martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 8

პავლეს მესამე სამოციქულო მოგზაურობა. ამბოხი ეფესოში. პავლეს დაბრუნება იერუსალიმში.

 

ანტიოქიაში ხანმოკლე ცხოვრების შემდგომ პავლემ (54 ან 55 წელს) თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობა დაიწყო. მისი თანამგზავრები იყვნენ: ლუკა, ტიტე და ტიმოთე. მოციქული ყველაზე დიდხანს მცირე აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ეფესოში დარჩა, მანამდე კი მოიარა ზოგიერთი მხარე, სადაც ადრე იქადაგა – ეს იყო ფრიგია და გალატია.

 ღვთის სიტყვა ყველგან სწრაფად ვრცელდებოდა და პავლეც მოშურნე და დაუზარელ თანამუშაკებს იძენდა. მისი არყოფნის დროს ქრისტიანობის გავრცელებას ეფესოში, კორინთოსა და სხვა ქალაქებში ბეჯითად ცდილობდა ერთი ალექსანდრიელი სწავლული, სახელად აპოლოსი, რომელსაც თავად მოციქულებისთვის არ მოუსმენია და მხოლოდ იოანეს ნათლობით იყო ნათელღებული. როდესაც მისი გულმოდგინება დაინახეს, აკვილა და პრისკილა დაუახლოვდნენ და ზედმიწევნით აუხსნეს უფლის სწავლება. მორწმუნეებმა მას წერილი გაატანეს საბერძნეთში, რათა იქაურ ქრისტიანებს სიყვარულით მიეღოთ, როგორც ერთგული ძმა და თანამუშაკი. საბერძნეთში აპოლოსმა საჯაროდ და უშიშრად იწყო ქადაგება ქრისტე მაცხოვრის შესახებ.

რაოდენ მანუგეშებელია, როდესაც ხედავ მორწმუნეთა ურთიერთსიყვარულს და წმინდა, საერთო საქმისთვის მათს მხურვალე გულმოდგინებას!

ეფესოში პავლემ შეიძინა მრავალი მოწაფე, რომლებმაც სახარება აპოლოსისგან მოისმინეს და მხოლოდ იოანეს ნათლობით იყვნენ ნათელღებულნი. პავლეს შეკითხვაზე: „უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს?“ მათ უპასუხეს: „არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს“ (საქმე 19,2). პავლემ ხელნი დაასხა მათ და მონათლა – მორწმუნეებზე გადმოვიდა სულიწმიდა და მათ ებოძათ სხვადასხვა ენებზე საუბრისა და წინასწარმეტყველების ნიჭნი. ეფესოშიც, სხვა ქალაქების მსგავსად, პავლე უპირველესად სინაგოგაში ქადაგებდა, მაგრამ ბევრი იუდეველი არ იწყნარებდა ჭეშმარიტებას და გმობდა წმინდა სწავლებას. ამის გამო პავლემ ქადაგება განაგრძო ვინმე ტირანოსის სასწავლებელში, სადაც მას უპირატესად ელინები უსმენდნენ. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს.

პავლესა და მისი მოწაფეების შრომით მთელმა მხარემ ისმინა უფლის სიტყვა. ღმერთი მოციქულთა ხელით იქმოდა უდიდეს სასწაულებს: მათ ნაქონ თავსაბურავებთან და ხელსახოცებთან შეხებით ავადმყოფები იკურნებოდნენ, და ბოროტი სულები განიდევნებოდნენ მათგან... ამ ზებუნებრივი ძალის მხილველმა ზოგიერთმა იუდეველმა საშველად იესო ქრისტეს მოხმობა დაიწყო, მაგრამ ისინი ამას აკეთებდნენ რწმენისა და ლოცვის გარეშე, ამიტომ ერთხელაც ბოროტი სულები დაერივნენ ამ ადამიანებს და ტანჯეს. ამან ისეთი შიშის ზარი დასცა მისნობისა და ჯადოქრობის მოყვარულთ, რომ თავადვე მოიტანეს უამრავი სამკითხაო წიგნი და დაწვეს. ვინც ირწმუნა, მან შეინანა და საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვები. ყველა იქ მყოფი აქებდა და ადიდებდა უფლის სახელს.

სახარების ქადაგებასთან ერთად პავლე ბეჯითად და სიყვარულით ადევნებდა თვალყურს ადრე მოქცეულებს. ეფესოდან მისწერა ეპისტოლე გალატელებს, რომლებთანაც მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. ჩანს, გალატელებმა დაიჯერეს ზოგიერთი ცრუმასწავლებლის მტკიცება, რომ გადარჩენისთვის აუცილებელია მოსეს რჯულის წესების დაცვა. პავლემ ეს შეიტყო და თავის ეპისტოლეში უარყო აღნიშნული აზრი, თანაც შეახსენა, რომ ჭეშმარიტება მას ეუწყა არა ადამიანებისგან, არამედ თავად ღმერთისგან; განუმარტა, რომ რჯულის გარეგნული დაცვით ისინი ვერ მოახერხებენ გადარჩენას – ამას შეძლებს მხოლოდ „სარწმუნოებაჲ, სიყუარულისგან შეწევნული“ (გალ. 5,6); რომ აბრაამის შვილები და აღთქმის მემკვიდრეები ხდებიან რწმენით და არა ხორციელი წარმომავლობის უპირატესობით, როგორც იუდეველები ფიქრობდნენ. „რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. რამეთუ რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3,26-27). მოციქულმა შეახსენა, რომ ქრისტე მოკვდა, რათა აღესრულებინა ჩვენი გამოსყიდვა და ღვთისგან ჩვენი შვილება: „ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ, ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ“ (გალ. 4,7). ამის საფუძველზე პავლე არწმუნებდა გალატელებს: უერთგულონ ქრისტეს სწავლების სულს, ჰქონდეთ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, მოწყალება, რწმენა, თავშეკავება – ეს ყოველივე სულის ნაყოფია; დაცემულებს მოკრძალებით შეაგონონ, ურთიერთის ტვირთი ზიდონ, იყვნენ თავმდაბლები და იფხიზლონ, სიკეთის ქმნა ნუ მობეზრდებათ.

როგორც ჩანს, კორინთოს ეკლესიის მდგომარეობა ერთობ აღელვებდა პავლე მოციქულს, რადგან იქ დავა და განხეთქილება დაიწყო. მორწმუნეები ჯგუფებად დაიყვნენ – ერთნი ამბობდნენ: მე პავლესი ვარ; მეორენი: მე კეფასი ან აპოლოსი. ამ უთანხმოებამ პავლეს ყურამდეც მიაღწია. მან ეფესოდან კორინთელებს ვრცელი ეპისტოლე მისწერა და დასაწყისშივე ამ თემას შეეხო: „გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუა თქუენთKს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?“ (1 კორ. 1,13); „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს. არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი“ (1 კორ. 3,6-7).

კორინთოს ეკლესიაში არსებულ უთანხმოებათაგან მხოლოდ ეს არ ადარდებდა პავლეს. კორინთელებში თავი იჩინა სულიერმა სიამაყემ, რაკი უფალმა მათზე გარდმოავლინა მადლმოსილი და ზებუნებრივი ნიჭნი. ამისთვის პავლე მათ კიცხავდა და უმტკიცებდა, რომ სიყვარულის გარეშე ყოველგვარი ცოდნა ამაოა; ადამიანს უნდა სურდეს, ღვთის ნიჭები უფლის სამსახურში გამოიყენოს და არ იამაყოს თავისი შესაძლებლობებით.

კორინთელები თავიანთი ყოფითი საქმეების განსახილველად წარმართების სამსჯავროსაც მიმართავდნენ, რასაც პავლე უკრძალავდა მორწმუნეებს. მისი რჩევით, უმჯობესი იყო დაეთმოთ, ვიდრე ძმებთან ჰქონოდათ რამე სადავო. საერთოდ, ყველაზე ხშირად მოციქული საუბრობდა სიყვარულზე, მშვიდობასა და ძმათა შორის თანხმობაზე. იმხანად, კორინთოში უკვე შეაღწია სხვადასხვა ცრუ სწავლებამ, რომელთაგან ზოგი ამტკიცებდა, რომ მკვდრეთით აღდგომა არ იქნებოდა. ამის თაობაზე პავლემ ყოველი ჩვენგანის სანუგეშოდ გადმოსცა სწავლება მიცვალებულთა აღდგომის შესახებ: „რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (1 კორ. 15,53); „დაინთქა სიკუდილი ძლევითა“ (1 კორ. 15,54); „უკუეთუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ“ (1 კორ. 15,19 ).

ამრიგად, კორინთელთა მიმართ პავლეს ეპისტოლენი გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი. მათში ზედმიწევნით არის ჩამოყალიბებული ქრისტიანული სწავლება მიცვალებულთა აღდგომის, ზიარების საიდუმლოსა და ქორწინების შესახებ; ნახსენებია ეკლესიის სხვადასხვა წესები – ლოცვითი შეკრებები, შემწეობის შეგროვება უპოვართა დასახმარებლად და ა.შ.

მოციქული უკვე ემზადებოდა ეფესოდან წასასვლელად, რათა მოენახულებინა საბერძნეთი, იერუსალიმი და შემდეგ რომში გამგზავრებულიყო, რომ უეცრად ქალაქში მღელვარება დაიწყო: ეფესელები ქალღმერთ არტემიდეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, მისი სახელობის ტაძარიც ჰქონდათ – მსოფლიოში ერთ-ერთ საუცხოო ხუროთმოძღვრული ძეგლი. ადრე ბევრი ადამიანი ირჩენდა თავს იმით, რომ ამ ტაძრის მომცრო ასლს აკეთებდა ვერცხლისგან და ყიდდა. მას შემდგომ, რაც უამრავმა წარმართმა შეიწყნარა უფალი და ამ ხელობას უწინდელი შემოსავალი აღარ მოჰქონდა, ვერცხლმჭედლები დიდად განურისხდნენ პავლეს. მათ სცადეს ერის ამხედრება ახალი სწავლების მქადაგებელთა წინააღმდეგ და ეს მოახერხეს კიდეც. ხალხმა შეიპყრო გაიოსი და არისტარქოსი, პავლეს თანაშემწენი, თავად მოციქული სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ქალაქის მთავრებმა დიდი ძალისხმევით ჩააცხრეს ამბოხი და გაათავისუფლეს დატყვევებული ქრისტიანები. პავლემ გადაწყვიტა, გასცლოდა ეფესოს, მაგრამ იქ მაინც დატოვა თავისი მოწაფე ტიმოთე, რომელსაც დაავალა ეფესოს ეკლესიის მართვა და ხელდასხმით მიანიჭა პრესვიტერთა დადგინების უფლება. მოგვიანებით ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეებში მოციქული დაწვრილებით განმარტავს მწყემსის ყველა მოვალეობას. ამრიგად, ტიმოთე, როგორც პავლეს მოწაფე, ეფესოს პირველი ეპისკოპოსი გახდა.

პავლე ისევ საბერძნეთს გაემგზავრა, იქადაგა ფილიპოსში და დაახლოებით ამ დროს დაწერა კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე; იგი აღწერს საფრთხეს, რაც ეფესოში ემუქრებოდა, და ღმერთს მადლობას სწირავს გადარჩენისთვის; კრძალვით გადმოსცემს თავის სამოციქულო ღვაწლს და ქება-დიდებას აღუვლენს ღმერთს. „რამეთუ არა თუ თავთა თვისთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა მონად თქუენდა იესუ ქრისტესთვის. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან. ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროებაჲ გვიჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულებაჲ გვიჩნს; დევნულ-ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; დაღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ“ (2 კორ. 4,5-9).

პავლე უდიდესი მონდომებით არწმუნებდა გაქრისტიანებულებს – უფლისთვის ეცხოვრათ. ქრისტე „ყოველთათვის მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა“ (2 კორ. 5,15). „არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თვისსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ. რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თვისსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი, და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. ქრისტესთვის უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ, გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით ღმერთსა. რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთვის ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,17-21).

აქ შევჩერდეთ, რადგანაც ჩვენი წიგნის მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს, დავწეროთ ყველაფერი, რაც გვსურს. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ისეთი ღრმა საღვთო სიბრძნით არის აღსავსე, ისეთი მხურვალე სიყვარულითაა გამსჭვალული ღვთისა და მოყვასისადმი, რომ ძნელია მათგან გამონაკრების შედგენა; ჩვენს მკითხველს ვთხოვთ, გულდასმით შეისწავლოს ისინი.

განსაცდელისა და ჯაფის გარდა პავლეს სანუგეშოც ბევრი ჰქონდა. მას ახარებდა თანამოსაგრეთა გულმოდგინება და მორწმუნეთა წარმატებები. მან შეაქო მაკედონიის ეკლესია გაჭირვებულთათვის უხვად გაღებული მოწყალებისთვის; „რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან, და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა“ – წერს პავლე მოციქული (2 კორ. 8,2). პირველ ქრისტიანებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ, ქონების ნაწილი მოძმეთა შემწეობისთვის გაეღოთ. ეს შესაწირი გროვდებოდა საკვირაო ღვთისმსახურების შემდგომ და გადაეცემოდა მოციქულებს; თუ ისინი პირადად არ ესწრებოდნენ – ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რათა მათ თავიანთი შეხედულებისამებრ დაერიგებინათ უპოვართათვის. პავლე გაახარა თავისი მოწაფის – ტიტეს მიერ კორინთოდან მოტანილმა ცნობებმა. თავად პავლემაც კიდევ ერთხელ მოინახულა კორინთო და იქიდან მისწერა ეპისტოლე რომაელებს. როგორც ჩანს, იმ დროისთვის რომში ქრისტიანები უკვე საკმაოდ მრავლად ცხოვრობდნენ. პავლე ქებას უთვლის მათ და ეუბნება: „სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა“ (რომ. 1,8).

რომის ქრისტიანთა კრებული ძირითადად მოქცეული იუდეველებისა და წარმართებისგან შედგებოდა. პავლეს ეპისტოლედან შეიძლება დავასკვნათ, რომ იუდეველები ძველი რჯულის თავისებურებებს იცავდნენ და თავიანთი უპირატესობით ამაყობდნენ, როგორც აბრაამის თესლიდან წარმოშობილნი; თავს ღვთის რჩეულ ერად მიიჩნევდნენ, მოქცეულ წარმართებს თავს არ უყადრებდნენ, რის გამოც ეს უკანასკნელნი დრტვინავდნენ და იუდეველებს ქრისტიანული რჯულიდან გადახვევას აბრალებდნენ. მოციქული ამტკიცებს, რომ ღვთის წინაშე ყველა ადამიანი ცოდვილია და თავისი საქმეების იმედად მყოფი ვერ გადარჩება. ცხონება შესაძლებელია მხოლოდ საღვთო მადლითა და რწმენით ქრისტესი, რომელიც კაცთათვის მოკვდა: „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა“ (რომ. 3,23-24). ღვთის ამ წყალობამ უნდა გვიბიძგოს, გულმოდგინედ ვემსახუროთ ღმერთს, უნდა აღგვიძრას მადლიერების გრძნობა და სიყვარული. ამავე ეპისტოლეში მოციქული დაწვრილებით გადმოგვცემს ქრისტიანული ცხოვრების წესებს, მოგვიწოდებს თავმდაბლობის, ძმური ურთიერთსიყვარულის, მოთმინებისა და მიმტევებლობისკენ (იხ. თ.12,13,14).

პავლეს განზრახული ჰქონდა რომში ჩასვლა და იქიდან ესპანეთში გამგზავრება, მაგრამ მისი ამ სურვილის აღსრულებას უამრავი დაბრკოლება ეღობებოდა. მოციქული ისეთ უმძიმეს საქმეს შეუდგა, რომ თავისი დროის ბატონ-პატრონი ვერ იქნებოდა. ახლაც მან გადაწყვიტა იერუსალიმში სულთმოფენობის დღესასწაულზე მისვლა, რათა მიეტანა ეკლესიებში შეგროვილი შესაწირი უპოვართათვის, იქიდან კი რომს გამგზავრებულიყო; მაგრამ უფალმა საქმე სხვაგვარად მოაწყო... პავლეს რომში უნდა ემოგზაურა სხვაგვარად და სხვა პირობებში, ვიდრე თავად ვარაუდობდა.

რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე გადაეცა ფიბეს – კენქრეს[1] ეკლესიის მსახურ დედაკაცს, რომელიც რომში მიემგზავრებოდა: აქ პირველად იხსენიებიან ეკლესიის მსახური დედაკაცები; მათ დიაკონისებს უწოდებდნენ და მოვალეობებითაც რამდენამდე ჰგავდნენ პირველ დიაკვნებს, რომელთაც ძირითადად სნეულებსა და ღატაკებზე ზრუნვა ევალებოდათ. დიაკონისები აირჩეოდნენ ღვთისმოშიშებით ცნობილი ქვრივებისგან, რომელთაც ოჯახური მოვალეობები არ ამძიმებდათ. ისინი უვლიდნენ ავადმყოფებს, ემსახურებოდნენ, ვისაც შემწეობა და ნუგეში სჭირდებოდა, ნათლისღებისთვის ამზადებდნენ დედაკაცებს. ტიმოთესა და ტიტესადმი ეპისტოლეებში პავლე დაწვრილებით აღწერს ეკლესიის ამ მსახურთა მოვალეობებს.

პავლემ ისევ მოინახულა საბერძნეთი და იქიდან უმოკლესი გზით, სირიაზე გავლით, მოინდომა იერუსალიმში დაბრუნება; მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ იუდეველებმა ბოროტი განიზრახეს, გადაიფიქრა და მაკედონიის გავლით მცირე აზიაში, ქალაქ ტროადაში (ძველი ტროა) ჩავიდა. იქ მან უდიდესი სასწაული მოახდინა: კვირადღეს მორწმუნეები ევქარისტიის საიდუმლოს აღსასრულებლად ანუ პურის გასატეხად შეიკრიბნენ. პავლე მოციქული შუაღამემდე ესაუბრებოდა მოწაფეებს სახლის ქორში. ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქოსს, რომელიც სარკმლის რაფაზე იჯდა, ჩაეძინა, მესამე სართულიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. მაგრამ პავლემ აღადგინა იგი. ამის შემდგომ დამსწრეებმა ილოცეს და გარიჟრაჟამდე საუბრობდნენ.

ტროადიდან წამოსულ პავლეს სურდა, გვერდი აევლო ეფესოსთვის, რათა გზაში არ დაყოვნებულიყო. მან თავის ერთგულ თანამგზავრებთან ერთად მოინახულა არქიპელაგის რამდენიმე კუნძული და ჩავიდა ქალაქ მილეტში (ეფესოსთან ახლოს), სადაც მაშინვე მოუხმო ეფესოს ეკლესიის პრესვიტერებს და დარწმუნებულმა, რომ ამიერიდან მათ ვეღარ ნახავდა, გამოეთხოვა და უკანასკნელად დამოძღვრა. პავლემ სულიწმიდის შთაგონებით იცოდა, რომ იერუსალიმში მას ტყვეობა და განსაცდელი ელოდა. შეუძლებელია, გულშემუსვრილების გარეშე წაიკითხო თავის მოწაფეებთან პავლეს ამ დამშვიდობების შესახებ.

როდესაც მილეტში პრესვიტერები შეიკრიბნენ, პავლემ უთხრა: „თქუენ იცით პირველით დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძვირის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა. და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა. და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალემს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არა ვიცი; გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყვის, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. არამედ არარას ვზრუნავ ამისთვის, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, და აწ აჰა ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა. ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღეინდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა. რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ. ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. და თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შედგომად მათდა. ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არა აღშენებად და მოცემად თქუენდა მკვიდრობისა ყოველთა შორის წმიდათა. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა. თქუენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთაჲ მათ და მოხსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა“ (საქმე 20,18-35).

გამოსათხოვარი სიტყვა რომ დაასრულა, მუხლი მოიდრიკა და მოწაფეებთან ერთად ილოცა. ისინი ცრემლმომდგარი ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ მას, დარდობდნენ, რომ ამიერიდან ვეღარ იხილავდნენ. ბოლოს პავლე და მისი თანამგზავრები ნავამდე მიაცილეს.

იერუსალიმში მიმავალი მახარებლები გზად სხვადასხვა კუნძულს მიადგებოდნენ, ქალაქებში შედიოდნენ, ყველგან ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და მორწმუნეებს მოძღვრავდნენ. ქრისტიანებიც სიყვარულით ხვდებოდნენ ტვიროსიდან გამომგზავრებისას, სადაც მათ შვიდი დღე დაჰყვეს, მორწმუნეებმა ისინი მიაცილეს ნავამდე, შემდეგ ნაპირზე დარჩენილებმა მუხლი მოიყარეს და ლოცვა დაიწყეს. მათგან ბევრს სულიწმიდამ აუწყა, რომ პავლეს იერუსალიმში განსაცდელი ელოდა...

კესარიაში პავლე დიაკონ ფილიპეს სახლში გაჩერდა; იქ მასთან მივიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, შეიკრა ხელ-ფეხი და თქვა: „ამას იტყვის სული წმიდაჲ: კაცისა, რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთასა“ (საქმე 21,11). მორწმუნეები ცრემლმომდგარნი ევედრებოდნენ პავლეს, არ წასულიყო იერუსალიმში, მაგრამ მან უპასუხა: „რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის იესუჲსა“ (საქმე 21,13). როდესაც მისი შეუვალობა დაინახეს, მოწაფეები დამშვიდდნენ და წარმოთქვეს: „ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!“. რამდენიმე ხნის შემდგომ პავლე და მისი თანამგზავრები იერუსალიმში ავიდნენ და ერთი მოხუცის, სახელად მნასონ კვიპრელის, სახლში გაჩერდნენ. პავლეს უკანასკნელი ყოფნა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ ოც დღეს გასტანა.

 

 

[1] ნავსადგური კორინთოში

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა