ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
16. რატომაა ეკლესიის მიერ დაწესებული დღესასწაულებზე უქმობა?
ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, ის დღეები, როცა დიდი საეკლესიო დღესასწაულები აღინიშნება, სრულად მიუძღვნან ღმერთს და სულისთვის ზრუნვაში გაატარონ. ასეთ დღეებში ძირითადად იგულისხმება კვირა დღეები და 12 დიდი დღესასწაული, ასევე ბრწყინვალე შვიდეული. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „კვირაში შვიდი დღეა; და ეს შვიდი დღე ღმერთმა გაგვიყო არა იმგვარად, რომ თავისთვის მეტი აეღო და ჩვენთვის ნაკლები მოეცა; შუაზეც კი არ გაყო... არამედ შენ ექვსი დღე გამოგიყო, თავისთვის კი ერთი დაიტოვა. და შენ კი ამ დღესაც არ გსურს, რომ მთელი დღის განმავლობაში თავი შეიკავო ამსოფლიური საქმეებისგან; რასაც მკრეხელები სჩადიან, იმაზე კადნიერდები შენც ამ დღესთან მიმართებით, როცა იტაცებ მას და იყენებ ამსოფლიური საზრუნავისთვის, მაშინ როცა ის ნაკურთხი და დანიშნულია სულიერი სწავლებების მოსასმენად“.[1] წმ. გრიგოლ პალამა ასე გვმოძღვრავს: „კვირის პირველ დღეს (ანუ კვირა დღეს) უფლის დღე ეწოდება, ვინაიდან იგი უფალს ეძღვნება – უფალს, რომელიც სწორედ ამ დღეს აღდგა მკვდრეთით და წინასწარ გვაუწყა საყოველთაო აღდგომის შესახებ, და დაგვარწმუნა, რომ უეჭველად მოიწევა ეს დღე – დღე აღდგომისა, როცა განქარდება ყოველგვარი მსოფლიო ზრუნვა. „წმიდა-ყავ“ დღე ესე და ამქვეყნიური საქმეების კეთებას თავი ანებე, გარდა აუცილებელი საქმეებისა. შენს ხელქვეითებსაც და ოჯახის წევრებსაც თავისუფლება მიანიჭე, რათა ყველამ ერთად განადიდოთ ის, ვინც სიკვდილისაგან გამოგვიხსნა და, აღდგა რა, ჩვენი ბუნებაც თანა-აღადგინა მკვდრეთით; რათა ამ დღეს მოიხსენებდე საუკუნო ცხოვრებას და სწავლობდე ღვთის მცნებებსა და სამართალს; და რათა გამოსცდიდე საკუთარ თავს – ხომ არაფერი გამოგრჩა, ხომ არ დაარღვიე რომელიმე მცნება, და ცდილობდე ყოველმხრივ გამოასწორო საქმე; და რათა ამ დღეს საღვთისმსახურო შეკრებას დაესწრო ღვთის ტაძარში და გულწრფელი რწმენითა და სუფთა სინდისით მიეახლო ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს; რათა საფუძველი დაუდო უფრო მკაცრ ცხოვრებას, განუწყვეტლივ განაახლებდე საკუთარ თავს და ემზადებოდე მომავალი ზეციური სიკეთეების მისაღებად. ამგვარად შენ წმიდა-ჰყოფ შაბათს და იშაბათებ ბოროტებისგან განშორებას. კვირა დღეს კი დიდი დღესასწაულებიც შეუერთე და ამ დღეებშიც იგივე გააკეთე, იგივესგან შეიკავე თავი“.[2]
დღესასწაულზე საჭიროა ლოცვა, სულისთვის სასარგებლო სასმენელი და საკითხავი, მოწყალების საქმე. დანარჩენი საქმეებიდან უნდა გაკეთდეს ის, რაც აუცილებელი და გადაუდებელია. ცოდვაა არა თვითონ საქმე – კერვა, რეცხვა და სხვ., არამედ სულიერის უგულებელყოფა და მატერიალურისადამი დამონება. სამწუხაროდ, დღესასწაულის არსი ხშირად არასწორად ესმით; ამბობენ, ამ დღეს არ შეიძლება ბანაობა, ფიზიკური შრომა (კერვა, რეცხვა, დაბარვა), სამაგიეროდ დროს ატარებენ ტელევიზორთან სიბილწის ყურებაში, ჭორაობაში, ლოთობაში და სხვა სულის სავნებელ საქმიანობაში. თუ რაიმე საქმის გადადება ვინმეს ზიანს მოუტანს, ეკლესია არ გვიკრძალავს ამ შემთხვევაში შრომას, რადგან როგორც წმიდა წერილი ამბობს, „შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკ. 2,27).
[1] Св. Иоанн Златоуст, Слово в день Богоявления. Т.2, кн.1.
[2] Святитель Григорий Палама. Десятословие по Христианскому Законоположению, гл.8, Добротолюбие, Т.5.
შემდეგი
სარჩევი
|