ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
8. რა განსხვავებაა, სახლში ვილოცებთ თუ ტაძარში, ღმერთი ხომ ყველგან გვისმენს?
მართალია ლოცვა ყველგან შეიძლება და სასურველია ყოველთვის ვლოცულობდეთ, მაგრამ ტაძარი წმიდა ადგილია, ღვთის მადლით მოსილი; აგრეთვე მისი არქიტექტურა, მოხატულობა, სიმშვიდე – ყველაფერი გვეხმარება ლოცვაში; როგორც მოციქულთა მოწაფე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობს, როცა მორწმუნეები ერთობლივი ლოცვისთვის იკრიბებიან, მაშინ ეშმაკთა მზაკვრობანი მიზანს ვეღარ აღწევენ.[1] წმ. იოანე კრონშტადტელი წირვის მნიშვნელობაზე ამაღლებულ სწავლებას გადმოგვცემს: „ლიტურგია – ეს საკვირველი ნიჭია იესო ქრისტესი, ლიტურგია – ეს ხიდია, მარადიული ცხოვრებისაკენ გადებული. გახსოვდეთ! ეს ანდერძია იესო ქრისტესი! შეუდექით ამ ოქროს ხიდს, რომელიც ჯოჯოხეთის ქვესკნელისაგან გიხსნით. ყურს ნუ უგდებთ, საყვარელნო, მათ, ვინც მაცხოვრის ბარძიმს გაურბის. ეს უბედურები გზააბნეული, საცოდავი ადამიანები არიან, რომლებიც, ქრისტეს მდინარისაგან შორს მყოფნი, ქვესკნელში ცვივიან. ო, რა შესაბრალისი, რა უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. მეგობრებო, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი! ეს ის ადგილია, სადაც მარადჟამ სუფევს უფალი. ეშურებოდეთ ეკლესიისკენ, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე. იქ ნათელია, ყოველი კაცის განმანათლებელი, მისთვის ძალის მიმცემი. იქ წმინდა ძღვენია ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, ჩვენი განმაძლიერებელი და სულთა განმწმენდელი. ამავე დროს, ლიტურგიას ჩვენში კიდევ სერობას ეძახიან. ეს სერობა და ლხინია, რომელზედაც თავისი მსახურების პირით გვიხმობს უფალი. მსახურები მწყემსები არიან. მაგრამ რამდენია ჩვენს შორის ისეთი, მეუფის ძახილს რომ არ ეხმიანება, ვისაც არ სურს ისმინოს ხმა ქრისტესი და წმინდა სახარებისა. იმასაც არ სჯერდებიან, რომ თავად არ მოდიან ეკლესიაში, სხვებსაც ხელს უშლიან, დასცინიან. ო, რა უბედურია, რა დაწყევლილია ის, ვინც საკუთარ თავს აკლებს ამ ძვირფას ნიჭს, გზააბნეული ფეხით თელავს იგი კეთილსურნელოვან ვარდს – ქრისტეს საღმრთო ლიტურგიას. ჩემო ძვირფასებო! გიყვარდეთ საღმრთო ლიტურგია, დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა ლიტურგიაზე დასწრება ვერ შეძელით, ეს განსაკუთრებით დღესასწაულებს ეხება. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ საღმრთო ლიტურგია ღვთისაგან ბოძებული უდიდესი და საკვირველი ნიჭია. ღვთის ანგელოზებიც კი შემოგვნატრიან ჩვენ, ადამიანებს, რომელთაც მოგვენიჭა ბედნიერება საღმრთო სისხლისა და ხორცის გემოს ხილვისა. მილიარდობით მიილტვიან და გროვდებიან იქ, სადაც საღმრთო მსხვერპლი შეიწირება, ძრწოლით დგანან წმინდა ტრაპეზის წინაშე, სახეს იფარავენ და ადიდებენ იმ უდიდეს საიდუმლოს, რომელიც მათ თვალწინ აღესრულება“.[2]
[1] წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ეპისტოლე ეფესელთა მიმართ, თ. 13. წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1988 წ.
[2] წმ. იოანე კრონშტადტელი, „საუბარი წმიდა ლიტურგიის შესახებ“.
შემდეგი
სარჩევი
|