martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე ოქროპირი – მოგვების, ბეთლემის ვარსკვლავისა და ასტროლოგიის შესახებ

მათეს სახარების განმარტებიდან

ს ი ტ ყ უ ა ჲ  ე ს ე: "ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა" (მათე 2,2).

ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულისჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად. ხოლო პირველად, უკუეთუ გნებავს, შემოვიღოთ შორის, რასა-იგი იტყჳან მტერნი ჭეშმარიტებისანი. რამეთუ ესოდენ ეუფლა მათ ეშმაკი, ვიდრე ამათცა სიტყუათა ზედა ჴელჰყოფს აღჭურვად მათდა და ბრძოლად ჭეშმარიტებისა. და ისმინეთ, რასა იტყჳან ბირებითა ეშმაკისაჲთა: აჰა ესერა, შობასა ქრისტესსაო ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ-ესე სასწაული არს სიმტკიცისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა.

აწ ვჰკითხოთ ამაოთა მათ და ცუდისმეტყუელთა: უკუეთუ ქრისტე რჩულსა მას ზედა და წესსა ვარსკულავთმრაცხელობისასა იშვა, ვითარ დაჴსნა ვარსკულავთმრაცხელობაჲ და განაქარვა ბედთამეტყუელებაჲ და შობისა ჟამთა ძიებაჲ, დაუყო პირი ეშმაკთა ესევითარისა მომპოვნებელთა, განიოტა საცთური და ყოველივე სახე გრძნებისაჲ განაქარვა? უკუეთუ ზრახვასა მას ვარსკულავთმრაცხელთასა დაამტკიცებდა, რაჲსათჳს ყოველთა წინაწარმეტყუელთა მიერ სიცრუედ და საცთურად სახელ-სდვა მას? ისმინეთ, რასა იტყჳს პირითა ესაია ჴმამაღლისაჲთა: "დადეგ აწ მისნობითა შენითა და მრავლითა გრძნებითა შენითა, რომელსა ისწავებდ სიჭაბუკითგან შენით. უკუეთუ შეუძლო სარგებელ-ყოფად თავისა შენისა, დადეგ აწ და გეჴსენედ ვარსკულავისმეტყუელთა ცისათა, რომელნი-იგი ხედვედ ვარსკულავთა, გითხრედღა, რაჲ-იგი მოწევნად არს შენ ზედა. აჰა, ეგერა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლითა დაიწუნენ და ვერ განირინნენ თავნი მათნი ალისა მისგან". აჰა ესერა, ზოგად აჴსენნა მისანნი და გრძნეულნი და ვარსკულავთმეტყუელნი და ყოველნივე დასაწუველად ცეცხლითა შეჰრაცხნა; და ჭეშმარიტად დიდი ცოდვაჲ არს და გარდამატებული ურჩულოებაჲ ვარსკულავთმრაცხელთა და ვარსკულავისმეტყუელთაჲ იგი ცუდადმეტყუელებაჲ, რამეთუ საქმეთა ამათ, რომელნი ჴელმწიფებასა შინა ჩუენსა არიან და თჳთმფლობელითა მით ნებითა ჩუენითა ვჰყოფთ კეთილსაცა და ბოროტსაცა, აჩემებენ იგინი მიზეზსა მათსა ვარსკულავთა და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ესევითარსა მას ზრახვასა შინა ფრიად არს უგუნურებაჲ და უმეტეს არს უსჯულოებაჲ.

უკუეთუ ვარსკულავნი ბუნებით მავნებელ არიან და ბოროტისმომატყუებელ, უკუეთუ ბოროტი იგი ნებითა მათითა არს, ცხოველ ვიდრემე არიან იგინი და აქუს მათ ნებაჲ და იძრვიან ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთა. არამედ ესე ტყუილი უფროჲს არს ყოვლისა სიცრუისა, რამეთუ არა აქუს ვარსკულავთა ნებაჲ, არცა სულიერ არიან, არცა ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთა იძრვიან, არამედ ვითარცა პირველითგან განაწესნა იგინი ღმერთმან მნათობად სამყაროსა შინა ცისასა. ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს და არა არს მათ შორის ნებაჲ, ანუ ჴელმწიფებაჲ, ანუ გონებაჲ, უკუეთუ ბუნებით აქუს მავნებელობაჲ და მიზეზ ბოროტის არიან, აჩემებენ ბოროტსა მას დამბადებელსა თჳსსა, რამეთუ უკუეთუ ბოროტი იგი მათი ბუნებით არს, ღმერთი ვიდრემე დამბადებელი არს ბოროტისაჲ. იხილეა, ვითარსა უფსკრულსა გმობისასა შთავარდებიან ესევითარისა მეტყუელნი? რამეთუ უკუეთუ დაწყებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ არა ჩუენგან არს, არამედ ვარსკულავთაგან, უნებლებით ვიდრემე ზედაგუაც საქმე იგი, რომელი განწესებულ არს ჩუენდა ვარსკულავთა მიერ; ნუუკუე ტყუა სადმე შჯულმან, რომელმან თქუა განჩინებით, ვითარმედ კეთილი და ბოროტი ჩუენგან არსო; და ცუდ არს მეფეთა მიერ და მსაჯულთა ქებაჲ კეთილისმოქმედთაჲ და ბრალობაჲ ბოროტისმოქმედთაჲ; და არა ვიდრემე ზედააც მეძავსა მას სიძჳსათჳს პატიჟი და კაცისმკლველსა კაცის კლვისათჳს, რამეთუ ვერ ეძლო დამჭირვად თავი თჳსი საქმისა მისგან, უკუეთუ უნებლიეთ იყო მის ზედა ცოდვაჲ იგი; და კუალად მუშაკნიცა ცუდად შურებიან და ვაჭარნი ცუდად ვლენ ქუეყანითი ქუეყანად, არამედ მუშაკმან მან მოიცალენ ქუეყანისმოქმედებისაგან და ვაჭარი განისუენებდინ სარეცელსა ზედა თჳსსა, ვინაჲთგან ბუნებით მომავალ არს მათ ზედა სიმდიდრე, გინა სიგლახაკე. და სწავლაჲ იგი წიგნთაჲ და სასოებაჲ ქრისტეანეთაჲ ცუდ არს ვიდრემე, ვინაჲთგან სიმართლე და ცოდვაჲ არა ნებითა ჩუენითა იქმნებიან, არამედ უნებლებით. რამეთუ უკუეთუ იძულებითა ვარსკულავთაჲთა იქმნებოდეს საქმენი იგი, არა ვიდრემე სამართალ არს ღმრთისა, რაჲთამცა მიაგო ვის საქმეთაებრ. ჵ, უგუნურებაჲ გონებაცთომილთაჲ მათ! ჵ, უღმრთოებაჲ იგი მათი! უკუეთუ იძულებით არიან საქმენი ცოდვისა, გინა სიმართლისანი, ვითარ არნ კაცი სიჭაბუკითგან უწესოებასა შინა და ცოდვასა და მერმე მიიქცის ნებითა თჳსითა და იქმნის ჭურ რჩეულ; და სხუამან ქმნის სათნოებაჲ მრავალ წელ და კუალად მიდრკის ნებაჲ მისი ბოროტისა მიმართ. უკუეთუ ამისა შობაჲ ბოროტსა ზედა იყო და მისი კეთილსა, ვითარ არა ეგნეს აღსასრულადმდე, რომელსაცა ზედა პირველითგან განეწესნეს? არამედ ზოგი იგი ცხორებისა მათისაჲ სხუაჲ იყო და ზოგი იგი სხუად შეიცვალა. ვინ არა ეცინოდის უგუნურებასა ვარსკულავთმრაცხელთასა და უგულისჴმოებასა მათსა, რომელთა ჭეშმარიტ შეურაცხიეს სიტყუაჲ მათი და უფროჲსღა ვინ არა სტიროდის მათ?! ვითარ ცოფითა მით მრავლისმეტყუელებითა მათითა ზრახვენ, ვითარმედ მის ვისიმე შობაჲ ვერძსა შინა იყო, დიდ არს იგი სულითა და უხუ და მომგებელ, რამეთუ ვერძი მთავარი არს და განიყარის მატყლი თჳსი და კუალად უშრომელად შეიკრიბის. და სხუაჲ ვინმე იშვა ჴარსა შინა და არს იგი მშრომელ და მსახურ, რამეთუ ესრეთვე ცხოელი ესე არს; და იგი ვინმე – ღრიაკალსა შინა და არს იგი მკბენარ; და სხუაჲ ვინმე – სასწორსა შინა და არს იგი სიმართლის მოქმედ. და რაჲმცა იყო უცოფეს სიტყუათა მათთა?

ვერძი იგი, რომელსა მიაჩემებენ შობასა კაცისასა, ერთი არს ათორმეტთაგანი ნაწილთა ცისათა, რამეთუ ათორმეტნი ნაწილნი არიან ცისანი, რომელთა შინა ვალს მზე და თითოეულსა ნაწილსა წარჰვლის თუესა შინა და კუალად სხუასა თუესა სხუად ნაწილად მიიცვალების და მათ ნაწილთა წოდებულ არიან ესევითარნი ესე სახელნი: პირველსა – ვერძი და მეორესა – ჴარი, მესამესა – ლომი, მეოთხესა – სასწორი, მეხუთესა – ღრიაკალი, მეექუსესა – ქალწული, მეშჳდესა – თევზი, მერვესა – მარჩბივი, მეცხრესა – სარწყული, მეათესა – მემშჳლდე, მეათერთმეტესა – ვაცის რქა, მეათორმეტესა – კირჩხიბი. ესე სახელნი წოდებულ არიან ათორმეტთა მათ ნაწილთანი, რომელთა შინა ვალს მზე. არქუ უკუე ვარსკულავთმრაცხელსა მას და ქალდეველსა, ვითარ იტყჳ შენ, ვითარმედ დაწყებაჲ იგი მიზეზთა ცხორებისა შობილთაჲსა მუნით არს და მერმე ამსგავსებ გონებათა მათთა ცხოველთა მათ, პირუტყუთა და მძოვართა, გინა ქუეწარმავალთა და იტყჳ, ვითარმედ შობილი იგი ვერძსა შინა უხუ არსო და შობილი იგი ლომსა შინა – ძლიერ და სხუაჲ ყოველივე მსგავსად; არა თუ რომელ ნაწილსა მას ზეცისასა ესევითარი ძალი აქუს, არამედ რომელ ცხოველი იგი ამას ბუნებასა ზედა არსო.

ჵ, უგუნურო, აქამომდე იტყოდე, ვითარმედ ჭეშმარიტებაჲ ცნობისა მის საქმეთაჲსა ნაწილთა მათგან ცისათა არს და აწ კუალად მოაქციე სიტყუაჲ შენი ოთხფერჴთა მომართ და ქუეწარმავალთა. უკუეთუ მეათორმეტესა მას ნაწილსა ცისასა, რომელსა შინა რაჟამს ვალნ მზე, არნ დაწყებაჲ ზაფხულისაჲ, ვერძი ეწოდების, რაჲ ზიარებაჲ აქუს მას ნაწილსა საცხოვარსა ამას თანა იძრვისსა ოთხფერჴსა, რომელ იტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ იშვას, ოდეს მზე მას შინა ვიდოდის, ბუნებასა ვერძისასა მიემსგავსების? ანუ იშვას თუ სლვასა მზისასა ღრიაკალსა შინა, ემსგავსების ბუნებასა გესლიანისა მის ქუეწარმავალისასა? ეჰა, გარდამატებული ესე სიცოფე შენი, მეტყუელო სიცრუისაო, ესე ვინმე ამას წამსა შინა იშვაო, მძლე არს იგი ქალაქთა ზედა და მთავარ და მდიდარ; იგი ვინმე მეორესა წამსა შინა იშვა, გლახაკი არს და მთხოველი.

უკუეთუ ვინ დაისწავლნეს კაცად-კაცადისათჳს სიტყუაჲ შენი, იპოოს უმეტესი ტყუილ და უფროჲსღა ყოველივე სიცრუე არს და ტყუილითა შეწმასნულ. ვინ იცის, უგუნურო, მომავალი, ანუ ვის აქუს ცნობაჲ იგი ყოფადთაჲ მათ, – გარნა მხოლომან ღმერთმან. რამეთუ მისი ოდენ არს ესე საკუთრად და უკუეთუ ვისმე მან მხოლომან მიანიჭოს, რაოდენ ენებოს და ოდეს-იგი ჯერ-იყოს. ხოლო შენ, მიწისაგანო და მიწად მიმავალო, ვინაჲ გაქუს მომავალთა საქმეთა ცნობაჲ, რომელმან-ეგე წინაშე თუალთა შენთა მყოფი არა იცი? რაჲ ხვალისა დღე შეგემთხუევის, არა უწყი, ყოფადთა მათ მეცნიერებაჲ ვინ მოგცა შენ? საქმეთა ჩუენთა, რომელნი-ესე გონიერ და პირმეტყუელ დაბადებულ ვართ ღმრთისა მიერ და სული მოგჳღებიეს თჳთმფლობელი, და განკითხვაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ გუაქუს მხილებითა მით შინაგანისა გონებისაჲთა, ვარსკულავთა მიაჩემება? და ნაწილთაგან ცისათა განაწესებ, რომელთა არცა თავისა თჳსისაჲ იციან, თუ რაჲ ყოფად არიან, არცა უფალ გონებისა, არცა პატივცემულ პირმეტყუელებითა არიან. დიდ არს უგუნურებაჲ და ცოდვაჲ ცთომილებისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა, არამედ იგინი კმა არიან თავით თჳსით თჳსთავე სიტყუათა დაჴსნად.

ხოლო დაღაცათუ მრავალი მაქუს თქუმად მათისა მის საცთურისათჳს, არამედ არად საჴმარ არს ცუდადმეტყუელებისა მათისათჳს ჩუენიცა მრავლისმეტყუელებაჲ. რამეთუ მრწამს, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა არავინ თქუენგანი ცთომილ არს ესოდენ გონებითა, რაჲთამცა მათი იგი ამაოებაჲ ჰრწმენა. ამისთჳს კუალად მოვიქცეთ ნეშტსა მას სიტყუათა ჩუენთასა და მოგუნი იგი და ვარსკულავი, რომელი იხილეს, შორის შემოვიღოთ, რომელსა მოწამედ უგუნურებისა მათისა გონებაცთომილნი იგი მიიღებენ. რაჲ ისწავეს მოგუთა მათ ვარსკულავისა მისგან? შობაჲ მეუფისა ჰურიათაჲსა ისწავესა სიტყჳსაებრ თქუენისა? ჵ, ვარსკულავთმრაცხელნო, აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ უგულისჴმოებითა აღსავსე ხართ. რამეთუ არა ამის წარმავალისა მეფობისა მეუფე იყო იგი, ვითარცა ეტყჳს თავადი პილატეს, ვითარმედ: "მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან". ამისთჳსცა არარაჲ ესევითარი აჩუენა, არცა მსახურნი მოიგნა მრავალნი, არცა მეჴრმლენი და ლახუროსანნი წინაუვიდოდეს; არა ჰყვეს სიმრავლენი ჰუნეთა და ცხენთა და ეტლებისანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი, არამედ მოქალაქობაჲ მოიგო ლიტონი და მდაბალი და სავსე გლახაკებითა და მოწაფედ შეიწყნარნა ათორმეტნი კაცნი გლახაკნი.

და უკუეთუ მეუფეცა ეუწყა მათ შობადი და მისთჳს მოვიდეს, არავე არს ესე საქმე ვარსკულავთმრაცხელობისაჲ, რაჲთამცა ვარსკულავთა ხილვითა ეუწყა საქმე შობადთაჲ მათ; არამედ ჟამისა მისგან შობისაჲსა იტყჳან საქმისათჳს შობილთაჲსა, ვითარ-ეგე თქუენვე იტყჳთ. ხოლო ესენი არცა შობასა მას თანა იყვნეს, არცა ჟამი შობისაჲ მის უწყოდეს, რაჲთამცა მისგან აღრაცხეს და პოეს, თუ ვითარ იყო წამსა მას შობისასა ქცევაჲ იგი ვარსკულავთაჲ და განაწესესმცა საქმე იგი შობადისაჲ მის; არამედ პირველ მრავლისა ჟამისა გამოუჩნდა მათ ვარსკულავი სოფელსა მათსა და მოვიდეს ხილვად შობილისა მის. და ესეცა საკჳრველ არს, თუ რომელმან სიტყუამან არწმუნა მათ, რომელთა კეთილთა სასოებამან აღძრნა მოსლვად ესოდენსა გზასა თაყუანისცემად მეუფისა. უკუეთუმცა სპარსთა მეუფესა ჰგონებდეს, ანუმცა მამაჲ მისი იცოდეს მეფობასა შინა სპარსეთისასა და მასმცა მოიმადლებდეს, იყომცა რაჲმე სიტყუაჲ. ხოლო აწ მეუფესა ეძიებენ ჰურიათასა, ფრიად განშორებულად მათისა ქუეყანისაგან, ჩჩჳლსა უმამოსა ქუეყანასა ზედა. რაჲსათჳს უკუე შეიმთხჳეს ესოდენი შრომაჲ და ძღუენი მოართუეს და მეფე იგი ჰეროდე ერითურთ მისით აღაშფოთეს? რამეთუ არა უმეცარ იყვნეს, თუ ძიებასა მას შობილისა მეუფისასა აღშფოთებად იყო მეფე იგი მის ჟამისაჲ. და მი-რაჲ-ვიდეს და პოეს სახუეველთა შინა, თაყუანის-სცეს. რაჲ იხილეს მუნ სახე მეფობისაჲ? გარნა ქუაბი და ბაგაჲ და ყრმაჲ სახუევლითა და დედაჲ სიგლახაკესა შინა. რად თაყუანის-სცეს, ანუ რად შეწირეს ძღუენი კაცთა უცხოთესლთა უცხოჲსა ქუეყანისათა? არა თუ რჩული იყო, რაჲთამცა ყოვლისა სოფლისა შობილთა მეფეთა თაყუანის-ცემაჲ და ძღუნისა მირთუმაჲ თანაედვა, ანუ რასა მოელოდეს მისგან, რომელსა დღეს სიგლახაკესა შინა ხედვენ? მომავალისა ჟამისათჳს დაღაცათუ მეუფებდეს, რად მოელიან, თუ მოიჴსენოს მან და კეთილი უყოს მათ? ჰხედავა, რავდენი წინააღმდგომი იპოების, უკუეთუ კაცობრივთა გულისსტყუათა ზედა გულისჴმა-ჰყოფდეს ვინ საქმეთა მათ? არამედ მოედით აწ, გონიერად გამოვიძიოთ და სულიერად განვჰმარტოთ ძალი სიტყუათაჲ ამათ. ვყოთ უკუე დაწყებაჲ გულისჴმის-ყოფისაჲ ვარსკულავისა მისგან. რამეთუ უკუეთუ ვისწაოთ, თუ რაჲ იყო ვარსკულავი იგი, ადვილ იყოს ყოვლისავე გულისჴმის-ყოფაჲ, გინა თუ ვარსკულავი იყო ერთი ვარსკულავთაგანი, ანუ უცხოჲ იყოამათ ვარსკულავთაგან, გინა თუ ვარსკულავი იყო ბუნებით, ანუ ხილვაჲ ხოლო აქუნდა ვარსკულავისაჲ.

ამის ყოვლისათჳს ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფთ სიტყუათაგან წმიდისა სახარებისათა, ვითარმედ: არა იყო ვარსკულავი იგი ერთი მრავალთა ამათ ვარსკულავთაგანი. და უფროჲსად ეგრეთ ვიტყჳ, თუ ყოვლადვე არა ვარსკულავი იყო, არამედ ძალი რაჲმე უხილავი, ესევითარსა სახესა შეცვალებული და ესე საცნაურ არს პირველად სლვისა მისისაგან. რამეთუ არცა ერთი არს ვარსკულავი ესევითარსა სლვასა მავალი, არამედ გინა თუ მზე სთქუა, გინა თუ მთოვარე, გინა თუ სხუანი იგი ვარსკულავნი, ყოველთა ვხედავთ აღმოსავალით დასავალად მავალთა, ხოლო იგი ჩრდილოჲთ სამხრად მივიდოდა, რამეთუ ესრეთ არს სპარსეთი პალესტინეს მიმართ; და ესე საქმე არა ვარსკულავთაჲ არს.

მეორედ, ჟამთა განსლვისა მისისათა საცნაურ არს ესე, რამეთუ არა ღამით გამოჩნდებოდა, არამედ დღისი, ბრწყინვალებასა შინა მზისასა, რომელ-ესე ვერ ჴელ-ეწიფების ვარსკულავთა ყოფად, არცა თუ მთოვარესა, რომელ ყოველთა ვარსკულავთა უბრწყინვალეს არს; არამედ იგიცა, აღმობრწყინდის რაჲ მზე და შარავანდედი ნათლისა თჳსისაჲ მოჰფინის სოფელსა, მეყსეულად დაიფარის და ვერღარა უძლის ნათობად. ხოლო ამან ვარსკულავმან გარდამატებულებითა მით ბრწყინვალებისა თჳსისაჲთა მზისაცა ნათელსა სძლო და უბრწყინვალეს მისა ჩნდა.

მესამედ ესე იყო საკჳრველი, რომელ ოდესმე ჩნდა და ოდესმე მიეფარვოდა. რამეთუ სპარსეთით პალესტინამდე ჩნდა და უძღოდა მათ, ხოლო შე-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ, დაეფარა მათგან. და კუალად, ეზრახნეს რაჲ ჰეროდეს და განვიდეს ქალაქით, ეჩუენა, რომელ-ესე არა ვარსკულავისა საქმე იყო, არამედ ძალისა რაჲსამე პირმეტყუელისა და გონიერისა და არცა თჳსი აქუნდა სავალი, არამედ ოდეს-იგი ჯერ-არნ სლვაჲ მათი, ვალნ, და ოდეს ჯერ-არნ დგომაჲ, დადგის, ვითარცა პირველ სუეტი იგი ღრუბლისაჲ ისრაჱლთა უჩუენებდა, რაჟამს ჯერ არნ სლვაჲ და რაჟამს ჯერ არნ დაბანაკებაჲ.

მეოთხედ, წესისაგანცა გამოჩინებისა მისისა საცნაურ არს საკჳრველებაჲ ვარსკულავისაჲ მის. რამეთუ არა თუ სამყაროსა შინა დგა და მიერ უჩუენებდა მოგუთა მათ ადგილსა ბეთლემისასა, არცა შესაძლებელ იყო, არამედ ქუეყანად მოვიდა და წინაუვიდოდა მათ. რამეთუ უწყით, ვითარმედ ადგილისა ესრეთ მცირისა, ქუაბისა და ტალავრისა და ყრმისა ჩჩჳლისა, ზეცით ჩუენებად ვარსკულავისა მიერ ძნელ იყო და შეუძლებელ, ვინაჲთგან სიმაღლე ცისაჲ დიდ არს და ქუეყანისაგან უზომოდ განშორებულ, ვითარმცა ისწავეს ზეცას გამოჩინებულისა ვარსკულავისაგან ესრეთ იწროჲ და მცირე ადგილი? არა ჰხედავთა მზესა და მთოვარესა, რომელნი მრავალწილად უზეშთაეს არიან ვარსკულავთასა? არამედ ყოვლისა სოფლისაგან სწორად ჩანან და ვერვინ სცნობს, თუ რომელსა ქუეყანასა ზედა, ანუ რომელსა სოფელსა ხედვენ, არამედ ყოველთა ესრეთ ჰგონიეს, თუ დამართებით კაცად-კაცადისა აღმობრწყინდებიან. ვითარმცა უკუე ცნეს მოგუთა ზეცას ხილულისა ვარსკულავისა მიერ მცირე იგი ქუაბი, არა თუმცა ქუეყანად მოსრულ იყო და წინაშე მათსა ვიდოდა და ზედა მიადგინნა იგინი შობილისა მის ყრმისა, ყოველთა დამბადებელისა? და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს: "და, აჰა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი".

ჰხედავა, რავდენითა სახითა გამოჩნდების, ვითარმედ არა იყო ვარსკულავი იგი ბუნებითა სხუათა მათ ვარსკულავთაჲთა? ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ, რომელნი ცუდად მეტყუელებენ და შემწედ ვარსკულავთმეტყუელებისა შემოიღებენ გამოჩინებასა მის ვარსკულავისასა და თავთა თჳსთა აცთუნებენ. ხოლო ვიეთნიმე ეძიებენ, ვითარმედ რაჲსათჳს ყოვლადვე უჩუენა ღმერთმან ვარსკულავი იგი ესევითარი მოგუთა მათ და მოიყვანა იგინი ბეთლემად. ესე ამისთჳს, საყუარელო, რაჲთა უმეტესად ამხილოს უგულისხმოებაჲ ჰურიათაჲ და, უკუეთუ უმადლო იქმნან და ურწმუნო, ვითარცა იქმნესცა, ყოველივე სიტყუაჲ და მიზეზი მიეღოს მათ. რამეთუ ვინაჲთგან ცხორებისათჳს ჩუენისა გარდამოჴდა ზეცით უფალი და იშვა ქალწულისა მისგან წმიდისა და ეგულებოდა ძუელისა მის რჩულისა დაცხრომაჲ და მოწოდებაჲ სოფლისაჲ თაყუანისცემად მისა, რაჲთა ზღუასა შინა და ჴმელსა იდიდებოდეს სახელი მისი, ამისთჳს შობასავე თჳსსა მეყსეულად კარი განუღო წარმართთა და მოუწოდა მოგუთა, რომელნი-იგი უმეტეს ყოველთა წარმართთა ურჩულო იყვნეს და უცხო აღთქუმათაგან ღმრთისათა, მისნობასა და გრძნებასა და მსახრვალობასა შექცეულნი, რაჲთა სარწმუნო ყოს წოდებაჲ იგი წარმართთაჲ და რაჲთა უცხოთესლთა მათ მიერ ამხილოს ჰურიათა, რომელნი-იგი ერად მისა წოდებულ იყვნეს, რომელთა ესმოდა ქადაგებაჲ წინაწარმეტყუელთაჲ მარადღე, მოსლვისათჳს მისისა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს. ამისთჳს მოიყვანნა მოგუნი სპარსეთით, რომელნი-იგი მოვიდეს შორით ქუეყანით და ჰურიასტანს შობილსა მას მეუფესა ეძიებდეს, და ჴმითა სპარსთაჲთა ესმა ჰურიათა, რომელ-იგი ჴმითა წინაწარმეტყუელთაჲთა არა ინებეს სმენად, რაჲთა, უკუეთუ ჰრწმენეს, აქუნდეს საქმე იგი დიდად მიზეზად და ძალად სარწმუნოებისა. უკუეთუ კულა მაცილობელ და მგმობარ იპოვნენ, მიზეზი ცოდვისა და ურწმუნოებისაჲ ყოვლადვე არა აქუნდეს, არამედ სრულიად დაეყოს პირი მათი.

რამეთუ რაჲ-მე თქუან მიზეზი, რომლისათჳს არა შეიწყნარეს ქრისტე ესოდენთა ქადაგებათა ზედა წინაწარმეტყუელთაჲსა, ოდეს იხილნეს მოგუნი ერთისა ვარსკულავისა ხილვითა მოსრულნი სარწმუნოებით თაყუანისცემად მისა? რამეთუ ვითარცა იგი ნინეველთა ზე იქმნა და კუალად სამარიტელისა მის და ქანანელისა, ესევე მოგუთათჳს გულისჴმა-ყავ. ამისთჳს ეტყოდა უფალი ჰურიათა: "კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და, აჰა ესერა, უდიდეს იონაჲსსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი". ამისთჳს დასაჯონო ნინეველთაცა და დედოფალმან მან სამხრისამან, რამეთუ ფრიად უდარესთაჲ ჰრწმენა მათ, ხოლო ესენი დიდსა ამას საიდუმლოსა და დიდებულსა ურწმუნო ექმნნეს.

კუალად ესეცა შემოვალს ვიეთგანმე საძიებელად, თუ რაჲსათჳს ხილვითა ვარსკულავისაჲთა მოუწოდა მოგუთა და არა სხჳთა სახითა. არამედ რაჲმცა იყო სახე იგი? უკუეთუმცა წინაწარმეტყუელი მიუვლინა, არამცა რწმენა მათ, რამეთუ მოგუნი წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებდეს. უკუეთუმცა ზეცით ჴმა სცა, არაჲვემცა შეჰრაცხეს. უკუეთუმცა ანგელოზი ეტყოდა, განცჳბრდესმცა ამისთჳს. ესე ყოველი დაუტევა ღმერთმან და უძლურებისაებრ მათისა ყო წოდებაჲ იგი საქმითა მით, რომელსა ჩუეულ იყვნეს იგინი ძიებად ჴელოვნებითა მით თჳსითა, და უჩუენა სახე ვარსკულავისა მის საკჳრველისაჲ; და იხილეს რაჲ, რომელ არასადა ეხილვა, ეუწყა გონებათა მათთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლოჲ ქრისტეს შობისაჲ და ცნეს, ვითარმედ მისთჳს ეჩუენა ვარსკულავი იგი და წარემართნეს თაყუანისცემად მისა, და ხედვიდეს რაჲ სიდიდესაცა და ბრწყინვალებასა მისსა და უცხოსა მას სახესა სლვისა მისისასა, უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდოდეს. ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან ქმნა, ეტყოდა რაჲ ათინელთა; დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ წესისა მისგან ყო, რომელსა იგინი ჩუეულ იყვნეს და ბომონი სამსახურებელთა მათთაჲ აჴსენა და სიტყუანი მათთა მათ სიტყჳსმოქმედთანი აჴსენნა წამებად თჳსისა მის ქადაგებისა. ეგრეთვე კუალად წინადაცუეთაჲ ტიმოთესი თავს-იდვა, რაჲთა შეწყნარებულ იყოს სწავლაჲ მისი ჰურიათა მიერ და გულსავსე ყოფისათჳს რჩულსა ქუეშე მყოფთაჲსა თავს-იდვა შესაწირავისა აღსრულებად, რაჲთა შეუძლოს დაწყებად სწავლისა მათა მიმართ. რამეთუ ვინაჲთგან კაცად-კაცადისა საყუარელ არს ჩუეულებაჲ და წესი თჳსი, ამისთჳს ღმერთიცა და მის მიერ მოვლინებულნი მოციქულნი ცხორებისათჳს სოფლისა ამით სახითა განაწესებენ ქადაგებისა დაწყებასა.

ამისთჳს უკუე ნუ უღირსად გიჩნს ესე, რომელ ვარსკულავისა მიერ უწოდა მათ. უკუეთუ არა, ამით სახითა ყოველივე იგი ძუელისა რჩულისაჲ შეურაცხ-ჰყო: შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი საკუერთხებითურთ, განწმედანი იგი და თუეთა თავნი და კიდობანიცა იგი და ტაძარი; რამეთუ, ვინაჲთგან ჩუეულებაჲ ქმნილ იყო შესაწირავთა და მსხუერპლთაჲ, რომელთა შესწირვიდეს კაცნი ეშმაკთა მიმართ, ენება ღმერთსა მოწყუედაჲ მათი ეშმაკთა მონებისაგან; და სიზრქისათჳს და უგულისჴმოებისა ჰურიათაჲსა არა ჰრქუა სრულიად აკრებაჲ მსხუერპლისაჲ, არამედ ესე უბრძანა, რაჲთა მისა შესწირვიდენ, რაჲთა ეშმაკთა მონებისაგან მონებად ღმრთისა მოიქცენ და შესწირვიდენ მისა შესაწირავსა და საკუერთხსა ვერძთასა, ზუარაკთასა და ბევრეულსა კრავთა მართებულთასა, ვითარცა დანიელ იტყჳს. არა თუ საჴმარ იყვნეს მისა შესაწირავნი იგი ზუარაკთა და ვაცთანი, ვითარცა იტყჳს პირითა დავითისითა, ვითარმედ: "არა ვჭამ მე ჴორცსა ზუარაკთა შენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე". ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, "რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ, ვიცნი მე მფრინველნი ცისანი და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს".

არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთ ერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიად დასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხილეს მეუფჱ იგი მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ შეხუეული სახუეველითა, ყრმაჲ ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, იხილეს და ჰრწმენა და თაყუანის-სცეს და შეწირეს ძღუენი რჩეული. მერმე არღარა სახითა ვარსკულავისაჲთა ეტყოდა, არამედ ანგელოზი მოუვლინა მათ, რომელი უძღოდა გზასა ჯეროანსა, რამეთუ მცირე-მცირედ აღსრულ იყვნეს გულისჴმის-ყოფისა კიბესა.

ესრე სახედ ასკალონელთაცა ზედა და გაზელთა ქმნა ღმერთმან. რამეთუ მი-რაჲ-ვიდა კიდობანი ხუთთა მათ ქალაქთა და მოწყლნა იგინი წყლულებითა ბოროტითა და გუემითა ფიცხლითა და კურნებაჲ ბოროტისაჲ მის ვერარაჲთ პოეს, მაშინ ყვეს კრებაჲ დიდი განზრახვად საქმისა მისთჳს და მოუწოდეს ქურუმთა და მისანთა და ჰკითხვიდეს, თუ რაჲ ყოფად უც ამის ჯერისათჳს. ხოლო მისანთა მათ ჰრქუეს: "ქმენით ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი უმწყნი და ჴბონი მათნი დაიყენენით და კიდობანი იგი შჯულისა ღმრთისაჲ დადგით ურემსა მას ზედა და წარავლინეთ. უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამით კერძო და არცა უმეცრებისათჳს გზისა მის მიდრკენ დიაკეულნი იგი მარჯულ, გინა მარცხლ, არცა ჴმასა მას ჴბოთა მათთასა მართლუკუნ-იქცენ, ვცნათ, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ტანჯნა ქალაქნი ესე. უკუეთუ არა წარვიდენ მართლიად, არამედ გინა თუ უმწყთა მათ დიაკეულთა უღელი შემუსრონ, ანუ უმეცრებისათჳს გზისა სხუად წარვიდენ, ანუ სურვილითა ჴბოთა მათთაჲთა მართლუკუნ იქცენ, საცნაურ იყოს, ვითარმედ არა მან ავნო ქალაქთა ამათ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეემთხჳა სენი ესე". ვინაჲთგან ესრეთ თქუეს მისანთა მათ და ქმნეს მთავართა სიტყჳსაებრ მათისა, დაამტკიცა ღმერთმან სიტყუაჲ იგი მისანთაჲ და აღასრულა, რომელი მათ სასწაულად დაედვა. არა თუ სიტყუაჲ მისანთა და ქურუმთაჲ სათნო იყო ღმრთისა, არამედ გონებასა მას უგულისჴმოებისა და სიზრქისა მათისასა მიაყვანა საქმე იგი და არა უღირს-იჩინა სიტყუასა მას მისანთასა დამტკიცებად საქმით და ჩუენებად ერისა, ვითარმედ რაჲ-იგი მათ თქუეს, საქმით აღესრულა; არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ სარგებელ არს საქმე იგი მრავალთადა, რაჟამს წინამძღუარნი წინააღმდგომთანი მოწამე იყვნენ ჭეშმარიტებისა მის და ძლიერებისა ღმრთისა, საქმით განაგო სიტყჳსა მათისა დამტკიცებაჲ.

ეგრეთვე კუალად საქმე იგი ულუკისაჲ მის მუცლითმეზღაპრისა, რომელი იქმნა საულის ზე, ამისვე განგებულებისა წესსა მსგავს არს და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოების, რომელი ქმნა ღმერთმან განგებულებით უძლურებისათჳს კაცთაჲსა, თანამიყოლად ჩუეულებისა მათისა, რაჟამს იხილოს საქმისა მისგან სარგებელი სულთაჲ მათ, რომელთა მიმართ იყოს საქმე იგი. ამისთჳს მოგუთა მათცა წესისა მისებრ ჩუეულებისა მათისა ვარსკულავისა მიერ უწოდა, უცხოჲსა და საკჳრველისა. ხოლო იხილეს რაჲ უფალი და ჰრწმენა, მერმე პირითა ანგელოზისაჲთა ეტყოდა.

აწ უკუე ვარსკულავისა მისთჳს ესოდენ არს ჩემ მიერ თქუმული, ხოლო თქუენ მიერ უმეტესისაცა შესაძლებელ არს გულისჴმისყოფად, რამეთუ წერილ არს: "ეც მიზეზი ბრძენსა და უბრძნეს იყოს".

ხოლო აწ სიტყუაჲვე სახარებისაჲ ვაჴსენოთ, რომელი-ესე აწ აღმოვიკითხეთ, რამეთუ იტყჳს: "ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ". რაჲსათჳს აჴსენებს ჟამსა მას და სახელსა ადგილისასა: "ბეთლემს ჰურიასტანისასაო" და "დღეთა ჰეროდე მეფისათა"? ამისთჳს აჴსენა მეფობაჲ, რამეთუ სხუაჲცა იყო ჰეროდე, რომელმან მოკლა იოვანე ნათლისმცემელი, არამედ იგი მთავარი იყო ოთხთა სამთავროთაჲ და არა მეფე.

ხოლო ადგილსა და ჟამსა ამისთჳს იტყჳს, რაჲთა აღგჳჴსენოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი მიქეაჲსი, რომელსა იტყჳს: "და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგი იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი"; და კუალად წინაწარმეტყუელებაჲ იგი იაკობ მამათმთავრისაჲ, ვითარმედ: "არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და არს იგი სასოებაჲ წარმართთაჲ". რამეთუ სიტყუათა ამათ მიერ კეთილად გამოგჳსახა მამათმთავარმან ჟამი იგი კურთხეული ქრისტეს მოსლვისაჲ და წარმართთა შეწყნარებისაჲ.

ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, ვითარმედ იხილეს რაჲ მოგუთა ვარსკულავი იგი, სიტყუაჲ მისგან არა ესმა. რაჲ ცნეს, თუ მეუფისა მის ჰურიასტანს შობილისათჳს იქმნა გამოჩინებაჲ მისი? არამედ ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ღმერთმან, რომელმან-იგი ვარსკულავი წინამძღურად მისცა, მან შინაგან გულთა მათთა გულისჴმა-უყო საქმე იგი შობისა თჳსისაჲ და აღძრნა სულნი მათნი სურვილად ხილვისა მისისა. ვითარცა-იგი პირველ გულსა კჳროს მეფისასა დაარწმუნა უხილავად განტევებაჲ ტყუეობისაგან ერი ჰურიათაჲ, ეგრეთვე აქა გულსა ამათსა შთაუთესა გულისჴმის-ყოფაჲ თჳსისა შობისაჲ. ხოლო მათ შეიწყნარეს და შეუდგეს ვარსკულავსა მას, რაჲთა მისისაცა მადლისა საკჳრველებაჲ გამოჩნდეს და მათისაცა სულისა მორჩილებაჲ, რამეთუ არა თუ სიტყუაჲ ესე წესსა მას თჳთმფლობელობისასა დაჰჴსნის, არამედ ღმრთისა მიერცა მივლინებულსა მადლსა გამოაჩინებს და მათსაცა კეთილსა ნებასა, ვითარცა-იგი პავლეს უწოდა რაჲ ზეცით, თჳსიცა მადლი და მისიცა მორჩილებაჲ გამოაჩინა. და ამასცა იტყჳნ ვინმე, ვითარმედ: რად არა ყოველსა მას ქუეყანასა სპარსეთისასა გამოუცხადა საქმე იგი დიდებული? ესე ამისთჳს, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰრწმენეს სხუათა მათ, არამედ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნა, ვითარმედ ეგულების შეწყნარებაჲ სიტყჳსაჲ მის, მათცა უწოდა, რამეთუ უაღრეს და უკეთეს ყოველთასა იყვნეს. ვითარცა-იგი პირველ, არა თუ სხუანი ქალაქნი და ნათესავნი არა იყვნეს ცოდვასა შინა და წარწყმედასა და მრავალნი დაიქცეს ურჩულოებათა მათთათჳს, არამედ ნინეველთა ხოლო მოუვლინა წინაწარმეტყუელი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ეგულებოდა მათ მოქცევაჲ; და ორნი ავაზაკნი იყვნეს ჯუარსა ზედა, არამედ ერთი ხოლო ცხონდა. რამეთუ ღმერთსა კაცნი თჳთმფლობელად დაუბადებიან: რომელთა თანა იხილოს გონებაჲ კეთილი, მოუვლენს მადლსა თჳსსა შეწევნად და მოქცევად საცთურისაგან, ხოლო რომელთაჲ იცოდის, ვითარმედ არა მოქცევად არიან, არამედ უკურნებელ არს სენი მათი, მრავალგზის დაუტეობს, რაჲთა არა უმეტესი სასჯელი შეემთხჳოს, ვითარცა-იგი ჰურიათა შეხუდა. აწ იხილეთ მოგუთა მათ სიკეთე, არა მოსლვისათჳს ოდენ ესოდენსა მას გზასა, არამედ კადნიერებისათჳსცა, რომელ აჩუენეს ჰეროდეს და ერსა მას ჰურიათასა, ვითარ ჴმამაღლად აღიარეს საქმე იგი და იტყოდეს: "სადა არს შობილი იგი მეუფჱ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა".

ხოლო ესენი წარ-რაჲ-ვიდეს ქუეყანად თჳსად, მოძღუარ იქმნეს ერისა მის თჳსისა და მიუთხრეს შობაჲ მეუფისა ქრისტესი და საკჳრველი იგი, რომელ იხილეს. რამეთუ რომელთა-იგი არცა გულისწყრომასა ჰეროდესსა, არცა შფოთსა ჰურიათასა ჰრიდეს პირველვე ქრისტეს თაყუანისცემისა, არამედ ჴმამაღლად ჭეშმარიტი ქადაგეს, ვინაჲთგან იხილეს უფალი და განმტკიცნეს სარწმუნოებითა და ბრძანებაჲ მოიღეს ანგელოზისაგან და წინაწარმეტყუელისა წამებაჲ ესმა, ოდესღამცა დაიდუმეს მითხრობად დიდებულებასა მას ქრისტესსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: "ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა" (2,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეშფოთნა ჰეროდე და შეძრწუნდა, რამეთუ მეფობისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს ეშინოდა, ნუუკუე წინააღმდგომ ექმნას და დამჴსნელ შობილი იგი მეუფჱ. ხოლო იერუსალჱმი რაჲსათჳს შეძრწუნდა, ანუ რად აღშფოთნეს ჰურიანი? ვინაჲთგან ესმოდა მარადღე წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელნი მიუთხრობდეს მაცხოვრისა და ქველისმოქმედისა განმათავისუფლებელისა მოსლვასა, რაჲსათჳს უკუე შეშფოთნეს, რომლისა მიზეზისათჳს? გარნა მითვე გონებითა, რომლითა პირველ ქველისმოქმედებათა მათგან ღმრთისათა გარემიიქცეოდეს და დიდთა მათ სასწაულთა შინა და ფრიადსა მას აზნაურებასა იჴსენებდეს ჴორცსა მას ეგჳპტისასა და ხახუსა და სხუასა მას შეურაცხსა ქცევასა მათსა და იტყოდეს: უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ იგიო და თიჴისა და ალიზისა საქმჱ, ვიდრე უდაბნოჲსა ესე თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.

ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: "შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ"; და ესაია ღაღადებს: "შჯიდეს სიმართლისა სასჯელითა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა აღჴოცოს უღმრთოჲ და იყვნეს სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი". ამის სახისათჳს შეშფოთნეს ჰურიანი იგი ბოროტისმოყუარენი. ხოლო განიხილე წინაწარმეტყუელთა ჭეშმარიტებაჲ და ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: "ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა და ძე მოგუეცა ჩუენ".

ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მეუფე იგი სახიერი და სპარსნი მოიყვანნა თაყუანისცემად მისა და მისგან გულისჴმაყვესმცა და თქუეს, ვითარმედ: ყოველნი დამორჩილებად არიან ჩუენისა ამის მეუფისა და არღარა მაქუნდეს შიში ტყუეობისაჲ, არამედ ჩუენ ვიყვნეთ უფალ სხუათა წარმართთა; რამეთუ უკუეთუ აწ ოდენ შობილისა ამისგან ესრეთ ძრწიან, უკუეთუ აღიზარდოს, მაშინ უმეტესად ძრწოდინ ყოველნი მისგან და ვიქმნეთ ჩუენ უბრწყინვალეს ყოველთა ნათესავთა. არამედ არარაჲ ესევითარი გულისჴმა-ყვეს, არცა განიფრთხვეს უკეთურებისაგან თჳსისა, რამეთუ დიდ იყო დაჴსნილობაჲ მათი და შური, რომლისათჳსცა არა ენება ყოვლადვე შობაჲ იგი ქრისტესი უმადლოთა მათ და უგულისჴმოთა.

 

წიგნიდან: „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“

თარგმანი წმ. ეფვთიმე მთაწმიდელისა

ტექსტი მომზადდა თბ. სახ. უნივერსიტეტის ათონის ხელნაწერთა შემსწავლელ ლაბორატორია „ორიონში“, რედ. მზექალა შანიძე

გამოიცა 1996 წ.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა