ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
1. რას გვანიჭებს უფლის წმიდა ხორცისა და სისხლის ზიარება და ვინ შეიძლება ეზიაროს?
იმ მორწმუნეებს, რომლებიც არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, სინდისი სუფთა აქვთ და არ ამძიმებთ აუღიარებელი ცოდვები, ნანობენ ჩადენილ ცოდვებს და ეზიარებიან ღვთის შიშით, რწმენითა და სიყვარულით, ენიჭებათ მადლი ღვთისა – საკურნებელად სულისა და ხორცისა. ყოვლად დაუშვებელია მართლმადიდებელ ეკლესიაში არამართლმადიდებლის ან ისეთი ადამიანის ზიარება, ვინც მძიმე ცოდვებში ცხოვრობს და არ ინანიებს, არ ებრძვის ამ ცოდვებს. ასევე დაუშვებელია და მძიმე ცოდვაა მართლმადიდებელი ქრისტიანის ზიარება არამართლმადიდებლურ საკრებულოში (მონოფიზიტებთან, კათოლიკებთან, პროტესტანტებთან და სხვ.). წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „აწ უკუე ყოვლითა დაცვითა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არა მოვიღოთ ნაწილი მწვალებელთაჲ, არცაღა მივსცეთ მწვალებელთა ნაწილი საიდუმლოჲსაგან ჩუენისა. რამეთუ „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, – უფალი იტყვის, – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა“. ამისთვისცა გურწმენინ და ნუცა მივსცემთ, ნუცა მოვიღებთ მათგან ზიარებასა, რაჲთა არა ზიარ ბოროტადმადიდებლობისა მათისა ვიქმნნეთ“.[1]
[1] წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, წ.4, თ.13, გვ. 252-253, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბ. 2000.
შემდეგი
სარჩევი
|