე

კურიალის აღსასრული, რომლის საფლავიც დაიწვა

სირაკუზის ეპისკოპოსი, ღმრთისმოყვარე მაქსიმიანე, რომელიც რომში ჩემს მონასტერს დიდხანს წინამძღვრობდა, ვალერიის ოლქში მომხდარ ერთ საზარელ ამბავს მიამბობდა. იქ ერთი კურიალი (რომის კურიის წევრი) დიდ შაბათს ნათლისღების საიდუმლოში ერთ ახალგაზრდა ქალწულს ნათლიად დაუდგა. სახლში დაბრუნებულმა ღვინო უზომოდ დალია, თავის ნათლულს სთხოვა იმ ღამით მასთან დარჩენილიყო და იმავე ღამით (სათქმელადაც კი საშინელია) განხრწნა იგი. დილით, ამ უწმინდურების ჩადენის შემდეგ, აბანოში წასასვლელად მოემზადა, თითქოს ცოდვას წყალი ჩამორეცხდა; დაიბანა და შიშით იწყო ფიქრი, ეკლესიაში როგორ წავიდოდა: ასეთ დღეს (აღდგომას) ეკლესიაში არ მისულიყო – ხალხის რცხვენოდა, წასულიყო და – ღმერთის სასჯელის ეშინოდა. ადამიანთა წინაშე სირცხვილმა სძლია და ეკლესიაში წავიდა, მაგრამ შიშითა და ძრწოლით იდგა, ყოველ წუთს ელოდა, რომ არაწმინდა სული ეკვეთებოდა და წამებას ხალხის წინაშე დაუწყებდა, მაგრამ მსგავსი რამ წირვის განმავლობაში არ დამართნია. ის გახარებული გამოვიდა და უკვე სრულიად უზრუნველად ეკლესიაში მეორე დღესაც წავიდა. ის ეკლესიაში ამგვარად ექვსი დღე დადიოდა და ფიქრობდა, რომ ღმერთს ან მისი ცოდვა არ უხილავს, ან მოწყალებით შეუნდო, მაგრამ მეშვიდე დღეს ის მოულოდნელად მოკვდა და დაასაფლავეს. დიდი ხნის შემდეგ, ყველას თვალწინ, მისი საფლავიდან ცეცხლი აღმოხდა და მის ძვლებს იქამდე წვავდა, ვიდრე კუბო და მასზე დაყრილი მიწაც არ დაიწვა. ამით ყოვლისშემძლე ღმერთმა აჩვენა, რა დღეში იყო საიდუმლოდ იმ ადამიანის სული, რომლის სხეული ადამიანთა თვალწინ ცეცხლით შეიმუსრა. ჩვენ კი, ამ ამბის მსმენელთ, საზარელი გაკვეთილი მოგვცა, როგორ იტანჯება ცოდვების გამო ცოცხალი და გრძნობის მქონე სული, თუკი ამგვარი ცეცხლით უგრძნობი ძვლებიც კი იწვის.

პეტრე: მსურს ვიცოდე, ცათა სასუფეველში კეთილი ადამიანები ერთმანეთს თუ ცნობენ და ჯოჯოხეთში ბოროტები – ბოროტებს?

თავი ოცდამეთოთხმეტე

ღმრთისმოსავი კაცი, რომელმაც სიკვდილის ჟამს წინასწარმეტყველები იხილა

ერთმა ჩვენმა ახლობელმა კაცმა, რომელიც ღირსეულად, ღმრთისმსახურებით ცხოვრობდა და ოთხი წლის წინ აღესრულა, სხვა ღმრთისმოსავ კაცთა დამოწმებით, ვინც მის აღსასრულს დაესწრო, სიკვდილის ჟამს წინასწარმეტყველები – იონა, ეზეკიელი და დანიელი იხილა, ისინი სახელებით მოიხსენია და თავისი ბატონები უწოდა. მან მასთან მყოფთ წინასწარმეტყველთა მოსვლის შესახებ აცნობა, თავმდაბლური გამოხედვით მათ მიმართ კრძალვა გამოხატა და შემდეგ სული ღმერთს შეჰვედრა. აქედან სრულიად ცხადი ხდება, იმ უხრწნელ ცხოვრებაში როგორი შემეცნება იქნება, როდესაც ამ კაცმა წინასწარმეტყველნი, რომლებიც თვალით არასოდეს უხილავს, ჯერ კიდევ ხრწნად ხორცში ყოფნის დროს შეიცნო.

თავი ოცდამეთექვსმეტე

სულების შესახებ, რომლებიც თითქოს სხეულიდან მხოლოდ მოჩვენებითად გადიან; მონაზონ პეტრეს გარდაცვალება და გაცოცხლება, სტეფანეს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა; ერთი მეომრის ხილვა

გრიგოლი: ეს გასვლა მოჩვენებითი კი არ არის, პეტრე, არამედ გაფრთხილებაა, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით. ღმერთი თავისი სახიერებითა და გამოუთქმელი მოწყალებით იმგვარად აწყობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ჭეშმარიტი სიკვდილის შემდეგ მოულოდნელად ცოცხლდება და შიში ეუფლება ნანახი ჯოჯოხეთური ტანჯვის გამო, რომლის შესახებ გაგონილი კი ჰქონდა, მაგრამ არ სწამდა. ერთი ილირიელი მონაზონი, რომელიც ამ ქალაქში ჩემთან ერთად ცხოვრობდა მონასტერში, ამბავს მომითხრობდა, რომელიც ერთ იბერიელ მონაზონ პეტრეს გადახდა. როდესაც ის ილირიელი მონაზონი უდაბნოში ცხოვრობდა, რომელსაც ევაზა ჰქვია, მასთან სწორედ ეს პეტრე დასახლდა და თავის შესახებ ამგვარი რამ უამბო: უდაბნოში წასვლამდე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, პეტრე გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლე მალე დაუბრუნდა. მან ცეცხლით აღვსილი ჯოჯოხეთური ტანჯვის უამრავი ადგილი იხილა, სადაც რამდენიმე გამოჩენილი ადამიანიც ნახა. როდესაც ცეცხლში ჩასაგდებად ისიც მიჰყავდათ, უეცრად ბრწყინვალე სამოსით შემოსილი ანგელოზი გამოჩნდა, რომელმაც მისი ცეცხლში ჩაგდების უფლება არ მისცა და პეტრეს უთხრა: "დაბრუნდი და ყურადღებით დაუფიქრდი, ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვრო". ამ სიტყვების შემდეგ მიცვალებულს სხეული თანდათან გაუთბა, მარადიული სიკვდილის ძილისგან გაიღვიძა და მოჰყვა, რაც დაემართა. ამ საზარელი ამბის შემდეგ ის გამოფხიზლდა და იმგვარი მარხვითა და მღვიძარებით ცხოვრობდა, რომც არაფერი ეთქვა, თვით მისი ცხოვრება აცხადებდა, რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა იხილა და შეძრწუნებული იყო. ამგვარად, ღმერთის სახიერებამ სიკვდილის გზით იხსნა ის მარადიული სიკვდილისგან.

რადგან ადამიანის გული ზოგჯერ მომეტებულად არის გაუხეშებული, კეთილისმყოფელი გავლენა თვით ჯოჯოხეთური სატანჯველის ხილვასაც კი არა აქვს. სტეფანე, სახელგანთქმული კაცი, რომელსაც კარგად იცნობ, ჩვეულებრივ, თავის თავზე მოგვითხრობდა, რომ რაღაც საქმის გამო კონსტანტინოპოლში შეყოვნდა, ავად გახდა და გარდაიცვალა. იმ დღეს ექიმი და ნელსაცხებლების გამყიდველი ვერ ნახეს, რომ მისი სხეული გაეკვეთათ და ბალზამირება მოეხდინათ. სხეული მომდევნო ღამითაც არ დაუკრძალავთ. სტეფანე ჯოჯოხეთში იქნა ჩაყვანილი და მრავალი ისეთი რამ ნახა, რაც მანამდე არ სწამდა. იქ იგი მსაჯულთან მიიყვანეს, მაგრამ მან არ მიიღო და თქვა: "ამის მოყვანა კი არ დაგავალეთ, არამედ მჭედელ სტეპანესი". ის დაუყოვნებლივ სხეულში დააბრუნეს, ხოლო სტეპანე, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, იმ წამსვე გარდაიცვალა. ამგვარად, თვით სტეპანეს სიკვდილმა დაამტკიცა, რომ სტეფანეს მიერ გაგონილი სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა.

შენ იცი, რომ ეს სტეფანე იმ ჟამიანობამდე, რომელმაც ჩვენი ქალაქი მოსრა, სამი წლით ადრე გარდაიცვალა. მაშინ ხორციელი თვალითაც კი ჩანდა ისრები, რომლებიც ზეციდან ეშვებოდა და ყველას სიკვდილით ემუქრებოდა. ჩვენს ქალაქში ერთი მეომარი იმ სნეულებით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი სხეული უსულოდ ესვენა, მაგრამ მისი სული სხეულში მალე დაბრუნდა და გარშემომყოფთ უამბობდა, თუ რა გადახდა. როგორც ის ამბობდა, ხიდი იხილა, რომლის ქვეშ შავი და ბურუსით მოცული მდინარე მიედინებოდა და იქიდან საშინელი სიმყრალე და შავი ნისლი ამოდიოდა. ხიდს იქით ფართო, ამწვანებული მინდორი ჩანდა, რომელიც სურნელოვანი მცენარეებით იყო დაფარული. იქ თეთრებში მოსილ ადამიანთა კრებული მოჩანდა. იმ ადგილზე ისეთი კეთილსურნელება იყო, რომ თვით ეს კეთილსურნელება კვებავდა იქ მცხოვრებ ადამიანებს. იქ სხვადასხვაგვარი, სინათლით აღვსილი სახლები იდგა. იქვე იდგა საოცრად ლამაზი სახლი, რომელიც თითქოს ოქროს აგურებით იყო აგებული, მაგრამ ვისი იყო, ვერ შეიტყო. მდინარის პირზეც იდგა სახლები. ზოგიერთში სიმყრალე და სიბნელე აღწევდა, რომელსაც მდინარე გამოსცემდა, სხვებში კი – არა. ხიდზე გადამსვლელს ამგვარი განსაცდელი უნდა გადაელახა: თუკი უსჯულო მის გადალახვას მოისურვებდა, ის მდინარეში ვარდებოდა, ხოლო მართლები, რომელთაც ცოდვა არ ამძიმებდათ, მშვენიერ მინდორზე თავისუფლად და უშიშრად გადადიოდნენ. მან თქვა, რომ იქ იხილა საეკლესიო თემის უფროსი პეტრე, რომელიც ოთხი წლის წინ აღესრულა. ის ამ საზარელ ადგილზე თავდაღმა ეკიდა და მძიმე ბორკილებით იყო შეკრული. როდესაც იკითხა, ამგვარად რის გამო იტანჯებოდა, ესმა ის, რაც ჩვენც, ვინც მას ვიცნობდით საეკლესიო თემში, გვაგონდება. კერძოდ, ითქვა: "იმიტომ იტანჯება ამგვარად, რომ როდესაც ვინმეს დასჯას უბრძანებდნენ, ის არა იმდენად მოვალეობას აღასრულებდა, რამდენადაც მრისხანების ვნებით აღძრული ურტყამდა". ეს რომ მართლაც ასე იყო, ყველამ იცის, ვინც მას იცნობდა. იქ კიდევ ერთი უცხოტომელი პრესვიტერი ვიხილე, – მოგვითხრობდა ის, – რომელიც ხსენებულ ხიდზე ისეთი გაბედულებით გადავიდა, როგორი გულწრფელობითაც ამქვეყნად ცხოვრობდა. იმავე ხიდზე იცნო მან სტეფანეც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. როდესაც სტეფანემ ხიდზე გადასვლა მოისურვა, ფეხი დაუცდა და წელამდე ხიდს ქვევით აღმოჩნდა, სადაც მდინარიდან საზარელი გარეგნობის კაცები ამოდიოდნენ და ფეხით ქვევით ეწეოდნენ, ხოლო სხვები, მშვენიერი გარეგნობისანი, თეთრებში შემოსილნი, მხრებით ზევით ეწეოდნენ. ამ ბრძოლის დროს, ანუ როდესაც კეთილი სულები ზევით ეწეოდნენ, ხოლო ბოროტები – ქვევით, ამ ხილვის მხილველი სხეულში დაბრუნდა და არაფერი იცოდა, შემდეგ სტეფანეს რა დაემართა. იმ შემთხვევის მიხედვით, რაც სტეფანეს შეემთხვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიცოცხლეში მასში ხორციელი უკეთურება მოწყალების საქმეებს ებრძოდა. იმის მიხედვით, რომ მას ფეხით ქვევით ეწეოდნენ, ხოლო მხრებით ზევით, ცხადია, რომ მას მოწყალებაც უყვარდა და სრულად არც ცოდვას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ფარული გულისსიტყვების ამ ბრძოლაში რომელი სძლევს, არც ჩვენთვის არის ცნობილი და არც იმისთვის, ვინც იხილა და კვლავ ამ ცხოვრებაში დაბრუნდა. მხოლოდ ის არის ცხადი, რომ სტეფანემ არც ჯოჯოხეთის ხილვის შემდეგ გამოასწორა ცხოვრება ჯეროვნად და მრავალი წლის შემდეგ (მარადიულ) სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ახალი ბრძოლისათვის გარდაიცვალა. ამით იმასაც ვიგებთ, რომ ჯოჯოხეთური სატანჯველის ხილვა ზოგიერთებისთვის სასარგებლოა, სხვებისთვის კი – ზიანის მომტანი: ერთნი მას საშინელების ხილვის შემდეგ უფრთხიან, სხვები კი უფრო მკაცრად განისჯებიან, რომ არ ისურვეს უკვე ნანახი და მათთვის ცნობილი ჯოჯოხეთის სატანჯველი აეცდინათ.

პეტრე: მითხარი, გეთაყვა, რას ნიშნავს, რომ მშვენიერ ადგილზე ოქროს აგურებით აგებული სახლი იდგა? სასაცილოდ მეჩვენება იმის დაჯერება, რომ ასეთი ლითონები იმ ცხოვრებაშიც დაგვჭირდება.

თავი ოცდამეჩვიდმეტე

რას ნიშნავს სახლის აგება მშვენიერ ადგილზე. დეუსდედიტი, რომლის სახლი, ხილვის თანახმად, მხოლოდ შაბათობით შენდებოდა. სოდომელთა სასჯელის შესახებ

გრიგოლი: ასე ვინ იფიქრებს, თუ საღ გონებაზეა? ნანახი ცხადად გვიჩვენებს, აქ როგორ იღვწის ის, ვისთვისაც სახლი შენდება. ვინც აქ უხვი მოწყალებებით მარადიული ნათლის ჯილდოს დაიმსახურებს, უეჭველია, იქ ოქროს სახლს აიგებს. იმასაც გეტყვი, რაც ადრე გამომრჩა: ის მეომარი, რომელმაც შენობები იხილა, გვიამბობდა, რომ ოქროს აგურები სახლის ასაგებად მოხუცებსა და ჭაბუკებს, ქალწულებსა და ყრმებს მოჰქონდათ. აქედან ცხადია, რომ ისინი, ვის მიმართაც მწყალობელმა სიყვარული გამოხატა, იქ მისთვის სახლს აგებდნენ.

ჩვენთან ახლოს ერთი ღმრთისმოსავი ხარაზი, სახელად დეუსდედიტი ცხოვრობდა. იგი სხვა კაცმა ხილვაში ასე ნახა: მისთვის სახლი შენდებოდა, მაგრამ მშენებლები მხოლოდ შაბათობით მუშაობდნენ. მან, ვისაც ხილვა ჰქონდა, გამოძიების შემდეგ შეიტყო, რომ დეუსდედიტს წესად ჰქონდა ყოველ შაბათს წმიდა პეტრეს ტაძარში მისულიყო და უპოვართათვის ის მიეცა, რაც კვირის დანარჩენ დღეებში საჭმელისა და სამოსის შეძენის შემდეგ რჩებოდა. ამიტომ ჩანდა, რომ მისი სახლი მხოლოდ შაბათობით შენდებოდა.

პეტრე: საკმაოდ შევიტყვე ამ საკითხის შესახებ. მაგრამ, მითხარი, გეთაყვა, რატომ აღწევდა ზოგიერთ სახლში მყრალი წყვდიადი, ზოგიერთს კი არ ეხებოდა? აგრეთვე, რომელი მდინარე და ხიდი იხილა გარდაცვლილმა?

გრიგოლი: სიმბოლური ხილვების მიხედვით შეგვიძლია, საყვარელო პეტრე, ადამიანთა დამსახურებანი შევიცნოთ. მეომარმა მართლები ხიდის გავლით მშვენიერ ადგილზე გადასულები იმიტომ იხილა, რომ "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა" (მათ. 7, 14). ქვემოთ ამყრალებული მდინარე იმიტომ იხილა, რომ ამქვეყნიდან ჯოჯოხეთში ყოვედღიურად ხორციელი ვნების სიმყრალე ჩაედინება. მყრალი წყვდიადი ზოგიერთ სახლში აღწევდა, ხოლო ზოგიერთებს – ვერ ეხებოდა: ეს ნიშნავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მრავალ სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ წარმოსახვებში ხორციელი სიბილწით ტკბებიან. მყრალი სიბნელე სრულიად სამართლიანად აღწევს იმათ სახლებში, ვისაც აქ ხორცის სურნელი ატკბობს. ნეტარმა იობმა ხორციელი ტკბობა სურნელის სახით იხილა და განცხრომაში მყოფ და გემოთმოყვარე ადამიანზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ჭიაღუები ატკბარუნებენ მას" (იობ. 24, 20). ვინც გულს ხორციელი ტკბობისგან სრულებით იცავს, მათ სახლებში, ეჭვგარეშეა, სიმყრალე ვერ აღწევს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან მყრალი სიბნელე ჩვენს განსასწავლად იხილა, რადგან ხორციელი ტკბობა მათდამი დამონებული ადამიანის გონებას იმდენად აბნელებს, რომ ის ჭეშმარიტი ნათლის ელვარებას ვეღარ ხედავს – რაც უფრო ბილწი სიამოვნებებით არის დაცემული, მისთვის უმაღლესი საგნები მით მეტი სიბნელით არიან მოცული.

პეტრე: შეიძლება წმიდა წერილის მონათხრობით დავადასტუროთ, რომ ხორციელ ადამიანთა ცოდვები სიმყრალით ისჯება?

 გრიგოლი: შეიძლება. შესაქმის წიგნიდან ვიცით, რომ "უფალმან აწKმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი" (დაბ. 19, 24), რათა ამ ქალაქთა მცხოვრებნი ცეცხლსაც დაეწვა და გოგირდის მყრალ სუნსაც დაეტანჯა. ისინი ხრწნადი სხეულის მიმართ დანაშაულებრივი სიყვარულით იწვოდნენ, ამიტომაც ცეცხლისა და სიმყრალისაგან ამოწყდნენ, რათა თავიანთ სასჯელში შეეცნოთ, რომ მარადიულ სიკვდილს თავისივე ვნებების სიმყრალით ტკბობისათვის მიეცნენ.

პეტრე: ვაღიარებ, აღარაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რაშიც აქამდე ეჭვი შემქონდა.

თავი ოცდამეთვრამეტე

ჯერ კიდევ სხეულში მყოფი სულები მომავალ სასჯელს ნაწილობრივ ხედავენ; ყრმა თეოდორეს შესახებ; ქრისაორისა და იკონიელი მონაზვნის აღსასრული

გრიგოლი: იმის ცოდნაც გმართებს, რომ ზოგჯერ, ჯერ კიდევ სხეულში მყოფი სულები, მათთვის განკუთვნილ სასჯელს ნაწილობრივ ხედავენ. ეს თვით მათი ან მსმენელთა სწავლებისთვის ხდება. ჩემთან, მონასტერში, ერთი ყრმა დასახლდა. მას თავისი ძმა თეოდორეც მოჰყვა, უფრო გამოუვალი მდგომარეობის გამო, ვიდრე – თავისი ნებით. ის ფრიად მოუსვენარი იყო, თუკი ვინმე სულის ხსნაზე საუბრობდა, მოსმენა უმძიმდა, რადგან არათუ სიკეთის ქმნა, მასზე სიტყვის გაგონებაც არ შეეძლო. თეოდორე ფიცით, მრისხანებითა და დაცინვებით ადასტურებდა, რომ მონაზვნური წმიდა ცხოვრება არასოდეს სურდა. ჟამიანობის დროს, რომელმაც ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა, ისიც დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. მასთან ძმები შეიკრიბნენ, რომ მის აღსასრულს ლოცვით შეხვედროდნენ. მას კიდურები უკვე ცივი ჰქონდა და მაცოცხლებელი სითბო მხოლოდ მკერდში ჰქონდა შერჩენილი. ძმებმა მისი აღსასრულის მოახლოვება რომ იგრძნეს, ლოცვა უფრო გულმოდგინედ დაიწყეს. უეცრად მან ხმამაღალი შეყვირებით მათ ლოცვა შეაწყვეტინა: "გამეცალეთ, გამეცალეთ; ურჩხულს ვარ მიცემული შესაჭმელად, მაგრამ თქვენი აქ ყოფნის გამო ვერ მჭამს. ჩემი თავი უკვე გადაყლაპა; მიეცით საშუალება, რომ მეტად აღარ მაწამოს და რაც უნდა, მიყოს. თუკი უნდა შემჭამოს, თქვენ გამო რად უნდა შეყოვნდეს?" მაშინ ძმებმა უთხრეს: "ძმაო, რას ამბობ? პირჯვარი გამოისახე". მაგრამ მან ყვირილით უპასუხა: "მინდა პირჯვარი გამოვისახო, მაგრამ მისი ქერცლი ხელს მიშლის". ამის გამგონე ძმები მიწაზე განერთხნენ და მის დასახსნელად ლოცვა კიდევ უფრო მხურვალედ, ცრემლით დაიწყეს. უეცრად სნეული უკეთ გახდა და ხმამაღლა შესძახა: "მადლობა ღმერთს! ურჩხული, რომელიც შეჭმას მიპირებდა, გაიქცა. ის თქვენმა ლოცვამ განდევნა, აქ დგომა ვეღარ შეძლო. ილოცეთ მხოლოდ ჩემი ცოდვების გამო, მზად ვარ შევინანო და საერო ცხოვრება სრულიად დავტოვო". ამგვარად, ადამიანს, რომელსაც კიდურები უკვე ცივი ჰქონდა, სიცოცხლე დაუბრუნდა, რადგან მთელი გულით ღმერთისკენ მოიქცა. მას შემდეგ მან აზრები შეიცვალა, გულშემუსვრილებით ხანგრძლივად იღვაწა და მისი სული სხეულს მხოლოდ ამის შემდეგ გაეყარა.

პირიქით, ქრისაორი, როგორც ზემოთ ნახსენები პრობი გვიამბობდა, ძალიან მდიდარი იყო და იმდენივე მანკიერება ჰქონდა, რამდენიც ქონება: ქედმაღალი და ამპარტავანი იყო, ხორციელ ვნებებს დამონებული, ანგარი და ხარბი, სიმდიდრის შეძენის სურვილით შეპყრობილი. ღმერთმა განაჩინა მისი ბილწებისთვის ბოლო მოეღო და ხორციელი სნეულება მოუვლინა. ქრისაორი სიკვდილის პირას აღმოჩნდა და სწორედ იმ დროს, როდესაც სული ხორცს უნდა გაჰყროდა, თვალით შავი და საზარელი სულები იხილა, რომლებიც მის წინაშე იდგნენ და მზად იყვნენ მისი სული ჯოჯოხეთის საპყრობილეში ჩასაგდებად ამოეტაცათ. ის ათრთოლდა, გაფითრდა, ხმამაღლა ითხოვდა დროის გახანგრძლივებას და უცნაური და შემაძრწუნებელი ხმით ეძახდა შვილს, მაქსიმეს, რომელიც მე უკვე მონაზონი ვიხილე: "მაქსიმე, გამოიქეცი, შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, შემეწიე შენი რწმენით". შეშფოთებულმა მაქსიმემ მაშინვე მოირბინა; მთელი ოჯახი შეიკრიბა ტირილითა და ძრწოლით. ბოროტ სულებს, რომელთაგან ის ასე იტანჯებოდა, ისინი ვერ ხედავდნენ, მაგრამ მისი შფოთის მიხედვით მათი იქ ყოფნა შეიცნეს. მათი შავი სახეების ხილვით შეძრწუნებული ქრისაორი საწოლში აქეთ-იქით აწყდებოდა. მათ მარცხენა მხარეს გადაბრუნებულიც ხედავდა და კედლისკენ მიქცეულიც. უკიდურესად შეჭირვებულმა მათგან გამოხსნის იმედი დაკარგა და ხმამაღლა აყვირდა: "თუნდაც დილამდე მაცალეთ! თუნდაც დილამდე!" მაგრამ სული სწორედ ამ ყვირილში ამოართვეს. ცხადია, რომ ეს ხილვა იყო არა მისთვის, არამედ – ჩვენთვის, რათა მისმა ხილვამ სარგებლობა ჩვენ მოგვიტანოს, რადგან მას ხილვამ რა სარგებლობა მოუტანა, როდესაც დროს ითხოვდა და არ მიეცა?

ჩვენი ისავრიელი პრესვიტერი ათანასე საზარელ ამბავს გადმოგვცემს, რომელიც მისი იკონიაში მსახურობის დროს მოხდა. იქ არის გალატელთა მონასტერი, რომელშიც ერთი მონაზონი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. გარეგანად ყველა ქმედებით ის კეთილის აღმასრულებელი და ღმრთის მოშიში ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ისე არ ცხოვრობდა, როგორც ერთი შეხედვით გეგონებოდა. ეს მისმა აღსასრულმა გამოაჩინა. ძმებს ის თავს მმარხველად აჩვენებდა, მაგრამ ჩვევის გამო ფარულად ჭამდა. ძმებმა მისი მანკიერების შესახებ არაფერი იცოდნენ. ავადმყოფობის გამო ის სიკვდილის პირას აღმოჩნდა. აღსასრულის წინ მან ძმებს უხმო. ძმები მისგან რაიმე სანუგეშოსა და დიდებულს ელოდნენ, რადგან დიდ მოსაგრედ მიაჩნდათ, მაგრამ ის შფოთითა და თრთოლვით უნდა გამომტყდარიყო, რომელი მტრის ხელში იყო ჩავარდნილი სიკვდილის წინ. მომაკვდავი ამბობდა: "როდესაც თქვენ გეგონათ, რომ თქვენთან ერთად ვმარხულობდი, ფარულად ვჭამდი, და აჰა, ურჩხულმა უნდა შემჭამოს, რომელმაც კუდით ფეხები შემიკრა, ხოლო თავი პირში ჩამიყო და სულს მწოვს!" ამ სიტყვების წარმოთქმისას ის აღესრულა. ურჩხული, რომელიც მან იხილა, არ ელოდებოდა, ის სინანულით მისგან როდის გათავისუფლდებოდა. როგორც ჩანს, მონაზონმა ხილვა მხოლოდ მსმენელთა სარგებლობისათვის იხილა. მან თავი ვერ დააღწია მტერს, რომელსაც ასე აშკარად ემონებოდა.

 

თავი მეორმოცე

დიაკვან პასხაზის სულის შესახებ

როდესაც ჭაბუკი ვიყავ და საერო სამოსით ვიმოსებოდი, უფროსი ადამიანებისგან გავიგე, რომ ჩვენი სამოციქულო საყდრის დიაკვანი, პასხაზი, რომლისგან სულიწმიდის შესახებ ნათლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე წიგნები გვაქვს, საკვირველი სიწმინდის, მოწყალე ადამიანი იყო. ის საკუთარ თავზე არ ზრუნავდა და უპოვართ აძლევდა საზრდოს. პასხაზი მორწმუნეებს შორის წამოჭრილ მხურვალე დავაში სიმაქისა და ლავრენტის გამო, რომლებიც პირველიერარქის ტახტზე უნდა აერჩიათ, მხარს უკანასკნელს უჭერდა. სხვათა ერთსულოვანი წინააღმდეგობით ძლეული, ის სიცოცხლის ბოლომდე თავისი აზრის ერთგული დარჩა, ლავრენტი უყვარდა და უპირატესობას მას ანიჭებდა, რომელიც ეპისკოპოსთა მსჯავრმა ეკლესიის წინამძღოლობის ღირსი არ გახადა. პასხაზი იმ დროს აღესრულა, როდესაც სამოციქულო საყდარს სიმაქი განაგებდა. როდესაც პასხაზის ცხედარს მიასვენებდნენ, ერთი შეპყრობილი მის სუდარას შეეხო და მაშინვე განიკურნა. დიდი ხნის შემდეგ, კაპუის ეპისკოპოს გერმანეს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ექიმებმა სნეულებისგან განსაკურნებლად ანგულიანის საბანელში განბანა ურჩიეს. საბანელში შესულმა, დიაკვანი პასხაზი იხილა, რომელიც იქ იდგა და მსახურობდა. გერმანე მისმა იქ ყოფნამ მეტისმეტად გააკვირვა და დაეკითხა, ასეთ სახელოვან კაცს აქ რა გინდაო. პასხაზიმ მიუგო: "დასჯილი იმისთვის ვარ, რომ სიმაქის წინააღმდეგ მხარს ლავრენტის ვუჭერდი. გთხოვ, ღმერთს ჩემთვის შეევედრე; შენი ლოცვა თუ შეწყნარებულ იქნა, აქ მოსული ვეღარ მიხილავ". წმიდა გერმანე მისთვის გულშემუსვრილებით ლოცულობდა და რამდენიმე დღის შემდეგ საბანელში მისულმა დიაკვანი პასხაზი ვეღარ ნახა. მან სიკვდილის შემდეგ შეძლო ცოდვისგან განწმენდილიყო, იმიტომ, რომ სცოდავდა არა ბოროტებით, არამედ – შეცდომის გამო. უნდა გვწამდეს, რომ გლახაკთა მიმართ მოწყალებით პასხაზიმ შეწყალება მაშინ დაიმსახურა, როდესაც აღარაფრის ქმნა აღარ შეეძლო.

პეტრე: მითხარი, ამ ბოლო დროს სულების შესახებ რატომ გვეცხადება ბევრი რამ, რაც აქამდე ცნობილი არ იყო, იმდენად, რომ ამ გამოცხადებებითა და ნიშებით, როგორც ჩანს, ჩვენს წინაშე მომავალი ქვეყანა ცხადდება?

 

გაგრძელება

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა