ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
14. რა დანიშნულება აქვს სანთელს, კანდელს, საკმეველს?
საეკლესიო ღვთისმსახურებაში სანთლის, კანდლისა და საკმევლის გამოყენება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში იქნა დაწესებული, შემდეგ ეს წესი, ღვთის ნებით, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც შენარჩუნებულ იქნა. სანთელი, კანდელი და საკმეველი გვეხმარება ლოცვაში, ხელს უწყობს ლოცვითი განწყობის შექმნას. სანთლისა და კანდლისგან გამოცემული ნათელი სიმბოლოა სულიერი ნათლისა, რომელსაც საღვთო ჭეშმარიტება ავრცელებს; საკმეველი ღვთისადმი შეწირული ლოცვის სიმბოლოა. სანთლისგან, კანდლისგან და საკმევლისგან გამოცემული ნათელი და სურნელება მორწმუნე ადამიანს ლოცვისა და სინანულისთვის განაწყობს, მის აზრებს ზეციერისკენ მიმართავს. როგორც სანთელი იწვის და გამოსცემს სინათლეს, სითბოს და კეთილსურნელებას, ასეთივე უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება, ასე უნდა იწვოდეს იგი მოყვასის სიყვარულში და უფლის დიდებაში, გარშემომყოფებს თავისი ცხოვრებით სულიერ სინათლეს, სითბოს და სურნელებას უნდა გადასცემდეს. როდესაც მორწმუნე სანთელს და საკმეველს აკეთებს, ანდა ყიდულობს, ამით ის თავის შრომას ან თანხას სწირავს ღვთის სადიდებლად. თვითონ ღმერთს არ სჭირდება არც ცვილი, არც ცეცხლი, არც საკმეველი, მას ჩვენი სულიერი განწმენდა და ცხონება სურს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთი იღებს ჩვენს შენაწირებს არა იმიტომ, რომ სჭირდება ისინი, არამედ იმიტომ, რომ მათი საშუალებითაც გამოიხატებოდეს ჩვენი მადლიერება“.[1]
[1] წმ, იოანე ოქროპირი, შესაქმის (დაბადების) წიგნის განმარტება, საუბ 18-ე. დაბ. 3,20-22. რუს. გამ. ტ 4, გვ.163.
შემდეგი
სარჩევი
|