წმიდისა მამისა ჩუენისა ანდრიაჲს მთავარეპისკოპოსისა
კესარია-კაბადუკიელისაჲ
თარგმანებაჲ გამოცხადებისაჲ წმიდისა იოვანე მახარებელისაჲ
18
მოციქულისაჲ.(1-3) და შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი, და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. და ღაღატ-ყო ძლიერითა ჴმითა და თქუა: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა. რამეთუ გულის-წყრომისაგან ღჳნისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.
თარგმანი. და ესაიაცა წინაწარმეტყუელა ბაბილონისათჳს სპარსთაჲსა, ვითარმედ ესე ყოველი მოოჴრებაჲ მოიწიოს მას ზედა, და ეგრჱთვე მოციქულმან ქალაქისა მისთჳს იხილა. ხოლო იტყჳს, თუ ღჳნისაგან სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა, ესე იგი არს, ვითარმედ მორჩილთა მისთა ქალაქთა ბოროტსა ასწავლიდეს.
მოციქულისაჲ.(3) და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალითა სიბორგილისა მისისაჲთა განმდიდრდეს.
თარგმანი. რამეთუ გარდამატებულითა უზომოებითა მისითა სხუათა ამაოჲსა სიმდიდრისა მიზეზ ექმნა.
მოციქულისაჲ.(4) და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა.
თარგმანი. ვითარცა ლოთს სოდომით გამოსლვაჲ უბრძანა ღმერთმან, ეგრჱთვე აქა ყოველთა მორწმუნეთა ეტყჳს განსლვად მისგან, რაჟამს ყოველნი მბრძოლ ღმრთისა იყვნენ.
მოციქულისაჲ.(6) მიაგეთ მას, ვითარცა მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი მისი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთაებრ მისთა, ბარძიმსა შინა, რომელსა გიწდია, უწდიეთ ორკეცი.
თარგმანი. ამას მუნ მყოფთა წმიდათა მიმართ და ტანჯულთა იტყჳს, რომელნი-იგი მიზეზ მათთა სატანჯველთა იქმნნეს, ვითარმედ: აწ მიაგეთო, ვითარცა მან გიყო თქუენ. ხოლო ორკეცი არს ტანჯვაჲ აქაჲცა და მუნი, სულისა და ჴორცთაჲ, რომელთაგან არს ცოდვაჲ, და მათ ზედა არს სატანჯველი.
მოციქულისაჲ.(7) რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივი არა ვარ და გლოვაჲ არა ვიხილო.
თარგმანი. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს ყოველთა შუებასა შინა მყოფთაჲ, რომელთა არა აქუნდეს შიში უფლისაჲ.
მოციქულისაჲ.(8) ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი და სიყმილი და დაქცევაჲ.
თარგმანი. ერთსა დღესა მას იტყჳს, რაჟამს ქალაქი იგი უკეთურთა დაიპყრან და მოიწიოს ესე ყოველი მის ზედა.
მოციქულისაჲ.(9-10) და ტიროდიან მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილონო, რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი.
თარგმანი. მეფედ მუნ მყოფთა მთავართა იტყჳს უკეთურთა, რომელნი გოდებდენ მას ზედა და უკჳრდეს ესრჱთ მეყსა შინა დაცემისა მისისათჳს.
მოციქულისაჲ.(11-12) და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და გოდებდენ მას ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არავინ იყიდდეს. არღა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისაჲ.
თარგმანი. ვინაჲთგან დიდნი მთავარნი მისნი არა იყვნენ, ვინღა იყიდოს ესე ყოველი?
მოციქულისაჲ.(13-14) არცა ჴორცნი და სულნი კაცთანი. და ხილი გულის-თქუმისა შენისაჲ წარვიდა შენგან.
თარგმანი. რამეთუ არარაჲ ამათგანი ვინ იყიდოს და არცა კაცთა დამონებაჲ და სყიდაჲ იყოს მას შინა.
მოციქულისაჲ.(15-16) ვაჭარნი ამის ყოვლისანი შორს დგენ და იგლოვდენ და იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ ქალაქი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა, და შემდგომი ამისი.
თარგმანი. გლოვისა ამის მიერ, რომელსა იტყჳს, მოასწავებს ქალაქისა მის ესრჱთ ვნებასა და დარღუევასა.
მოციქულისაჲ.(17-19) და ყოველი წყალთა ზედა მავალი და მენავენი და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს და ჰხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით, და შემდგომისი ამისი.
თარგმანი. რამეთუ იგი ქალაქი მახლობელად ზღუასა ყოფისათჳს დაცემითა თჳსითა მენავეთა გლოვაჲ მოატყუას.
მოციქულისაჲ.(20) იხარებდით მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
თარგმანი. ცისა მიერ ანგელოზთა იტყჳს, რომელთა თანა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთაცა იტყჳს სიხარულად, რამეთუ საჯა ღმერთმან მათი შეურაცხებაჲ, რომელ მარადის მათნი მცნებანი აღმოიკითხვოდეს, და არა ისმენდეს მუნ მყოფნი. ხოლო არა თუ წმიდანი ბოროტისა მათისათჳს იხარებდესმცა, არამედ აკრებისათჳს ცოდვათაჲსა.
მოციქულისაჲ.(21-24) და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრჱთ შთავარდეს ბაბილონი, ქალაქი იგი დიდი და არღარა იპოოს. და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ და მესტჳრეთაჲ არღარა ისმას შენ შორის. რამეთუ შენ შორის სისხლნი წმიდათანი და წინაწარმეტყუელთანი იპოვნეს, და შემდგომი ამისი.
თარგმანი. რამეთუ ვითარცა რაჟამს წისქჳლი ზღუასა ვინ შთააგდოს, მეყსა შინა დაინთქმის, ეგრჱთვე მისი დაცემაჲ წამსა შინა იქმნას. ხოლო თქუეს პირველთა მოძღუართა ეკლესიისათა, ვითარმედ ესე ბერძენთა მეფობაჲ არს, რომლისაგან გამოვიდეს ანტჱ, რომლისა მიერ მრავალნი სისხლნი წმიდათანი დათხეულ არიან, რამეთუ იგი არს ყოვლისა სოფლისა მეფობაჲ, რომელი პირველითგან მოვალს.
19
მოციქულისაჲ.(1-4) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განჴრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.
თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი – იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.
მოციქულისაჲ.(5) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი – მცირენი და დიდნი.
თარგმანი. საყდრად ქერაბინთა და სერაბინთა იტყჳს, რომელთაგან ესმა ჴმაჲ ესე, რაჲთა აქებდენ უფალსა დიდნი წმიდანი და სათნოებითა მცირენიცა.
მოციქულისაჲ.(6-7) და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, რამეთუ სუფევს ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ.
თარგმანი. ესე ჴმაჲ ერისაჲ და წყალთაჲ და ქუხილთაჲ არს ჴმაჲ ყოველთა ანგელოზთაჲ და წმიდათაჲ, რომელნი ადიდებენ ღმერთსა. ხოლო სუფევს ქრისტე, რამეთუ რომელთა ზედა ბუნებითა ღმრთისაჲთა უფლებაჲ აქუნდა, განკაცებითა მისითა მიიღო კუალადცა მათ ზედა სუფევაჲ, რომელ არს ნეფსით მოსლვაჲ მათი მისა მიმართ. ხოლო ქორწილად კრავისა ეკლესიისა ქრისტჱს შეერთებასა იტყჳს, რომელი შეაერთეს წმიდათა მოციქულთა, რომელთა მიერ მიეცა მას წინდი იგი სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი მაშინ მიიღოს მას საუკუნესა და პირისპირ ქრისტჱს თანა შეერთებასა ღირს იქმნეს.
მოციქულისაჲ.(7-9) და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი. და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან. და მრქუა მე: დაწერე: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა. და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
თარგმანი. ძოწეული წმიდაჲ ბრწყინვალებაჲ სათნოებათაჲ არს. ხოლო სერი ქრისტესი ცხოვნებულთაჲ მათ დღესასწაული და სიხარული არს, რომლისა მკჳდრნი ნეტარ არიან და შევიდენ სასძლოსა მას საუკუნესა, წმიდასა მას სულთა სიძესა თანა. ხოლო ვინაჲთგან მრავალნი არიან მის საუკუნოჲსა კეთილნი, ამისთჳს მრავალნიცა სახელნი ეწოდებიან მათსა მიღებასა, რამეთუ ეწოდების სასუფეველ – დიდებისათჳს მისისა და სამოთხე – კეთილთათჳს მისთა და წიაღ აბრაჰამისა – დამაშურალთა მას შინა განსუენებისათჳს, და კუალად: სასძლოცა და ქორწილ – არა დიდისა მის სიხარულისათჳს ოდენ მისისა, არამედ გამოუთქუმელისა მისთჳსცა ღმრთისა თჳსთა მონათა თანა შეერთებისა, რომელი ესეზომ შორავს ჴორციელისა მის შეერთებისაგან, რაზომ ნათელი ბნელსა შორავს და სიმყრალჱ – სულნელებასა.
მოციქულისაჲ.(10) და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა-მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი. ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
თარგმანი. ეტყოდა ანგელოზი, ვითარმედ: ნუ თაყუანის-მცემ მე, ვითარცა მომავალთა საქმეთა მეტყუელსაო, რამეთუ ქრისტჱს აღსაარებაჲ და წამებაჲ, რომელ გაქუს, ეგე არს მადლსა და სულსა წინაწარმეტყუელებისასა მომცემელ. ამისთჳს ნუ მე, მონასა, თაყუანის-მცემ, არამედ ღმერთსა. ხოლო ესრჱთ სიმდაბლჱცა წმიდათა ანგელოზთაჲ გულისჴმა-ვყოთ, ვითარ არა თჳსთა თავთა იჩემებენ ღმრთისა დიდებასა.
მოციქულისაჲ.(11-12) და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სახელი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი.
თარგმანი. განხუმაჲ ცათაჲ მოსლვისა მისისა ხილვასა მოასწავებს, ხოლო ცხენი სპეტაკი ბრწყინვალებაჲ იგი საუკუნოჲ წმიდათაჲ არს, რომელსა ზედა მჯდომარჱ მოვიდეს შჯად. და თუალნი მისნი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, – მართალთა განმანათლებელ და ცოდვილთა შემწუველ. ხოლო მრავალნი გჳრგჳნნი ყოველთა ზედა მეუფებისა მისისა სასწაულ არიან.
მოციქულისაჲ.(12) რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან.
თარგმანი. უცნაური იგი სახელი მისისა ბუნებისა მიუწდომელობაჲ არს, რამეთუ განგებულებითა მისითა მრავალი სახელი ეწოდების მას; სახიერ და მწყემს და მზე სიმართლის და ნათელ და ცხორება და სიმართლე და სიწმიდე და მჴსნელ და უხრწნელ და უხილავ და უკუდავ და უცვალებელ. ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მიუწდომელ არს, რომელმან თჳსი თავი თანა მამით და სულით წმიდითურთ უწყის.
მოციქულისაჲ.(13) და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
თარგმანი. სამოსელი იგი სახჱ განკაცებისაჲ არს. ხოლო რომელ-იგი პირველ თქუა, ვითარმედ უსახელო არს, აწ სახელ-სდებს, რამეთუ იგი ბუნებისათჳს ღმრთეებისა მისისა, ხოლო ესე სახედ ძეობისა და უვნებელად შობისა მისისათჳს, ვითარცა გონებისაგან სიტყუაჲ უვნებელად იშვების.
მოციქულისაჲ.(14-15) და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა წმიდითა და სპეტაკითა. და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი. და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა.
თარგმანი. ესე მახჳლი არს ცოდვილთა სატანჯველი ფიცხელი, ვითარცა კუერთხი რკინისაჲ. ხოლო საწნეხელსა რისხვისა ღმრთისასა დასწნეხს, რამეთუ მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, ვითარცა კაცსა, რომელი ბუნებით უწინარჱს საუკუნეთა აქუნდა. ხოლო ბისონი მჴედრობათა ზეცისათა სახჱ არს მათისა მის სიწმიდისაჲ.
მოციქულისაჲ.(16) და არს წერილ სამოსელსა ზედა და თეძოსა მისსა; მეუფჱ მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ.
თარგმანი. ესე არს სახჱ კაცებისა მისისაჲ, რამეთუ არა განიკუეთა მისი მეუფებაჲ, დაღაცათუ კაც იქმნა, არამედ იგი არს მეუფჱ მათი, რომელნი მეუფე იქმნნეს ვნებათა ზედა.
მოციქულისაჲ.(17) და ვიხილე ანგელოზი, მდგომარჱ მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა.
თარგმანი. ესე ერთი იყო უზეშთაესთა ანგელოზთაგანი, რომელი სხუათა ანგელოზთა სიხარულსა ეტყოდა უშჯულოთა ტანჯვისათჳს.
მოციქულისაჲ.(17-18) მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა, რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი მთავართანი და ჴორცნი ათასის-თავთანი და ჴორცნი ცხენთა და მათ ზედა-მსხდომარეთანი.
თარგმანი. ნებაჲ ღმრთისაჲ, რომელსაცა ეწოდების მისდა სერობა, ესე არს ცხოვნებაჲ ყოველთა კაცთაჲ. ხოლო მეორედ, რაჲთა რომელნი თავთა თჳსთა სატანჯველისა მომატყუებელ იქმნეს, იგინი იტანჯნენ. ხოლო შეჭმად ჴორცთა და ცხენთა და ზედა-მჯდომელთა სახელ-სდვა ყოველთავე ჴორციელთა საქმეთა უჩინო-ყოფასა და წარწყმედასა.
მოციქულისაჲ.(19) და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ.
თარგმანი. მჴედართა ეშმაკისათა მჴედრობად მრავლად სახელ სდვა სიმრავლისათჳს ცოდვათა მათთაჲსა და განყოფილებისა ნებათა მათთა, დაღაცათუ უდარჱსი ნაწილი არს ანგელოზთაჲ მათი დასი. ხოლო ქრისტჱს თანა მყოფთა ერთად მჴედრობად უწოდა ერთობისათჳს მათისა ნებისა, რომელი აქუს აღსრულებად მცნებათა ღმრთისათა.
მოციქულისაჲ.(20) და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუ წინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი მჴეცისაჲ მის და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.
თარგმანი. დაღათუ წინა-აღუდგენ ქრისტესა იგინი და მონათა მისთა მეფეთა თანა ქუეყანისათა მორჩილთა მათთა, არამედ იძლინენ და ანტჱ და მისი ცრუ-წინაწარმეტყუელი შეიპყრნეს რისხვამან ღმრთისამან.
მოციქულისაჲ.(20) და ცოცხლივ შთავარდეს ორნი იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იწუების წუმწუბითა.
თარგმანი. რამეთუ უხრწნელითა ჴორცითა მიეცნენ იგინი ცეცხლსა მას გეჰენიისასა, რომელი იყოს მათდა სიკუდილ საუკუნო.
მოციქულისაჲ.(21) და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.
თარგმანი. რამეთუ მათ თანა მათნიცა მორჩილნი მოკუდენ და საუკუნესა სატანჯველსა მიეცნენ ბრძანებითა უფლისაჲთა. ხოლო განძღომისათჳს მფრინველთაჲსა ჴორცითა ვთქუთ, ვითარმედ სრულიად ჴორციელთა საქმეთა უჩინო-ყოფაჲ არს.
20
მოციქულისაჲ.(1-3) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი – გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მას ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს ჯუარ-ცუმასა, რომელმან შეკრა და დასაჯა იგი უფსკრულთა შინა. ხოლო ანგელოზი იყო, რომელი ჰმსახურებდა ესევითარსა მას ბრძანებასა მისსა. და ჯაჭჳ ჩუენისა გულისჴმის-ყოფისათჳს სახელ-სდვა ძალსა მას მისსა შემპყრობელსა. ხოლო ათას წლად ჟამსა მას იტყჳს, რომელი გარდაჴდეს ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე ანტეს მოსლვადმდე, და მერმე მოვიდეს ყოველი ძალი ეშმაკისაჲ ანტჱს მიერ სოფლად მცირედ ჟამ.
მოციქულისაჲ.(4) ვიხილენ საყდარნი, და სხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტჱს თანა ათასსა მას წელსა.
თარგმანი. რამეთუ მიცემულ არიან წმიდათა მოციქულთადა საყდარნი მოძღურებისანი, რომლითა განათლდებიან ყოველნი წარმართნი, და სხუათა წმიდათა მოწამეთა, რომელთა არა მიიღეს ხატი იგი განდგომილებისა ეშმაკისაჲ, არამედ ქრისტჱსთჳს ივნეს, მიეცა მათ სასჯელი. ესე იგი არს, ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ზედა. და ამისთჳსცა ვიდრე დღენდელად-დღედმდე ვხედავთ, ვითარ განასხმენ ეშმაკთა და ჰკურნებენ სნეულთა. ხოლო ეშმაკსა და ანტეს და ცრუ-წინასწარმეტყუელსა ერთად აჴსენებს, რამეთუ ოდესმე ცრუ-წინაწარმეტყუელსა და ანტეს იტყჳს ვეშპად და ეშმაკსა – მჴეცად, და ოდესმე კუალად მათ – მჴეცად და ეშმაკსა – ვეშპად. და ამას ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: მძლენი ეშმაკისანი სუფევდეს ქრისტჱს თანა ვიდრე მეორედ მოსლვადმდე. ხოლო მიერითგან სრულიად მიიღონ ქრისტჱს აღთქუმათა აღსასრული და უზეშთაესნი კეთილნი.
მოციქულისაჲ.(5-6) და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხონდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტჱსა და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.
თარგმანი. ორნი ცხორებანი და ორნი სიკუდილნი წმიდათა წერილთაგან გჳსწავიეს, რამეთუ პირველი ცხორებაჲ არს, რომელი მოგუეცა შემდგომად სამოთხით გამოსლვისა ჴორციელი და წარმავალი, ხოლო მეორჱ იგი – წმიდათაჲ საუკუნოჲსა მერმისა. ეგრჱთვე სიკუდილი პირველი ჴორცთაჲ ესე წარმავალი, ხოლო მეორჱ – ცოდვილთაჲ საუკუნოსა მას ცეცხლსა შინა გეჰენიისასა. და მკუდართაცა განყოფილებაჲ ვიცით, რამეთუ რომელნიმე ბოროტ არიან, რომელთათჳს იტყჳს ესაია: ხოლო მკუდართა ცხორებაჲ არა იხილონ, რომელ არიან ცოდვათა მიერ მომკუდარნი სულითა. ხოლო რომელნიმე საქებელ, რომელთა მოეკუდინნენ საქმენი ჴორცთანი ქრისტჱს მიერ და მის თანა ჯუარს-ეცუმოდიან და სოფლისა ამის მიმართ მკუდარ იყვნენ. აწ უკუე ამას იტყჳს, ვითარმედ: საწყალობელნი იგი მკუდარნი, რომელნი არა ქრისტჱს თანა მომკუდარ და აღდგომილ იყვნენ ნათლის-ღებითა, არამედ ცოდვათა სიღრმესა შინა დადგრომილ იყვნენ, არა ცხონდებიან იგინი ქრისტჱს თანა ათასსა მას წელსა, რომელ არს პირველით მოსლვით მისითგან ვიდრე მეორედ მოსლვადმდე, არამედ ქუეყანით ოდენ შობილნი მიწისაგან და არა სულისაგანცა, მიწადვე მიიქცენ, რამეთუ სიკუდილი მათი დასაბამი იყო მათ ზედა მომავალთა მათ სატანჯველთაჲ. ხოლო რომელთა აქუნდეს ნაწილი პირველსა მას აღდგომასა შინა, ესე არს აღდგომაჲ ბოროტთა გულის-სიტყუათაგან და მკუდართა მათ საქმეთა. იგინი სანატრელ არიან, რამეთუ არა მიიღოს მათ ზედა მეორემან მან სიკუდილმან ჴელმწიფებაჲ, რომელ არს საუკუნოჲ სატანჯველი, არამედ სუფევდენ ქრისტჱს თანა, ვიდრე განიჴსნეს ეშმაკი და აცთუნნეს წარმართნი. არა თუ რამეთუ მაშინ სუფევაჲ მიეღების მისგან, არამედ რამეთუ უმტკიცჱსად და უმაღლჱსად მიეცეს მათ. ვინაჲთგან უკუე ორნი სიკუდილნი არიან, ეგრჱთვე ორნი აღდგომანი, რამეთუ პირველი სიკუდილი ჴორციელი და მეორჱ სატანჯველი იგი საუკუნოჲ. და კუალად პირველად აღდგომაჲ არს ბოროტთა საქმეთაგან აღდგომაჲ და მეორჱ ხრწნილებისაგან გუამთა უხრწნელებად შეცვალებაჲ.
მოციქულისაჲ.(7-8) და შემდგომად ათასისა მის წლის განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა ბრძოლად, რომელთაჲ სიმრავალჱ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.
თარგმანი. მაშინ ეშმაკი განიჴსნას და აცთუნნეს ყოველნი წარმართნი და გოგ და მაგოგ აღძრნეს ბრძოლად და მოოჴრებად ქუეყანისა, რომელ-იგი არიან წარმართნი ჩრდილოჲსა კერძისანი ქუეყანასა რუსთასა და გარემო მისა სხუათა წარმართთა, რომელნი მრავალ არიან ფრიად და მჴნედ მბრძოლნი, რომელნი დაყენებულ არიან ღმრთისაგან ვიდრე ეშმაკისა განჴსნადმდე. ხოლო ეზეკიელცა წინაწარმეტყუელმან თქუა ამათი მოსლვაჲ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქუეყანად ისრაჱლისა, და მუნ დაეცნენო და შჳდსა წელსა არა იჴმარონო კაცთა მის ქუეყანისათა შეშაჲ, არამედ მათსა საჭურველსა წუვიდენ: ფარებსა და მშჳლდებსა და ისარსა და ლახუართა.
მოციქულისაჲ.(9-10) და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. და ეშმაკი, რომელი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუ-წინაწარმეტყუელი და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
თარგმანი. ვითარცა მჴეცნი ველურნი, ესრჱთ მოადგენ კრებულსა წმიდათასა, რომელ არიან წმიდანი ეკლესიანი, და იერუსალჱმსცა, ქალაქსა მას წმიდასა, რომელსა შინა ქრისტე ჯუარს-ეცუა, სადა-იგი დაჯდეს ანტჱცა ტაძარსა შინა ღმრთისასა, რაჲთა ღმრთად აჩუენებდეს თავსა თჳსსა. ხოლო მოვიდეს ზეცით ცეცხლი და შეჭამნეს ესევითარნი იგი წარმართნი, და მაცთური და წინამძღუარი მათი ეშმაკი შევარდეს ცეცხლისა ტბასა შინა ანტჱს თანა და ცრუ წინაწარმეტყუელისა და უკუნითი უკუნისამდე იტანჯებოდის.
მოციქულისაჲ.(11) და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარჱ მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ.
თარგმანი. სპეტაკი საყდარი მოასწავებს ბრწყინვალებასა წმიდათასა, რომელთა შორის ღმერთი განისუენებს. ხოლო სივლტოლაჲ ცისაჲ და ქუეყანისაჲ არს შეცვალებაჲ მათი უმჯობჱსისა მიმართ, და ადგილი სრულიად უჩინო-ყოფისა მათისაჲ არა იპოოს, რამეთუ დაბადებულნი ჩუენ თანა ხრწნილებასა დაემორჩილნეს, ვითარცა მოციქული იტყჳს, და ეგრეთვე კუალად ჩუენ თანა უხრწნელებად შეიცვალნენ. ხოლო არა სრულიად უჩინო იქმნენ, ვითარცა წმიდანი წერილნი იტყჳან, რამეთუ ნეტარი ირინეოს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებაჲ და არსებაჲ დაბადებულთაჲ წარჴდეს, რამეთუ მტკიცე არს დამბადებელი მათი, არამედ სახჱ იგი სოფლისაჲ, რომელსა შინა იქმნა ცოდვაჲ იგი, წარჴდეს. ხოლო დიდი მეთოდი იტყჳს, ვითარმედ არცა ესე კეთილ არს თქუმად, ვითარმედ: ყოველი წარწყმდეს: ქუეყანაჲ და ცაჲ, და ჰაერნი არღარა იყვნენ, რამეთუ გამოჴურდენ ცეცხლითა და განახლდენ, ხოლო არა სრულიად წარჴდენ. და მოციქული პავლე წამებს, ვითარმედ: იჭჳ იგი დაბადებულთაჲ გამოცხადებასა ღმრთისასა მოელის, რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა სოფელი არა ნეფსით, არამედ მის მიერ, რომელმან დაამორჩილა იგი სასოებით, რამეთუ იგიცა დაბადებულნი განთავისუფლდენ მონებისა მისგან ხრწნილებისა. ხოლო ამათსა უწინარჱს ნეტარი დავით გალობდა და იტყოდა: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაჲ. და ესაია იტყჳს: იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, და პირველნი იგი არღა მოიჴსენნენ, არამედ იხარებდენ მარადის. და ამის ყოვლისაგან უწყით, ვითარმედ ჩუენთჳს შექმნილი ესე ყოველივე უხრწნელებად შეიცვალოს და არა სრულიად წარჴდეს.
მოციქულისაჲ.(12) და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.
თარგმანი. მკუდართა იტყჳს ყოველთა კაცთა, დიდთა ჰასაკითა და ცოდვითა მცირეთა. ხოლო წიგნნი იგი თითოეულისა საქმენი და განგებანი არიან. და სხუაჲ იგი ცხორებისა წიგნი არს, სადა სახელები წმიდათაჲ წერილ არს.
მოციქულისაჲ.(13) და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შინა.
თარგმანი. თითოეული გუამი, სადაცა წარწყმედილ იყოს, მუნითცა მოვიდეს. ხოლო სიკუდილი არს განშორებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ, ხოლო ჯოჯოხეთი – ადგილი ბნელი, სადა მივლენ სულნი ცოდვილნი, ამიერ განსრულნი. ხოლო მართალნი არიან ჴელთა უფლისათა.
მოციქულისაჲ.(14-15) და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე არს სიკუდილი მეორჱ ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
თარგმანი. სიკუდილი და ჯოჯოხეთი ესე ბოროტნი იგი ძალნი არიან მომატყუებელნი სულიერისა სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი, რამეთუ ვითარცა ქალაქ ეწოდების ერთსა მას შინა მკჳდრთა, ეგრჱთვე – ჯოჯოხეთ მისთა მომატყუებელთა, და ცოდვილნიცა შთავარდენ ტბასა მას ცეცხლისასა. ხოლო ვითარცა სასუფეველისა სავანენი მრავალ არიან, ეგრჱთვე სატანჯველნიცა ცოდვილთანი მრავალ არიან, რომელნიმე უმწარჱსნი და რომელნიმე უმოლხინჱსნი თითოეულისა საქმეთაებრ.
21
მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი იგი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.
თარგმანი. ცისა და ქუეყანისათჳს თქუა, ვითარმედ პირველნი წარჴდეს, ესე იგი არს, ვითარმედ უმჯობჱსისა მიმართ შეიცვალნეს. ხოლო ზღჳსათჳს თქუა, ვითარმედ ზღუაჲ არღარა იყოს, რამეთუ რად საჴმარ არს ზღუაჲ, ვინაჲთგან მას შინა მავალნი არღარა იყვნენ, რაჲთამცა შორიელთა საქმეთა მოიღებდეს.
მოციქულისაჲ.(2) და ქალაქი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.
თარგმანი. და აქაცა ჩანს, ვითარმედ განახლებულად უმჯობჱსისა მიმართ შეცვალებასა იტყჳს, ვითარცა იხილა იერუსალჱმი იგი ზეცათაჲ, გარდამომავალი ანგელოზთაგან კაცთა მომართ ერთობისათჳს მათისა. ხოლო ქალაქად ეწოდების, რამეთუ სამკჳდრებელი არს წმიდისა სამებისაჲ, და სძლად – რამეთუ შეერთებულ არს იგი უფლისა სამკაულითა საღმრთოჲთა.
მოციქულისაჲ.(3-4) და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.
თარგმანი. ზეცით ისწავა წმიდამან სამკჳდრებელისა მის ჭეშმარიტებაჲ, და ვითარმედ მას შინა მყოფთა თანა არღარა იყოს ტირილი, რამეთუ ღმერთმან თჳსისა დიდებისა ხილვითა სიხარული სამარადისოჲ მიანიჭოს მათ.
მოციქულისაჲ.(4) და სიკუდილი არღარა იყოს და არცა გლოაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს.
თარგმანი. ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: სადა არა არს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, რამეთუ პირველი ჭირი წმიდათაჲ და ურჩულოთა ამპარტავანებაჲ წარჴდა.
მოციქულისაჲ.(5-6) თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ: ესე სიტყუანი სარწმუნონი ღმრთისანი არიან. და მრქუა მე: ვიქმენ ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული.
თარგმანი. ჭეშმარიტ არიან სიტყუანი ესე, რამეთუ ჭეშმარიტებისაგან გამოსრულ არიან. ხოლო ქრისტე არს დასაბამი და დასასრული, ვითარცა პირველი ღმრთეებითა და უკუანაჲსკნელი კაცებითა.
მოციქულისაჲ.(6) მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.
თარგმანი. რომელსა სწყუროდის სიმართლისათჳს, მისცეს მას ქრისტემან მადლი იგი ცხოველს-მყოფელი სულისაჲ. ხოლო უსასყიდლოდ – რამეთუ არა ღირს არიან ვნებანი ამის საწუთროჲსანი კეთილთა მათ საქმეთა.
მოციქულისაჲ.(7) რომელმან სძლოს, მივსცე ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.
თარგმანი. რომელმან სძლოს უხილავთა ეშმაკთა, ამათ კეთილთა ღირს იქმნას, რომელ ძე ღმრთისა იქმნეს.
მოციქულისაჲ.(8) ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და ყოველთა უკეთურთა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორჱ.
თარგმანი. ყოვლით კერძოვე მიგჳზიდავს მისა მიმართ ღმერთი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი ქადებითა კეთილთაჲთა და ბოროტთაჲთაცა, რამეთუ გჳჩუენა ჩუენ ბრწყინვალებაჲ იგი ზეცისა იერუსალჱმისაჲ და აწ იტყჳს სატანჯველთათჳს და თუ ვიეთ ხუდების იგი, რაჲთა ანუ სასუფეველისა სურვილმან, ანუ ჯოჯოხეთისა შიშმან ცოდვისაგან მოგუაქცინეს.
მოციქულისაჲ.(9) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ.
თარგმანი. ამის მიერ ჩანს, ვითარმედ არა წყლულებათა ოდენ მომყვანებელ არიან ანგელოზნი, არამედ ტკბილნი მკურნალნიცა, რამეთუ აჰა ესერა რომელი პირველ წყლულებათა მოაწევდა ღირსთა ზედა, აწ ნეტარებასა მას სასუფეველისასა წინა უჩუენებს, რომლისა სახჱ არს ეკლესიაჲ. ხოლო კეთილად უწოდა მას სძლად დედაკაცად, რამეთუ ვითარცა ეძინა რაჲ ადამს, გუერდისა მისისაგან დაებადა დედაკაცი, ეგრჱთვე ჯუარს-ეცუა რაჲ ქრისტე და სიკუდილითა მიიძინა, გუერდისა მისისა სისხლითა ეკლესიაჲ აღეშჱნა და ჩუენთჳს ვნებულსა მას შეეყო.
მოციქულისაჲ.(10-11) და წარმიყვანა სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან. და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ.
თარგმანი. წარყვანებასა სულითა იტყჳს ამაღლებასა გონებითა სრულიად ქუეყანისაგან, ზეცისა ხილვასა. ხოლო მთად მაღლად იტყჳს წმიდათა ცხორებასა, რომელსა ზედა განემზადების სძალი იგი კრავისაჲ – ზეცისა იერუსალჱმი.
მოციქულისაჲ.(11) მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა.
თარგმანი. მნათობი სასუფეველისა და ეკლესიისაჲ ქრისტე არს, და ბროლის-სახჱ იასპი სახჱ არს მისისა სამარადისობისაჲ და ცხოველს-მყოფელობისაჲ და სიწმიდისაჲ. ხოლო სხუათა მიერ სხუად გამოისახვის, რამეთუ ერთი რაჲმე საქმჱ არა იპოების სახედ მისისა ჩუენ ზედა ქველის-მოქმედებისა.
მოციქულისაჲ.(12) და აქუნდა ზღუდჱ დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ.
თარგმანი. ზღუდჱ მაღალი წმიდათა ქალაქისაჲ ქრისტე არს. და ათორმეტნი იგი ბჭენი წმიდათა მოციქულთა სახენი არიან, რომელთა მიერ ღმრთისა შევიწირენით და მათ შესწევენ ათორმეტნი ანგელოზნი დიდნი. ხოლო სახელები ძეთა სულიერისა ისრაჱლისათაჲ ბჭეთა მათ ზედა სამოციქულოთა წერილ არს, ვითარცა ხილულისა მის ისრაჱლისა ძეთაჲ ეწერა ზეწარსა ზედა მღდელთ-მოძღურისასა.
მოციქულისაჲ.(13) აღმოსავალით ბჭენი სამნი და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი და დასავალით სამნი.
თარგმანი. ოთხ-კერძო არს სახჱ ბჭეთაჲ მათ, რომელი მოასწავებს ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა ჯუარისა მიერ ძლიერისა სამებისა წმიდისა მეცნიერებასა.
მოციქულისაჲ.(14) და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
თარგმანი. საფუძველთა ზედა სახელები ნეტართა მოციქულთაჲ ეწერა, რამეთუ იგინი არიან საფუძველნი ეკლესიისანი.
მოციქულისაჲ.(15) და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი.
თარგმანი. ოქროჲსა ლერწამი სახჱ არს პატიოსნებისა მის წმიდისა ანგელოზისა ბუნებისათჳს მისისა და პატიოსნებისათჳს ქალაქისა მის წმიდათაჲსა, რამეთუ ანგელოზთადა განცხადებულ არს სიდიდჱ იგი მის ქალაქისაჲ სიბრძნისათჳს მათისა.
მოციქულისაჲ.(16) და ქალაქი იგი მოთხვითი არს; და სიგრძჱ მისი, ვითარცა სივრცჱ. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. და ათორმეტი სიგრძჱ და სივრცჱ და სიმაღლჱ მისი სწორ არიან.
თარგმანი. მოთხვითი არს იგი სიმტკიცისათჳს მისისა. ხოლო ათორმეტი ათასი უტევანი სიდიდესა მისსა მოასწავებს, რამეთუ უფროჲს ქჳშისა ზღჳსა განმრავლდენ მკჳდრნი მისნი, რამეთუ ათორმეტი ათასი უტევანი არს მილიონ ათას შჳდას ათოთხმეტ, რამეთუ ათასი მოასწავებს დაუსრულებელისა მის ცხორებისა სისრულესა, ხოლო შჳდასი – განსუენებისა მის სავსეობასა, და ათოთხმეტი – ორ-კერძობასა მას შაბათობასა სულისა და ჴორცთასა, რამეთუ ორ-გზის შჳდი ათოთხმეტი არს.
მოციქულისაჲ.(17) და ზღუდჱ მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ.
თარგმანი. საზომი სიღრმისა მისისაჲ იყოს ას ორმეოც და ოთხ წყრთა.
მოციქულისაჲ.(18) და იყო მოსწორებაჲ ნაშჱნები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.
თარგმანი. ნაშჱნები მისისა ზღუდისაჲ იყო იასპი, რომელი მოასწავებს სამარადისოსა მას და დაუჭნობელსა წმიდათა დიდებასა.
მოციქულისაჲ.(19) და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი იყვნეს.
თარგმანი. ათორმეტნი იგი საფუძველნი იყვნეს ათორმეტნი ქვანი პატიოსანნი, რომელთაგან რვანი იყვნეს შესამოსელსა მას მღდელთ-მოძღურისასა, ხოლო ოთხნი ესე არიან, რომლითა გამოჩნდების, ვითარმედ ახალი ესე ძუელსა მას ეწამების, და კუალად, თუ ვითარ უზეშთაეს არს ბრწყინვალებითა.
მოციქულისაჲ.(19) საფუძველი პირველი იასპი, მეორჱ საფირონი, მესამჱ ქალკიდონი, მეოთხჱ სამარაგდჱ, მეხუთჱ სარდონიხოჲ, მეექუსჱ სარდიოჲ, მეშჳდჱ ოქრო-ქვაჲ, მერვჱ ბივრილი, მეცხრჱ ტოპაზი, მეათჱ ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტჱ ვაკინთი, მეთორმეტჱ ამეთჳსოჲ.
თარგმანი. პირველ ამათ ზედა წერილ იყო დიდთა მათ ათორმეტთა მოციქულთა სახელები, რომელთა განამრავლნეს მკჳდრნი სასუფეველისანი.
მოციქულისაჲ.(21) და ათორმეტნი ბჭენი იყვნეს ათორმეტთა მარგალიტთანი, თითოეული ბჭჱ – ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ.
თარგმანი. ეგრჱთვე ქრისტჱს მოციქულნი მარგალიტნი არიან ერთისა მის მარგალიტისა ქრისტჱსგან განშუენებულნი.
მოციქულისაჲ.(21) და უბანი ქალაქისაჲ მის ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალჱ.
თარგმანი. ერთი სახჱ ვერ გამოაჩინებს ზეცისა ქალაქისა შუენიერებასა. ამის შუენიერებისათჳს და პატიოსნებისა სივრცჱ მისი ოქროსა მიამსგავსა, ხოო სიწმიდისათჳს მისისა – ბროლსა და ჭიქასა, რომელ ჩუენგან ორთა ამათ ნივთთა ფერნი ერთსა საქმესა ზედა ხილვად შეუძლებელ არს. ესე ყოველი ამან ნეტარმან იხილა ძალისაებრ თჳსისა. ხოლო ჭეშმარიტი, ვითარცა თჳთ არს, ზეცისა ქალაქისა ხილვაჲ უზეშთაეს არს ყოვლისავე ბუნებისა.
მოციქულისაჲ.(22) და ტაძარი არა მიხილავს მის შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს და კრავი იგი.
თარგმანი. რამეთუ რად საჴმარ არს ტაძარი ხილული, სადა-იგი ღმერთი მფარველ იყოს, რომლისა მიერ ყოველნი ცხოველ ვართ და ძჱ მისი მხოლოდ-შობილი და სული წმიდაჲ, რომელი ქუემორე მდინარედ თქუმულ არს.
მოციქულისაჲ.(23) და ქალაქსა მას არა უჴმს მზჱ, ანუ მთოვარჱ მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა იყოს კრავი.
თარგმანი. რამეთუ სადა-იგი არს სიმართლისა მზჱ, მუნ რად საჴმარ არს ხილული ნათელი?
მოციქულისაჲ.(24-25) და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა. და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამჱ მუნ არა იყოს.
თარგმანი. რამეთუ ცხოვნებულნი წარმართნი ნათლითა მისითა ვიდოდიან. და რომელნი ქუეყანასა ზედა მეუფე ვნებათა იქმნნეს, კეთილთა საქმეთა მათთა დიდებაჲ მას შინა მიიღონ. ხოლო არა დაჴშვაჲ კართაჲ უშიშობისა და უცვალებელობისა მათისა სახჱ არს.
მოციქულისაჲ.(26) და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული.
თარგმანი. ბრწყინვალებაჲ ცხოვნებულთა წარმართთაგანთაჲ მუნ იხილვოს, ხოლო შეგინებული მუნ არავინ შევიდეს.
22
მოციქულისაჲ.(1) და მიჩუენა მდინარჱ ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალჱ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა, შორის სივრცესა მის ქალაქისასა.
თარგმანი. მდინარჱ ღმრთისაჲ სავსჱ იგი წყლითა, რომელ არს ცხოველს-მყოფელი იგი სული, გამოვალს ღმრთისაგან მამისა და კრავისა მიერ შორის ძალთა მათ უზეშთაესთა, რომელთა საყდარ ღმრთეებისა ეწოდების, გამოვალს და სიმრავლესა მას წმიდათასა აღავსებს.
მოციქულისაჲ.(2) და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა ნაყოფისაჲ.
თარგმანი. ძელი ცხორებისაჲ ქრისტე არს, რომელი სულსა შინა წმიდასა და გარემო სულისა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ მის თანა არს სული წმიდაჲ, და სულისა მიერ თაყუანის-იცემების და მომცემელი არს სულისაჲ, და მის მიერ ათორმეტნი იგი ნაყოფნი მოციქულთა კრებულისანი მოგუეცემიან, რომელ არს გულისჴმის-ყოფაჲ მისი.
მოციქულისაჲ.(2) და ფურცელნი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
თარგმანი. ვითარცა მაღალნი იგი გულისჴმის-ყოფანი მისისა დიდებისა ნაყოფად წოდებულ არიან, ეგრჱთვე უმდაბლჱსნი იგი გულისჴმის-ყოფანი – ფურცლად. და მაღალნი იგი დიდთა მათ წმიდათა მიეცემიან, ხოლო უმდაბლჱსნი იგი – მათ, რომელნი სათნოებითაცა უდარჱსნი იყვნენ და განჰკურნებდენ ყოველსავე უგულისჴმოებისა სენსა მათგან.
მოციქულისაჲ.(3) და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ.
თარგმანი. რამეთუ არა არს ზიარება ბნელისა ნათლისა თანა.
მოციქულისაჲ.(3-4) და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს, და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. და იხილონ პირი მისი და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
თარგმანი. რომელნიცა იქმნენ საყდარ ღმრთისა, და განისუენოს მათ ზედა ღმერთმან, იგინი დაემკჳდნენ მუნ და ჰხედვიდენ პირსა ღმრთისასა არა იგავით, არამედ ვითარცა მოციქულთა იხილეს, ვითარცა დიდი დიონოსი იტყჳს ძალისაებრ სათნოებისა თითოეულისა.
მოციქულისაჲ.(5) და ღამჱ არა იყოს მუნ. და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზჱ. რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
თარგმანი. უკუეთუ მართალნი ვითარცა მზჱ გამობრწყინდენ, ვითარცა უფალი იტყჳს, მზჱ ესე რადღა საჴმარ იყოს მუნ?
მოციქულისაჲ.(6) და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთამან და წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსნი ჩუენებად ყოვლისა.
თარგმანი. ვიდრე აქამომდე ანგელოზისა მიერ ჩუენებულნი ხილვანი თქუნა და აწ თავისა თჳსისა მაგიერ იტყჳს. საცნაურ არს, ვითარმედ სიმდაბლით კაცებისათჳს უფლისა და არა ღმრთეებისათჳს თქუა დაწყებასა სიტყჳსასა ქრისტჱსთჳს, ვითარმედ გამოცხადებაჲ, რომელ მოსცა მას ღმერთმანო, რამეთუ რომელი ღმერთი არს წინაწარმეტყუელთაჲ და ანგელოზთა მიმავლინებელი, ვინაჲცა ენებოს, ვითარმცა არა უწყოდა ღმრთეებით ჟამი აღსასრულისაჲ, რაჲთამცა აწ ოდენ ეცნა მამისაგან და არამცა საუკუნითგან ყოველივე უწყოდა, რომლისა მაგიერ იტყჳს აწ მახარებელი შემდგომსა ამას სიტყუასა.
მოციქულისაჲ.(7) და აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
თარგმანი. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წინაწარმეტყუელთაჲ, რაჲთა ვითარცა თავისა თჳსისა მაგიერ იტყოდიან ღმრთისა მაგიერსა სიტყუასა. ხოლო ადრე მოსლვაჲ სახჱ არს მისისა მყისა შინა მოსლვისაჲ.
მოციქულისაჲ.(8-9) და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა წინაწარმეტყუელთა და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ესე. ღმერთსა თაყუანის-ეც.
თარგმანი. ესე ჩუეულებაჲ არს ამის მოციქულისაჲ, რამეთუ ვითარცა სახარებასა შინა იტყჳს, ვითარმედ: რომელმან-იგი იხილა, წამებს, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, ეგრჱთვე აქა მხილველ და მსმენელ ამათ ყოველთა ყოფად აღიარა და დაამტკიცა და გამოაჩინა ანგელოზისა მისცა სიმდაბლჱ, რომელმან უჩუენა ესე ყოველი, რამეთუ თაყუანის-ცემაჲ მის თანა მონისაჲ არა თავს-იდვა, არამედ ღმერთსა მიაჩემა.
მოციქულისაჲ.(10) და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
თარგმანი. ვიდრე აქამომდე თქუა სიტყუათა მათთჳს ანგელოზისათა, ხოლო აწ მეუფისა მაგიერ იტყჳს, ვითარმედ მრქუაო არა დაბეჭდვად სიტყუათა ამათ, რამეთუ ღირს არს წიგნი ესე, რაჲთა იკითხვიდენ მას მორწმუნენი, რაჲთა ცნან სატანჯველი იგი ცოდვილთაჲ და განსუენებაჲ წმიდათაჲ და ისწრაფონ ცხორებისა მიმართ.
მოციქულისაჲ.(11-12) უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული იგი შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმჱ მისი იყოს.
თარგმანი. არა თუ უსართლოებასა და შეგინებასა აწუევს, – ნუ იყოფინ! – არამედ ესრჱთ იტყჳს: მე არავის ვაიძულებო თითოეულსა; რომელიცა სათნო-ეყოფოდის, იქმოდენ, რამეთუ მე მიჩუენებია თითოეულისა საქმისა, თუ რაჲ არს მისაგებელი, რაჟამს მოვიდე შჯად.
მოციქულისაჲ.(13) მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.
თარგმანი. რამეთუ არცა უწინარჱს, არცა შემდგომად ჩემსა არს სხუაჲ ღმერთი. ხოლო დასაბამი ქრისტე არს ღმრთეებითა და უკუანაჲსკნელი კაცებითა.
მოციქულისაჲ.(14) ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მიერ შევიდენ ქალაქად.
თარგმანი. ჭეშმარიტად ღირს არიან იგინი ნეტარებისა, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მიიღონ სუფევად ძელსა მას ცხორებისასა ქრისტჱს თანა და სიხარული ხედვითა მისითა.
მოციქულისაჲ.(15) გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთ-მსახურნი და ყოველი მოყუარჱ ტყუვილისაჲ.
თარგმანი. არა შევიდეს ამათგან ერთიცა ქალაქსა მას ზეცისასა.
მოციქულისაჲ.(16) მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა.
თარგმანი. აქა კუალად ქრისტჱს დიდებულება ჩანს, რომელმან მოავლინა ანგელოზი, რაჲთა გამოუცხადოს ესე ყოველი ეკლესიათა.
მოციქულისაჲ.(16) მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი.
თარგმანი. ძირი არს ქრისტე დავითისი, ვითარცა ღმერთი. ხოლო ნათესავი მისი, რამეთუ ჴორციელად მისგან გამოვიდა.
მოციქულისაჲ.(16) ვარსკულავი ბრწყინვალჱ განთიადისაჲ.
თარგმანი. ვარსკულავი არს განთიადისაჲ, რამეთუ განთიად მესამესა დღესა აღმოგჳბრწყინდა საფლავით და შემდგომად ბნელისა ამის სოფლისა მერმისა აღდგომისა განთიადსა აღმოუბრწყინდეს წმიდათა.
მოციქულისაჲ.(17) და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე!
თარგმანი. რამეთუ ეკლესიაჲ და მას შინა დამკჳდრებული იგი სული იტყჳან გულთა შინა ჩუენთა: აბბა მამაო! და მოუწოდენ მოსლვასა ძისა ღმრთისასა. და ყოველმან მან მორწმუნემან, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ: მოვედინ სუფევაჲ შენი, იტყოდენ იგიცა ესრჱთვე და ხადოდენ უფალსა მოსლვად მის თანა.
მოციქულისაჲ.(18-19) ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდინ სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამასვე წიგნსა. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
თარგმანი. საშინელ არს წყევაჲ ესე, დადებული შემცვალებელთა ზედა საღმრთოთა სიტყუათასა, რამეთუ კადნიერებაჲცა მათი დიდ არს. ამისთჳს გუამცნებს, რაჲთა ამას საქმესა ვეკრძალნეთ და უპატიოსნეს შევჰრაცხოთ სიტყუაჲ წმიდათაჲ ვიდრეღა ფილოსოფოსთაჲ, რამეთუ ფრიადი სიშორჱ არს ამათ და მათ შორის და უფროჲს ვიდრეღა ნათელი ბნელისაგან.
მოციქულისაჲ.(20-21) იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ ქრისტე! მადლი უფლისა იესუ ქრისტჱსი ყოველთა თანა წმიდათა. ამენ.
თარგმანი. და მე, რომელი-ესე ამას ვიტყჳ, იტყჳს იოვანე შენდა მომართ: მოვალ ცხორებისა მაგის ყოველთაჲსა და შენცა ჩემდა მოვედ, უფალო.
ს ხ უ ა ჲ
და უკუეთუ გნებავს, სხუებრცა ვთარგმნოთ ესე, ვითარმედ: ქრისტჱს მაგიერ თქუა ესე სიტყუაჲ. იტყჳს რომელი წამებს ამას, ესე იგი არს, რომელი გამოგჳცხადებს, ქრისტე, ვითარმედ: მოვალ ადრეო. და კუალად თჳთ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მოვედ, უფალო, უფალო იესუ ქრისტეო, რამეთუ სასურველ არს წმიდათათჳს ქრისტჱს მოსლვაჲ, რომელი მისცემს თითოეულსა შრომისა მისისა სასყიდელსა მრავალ წილად სასუფეველსა ცათასა, რომლისა მიმართ მიგჳძღჳს წმიდაჲ ესე წიგნი, უკუეთუ ოდენ ჩუენცა ტაძარი იგი სულისაჲ წმიდა-ვყოთ, ვითარცა ოქროჲ და არა ვითარცა ჭურჭელი თიჴისაჲ, არამედ პატიოსნად უჩუენოთ მზესა მას სიმართლისასა.
არამედ, ძმანო, რომელნი ჩემ მიერ თქუმულთა ამათ სიტყუათა აღმოიკითხვიდეთ, შემინდევით, რომელი-რაჲ აქა უძლურად თარგმნილი ჰპოვოთ, რამეთუ ესე საქმენი დიდთა კაცთანი არიან, ხოლო მე ვარ უძლურ და უმეცარ, არამედ მორჩილებისათჳს ვქმენ ძალისაებრ ჩემისა, ვითარცა ღმერთმან სიტყუაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ მომცა. ხოლო ჭეშმარიტი ძალი ამის ყოვლისაჲ მან უწყის, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და ყოველთა თჳსისა მადლისა ბრწყინვალებასა უშურველად მოჰფენს, ხოლო ნათელსა მისსა თითოეული ძალისაებრ სულისა თჳსისა თუალთაჲსა მიიღებს, რომელსაცა ღირს მყვენინ მაღლად და სრულად მოღებად ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, რომელმან ჩუენთჳს ჴორცითა ივნო, რომელსა შუენის ყოველივე დიდების-მეტყუელებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
მთარგმნელი: წმ. ექვთიმე ათონელი
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ივანე იმნაიშვილმა, რედ. აკაკი შანიძე.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1961.
|