ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 5
მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა
14. რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანები აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, მონაწილეობენ ზეთის კურთხევის საიდუმლოში და მათი ჯანმრთელობა არ უმჯობესდება?
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს უღირსად ზიარება, ანუ როდესაც ადამიანი ეზიარება ჯეროვანი სინანულისა და ღვთის შიშის გარეშე. გარდა ამისა, ავადმყოფობდნენ და სიბერემდე ტოვებდნენ ამქვეყნიურ ცხოვრებას დიდი წმინდანებიც, მაგ. წმიდა ბასილი დიდი, წმიდა ნინო, წმიდა თამარ მეფე და სხვ. უფალმა ჩვენზე უკეთ იცის ვისთვის რა არის უმჯობესი – სნეულება თუ სიჯანსაღე, სიცოცხლე თუ სიკვდილი; ჩვენი ვალია ყველაფრისთვის ვადიდოთ ღმერთი, რადგან ის ყოველთვის ჩვენი სულისთვის საუკეთესოს გვიგზავნის. წმ. იოანე სინელი ამბობს: „ვიხილე მძიმედ ტანჯულნი, რომლებიც ხორციელი სნეულებით, თითქოს ერთგვარი ეპიტიმიით, სულიერი ვნებისაგან გათავისუფლდნენ“.[1] ღმერთი კურნებას ზოგჯერ საეკლესიო საიდუმლოების საშუალებით გვიგზავნის, ზოგჯერ მხურვალე ლოცვის შემდეგ, ზოგჯერ ექიმის საშუალებით, ხოლო ზოგჯერ სნეულებას გვიტოვებს ჩვენივე სულიერი სარგებლობისთვის. სნეულმა ჯერ სულიერ საშუალებებს უნდა მიმართოს, შემდეგ ექიმებს, და თუ არ განიკურნა, მოთმინებით უნდა გადაიტანოს განსაცდელი და ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: „ვინც გასაჭირი გადაიტანა და ღმერთს მადლობდა, ის მოწამებრივი გვირგვინით შეიმოსა“;[2] „თუკი ეძიებ მარადიულ დიდებას, განსვენებასა და სიხარულს, მაშ მოითმინე უპატიოება, მწუხარებები და უგულებელყავი წარმავალი“.[3]
[1] წმ. იოანე სინელი, კიბე, თ.26, მუხლი 21. ძვ. ქართ. თარგმ. მუხლი 28.
[2] წმ. იოანე ოქროპირი, კოლასელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს განმარტება, თ.8, კოლას. 3,5-7.
[3] Великие мысли, кратко реченные, Санкт-Петербург, 2001, стр.226.
შემდეგი
სარჩევი
|