martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 7

პავლე მოციქულის მოგზაურობა საბერძნეთში.

 

პავლემ ანტიოქიაში ყოფნიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბარნაბას უთხრა: „მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან“ (საქმე 15,36). ბარნაბა დათანხმდა, მაგრამ მოისურვა თან წაეყვანა ძმისშვილი, იოანე მარკოზი; პავლემ უარი უთხრა და ამ მიზეზით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ: ბარნაბა და იოანე მარკოზი ზღვით გაემართნენ კვიპროსისკენ, ხოლო პავლემ თან გაიყოლა შილა, რომელიც წაყვანას შეევედრა, და თავის მეორე სამოციქულო მოგზაურობას შეუდგა.

პავლემ მოინახულა სირიისა და კილიკიის, ქალაქების დერბესა და ლისტრას ეკლესიები. ლისტრადან მოციქულმა თან წაიყვანა ახალგაზრდა მოწაფე, სახელად ტიმოთე, რომელიც შემდგომ მისი ერთგული თანამგზავრი და მეგობარი გახდა. ქალაქებისა და დაბების მოვლისას წმინდა მქადაგებელნი ყველას ახარებდნენ ღვთის სიტყვას და აცნობდნენ იერუსალიმის კრების დადგენილებას. პავლე სრულიად მიენდო უფლის ნებას: ის გზას თავად არ ირჩევდა, მიჰყვებოდა სულიწმიდის შთაგონებას, რომელიც სასწაულებრივად მიანიშნებდა, თუ საით წასულიყო. როდესაც ძილში მიიღო ბრძანება, გამგზავრებულიყო მაკედონიაში, პავლე თავის თანამგზავრებთან ერთად ნავით საბერძნეთისკენ გაემართა. მასთან, შილასა და ტიმოთეს გარდა, იყო ანტიოქიელი ბერძენი ლუკაც – მომავალში სახარებისა და „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“-ს ავტორი. ამ დროიდან იგი პავლე მოციქულს თითქმის არ მოშორებია.

მაშინდელი საბერძნეთი რომის იმპერიაში შედიოდა და მეორე სახელად ეწოდებოდა აქაია; მისი მცხოვრებნი კერპებს ეთაყვანებოდნენ, თუმცა იუდეველთა სინაგოგები თითქმის ყველა ქალაქში არსებობდა. საბერძნეთში უამრავი იუდეველი იყო, რომელთაც ბერძნები რთავდნენ ნებას, ისევე როგორც ყველას, შეუზღუდავად დაეცვათ თავიანთი რჯული და ექადაგათ სწავლება.

მაკედონიის ქალაქ ფილიპოსში ჩასული პავლე და მისი თანამგზავრები შაბათ დღეს მდინარის პირას მდებარე სამლოცველოსკენ გაემართნენ და რამდენიმე დედაკაცს გაესაუბრნენ. ერთი მათგანი, სახელად ლუდია, ძოწეულით მოვაჭრე, პავლეს გაფაციცებით უსმენდა და უფალმაც განაღო მისი გული ჭეშმარიტების შესაცნობად. მან ნათელ-იღო მთელ თავის ოჯახის წევრებთან ერთად. მოციქულები ფილიპოსში ყოფნის დროს სწორედ მის სახლში ცხოვრობდნენ.

ამ ქალაქშიც არ ასცდათ მოციქულებს ტანჯვა და დევნა. იქ ერთი მისნობის სულით შეპყრობილი მხევალი ცხოვრობდა და მკითხაობით დიდ შემოსავალსაც აძლევდა თავის ბატონებს. როდესაც მოციქულებს შეხვდებოდა, გაჰყვებოდა მათ და მისძახოდა: „ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა“ (საქმე 16,17). პავლემ უფლის სახელით განდევნა მისგან ბოროტი სული და ქალწულმაც მკითხაობა შეწყვიტა. როცა მის ბატონებს შემოსავალი მოაკლდათ, განრისხდნენ მოციქულებზე და მმართველთა წინაშე დასდეს ბრალი: „ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან და მითხრობენ სჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ“ (საქმე 16,20-21). ერი აღშფოთდა და მთავრებმაც, ყოველგვარი სამსჯავროს გარეშე, ბრძანეს: სასტიკად ეცემათ პავლე და შილა, მერე კი საპყრობილეში ჩაეყარათ. ისინი ჯაჭვებით შეკრეს, ფეხებზე ხუნდები დაადეს და ფხიზლად სდარაჯობდნენ.

მოციქულებს ურყევად სჯეროდათ ღვთის სახიერებისა და ძალისა. ისინი სულიერად არ დაცემულან, მოთმინებით იტანდნენ თავიანთ პატიმრობას, ღამით ლოცულობდნენ და ღმერთს უგალობდნენ სადიდებელს. უცებ შუაღამისას მიწა შეზანზარდა, საპყრობილის კარი გაიღო და ტუსაღებს ჯაჭვები დასცვივდათ. მძინარე მცველს გაეღვიძა, კარი ღია დაინახა და შეშფოთდა – ტუსაღები გაიქცნენო; შიშისაგან თავის მოკვლაც კი დააპირა, მაგრამ პავლემ დაამშვიდა: „ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“. მაშინ შეიცნო მცველმა ძალა უფლისა, მოციქულებს ფერხთ ჩაუვარდა და შესძახა: „უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?“; „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი“. – მიუგეს მათ. მცველმა მოციქულები თავისთან წაიყვანა და მოჰბანა ჭრილობები; ხოლო როდესაც მათგან ღვთის სიტყვა მოისმინა, ის და მთელი მისი სახლეული მოინათლა (იხ. საქმე 16,28-31).

ამასობაში მთავრებს, ჩანს, შეეშინდათ მიწისძვრისა, გამთენიისას საპყრობილეში გაგზავნეს მსახური და შეუთვალეს, გაეთავისუფლებინათ ტუსაღები. მაგრამ პავლემ უპასუხა: „გუგუემნეს ჩუენ ურაკპარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგვიყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თვით მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ“ (საქმე 16,37). მმართველები შეშფოთდნენ, რადგანაც რომის მოქალაქეები განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდნენ და მათ ყოველთვის შეეძლოთ, სამართალი მოეთხოვათ კეისრის ან იმპერატორისაგან. გაუსამართლებლად მათი დასჯა არ შეიძლებოდა. პავლე კი დაბადებიდან რომის მოქალაქე იყო. მთავრები თავად მივიდნენ საპყრობილეში, ბოდიში მოუხადეს მოციქულებს და იმის შიშით, რომ მათ გამო უსიამოვნება შეემთხვეოდათ, სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. მოციქულები ასეც მოიქცნენ, მაგრამ მანამდე ლუდია და მორწმუნეები მოინახულეს.

საბერძნეთის სხვა ქალაქებში – თესალონიკსა და ბერეაში – მოციქულებმა მრავალი იუდეველი და ელინი მოაქციეს, მაგრამ იუდეველებმა უწინდელივით მათ წინააღმდეგ აამხედრეს მთავრობა. რადგანაც ქრისტეს სწავლების უარსაყოფად ძალა არ ჰყოფნიდათ, ცილისწამებით ცდილობდნენ, მოციქულები მმართველთა მოწინააღმდეგე მეამბოხეებად წარმოეჩინათ: „ესე ყოველნი წინა-აღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყვიან ყოფად, იესუს“ – აბეზღებდნენ იუდეველები (საქმე 17,7), თუმცა იცოდნენ, რომ მოციქულები ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდნენ და არასდროს უფიქრიათ, ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ. და მაინც ეს ცრუ ბრალდებები აფორიაქებდა მთავრებსა და ხალხს და მოციქულებიც იძულებულნი ხდებოდნან, გასცლოდნენ მათ. მაგრამ მათგან ჩაგდებული თესლი ყველგან რჩებოდა, მათ მიერ ნაქადაგები ღვთის სიტყვა ადამიანთა გულებში მკვიდრდებოდა, ანათებდა და უხვი, კეთილი ნაყოფი გამოჰქონდა – მორწმუნეთა ცხოვრებას ახალი სწავლებისამებრ გარდაქმნიდა. ეპისტოლეებიდან ვიგებთ, რომ პავლეს ხანმოკლე შეჩერება ფილიპოსსა და თესალონიკში უნაყოფო არ ყოფილა – ამ ქალაქებში ბევრი აღიარებდა ქრისტეს სწავლებას და სათნოდ და უმწიკვლოდ ცხოვრობდა.

ქალაქის დატოვების შემდგომაც მოციქული სიყვარულითა და მზრუნველობით აკვირდებოდა ახალმოქცეულებს და წერილობით ამდიდრებდა თავის მიერვე ზეპირად ნაქადაგებს – ყველა მისი ეპისტოლე მოწაფეებისადმი მხურვალე, მამობრივი სიყვარულით სუნთქავს. მას ჭეშმარიტად შეეძლო ეთქვა: „ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გვიჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თვისთაცა სულთაჲ, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით“ (1 თეს. 2,8).

როდესაც მორწმუნეებმა დაინახეს, რომ იუდეველთა მრისხანება პავლეს წინააღმდეგ სულ უფრო მძაფრდებოდა, დაარწმუნეს, ათენში წასულიყო. ლუკა ფილიპოსში მოღვაწეობდა, შილა და ტიმოთე ბერეაში დარჩნენ, ხოლო პავლე ათენს გაემგზავრა.

ათენი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო საბერძნეთისა, რომელიც იმ დროს მსოფლიოში უგანათლებულეს ქვეყნად, მეცნიერების, სიბრძნისა და ხელოვნების ცენტრად ითვლებოდა. ქალაქის სახელგანთქმულ სკოლებში იქაურ ბრძენ-სწავლულთა მოსასმენად ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. ათენელები ამაყობდნენ, რომ მათი ქალაქი დაარსებული იყო სიბრძნის ქალღმერთ ათენას სახელზე.

აქ ჩვენ დროებით შევწყვეტთ თხრობას, რათა იმდროინდელ საბერძნეთზე ვესაუბროთ მკითხველს, რომელმაც უკვე იცის, რომ მაშინდელი ბერძნები წარმართები იყვნენ – მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ. მოგვიანებით რომაელებმა გამოიყენეს მათი მითოლოგია, რაც უძველესი ისტორიული გადმოცემებისა და გვიანდელი ლეგენდების კრებულს წარმოადგენდა. თავიდან ძველმა ბერძნებმა გააღმერთეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთ სამშობლოს მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეს ანდა კეთილშობილური გმირობებით გაითქვეს სახელი. ამ ისტორიულ, დროთა განმავლობაში ნაწილობრივ დამახინჯებულ გადმოცემებს შემდგომ დაემატა სხვადასხვა ალეგორიული (გადატანითი მნიშვნელობის) ლეგენდაც და ჩამოყალიბდა სწავლება, რომლის თანახმად ღმერთები განასახიერებდნენ ბუნების ძალებს, სამყაროს მოვლენებს, ადამიანის სულის მოძრაობასა და ვნებებს.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სამყაროს თორმეტი უდიდესი ღმერთი მართავდა. მათ შორის მთავარი ზევსი (რომაულად იუპიტერი) იყო; შემდეგ მოდიოდნენ ზღვის, ქვესკნელის, მზის ანუ ნათლის, ომის, ხელოვნების, ვაჭრობის ღმერთები და დედამიწის, სიბრძნის, სილამაზის, სიყვარულის, ცეცხლის ქალღმერთები და ა.შ. თორმეტი მთავარი ღმერთის გარდა მრავალი მეორეხარისხოვანი ანუ ნახევარღმერთი არსებობდა. ყველას ტაძარს უგებდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. თითოეული მათგანის პატივსაცემად სხვადასხვა რიტუალი და ზეიმი ტარდებოდა. ზოგიერთი ქალაქი რომელიმე ღმერთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მოიაზრებოდა. ღმერთების შესახებ ზღაპრულ და თავშესაქცევ ლეგენდებში არაფერი იყო ნათქვამი ზნეობასა და სათნოებაზე. ღმერთებს მიაწერდნენ მანკიერებებს, ვნებებს და ადამიანურ სისუსტეებს – მიაჩნდათ, რომ ისინი მზაკვარნი, უზნეონი და უსამართლონი იყვნენ. ასეთ ღვთაებათა თაყვანისცემა წარმართებს ვერ ასწავლიდა უზადო და ამაღლებული ქცევის წესს; და თუმცა ბერძნულ მითოლოგიაში ნახსენებია საიქიოში საზღაურის მიგება, მზაკვართა დასჯა და კეთილთა დაჯილდოება, თავად კეთილისა და ბოროტის ცნებები ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩებოდა.

ამგვარი კერპთმსახურება ვერ დააკმაყოფილებდა წარმართთა საუკეთესო და უგანათლებულეს ნაწილს. მაგრამ საბერძნეთში უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, კერპთაყვანისმცემლობის ძალას განამტკიცებდა ხელოვნება – იგი ქმნიდა მის გარეგნულ მშვენიერებას. მომღერლები თავის ცრუ ღმერთებს უგალობდნენ კეთილხმოვანი, შესანიშნავი ლექსებით, რასაც იმეორებდა ხალხი და გადასცემდა თაობებს; კერპებს უგებდნენ ბრწყინვალე ტაძრებს, რომლებიც ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენენ – ჩვენ ახლაც გვაოცებს თავიანთი სილამაზით მათი მარმარილოს ქანდაკებები და გამოსახულებები; ეს ყოველივე ხელს უწყობდა კერპთაყვანისმცემლობის შენარჩუნებას საბერძნეთში.

წარმართთაგან საუკეთესო და უგანათლებულეს ნაწილს უკვე დიდი ხანია აღარ სწამდა თავიანთი ღმერთებისა და გულმოდგინედ ეძებდა ჭეშმარიტებას. ისინი აკვირდებოდნენ ბუნებას, სურდათ, სამყაროს შექმნის საიდუმლოს ჩასწვდომოდნენ; ცდილობდნენ, ამოეხსნათ, თუ რისთვის შეიქმნა ადამიანი, რომელ ზნეობრივ კანონს უნდა დაემორჩილოს, საითკენ მიისწრაფოდეს და რას ეძიებდეს. ადამიანებს, რომლებმაც ამ ღრმააზროვანი საკითხების გადაწყვეტას მიჰყვეს ხელი, ათენში დიდად აფასებდნენ და უწოდებდნენ ფილოსოფოსებს ანუ სიბრძნის მოყვარეებს. მათი ფრიად ნაირგვარი განმარტებებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე შეიქმნა ფილოსოფიის განსხვავებული სკოლები და სისტემები.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე მარტო საბერძნეთში არ ფიქრობდნენ. აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ეგვიპტესა და სირიაში, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემა, რომელთა საშუალებითაც ცდილობდნენ შეეცნოთ სამყაროს შექმნის, ადამიანის სულის მოძრაობის, კეთილისა და ბოროტის ურთერთბრძოლის იდუმალება. მაგრამ ფილოსოფიისადმი საყოველთაო ინტერესი ისე არსად იგრძნობოდა, როგორც ათენში, სადაც სხვა ქვეყნებში აღმოცენებულ შემეცნებით სისტემებს განიხილავდნენ, ხვეწდნენ; ქუჩებსა და მოედნებზე თუ საჯარო ნაგებობათა ბრწყინვალე სვეტებიან დარბაზებში განუწყვეტლივ გაისმოდა სწავლულთა სჯა-ბაასი და კამათი. ფილოსოფოსები საჯაროდ განუმარტავდნენ თავიანთ სწავლებას გულდასმით მსმენელთა ჯგუფებს; თითქმის მთელი მოსახლეობა ინტერესით ადევნებდა თვალყურს მსჯელობებს ყველაზე განყენებულ თემებზეც კი და ტკბებოდა სწავლულთა მჭევრმეტყველებითა და გონიერებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილოსოფიური სწავლებანი ფრიად ნაირგვარი იყო. ზოგი ამტკიცებდა, რომ სამყარო თვითმყოფადი ძალების შეერთებით წარმოიშვა; სხვები აღიარებდნენ, რომ სამყარო შექმნა უზენაესი არსების სიბრძნემ. ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური სისტემები ეკუთვნოდა ზენონს, ეპიკურესა და პლატონს.[1] ზენონის მიმდევრებს სტოელებს უწოდებდნენ. ისინი ასწავლიდნენ, რომ უზენაეს სიბრძნეში იგულისხმება სულის სათნოება, მისი სიმტკიცე და დამოუკიდებლობა; სული აუღელვებლად უნდა იღებდეს უბედურებასაც და კეთილდღეობასაც. ისინი არ აღიარებდნენ ღვთაებას, ყველაზე მაღლა ადამიანის ღირსებებსა და სულიერ გაუტეხლობას აყენებდნენ და უარყოფდნენ ადამიანისათვის ზეგარდამოვლენილი შემწეობის საჭიროებას. ფილოსოფოსი ეპიკურე, რომელიც, აგრეთვე, უარყოფდა ღმერთს, საიქიო ცხოვრებასა და სულის უკვდავებას, ასწავლიდა, რომ ცხოვრების მიზანი მიწიერი ბედნიერებაა, რისი მიღწევაც შესაძლებელია სათნოებებით; მაგრამ მისმა მიმდევრებმა დაამახინჯეს ეს თავდაპირველი სწავლება და მხოლოდ სიხარულისა და განცხრომის ძიების ქადაგება დაიწყეს, ვალდებულებებს კი საერთოდ არ ცნობდნენ. ყველა ფილოსოფიურ სისტემაზე შეუდარებლად მაღლა იდგა პლატონის სწავლება. პლატონი აღიარებდა სამყაროს შემქმნელი უზენაესი ძალის არსებობას; იმას, რომ სული უკვდავია და უნდა მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ. ეს ყოველივე საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ეგვიპტეში, სადაც იგი რამდენიმე ხანს ცხოვრობდა, მას საშუალება მიეცა გასცნობოდა წმინდა წერილს.

პლატონის ღრმა სწავლებას, სტოელებთან და ეპიკურელებთან შედარებით, ნაკლები მიმდევარი ჰყავდა. სტოელების სწავლება ადამიანურ ამპარტავანებას აქეზებდა. ეპიკურელთა შეხედულებანი კი უმრავლესობას იმიტომ მოსწონდა, რომ იგი ამართლებდა ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებებს ბედნიერებისა და განცხრომისკენ.

როდესაც პავლე ათენში ჩავიდა, განსწავლულ ბერძენთა უმრავლესობა სტოელთა ან ეპიკურელთა მიმდინარეობას აღიარებდა. ამ ფილოსოფოსებმა, მთელი თავიანთი სიბრძნის მიუხედავად, დამაჯერებლად ვერაფრის დამტკიცება მოახერხეს. ყველა მათი დასკვნა თუ განმარტება მხოლოდ სადავო და მიუღებელ შეხედულებას წარმოადგენდა. გადაუჭრელი რჩებოდა საკითხები, რომლებიც ადამიანთა გონებას აღელვებდა; ყველაზე კეთილსინდისიერი სწავლულნიც იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ამქვეყნად ყველაფერი მოჩვენებითია. ამრიგად, ადამიანური გონების ძალისხმევამ საუკუნეთა განმავლობაში მხოლოდ ის დაადასტურა, რომ „ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი“ (1 კორ. 1,21); რომ ჭეშმარიტებას ვერ შეიმეცნებ, თუ ზეგარდმო გამოცხადება არ მოგეცა, ვერ ჰპოვებ სიმშვიდესა და სასოებას საღვთო შემწეობისა და წყალობის გარეშე.

და აი, პავლე ჩავიდა ათენში, რათა ექადაგა სიტყვა ჭეშმარიტებისა და ბრძენი ათენელებისთვის გაეცნო ქრისტე, რომელიც თავად არის ჭეშმარიტება, ცხოვრება და ნათელი. სავარაუდოდ, ათენს სიხარულით უნდა მიეღო მისი ქადაგება!..

წმინდა პავლე შეწუხდა, როდესაც კერპებით სავსე ქალაქი იხილა, მაგრამ ერთმა გარემოებამ თითქოს ანუგეშა იგი – ქალაქის დათვალიერების დროს ერთ-ერთ მოედანზე სამსხვერპლო იხილა წარწერით: „უცნაურსა ღმერთსა“ (საქმე 17,23), რამაც აფიქრებინა, რომ ათენელები ჩასწვდნენ კერპთაყვანისმცემლების ამაოებას და მათთვის უცნობი ღმერთის არსებობა გააცნობიერეს. პავლე ყოველდღიურად საუბრობდა ქრისტეს სწავლებაზე ხან იუდეურ სინაგოგაში, ხანაც მოედანზე. მას ხალისით უსმენდნენ, რადგან ცნობისმოყვარე ათენელებსა და იქ მყოფ უცხოელებს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა სიახლის შეტყობა. ფილოსოფოსებმა ბოლოს იგი საპაექროდ არეოპაგში მიიყვანეს, რათა უწარჩინებულესი მოქალაქეების წინაშე გადმოეცა თავისი სწავლება. არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ, აკროპოლისის მახლობლად მდებარე არესის ბორცვზე იკრიბებოდა. სხვა მოვალეობებთან ერთად, არეოპაგს თვალყური უნდა ედევნებინა დადგენილი კერპთმსახურების რიტუალების შესრულებისთვის და ყოველგვარ დარღვევას სამსჯავროზე განიხილავდა. პავლეც, სავარაუდოდ, არეოპაგში მიიყვანეს, როგორც ახალი ღვთისმსახურების მქადაგებელი.

პავლე არეოპაგის შუაში დადგა და უშიშრად იწყო სწავლების გადმოცემა. ჯერ გაიხსენა, რომ ქალაქის დათვალიერებისას ნახა უცნობი ღმერთისადმი მიძღვნილი სამსხვერპლო და დამსწრეთ მიმართა: „აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ“; შემდეგ განუცხადა, რომ სამყაროს შემოქმედსა და სიცოცხლის მომცემელ უფალს ნებავს, ყველამ ეძებოს და შეიცნოს იგი; რომ ღმერთი ახლოს არის თითოეულ ჩვენგანთან, მისი წყალობით ვცოცხლობთ და ვმოქმედებთ; მისივე დაშვებით იდგა „ჟამნი იგი უმეცრებისანი“, ახლა კი ყველას მოუხმობს სინანულისკენ. ბოლოს პავლე საშინელ სამსჯავროსა და აღდგომას შეეხო. ამ უკანასკნელი სიტყვის გაგონებისას ზოგმა გაიცინა, სხვებმა თქვეს, რომ პავლეს სხვა დროს მოუსმენდნენ... მოციქული გაეცალა იქაურობას, მაგრამ მისმა ხანმოკლე სიტყვამ, ღვთის შეწევნით, მაინც მოაქცია არეოპაგის ერთი წევრი, სახელად დიონისე. ირწმუნა ასევე ერთმა ათენელმა დედაკაცმა, სახელად დამარისმა, და კიდევ რამდენიმემ. საერთოდ, პავლეს ქადაგებას ათენში დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ათენელები მეტისმეტად ამაყობდნენ თავიანთი სიბრძნით საიმისოდ, რომ თავმდაბლად დამორჩილებოდნენ ქრისტეს. ქრისტიანული სიბრძნე სიგიჟედ ეჩვენებოდათ ეპიკურელებსა და სტოელებსაც. პირველნი ძლიერ შეეთვისნენ მიწიერ სიკეთეებსა და განცხრომას და არ სიამოვნებდათ ჯვრის, ამსოფლიურ სიკეთეთა ამაოებისა და სულიერი სიხარულის შესახებ ქადაგების მოსმენა. არანაკლებ ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ ჭეშმარიტებას სტოელთა სწავლებაც – იგი მარტოოდენ ადამიანურ ძალასა და ღირსებებს ეყრდნობოდა და კაცთათვის ზეგარდმო შემწეობის საჭიროებას უარყოფდა. როგორ შეიწყნარებდნენ სტოელები მოძღვრებას, რომელიც ქადაგებდა გადარჩენას არა საკუთარი სიმართლით, არამედ თავმდაბლობით, სინანულით, ქრისტე გამომსყიდველისადმი სასოებით...

პავლემ ათენი მალე დატოვა და საბერძნეთის სხვა მნიშვნელოვან და მდიდარ ქალაქ კორინთოში ჩავიდა. ცხოვრობდა ღვთისმოსავ აკვილასა და მის ცოლ პრისკილასთან ერთად, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ რომიდან, საიდანაც იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54 წწ.) ყველა იუდეველი გამოაძევა. თავისი ყოფნით ტვირთად რომ არ დასწოლოდა მასპინძლებს, პავლეც მათთან ერთად მუშაობდა – ისინი კარვებს აკეთებდნენ. ყოველ შაბათს მოციქული სინაგოგაში ქადაგებდა და ელინებსა და იუდეველებს არწმუნებდა, გაქრისტიანებულიყვნენ. მისი სიტყვით მრავალი მოიქცა, მათ შორის იუსტოსი, კრისპოსი და სხვები. მაგრამ ბევრიც ეწინააღმდეგებოდა წმინდა სწავლებას და გმობდა მოციქულს. უფალმა გაამხნევა მათი გაჯიუტების მხილველი, დამწუხრებული პავლე; ის ღამეულ ხილვაში გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმ, რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა“ (საქმე 18,9-10).

პავლემ კორინთოში წელიწადი და ექვსი თვე იღვაწა. ამ დროის განმავლობაშიც ზრუნავდა მათზეც, ვისაც ადრე უქადაგა, ამიტომაც მისწერა კორინთოდან თესალონიკელებს ორი ეპისტოლე და შილასა და ტიმოთეს დაავალა მათი მონახულება. მათაც ქრისტიანულ ცხოვრებაში თესალონიკელთა წარმატებების შესახებ დამაიმედებელი ამბები ჩამოუტანეს პავლეს, რომელიც ხარობდა და მადლობას უძღვნიდა ღმერთს: „მოუკლებელად მოვიხსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (1 თეს. 1,3).

თესალონიკში ყოფნის დროს მოციქული დღედაღამ მუშაობდა, რათა რომელიმე მოძმეს ტვირთად არ დასწოლოდა, ასე იყო კორინთოშიც.

პავლემ თესალონიკელებს მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას ურჩია, ახლობლის სიკვდილი არ ეგლოვათ „ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ (1 თეს. 4,13). შეახსენა, რომ დღე უფლისა მოულოდნელად დადგება; რომ ყველა უნდა ემზადოს ამისთვის, მცონარებას არ მიეცეს, მღვიძარებდეს და ფხიზლად იყოს: „შევიმოსოთ ჯაჭK იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ“ (1 თეს. 5,8). პავლე არწმუნებდა თესალონიკელებს, პატივი მიაგონ მშობლებსა და თავიანთ წინამძღვრებს, ურთიერთსიყვარულით ემსახურონ მათ: „სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ. არამედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ. მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ. სულსა ნუ დაივიწყებთ. წინაჲსწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით“ (1 თეს. 5,14-22).

ცრუსწავლებების გავლენისგან მორწმუნეთა დასაცავად პავლე უბრძანებდა მათ, გაშორდნენ ყოველ ადამიანს, რომელიც მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის შეუსაბამოდ და უწესოდ იქცეოდა, ოღონდ მტრად არ მიიჩნიონ, ასწავლონ, როგორც ძმას.

კორინთოში პავლეს ყოფნას დევნის გარეშე არ ჩაუვლია. იგი იუდეველებმა შეიპყრეს, რომის მმართველს ანუ პროკონსულ გალიონს მიჰგვარეს და ბრალი დასდეს, თითქოს რჯულის საწინააღმდეგო სწავლებას ქადაგებდა. გალიონმა მათ სიტყვებს ყური არ ათხოვა და ცილისმწამებლები ამ სიტყვებით გაყარა: „უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძვირის საქმე ბოროტი, O ჰურიანო, სიტყვისა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი; უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყვისათვის და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათვის არა მნებავს ყოფად“ (საქმე 18,14-15). რომის მმართველობას ჯერ კიდევ არ აშინებდა ქრისტიანთა მომრავლება; მათ არც განარჩევდნენ იუდეველებისგან, რომლებიც თავისას არ იშლიდნენ და ღვთის სიტყვის მქადაგებლების დევნას განაგრძობდნენ.

კორინთოდან პავლე ეფესოს გაემგზავრა აკვილასა და პრისკილასთან ერთად, რომლებიც იქ დატოვა, თავად კი იერუსალიმი მოინახულა, მიიტანა ღარიბი მოძმეებისთვის შეგროვილი შემწეობა და სირიის ანტიოქიაში დაბრუნდა.

 

 

[1] ყველა ეს ფილოსოფოსი ცხოვრობდა ქრისტესშობამდე 300 ან 380 წლით ადრე.

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა