წმიდისა მამისა ჩუენისა ანდრიაჲს მთავარეპისკოპოსისა
კესარია-კაბადუკიელისაჲ
თარგმანებაჲ გამოცხადებისაჲ წმიდისა იოვანე მახარებელისაჲ
8
მოციქულისაჲ.(1-2) და რაჟამს აღაღო მეშჳდჱ ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან. და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.
თარგმანი. მრავალ-გზის აჴსენებს რიცხუსა ამას შჳდეულისასა სახედ ამის საწუთროჲსა და განსუენებისა მის მერმისა. ამისთჳს უკუე აქაცა აღებაჲ მეშჳდისა ბეჭდისაჲ დაჴსნასა სოფლისასა მოასწავებს. და შჳდნი იგი ანგელოზნი იხილვებიან მსახურად სატანჯველთათჳს უშჯულოთა ზედა მომავალთა. ხოლო დუმილი მოასწავებს ანგელოზთა წესიერებასა და მეორედ მოსლვისა უცნაურებასა მათ მიერცა, ხოლო ჟამისა ნახევარი სიმცირესა ჟამისასა იტყჳს, რაჟამს მოიწინენ წყულებანი იგი, და ანტჱს მეუფებაჲ გამოჩნდეს.
მოციქულისაჲ.(3) და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელ არს წინაშე საყდრისა.
თარგმანი. საკურთხეველი ესე ქრისტე არს, რომლისა მიერ არიან ყოველნი ძალნი ცათანი და მოწამეთა იგი მსხუერპლები მას ზედა შეიწირვის. და მას ზედა დადგა ანგელოზიო, ესე იგი არს, ვითარმედ მის წინაშე. და აქუნდა სასაკუმევლჱ და შეწირა მისა საკუმეველი, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი სულნელნი. ხოლო წინაშე საყდრისა არს ქრისტეო, ესე იგი არს, ვითარმედ წინაშე ანგელოზთა მჴედრობისა არს, მჴურვალებისა მისთჳს მათ ზედა მიფენილისა სიყუარულისა, რომელი აქუს მისა მიმართ, და გულისჴმის-ყოფისა და სიბრძნისა მის მათისა. ამისთჳს მარადის წინაშე მათსა აქუს ქრისტე და მას იწურთიან.
მოციქულისაჲ.(4-5) და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლჱ იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა.
თარგმანი. ლოცვანი იგი წმიდათანი ღმრთისა რაჲ შეიწირნეს ანგელოზისა მის მიერ, ცეცხლი იგი რისხვისა მისისაჲ უშჯულოთა ზედა გარდამოიყვანეს.
მოციქულისაჲ.(5-6) და იქმნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.
თარგმანი. ამის ყოვლისა მიერ უწინარჱს აღსასრულისა მომავალთა მათ საშინელებათა მოასწავებს. ხოლო ანგელოზნი იქმნებიან მსახურ ამის ყოვლისა, რაჲთა ვითარცა მკურნალთა სახიერთა ცოდვისა მიერ მოუძლურებულნი იგი განკურნნენ სრულიად ჭირთა ამათ მიერ, ანუ საუკუნოჲ იგი სატანჯველი აქავე ტანჯვითა მცირედ აღუსუბუქონ.
მოციქულისაჲ.(7) და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველი თივაჲ ნედლი დაიწუა.
თარგმანი. ესე ყოველი აღსრულებად არს უკუანაჲსკნელთა მათ ჟამთა უწინარჱს ქრისტჱს მოსლვისა. ხოლო სეტყუად იტყჳს ზეცით მომავალთა მათ ურჩულოთა ზედა სატანჯველთა. ხოლო ცეცხლი სისხლსა თანა კლვანი იგი არიან და დაწუვანი, რომელნი იქმნნენ ბარბაროზთაგან, რომელთა მიერ მოსწყდეს არა უმცრო მესამედსა ნაწილსა კაცთასა.
მოციქულისაჲ.(8-9) და მეორემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა და, ვითარცა მთაჲ დიდი მოტყინარჱ ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ. და მოსწყდა მესამედი დაბადებულთაჲ ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა.
თარგმანი. მთად დიდად იტყჳს ეშმაკსა, რომელი ეგზების გულის-წყრომით ჩუენ ზედა, და ჟამთა მათ, რაჟამს მიუშუას ღმერთმან ბრძოლად კაცთა, შემოვიდეს სოფლად და მესამედი ჭალაკთაჲ და ნავთაჲ და ზღჳსა ნათესავთაჲ განხრწნას და კაცთა ესრჱთ ჰბრძოდის.
მოციქულისაჲ.(10-11) და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.
თარგმანი. ვარსკულავი ზეცით მომავალი არს რისხვაჲ იგი ღმრთისაჲ ზეცით მომავალი, რომელმან დაამწარნეს მაშინ. ხოლო ღმრთისა მოწყალებისათჳს არა ყოველთა წყალთა, არამედ მესამედსა ზედა მოსლვად არს, რაჲთა არა წარწყმდენ სრულიად კაცნი.
მოციქულისაჲ.(12) და მეოთხემან ანგელოზმან დასცა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი და მესამედი მისი არღარა გამოჩნდეს, და დღჱ და ღამჱ ეგრჱთვე.
თარგმანი. მსგავსი არს ესე სიტყუათა მათ იოველ წინაწარმეტყუელისათა, რომელ იტყოდა მათ ჟამთათჳს, ვითარმედ: მათ დღეთა მზჱ ბნელ იქმნეს და მთოვარჱ ვითარცა სისხლი. ხოლო მესამედი ამისთჳს თქუა, რამეთუ არა სრულიად მოიწიოს რისხვაჲ ღმრთისაჲ; თუ არა, ვინმცა დაუდგნა. არამედ მესამედსა დღისასა იტანჯებოდინ და უმეტჱსსა ნაწილსა დღისასა ულხენდეს, ნუუკუე მოიქცენ.
მოციქულისაჲ.(13) და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად.
თარგმანი. არწივად ანგელოზსა იტყჳს, რამეთუ ეწყალის მათცა ბუნებაჲ კაცთაჲ, რაჟამს-იგი არცა ტანჯვათა მიერ მოიქცეოდის ღმრთისა.
9
მოციქულისაჲ.(1-5) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა ტანჯნენ იგინი ხუთ თთუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.
თარგმანი. ვარსკულავად გულისჴმა-ვჰყოფთ ანგელოზსა, რომელი გარდამოვიდეს განჴსნად ბოროტთა მათ ეშმაკთა, რომელნი უფალმან შეკრნა განკაცებითა თჳსითა, რაჲთა უწინარჱს აღსასრულისა ქმნენ საქმენი მათნი და მიერითგან უკუნისამდე იტანჯებოდინ. ხოლო კუამლი არს ბრძოლათა მათთა სიბნელჱ, რომელთა მიეცემის ჴელმწფიებაჲ ტანჯვად კაცთა. ხოლო მზისა და ჰაერთა დაბნელებაჲ წარწყმედულთა მათ კაცთა სულისა დაბნელებასა მოასწავებს. და მკალთა მათ მსგავსად ღრიაკალთა კბენაჲ მოასწავებს, ვითარმედ ცოდვისა აღსასრულსა შინა დამალულ არს სულისა სიკუდილი, რომელი მოიწევის მათ ზედა, რომელნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა არა დაბეჭდულ იყვნენ. და ხუთსა თუესა ტანჯვისასა სიმოკლესა მას ჟამისასა იტყჳს, რამეთუ, უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ვითარცა უფალი იტყჳს.
მოციქულისაჲ.(6) და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოვონ, და სუროდის სიკუდილად, და ივლტოდის სიკუდილი მათგან.
თარგმანი. და ამათცა სიტყუათა მიერ გარდამატებულებასა მას ტანჯვისასა ვსცნობთ, რაჲთა ესრჱთ მრავალთა მათ ჭირთაგან მოუძლურდეს კაცთა ცოდვაჲ, ვითარცა ჭირთა მათ მიზეზი.
მოციქულისაჲ.(7-9) და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ მათ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი, და კბილნი მათნი ვითარცა ლომთანი იყვნეს. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ.
თარგმანი. რამეთუ ეშმაკნი მზა არიან ჩუენდა ბრძოლად და გჳრგჳნნი ოქროჲსანი არიან, რომელთა ჩუენ დავადგამთ თავთა მათთა, რაჟამს ვიძლეოდით მათგან და ვიქმოდით ნებასა მათსა. და თმანი იგი დედათანი სახე არიან მათისა მის სიძვისა და გულის-თქუმათა მიმართ საძაგელთა მოსწრაფედ მიზიდვისა ჩუენისა. და ლომის-სახენი კბილნი სახე არიან კაცის-მკლველობისა მათისა, ხოლო ჯაჭუები – გულ-ფიცხელობისა.
მოციქულისაჲ.(9-12) და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ, და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თთუე. და აქუს მათ ზედა მეუფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ და ბერძლებრ: აპოლიონ. ვაებაჲ იგი ერთი წარჴდა. აჰა მოვლენ ორნიღა.
თარგმანი. ფრთენი მათნი ამისთჳს მსგავს ეტლთა ბრძოლისათა არიან, რამეთუ მალე და მაღლით გუებრძვიან, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს. ხოლო კუდთა მათთა ღრიაკალთა მსგავსებაჲ სახჱ არს ცოდვისა აღსასრულისაჲ, რომელსა შინა არს სიკუდილი სულისაჲ, რომლისა მიერ მოიწევის ხუთისა თთჳსა ბრძოლაჲ კაცთა ზედა ხუთთა მათთჳს საცნობელთა, რომელთა მიერ შევალს ცოდვაჲ, და სიკუდილისათჳს ჟამისა მის. ხოლო მეუფესა მათსა ეშმაკსა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელსა ეწოდების ავადონ ებრაელებრ და ბერძლებრ აპოლიონ, რომელ არს წარმწყმედელ, რამეთუ იგი არს წარმწყმედელი კაცთაჲ. და ამისთჳსცა უკუეთუ მას დავემორჩილნეთ, გჳქადებს სხუათაცა ვაებათა.
მოციქულისაჲ.(13-16) შემდგომად ამისა მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა ევფრატსა. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი განმზადებულ არიან ჟამისათჳს და დღისა და თჳსა და წელიწდისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ. და რიცხჳ მჴედრობათა მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი.
თარგმანი. ესენიცა ბოროტნი ეშმაკნი არიან, რომელნი შეიკრნეს ქრისტჱს მიერ და მათისა განჴსნისა ბრძანებაჲ გამოვალს ზეცისა საკურთხეველისაგან, რომლისა სახჱ იყო კარავი იგი საწამებელი, რაჲთა მათ აღძრნენ წარმართნი, რაჲთა გამოცდილნი და მონანი ღმრთისანი გამოჩნდენ და რომელნიცა ცოდვილნი არიან, აქაჲთცა იტანჯნენ, რაჲთა მუნ აღუსუბუქდესრე. ხოლო უკუეთუ ევფრატსა ზედა შეკრულ არიან, არა საკჳრველ არს, რამეთუ სადაცა უფალსა ენება თითოეულთა ადგილთა, შეიკრნეს ვიდრე ჟამადმდე, რაჲთა მერმე, რაჟამს სრულიად აღასრულონ კაცთა ბრძოლაჲ, დაისაჯნენ საუკუნესა მას ცეცხლსა. და ნუუკუე ამისთჳსცა აჴსენა ევფრატი, რამეთუ მათ კერძოთაგან მოვალს ანტე. ხოლო სიმრავლისათჳს ეშმაკთაჲსა არა საძაგელ არს, რამეთუ ყოველნი წმიდანი იტყჳან, ვითარმედ სავსე არიან მათგან ჰაერნი.
მოციქულისაჲ.(17-19) და ესრჱთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა, და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბისა სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ – ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბასა, რომელ გამოვიდოდა პირთაგან მათთა. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ.
თარგმანი. ცხენად უმცირჱსთა ეშმაკთა იტყჳს და ზედა მსხდომელად – უმთავრჱსთა მათთა. ხოლო ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბისა სახჱ ჯაჭუები ჰაერისა მსგავსსა მას ბუნებასა მათსა და სულთა დამწუველსა გონებასა იტყჳს და თავნი ლომთანი და მათი იგი მჴედრობაჲ კაცის-მკლველობაჲ არს. და პირთა მათთაგან კუამლითურთ და წუმწუბით გამომავალი ცეცხლი სახჱ არს ბოროტთა და სულისა დამწუველთა გულის-სიტყუათაჲ, რომელთა მოგჳვლენენ. ხოლო კუდნი მსგავს არიან ჭეშმარიტად გუელთა, რამეთუ აღსასრული ცოდვათაჲ სიკუდილი არს სულისაჲ.
მოციქულისაჲ.(20-21) და სხუათა მათ კაცთა, რომელნი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად. და არა შეინანეს კაცის მკლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა, არცა მწამლველობისა, არცა მპარვობათა მათთაგან.
თარგმანი. ესე ყოველი პირველ თქუმულთაჲ მსგავსი არს, რამეთუ რომელნიცა განერნესო ბოროტთა მათ წყლულებათაგან, არავე შეინანეს, მათ ზედა მოიწინენ ტანჯვანი იგი ბოროტნი.
10
მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე ანგეოზი ძლიერი, გარდამომავალი, და ემოსა ღრუბელი; და ირისჱ, რომელ არს ბერძლებრ მშჳლდი ცისაჲ, იგი იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.
თარგმანი. ესე ანგელოზი არს წმიდაჲ; ხოლო ღრუბელი, რომელი ემოსა, და ცისა მშჳლდი შუენიერებისა მისისა სახჱ არს და თითო-ფერთა სათნოებათაჲ. ხოლო ცეცხლისა ფერჴნი საშინელებისა და ცოდვილთა ტანჯვისა სახჱ არს, რომელნიცა ჴმელსა ზედა არიან, ანუ თუ ჭალაკთა ზღჳსათა. ამისთჳსცა ერთი ფერჴხი ზღუასა ზედა დადვა და ერთი – ქუეყანასა ზედა, რაჲთა უშჯულონი ტანჯნეს.
მოციქულისაჲ.(2-3) და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენჱ ზღუასა შინა და მარცხენე – ქუეყანასა ზედა. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.
თარგმანი. წიგნი იგი მცირჱ იყო, რომელსა შინა წერილ იყვნეს ბოროტთა კაცთა საქმენი. ხოლო ჴმაჲ ანგელოზისაჲ, ლომისა ყჳრილსა მიმსგავსებული, საშინელებასა მისსა აჩუენებს. და შჳდნი იგი ქუხილნი შჳდნი ანგელოზნი არიან, რომელთა თქუეს მომავალთა მათთჳს საქმეთა, და, ვითარცა გულისჴმა-ვჰყოფთ, პირველისა ანგელოზისა შემდგომნი იყვნეს და მის მიერ მიზეზსა წინაწარმეტყუელებისასა მიიღებდეს წესიერებისა მისებრ ანგელოზთაჲსა, ვითარცა ნეტარი დიონოსი იტყჳს.
მოციქულისაჲ.(4) და რაჟამს თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა დაწერად. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაჲ-იგი თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ.
თარგმანი. ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ, მრავალნი არიან მომავალნი საქმენი მათ ჟამთა, რომელნი აწ არა ჩანან და არცა ვინ უწყის. ამისთჳსცა მახარებელსა არა უტევებს აღწერად სიტყუათა მათ დაფარულთა.
მოციქულისაჲ.(5) და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ზღუასა ზედა და ჴმელსა მდგომარჱ, აღიღო ჴელი მისი ზეცად და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრსა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა.
თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მეშჳდათასესა წელსა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რომელსა მოასწავებს მეშჳდჱ იგი საყჳრი, მაშინ აღესრულნენ ყოველნი სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი თქუნეს აღსასრულისათჳს.
მოციქულისაჲ.(8) და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა პირველ, კულად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ჴელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ჴმელსა.
თარგმანი. აქა კუალად სხუაჲ უზეშთაესი ანგელოზთა ძალი უბრძანებდა ღმრთის-მეტყუელსა წარსლვად ანგელოზისა მის და მიღებად წიგნისა მის, რაჲთა გულისჴმა-ყვნეს დაფარულნი.
მოციქულისაჲ.(9) და წარვედ ანგელოზისა მის და ვარქუ მას მოცემად ჩემდა წიგნი იგი. და მრქუა მე: აღიღე და შეჭამე ესე, და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ იყოს, ვითარცა თაფლი.
თარგმანი. ტკბილ იყოსო პირსა შენსა მომავალთა საქმეთა ცნობაჲ, არამედ მუცელი შენი დაამწაროს. ხოლო მუცლად იტყჳს გულსა, რომელი-იგი არს სიტყჳერთა მათ საზრდელთა დამტევნელი, იგი დამწარდესო სიწყალულისაგან მათისა, რომელთა ზედა მოიწეოდიან სატანჯველნი მართლმსაჯულობითა ღმრთისაჲთა.
მოციქულისაჲ.(10) და აღვიღე წიგნი იგი ჴელისაგან ანგელოზისა და შევჭამე. და იყო პირსა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და ვითარცა შევჭამე, დაამწარა მუცელი ჩემი.
თარგმანი. ტკბილ იყო წიგნი იგი დასაბამსა ბრწყინვალეთა მათ საქმეთათჳს წინაწარმეტყუელებისათა, არამედ მწარე იყო აღსასრულსა წყლულებათათჳს მას შინა წერილთა, ვითარცა ცოდვაჲ ტკბილ არს გემოჲთა პირსა შინა, ხოლო მწარე – მოსადნობელად სულსა შინა.
მოციქულისაჲ.(11) და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.
თარგმანი. ესე იგი არს, ვითარმედ არა აწ აღსრულებად არს ესე ყოველი, არამედ ჯერ-არს, რაჲთა სახარებისა მიერ და ამის გამოცხადებისა აღსასრულადმდე ჰქადაგებდე შენ.
11
მოციქულისაჲ.(1-2) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ. და მრქუა მე: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.
თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოველივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოდა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: ლერწმად თქუა გულისჴმის-ყოფაჲ იგი ანგელოზებრი, რომელი მიეცა მას საზომისაებრ მისისა. ხოლო ტაძარი ღმრთისაჲ არს ეკლესიაჲ, და თაყუანის-სცემენ თაყუანის-მცემელნი იგი სულითა და ჭეშმარიტებითა. ხოლო ეზოჲ გარეგანი წარმართთა და ჰურიათა კრებულსა იტყჳს, რომელი არა ღირს არს წმიდათა თანა აღრიცხუვად. ხოლო დათრგუნვაჲ ქალაქისა წმიდისაჲ წარმართთა მიერ არს ანტჱს მოსლვისათჳს, რომელმან ორმეოც და ორსა მას თთუესა დევნნეს წმიდანი და დათრგუნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ.
მოციქულისაჲ.(2-4) და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოც და ორ თთუე. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდეს ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
თარგმანებაჲ. ესენი არიან ენუქ და ელია, რომელნი მოვიდენ წინაწარმეტყუელებად სამ წელ და ნახევარ, ხოლო შემოსილნი ძაძებითა ამისთჳს, რამეთუ გლოვასა მათსა მოასწავებდენ, რომელნი შეუდგენ ანტეს. და ამათ სახელ-სდვა ზაქარია წინაწარმეტყუელმან ორად სასანთლედ და ზეთისხილად ბრწყინვალებისა მისთჳს და სიპოხისა კეთილთა საქმეთა მათთაჲსა.
მოციქულისაჲ.(5-6) და რომელსაცა ენებოს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირით მათით და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებად მათდა, ესრჱთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს, რაჲთა გარდააქციონ წყალი სისხლად.
თარგმანი. რამეთუ ვითარცა უკეთური იგი ქრისტე-მტყუვარი გრძნებითა უზეშთაეს ყოველთა გრძნეულთა და მწამლველთასა გამოჩნდეს, რამეთუ ყოველი ძალი ეშმაკისაჲ აქუნდეს, ეგრჱთვე ესენი შეჭურნეს ღმერთმან ყოვლითა სასწაულითა, რაჲთა შეცთომილთა მოაქცევდენ და უკეთური იგი სირცხჳლეულ ყონ, და ვერცა მან, ვერცა სხუამან ვინ ავნოს მათ, ვიდრე აღასრულონ ჟამი წინაწარმეტყუელებისა მათისაჲ.
მოციქულისაჲ.(7-8) და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტჱ, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა.
თარგმანი. შემდგომად წინაწარმეტყუელებისა მათისა მოიკლნენ ანტჱს მიერ, რომელი აღმოვიდეს ბნელთა მათგან ადგილთა, სადა ეშმაკი დაშჯილ არს, და დაუფლველად დაუტევნეს გუამნი მათნი იერუსალჱმს შინა, სადა უფალმან ივნო, რამეთუ მუნ დაიდგას მან მეფობაჲ თჳსი მსგავსად დავითისა, რომლისა ძედ უფალი ჴორციელად გამოჩნდა, რაჲთა ესრჱთ არწმუნებდეს თავსა თჳსსა ქრისტე-ყოფად და აღმასრულებელად სიტყჳსა მის წინაწარმეტყუელისა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: აღვჰმართო კარავი დავითისი დაცემული და დარღუეული მისი აღვაშჱნო, რომელსაცა ჰურიანი შეცთომილნი მის ზედა გულისჴმა-ჰყოფენ ამას.
მოციქულისაჲ.(9-10) და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი.
თარგმანი. რომელნი ანტჱსდა შედგომილ იყვნენ და სახელი მისი გულთა შინა თჳსთა დაეწეროს, იგინი იხარებდენ განთავისუფლებისათჳს ჭირთა მათგან, რომელნი მოაწინიან მათ ზედა წმიდათა მათ.
მოციქულისაჲ.(11-12) და შემდგომად სამისა და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და დადგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა. რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა. და აღვიდეს ღრუბლითა ზეცად.
თარგმანი. შესწორებულნი დღენი წელთა წინაწარმეტყუელებისა მათისათა დაყონ სიკუდილსა შინა და მერმე ცხოველნი აღვიდენ ზეცად ღრუბლითა.
მოციქულისაჲ.(12-13) და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი.
თარგმანი. იქმნას ხილულად მათ დღეთა ესევითარი ძრვაჲ, და მეათედი ქალაქისაჲ მის დაეცეს ურჩულოებისა დაცემითა, რომელი არა მოიქცა, არცა მათითა მით ზეცად აღსლვითა გულისჴმის-ყოფად მოვიდეს. ხოლო შჳდ ათასნი იგი ჰურიათაგანნი არიან, რომელნი ანტეს შეუდგენ.
მოციქულისაჲ.(13-14) და სხუანი იგი შეშინებულ იქმნნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. ვაებაჲ იგი მეორჱ წარჴდა, აჰა მესამჱ ვაებაჲ მოვალს ადრე.
თარგმანი. იტანჯებოდიან რაჲ ურწმუნონი, და მორწმუნენი ქრისტჱსნი იდიდებოდიან, რომელნიცა ღირს იყვნენ ცხორებასა, ადიდონ ღმერთი.
მოციქულისაჲ.(15-18) და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ. და ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი წინაშე საყდარსა ღმრთისასა სხენან საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და თქუეს: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ და რომელი იყავ, რამეთუ მიიღე ძალი შენი დიდი და სუფევ. და წარმართნი განრისხნეს.
თარგმანი. და აქა კუალად ანგელოზთა და წმიდათათჳს იტყჳს, რომელნი უგალობდეს უფალსა, რამეთუ მეუფებაჲ, რომელი საუკუნითგან ვითარცა ღმერთსა აქუნდა, ვითარცა კაცმან მიღებად ჩუენთჳს თავს-იდვა. ხოლო წარმართთა, რომელნი ამას ზედა განრისხნეს, სულგრძელ ექმნა და უკუანაჲსკნელ მიაგოს.
მოციქულისაჲ.(18-19) და მოვიდა რისხვაჲ შენი და ჟამი მკუდართა შჯისაჲ და მიცემად სასყიდელი მონათა შენთა. და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი აღთქუმისა ღმრთისაჲ ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი.
თარგმანი. ჟამი მკუდართა სასჯელისაჲ ყოველთა უწყით, თუ რომელი არს, და არა საჴმარ არს ამისთჳს თქუმად. ხოლო განღებითა ცათაჲთა და ხილვითა კიდობნისაჲთა გულისჴმა-ვჰყოფთ გამოჩინებასა კეთილთა მათ, რომელნი წმიდათათჳს განმზადებულ არიან, რომელნი დაფარულ არიან ქრიტჱს თანა, რომელსა შორის დაიმკჳდრა ყოველმანვე სავსებამან ღმრთისამან, ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო მაშინ გამოჩნდენ კეთილნი იგი, რაჟამს-იგი უშჯულოთა ზედა მოიწინენ ჴმანი შემაშინებელნი და ელვანი და ქუხილნი. და, ვითარცა სეტყუაჲ, მოიწიოს მათ ზედა ცეცხლი გეჰენიისაჲ ძრვითა მით და შეცვალებითა სოფლისა ამის საქმეთაჲთა.
12
მოციქულისაჲ.(1) და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.
თარგმანი. დედკაცი ესე, რომელსა ემოსა მზჱ, არს ეკლესიაჲ, რომელსა ჰმოსიეს მზჱ იგი სიმართლისაჲ – ქრისტე. და გჳრგჳნი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაჲ არქჳა თავსა ზედა მისსა. და სარწმუნოებაჲ არს ქუეშე მისსა, რომლისა სახჱ არს მთოვარჱ, რამეთუ ნოტია არს ყოვლითურთ ბუნებაჲ მისი და ამისთჳს სახჱ არს ნათლის-ღებისაჲ, რომელი-იგი ზღუად წოდებულ არს, ნათელ-ღებულთა მათ განმბანელ და ეშმაკთა დამთქმელ.
მოციქულისაჲ.(2) და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.
თარგმანი. ყოველსავე ზედა კაცსა, რომელსა ეგულებოდის შობად წყლისაგან და სულისა, ელმის ეკლესიასა და იჭირვის, ვიდრემდე გამოჩნდეს ქრისტე შობადსა მას ზედა, და იქმნას მშჳნვიერი იგი სულიერ და შეიმოსოს ხატი იგი პირველი.
მოციქულისაჲ.(3) და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი, და თავთა მისთა ზედა შჳდნი გჳრგჳნნი.
თარგმანი. ცად ამას ადგილსა ჰაერსა იტყჳს, ხოლო ვეშპად – ეშმაკსა, და ცეცხლისად – კაცის-მკლველობისათჳს მისისა და სისხლთა ზედა სიხარულისა, გინა თუ ცეცხლის-ფერობისათჳს ანგელოზთა ბუნებისა, დაღაცათუ მათგან დაეცა. და შჳდნი თავნი შჳდნი იგი ძალნი მისნი ბოროტნი, რომელთათჳს თქუა ქრისტემან, ვითარმედ: დაიმკჳდრონ კაცისა თანა, რომლისა გული განწმედილი არნ ცარიელი კეთილთაგან საქმეთა. ხოლო ათნი რქანი ათთა მათ რჩულისა მცნებათა წინააღმდგომნი ცოდვანი და სრულ-მყოფელნი საეშმაკოჲსა საქმისანი, რამეთუ რიცხჳ იგი მეათჱ სრულ არს. და შჳდნი გჳრგჳნნი თავსა ზედა მისსა მოასწავებენ ძლევისა მისისა კაცთა მომართ სამკაულსა; და რომელნიცა ცოდვასა შინა განმარჯვებულ და მძლე იყვნენ, მათ გჳრგჳნთა მიერ გჳრგჳნოსან იქმნებიან.
მოციქულისაჲ.(4) და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთასა, და გარდამოყარნა ქუეყანად.
თარგმანი. ესე პირველსა დაცემასა მისსა ზეცით იტყჳს. და სიმრავლჱ იგი ანგელოზთა – რომელნი გარდამოსთხინა თავისა თჳსისა თანა.
მოციქულისაჲ.(4-5) და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობად, რაჲთა, ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. და შვა მან ძჱ წული.
თარგმანი. მარადის განდგომილი იგი წინაშე ეკლესიისა დგას, რაჲთა რომელნი-იგი იშვებიან მის მიერ მორწმუნენი, შეჭამნეს, და ეკლესიისა მიერ ქრისტესცა სდევნის, რომელი-იგი არს თავი ყოველთა მორწმუნეთაჲ. და ამისთჳსცა სავლეს არა ჰრქუა, თუ: რად სდევნი მორწმუნეთა, არამედ: რაჲსა მდევნი მეო. ხოლო წული არს ერი იგი, ძჱ ეკლესიისაჲ, რამეთუ გულის-თქუმათა მიერ არა შეიგინების, არამედ ახოვნად წინა-აღუდგების მათ.
მოციქულისაჲ.(5) რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა მით რკინისაჲთა.
თარგმანი. მარადის თითოეულისა მორწმუნისა მიერ ქრისტესა შობს ეკლესიაჲ, რომელი-იგი გამოისახვის მორწმუნეთა შორის, რომელი-იგი ჰმწყსის წარმართთა, ვითარცა კუერთხითა რკინისაჲთა, და ჰმწყსიდესცა მერმესა მას აღდგომასა, რაჟამს მსაჯულად დაადგინნეს სარწმუნოებითა მსგავსად რკინისა მტკიცენი იგი უძლურთა ზედა სულთა, რომელთა ვერ დაიტიეს ახალი იგი ღჳნოჲ სარწმუნოებისაჲ.
მოციქულისაჲ.(5-6) და წარტაცებულ იქმნა შვილი იგი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას სამეოც დღე.
თარგმანი. რამეთუ მათ დღეთა შინა ანტჱს ბოროტისათა, რაჟამს ესრჱთ ეკლესიაჲ იდევნებოდის, თავნი იგი და დიდნი სულითა ივლტოდიან უდაბნოდ, ვითარცა პირველ მოწამენი, და მუნ იყოფოდიან სამსა მას და ნახევარსა წელსა, რომელი იქმნების ათას ორას სამეოცისა დღისა მიერ, რომელსა შინა იყოს განსაცდელი იგი.
მოციქულისაჲ.(7-8) და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს მათ. და ვერ შეუძლო და არცა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.
თარგმანი. და ესეცა პირველისა მის დაცემისა მისისათჳს არს და მეორისათჳსცა, რაჟამს დაეცა ვნებითა უფლისაჲთა, რომელი გარდამოვარდა ზეცით ამპარტავანებისაგან და შურისა მისისა, რომლისა ამპარტავანებასა ვერ თავს-იდებდეს ანგელოზნი მთავარსა მათსა მიქაელს თანა და ამისთჳს გარდამოაგდეს ღმრთისა ბრძანებითა, ვითარცა იეზეკიელ იტყჳს: ქერობინთა მიერ გამოიდევნა იგი შორის ქვათა ცეცხლისათა, რომელ არიან მჴედრობანი ანგელოზთანი, რამეთუ იპოვა მის თანა უშჯულოებაჲ. და კუალად ჯუარ-ცუმასა უფლისასა სრულიად დაეცა იგი, ვითარცა უფალმან თქუა, ვითარმედ: აწ საშჯელი არს სოფლის-მპყრობელისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განიდევნოს თჳსისა მის მძლავრებისაგან. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ შემდგომად ხილულისა ამის სოფლისა დაბადებისა გარდამოვარდა ზეცით ეშმაკი თჳსითა ამპარტავანებითა და შურითა, რომლისადა ჰაერთა ერისთვობაჲ რწმუნებულ იყო პირველ, ვითარცა მოციქული იტყჳს. და კუალად დიდი დიონოსი იტყჳს, რაჟამს ანგელოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: რომელთამე მათგანთა წესიერობისა მის ქუეყანისა მთავრობაჲ მისცა და კეთილად მთავრობად ამცნო, არამედ არად მოჰჴდა აღსრულებაჲ მათისა მჴედრობისაჲ.
მოციქულისაჲ.(9) და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი იგი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოვარდეს.
თარგმანი. რამეთუ ვერ თავს-იდებდა ცაჲ გონებასა მას ბოროტსა, რამეთუ ბნელისაჲ ნათლისა თანა ზიარებაჲ არა არს. ხოლო ეშმაკი გამოითარგმანების: შემასმენელ, რამეთუ შემასმენელი არს სათნოებათაჲ და კაცთაჲ და ღმრთისაჲცა, ვითარცა-იგი ადამის თანა შეასმენდა, ვითარმედ: გეშურებისო. ხოლო სატანა გამოითარგმანების: წინააღმდგომ, რამეთუ წინააღმდგომ არს ღმრთისაცა და კაცთა. ხოლო სრულიად დაცემაჲ მისი იქმნა შემდგომად ჯუარ-ცუმისა, ვითარცა მან თჳთ აღუვარა მამასა ანტონის აღსრულებად მის ზედა სიტყუასა მას ფსალმუნისასა, ვითარმედ: მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად. დაცემაჲ უკუე მისი არს ბოროტთა მათ ჴელოვნებათა მისთა დარღუევაჲ.
მოციქულისაჲ.(10) და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტჱს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.
თარგმანი. შემასმენელობამან მისმან, რომელ აქუს კაცთათჳს, სახელ სდვა მას ესე სახელი. ამისთჳსცა იხარებენ ანგელოზნი დაცემასა ზედა მისსა.
მოციქულისაჲ.(11-12) და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. ამისთჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ, სავსჱ გულის წყრომითა დიდითა.
თარგმანი. დაღაცათუ იგი მარადის შეასმენს მათ მორჩილთა თჳსთა მიმართ, არამედ მათ სძლეს მას ქრისტჱსთჳს ვნებითა, ხოლო სიხარული უჴმს ცათა მისისა დაცემისათჳს. ხოლო ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათაო, ესე იგინი არიან, რომელთა მოქალაქობაჲ არა ცათა შინა არს, არამედ ქუეყანასა ზედა და მიწისაგან. თუ არა, მრავალთა ქუეყანასა ზედა მყოფთა სძლეს ეშმაკსა, გარნა ესე მათთჳს იტყჳს ვაებასა, რომელთა გონებაჲ ქუეყანასა ზედა არს და სოფლისა ზღუასა შინა იღელვებიან.
მოციქულისაჲ.(13-14) და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
თარგმანი. რაჟამს ეშმაკი იძლია ქრისტჱს მიერ და სრულიად დაეცა, მაშინ დევნა-უყო ქრისტჱს ეკლესიასა, რომელი არს მშობელი მორწმუნეთაჲ. არამედ მიეცნეს მას ორნი იგი აღთქუმანი ძუელისა და ახლისა შჯულისანი, რამეთუ ესე არიან არწივისა ფრთენი, რაჲთა ფრინვიდეს და იქცეოდის უდაბნოთა შინა, რომელ არს მოქალაქობაჲ უცხოჲ ყოვლისაგან ცოდვისა. და ესრჱთ იყოს მარადის და უფროჲსად სამსა მას და ნახევარსა წელიწადსა ანტჱს დღეთასა, რამეთუ ესე არს წელი და წელნი და კერძოჲ წელიწდისაჲ – ერთი წელიწადი და ორნი წელნი და კერძოჲ წელიწდისაჲ, რომელ არს სამი და ნახევარი წელი.
მოციქულისაჲ.(15-16) და აღმოასხა გუელმან პირით თჳსით შემდგომად დედაკაცისა მის წყალი, ვითარცა მდინარჱ, რაჲთამცა წარიღო იგი მდინარემან მან. და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას, და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა წყალი იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან პირით თჳსით.
თარგმანი. რაჟამს-იგი ივლტოდის ეკლესიაჲ პირისა მისისაგან, მაშინ ეშმაკმან თჳსისა ჭურჭლისა ანტჱს მიერ წყალი აღმოასხას, რომელ არს ბრძანებაჲ მისი და წარვლენაჲ მის ზედა კაცთა უკეთურთაჲ და განსაცდელთა მრავალთაჲ. ხოლო ქუეყანაჲ შეეწიაო. ქუეყანად იტყჳს სიმდაბლესა მას წმიდათასა, რომელმან განაქარვნეს ყოველნი ღონენი ეშმაკისანი.
მოციქულისაჲ.(17) და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლისა-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.
თარგმანი. რაჟამს თავნი იგი ეკლესიისა მოძღუარნი უდაბნოდ განერნენ და ვერ ეწიოს მათ ანტჱ, მაშინ ყოს ბრძოლაჲ მისი, რომელნი სოფელსა შინა იყვნენ. ხოლო მრავალთა ესრჱთცა სძლონ მას.
მთარგმნელი: წმ. ექვთიმე ათონელი
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ივანე იმნაიშვილმა, რედ. აკაკი შანიძე.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1961.
გაგრძელება
|