martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. გრიგოლ პალამა

განმარტება სახარებისა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ

წინა კვირას, გადარჩენილი უძღები შვილის იგავით, ეკლესია იხსენებდა ჩვენდამი ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებას. ამ კვირას კი იგი ღვთის საშინელი სამსჯავროს შესახებ გვასწავლის, რითაც იცავს მშვენიერ წესრიგს და მიჰყვება წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რამეთუ ნათქვამია: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“ (ფსალმ. 100:1), და: „ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა: რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე და შენი არს, უფალო, წყალობაჲ; რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალმ. 61:12). ამრიგად, ღვთის მოწყალება და სულგრძელება უსწრებს მის სამსჯავროს, ვინაიდან ღმერთი, რომელიც ფლობს და მოიცავს ყოველგვარ სათნოებას, არის სამართლიანიც და მიმტევებელიც; მაგრამ რადგან მოწყალება არ ეთავსება სამსჯავროს მიუკერძოებელ სამართლიანობას – დაწერილისამებრ: „და გლახაკი არა შეიწყალო სასჯელსა შინა“ (გამ. 23:3) – მან სამართლიანად განაჩინა დრო ორივესთვის: აწინდელი ჟამი დაადგინა მოწყალების საუკუნედ, ხოლო მომავალი – მიგების საუკუნედ. ამიტომ, ყოველივე, რაც წმიდა ეკლესიაში აღესრულება, სულიწმიდის მადლით ისეა დადგენილი, რომ გვასწავლოს ჩვენ, ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში მყოფთ, გულმოდგინების გამოჩენა მარადიული წყალობის მოსაპოვებლად და ღვთაებრივი კაცთმოყვარების ღირს-ყოფად.
ახლახან ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენდამი ღვთის გამოუთქმელ მოწყალებაზე; დღეს კი წინ გვიდევს სიტყვა ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მასთან დაკავშირებული უსაშინელესი სამსჯავროს შესახებ, და იმ მიუწვდომელ მოვლენებზე, რომლებიც მის გამო აღესრულება – რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანის გულში არ გაუვლია, თუკი იგი ღვთაებრივი სულით არ არის განათლებული. ეს ყოველივე აღემატება არა მხოლოდ ადამიანურ შეგრძნებებს, არამედ კაცობრივ გონებასა და გულისხმისყოფას. მართალია იგი ყოვლისმცოდნეა და ხელეწიფება მთელი დედამიწის განსჯა, მაგრამ ამის შესახებ გვასწავლის ჩვენი შემეცნების შესაძლებლობებისამებრ და გადმოგვცემს შესაბამისი ცნებებით. ამიტომაცაა შემოტანილი სიტყვები: „ელვა“, „ღრუბლები“, „საყვირის ხმა“, „საყდარი“ და მსგავსნი, თუმცა მისი აღთქმისამებრ, ჩვენ ველოდებით ახალ ცას, როდესაც ახლანდელი შეიცვლება. თუკი მხოლოდ ნათქვამი, და თანაც ამგვარად ნათქვამი, გონიერ მსმენელთა სულებს შიშითა და თრთოლვით აღავსებს, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს ყოველივე საქმედ იქცევა?! როგორი წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით გვმართებს ყოფნა ჩვენ, ვინც მოველით ღვთის მოსვლის დღეს, რომლის გამოც, როგორც საღვთო პეტრე ამბობს: „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ, და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ“ (2 პეტ. 3:10)?! მანამდე კი, მცირე ხნით, სარწმუნოებასთან საბრძოლველად დაშვებული იქნება გმობა და ანტიქრისტეს უმძიმესი მოსვლა. და ეს დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, როგორც უფალი გვამცნობს სახარებაში. ამიტომაც შეაგონებს იგი მახლობლებს: „იფხიზლეთ ყოველ ჟამს და ილოცეთ, რათა ღირს იქმნეთ განრინებად მომავალ ჭირთაგან და დადგომად წინაშე ძისა კაცისასა“.
ამრიგად, ყოველივე ეს დიდ ძრწოლას გვგვრის. ხოლო მათ, ვინც ცხოვრებას უსჯულოებაში, უსამართლობასა და უზრუნველობაში ატარებს, იმაზე მეტად საშინელი რამ ემუქრებათ, ვიდრე აქამდე ითქვა. თავად უფალი ბრძანებს: „მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (მათ. 24:30). „ტომნი ქუეყანისანი“ ისინი არიან, ვინც არ დაემორჩილა ზეციდან მოსულს, არ იცნობდა და არ მოუხმობდა ზეციერ მამას. თავიანთი საქმეების გამო ისინი ვერანაირად ვერ მიეკუთვნებიან მის ნათესაობას. და კიდევ: „რამეთუ ვითარცა საფრხე მოუხდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა“ (ლუკ. 21:35), ანუ მათ, ვინც ნაყროვანებით, ლოთობით, განცხრომით და წუთისოფლის საზრუნავებით მიწასა და მიწიერს მიეჯაჭვა და მთლიანად მიეცა იმას, რაც აამებს გრძნობადობას: სიმდიდრეს, დიდებასა და სიამეთმოყვარებას. გამოთქმით – „პირი ქუეყანისაჲ“ – მან მიგვანიშნა, თუ რაში მდგომარეობდა მათი სიხარული; ხოლო სიტყვით „მსხდომარეთა“, აღნიშნა მათი ჯიუტი და ბუნებადქცეული უძრაობა. ამ სიტყვებით იგი უსჯულოებთან აერთიანებს მათაც, ვინც სინანულის გარეშე, აღსასრულამდე რჩება ცოდვაში, როგორც ესაიაც ამბობდა მანამდე: „და დაიწვნენ უსჯულონი და ცოდვილნი ერთად, და არავინ იყოს დამშრეტელ“ (ეს. 1:31).
„ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით (ფილიპ. 3:20)“, – ამბობს მოციქული; და – თქუენ არა ხართ სოფლისაგანნი (იხ. იოან.15:19), უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს, რომელთაც კიდევ ეუბნება: „და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოხსნაჲ თქუენი“ (ლუკ. 21:28). ხედავთ, როგორ ივსებიან ქრისტეში მცხოვრებნი სიხარულითა და გამოუთქმელი სასოებით იმის გამო, რაც ამ მოვლენებს დაუყოვნებლივ მოჰყვება, ხოლო ხორციელად მცხოვრებნი – სირცხვილითა და სასოწარკვეთილებით? ამიტომაც ღაღადებს პავლე და ამბობს: ღმერთმა „მიაგოს კაცად–კაცადსა საქმეთა მისთაებრ: მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა – დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა, ხოლო ხდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულისწყრომაჲ. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა“ (რომ. 2:6–9).
ასე იყო ნოეს დროსაც: როდესაც ცოდვა გამრავლდა და თითქმის ყველა ადამიანზე გაბატონდა, ღვთისგან მოივლინა წარღვნა, რომელმაც ყოველი სულიერი აღხოცა და მხოლოდ ეს მართალი გადარჩა მთელი თავისი სახლეულითურთ წუთისოფლის მეორედ შობისთვის. ამის შემდეგაც, უზომოდ განვრცობილ ბოროტებას ღმერთი ნაწილობრივ აღკვეთდა ხოლმე: სოდომელები ცეცხლით დაწვა, ფარაონის ხალხი ზღვაში საშინლად დაანთქა, ხოლო იუდეველთა ყოვლადკადნიერი მოდგმა შიმშილით, შინააშლილობით, სნეულებებითა და მკაცრი სასჯელებით მუსრა. თუმცა, ამ მტკივნეული წამლობისა და მკურნალობის გამოყენებასთან ერთად, კაცობრიობის საერთო მკურნალს ჭეშმარიტად არც ის საშუალებები დაუტოვებია უყურადღებოდ, რაც ადვილად შემწეა და სიხარულთანაა შერთული, კერძოდ: აღადგინა მამამთავარნი, გამოაჩინა წინასწარმეტყველნი, აღასრულა სასწაულები, მოსცა რჯული, მოავლინა ანგელოზები. მაგრამ რაკი ჩვენი ბოროტების შეუჩერებელი ნაკადის წინაშე ესეც უძლური აღმოჩნდა, თავად დიდმა მკურნალმა, დიდ ცოდვათა ბოლოს მომღებმა, თვით ღვთის სიტყვამ მოდრიკა ცანი და გარდამოხდა ქვეყნად. იგი ყოვლითურთ ჩვენი მსგავსი იქმნა, გარდა ცოდვისა, თავისი ხორცით დასაჯა ცოდვა, განგვაძლიერა ჩვენ და დააჩლუნგა მისი ნესტარი, ხოლო ჯვრით შეარცხვინა მისი მთავარნი და თანაშემწენი, სიკვდილითა თვისითა კი შემუსრა სიკვდილის ხელმწიფების მქონებელი.
და როგორც ნოეს დღეებში უფალმა წყალში დანთქა ცოდვილები, ისე შემდგომ წარხოცა ცოდვა თავისი სიმართლითა და მადლით. მან აღადგინა თავი უკვდავად, როგორც მარადიული წუთისოფლის თესლი და დასაბამი, და თავის თავში გვიჩვენა მაგალითი და ხილული სახე აღდგომისა, რომელსაც უტყუარად ვესავთ. მკვდრეთით აღმდგარმა და ზეცად ამაღლებულმა კი, წარგზავნა მოციქულები მთელ მსოფლიოში, აღადგინა მოწამეთა ურიცხვი დასი, გამოაჩინა მრავალი მოძღვარი და გამოავლინა წმიდათა ეკლესია. რაკი ყოველივე აღასრულა და არაფერი დაუტოვებია აღუსრულებელი, რაც კი საჭირო იყო, იხილა – უფრო მართებული იქნება ითქვას, იხილავს – რომ ჩვენი თავისუფალი ნებით ბოროტება იმგვარად განმრავლდება და უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს, რომ ადამიანები დაუტევებენ ჭეშმარიტ ღმერთს, ჭეშმარიტ ქრისტეს, თაყვანს სცემენ ანტიქრისტეს და დაემორჩილებიან მას. მაშინ თავად იგი გარდამოხდება ზეციდან ძალითა და დიდებითა მრავლითა, ოღონდ არა სულგრძელებით, არამედ რათა დასაჯოს ისინი, ვინც ბოროტი საქმეების გამო განიმრავლა რისხვა ღვთისა იმ ჟამს, როდესაც ეს მიწიერი ცხოვრება ღვთის სულგრძელების ჟამი იყო. და როგორც დამპალ ასოს, ისე მოკვეთს და ცეცხლს მისცემს განუკურნებელთ, ხოლო მახლობელთ იხსნის ბოროტ ადამიანებთან შეურაცხმყოფელი თანაცხოვრებისგან და ცათა სასუფევლის მემკვიდრეებად დაადგენს მათ.
ანტიქრისტეს საძაგელი კადნიერებისთანავე, ყოვლისმპყრობელი შეძრავს ყოველივეს, წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამისამებრ: „მყისიერად შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც“ (შდრ. ანგ. 2:21). ამრიგად, იგი შეძრავს ქვეყნიერებას, დაარღვევს ყოველივეს უზენაეს საზღვარს, წარგრაგნის ცის თაღს, დედამიწას ცეცხლს შეურევს და ყოველივეს განაქარვებს. მაღლიდან კი, როგორც ელვის ურიცხვი დარტყმა, მოავლენს ვარსკვლავთა სიმრავლეს მაცდურის გამაღმერთებელთა თავებზე. უპირველესად იმ მიზნით, რომ ანტიქრისტეს მორწმუნენი გამოფხიზლდნენ იმ საცდურთაგან, რომლებშიც მათი გონება გაიხლართა. შემდეგ კი იგი გამოჩნდება გამოუთქმელი დიდებითა და საყვირის ყველასათვის გასაგონი ხმით, რათა განაცოცხლოს საუკუნითგან შესვენებულნი, როგორც ოდესღაც თავისი შთაბერვით განაცოცხლა ჩვენი პირველმამა, და წარადგინოს ისინი ცოცხლად თავის წინაშე. ხოლო უსჯულოებს სამსჯავროზე კი არ მოიყვანს, არამედ არც ერთი სიტყვის ღირსად არ გახდის მათ, ვინაიდან, წერილისამებრ, არ აღდგებიან უღმრთონი სამსჯავროდ, არამედ დასასჯელად.
სამსჯავროზე კი წარადგენს ყოველივე ჩვენსას, დღეს წაკითხული სახარების სიტყვებისამებრ. რამეთუ ნათქვამია: „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მათ. 25:31). თუკი მის პირველ მოსვლაში მისი ღვთაებრივი დიდება დაფარული იყო ხორცით, რომელიც ჩვენგან და ჩვენთვის შეიმოსა, ამჟამად იგი მამის წიაღში, ზეცაში იფარება განღმრთობილ ხორცთან ერთად, ხოლო მაშინ განცხადდება მთელი მისი დიდება – ვინაიდან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იგი გამოჩნდება მბრწყინავი და ღვთაებრივი სხივებით გაანათებს სამყაროს კიდეებს, საყოველთაო და ცხოველმყოფელი საყვირის ხმობისას, და მასთან ერთად ყოველივეს მისკენ მოუხმობს. და თუკი მანამდე იგი უხილავად აკავებდა ანგელოზებს და აცხრობდა მათ შემართებას ღვთისმბრძოლთა წინააღმდეგ, მაშინ იგი ცხადად მოვა და „არა დადუმნეს“, არამედ შეურაცხყოფით განაგდებს ურჩთ და სატანჯველს მისცემს მათ.
ამრიგად, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მის თანა, მაშინ – ნათქვამია – დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა“. მსგავსადვე იხილა წინასწარ და იწინასწარმეტყველა დანიელმაც, რამეთუ ამბობს: „და ვხედევდ მე ვიდრემდის საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა. ...და, აჰა ესერა, ღრუბელთა ზედა ცისათა ვითარცა ძე კაცისაჲ მომავალი, და მოიწია ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა და დადგა წინაშე მისსა. და მას მოეცა მთავრობაჲ და პატივი და სუფევაჲ. და ყოველნი ტომნი და ერნი და ენანი ჰმსახურებდეს მას. “ (დან. 7:9,10,13). ამის თანახმაა წმიდა სახარებაც: „და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“. ცხვრებს იგი უწოდებს მართალთ, როგორც მშვიდთ, კეთილთ და სათნოებათა სწორ და მის მიერ გაკვალულ გზაზე მავალთ, და როგორც მის მსგავსთ, რამეთუ თავადაც იწოდა კრავად წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის მიერ, რომელიც ამბობს: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ იოან. 1:29). თხებად კი იგი სახელდებს ცოდვილთ, როგორც კადნიერთ, თავგასულთ და ცოდვის უფსკრულებში გადაჩეხილთ. და პირველთ, როგორც მართალი საქმეების მოქმედთ, დააყენებს მარჯვნივ, ხოლო მათ, ვინც არ არიან ამგვარნი – მარცხნივ. „მაშინ ჰრქუას მეუფემან“, ამბობს იგი, და არ დაურთავს თუ რომელი მეუფე ან რისი მეუფე, რამეთუ არ არსებობს სხვა მეუფე (მეფე) მის გარდა. თუმცა აქ ბევრი მეფე და მთავარია, მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი უფალი, ერთი მეუფე და ხელმწიფე მთელი ბუნებისა. ამრიგად, მაშინ ერთადერთი მეუფე ეტყვის მის მარჯვნივ მყოფთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“.
ჭეშმარიტად, ეს იყო მიზანი დასაბამითგან სოფლისა და ამ მიზნისთვის არსებობდა მამის ის ზეციური და უძველესი განზრახვა, რომლის თანახმად, „დიდი ზრახვის ანგელოზმა“ შექმნა ცოცხალი ადამიანი არა მარტო ხატისაებრ, არამედ აგრეთვე მსგავსებისაებრ თვისსა. ეს იმიტომ, რომ ოდესმე მას შეძლებოდა დაეტია ღვთაებრივი სასუფევლის სიდიადე, საღვთო მემკვიდრეობის ნეტარება და ზეციერი მამის სრულყოფილი კურთხევა. სწორედ ამ კურთხევით მოვიდა ყოველივე ხილული და უხილავი ყოფიერებაში. რამეთუ მას არ უთქვამს: გრძნობადი სოფლის დასაბამითგანო, არამედ უბრალოდ – „სოფლისა“, როგორც ზეციურის, ისე მიწიერისა.
მაგრამ არა მხოლოდ ეს, არამედ გამოუთქმელი დამდაბლება და ღმერთკაცობრივი ცხოვრების წესი, მაცხოვნებელი ვნებანი და ყველა საიდუმლო, რომლებიც წინასწარმჭვრეტელურად და ყოვლადბრძნულად განგებულ იქმნა, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ამ ცხოვრების სარწმუნოდ განმვლელს მათ გამო მაცხოვრისგან ესმინა: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მათ. 25:21).
ამრიგად, შედით, – ამბობს იგი, – და დაიმკვიდრეთ დამდგარი, წარუვალი და ზეციური სოფელი თქვენ, ვინც ჩემი რჩევით კეთილშობილურად სარგებლობდით მიწიერი, ხრწნადი და წარმავალი წუთისოფლით: რამეთუ „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა“ (მათ. 25:35-36).
აქ იბადება კითხვა: რატომ ახსენა მან მხოლოდ მოწყალება, რომლის გამოც გასცა კურთხევა და სასუფევლის მემკვიდრეობა? თუმცა გონიერ მსმენელთათვის ნათელია, რომ მან მხოლოდ იგი როდი ახსენა; მოწყალების მუშაკებს მან მანამდე „ცხოვარნი“ უწოდა და ამ სახელდებით დაუმოწმა მათ თავისი მსგავსება და ყოველგვარი სათნოება, აგრეთვე ისიც, რომ ისინი მუდამ მზად იყვნენ სიკეთისთვის სიკვდილზე წასასვლელად, როგორც თავად იგი, დაწერილისამებრ: „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა და, ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა, უხმობელად დგა “ (ეს. 53:7). და აი, სწორედ ამგვარ ადამიანებს, დამატებით, იგი ხმამაღლა უმოწმებს ქველმოქმედებას, რამეთუ მას, ვისაც უნდა დაემკვიდრებინა ეს მარადიული სასუფეველი, იგი უნდა ახასიათებდეს, როგორც სიყვარულის გამოვლინება და ნაყოფი, და როგორც ყოველგვარ სათნოებათა გვირგვინი. ეს უფალმა ათი ქალწულის იგავითაც აჩვენა, რადგან იქ მყოფთაგან ყველა როდი შევიდა საღვთო ქორწილში, არამედ სწორედ ისინი, ვინც შემკულნი იყვნენ ქალწულებით. ეს უკანასკნელი კი ბოლომდე წარმატებით ვერ იქნება დაცული, თუ თან არ ახლავს ასკეტიზმი, თავშეკავება და მრავალი და მძიმე ღვაწლი სათნოებათა მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქალწულებს ხელთ უპყრიათ ლამპრები, ანუ თავიანთი გონება და მასზე მინდობილი შემეცნება, სულის მოქმედება – რაც ხატოვნად „ხელებად“ არის წარმოდგენილი – რომელთაც აღაპყრობენ, უპყრიათ და მთელი ცხოვრების მანძილზე ღმერთს უძღვნიან და მათ ლამპართა მსგავსად აქცევენ. მაგრამ საჭიროა ზეთიც საკმარისად იყოს, რათა მათ მცხინვარება შეინარჩუნონ. ზეთი კი არის სიყვარული, რომელიც სათნოებათა მწვერვალია. ისევე, როგორც საძირკველი რომ ჩაყარო და კედლები ამოიყვანო, მაგრამ სახურავი არ გადახურო, ამით მთელ შრომას ფუჭად აქცევ, ასევე, ყველა სათნოებაც რომ მოიხვეჭო, მაგრამ სიყვარული არ გაგაჩნდეს, ამით ყოველ მათგანს უსარგებლოდ და ამაოდ აქცევ; თუმცა, მეორე მხრივ, არც სახლის სახურავი შეიძლება დაიდგას ქვემოდან მისი დამჭერი კედლების გარეშე.ამრიგად, უფალი სასუფევლის მემკვიდრეობას ანიჭებს მათ, ვინც სხვა სათნოებანი სიყვარულით დაბეჭდა; ვინც ან უბიწო ცხოვრებით მივიდა მასთან, ან სინანულით პოვა მასში თავშესაფარი. პირველთ მე ვუწოდებ „შვილებს“, როგორც ღვთისგან საიდუმლო შობის (ნათლისღების) დამცველთ, ხოლო მეორეთ – „მოჯამაგირეებს“, როგორც მათ, ვინც მრავალგვარი სინანულის ცრემლით და სიმდაბლით კვლავ მიიღო მადლი, თითქოსდა სასყიდელი (თავისი შრომისთვის). ამიტომ, წმიდა სახარებებში სამსჯავროს შესახებ მანამდე გადმოცემულის შემდეგ, მან ახსენა ის, რაც სიყვარულს უკავშირდება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სათნოებათა სრულმყოფელს ან აღმძვრელს. ხოლო მართალნი მიუგებენ და ეტყვიან: „უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშველი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? (მათ. 25:37-39)“ ხედავთ მის მარჯვნივ მდგომ მართლებს? – ესე იგი, სიმართლის შედეგად და სიმართლესთან ერთად მათ ახასიათებთ მოწყალებაც. ხედავთ სხვა სათნოებასაც, რომელიც მართალთ სიყვარულის სავსებაზე დასამატებლად დაუმოწმდათ, თითქოსდა დროულად აღმართული წრიული გალავანი (ყოველი სათნოების დამცველი), კერძოდ – სიმდაბლე? რამეთუ ისინი ამბობენ, რომ უღირსნი არიან გამოაშკარავებისა და ქებისა, თითქოსდა არანაირი სიკეთე არ აღესრულებინოთ; ისინი, ვისზეც მოწმობს, რომ არაფერი დაუტოვებიათ გაუკეთებელი. ამიტომაც, ვფიქრობ, უფალი განცხადებულად განადიდებს მათ, რათა გამოჩნდნენ ამგვარი ადამიანები, სიმდაბლით ამაღლდნენ და სამართლიანად პოვონ მისგან მადლი, რომელსაც იგი უხვად ანიჭებს მდაბალთ, რამეთუ „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასე ეუბნება მათ ახლაც: „ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათ. 25:40). „მცირედ“ უწოდებს სიგლახაკისა და მდაბალი მდგომარეობის გამო, ხოლო „ძმად“ – იმიტომ, რომ თავადაც ამგვარად (სიღარიბეში) იცხოვრა ხორციელად დედამიწაზე.
ისმინეთ და იხარეთ, გლახაკნო და უპოვარნო! რამეთუ ამის გამო თქვენ ღვთის ძმები ხართ; და თუნდაც თქვენი ნების გარეშე იყოთ ღარიბნი და უმწეონი, მოთმინებითა და (ღვთის) მადლიერებით ამ სიკეთეს ნებაყოფლობითად აქცევთ. ისმინეთ, მდიდარნო! და შეიყვარეთ ნეტარი სიგლახაკე, რათა გახდეთ ქრისტეს თანამემკვიდრენი და ძმები, თანაც უფრო შინაურნი, ვიდრე უნებლიეთ გაჭირვებულნი, რამეთუ ისიც ნებაყოფლობით დაგლახაკნა ჩვენთვის. ისმინეთ და იკვნესეთ თქვენ, ვინც ბოროტად უგულებელყოფთ თქვენს ტანჯულ ძმებს – უფრო მართებული იქნება ითქვას, ღვთის ძმებს – და თქვენი სიუხვიდან არ აძლევთ საჭიროებათათვის არც საზრდოს, არც თავშესაფარს, არც სამოსელს, არც აუცილებელ მზრუნველობას და არ იყენებთ თქვენს ნამეტნავს მათ ნაკლულევანებათა შესავსებად. უკეთესია ვთქვათ არა „ისმინეთ და იკვნესეთ“, არამედ „ვისმინოთ და ვიკვნესოთ“, რამეთუ მეც, ამის მთქმელს, მამხილებს სინდისი, როგორც (მიწისმიერ) მიჯაჭვულობისგან არასრულყოფილად განწმენდილს; რამეთუ მაშინ, როდესაც მრავალია მშიერი და შეციებული, მე ყოვლითა ვარ სავსე და შემოსილი. თუმცა უფრო დიდ გლოვას იმსახურებენ ისინი, ვისაც ყოველდღიურ საჭიროებაზე მეტი განძი გააჩნია, ინახავს მას ან კიდევ უფრო გაზრდას ესწრაფვის, და ისინი, ვისაც ებრძანა მოყვასის შეყვარება საკუთარი თავივით, ხოლო მას მიწის მტვრადაც კი არ აგდებენ! განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერცხლი და ოქრო ძმებზე მეტად შევიყვარეთ? მაგრამ მოვიქცეთ და შევინანოთ, და შევეწიოთ ჩვენს შორის მყოფ გაჭირვებულ საძმოს, გავხადოთ ისინი ჩვენი ქონების მოზიარენი. და თუ ღვთისმოყვარების გამო არ ავირჩევთ მთელი ჩვენი ქონების გაცემას, ყველაფერს მაინც ნუ დავიტოვებთ უმოწყალოდ. ერთი ნაწილი ჭეშმარიტად აღვასრულოთ, ხოლო იმის გამო, რომ სხვაში მოვიკოჭლებთ, დავმდაბლდეთ ღვთის წინაშე და მივიღებთ მისგან შენდობას, რამეთუ მისი კაცთმოყვარება ავსებს ჩვენს ნაკლულევანებას. ოღონდ ასე მოვიქცეთ, რათა არ მოგვიხდეს – ნუ იყოფინ! – იმ საშინელი სიტყვების მოსმენა, რაც დაწერილია: „მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო“. ო, რამდენ რამეს მოიცავს ეს: განეშორეთ სიცოცხლეს, მოკვეთილ იქმენით ნეტარებისგან, მოაკლდით ნათელს!
მაგრამ ეს როდია ყოველივე, არამედ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“. რამეთუ, როგორც მარჯვნივ მყოფთ ექნებათ სიცოცხლე და ექნებათ „უმეტესი“: სიცოცხლე – იმიტომ, რომ ისინი ღმერთთან არიან, ხოლო „უმეტესი“ – იმიტომ, რომ ისინი მისი ძენი და სასუფევლის მემკვიდრენი ხდებიან; ასევე, პირიქით, მარცხნივ მდგომნი, ღვთისაგან განშორებითა და ჭეშმარიტი სიცოცხლის დაკარგვით, იგემებენ უმძიმეს სასჯელს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისინი ეშმაკებთან ერთად შეირაცხებიან და სატანჯველ ცეცხლს მიეცემიან. რარიგ საშინელი უნდა იყოს ის ცეცხლი, რომელიც სხეულში მყოფ სულებსაც და უხორცო სულებსაც ტანჯავს და, ამავდროულად, უკვდავად ინახავს მათ; ცეცხლი, რომლისგანაც ჩვენი მიწიერი ცეცხლიც კი დადნება, დაწერილისამებრ: „ცანი მხურვალენი დაიხსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ “ (2 პეტ. 3:12). როგორი გაუსაძლისი დამატებაა ტანჯვისა: არასოდეს ელოდო განთავისუფლებას, რამეთუ ის ცეცხლი უქრობია! რას ნიშნავს ეს იძულებითი დინება? – ის ცეცხლი, როგორც ჩანს, ჰგავს მდინარეს, რომელიც სულ უფრო და უფრო შორს მიაქანებს ადამიანს ღვთისაგან; ამიტომ ქრისტემ კი არ უთხრა: „განმეშორენითო“, არამედ „წარვედით“ (ანუ დაუცხრომლად განმეშორენით) ჩემგან, წყეულნო. რამეთუ გლახაკთა გამოც თქვენ ფრიად წყეულნი ხართ და თუნდაც ისინი ითმენდნენ, თქვენ მაინც წყევლის ღირსნი ხართ. წარვედით, – ეუბნება მათ, – ცეცხლსა მას, რომელიც თქვენთვის კი არ არის განმზადებული, არამედ ეშმაკისა და ანგელოზთა მისთათვის; რამეთუ ეს არ ყოფილა ჩემი თავდაპირველი ნება, ამისთვის არ შემიქმნიხართ და თქვენთვის არ გამიჩენია ეს ცეცხლი. ეს უქრობი ალმური აენთო ბოროტებაში უცვლელად დარჩენილ ეშმაკთათვის, რომელთაც თქვენ მათმა მსგავსმა, შეუნანებელმა ნებამ მიგამსგავსათ. ამრიგად, თქვენვე ინებეთ თანაცხოვრება ბოროტ ანგელოზებთან: „რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხვედით ჩემდა“. რამეთუ, ძმანო, როგორც სიყვარული და სიყვარულის საქმეებია ყოველ სათნოებათა აღსრულება, ისე სიძულვილი, უმოწყალობა და სხვებისთვის არაფრის გაზიარების სურვილი არის ცოდვის სავსება. და როგორც კაცთმოყვარებას შეეფერება და თან ახლავს სათნოებანი, ისე სიძულვილს – ცოდვები, და ამიტომ მხოლოდ ამ ერთის გამოც კი განიკითხებიან ადამიანები.
მე მსურდა მეთქვა, რომ არ არსებობს კაცთმოძულების იმაზე დიდი მაგალითი, ვიდრე ზედმეტი ფულის ძმაზე მაღლა დაყენებაა, მაგრამ ვხედავ, რომ არსებობს უფრო დიდი ბოროტება და კაცთმოძულების უფრო დიდი მაგალითიც მოიძებნება: რამეთუ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არა თუ საკუთარი სიუხვიდან არ გასცემენ მოწყალებას, არამედ სხვისასაც კი იტაცებენ. ამრიგად, იმ წყევლის საფუძველზე, რომელიც უმოწყალოთ მოეწევათ, თავადვე განსაჯონ, თუ რას უმზადებენ საკუთარ თავს, რა უბედურებაში ჩავარდებიან და რაოდენ მიუწვდომელი და საშინელი სასჯელის ღირსნი გახდებიან; და დაე დაუტევონ ცოდვა და სინანულის საქმეებით მოალბონ ღმერთი.
მარცხნივ მყოფნი კი ეტყვიან უფალს: „უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?“ ამჩნევთ ამ სიტყვებში უკიდურეს ბოროტებას – ამპარტავნებას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სასტიკ გულქვაობასთან, ისევე როგორც, პირიქით, თანაგრძნობა დაკავშირებულია სიმდაბლესთან? აი, მართალნი, თუმცა ქებულნი არიან კეთილმოქმედების გამო, არ იფერებენ მართლად შერაცხვას, არამედ კიდევ უფრო მდაბლდებიან; ხოლო ესენი, უტყუარი მსაჯულის მიერ თავიანთივე უსულგულობის გამო განკითხულნი, არ მოდრეკილან სინანულით, არამედ ეწინააღმდეგებიან და თავს იმართლებენ, რის გამოც მოისმენენ: „ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (მათ. 25:45). და ამგვარად, ამბობს (სახარება), „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“.
ამრიგად, ვქმნათ მოწყალება საკუთარი თავისთვის, ძმანო, იმით, რომ წყალობა ვუყოთ ძმებს; თანაგრძნობით მოვიპოვოთ თანაგრძნობა; ვქმნათ სიკეთე, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ, რამეთუ მიგება შესატყვისი იქნება. ოღონდ ჩვენი კეთილმოქმედება, კაცთმოყვარება, სიყვარული, მოწყალება და თანაგრძნობა – არც ღირსებით და არც ზომით არ უთანაბრდება ჯილდოს: რამეთუ შენ გასცემ იმას, რაც ადამიანს გააჩნია და რამდენადაც ადამიანს ძალუძს სიკეთის ქმნა, ხოლო სამაგიეროდ ასწილად იღებ ღვთაებრივი და უსასრულო საუნჯიდან მარადიულ ცხოვრებას, და იქნები კეთილყოფილი იმით და იმდენად, რამდენადაც ღმერთს ხელეწიფება. ეს კი არის ის, „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (1 კორ. 2:9). ამრიგად, გამოვიჩინოთ გულმოდგინება, რათა მივიღოთ მოწყალების სიმდიდრე; მცირეოდენი ფულით ვიყიდოთ მარადიული მემკვიდრეობა; ჯეროვნად შევუშინდეთ უმოწყალოთათვის განკუთვნილ წყევლას, რათა ამის გამო არ განვიკითხოთ. ნუ შეგვეშინდება, რომ მოწყალების გაცემით გავღარიბდებით, რამეთუ ჩვენც მოვისმენთ ქრისტესგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“. შევუშინდეთ და ყოველივე მოვიმოქმედოთ, რათა უსულგულობის გამო ღვთის სიყვარულს არ განვეშოროთ: „რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა – ამბობს მახარებელი, – ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ხელეწიფების შეყუარებად?“ (1 იოან. 4:20). ხოლო ვისაც არ უყვარს ღმერთი, როგორ შეძლებს მასთან ყოფნას? ვინც მასთან არ არის, განეშორება მას, ხოლო ვინც განეშორება მას, ის, რა თქმა უნდა, გეენაში დაინთქმება.
ხოლო ჩვენ გამოვიჩინოთ სიყვარულის საქმენი ქრისტესმიერ ძმათა მიმართ: წყალობა ვუყოთ საჭიროების მქონეთ, ჭეშმარიტ გზაზე მოვაქციოთ გზააბნეულნი – როგორიც არ უნდა იყოს ეს ცდომილება თუ საჭიროება; გამოვექომაგოთ ჩაგრულთ, განვამტკიცოთ უძლურებაში მყოფნი, მიუხედავად იმისა, ხილული მტრებისა თუ სნეულებების გამო იტანჯებიან ისინი, ბოროტი სულებისა თუ სამარცხვინო ვნებების მიერ; მოვინახულოთ პატიმრები, აგრეთვე მოვუთმინოთ ჩვენს წინააღმდეგ შემცოდეთ და კეთილი ვუყოთ ერთმანეთს, თუნდაც ვინმეს მიმართ უკმაყოფილება გვქონდეს, რამეთუ ქრისტემაც კეთილი გვიყო ჩვენ. და, მოკლედ რომ ვთქვათ: ყოველგვარი გზით, ყოველი საქმითა და სიტყვით, ყოველივეთი, რაც კი გაგვაჩნია, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რათა ღვთისგანაც მივიღოთ სიყვარული, ვიყოთ მისგან კურთხეულნი და დავიმკვიდროთ ჩვენთვის აღთქმული, წუთისოფლის დასაბამიდან განმზადებული ზეციური და მარადიული სასუფეველი, რომლის მიღწევის ღირსი დაე ყოველი ჩვენგანი ყოფილიყოს მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს პატივი და დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა