ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
5. როგორ აცხოვნა ღმერთმა ის ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრება, უკანასკნელ დღემდე, ეკლესიური ცხოვრების გარეშე, ცოდვებში გაატარა (მაგალითად, ჯვარცმული ავაზაკი, სისხლით ნათელღებული ყოფილი წარმართი მოწამეები, ზოგიერთი ცნობილი მეძავი)?
არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც უფლის საიდუმლო განგებულებით, უსწრაფესად ხდება ცოდვილთა სულიერი ფერისცვალება და ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მძიმე ცოდვებში იყვნენ ჩაფლულნი, სიკვდილის შემდეგ ნეტარებაში მკვიდრდებიან, ხანგრძლივი სინანულისა და მოღვაწეობის გარეშე. იყვნენ წარმართები, რომლებიც ქრისტიანთა წამებას შეესწრნენ, იხილეს მათი სიმშვიდე, მტრების სიყვარული, ტანჯვის ახოვნებით მოთმენა და აღფრთოვანებულებმა თვითონაც ირწმუნეს ქრისტე, და იქვე მოწამებრივად აღესრულნენ, სისხლით ნათლობა მიიღეს. ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, მხოლოდ უფალმა იცის, რატომ აცხოვნა ეს ადამიანები მრავალწლიანი ეკლესიური ცხოვრების გარეშე. ამის მსგავსი საიდუმლოა ისიც, რომ უფალს მრავალი ნათელღებული ჩვილი თითქმის უტანჯველად შეჰყავს სასუფეველში. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „საიდუმლოთა მცნობელმა (ღმერთმა) ცხადად იცის, ვინაა ღირსი გვირგვინებისა და ვინ – დასჯისა და ტანჯვისა... ამგვარად, მან გამოირჩია მეზვერე, ავაზაკი და მეძავი, ხოლო მღვდელმთავრები, მოხუცებულნი და მმართველნი მისცა უპატიოებას და უგულებელყო. ყველამ იცის, რომ იგივე მოხდა მოწამეებთანაც. მრავალი უგულებელყოფილი ადამიანი დევნულების დროს გვირგვინით შეიმოსა, და პირიქით, სხვები, ვინც ხალხს დიდად მიაჩნდა, დაბრკოლდნენ და დაეცნენ. ამგვარად, შემოქმედს ნუ მოსთხოვ ანგარიშს და ნუ იკითხავ, რატომ შეიმოსა გვირგვინით ერთი და დაისაჯა მეორე“.[1]
[1] ეპ. თეოფანე დაყუდებული, რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს განმარტება, რომ.9,1.
შემდეგი
სარჩევი
|